-
განივითარეთ თვისებები, რომლებიც მოწაფეების მომზადებაში დაგეხმარებათსაგუშაგო კოშკი — 2007 | 15 ნოემბერი
-
-
განივითარეთ თვისებები, რომლებიც მოწაფეების მომზადებაში დაგეხმარებათ
„წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“ (მათე 28:19).
1. რა საქმის ცოდნა და როგორი აზროვნების განვითარება სჭირდებოდათ ძველ დროს მცხოვრებ ღვთის მსახურებს?
იეჰოვას მსახურები ზოგჯერ ბევრ რამეში უნდა დახელოვდნენ და ისეთი აზროვნება უნდა განივითარონ, რაც ღვთის ნების შესრულებაში დაეხმარებათ. მაგალითად, ღვთის მითითების მიღების შემდეგ აბრაამმა და სარამ დატოვეს კეთილმოწყობილი ქალაქი ური და ისეთი თვისებებისა და უნარის გამომუშავება დასჭირდათ, რაც კარვებში ცხოვრებისას გამოადგებოდათ (ებრაელები 11:8, 9, 15). ისრაელები აღთქმულ ქვეყანაში რომ შეეყვანა, იესო ნავეს ძეს გამბედაობა, იეჰოვასადმი მინდობა და იეჰოვას კანონების ცოდნა სჭირდებოდა (იესო ნავეს ძე 1:7—9). მიუხედავად იმისა, რომ ბეცალელი და ოჰოლიაბი დახელოვნებული ოსტატები იყვნენ, ღვთის წმინდა სულის ზემოქმედებით ისინი კიდევ უფრო დაოსტატდნენ და დაიხვეწნენ, რის შედეგადაც ამ მამაკაცებმა წარმატებით შეძლეს კარვის მშენებლობასა და მასთან დაკავშირებულ სამუშაოებში მონაწილეობის მიღება და ამ მშენებლობისთვის ხელმძღვანელობის გაწევა (გამოსვლა 31:1—11).
2. მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებით, რომელ კითხვებს გაეცემა პასუხები?
2 საუკუნეების შემდეგ იესო ქრისტემ თავის მიმდევრებს დაავალა: „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან . . . ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მათე 28:19, 20). ხალხს მსგავსი შესაძლებლობა ადრე არასდროს ჰქონია. რა თვისებებია საჭირო იმისათვის, რომ ხალხი მოწაფეებად მოვამზადოთ? როგორ შეგვიძლია ამ თვისებების განვითარება?
გამოავლინეთ ღვთისადმი დიდი სიყვარული
3. რის შესაძლებლობას გვაძლევს მოწაფეების მომზადების შესახებ მითითება?
3 ძალიან უნდა გვიყვარდეს იეჰოვა იმისათვის, ხალხთან რომ მივიდეთ და შევეცადოთ მათ დარწმუნებას, თაყვანი სცენ ჭეშმარიტ ღმერთს. ისრაელებს ღვთისადმი თავიანთი სიყვარულის დამტკიცება მისი მცნებების დაცვით, მისაღები მსხვერპლის შეწირვითა და სიმღერებში მისი განდიდებით შეეძლოთ (კანონი 10:12, 13; 30:19, 20; ფსალმუნი 21:13; 96:1, 2; 138:5). ჩვენ, როგორც მასწავლებლები, ვიცავთ ღვთის კანონებს და სხვებთან იეჰოვას თვისებებისა და განზრახვების შესახებ საუბრით იეჰოვას მიმართ სიყვარულს ვავლენთ. საჭიროა, დამაჯერებლად ვისაუბროთ და სათანადო სიტყვები შევარჩიოთ, რათა ხალხს გულწრფელად მოვუთხროთ ღვთის მიერ მოცემული იმედის შესახებ (1 თესალონიკელები 1:5; 1 პეტრე 3:15).
4. რატომ სიამოვნებდა იესოს იეჰოვას შესახებ ლაპარაკი?
4 იესოს ძალიან უყვარდა იეჰოვა, რის გამოც ის დიდი სიამოვნებით ლაპარაკობდა ღვთის განზრახვის, სამეფოს და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის შესახებ (ლუკა 8:1; იოანე 4:23, 24, 31). იესომ თქვა: „ჩემი საჭმელი ის არის, რომ ჩემი გამომგზავნელის ნება შევასრულო და მისი საქმე დავასრულო“ (იოანე 4:34). ფსალმუნმომღერლის შემდეგი სიტყვები იესოს უკავშირდება: „შენი ნების შესრულება მახარებს, ჩემო ღმერთო, და ჩემშია შენი კანონი. დიდ კრებულში ვაცხადებ სასიხარულო ცნობას სიმართლეზე. არ ვაკავებ ბაგეებს. იეჰოვა, შენ კარგად იცი ეს“ (ფსალმუნი 40:8, 9; ებრაელები 10:7—10).
5, 6. რომელი ძირითადი თვისებაა საჭირო მოწაფეების მოსამზადებლად?
5 ღვთის სიყვარულით აღძრული ადამიანები, რომლებმაც ახლახან გაიგეს ბიბლიური ჭეშმარიტება, ზოგჯერ იეჰოვასა და სამეფოს შესახებ ისეთი დამაჯერებლობით ლაპარაკობენ, რომ დიდი წარმატებით არწმუნებენ ხალხს, ბიბლია გამოიკვლიონ (იოანე 1:41). ღვთისადმი სიყვარული ძირითადი აღმძვრელი ძალაა მოწაფეების მოსამზადებლად. ამიტომ, მოდი, ღვთის სიტყვის რეგულარული კითხვით და მასზე ფიქრით შევინარჩუნოთ ეს სიყვარული (1 ტიმოთე 4:6, 15; გამოცხადება 2:4).
6 უდავოა, რომ იეჰოვას მიმართ სიყვარული დაეხმარა იესო ქრისტეს, გამხდარიყო თავდაუზოგავი მასწავლებელი. მაგრამ არა მარტო ამ მიზეზით იყო იესო სამეფოს შესახებ ეფექტური მქადაგებელი. მაშ, კიდევ რომელმა თვისებამ გახადა იესო ეფექტური მასწავლებელი?
სიყვარულით იზრუნეთ ხალხზე
7, 8. როგორ უყურებდა იესო ხალხს?
7 იესო ზრუნავდა ხალხზე და მათ მიმართ დიდ ინტერესს ავლენდა. როდესაც იესო ღმერთთან იყო როგორც ოსტატი, მაშინაც კი ხარობდა დედამიწის შემყურე (იგავები 8:30, 31). დედამიწაზე ყოფნისას იესო თანაგრძნობით ეკიდებოდა ხალხს და ის გამომაცოცხლებელი იყო ყველასთვის, ვინც მასთან მივიდოდა (მათე 11:28—30). იესო ირეკლავდა იეჰოვას თვისებებს, სიყვარულსა და თანაგრძნობას, რაც ადამიანებს აღძრავდა ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთისთვის ეცათ თაყვანი. იესოს ყველანაირი ადამიანი უსმენდა, რადგან ის ხალხის მიმართ სიყვარულსა და თანაგრძნობას ავლენდა (ლუკა 7:36—50; 18:15—17; 19:1—10).
8 როდესაც ერთმა კაცმა ჰკითხა, რა იყო საჭირო მარადიული სიცოცხლის დასამკვიდრებლად „იესომ შეხედა, [და] სიყვარულით აღიძრა მისდამი“ (მარკოზი 10:17—21). მათ შესახებ, ვისაც იესო ბეთანიაში ასწავლიდა, ვკითხულობთ: „იესოს მართაც უყვარდა, მისი დაც და ლაზარეც“ (იოანე 11:1, 5). იესო იმდენად ზრუნავდა ადამიანებზე, რომ უარს ამბობდა დასვენებაზე, რათა ხალხისთვის ესწავლებინა (მარკოზი 6:30—34). ამგვარი ზრუნვითა და სიყვარულით იესომ ყველაზე მეტად შეაყვარა ადამიანებს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა.
9. რა განწყობა ჰქონდა პავლეს, როგორც მასწავლებელს?
9 მოციქული პავლეც ავლენდა გულწრფელ ინტერესს იმ ადამიანების მიმართ, ვისაც უქადაგებდა. მაგალითად, თესალონიკელ ქრისტიანებს მან უთხრა: „სათუთი გრძნობები გვაქვს თქვენ მიმართ და ამიტომ დიდი სიამოვნებით გადმოგეცით არა მხოლოდ ღვთის სასიხარულო ცნობა, არამედ საკუთარი სულებიც, რადგან შეგვიყვარდით“. პავლეს მიერ სიყვარულით გამოვლენილი მზრუნველობის შედეგად ზოგი თესალონიკელი ‘კერპებისგან ღვთისკენ შემობრუნდა, რათა ცოცხალი ღვთის მონა გამხდარიყო’ (1 თესალონიკელები 1:9; 2:8). თუ იესოსა და პავლეს მსგავსად ხალხის მიმართ გულწრფელ ინტერესს გამოვავლენთ, ჩვენც გავიხარებთ იმის დანახვით, რომ სასიხარულო ცნობა გავლენას ახდენს ‘მარადიული სიცოცხლისთვის განწყობილთა’ გულებზე (საქმეები 13:48).
გამოავლინეთ თავგანწირვის სულისკვეთება
10, 11. რატომ არის საჭირო თავგანწირვის სულისკვეთება, როდესაც ხალხის მოწაფეებად მომზადებას ვცდილობთ?
10 ქრისტიანმა მოწაფეების მომზადების საქმეში წარმატებას რომ მიაღწიოს, თავგანწირვის სულისკვეთება უნდა გამოავლინოს. ქრისტიანისთვის ცხოვრებაში უმთავრესი ქონების დაგროვება არ არის. იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „რა ძნელი იქნება ღვთის სამეფოში შესვლა მათთვის, ვისაც ფული აქვს!“ მისმა სიტყვებმა მოწაფეები გააკვირვა, მაგრამ იესომ დასძინა: „შვილებო, რა ძნელია ღვთის სამეფოში შესვლა! აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სამეფოში“ (მარკოზი 10:23—25). იესო თავის მიმდევრებს ურჩევდა, გაემარტივებინათ ცხოვრება, რათა ყურადღება მოწაფეების მომზადებაზე გადაეტანათ (მათე 6:22—24, 33). როგორ გვეხმარება თავგანწირვის სულისკვეთება მოწაფეების მომზადებაში?
11 დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ სხვებს ვასწავლოთ ყველაფერი, რაც იესომ მცნებად დაგვიდო. ქრისტიანი, რომელსაც მოწაფეების მომზადება სურს, ცდილობს, დაინტერესებულს ყოველკვირა ჩაუტაროს ბიბლიის შესწავლა. იმისათვის, რომ ბიბლიური ჭეშმარიტების გაგების მსურველთა პოვნის მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ, სამეფოს შესახებ ზოგმა მქადაგებელმა სრულ განაკვეთზე მუშაობა შეწყვიტა და ნახევარგანაკვეთიან სამუშაოზე მოეწყო. ათასობით ქრისტიანმა ისწავლა უცხო ენა, რათა თავის ქვეყანაში მცხოვრები სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებისთვის ექადაგა. სხვები სხვა ტერიტორიაზე ან სხვა ქვეყანაში გადავიდნენ, რათა უფრო სრულად მიეღოთ მკის საქმეში მონაწილეობა (მათე 9:37, 38). ყოველივე ეს თავგანწირვის სულისკვეთებას მოითხოვს. მაგრამ მეტია საჭირო იმისათვის, რომ წარმატებული ვიყოთ მოწაფეების მომზადების საქმეში.
იყავით მომთმენნი, მაგრამ დროს ფუჭად ნუ დაკარგავთ
12, 13. რატომ არის მოთმინება მოწაფეების მომზადების საქმეში ასე მნიშვნელოვანი?
12 მოთმინება არის კიდევ ერთი თვისება, რომელიც მოწაფეების მომზადებაში გვეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ დრო არ ითმენს, მოწაფეების მომზადებას დიდი დრო მიაქვს და მოთმინება სჭირდება (1 კორინთელები 7:29). იესო მოთმინებას ავლენდა თავისი ნახევარძმის, იაკობის მიმართ. იაკობმა, როგორც ჩანს, კარგად იცოდა რას ქადაგებდა იესო, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას რაღაც აკავებდა იმისგან, რომ მისი მოწაფე გამხდარიყო (იოანე 7:5). მიუხედავად ამისა, მოკლე დროში — იესოს სიკვდილიდან ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულამდე — იაკობი, როგორც ჩანს, მოწაფე გახდა, რადგან ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ის დედასთან, ძმებთან და მოციქულებთან ერთად ლოცულობდა (საქმეები 1:13, 14). იაკობმა სულიერად წინ წაიწია და მოგვიანებით ქრისტიანულ კრებაში სერიოზული პასუხისმგებლობები დაეკისრა (საქმეები 15:13; 1 კორინთელები 15:7).
13 მიწათმოქმედის მსგავსად ქრისტიანებიც ისეთი ნაყოფის მოსამკელად იღვწიან, რომლის მომწიფებასაც ხშირად დრო სჭირდება; ეს ნაყოფია: ღვთის სიტყვის გაგება, იეჰოვას სიყვარული და ისეთივე სულისკვეთების განვითარება, როგორიც ქრისტეს ჰქონდა. ამისათვის მოთმინებაა საჭირო. იაკობმა დაწერა: „ძმებო . . . მოითმინეთ უფლის მოსვლამდე. აი, ელოდება მიწათმოქმედი ძვირფას ნაყოფს და მოთმინებით ელის საადრეო და საგვიანო წვიმას. თქვენც მოითმინეთ, განიმტკიცეთ გულები, რადგან მოახლოვდა უფლის მოსვლის დრო“ (იაკობი 5:7, 8). იაკობი თანამორწმუნეებს მოუწოდებდა, ‘მოეთმინათ უფლის მოსვლამდე’. თუ მოწაფეებს რაღაც არ ესმოდათ, იესო მოთმინებით უხსნიდა მათ ან თვალსაჩინო მაგალითები მოჰყავდა (მათე 13:10—23; ლუკა 19:11; 21:7; საქმეები 1:6—8). ახლა, როდესაც უფალი უკვე მოსულია, მოწაფეების მომზადების საქმეში მსგავსი მოთმინება გვმართებს. მათ, ვინც დღეს იესოს მიმდევარი ხდება, მოთმინებით უნდა ვასწავლოთ (იოანე 14:9).
14. როგორ შეგვიძლია დროის გონივრულად გამოყენება მიუხედავად იმისა, რომ მოთმინება გვმართებს მოწაფეების მომზადების საქმეში?
14 ჩვენი მოთმინების მიუხედავად, სიტყვას ნაყოფი არ გამოაქვს იმ ადამიანთა უმრავლესობის გულებში, რომლებთანაც ბიბლიის შესწავლას ვიწყებთ (მათე 13:18—23). ამიტომ სათანადო დახმარების გაწევის შემდეგ გონივრულია, ასეთ ადამიანებთან დრო ფუჭად აღარ დავკარგოთ და ვეძებოთ ისინი, ვინც უფრო დააფასებს ბიბლიურ ჭეშმარიტებას (ეკლესიასტე 3:1, 6). ცხადია, მათაც კი, ვინც ბიბლიურ ჭეშმარიტებას აფასებს, შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში დასჭირდეთ დახმარება, რათა შეცვალონ თავიანთი შეხედულებები, აზროვნება და პრიორიტეტები. ამგვარად, იესოს მსგავსად ჩვენც მოთმინება უნდა გამოვავლინოთ იმ მოწაფეების მიმართ, ვისაც მეტი დრო სჭირდება აზროვნებაში გარკვეული ცვლილებების შესატანად (მარკოზი 9:33—37; 10:35—45).
განავითარეთ სწავლების ხელოვნება
15, 16. მოწაფეების მომზადებისას რატომ არის მნიშვნელოვანი მარტივად გადასცეთ ჭეშმარიტება და საგულდაგულოდ მოემზადოთ?
15 ღვთის სიყვარული, ადამიანებზე ზრუნვა, თავგანწირვის სულისკვეთება და მოთმინება მნიშვნელოვანი ფაქტორებია მოწაფეების მომზადების საქმეში წარმატების მისაღწევად. აგრეთვე, აუცილებელია სწავლების უნარის გაუმჯობესება, რათა შევძლოთ რთული საკითხების მარტივად და გასაგებად ახსნა. დიდებული მასწავლებლის, იესო ქრისტეს მაგალითები განსაკუთრებით იმიტომ იყო ეფექტური, რომ მარტივად და გასაგებად გადასცემდა. ალბათ, გახსენდებათ იესოს სიტყვები: „მოაგროვეთ განძი ზეცაში“, „ნურასოდეს მისცემთ წმინდას ძაღლებს“, „სიბრძნის სიმართლეს კი მისი საქმეები ამტკიცებს“, „კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“ (მათე 6:20; 7:6; 11:19; 22:21). ცხადია, იესო მხოლოდ მოკლე ფრაზებით არ ელაპარაკებოდა მსმენელებს. ის მათ გასაგებად ასწავლიდა და საჭიროების შემთხვევაში განუმარტავდა. როგორ შეგიძლიათ მიბაძოთ იესოს სწავლების მეთოდს?
16 საგულდაგულო მომზადება მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისათვის, რომ მარტივად და გასაგებად ვასწავლოთ. მოუმზადებელი მაუწყებელი, ჩვეულებრივ, ბევრს ლაპარაკობს. მან შეიძლება იმდენი ილაპარაკოს, რომ მთავარი აზრები ვერ გამოკვეთოს, და თქვას ყველაფერი, რაც ამ თემის შესახებ იცის. კარგად მომზადებული მაუწყებელი კი იფიქრებს შემსწავლელზე, განსახილველ თემაზე და მხოლოდ იმაზე ისაუბრებს, რაც საჭიროა (იგავები 15:28; 1 კორინთელები 2:1, 2). ის გაითვალისწინებს იმას, რა იცის შემსწავლელმა და შესწავლის დროს რა საკითხებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. მაუწყებელს შეიძლება ამ თემასთან დაკავშირებით მრავალი საინტერესო ინფორმაცია ჰქონდეს, მაგრამ თემა მაშინ იქნება გასაგები მსმენელისთვის, თუ ზედმეტ ინფორმაციას არ მიაწვდის.
17. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მსმენელებს დაფიქრდნენ ბიბლიურ საკითხებზე?
17 ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ ფაქტები გადაეცა, იესო ხალხს ეხმარებოდა, დაფიქრებულიყვნენ. მაგალითად, ერთხელ მან სიმონ-პეტრეს ჰკითხა: „როგორ ფიქრობ, სიმონ, ვისგან იღებენ მიწიერი მეფეები ბაჟს ან სულადობრივ გადასახადს, თავიანთი ვაჟებისგან თუ უცხოებისგან?“ (მათე 17:25). შეიძლება იმდენად გვსიამოვნებს ბიბლიური საკითხების ახსნა, რომ თავის შეკავებაც კი დაგვჭირდეს, რათა შემსწავლელმა საკუთარი აზრი გამოთქვას ან გვითხრას, რა ძირითადი აზრები იყო განხილული. რასაკვირველია, მსმენელს ბევრი კითხვა არ უნდა დავუსვათ. ნაცვლად ამისა, ტაქტიანად, კარგი მაგალითებით და დამაფიქრებელი კითხვებით დავეხმარებით მათ, ჩასწვდნენ ბიბლიის ძირითად სწავლებებს, რომლებიც ბიბლიაზე დაფუძნებულ ჩვენს პუბლიკაციებშია მოცემული.
18. რას ნიშნავს, განავითარო ‘სწავლების ხელოვნება’?
18 ბიბლია ლაპარაკობს ‘სწავლების ხელოვნებაზე’ (2 ტიმოთე 4:2; ტიტე 1:9). ამგვარი სწავლება უფრო მეტს მოიცავს ვიდრე ის, რომ მსმენელს ფაქტების დამახსოვრებაში დავეხმაროთ. ჩვენ უნდა ვეცადოთ, დავეხმაროთ ბიბლიის შემსწავლელებს, დაინახონ განსხვავება ჭეშმარიტებასა და სიცრუეს, კარგსა და ცუდს, სიბრძნესა და უგუნურებას შორის. თუ ასე ვიქცევით და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მათ გულებში იეჰოვასადმი სიყვარული განვითარდეს, შემსწავლელები მიხვდებიან, რატომ უნდა დაემორჩილონ ღმერთს.
აქტიურად მიიღეთ მონაწილეობა მოწაფეების მომზადებაში
19. როგორ შეაქვს ყველა ქრისტიანს თავისი წვლილი მოწაფეების მომზადებაში?
19 ქრისტიანული კრება მოწაფეების მომზადებას ემსახურება. როდესაც ვინმე მოწაფე ხდება, მარტო ის მოწმე არ ხარობს, რომელმაც იპოვა ეს ადამიანი და ბიბლიის შესწავლაში დაეხმარა. მაგალითად, დაკარგული ბავშვის პოვნისას ხარობს არა მარტო ერთი ადამიანი, რომელმაც იპოვა ის, არამედ ყველა, ვინც ბავშვის ძებნაში იღებდა მონაწილეობას (ლუკა 15:6, 7). მსგავსად ამისა, მოწაფის მომზადებაშიც მთელი კრება იღებს მონაწილეობას. ყველა ქრისტიანი ეძებს იმ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება იესოს მოწაფეები გახდნენ. როდესაც, ვინმე სამეფო დარბაზში შეხვედრებზე დასწრებას იწყებს, კრების თითოეული წევრი ეხმარება მას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის დაფასებაში (1 კორინთელები 14:24, 25). ამგვარად, ყველა ქრისტიანს შეუძლია გაიხაროს იმით, რომ ყოველწლიურად ასობით ათასი ადამიანი ხდება მოწაფე.
20. რა უნდა გააკეთოთ, თუ სხვებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლების დიდი სურვილი გაქვთ?
20 მრავალი ერთგული ქრისტიანი სიამოვნებით შეასწავლიდა სხვას იეჰოვასა და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის შესახებ, მაგრამ ძალისხმევის მიუხედავად, ბევრს არ ეძლევა ამის შესაძლებლობა. თუ თქვენც მსგავს მდგომარეობაში ხართ, განაგრძეთ იეჰოვასადმი სიყვარულის გაღრმავება, იზრუნეთ ხალხზე, გამოავლინეთ თავგანწირვის სულისკვეთება, იყავით მომთმენნი და ეცადეთ, დაიხვეწოთ, როგორც მასწავლებელი. და რაც მთავარია, ლოცვისას უთხარით ღმერთს, რომ სხვებისთვის ჭეშმარიტების სწავლების დიდი სურვილი გაქვთ (ეკლესიასტე 11:1). გახსოვდეთ, რომ ყველაფერი, რასაც იეჰოვას მსახურებისას აკეთებთ, ხელს უწყობს მოწაფეების მომზადების საქმეს და ღმერთს განადიდებს.
-
-
მიჰბაძეთ დიდებულ მასწავლებელს მოწაფეების მომზადებაშისაგუშაგო კოშკი — 2007 | 15 ნოემბერი
-
-
მიჰბაძეთ დიდებულ მასწავლებელს მოწაფეების მომზადებაში
„დაუკვირდით, როგორ ისმენთ“ (ლუკა 8:18).
1, 2. რატომ უნდა მიაქციოთ ყურადღება იესოს მსახურების პერიოდში ხალხისადმი მის დამოკიდებულებას?
იესო ქრისტე მოქმედებდა, როგორც დიდებული მასწავლებელი, როდესაც თავის მიმდევრებს უთხრა: „დაუკვირდით, როგორ ისმენთ“ (ლუკა 8:16—18). ეს პრინციპი თქვენს ქრისტიანულ საქმიანობასაც ეხება. თუ სულიერ საკითხებთან დაკავშირებულ დარიგებებს ყურად იღებთ, მაშინ ამ დარიგებების შესაბამისად მოიქცევით და სამეფოს შესახებ ცნობის ეფექტური მაუწყებელი იქნებით. ცხადია, დღეს ვერ მოისმენთ იესოს ხმას, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ბიბლიაში წაიკითხოთ იმის შესახებ, რას ამბობდა და რას აკეთებდა ის. რას ვკითხულობთ იესოს მსახურების პერიოდში ხალხისადმი მისი დამოკიდებულების შესახებ?
2 იესო სასიხარულო ცნობის ჩინებული მქადაგებელი და ბიბლიური ჭეშმარიტების საუცხოო მასწავლებელი იყო (ლუკა 8:1; იოანე 8:28). მოწაფეების მოსამზადებლად საჭიროა როგორც ქადაგება, ისე სწავლება, მაგრამ ზოგი წარმატებული მქადაგებლისთვის რთულია, იყოს წარმატებული მასწავლებელი. სასიხარულო ცნობის გაცხადებისას თუ მხოლოდ ქადაგებაა საჭირო, სხვებისთვის იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ სწავლებისას, ჩვეულებრივ, მოწაფეებთან ურთიერთობის განვითარებაა საჭირო (მათე 28:19, 20). ამ მიზნის მიღწევა იესო ქრისტეს, დიდებული მასწავლებლის მიბაძვით არის შესაძლებელი (იოანე 13:13).
3. როგორ დაგეხმარებათ იესოს მიბაძვა მოწაფეების მომზადებაში?
3 თუ სწავლებისას ისეთივე მეთოდებს იყენებთ, როგორსაც იესო იყენებდა, ითვალისწინებთ მოციქულ პავლეს რჩევას: „გარეშეებს ბრძნულად მოექეცით და გამოისყიდეთ ხელსაყრელი დრო თქვენთვის. თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის როგორი პასუხი გასცეთ“ (კოლოსელები 4:5, 6). მართალია, ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ მოწაფეების მომზადების საქმეში იესოს მიჰბაძოთ, მაგრამ ეს დაგეხმარებათ, იყოთ წარმატებული მასწავლებელი, ვინაიდან გეცოდინებათ „ვის როგორი პასუხი გასცეთ“.
იესო სხვებს აღძრავდა, ესაუბრათ
4. რატომ შეიძლება ითქვას, რომ იესო კარგი მსმენელი იყო?
4 ბავშვობიდან იესოს ჩვევად ჰქონდა, ყურადღებით მოესმინა ხალხისთვის და ისინი სასაუბროდ განეწყო. მაგალითად, მშობლებმა თორმეტი წლის იესო იპოვეს ტაძარში, სადაც ის მასწავლებლებს შორის იჯდა, „უსმენდა მათ და კითხვებს უსვამდა“ (ლუკა 2:46). იესო იქ იმ მიზნით არ მისულა, რომ თავისი ცოდნით მასწავლებლები უხერხულ მდგომარეობაში ჩაეყარა. ის ტაძარში მოსასმენად მივიდა, თუმცა კითხვებსაც სვამდა. ერთ-ერთ მიზეზად, რის გამოც იესო ღვთისა და ადამიანთა თვალში კეთილგანწყობას იხვეჭდა, შეიძლება ის დასახელდეს, რომ იესო კარგი მსმენელი იყო (ლუკა 2:52).
5, 6. საიდან ვიცით, რომ იესო უსმენდა მათ, ვისაც ასწავლიდა?
5 მონათვლისა და მესიად ცხების შემდეგ იესოს ხალხისადმი ინტერესი არ განელებია და ყურადღებით უსმენდა მათ. ის იმდენად კონცენტრირებული არ ყოფილა იმაზე, რასაც ასწავლიდა, რომ მსმენელი დავიწყებოდა. იესო ხშირად ჩერდებოდა, იმით ინტერესდებოდა, რას ფიქრობდა ხალხი, და ყურადღებით ისმენდა მათ პასუხებს (მათე 16:13—15). მაგალითად, ლაზარეს სიკვდილის შემდეგ იესომ მის დას, მართას უთხრა: „ყოველი, ვინც ცოცხლობს და ვისაც ვწამვარ, არასოდეს მოკვდება“. შემდეგ ჰკითხა: „გწამს ეს?“ და იესომ ყურადღებით მოისმინა მართას პასუხი: „დიახ, უფალო, ვირწმუნე, რომ ქრისტე ხარ, ღვთის ძე“ (იოანე 11:26, 27). რა სასიამოვნო იქნებოდა იესოსთვის იმის დანახვა, რომ მართამ ამგვარად გამოხატა რწმენა!
6 როდესაც იესო მრავალმა მოწაფემ დატოვა, ის დაინტერესდა თავისი მოციქულების თვალსაზრისით. ამიტომ იკითხა მან: «„თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?“ სიმონ-პეტრემ უპასუხა: „უფალო, ვისთან წავიდეთ? შენა გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები. ჩვენ ვირწმუნეთ და შევიცანით, რომ შენა ხარ ღვთის წმინდა“» (იოანე 6:66—69). როგორ ესიამოვნებოდა იესოს ამ სიტყვების მოსმენა! თქვენც გესიამოვნებოდათ, თუ ბიბლიის შემსწავლელი მსგავსი სახით გამოავლენდა რწმენას.
იესო სხვებს პატივისცემით უსმენდა
7. რატომ ირწმუნა ბევრმა სამარიელმა იესო?
7 იესო კიდევ იმიტომ იყო ეფექტური მასწავლებელი, რომ ხალხზე ზრუნავდა და პატივისცემით უსმენდა მათ. მაგალითად, ერთხელ სიქარში იაკობის ჭასთან იესომ სამარიელ ქალს უქადაგა. ამ დროს მარტო იესო არ ლაპარაკობდა, ის უსმენდა კიდეც მოსაუბრეს. მოსმენისას იესომ შენიშნა, რომ ქალი თაყვანისმცემლობისადმი ინტერესს ავლენდა, და უთხრა, რომ ღმერთი ეძებდა მათ, ვინც სულითა და ჭეშმარიტებით სცემდა თაყვანს. იესომ ამ ქალისადმი პატივისცემა და მზრუნველობა გამოავლინა. შედეგად ქალმა იესოს შესახებ სხვებს მოუთხრო და „ქალაქში მცხოვრებმა ბევრმა სამარიელმა ირწმუნა იგი იმ ქალის სიტყვით“ (იოანე 4:5—29, 39—42).
8. როგორ შეიძლება მსახურებაში საუბრის დასაწყებად გამოიყენოთ ის, რომ ხალხს უყვარს საკუთარი აზრის გამოხატვა?
8 ხალხს მოსწონს საკუთარი შეხედულებების გამოთქმა. მაგალითად, ძველი ათენის მკვიდრთ უყვარდათ საკუთარი აზრის გამოხატვა და ახალი ამბების მოსმენა. ამის შედეგად, მოციქულმა პავლემ იმ ქალაქის არეოპაგში შთამბეჭდავად ილაპარაკა (საქმეები 17:18—34). დღეს მობინადრესთან საუბრის დასაწყებად შეიძლებოდა გეთქვათ: „ჩემი მოსვლის მიზანი ის არის, რომ გავიგო, რას ფიქრობთ [კონკრეტულ საკითხზე]“. მოუსმინეთ, რას გეტყვით მობინადრე, თქვენც უთხარით ორიოდე სიტყვა ამ თემაზე ან ამ თემის გარშემო კითხვა დაუსვით, შემდეგ კი ტაქტიანად აჩვენეთ ამ საკითხზე ბიბლიის თვალსაზრისი.
იესომ იცოდა, რა უნდა ეთქვა
9. რა გააკეთა იესომ მანამ, სანამ კლეოპასა და მის თანამგზავრს ‘წმინდა წერილებს აუხსნიდა’?
9 იესო არასდროს ეძებდა სიტყვებს. გარდა იმისა, რომ კარგი მსმენელი იყო, ხშირად იესომ იცოდა, რას ფიქრობდა ხალხი და ისიც, რა უნდა ეთქვა მათთვის (მათე 9:4; 12:22—30; ლუკა 9:46, 47). მოვიყვანოთ მაგალითი: იესოს მკვდრეთით აღდგომიდან ცოტა ხნის შემდეგ, მისი ორი მოწაფე იერუსალიმიდან ემაუსში მიდიოდა. სახარებაში ნათქვამია: «როცა ამაზე ლაპარაკობდნენ და მსჯელობდნენ, იესო მივიდა მათთან და დაემგზავრა. მაგრამ თვალები დაბინდული ჰქონდათ და ვერ იცნეს იგი. იესომ ჰკითხა: „რაზე კამათობთ?“ ისინი დაღვრემილები შეჩერდნენ. ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ, მიუგო: „ნუთუ შენთვის ცხოვრობ უცხოელივით იერუსალიმში? არ იცი, რა მოხდა იქ ამ დღეებში?“ მან ჰკითხა: „რა მოხდა?“». დიდებული მასწავლებელი უსმენდა მათ; ისინი უხსნიდნენ, როგორ ასწავლიდა ხალხს იესო ნაზარეთელი, რა სასწაულებს ახდენდა და როგორ მოკლეს ის, ახლა კი ზოგი ამბობდა რომ ის მკვდრეთით აღდგა. იესომ კლეოპასა და მის თანამგზავრს ბოლომდე მოუსმინა. შემდეგ კი უთხრა ის, რაც მათ უნდა სცოდნოდათ — ‘წმინდა წერილები აუხსნა’ (ლუკა 24:13—27, 32).
10. როგორ შეგეძლოთ გაგეგოთ იმ ადამიანის რელიგიური შეხედულება, რომელსაც მსახურებისას ხვდებით?
10 თქვენ შეიძლება არაფერი იცოდეთ მობინადრის რელიგიური შეხედულების შესახებ. ამის გასაგებად შეგიძლიათ მას უთხრათ, რომ გაინტერესებთ, თუ რას ფიქრობს ხალხი ლოცვაზე. შემდეგ შეგეძლოთ გეკითხათ: „როგორ ფიქრობთ, ვინმე ისმენს ლოცვებს?“ პასუხიდან შეიძლება ბევრი რამ გაიგოთ ამ ადამიანის შეხედულებასა და რელიგიურობაზე. თუ მობინადრე მორწმუნეა, მისი თვალსაზრისის უკეთ გასაგებად შეგეძლოთ გეკითხათ: „როგორ ფიქრობთ, ღმერთი ყველა ლოცვას ისმენს თუ არა?“ ასეთი კითხვების შემდეგ თქვენ შორის საუბარი ბუნებრივად წარიმართება. თუ მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, მობინადრეს ამ საკითხთან დაკავშირებით ბიბლიის თვალსაზრისი გაუზიარეთ, მაგრამ ეს ტაქტიანად გააკეთეთ, და ნუ ეცდებით, დაუმტკიცოთ, რომ რაც სწამს, არასწორია. თუ მობინადრე სიამოვნებით გისმენთ, ხელმეორედ მისვლაზე უარს არ გეტყოდათ. მაგრამ დავუშვათ, ის გისვამთ კითხვას, რომელზეც პასუხი არ გაქვთ. კარგი იქნებოდა, გამოგეკვლიათ ეს საკითხი, რათა ‘აგეხსნათ და განგემარტათ თქვენი იმედი, ოღონდ ეს რბილად და ღრმა პატივისცემით’ უნდა გააკეთოთ (1 პეტრე 3:15).
იესო ღირსეულებს ასწავლიდა
11. რა დაგეხმარებათ ღირსეულების მოძებნაში?
11 სრულყოფილ იესოს შეეძლო, ამოეცნო, ვინ იყო ღირსეული, რათა ესწავლებინა მათთვის. ჩვენთვის უფრო რთულია იმ ხალხის მოძებნა, რომელიც ‘მარადიული სიცოცხლისთვის არის განწყობილი’ (საქმეები 13:48). ეს რთული იყო მოციქულებისთვისაც, რომლებსაც იესომ უთხრა: „რომელ ქალაქში ან სოფელშიც არ უნდა შეხვიდეთ, მოძებნეთ ღირსეული“ (მათე 10:11). იესოს მოციქულების მსგავსად თქვენც უნდა მოძებნოთ ისინი, ვისაც ჭეშმარიტების მოსმენა და შესწავლა სურს. თქვენ შეძლებთ ღირსეულების მოძებნას, თუ ყურადღებით მოუსმენთ ყველას და ჩაიწერთ, ვინ როგორ გამოგეხმაურათ.
12. როგორ შეგიძლიათ განაგრძოთ დაინტერესებულის დახმარება?
12 იმ ადამიანთან დამშვიდობების შემდეგ, ვინც სამეფოს შესახებ ცნობის მიმართ ინტერესი გამოავლინა, კარგი იქნებოდა მის სულიერ მოთხოვნილებებზე გაგეგრძელებინათ ფიქრი. თუ ჩაიწერთ, რასაც იმ ადამიანის შესახებ გაიგებთ, რომელსაც სასიხარულო ცნობა გადაეცით, მათთვის სულიერი დახმარების შესაძლებლობა მოგეცემათ. განმეორებითი მონახულებისას ყურადღებით მოსმენაა საჭირო იმისათვის, რომ უკეთ გაიგოთ მობინადრის მრწამსი, შეხედულებები და მისი მდგომარეობა.
13. რა შეიძლება დაგვეხმაროს იმის დანახვაში, თუ რა დამოკიდებულება აქვს მობინადრეს ბიბლიისადმი?
13 როგორ შეგიძლიათ, აღძრათ ხალხი, გაგიზიარონ ღვთის სიტყვისადმი თავიანთი დამოკიდებულება? ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა, შეეკითხოთ: „გიძნელდებათ ბიბლიის გაგება?“ ამ შეკითხვაზე პასუხი ხშირად სულიერი საკითხებისადმი მათ დამოკიდებულებას გიჩვენებთ. კიდევ ერთი საშუალება ისაა, რომ ამოუკითხოთ ბიბლიური მუხლი და ჰკითხოთ: „როგორ გესმით ეს მუხლი?“ იესოს მსგავსად სათანადო შეკითხვების დასმით თქვენც შეგიძლიათ უფრო მეტს მიაღწიოთ მსახურებაში, თუმცა სიფრთხილეა საჭირო.
იესო კითხვებს ეფექტურად იყენებდა
14. როგორ შეგიძლიათ ადამიანის თვალსაზრისის გაგება ისე, რომ მას თავი დაკითხვაზე არ ეგონოს?
14 დაინტერესდით სხვების შეხედულებებით, მაგრამ ისე, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაყაროთ ისინი. მიჰბაძეთ იესოს. ის დაკითხვას კი არ უწყობდა ადამიანს, არამედ ისეთ კითხვებს უსვამდა, რომ დაფიქრებისკენ აღძრავდა. იესო აგრეთვე გულისხმიერი მსმენელი იყო; მასთან ურთიერთობა გულწრფელი ადამიანებისთვის გამომაცოცხლებელი იყო და თავს მასთან თავისუფლად გრძნობდნენ (მათე 11:28). ყველანაირი ადამიანი თავისუფლად უზიარებდა თავის პრობლემას (მარკოზი 1:40; 5:35, 36; 10:13, 17, 46, 47). თუ გინდათ ადამიანმა თქვენთან თავისუფლად იგრძნოს თავი და გითხრათ, რას ფიქრობს ბიბლიასა და ბიბლიის სწავლებაზე, თავი დაკითხვაზე არ უნდა იგრძნოს.
15, 16. როგორ შეგიძლიათ ჩააბათ ხალხი რელიგიურ თემაზე საუბარში?
15 ეფექტური კითხვების დასმის გარდა, საუბარი შეიძლება იმით წამოიწყოთ, რომ თქვათ რაღაც საინტერესო, შემდეგ კი ამ საკითხთან დაკავშირებით მისი აზრი მოისმინოთ. მაგალითად, იესომ ნიკოდემოსს უთხრა: „თუ კაცი ხელახლა არ დაიბადება, ვერ იხილავს ღვთის სამეფოს“ (იოანე 3:3). ეს საკითხი იმდენად საინტერესო იყო, რომ ნიკოდემოსმა თავი ვერ შეიკავა თავისი აზრის გამოთქმისგან და დიდი ყურადღებით უსმენდა იესოს (იოანე 3:4—20). თქვენც შეგიძლიათ მსგავსი სახით ჩააბათ საუბარში მსმენელი.
16 დღეს მრავალი ახალი რელიგიური მიმდინარეობის გაჩენა სალაპარაკო თემაა აფრიკის, აღმოსავლეთ ევროპისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში. ამიტომ ამ ქვეყნებში ხშირად საუბარი შეიძლება ასე დაიწყოთ: „მართლაც ბევრი რელიგია არსებობს, მაგრამ მალე ყველა ხალხი ერთ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში გაერთიანდება. გსურთ, ამ მოვლენის თვითმხილველი იყოთ?“ როდესაც სხვას თქვენს იმედს უზიარებთ და მისთვის რაღაც საოცარს ეუბნებით, შეიძლება მსმენელი აღიძრას, საკუთარი აზრი გაგიზიაროთ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კითხვებზე პასუხების გაცემა უფრო ადვილია, როდესაც თქვენ თვითონ სთავაზობთ ორ სავარაუდო პასუხს (მათე 17:25). მობინადრის პასუხის შემდეგ, თქვენს კითხვას თავადვე უპასუხეთ ერთი ან ორი ბიბლიური მუხლით (ესაია 11:9; სოფონია 3:9). ყურადღებით მოსმენის შემდეგ შეძლებთ განსაზღვროთ, თუ რაზე ილაპარაკოთ მომავალი შეხვედრისას.
იესო უსმენდა ბავშვებს
17. რა ცხადყოფს, რომ იესო ბავშვებისადმი ინტერესს ავლენდა?
17 იესო არა მარტო უფროსების მიმართ ავლენდა ინტერესს, არამედ ბავშვების მიმართაც. მან იცოდა, რა თამაშებს თამაშობდნენ და რაზე ლაპარაკობდნენ ისინი. ზოგჯერ ის თავისთან იხმობდა ბავშვებს (ლუკა 7:31, 32; 18:15—17). იესოს მსმენელთა შორის ბევრი ბავშვი იყო. როდესაც ბიჭები მესიას ხმამაღლა განადიდებდნენ, იესოს ეს მხედველობიდან არ გამორჩენია და აღნიშნა, რომ ეს ბიბლიაში იყო ნაწინასწარმეტყველები (მათე 14:21; 15:38; 21:15, 16). დღეს მრავალი ბავშვი ხდება იესოს მოწაფე. როგორ შეგიძლიათ მათი დახმარება?
18, 19. როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ ბავშვებს იესოს მოწაფეებად გახდომაში?
18 ბავშვებს მოწაფეებად გახდომაში რომ დაეხმაროთ, საჭიროა მოუსმინოთ მათ. უნდა იცოდეთ, რაზე ფიქრობენ ისინი, რაც შეიძლება ღვთის მოსაწონი არ იყოს. ბავშვმა რაც უნდა თქვას, გონივრულია, თავიდან რაღაცისთვის შეაქოთ ის. შემდეგ გამოიყენეთ სათანადო ბიბლიური მუხლები იმისათვის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ბავშვს იეჰოვას თვალსაზრისი დაანახვოთ.
19 იმის გასაგებად, თუ რას ფიქრობენ ბავშვები, კარგია კითხვების დასმა. ისე როგორც უფროსებს, ბავშვებსაც არ უყვართ, როდესაც დაკითხვას უწყობენ. რთული კითხვების დასმით მათი უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენების ნაცვლად, უკეთესი იქნებოდა რაღაც გეთქვათ საკუთარ თავზე. საუბრის თემიდან გამომდინარე, შეიძლებოდა აღგენიშნათ, ზოგჯერ როგორ გრძნობდით თავს და რა იყო ამის მიზეზი; შემდეგ დაგესვათ კითხვა: „შენც ასე ხომ არ გრძნობ თავს?“ ბავშვის პასუხიდან გამომდინარე შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი ბიბლიურ თემაზე, რაც მისთვის დამხმარე და გამამხნევებელი იქნება.
განაგრძეთ დიდებული მასწავლებლის მიბაძვა
20, 21. რატომ უნდა იყოთ კარგი მსმენელი, როდესაც მოწაფეების მომზადებაში იღებთ მონაწილეობას?
20 ბავშვს ესაუბრებით თუ უფროსს, ყურადღებით მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია. ამგვარად სიყვარულს გამოავლენთ. მოსმენით ცხადყოფთ, რომ თავმდაბლად იქცევით და მოსაუბრისადმი პატივისცემასა და სიყვარულს ავლენთ. ადამიანს რომ მოუსმინო, საჭიროა ყურადღებით იყო.
21 ქრისტიანულ მსახურებაში ყოფნისას ყურადღებით უსმინეთ მობინადრეს. როდესაც ყურადღებით ისმენთ, თუ რას ამბობენ ისინი, ალბათ, განსაზღვრავთ, ბიბლიური ჭეშმარიტებიდან განსაკუთრებით რა მიიზიდავს მათ. შემდეგ ეცადეთ, გამოიყენოთ სწავლების სხვადასხვა მეთოდი, რომლებსაც იესო იყენებდა. ეს სიხარულსა და კმაყოფილებას მოგანიჭებთ, რადგან მსგავსი მოქმედებით დიდებულ მასწავლებელს ჰბაძავთ.
-