-
თავის ნებაზე მიშვებული ბავშვებიგამოიღვიძეთ! — 2015 | აპრილი
-
-
მთავარი თემა
თავის ნებაზე მიშვებული ბავშვები
უკვე ათწლეულებია, რაც დასავლეთის ქვეყნებში ოჯახი ოჯახს აღარ ჰგავს. თუ ადრე მშობლები მართავდნენ ოჯახებს და შვილები ემორჩილებოდნენ, ახლა პირიქით ხდება — ზოგ ოჯახში შვილები მართავენ მშობლებს. განვიხილოთ რეალურ შემთხვევებზე აგებული რამდენიმე სიტუაცია.
მაღაზიაში ოთხი წლის ბიჭი ხელში სათამაშოს იღებს. დედა მის გადარწმუნებას ცდილობს და ეუბნება: „შენ ხომ ისედაც ბევრი სათამაშო გაქვს?“. დედა მერეღა ხვდება, რომ ასე რბილად არ უნდა ეთქვა. „მაგრამ მე ეს მინდა!“, — ჭიჭყინებს ბავშვი. რომ არ ატირდეს, დედა ნებდება, რადგან იცის, რომ ვერაფერს გააწყობს.
ხუთი წლის გოგონა მამას საუბარს აწყვეტინებს და უცხადებს: „მოვიწყინე. სახლში მინდა!“. მამა წინადადებას წყვეტს, ბავშვისკენ იხრება და მშვიდად ეუბნება: „ორი წუთი მადროვე, ჩემო საყვარელო, კარგი?“.
12 წლის ჯეიმზმა უკვე მერამდენედ უყვირა მასწავლებელს. ჯეიმზის მამა გაბრაზდა, ოღონდ თავის შვილზე კი არა, მასწავლებელზე. „მაგან რაღაც თვალში ამოგიღო, სულ გაკრიტიკებს, — ეუბნება შვილს. — ამ საქმეს ასე არ დავტოვებ. სკოლის დირექციას მივმართავ!“.
მართალია, აქ წარმოდგენილი სიტუაციები წარმოსახვითი ხასიათისაა, მაგრამ სინამდვილისგან შორს არ არის. ისინი ასახავენ ოჯახებში არსებულ რეალურ პრობლემებს, კერძოდ იმას, თუ როგორ შემწყნარებლურად ეკიდებიან მშობლები შვილების თავხედურ საქციელს, როგორ დადიან შვილების ჭკუაზე და როგორ ცდილობენ, თავიდან აარიდონ ბავშვებს არასწორი საქციელის შედეგები. «სულ უფრო მატულობს ისეთი მშობლების რიცხვი, რომლებიც ადვილად თმობენ თავიანთ პოზიციებს, — აღნიშნულია წიგნში „ნარცისიზმის ეპიდემია“. — არც ისე დიდი ხნის წინ ბავშვებმა იცოდნენ, ვინ იყო უფროსი ოჯახში».
უდავოა, რომ ბევრი მშობელი ყველანაირად ცდილობს, შვილს სწორი ფასეულობები ჩაუნერგოს და ეს არა მარტო პირადი მაგალითით გააკეთოს, არამედ, თუ საჭიროა, დასაჯოს კიდეც, ოღონდ სიყვარულით. მშობლები, რომლებმაც დასჯის ფასი იციან, „დინების საწინააღმდეგოდ მიცურავენ — მათზე მოქმედებას ვერ ახდენს საზოგადოებრივი აზრი“, — ნათქვამია იმავე წიგნში.
როგორ მივედით ამ მდგომარეობამდე? რატომ აღარ ისჯებიან ბავშვები?
მშობლის ავტორიტეტი სუსტდება
ზოგის აზრით, მშობლის ავტორიტეტმა შესუსტება 1960-იანი წლებიდან დაიწყო, როცა, ეგრეთ წოდებული, ექსპერტები არწმუნებდნენ მშობლებს, რომ შვილებთან უფრო უშუალოები და დამთმობები ყოფილიყვნენ. ისინი მშობლებს ურჩევდნენ: „შვილების მეგობრები იყავით და არა მათი მბრძანებლები . . . შექება დასჯაზე უკეთესია . . . შეცდომაზე კი არ მიუთითოთ, არამედ მათ კარგ საქციელზე გაამახვილეთ ყურადღება“. ნაცვლად იმისა, რომ შექებასა და დასჯას შორის ოქროს შუალედი ეპოვათ, როგორც ჩანს, ექსპერტები ფიქრობდნენ, რომ საყვედურის მიცემა ცუდად აისახებოდა ბავშვების ემოციურ მდგომარეობაზე, რის გამოც ისინი მომავალში მშობლებზე დარჩებოდნენ განაწყენებულნი.
არ გასულა დიდი ხანი და ექსპერტები ღირსების გრძნობაზეც ალაპარაკდნენ. თითქოს მათ კარგი მშობლობის საიდუმლოს მიაგნეს: „აუმაღლე ბავშვს ღირსების გრძნობა“. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ბავშვებს თვითრწმენა შემატოთ, მაგრამ ასეთ მიდგომას მშობელი უკიდურესობამდე მიჰყავს, ვინაიდან ექსპერტები ეუბნებიან: «მოერიდეთ ბავშვების მიმართ ისეთი უარყოფითი სიტყვების გამოყენებას, როგორიცაა: „არა“ და „ცუდია“. ხშირად უთხარით შვილებს, რომ განსაკუთრებულები არიან და შეუძლიათ, ყველაფერს მიაღწიონ, რასაც მოისურვებენ». გამოდის, რომ ის უფრო მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ბავშვი საკუთარ თავზე, ვიდრე ის, თუ როგორია სინამდვილეში.
ღირსების გრძნობის ამაღლებაზე გადამეტებული ზრუნვა ბავშვებს აფიქრებინებს, რომ ყველაფრის უფლება აქვთ
ზოგის აზრით, ასეთი მიდგომა საბოლოო ჯამში ბავშვებს ისეთ აზროვნებას უყალიბებს, რომ ყველაფრის უფლება აქვთ და მთელი სამყარო მათთან ვალშია. ამას გარდა, „ეს ვერ ამზადებს ბევრ ახალგაზრდას იმ გარდაუვალი კრიტიკისა და მარცხისთვის, რასაც რეალურ ცხოვრებაში უცილობლად შეხვდებიან“, — აღნიშნავს წიგნი „ეგოცენტრული თაობა“. ამ წიგნში მოყვანილია ერთი მამის სიტყვები: «შენი ღირსების გრძნობა სამუშაოზე არავის ანაღვლებს . . . თუ ცუდ ანგარიშს წარადგენ, უფროსი არ გეტყვის: „არაუშავს, სამაგიეროდ, ლამაზი ფერის ფურცელი შეგირჩევია“. სინამდვილეში, ასეთი აღზრდით ბავშვს კი არ ეხმარებით, არამედ ღუპავთ».
ცვალებადი შეხედულებები
ათწლეულებია, რაც ცვალებადი შეხედულებები გავლენას ახდენს მშობლის როლზე. „აღმზრდელობითი ზომები იცვლება, — წერს პედაგოგი რონალდ მორიში. — შესაბამისად იცვლება საზოგადოებაც“.a ძალიან ადვილია, რომ მშობლები დაემსგავსონ მათ, ვისაც „არყევს ტალღები და აქანავებს სწავლების ყოველი ქარი“ (ეფესოელები 4:14).
აშკარაა, რომ დაუსჯელობის სინდრომს კარგი არაფერი მოაქვს. ის არა მხოლოდ ასუსტებს მშობლის ავტორიტეტს, არამედ ბავშვებს იმ უმნიშვნელოვანესი ხელმძღვანელობის გარეშე ტოვებს, რაც საჭიროა ზომიერი ღირსების გრძნობის განსავითარებლად და სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად.
არსებობს უკეთესი გზა?
a კურსივი ჩვენია. ამონარიდი წიგნიდან „აღზრდის საიდუმლო: პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანად ჩამოყალიბების 12 გასაღები“.
-
-
სწორი აღმზრდელობითი ზომებიგამოიღვიძეთ! — 2015 | აპრილი
-
-
მთავარი თემა | თავის ნებაზე მიშვებული ბავშვები
სწორი აღმზრდელობითი ზომები
უდავოდ, შვილების აღზრდა რთული ამოცანაა, მაგრამ დასჯისგან თავის შეკავება, როცა ამის აუცილებლობა არსებობს, ამ ამოცანას კიდევ უფრო ართულებს. რატომ? ერთი მხრივ იმიტომ, რომ აღმზრდელობითი ზომების გარეშე ბავშვები თავნებები და უმართავები ხდებიან, რაც მშობლებს ძალებს აცლის და მეორე იმიტომ, რომ მშობლები ვერ აძლევენ შვილებს სწორ მიმართულებას, რის გამოც ბავშვები დაბნეულები არიან.
სიყვარულით გატარებული აღმზრდელობითი ზომები კი ბავშვს გონებრივად და ზნეობრივად ჩამოყალიბებულ პიროვნებად აქცევს. ეს ბავშვს პასუხისმგებლობის გრძნობასაც უყალიბებს, რაც დაეხმარება მას თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. მაგრამ სად შეიძლება სანდო ხელმძღვანელობის პოვნა შვილების სწორად აღსაზრდელად?
ბიბლიური პრინციპების ფასი
იეჰოვას მოწმეები, ამ ჟურნალის გამომცემლები, დარწმუნებულები არიან, რომ ბიბლია „სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და . . . აღსაზრდელად“ (2 ტიმოთე 3:16). ბიბლია მხოლოდ მშობლების სახელმძღვანელო წიგნი როდია; მასში ჩაწერილი პრინციპები ნამდვილად ეხმარება ოჯახებს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.
ბიბლიაში წერია: „ყმაწვილის გულში უგუნურება ბუდობს“ (იგავები 22:15; იხილეთ სქოლიო).
ბავშვი რაც უნდა დაკვირვებული და კარგი ბუნების იყოს, სისულელეს მაინც ჩაიდენს. აქედან გამომდინარე, ბავშვებს სჭირდებათ რჩევა-დარიგება (იგავები 13:24). ამის გათვითცნობიერება დაგეხმარებათ, რომ როგორც მშობელმა, თქვენი მოვალეობა კარგად შეასრულოთ.
ბიბლიაში წერია: „ნუ მოაკლებ ბავშვს დასჯას“ (იგავები 23:13; იხილეთ სქოლიო).
იმის ნუ შეგეშინდებათ, რომ ზომიერი დასჯით ბავშვს ემოციურ ზიანს მიაყენებთ; ნურც იმის, რომ მომავალში ამის გამო გისაყვედურებთ. როდესაც ბავშვს სიყვარულით სჯით, ის სწავლობს, რომ შენიშვნები თავმდაბლურად მიიღოს. ეს კი მას მომავალშიც გამოადგება (ებრაელები 12:11).
ბიბლიაში წერია: „კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“ (გალატელები 6:7).
ბუნებრივია, რომ მშობლებს სურთ, ბავშვების დაცვა. თუმცა გაწონასწორებულობა აქაც საჭიროა. მათ ვერას არგებთ, თუ ცდილობთ, თავიდან ააცილოთ ის ცუდი შედეგები, რაც მათ არასწორ საქციელს მოჰყვება, ან თუ ამართლებთ მას, როცა მასწავლებელი ან სხვა ვინმე გეუბნებათ, რომ ცუდად მოიქცა. პირიქით, ამ ადამიანებს ისე შეხედეთ, როგორც თქვენს მოკავშირეებს. ასე ბავშვი ისწავლის უფროსების პატივისცემასა და მორჩილებას, მათ შორის თქვენსას (კოლოსელები 3:20).
ბიბლიაში წერია: „თავის ნებაზე მიშვებული ყმაწვილი დედის შემარცხვენელია“ (იგავები 29:15).
იყავით მოსიყვარულე, სიტყვის შემსრულებელი და გონიერი
მართალია, მშობლებმა შვილებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით არ უნდა მიმართონ, მაგრამ არც უკიდურესობაში უნდა გადავარდნენ — ზედმეტად ლმობიერებიც არ უნდა იყვნენ. „ლმობიერი მშობლების შვილები ვერ ხვდებიან, რომ ოჯახში ხელმძღვანელობა მშობლებს აკისრიათ“, — ნათქვამია ერთ წიგნში (The Price of Privilege). თუ ბავშვს არ დაანახვებთ თქვენს ძალაუფლებას, იგი დაასკვნის, რომ თავად არის უფროსი. უდავოა, რომ არასწორი მოქმედებების გამო ის ცხოვრებაში ბევრჯერ მოიტეხს კისერს, რაც მასაც და თქვენც სანანებელი გაგიხდებათ (იგავები 17:25; 29:21).
ბიბლიაში წერია: „კაცი . . . მიეკვრება ცოლს და ორნი ერთი ხორცი იქნებიან“ (მათე 19:5).
ბიბლიის თანახმად, ცოლქმრობა მუდმივი კავშირია, მაშინაც კი, როცა ბავშვი იბადება, იზრდება და ტოვებს სახლს (მათე 19:5, 6). ამრიგად, თქვენ პირველ რიგში მეუღლე ხართ და მერე — მშობელი. მაგრამ, თუ პრიორიტეტები შეიცვლება, ბავშვი თავის თავზე იმაზე მეტად იფიქრებს, ვიდრე უნდა ფიქრობდეს (რომაელები 12:3). ოჯახში, სადაც ყველა და ყველაფერი ბავშვის გარშემო ტრიალებს, ცოლქმრული კვანძები სუსტდება.
რჩევები მშობლებს
მშობლის როლი კარგად რომ შეასრულოთ, შვილების აღზრდისას გამოიყენეთ შემდეგი ბიბლიური პრინციპები:
იყავით მოსიყვარულე: „ნუ გააღიზიანებთ შვილებს, რათა არ დანაღვლიანდნენ“ (კოლოსელები 3:21).
იყავით სიტყვის შემსრულებელი: „თქვენი დიახ იყოს დიახ, არა კი — არა“ (მათე 5:37).
იყავით გონიერი: „სამართლიანი დასჯით გამოგასწორებ“ (იერემია 30:11).a
a მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს jw.org. იხილეთ ბიბლიური სწავლებები > წყვილები და მშობლები და წაიკითხეთ სტატიები: „რა უნდა გახსოვდეთ შვილების აღზრდისას?“, „როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვი ისტერიკაში ვარდება“, „ჩაუნერგეთ შვილებს ზნეობრივი ფასეულობები“ და „როგორ ვასწავლოთ შვილებს მორჩილება“.
-