-
დარჩით ჩემს სიტყვაშისაგუშაგო კოშკი — 2003 | 1 თებერვალი
-
-
დარჩით ჩემს სიტყვაში
„თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ“ (იოანე 8:31).
1. ა) რა დაუტოვა იესომ ხალხს ზეცად ამაღლების შემდეგ? ბ) რა კითხვებზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?
იესო ქრისტეს, ქრისტიანობის ფუძემდებელს, არ დაუწერია წიგნები, არ აუგია ნაგებობები და არც მემკვიდრეობა დაუტოვებია. ამის ნაცვლად, მან მოწაფეები მოამზადა და აგრეთვე ნათლად განმარტა, თუ რა მოეთხოვებათ მათ, ვისაც მისი მოწაფეობა სურს. იოანეს სახარებაში ჩაწერილია სამი აუცილებელი მოთხოვნა. რომელ მოთხოვნებს ვგულისხმობთ? რა დაგვეხმარება მათ შესრულებაში და როგორც ქრისტეს დღევანდელმა მოწაფეებმა, როგორ შევამოწმოთ ამ მხრივ საკუთარი თავი?a
2. რა მნიშვნელოვანი მოთხოვნაა ჩაწერილი იოანეს სახარებაში მათთვის, ვისაც იესოს მოწაფეობა სურს?
2 სიკვდილამდე დაახლოებით ექვსი თვით ადრე იესო ჩავიდა იერუსალიმში, სადაც კარვობის ერთკვირიან დღესასწაულზე შეკრებილ ხალხს უქადაგებდა. რამდენიმე დღის განმავლობაში „ბევრმა ირწმუნა იგი“. იესო განაგრძობდა ქადაგებას. შედეგად, დღესასწაულის ბოლო დღესაც „ბევრმა ირწმუნა იგი“ (იოანე 7:10, 14, 31, 37; 8:30). ახლა იესო ახალმოქცეულებს მიმართავს და ყურადღებას ამახვილებს მნიშვნელოვან მოთხოვნაზე მათთვის, ვისაც მისი მოწაფეობა სურს. იოანე მოციქული მის სიტყვებს ასე გადმოგვცემს: „თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ“ (იოანე 8:31).
3. რა არის საჭირო, რომ იესოს ჭეშმარიტი მოწაფეები ვიყოთ?
3 ამ სიტყვებში იესო არ გულისხმობდა, რომ ამ ახალმოქცეულებს საკმარისი რწმენა არ ჰქონდათ. ის უფრო იმას გულისხმობდა, რომ ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდნენ მისი ჭეშმარიტი მოწაფეები, თუ მის სიტყვაში დარჩებოდნენ. მათ მიიღეს იესოს სიტყვა, მაგრამ ახლა მას უნდა მიჰყოლოდნენ (იოანე 4:34; ებრაელთა 3:14). იესო იმდენად მნიშვნელოვნად თვლიდა მის სიტყვაში დარჩენას, რომ მოწაფეებთან უკანასკნელი საუბრის დროსაც გაამახვილა ამაზე ყურადღება. იოანეს სახარების თანახმად, იესომ ორჯერ მოუწოდა მოწაფეებს, რომ მიჰყოლოდნენ მას (იოანე 21:19, 22). პირველი ქრისტიანებიდან ბევრი ასეც იქცეოდა (2 იოანე 4). რა ეხმარებოდა მათ?
4. რა ეხმარებოდა პირველ ქრისტიანებს ქრისტეს მოწაფეებად დარჩენაში?
4 იოანე მოციქულმა, რომელიც თითქმის სამოცდაათი წლის განმავლობაში იყო იესოს მოწაფე, მნიშვნელოვან ფაქტზე გაამახვილა ყურადღება. ერთგული ქრისტიანები მან ასეთი სიტყვებით შეაქო: „ძლიერნი ხართ, ღვთის სიტყვა იმყოფება თქვენში და სძლიეთ ბოროტს“. ამ ქრისტიანებმა გადაიტანეს სიძნელეები, ანუ დარჩნენ ღვთის სიტყვაში, რადგან ღვთის სიტყვა დარჩა მათში. ისინი ძალიან აფასებდნენ მას (1 იოანე 2:14, 24). დღესაც, თუ გვსურს ‘ბოლომდე მოვითმინოთ’, საჭიროა, ღვთის სიტყვა დარჩეს ჩვენში (მათე 24:13). რა დაგვეხმარება ამაში? იესოს მიერ მოყვანილი მაგალითი გვპასუხობს ამ კითხვაზე.
„ვინც სიტყვას ისმენს“
5. ა) რა და რა სახის ნიადაგი მოიხსენია იესომ ერთ მაგალითში? ბ) რას ნიშნავს იესოს მაგალითში მოხსენიებული თესლი და ნიადაგი?
5 იესომ მთესველზე მოიყვანა მაგალითი, რომელსაც მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებებში ვკითხულობთ (მათე 13:1—9, 18—23; მარკოზი 4:1—9, 14—20; ლუკა 8:4—8, 11—15). ამ მაგალითში აღწერილია, რომ ერთი და იმავე სახეობის თესლი სხვადასხვა სახის ნიადაგზე ვარდება, რაც განსხვავებულ შედეგს იძლევა. თავიდან იესო მაგალითში მოიხსენიებს გამაგრებულ ნიადაგს, შემდეგ — კლდოვანს და ეკლნარს. მეოთხე სახის ნიადაგი კი, პირველი სამისგან განსხვავებით, „პოხიერია“ და „კარგი“. იესომ თვითონვე განმარტა, რომ თესლი სამეფოს შესახებ ცნობაა, რომელსაც ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ, სხვადასხვა სახის ნიადაგი კი განსხვავებული გულის ადამიანებს ნიშნავს. მართალია მათ აქვთ რაღაც საერთო, მაგრამ კარგი ნიადაგით წარმოდგენილებს სხვებისგან განმასხვავებელი თვისება აქვთ.
6. ა) რით განსხვავდება მეოთხე სახის ნიადაგი პირველი სამისგან და რას ნიშნავს ეს? ბ) რა არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქრისტეს მოწაფეებად დავრჩეთ?
6 ლუკას 8:12—15-ში ვხედავთ, რომ ოთხივე შემთხვევაში ხალხი ისმენს სიტყვას, მაგრამ მხოლოდ „კეთილი და წრფელი გულის“ ადამიანები აკეთებენ მოსმენაზე მეტს: „იცავენ [სიტყვას] და მოთმინებით იძლევიან ნაყოფს“. კარგი ნიადაგი ფხვიერი და ღრმაა, რაც ფესვების გადგმის საშუალებას იძლევა, ამიტომ თესლი აღმოცენდება და ნაყოფიც გამოაქვს (ლუკა 8:8). მსგავსადვე, კარგი გულის ადამიანებს ესმით ღვთის სიტყვა; ისინი აფასებენ მას და ითვისებენ (რომაელთა 10:10; 2 ტიმოთე 2:7). ღვთის სიტყვა მათში რჩება, ამიტომ მოთმინებით გამოაქვთ ნაყოფი. ასე რომ, ქრისტეს მოწაფეებად რომ დავრჩეთ, მნიშვნელოვანია, მთელი გულით დავაფასოთ ღვთის სიტყვა (1 ტიმოთე 4:15). რა დაგვეხმარება ამაში?
გული და მიზანმიმართული ფიქრი
7. რას უკავშირებს ბიბლია კარგ გულს?
7 დაუკვირდით, ხშირად რასთან აკავშირებს ბიბლია კარგ გულს. „მართლის გული დაფიქრდება საპასუხოდ“ (იგავები 15:28). „დაე, იყოს შენთვის სასურველი სიტყვანი ჩემი პირისა და ზრახვანი ჩემი გულისა, უფალო“ (ფსალმუნები 18:15). „წარმოთქვამს . . . ჩემი გულის ფიქრი გონიერებას“ (ფსალმუნები 48:4).
8. ა) რას უნდა ვერიდოთ ბიბლიის კითხვისას და რა უნდა ვაკეთოთ? ბ) რით არის კარგი ღვთის სიტყვაზე ფიქრი და ლოცვა ფიქრის დროს? (კომენტარში გამოიყენეთ აზრები ჩარჩოდან „მტკიცენი ხართ . . . ჭეშმარიტებაში“).
8 ზემოხსენებული სიტყვების დამწერთა მსგავსად, ჩვენც გვმართებს ღვთის სიტყვის დაფასება და მასზე ფიქრი. ამ დროს მნიშვნელოვანია ლოცვაც. ბიბლიისა და მასზე დაფუძნებული პუბლიკაციების კითხვისას არ უნდა დავემსგავსოთ ზოგ ტურისტს, რომლებიც სწრაფად გადადიან ერთი ადგილიდან მეორეზე, ყველაფერს ფირზე აფიქსირებენ, სინამდვილეში კი ნორმალურად ვერაფერს ათვალიერებენ. ამის ნაცვლად, კარგია, თუკი ბიბლიას აუჩქარებლად ვკითხულობთ, ვჩერდებით და, ასე ვთქვათ, ვტკბებით პეიზაჟებითb. როდესაც წაკითხულზე ჩვენთვის ვფიქრობთ, ღვთის სიტყვა გულამდე აღწევს. ის ჩვენს გრძნობებს ეხება და აზროვნებას გვიყალიბებს. ამგვარი ფიქრი აღგვძრავს, ლოცვით მივმართოთ ღმერთს და გულისნადები გავანდოთ. შედეგად, იეჰოვასთან კიდევ უფრო ახლო ურთიერთობა და მისდამი სიყვარული გვივითარდება, რაც, თავის მხრივ, გვიბიძგებს, კვლავაც მივყვეთ იესოს, თუნდაც ეს ადვილი არ იყოს (მათე 10:22). ცხადია, თუ გვსურს ბოლომდე ერთგულები ვიყოთ, მნიშვნელოვანია ვიფიქროთ ღვთის სიტყვაზე (ლუკა 21:19).
9. როგორ შევძლებთ გულის დაცვას, რომ ის კარგი ნიადაგი იყოს ღვთის სიტყვისთვის?
9 იესოს მაგალითიდან იმასაც ვიგებთ, რომ თესლის, ღვთის სიტყვის, ზრდას ბევრი რამ უშლის ხელს. ამიტომ, თუ გვსურს კვლავაც ერთგული მოწაფეები ვიყოთ, 1) უნდა შევნიშნოთ ხელისშემშლელი ფაქტორები, რომლებიც მაგალითში სხვადასხვა სახის ნიადაგით არის წარმოდგენილი და 2) უნდა ვიღონოთ რამე, რომ დავძლიოთ ან საერთოდ მოვერიდოთ მათ. ამგვარად დავიცავთ გულს, რომ ის კვლავაც კარგი ნიადაგი იყოს სამეფოს შესახებ ცნობისთვის და ნაყოფიც გამოჰქონდეს.
„გზასთან დაცვენილები“ — მეტისმეტად დაკავებულები
10. აღწერეთ იესოს მაგალითში მოყვანილი პირველი სახის ნიადაგი და განმარტეთ მისი მნიშვნელობა.
10 პირველად თესლი „გზასთან დავარდა“, სადაც ის „გაითელა“ (ლუკა 8:5). ყანაზე გამავალი გზის პირას ნიადაგი დატკეპნილია ხალხის სიარულის გამო (მარკოზი 2:23). მსგავსადვეა მათი მდგომარეობაც, ვინც ცხოვრების დინებას მიჰყვება და „გამოულეველ“ საქმეებს უზომოდ სწირავს დროსა და ძალებს; ასეთი ადამიანები ხშირად იმდენად არიან დაკავებული, რომ არ სცალიათ ღვთის სიტყვის დაფასებისთვის. ისინი ისმენენ მას, მაგრამ არ ფიქრობენ მასზე. ასე რომ, მათი გული არ ღებულობს ღვთის სიტყვას. ისინი ვერც კი ასწრებენ მისდამი სიყვარულის განვითარებას, რომ „მოდის ეშმაკი და მიაქვს სიტყვა მათი გულიდან“ (ლუკა 8:12). შეგვიძლია ამ პრობლემის თავიდან არიდება?
11. როგორ შეგვიძლია დავიცვათ გული, რომ უნაყოფო ნიადაგს არ დაემსგავსოს?
11 ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, რომ გზისპირა, უნაყოფო ნიადაგს არ დავემსგავსოთ. დატკეპნილი და გამაგრებული ნიადაგი გაფხვიერდება და განოყიერდება, თუ მოხნავენ და მასზე გამუდმებით არ ივლიან. ჩვენი გულიც კარგი, ნოყიერი ნიადაგივით იქნება, თუ გამოვნახავთ დროს ღვთის სიტყვის წასაკითხად და მასზე დასაფიქრებლად. ამის მიღწევაში კი ის დაგვეხმარება, თუ ცხოვრებისეული საზრუნავით მეტისმეტად არ დავკავდებით (ლუკა 12:13—15). ყოველთვის გამონახეთ დრო იმაზე ფიქრისთვის, რაც „უმჯობესია“ ცხოვრებაში (ფილიპელთა 1:9—11).
‘კლდეზე დაცვენილებს’ შიში იპყრობს
12. სინამდვილეში, რა მიზეზით ხმება მეორე სახის ნიადაგში დათესილი თესლიდან აღმოცენებული მცენარე?
12 შემდეგ თესლი მეორე სახის ნიადაგზე ვარდება. ამ შემთხვევაში, პირველისგან განსხვავებით, ის ფესვს იდგამს და აღმოცენდება, თუმცა დროთა განმავლობაში მზის მცხუნვარება აღმოცენებულ მცენარეს ახმობს. დაუკვირდით, რა მნიშვნელოვანი აზრი იკვეთება — მცენარის გახმობის ნამდვილი მიზეზი მზის მცხუნვარება არ არის. მზე ხომ კარგ ნიადაგზე აღმოცენებული მცენარისთვისაც აცხუნებს, მაგრამ ის არ ხმება, პირიქით, ხარობს. მაშ, რაშია საქმე? იესო განმარტავს: მცენარე იმიტომ გახმა, რომ „ნიადაგს სიღრმე არ ჰქონდა“ და „სინოტივე აკლდა“ (მათე 13:5, 6; ლუკა 8:6). კლდოვანი ფენის გამო მცენარე ფესვებს ღრმად ვერ იდგამს, მას სინოტივე აკლია და მყარად ვერ დგას. ის ხმება, რადგან ნიადაგს საკმარისი სიღრმე არა აქვს.
13. როგორი ადამიანები არიან შედარებული კლდოვან ნიადაგს და რა არის მათი მოქმედების ნამდვილი მიზეზი?
13 ეს მონაკვეთი ეხება ადამიანებს, რომლებიც სიხარულით იღებენ ღვთის სიტყვას და „მცირე ხანს“ მონდომებით მიჰყვებიან იესოს (ლუკა 8:13). როგორც კი მზე აცხუნებს ანუ გასაჭირი და დევნა იწყება, მათ იმდენად ეშინიათ, რომ სიხარულსა და ძალ-ღონეს კარგავენ და აღარ მიჰყვებიან ქრისტეს (მათე 13:21). აღსანიშნავია, რომ შიშის ნამდვილი მიზეზი დევნა არ არის. ქრისტეს მილიონობით მიმდევარს დევნიდნენ, მაგრამ მათ ერთგულება შეინარჩუნეს (2 კორინთელთა 2:4; 7:5). იმის ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ უჩნდება ზოგს შიში და ტოვებს ჭეშმარიტებას, ისაა, რომ მათი გული კლდოვანი ნიადაგივითაა. ისინი საკმარისად ღრმად არ ფიქრობენ აღმშენებლურ და სულიერ საკითხებზე. ამიტომ მათი მადლიერება იეჰოვასა და მისი სიტყვისადმი იმდენად ზედაპირული და უმნიშვნელოა, რომ ვერ უძლებს წინააღმდეგობას. რა დაგვიცავს ასეთი მდგომარეობისგან?
14. რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ გული კლდოვან ნიადაგს არ დაემსგავსოს?
14 საჭიროა ყურადღებით ვიყოთ, რომ პრობლემების გამო ჩვენი გული კლდოვან ნიადაგს არ დაემსგავსოს. ასეთი გავლენა გულზე შეიძლება მოახდინოს, მაგალითად, წყენამ, ფარულმა ეგოიზმმა ან, ერთი შეხედვით შეუმჩნეველმა, სხვა არასასიამოვნო გრძნობებმა. თუკი ასეთი გრძნობები უკვე გაგვივითარდა, მათ დამარცხებას ღვთის სიტყვის ძალით შევძლებთ (იერემია 23:29; ეფესელთა 4:22; ებრაელთა 4:12). მათი დაძლევის შემდეგ გვმართებს, კვლავაც ლოცვით ვიფიქროთ ღვთის სიტყვაზე, რაც ხელს შეუწყობს, რომ ის გულში ღრმად ‘ჩაგვენერგოს’ (იაკობი 1:21). ეს ძალასა და სიმხნევეს შეგვმატებს, რომ რთული პერიოდები გადავიტანოთ და განსაცდელების მიუხედავად ერთგულები დავრჩეთ.
„ეკალში ჩავარდნილნი“ გაორებულნი არიან
15. ა) რატომ არის ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იესოს მიერ მოხსენიებული მესამე სახის ნიადაგი? ბ) საბოლოოდ, რა ხდება მესამე სახის ნიადაგზე და რატომ?
15 მესამე სახის ნიადაგი ეკლებით არის დაფარული. ის ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან რაღაცით კარგი ნიადაგის მსგავსია. კარგ ნიადაგზე დავარდნილი თესლის მსგავსად, ეკლნარში დათესილიც ფესვს იდგამს და აღმოცენდება. თავიდან ამ ორი მცენარის ზრდა არაფრით განსხვავდება. დროთა განმავლობაში კი მდგომარეობა იცვლება — ეკლნარში აღმოცენებული მცენარე ხმება. კარგი ნიადაგისგან განსხვავებით, აქ ეკლები იზრდება, რაც ხელს უშლის მის ზრდას. გარკვეული დროის მანძილზე სინოტივე, სინათლე და ადგილი აღმოცენებული მცენარისთვისაც საკმარისია და ეკლებისთვისაც, მაგრამ შემდეგ ეკლები ‘იზრდება და აშთობს’ მცენარეს (ლუკა 8:7).
16. ა) როგორი ადამიანები ჰგვანან ეკლებით დაფარულ ნიადაგს? ბ) რას ნიშნავს ეკალი ამ მაგალითში, როგორც ამას სამი სახარების შედარება გვიჩვენებს? (იხილეთ სქოლიო).
16 როგორი ადამიანები არიან წარმოდგენილი ეკლებით დაფარული ნიადაგით? იესო განმარტავს: „ეკალში ჩავარდნილნი ისინია, ვინც ისმენენ, მაგრამ ცხოვრების გზაზე საზრუნავი, სიმდიდრე და განცხრომანი აშთობენ მათ და ნაყოფი ვეღარ მწიფდება“ (ლუკა 8:14). ისევე როგორც ეკალი და მთესველის მიერ დათესილი თესლი იზრდება ერთდროულად, ზოგი ცდილობს ღვთის სიტყვაც მიიღოს და, ამავე დროს, „განცხრომასაც“ მიეცეს. მათ გულში ჩაითესა ღვთის სიტყვის თესლი, მაგრამ მის ზრდას ხელს უშლის სხვა მიზნები, რომლებიც დროსა და ყურადღებას მოითხოვს. მათი სიმბოლური გული გაორებულია (ლუკა 9:57—62). ეს ხელს უშლის მათ, საკმარისი დრო დაუთმონ ღვთის სიტყვაზე მიზანმიმართულ და ლოცვით ფიქრს. ისინი სრულად ვერ ითვისებენ ღვთის სიტყვას და ამიტომ არ აფასებენ მას. ღვთის სიტყვის დაფასება კი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დავრჩეთ ქრისტეს მოწაფეებად. თანდათანობით მათ სულიერ მიზნებს სხვა მისწრაფებები ჩრდილავს და, საბოლოოდ, „აშთობენ“ კიდეცc. რა სამწუხარო შედეგი მოჰყვება იმას, თუ ადამიანს მთელი გულით არ უყვარს იეჰოვა! (მათე 6:24; 22:37).
17. როგორ უნდა წარვმართოთ ცხოვრება, რომ იესოს მაგალითში მოხსენიებულმა სიმბოლურმა ეკლებმა არ გვშთანთქას?
17 სულიერი საკითხებისთვის უფრო მეტი ყურადღების დათმობა გვიცავს, რომ არ გვშთანთქას ქვეყნიურმა საზრუნავმა და სიამოვნებებმა (მათე 6:31—33; ლუკა 21:34—36). არასოდეს უნდა უგულებელვყოთ ბიბლიის კითხვა და წაკითხულზე ფიქრი. თუ ცხოვრებას, შეძლებისდაგვარად, გავიმარტივებთ, მეტი დრო გვექნება მიზანმიმართული და ლოცვით ფიქრისთვის (1 ტიმოთე 6:6—8). იეჰოვა აკურთხებს თავის მსახურებს, რომლებიც ასე იქცევიან; რომლებმაც, ასე ვთქვათ, ამოძირკვეს ეკალი, რომ ნაყოფის მომცემ მცენარეს მეტი სინოტივე, სინათლე და ადგილი ჰქონოდა. მაგალითად, 26 წლის სანდრა ამბობს: „როდესაც ვფიქრობ, როგორი კურთხეული ვარ ჭეშმარიტების ცოდნის გამო, ვხედავ, რომ ქვეყნიერება ამაზე უკეთეს ვერაფერს შემომთავაზებს“ (ფსალმუნები 83:12).
18. რა დაგვეხმარება, რომ დავრჩეთ ღვთის სიტყვაში და კვლავაც ქრისტიანები ვიყოთ?
18 ცხადია, თუკი ღვთის სიტყვა რჩება ჩვენში, ჩვენც, ახალგაზრდები თუ ხანდაზმულები, დავრჩებით მასში და კვლავაც ქრისტეს მოწაფეები ვიქნებით. ამიტომ ყველაფერი ვიღონოთ, რომ ჩვენი სიმბოლური ნიადაგი არასოდეს გამაგრდეს, არასოდეს გახდეს კლდოვანი ან ეკლებით დაფარული. ყველა ღონე მოვახმაროთ, რომ ის ყოველთვის ფხვიერი და საკმარისი სიღრმის იყოს. ეს კი, თავის მხრივ, დაგვეხმარება, რომ ბოლომდე შევითვისოთ ღვთის სიტყვა და ‘მოთმინებით გამოვიღოთ ნაყოფი’ (ლუკა 8:15).
[სქოლიოები]
a ამ სტატიაში იესო ქრისტეს მიერ მოყვანილ პირველ მოთხოვნას გავარჩევთ. მეორე და მესამე მოთხოვნებს კი მომდევნო სტატიებში განვიხილავთ.
b ბიბლიიდან რომელიმე მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ შეგეძლოთ საკუთარი თავისთვის ასეთი კითხვები დაგესვათ: ვხედავ წაკითხულში იეჰოვას რომელიმე თვისებას? როგორ უკავშირდება ეს მონაკვეთი ბიბლიის თემას? როგორ შემიძლია წაკითხულის ცხოვრებაში გამოყენება ან მისით სხვების დახმარება?
c სამი სახარების თანახმად, იესოს მაგალითში თესლს აშთობს ქვეყნიური პრობლემები და სიამოვნებები: „წუთისოფლის საზრუნავი“, „სიმდიდრის საცდური“, „სხვა გულისთქმანი“ და „განცხრომანი“ (მარკოზი 4:19; მათე 13:22; ლუკა 8:14; იერემია 4:3, 4).
-
-
გიყვარდეთ ერთმანეთისაგუშაგო კოშკი — 2003 | 1 თებერვალი
-
-
გიყვარდეთ ერთმანეთი
„ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:35).
1. რა თვისებაზე მიაქცევინა იესომ მოციქულებს ყურადღება სიკვდილის წინა საღამოს?
„შვილებო“, — ასე თბილად მიმართა იესომ თავის მოციქულებს სიკვდილის წინა საღამოს (იოანე 13:33). სახარებები არ გვამცნობს, აქამდე თუ მიუმართავს იესოს მათთვის ასე. ამ განსაკუთრებულ დღეს კი მას სურდა, გამოეხატა ღრმა სიყვარული, რომელიც თავისი მიმდევრებისადმი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ იმ საღამოს იესო დაახლოებით 30-ჯერ შეეხო სიყვარულს. რატომ გაამახვილა მან ამ თვისებაზე ამხელა ყურადღება?
2. რატომ არის სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანი ქრისტიანებისთვის?
2 იესომ განმარტა, რატომ არის სიყვარული ამდენად მნიშვნელოვანი. „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, — თქვა მან, — იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:35; 15:12, 17). შეუძლებელია იყო ქრისტეს მიმდევარი და არ გიყვარდეს ძმები. ჭეშმარიტი ქრისტიანები სხვებისგან განსაკუთრებული ჩაცმულობით ან უჩვეულო ტრადიციებით კი არ უნდა გამოირჩეოდნენ, არამედ თბილი და სათუთი გრძნობით — ერთმანეთის სიყვარულით. ეს განსაკუთრებული სიყვარული მეორეა ქრისტეს მიმდევრებისთვის მიცემული იმ სამი ძირითადი მოთხოვნიდან, რომლებიც წინა სტატიის დასაწყისში იყო მოხსენიებული. რა დაგვეხმარება ამ მოთხოვნის თანახმად ცხოვრებაში?
‘უფრო სრულად აკეთეთ’
3. რისკენ მოუწოდა პავლემ თანაქრისტიანებს, როდესაც მათ სიყვარულზე მისწერა?
3 პირველი საუკუნის ქრისტიანებს შორის არსებობდა ასეთი სიყვარული და იმავეს თქმა შეიძლება ქრისტეს დღევანდელ ჭეშმარიტ მიმდევრებზეც. პირველი საუკუნის ქრისტიანებს პავლე სწერდა: „ძმათმოყვარეობაზე საჭირო არ არის თქვენთვის მოწერა, თქვენ ღვთივგანსწავლულნი ხართ ერთიმეორის სიყვარულში“. მიუხედავად ამისა, პავლემ მათ მიმართა: „შეგაგონებთ . . . ეს უფრო სრულად აკეთოთ“ (1 თესალონიკელთა 3:12; 4:9, 10, აქ). ჩვენც გვმართებს, გულთან ახლოს მივიტანოთ პავლეს შეგონება და ყველაფერი ვიღონოთ, რომ „უფრო სრულად“ გვიყვარდეს ერთმანეთი.
4. პავლესა და იესოს სიტყვების თანახმად, ვის უნდა მოვეკიდოთ განსაკუთრებული ყურადღებით?
4 ღვთის შთაგონებით დაწერილ იმავე წერილში პავლე მოუწოდებდა თანამორწმუნეებს: „ანუგეშეთ დამწუხრებული სულები, მხარი დაუჭირეთ სუსტებს“ (1 თესალონიკელთა 5:14, აქ). სხვა წერილში კი ის შეახსენებდა ქრისტიანებს: „ჩვენ, ძლიერთ, გვმართებს ვზიდოთ უსუსურთა უძლურება“ (რომაელთა 15:1). სუსტების დახმარებაზე იესოც ამახვილებდა ყურადღებას. იმის შემდეგ, რაც იწინასწარმეტყველა, რომ პეტრე უარყოფდა მას, იესომ ასეთი სიტყვებით მიმართა თავის მოციქულს: „როცა კვლავ მოიქცევი, გაამხნევე შენი ძმები“. რატომ იქნებოდა საჭირო მათი გამხნევება? ისინიც მიატოვებდნენ იესოს და ამიტომ მათ დახმარება დასჭირდებოდათ (ლუკა 22:32; იოანე 21:15—17). აქედან გამომდინარე, ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, სიყვარულით მოვექცეთ სულიერად დასუსტებულებს და მათ, ვისაც ურთიერთობა აღარ აქვს ქრისტიანულ კრებასთან (ებრაელთა 12:12). რატომ გვმართებს ასე მოქცევა? ამ კითხვაზე იესოს მიერ მოყვანილი ორი თვალსაჩინო მაგალითი გვპასუხობს.
დაკარგული ცხვარი და დაკარგული დრაქმა
5, 6. ა) რომელი ორი მოკლე მაგალითი მოიყვანა იესომ? ბ) რას ვიგებთ ამ მაგალითებიდან იეჰოვას შესახებ?
5 მსმენელებისთვის გზასაცდენილებზე იეჰოვას თვალსაზრისი რომ დაენახვებინა, იესომ ორი მოკლე მაგალითი მოიყვანა. ერთში ის მწყემსზე საუბრობდა: „რომელიმე თქვენგანს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ დატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებრად, ვიდრე არ იპოვის? რომ იპოვის, სიხარულით მხრებზე შეისვამს. შინ რომ დაბრუნდება, დაუძახებს მეგობრებს, მეზობლებს და ეტყვის: თქვენც იხარეთ ჩემთან ერთად, დაკარგული ცხვარი ვიპოვეო. თქვენ გეუბნებით: რომ ასევე უფრო მეტი სიხარული იქნება ზეცაში ერთი ცოდვილის გამო, რომელმაც მოინანია, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტი მართლის გამო, რომელთაც მონანიება არ სჭირდებათ“ (ლუკა 15:4—7).
6 მეორე მაგალითი ქალზე იყო. იესომ მოყვა: „ანდა დედაკაცი, რომელსაც ათი დრაქმა აქვს, ერთი დრაქმა რომ დაეკარგოს, განა არ აანთებს სანთელს და არ გამოგვის სახლს და გულმოდგინედ არ დაუწყებს ძებნას, ვიდრე არ იპოვის? როცა იპოვის, დაუძახებს დობილებს და მეზობლებს და ეტყვის: ჩემთან ერთად იხარეთ, ვინაიდან ვიპოვე დაკარგული დრაქმაო. თქვენ გეუბნებით: ასევე იქნება სიხარული ღვთის ანგელოზებთან ერთი მონანიე ცოდვილის გამო“ (ლუკა 15:8—10).
7. რას ვსწავლობთ დაკარგული ცხვრისა და დაკარგული დრაქმის მაგალითებიდან?
7 რას გვასწავლის ეს მაგალითები? იმას, თუ 1) რას უნდა ვგრძნობდეთ დასუსტებულთა მიმართ და 2) რა უნდა გავაკეთოთ მათ დასახმარებლად. მოდი ახლა ამ ორ საკითხზე ვისაუბროთ.
დაკარგული, და მაინც ძვირფასი
8. ა) რა გააკეთა მწყემსმა ცხვრის დაკარგვის შემდეგ და როგორ მოიქცა ქალი, როცა დრაქმა დაკარგა? ბ) რას გვეუბნება მათი მოქმედება დანაკარგთან დაკავშირებით მათს თვალსაზრისზე?
8 ორივე მაგალითში რაღაც დაიკარგა, მაგრამ დაუკვირდით პატრონების რეაქციას. მწყემსს არ უთქვამს: „ერთი ცხვარი რა დიდი საქმეა, 99 ხომ კიდევ მყავს. მაგ ცხვრის გარეშეც გავალ იოლას“. არც ქალს უთქვამს: „რატომ უნდა ვიდარდო იმ ერთი დრაქმის გულისთვის? ცხრაც კარგად მეყოფა“. ამის ნაცვლად მწყემსი საძებრად წავიდა და ისე გულმოდგინედ დაუწყო ძებნა დაკარგულ ცხვარს, თითქოს მეტი არ ჰყოლოდა. ქალიც ისეთი მონდომებით ეძებდა დრაქმას, თითქოს უკანასკნელი დაჰკარგვოდა. ორივე შემთხვევაში დაკარგული კვლავაც ძვირფასი იყო მფლობელისთვის. რის საჩვენებლად მოიყვანა იესომ ეს მაგალითები?
9. რა არის ნაჩვენები მწყემსისა და ქალის გრძნობებით?
9 დაუკვირდით, რა სიტყვებით ამთავრებს იესო ამ მაგალითებს: „ასევე უფრო მეტი სიხარული იქნება ზეცაში ერთი ცოდვილის გამო, რომელმაც მოინანია“ და „გეუბნებით: ასევე იქნება სიხარული ღვთის ანგელოზებთან ერთი მონანიე ცოდვილის გამო“. მწყემსისა დ ქალის გრძნობები დაახლოებით წარმოდგენას გვიქმნის იეჰოვასა და ზეციერი ქმნილებების გრძნობებზე. როგორც მწყემსისა და ქალისთვის იყო ძვირფასი, რაც დაკარგეს, ასევე იეჰოვასთვისაც კვლავაც ძვირფასები არიან ისინი, ვინც გზას ასცდა ან ურთიერთობა აღარ აქვს ღვთის ხალხთან (იერემია 31:3). ასეთები შეიძლება სულიერად სუსტები იყვნენ, მაგრამ არა მაინცდამაინც ურჩები და მოწინააღმდეგეები. სულიერი სისუსტის მიუხედავად, ისინი შეიძლება, გარკვეულწილად, კვლავაც იცავდნენ იეჰოვას მოთხოვნებს (ფსალმუნები 118:176; საქმეები 15:29). ამიტომ, ისევე როგორც წარსულში, იეჰოვა დღესაც არ ჩქარობს მათ ‘მოშორებას’ (მეოთხე მეფეთა 13:23).
10, 11. ა) რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს მათზე, ვინც კრებას ჩამოშორდა? ბ) იესოს მაგალითებიდან გამომდინარე, როგორ შეგვიძლია გამოვხატოთ, რომ განვიცდით მათ მდგომარეობას?
10 იეჰოვასა და იესოს მსგავსად, ჩვენც განვიცდით მათ მდგომარეობას, ვინც დასუსტდა და ურთიერთობა აღარ აქვს ქრისტიანულ კრებასთან (ეზეკიელი 34:16; ლუკა 19:10). სულიერად დასუსტებულ ადამიანს დაკარგულ ცხვრად მივიჩნევთ და არა დაღუპულ ადამიანად. ჩვენ არ ვფიქრობთ ასე: „რატომ უნდა ვინაღვლოთ დასუსტებულზე? კრება უმაგისოდაც კარგადაა“. ამის ნაცვლად, იეჰოვას ვბაძავთ და გზასაცდენილები, რომელთაც დაბრუნების სურვილი აქვთ, ჩვენთვისაც ძვირფასები არიან.
11 როგორ ვაჩვენოთ, რომ განვიცდით ასეთი ადამიანების მდგომარეობას? იესოს მიერ ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ვხედავთ, რომ საჭიროა 1) ინიციატივის გამოვლენა, 2) თბილად მოპყრობა და 3) გულმოდგინება. მოდი სათითაოდ განვიხილოთ ეს საკითხები.
გამოავლინეთ ინიციატივა
12. რას ვიგებთ მწყემსის თვალსაზრისზე სიტყვებიდან „წავა დაკარგულის საძებრად“?
12 პირველ მაგალითში იესომ თქვა, რომ მწყემსი „წავა დაკარგულის საძებრად“. მწყემსი ინიციატივას ავლენს და ცდილობს, იპოვოს დაკარგული ცხვარი. სირთულეები, საფრთხე და მანძილი ვერ აჩერებს მას. პირიქით, ის მანამ ეძებს, „ვიდრე არ იპოვის“ (ლუკა 15:4).
13. როგორ ეხმარებოდნენ დასუსტებულებს ღვთის ერთგული მსახურები წარსულში და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ასეთ ბიბლიურ მაგალითებს?
13 მსგავსადვე, ხშირად სულიერად ძლიერმა პიროვნებამ ინიციატივა უნდა გამოავლინოს, როდესაც ვინმეს გამხნევება ესაჭიროება. ძველ დროში ღვთის ერთგულ მსახურებს ეს კარგად ესმოდათ. მაგალითად, როცა იონათანმა, მეფე საულის ძემ, შენიშნა, რომ მის ახლო მეგობარ დავითს გამხნევება სჭირდებოდა, „ადგა . . . და მივიდა დავითთან ტყეში, და გაამხნევა ღვთის სახელით“ (პირველი მეფეთა 23:15, 16). საუკუნეების შემდეგ, როდესაც გამგებელმა ნეემიამ დაინახა, რომ მისი ძმები, იუდეველები, დასუსტებულიყვნენ, ისიც ‘ადგა’ და გაამხნევა ისინი, რათა არ დაევიწყებინათ იეჰოვა (ნეემია 4:14). დღეს ჩვენც გვსურს „ავდგეთ“, ანუ გამოვავლინოთ ინიციატივა და გავამხნევოთ დასუსტებულები. ვის ავალია კრებაში მათი დახმარება?
14. ვის ავალია კრებაში დასუსტებულების დახმარება?
14 განსაკუთრებით, ქრისტიანი უხუცესების პასუხისმგებლობაა სხვების გამხნევება და, ესაიას სიტყვებით რომ ვთქვათ, „ღონემიხდილი ხელების“ გაძლიერება და „მოკვეთილი მუხლების“ გამაგრება; აგრეთვე, რომ უთხრან „გულშემდრკალთ: გამაგრდით, ნუ გეშინიათ!“ (ესაია 35:3, 4, სსგ; 1 პეტრე 5:1, 2). თუმცა იმასაც მიაქციეთ ყურადღება, რომ პავლემ არა მარტო უხუცესებს მოუწოდა, ენუგეშებინათ „დამწუხრებული სულები“, არამედ „თესალონიკელთა [მთელ] კრებას“ (1 თესალონიკელთა 1:1, აქ; 5:14, აქ). ამიტომ ყველა ქრისტიანს ავალია დასუსტებულების დახმარება. მაგალითში მოხსენიებული მწყემსის მსგავსად, ყველა ქრისტიანს უნდა უბიძგოს გულმა, ‘წავიდეს დაკარგულის საძებრად’. რასაკვირველია, თუ გვსურს საუკეთესოდ დავეხმაროთ მათ, უხუცესებთან უნდა ვითანამშრომლოთ. შეგიძლიათ პირადად რამის გაკეთება თქვენს კრებაში დასუსტებულების დასახმარებლად?
თბილად მოექეცით
15. როგორც ჩანს, რატომ მოიქცა მწყემსი ისე, როგორც ეს მაგალითშია აღწერილი?
15 რას აკეთებს მწყემსი, როდესაც დაკარგულ ცხვარს პოულობს? „მხრებზე შეისვამს“ (ლუკა 15:5). რა გულში ჩამწვდომი და მრავლისმთქმელი მოქმედებაა! ცხვარი, ალბათ, არაერთი დღე და ღამე დაეხეტებოდა უცხო ადგილებში; შესაძლოა ლომის ნადავლიც კი გამხდარიყო (იობი 38:39, 40). თავისთავად ცხადია, ცხვარი შიმშილისგან დასუსტებულია; იმდენად დასუსტებულია, რომ დამოუკიდებლად გაუჭირდებოდა მშობლიურ ფარამდე მისვლა. ამიტომ მწყემსი იხრება, ნაზად იყვანს ხელში, საფრთხისგან იცავს და ფარამდე მშვიდობით მიჰყავს. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მწყემსს ასეთი მზრუნველობის გამოვლენაში?
16. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ დაკარგული ცხვრის მიმართ მწყემსის თბილად მოპყრობას?
16 ის, ვისაც კრებასთან არა აქვს ურთიერთობა, შეიძლება სულიერად გათანგული იყოს. ფარას ჩამორჩენილი ცხვრის მსგავსად, შეიძლება უმიზნოდ „დაეხეტება“ ამ ქვეყნიერების საშიშ „ადგილებში“. უსაფრთხო ფარის — ქრისტიანული კრების — გარეშე ის უწინდელზე უფრო ადვილად შეიძლება გახდეს ეშმაკის ნადავლი, რომელიც „დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს“ (1 პეტრე 5:8). ამას გარდა, სულიერი საზრდოს გარეშე ის დასუსტებულია. იმდენად სუსტია, რომ დამოუკიდებლად, როგორც ჩანს, გაუჭირდება სირთულეების გადალახვა და კრებაში დაბრუნება. ამიტომ ჩვენ, ასე ვთქვათ, უნდა დავიხაროთ, ნაზად ავიყვანოთ ხელში და კრებაში მოვიყვანოთ (გალატელთა 6:2). კონკრეტულად, რის გაკეთება შეგვიძლია?
17. რაში უნდა მივბაძოთ მოციქულ პავლეს, როცა დასუსტებულს ვინახულებთ?
17 მოციქულმა პავლემ თქვა: „ვინმე დაუძლურდა და მე არ დავუძლურდი?“ (2 კორინთელთა 11:29; 1 კორინთელთა 9:22). ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ პავლე თანაუგრძნობდა სხვებს, მათ შორის სუსტებსაც. ჩვენც მსგავსად უნდა მოვექცეთ დასუსტებულებს. როდესაც სულიერად დასუსტებულ ქრისტიანს ინახულებთ, დაარწმუნეთ, რომ იეჰოვა აფასებს მას და თანაქრისტიანებსაც ძალიან ენატრებათ (1 თესალონიკელთა 2:17). დაანახვეთ, რომ ისინი სიხარულით დაეხმარებიან და სურთ იყვნენ მისთვის ისეთი ძმები, რომლებიც გაჭირვებისთვის იბადებიან (იგავები 17:17; ფსალმუნები 33:19). ჩვენმა გულწრფელმა სიტყვებმა ისინი შეიძლება თანდათანობით ფეხზე წამოაყენოს და დაეხმაროს ფარაში დაბრუნებაში. შემდეგ რა უნდა გავაკეთოთ? ამ კითხვაზე პასუხს ქალსა და დაკარგულ დრაქმაზე მაგალითიდან ვიგებთ.
იყავით გულმოდგინეები
18. ა) რატომ არ ჩაიქნია ქალმა ხელი დრაქმის პოვნაზე? ბ) რამდენად გულმოდგინედ ეძებდა ქალი და რას მიაღწია ამით?
18 ქალმა, რომელმაც დრაქმა დაკარგა, იცის, რომ თუმცა ადვილი არ არის დაკარგულის პოვნა, ეს შესაძლებელია. მონეტა დიდ, ბუჩქნარით დაფარულ ველზე რომ დაეკარგა ან ღრმა, მღვრიე ტბაში ჩავარდნოდა, ის, ალბათ, ხელს ჩაიქნევდა და ძებნას აღარ დაუწყებდა. მან კი იცის, რომ დრაქმა სადღაც სახლში დაკარგა და მისი პოვნა შესაძლებელია. ამიტომ გულდასმით და გულმოდგინედ იწყებს ძებნას (ლუკა 15:8). ჯერ ლამპარს ანთებს სახლის გასანათებლად; შემდეგ სახლის დაგვას იწყებს, იქნებ დრაქმის ხმა გავიგონოო; ბოლოს კი ყურადღებით ათვალიერებს ყველა კუთხე-კუნჭულს, სანამ ლამპრის შუქზე მბზინვარე ვერცხლის მონეტას არ მოჰკრავს თვალს. ქალის გულმოდგინებამ ფუჭად არ ჩაიარა!
19. რას ვსწავლობთ დასუსტებულთა დახმარების საკითხში ქალის მოქმედებიდან?
19 მაგალითის ეს მონაკვეთი შეგვახსენებს, რომ დასუსტებული ქრისტიანის დახმარება ჩვენთვის შესაძლებელია. ამავე დროს, ვხედავთ, რომ საჭიროა ძალისხმევა. პავლე მოციქულმაც ხომ უთხრა ეფესელ ქრისტიანებს: „ასეთი შრომით უნდა შეეწეოდეთ უძლურებს“ (საქმეები 20:35ა). გახსოვდეთ, რომ ქალს, უბრალოდ, ოთახში ზერელედ თვალის მოვლებით არ უპოვია მონეტა. მან დრაქმა იმის წყალობით იპოვა, რომ საგულდაგულოდ ეძება, ‘ვიდრე არ იპოვა’. ჩვენც, როცა სულიერად დასუსტებულის დახმარებას ვცდილობთ, გულმოდგინედ და მიზანმიმართულად უნდა ვიმოქმედოთ. როგორ შეიძლება ამის გაკეთება?
20. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ დასუსტებულებს?
20 როგორ დავეხმაროთ დასუსტებულს რწმენისა და მადლიერების გაზრდაში? ალბათ, კარგი იქნება, თუ მასთან ერთად შესაბამის ქრისტიანულ პუბლიკაციას შეისწავლით. მართლაც, დასუსტებულისთვის ბიბლიის შესწავლის ჩატარება საშუალებას გვაძლევს, რეგულარულად და საფუძვლიანად დავეხმაროთ მას. ალბათ, უკეთესი იქნება, თუკი სამსახურებრივი ზედამხედველი განსაზღვრავს, ვის შეუძლია ასეთი დახმარების გაწევა. მან შეიძლება გირჩიოთ, რომელი თემები შეისწავლოთ და რომელი პუბლიკაცია გამოიყენოთ. ისევე როგორც მაგალითში მოხსენიებული ქალი იყენებდა სხვადასხვა ნივთს მიზნის მისაღწევად, ჩვენც გვაქვს ხელსაწყოები, რომლებიც გვეხმარება ღვთის მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულებაში, კერძოდ კი დასუსტებულების დახმარებაში. ამ მხრივ განსაკუთრებით დამხმარეა ორი ახალი წიგნი: „თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“ და „დაუახლოვდი იეჰოვას“a.
21. როგორ მოაქვს დასუსტებულების დახმარებას კურთხევები ყველასთვის?
21 დასუსტებულების დახმარებას ყველასთვის მოაქვს კურთხევები. ვისაც ეხმარებიან, ის ნამდვილ მეგობრებთან დაბრუნებით ხარობს. ჩვენც ვხარობთ, ვინც ვეხმარებით, რადგან გაცემას ბედნიერება მოაქვს (ლუკა 15:6, 9; საქმეები 20:35ბ). კრებაც უფრო თბილი ხდება, რადგან მისი თითოეული წევრი სიყვარულით ეხმარება ერთმანეთს. და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი მზრუნველი მწყემსებისთვის, იეჰოვასა და იესოსთვის, დიდება მოაქვს, როდესაც მათი მიწიერი მსახურები ირეკლავენ მათ სურვილს, დაეხმარონ დასუსტებულებს (ფსალმუნები 71:12—14; მათე 11:28—30; 1 კორინთელთა 11:1; ეფესელთა 5:1). რამდენი დიდებული მიზეზი გვქონია, რომ კვლავაც ‘გვიყვარდეს ერთმანეთი’!
-
-
ბევრი ნაყოფი გამოიღეთსაგუშაგო კოშკი — 2003 | 1 თებერვალი
-
-
ბევრი ნაყოფი გამოიღეთ
‘ბევრი ნაყოფი გამოიღეთ და იყავით ჩემი მოწაფეები’ (იოანე 15:8).
1. ა) რა მოთხოვნაზე მიუთითა იესომ თავის მოწაფეებს? ბ) რა კითხვა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს?
იესოს სიკვდილის წინა საღამოა. ის დიდ დროს უთმობს მოციქულებთან გულღია საუბარს და მათ გამხნევებას. ახლა უკვე შუაღამეს გადასცდა, მაგრამ ახლო მეგობრების სიყვარულით აღძრული იესო კვლავაც განაგრძობს ლაპარაკს. შუა საუბარში იესო მათ ახსენებს კიდევ ერთ მოთხოვნას, რომლის შესრულებითაც ისინი შეძლებენ მის მოწაფეებად დარჩენას: „ამით განდიდდება მამაჩემი, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და ჩემი მოწაფეები იქნებით“ (იოანე 15:8). ვასრულებთ დღეს ამ მოთხოვნას? რას ნიშნავს ‘ბევრი ნაყოფის გამოღება’? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, მოდი იმ საღამოს შემდგარ საუბარს დავუბრუნდეთ.
2. სიკვდილის წინა ღამეს რა მაგალითი მოიყვანა იესომ ნაყოფის შესახებ?
2 იესოს ეს შეგონება ქვემოთ მოყვანილი მაგალითის ნაწილია: «მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, მამაჩემი კი მიწისმუშაკია. ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში ის მოაშორებს და ყოველ ნაყოფიერს კი განწმედს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს. თქვენ უკვე გაწმედილნი ხართ იმ სიტყვით, რომელიც გითხარით. თქვენ ჩემში დარჩით [„დარჩით ჩემთან ერთობაში“, აქ], მე კი — თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება, ისევე თქვენც, თუ ჩემში არ დარჩებით. მე ვაზი ვარ, თქვენ კი — ლერწები . . . ამით განდიდდება მამაჩემი, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და ჩემი მოწაფეები იქნებით. როგორც მამამ შემიყვარა მე, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ. დარჩით ჩემს სიყვარულში! თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში დარჩებით, როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებები და დავრჩი მის სიყვარულში» (იოანე 15:1—10).
3. რა უნდა აკეთონ იესოს მიმდევრებმა ნაყოფის გამოსაღებად?
3 ამ მაგალითში მიწათმოქმედი იეჰოვაა, ვაზი — იესო, ხოლო ლერწები — მოციქულები. თუკი მოციქულები შეეცდებიან იესოსთან „ერთობაში“ დარჩენას, ისინი შეძლებენ ნაყოფის გამოღებას. იესო მოციქულებს იმასაც უხსნის, თუ რა დაეხმარება მათ ამ მნიშვნელოვანი ერთობის შენარჩუნებაში: „თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში დარჩებით“. მოგვიანებით მოციქული იოანეც მისწერს თანაქრისტიანებს მსგავს სიტყვებს: „ვინც მის [ქრისტეს] მცნებებს იცავს, ერთობაში რჩება მასთან“a (1 იოანე 2:24, აქ; 3:24, აქ). როგორც ვხედავთ, ქრისტეს მცნებების დაცვით მისი მიმდევრები ერთობაში რჩებიან მასთან. ეს ერთსულოვნება კი, თავის მხრივ, ნაყოფის გამოღებაში ეხმარება მათ. რა ნაყოფი უნდა გამოვიღოთ?
ზრდა შესაძლებელია
4. რას ვსწავლობთ იქიდან, რომ იეჰოვა ვაზს ყოველ უნაყოფო ლერწს ‘აშორებს’?
4 მაგალითში იეჰოვა ‘აშორებს’ ანუ ჭრის ლერწს, რომელსაც ნაყოფი არ გამოაქვს. რას გვეუბნება ეს? არა მარტო იმას, რომ ყველა მოწაფემ უნდა გამოიღოს ნაყოფი, არამედ იმასაც, რომ ყველას აქვს ამის უნარი მდგომარეობისა და სისუსტეების მიუხედავად. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, იეჰოვა, სიყვარულით აღსავსე ღმერთი, არ ‘მოაშორებდა’ ანუ არ მოჰკვეთდა ქრისტეს მოწაფეს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მან ვერ გააკეთა რაღაც, რაც მის უნარს აღემატებოდა (ფსალმუნები 102:14; კოლასელთა 3:23; 1 იოანე 5:3).
5. ა) როგორ ჩანს იესოს მაგალითიდან, რომ შეგვიძლია ნაყოფის გამოღება? ბ) რა და რა სახის ნაყოფზე ვისაუბრებთ?
5 იესოს მაგალითი იმასაც გვანახვებს, რომ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, უნდა შევეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ვაკეთოთ როგორც მოწაფეებმა. დაუკვირდით, როგორ თქვა ეს იესომ: „ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში ის მოაშორებს და ყოველ ნაყოფიერს კი განწმედს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს“ (იოანე 15:2). მაგალითის ბოლო ნაწილში იესომ მოუწოდა თავის მიმდევრებს, „ბევრი ნაყოფი“ გამოეღოთ (მუხლი 8). რას გვეუბნება ეს? ჩვენ ქრისტეს მოწაფეები ვართ და არასოდეს უნდა გავხდეთ პასიურები (გამოცხადება 3:14, 15, 19). პირიქით, უფრო მეტი ნაყოფის გამოღებას უნდა ვეცადოთ. რა ნაყოფი უნდა გამოვიღოთ უხვად? 1) სულის ნაყოფი და 2) სამეფოს ნაყოფი (გალატელთა 5:22, 23; მათე 24:14).
ქრისტიანული თვისებები — ნაყოფი
6. როგორ გაამახვილა ყურადღება იესო ქრისტემ სულის პირველ ნაყოფზე?
6 სულის ნაყოფებს შორის უპირველესად სიყვარულია დასახელებული. მას ქრისტიანებში ღვთის სულიწმიდა წარმოშობს, რადგან ისინი ემორჩილებიან იესოს მითითებას, რომელიც ვაზის შესახებ მაგალითის მოყვანამდე ცოტა ხნით ადრე მისცა მოციქულებს: „ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი“ (იოანე 13:34). სხვათა შორის, იესომ დედამიწაზე მსახურების ბოლო ღამეს არაერთხელ შეახსენა მოციქულებს, თუ რამდენად საჭირო თვისებაა სიყვარული (იოანე 14:15, 21, 23, 24; 15:12, 13, 17).
7. როგორ დაგვანახვა მოციქულმა პეტრემ, რომ ნაყოფის გამოღება ქრისტიანული თვისებების გამოვლენას ნიშნავს?
7 პეტრემ, რომელიც იმ ღამეს იქ იმყოფებოდა, დაინახა, რომ ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევრებს უნდა ახასიათებდეთ ისეთი სიყვარული, როგორიც ქრისტეს ჰქონდა, და მასთან დაკავშირებული სხვა თვისებები. წლების შემდეგ პეტრე შეაგონებდა ქრისტიანებს, განევითარებინათ ისეთი თვისებები, როგორიცაა თავშეკავება, ძმათმოყვარეობა და სიყვარული. მან დასძინა, რომ თუ ასე მოვიქცევით, არ დავრჩებით „უქმად და უნაყოფოდ“ (2 პეტრე 1:5—8). რა მდგომარეობაც უნდა გვქონდეს, სულის ნაყოფის გამოვლენა არ აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს. ამიტომ, შევეცადოთ, მივბაძოთ ქრისტეს და უფრო სრულად გამოვავლინოთ სიყვარული, სიკეთე, სიმშვიდე და სხვა კარგი თვისებები, რადგან „ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული“ (გალატელთა 5:23). მართლაც, მოდი უფრო „მეტი ნაყოფი“ გამოვიღოთ.
სამეფოს ნაყოფის გამოღება
8. ა) რა კავშირია სულის ნაყოფსა და სამეფოს ნაყოფს შორის? ბ) რა კითხვაზე გვმართებს დაფიქრება?
8 ლამაზად შეფერილი და წვნიანი ნაყოფი ამშვენებს მცენარეს, მაგრამ სილამაზე ნაყოფის მთავარი ღირსება არ არის. რადგანაც ნაყოფში თესლია, ის მცენარის გამრავლებისთვისაც არის მნიშვნელოვანი. მსგავსადვე, სულის ნაყოფი — მაგალითად, სიყვარული და რწმენა — არა მარტო ალამაზებს ანუ უფრო უკეთესს ხდის ჩვენს ქრისტიანულ პიროვნებას, არამედ აღგვძრავს, გავავრცელოთ სამეფოს შესახებ ცნობის თესლი, რომელიც ღვთის სიტყვაშია მოცემული. დაუკვირდით, როგორ გამოკვეთა მოციქულმა პავლემ ეს კავშირი. მან თქვა: „ჩვენც გვწამს [რწმენა კი სულის ნაყოფის ნაწილია] და ამიტომ ვლაპარაკობთ“ (2 კორინთელთა 4:13). ამ საკითხზე პავლე კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას გვაწვდის: „ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს“, — ეს კი მეორე სახის ნაყოფია, რომელსაც უნდა ვავლენდეთ (ებრაელთა 13:15). შეგვიძლია ცხოვრება ისე წარვმართოთ, რომ უფრო „მეტი ნაყოფი“ გამოვიღოთ როგორც სამეფოს შესახებ მაუწყებლებმა?
9. ერთი და იგივეა თუ არა ნაყოფის გამოღება და მოწაფეების მომზადება? განმარტეთ.
9 ამ კითხვაზე სწორად რომ ვუპასუხოთ, ჯერ უნდა გამოვარკვიოთ, რა არის სამეფოს ნაყოფი. იქნებოდა სწორი, დაგვესკვნა, რომ ეს მოწაფეების მომზადებას ნიშნავს? (მათე 28:19). ან იქნებ ამ ნაყოფში, უმთავრესად, ის ადამიანები იგულისხმებიან, რომელთაც იეჰოვას მონათლულ თაყვანისმცემლებად გახდომაში ვეხმარებით? არა. ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ მდგომარეობა ძალიან გულისდამწყვეტი იქნებოდა იმ მაუწყებლებისთვის, რომლებიც სამეფოს შესახებ ცნობას წლების განმავლობაში ისეთ ტერიტორიებზე ქადაგებენ, სადაც ხალხი დიდ ინტერესს არ ავლენს. სამეფოს ნაყოფი მხოლოდ ახალი მოწაფეები რომ ყოფილიყვნენ, მაშინ ასეთი გულმოდგინე მაუწყებლები იესოს მაგალითში მოყვანილი ვაზის უნაყოფო ლერწები აღმოჩნდებოდნენ. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის! მაშ, უმთავრესად რა არის ჩვენი მსახურების სამეფოს ნაყოფი?
ნაყოფი გამოგვაქვს სამეფოს თესლის გავრცელებით
10. როგორ ხდება ცხადი იესოს მიერ მთესველისა და სხვადასხვა სახის ნიადაგის შესახებ მოყვანილი მაგალითიდან, რა არის სამეფოს ნაყოფი და რა არა?
10 იესოს მიერ მთესველსა და სხვადასხვა სახის ნიადაგზე მოყვანილ მაგალითში გამამხნევებელ პასუხს ვკითხულობთ მათთვის, ვინც ნაკლებად ნაყოფიერ ტერიტორიებზე ქადაგებს. იესომ აღნიშნა, რომ თესლი არის ღვთის სიტყვაში მოცემული ცნობა სამეფოს შესახებ, ნიადაგი კი — ადამიანის სიმბოლური გული. ზოგი თესლი „კარგ ნიადაგზე დავარდა, აღმოცენდა და . . . ნაყოფი გამოიღო“ (ლუკა 8:8). რა ნაყოფი? როცა ხორბალი იზრდება, მისი ნაყოფი ახალი თესლია და არა ახალაღმოცენებული ხორბალი. ამის მსგავსად, ქრისტიანის ნაყოფი მაინცდამაინც ახლი მოწაფეები კი არ არიან, არამედ სამეფოს ახალი თესლია.
11. როგორ განმარტავდით, რა არის სამეფოს ნაყოფი?
11 ასე რომ, ნაყოფი ამ შემთხვევაში არც ახალი მოწაფეები არიან და არც კარგი ქრისტიანული თვისებებია. რადგან თესლი, რომელიც ითესება, სამეფოს შესახებ სიტყვაა, ნაყოფიც არაერთგზის გამრავლებული ეს თესლი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ნაყოფის გამოღება სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელებას გულისხმობს (მათე 24:14). მდგომარეობის მიუხედავად, აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს ასეთი ნაყოფის გამოღება, კერძოდ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის უწყება? არა! იმავე მაგალითში იესო განმარტავს, თუ რატომ.
ღვთის განსადიდებლად საუკეთესო გავიღოთ
12. შეუძლია ყველა ქრისტიანს სამეფოს ნაყოფის გამოღება? განმარტეთ.
12 „პოხიერ მიწაზე დათესილი . . . — განაგრძობს იესო, — ზოგი ასს გამოიღებს, ზოგი სამოცს და ზოგიც ოცდაათს“ (მათე 13:23). მინდორში დათესილმა ხორბალმა შეიძლება სხვადასხვა რაოდენობის ნაყოფი გამოიღოს პირობებისდა მიხედვით. ასევე ჩვენც შეიძლება სხვადასხვა ზომით შევძლოთ სასიხარულო ცნობის ქადაგება ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე. იესომ დაგვანახვა, რომ ესმის ეს. ზოგს შეიძლება უფრო მეტად ეწყობოდეს ხელი, ზოგს კი უკეთესი ჯანმრთელობა და მეტი ენერგია ჰქონდეს. ამიტომ, შეიძლება სხვებზე მეტი ან ნაკლები შევძლოთ, მაგრამ თუკი ჩვენი შესაძლებლობისდა მიხედვით მაქსიმუმს ვაკეთებთ, იეჰოვა კმაყოფილია ჩვენით (გალატელთა 6:4). და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხანდაზმულობის ან ავადმყოფობის გამო არ შეგვიძლია უწინდებურად მსახურება, ჩვენი თანამგრძნობი მამა, იეჰოვა, უეჭველად ხედავს, რომ ბევრი ნაყოფი გამოგვაქვს. რატომ თვლის იეჰოვა ასე? იმიტომ, რომ ვაძლევთ ‘ყველაფერს, რაც კი რამ გაგვაჩნია’b (მარკოზი 12:43, 44; ლუკა 10:27).
13. ა) სამეფოს ნაყოფის გამოსაღებად რა უმთავრესი მიზეზი გვაქვს? ბ) რა დაგვეხმარება ნაყოფის კვლავაც გამოღებაში იმ ტერიტორიებზე, სადაც ხალხი მცირე ინტერესს ავლენს? (იხილეთ ჩარჩო 21-ე გვერდზე)
13 იმისდა მიუხედავად, თუ რამდენი გამოგვაქვს სამეფოს ნაყოფი, თუკი გვეხსომება, რატომ ვაკეთებთ ამას, ყოველთვის გვექნება სურვილი, ‘წავიდეთ და ნაყოფი გამოვიღოთ’ (იოანე 15:16). იესომ განმარტა, უმთავრესად რატომ უნდა გამოვიღოთ ნაყოფი: „ამით განდიდდება მამაჩემი, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და ჩემი მოწაფეები იქნებით“ (იოანე 15:8). დიახ, ჩვენი სამქადაგებლო მსახურება ხალხის წინაშე იეჰოვას სახელის განწმენდას უწყობს ხელს (ფსალმუნები 108:30). იეჰოვას ერთგული მოწმე, სახელად ანერი, რომელიც უკვე 70 წელს გადასცდა, ამბობს: „დიდი პატივია, იყო უზენაესის წარმომადგენელი იმ ტერიტორიებზეც კი, სადაც ინტერესი არც ისე დიდია“. ერთხელ კლაუდიოს, რომელიც 1974 წლიდან გულმოდგინედ ემსახურება ღმერთს, ჰკითხეს, რატომ აგრძელებს ქადაგებას, მიუხედავად იმისა, რომ მის ტერიტორიაზე ცოტა ავლენს ინტერესს. პასუხად მან იესოს სიტყვები მოიყვანა იოანეს 4:34-დან: „ჩემი საჭმელია — ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე“. კლაუდიომ დასძინა: „იესოს მსგავსად, მინდა არა მარტო დავიწყო სამეფოს შესახებ უწყება, არამედ დავასრულო კიდეც ჩემთვის დაკისრებული ეს საქმე“ (იოანე 17:4). იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში იზიარებენ ამ აზრს (იხილეთ ჩარჩო „როგორ ‘გამოვიღოთ ნაყოფი მოთმინებით’“, გვერდი 21).
იქადაგეთ და ასწავლეთ
14. ა) რა ორი მიზანი ჰქონდათ იოანე ნათლისმცემელსა და იესოს? ბ) დღეს რა შედის ქრისტიანულ მსახურებაში?
14 სახარებებში მოხსენიებული პირველი ადამიანი, რომელიც სამეფოს შესახებ აუწყებდა, იოანე ნათლისმცემელია (მათე 3:1, 2; ლუკა 3:18). მისი უმთავრესი მიზანი ‘დამოწმება’ იყო და ის ამას ღრმა რწმენითა და იმ იმედით აკეთებდა, რომ ‘ყველანაირი ადამიანი ირწმუნებდა მისი მეშვეობით’ (იოანე 1:6, 7, აქ). ამავე დროს, ზოგი, ვისაც იოანე უქადაგებდა, ქრისტეს მოწაფე გახდა (იოანე 1:35—37). ასე რომ, იოანე არა მარტო მქადაგებელი იყო, არამედ მოწაფეების მომზადების საქმეშიც მონაწილეობდა. ასევე იესოც, მქადაგებელიც იყო და მასწავლებელიც (მათე 4:23; 11:1). გასაკვირი არ არის, რომ იესომ თავის მიმდევრებს არა მარტო სამეფოს შესახებ ქადაგება დაავალა, არამედ ისიც, რომ დახმარებოდნენ ცნობის მიმღებთ (მათე 28:19, 20). ამიტომ, ჩვენი დღევანდელი მსახურება ქადაგებასაც მოიცავს და სწავლებასაც.
15. რა მსგავსებაა პირველი საუკუნისა და თანამედროვე სამქადაგებლო მსახურებას შორის?
15 ახ. წ. პირველ საუკუნეში ზოგიერთები, რომლებიც პავლეს ქადაგებასა და სწავლებას ისმენდნენ, „ერწმუნენ მის ნალაპარაკევს, სხვებმა კი არ იწამეს“ (საქმეები 28:24). დღესაც იგივე მდგომარეობაა. სამწუხაროდ, სამეფოს მრავალი მარცვალი უნაყოფო ნიადაგზე ვარდება. და მაინც, როგორც იესომაც იწინასწარმეტყველა, ზოგი თესლი კარგ ნიადაგზე ითესება, ფესვს იდგამს და აღმოცენდება. მსოფლიო მასშტაბით კვირაში საშუალოდ 5 000-ზე მეტი ადამიანი ხდება ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევარი! ამ ახალმა მოწაფეებმა ირწმუნეს „ნალაპარაკევი“, მიუხედავად იმისა, რომ ხალხის უმეტესობას არ სწამს. რის წყალობით მიიღო მათმა გულმა სამეფოს შესახებ ცნობა? ხშირ შემთხვევაში მათზე იეჰოვას მოწმეების მიერ გამოვლენილმა გულწრფელმა ინტერესმა მოახდინა გავლენა, რაც ახლად დათესილი თესლის მორწყვას შეიძლება შევადაროთ (1 კორინთელთა 3:6). მოდი მხოლოდ ორი მაგალითი მოვიყვანოთ.
გულწრფელმა ინტერესმა გავლენა მოახდინა
16, 17. რატომ არის მნიშვნელოვანი გულწრფელი ინტერესის გამოვლენა მათ მიმართ, ვისაც მსახურების დროს ვხვდებით?
16 ბელგიაში იეჰოვას ახალგაზრდა მოწმემ, სახელად კაროლინამ, მიაკითხა ასაკოვან ქალბატონს, რომელიც მანამდე არ დაინტერესდა სამეფოს შესახებ ცნობით. ქალს ხელი შეხვეული ჰქონდა და კაროლინამ და მასთან ერთად მყოფმა მქადაგებელმა მას დახმარება შესთავაზეს, მაგრამ ქალმა უარი განაცხადა. ორი დღის შემდეგ მათ კვლავ შეუარეს ქალბატონს და მოიკითხეს. „ამან მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, — ამბობს კაროლინა. — ის განცვიფრებული იყო, რომ ნამდვილად დაინტერესებული ვიყავით მისით. მან სახლში შეგვიპატიჟა და შემდგომში ბიბლიის შესწავლაც კი დავიწყეთ“.
17 შეერთებულ შტატებში მცხოვრები სენდიც ავლენს გულწრფელ ინტერესს მათ მიმართ, ვისაც უქადაგებს. ადგილობრივ გაზეთში ის ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებულ მილოცვებს ათვალიერებს და შემდეგ მშობლებისთვის მიაქვს პუბლიკაცია „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“c. ჩვეულებრივ, დედები სახლში ხვდებიან და დიდი სიხარულით აჩვენებენ სტუმარს ახალშობილს, რასაც სასიამოვნო საუბარი მოჰყვება ხოლმე. „მშობლებს ვეუბნები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ახალშობილს თავიდანვე უკითხონ, რადგან ეს მათ შორის ახლო ურთიერთობის განვითარებას უწყობს ხელს, — ამბობს სენდი. — მოგვიანებით ვესაუბრები დღევანდელ საზოგადოებაში ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებულ სირთულეებზე“. ამას წინათ, ასეთი საუბრების შედეგად დედამ და მისმა ექვსმა შვილმა დაიწყეს იეჰოვას მსახურება. ინიციატივისა და გულწრფელი ინტერესის გამოვლენა ჩვენც მოგვიტანს ასეთ სასიხარულო შედეგებს.
18. ა) რატომ შეიძლება ითქვას, რომ ყველას შეგვიძლია „ბევრი ნაყოფის“ გამოღება? ბ) იოანეს სახარებაში მოყვანილი რომელი სამი მოთხოვნის შესრულება გაქვთ გადაწყვეტილი?
18 რა გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ ჩვენს ძალებს არ აღემატება „ბევრი ნაყოფის“ გამოღება! ახალგაზრდები ვართ თუ ხანდაზმულები, კარგი ჯანმრთელობა გვაქვს თუ ცუდი, ნაყოფიერ ტერიტორიაზე ვქადაგებთ თუ უნაყოფოზე, — ყველას შეგვიძლია ბევრი ნაყოფის გამოღება. როგორ? სულის ნაყოფის რაც შეიძლება სრულად გამოვლენით და სამეფოს შესახებ ცნობის, შეძლებისდაგვარად, საუკეთესოდ გავრცელებით. ამავე დროს, ვცდილობთ ‘დავრჩეთ იესოს სიტყვაში’ და ‘გვიყვარდეს ერთმანეთი’. დიახ, იოანეს სახარებაში მოყვანილი ამ სამი მოთხოვნის შესრულებით ცხადვყოფთ, რომ ნამდვილად ქრისტეს მოწაფეები ვართ (იოანე 8:31; 13:35).
[სქოლიოები]
a თუმცა იესოს მაგალითში ვაზის ლერწები მის მოციქულებსა და ზეციერი იმედის მქონე სხვა ქრისტიანებს ნიშნავს, მასში განხილული საკითხები დღეს ქრისტეს ყველა მიმდევრისთვის არის მნიშვნელოვანი (იოანე 3:16; 10:16).
b მოხუცებულობისა თუ ავადმყოფობის გამო ლოგინად ჩავარდნილებმა შეიძლება წერილებით იქადაგონ ან, სადაც შესაძლებელია, ტელეფონით. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ, მნახველებს გაუზიარონ სასიხარულო ცნობა.
c გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
-