-
მშობლის როლი ჩვილობიდან ზრდასრულობამდეგამოიღვიძეთ! — 2011 | ოქტომბერი
-
-
„ნუ მოაკლებ ბავშვს დასჯას“
რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო აუცილებელი ხდება, რომ შეიგნოს ერთი მნიშვნელოვანი რამ: ამა თუ იმ საქციელს თან ახლავს ესა თუ ის შედეგი. ბავშვები პატარაობიდანვე პასუხისმგებლები არიან სხვადასხვა ადამიანის წინაშე, არა მარტო ოჯახში, არამედ სკოლაში და ზოგადად საზოგადოებაში. დაეხმარეთ თქვენს შვილებს, რომ შეიგნონ შემდეგი პრინციპი: კაცი რასაც დათესავს, იმას მოიმკის (გალატელები 6:7).
ბიბლია ამბობს: „ნუ მოაკლებ ბავშვს დასჯას“ (იგავები 23:13). თუ შვილს გასაგებად აუხსენით, როგორ დაისჯება ამა თუ იმ არასწორი საქციელის ჩადენის შემთხვევაში, მაშინ შეასრულეთ თქვენი სიტყვა და შესაბამისად დასაჯეთ კიდეც. „პრინციპულობა აუცილებელია, — ამბობს არგენტინაში მცხოვრები ერთი დედა. — მშობლის არაპრინციპულობა ბავშვს იმის სიგნალს აძლევს, რომ სიტუაცია თავის სასარგებლოდ მართოს“.
თუ ბავშვები თავიდანვე დარწმუნებულები იქნებიან იმაში, რომ ურჩობის შემთხვევაში აუცილებლად იწვნევენ შედეგებს, მშობლებს აღარ მოუწევთ გაუთავებელი „ომი“ ცუდი საქციელის ჩადენის შემდეგ. ბავშვებს ნაკლებად გაუჩნდებათ წინააღმდეგობის გაწევის სურვილი, თუ ეცოდინებათ, რომ დადგენილი აქვთ გარკვეული წესები და ისიც, თუ რა მოჰყვება ამ წესების დარღვევას.
დასჯამ რომ თავის შედეგს მიაღწიოს, მშობელმა შვილი ზედმეტად მკაცრად არ უნდა დასაჯოს. ბიბლია გვირჩევს: „მოიშორეთ ყოველგვარი გამწარება, ბრაზი, რისხვა, ყვირილი და ლანძღვა ყოველგვარ ბოროტებასთან ერთად“ (ეფესოელები 4:31). დასჯის ფორმა არ უნდა იყოს სასტიკი და შეურაცხმყოფელი — მშობელმა ბავშვს ფიზიკური და ემოციური ტრავმა არ უნდა მიაყენოს.
მაგრამ, როგორ უნდა აკონტროლოთ ემოციები, როცა ბავშვს მოთმინებიდან გამოჰყავხართ? ახალ ზელანდიაში მცხოვრები პიტერი ამბობს: „ეს ყოველთვის ადვილი არ არის. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ სასჯელი მისი არასწორი საქციელის შედეგია და არა მშობლის თავშეკავების ნაკლებობის“.
პიტერი და მისი მეუღლე თავიანთ შვილებს ეხმარებიან იმის გააზრებაში, თუ რა ხანგრძლივი სარგებლობის მოტანა შეუძლია მითითებებს. პიტერი ამბობს: „მაშინაც კი, თუ ბავშვები ძალიან ცუდად იქცევიან და გულს გვტკენენ, დავსხამთ და იმაზე ველაპარაკებით, როგორი ადამიანები გვინდა რომ გამოვიდნენ, ნაცვლად იმისა, რომ გავუბრაზდეთ და ვუთხრათ, რომ ცუდად მოიქცნენ“.
„ცნობილი გახდეს თქვენი კეთილგონიერება“
ღმერთმა თავის ხალხს უთხრა: „სამართლიანად დაგსჯი“ (იერემია 46:28). შესანიშნავ შედეგებს მიაღწევთ, თუ ბავშვს სამართლიანად დასჯით და სასჯელიც ჩადენილი საქციელის შესაბამისი იქნება. მოციქულმა პავლემ თანაქრისტიანებს მისწერა: „ცნობილი გახდეს თქვენი კეთილგონიერება“ (ფილიპელები 4:5).
მშობელი კეთილგონიერებას გამოავლენს, თუ დასჯის დროს შვილს ღირსებას არ შეულახავს. ორი შვილის მამა სანტი, რომელიც იტალიაში ცხოვრობს, ამბობს: „ჩემს ბიჭს და გოგონას არასოდეს ვამცირებ. ყოველთვის პრობლემის მიზეზებზე ვამახვილებ ყურადღებას და ვეხმარები შვილებს მათ მოგვარებაში. სხვების თვალწინ ბავშვებს არასოდეს ვსჯი და არც ერთმანეთის თანდასწრებით, თუ ეს შესაძლებელია. მათ სისუსტეებს არასდროს ვაქცევ სახუმარო თემად არც სხვებთან და არც თავად მათთან“.
ზემოთ მოხსენიებული რიჩარდიც ხედავს, რამდენად ბრძნულია, როცა მშობელი კეთილგონიერებას ავლენს. ის ამბობს: „ყოველი ჩადენილი არასწორი საქციელის შემდეგ არ უნდა გაამკაცროთ დასჯის მეთოდები“. მას შემდეგ, რაც ბავშვს დასჯით, არ არის საჭირო ამაზე გაუთავებელი ლაპარაკი და მისთვის იმის შეხსენება, რომ ცუდად მოიქცა“.
-
-
რას ამბობენ მშობლებიგამოიღვიძეთ! — 2011 | ოქტომბერი
-
-
დასჯის მეთოდები
„მივხვდით, რომ დასჯის რომელიმე ერთი მეთოდი ყოველთვის არ ამართლებს. ბევრი რამ სიტუაციაზეა დამოკიდებული. ზოგჯერ ბავშვთან გულახდილად და სერიოზულად ვსაუბრობთ, ზოგჯერ კი ვუკრძალავთ იმის გაკეთებას, რაც ძალიან მოსწონს“ (ოგბიტი, ნიგერია).
„ბავშვებს ვამეორებინებთ ხოლმე მიცემულ მითითებებს, რომ დავრწმუნდეთ, სწორად გაიგეს თუ არა, რაც ვუთხარით. შემდეგ ზედმიწევნით მივყვებით იმას, რაც ვთქვით. შვილები რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ჩვენს მითითებებს, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სათანადოდ ვსჯით“ (კლაივი, ავსტრალია).
„ძალიან ეფექტური გამოდგა, როცა შენიშვნის მიცემისას ბავშვის სიმაღლეზე ვიხრები. ასე უფრო ადვილად ვიქცევ მათ ყურადღებას. ისინი ჩემი სახის გამომეტყველებასაც კითხულობენ და ადვილად ხვდებიან, რისი თქმა მინდა“ (ჯენიფერი, ავსტრალია).
«ჩვენს ბიჭებს არასოდეს ვეუბნებით: „რა ხართ ამისთანა, რომ არასოდეს არ გვისმენთ!“ მაშინაც კი, როცა მართლა არ გვისმენენ. არც ერთმანეთის თანდასწრებით ვსჯით; ჩუმად ვსაყვედურობთ ხოლმე ან გვერდზე გაგვყავს და იქ ვეუბნებით სათქმელს» (რუდი, მოზამბიკი).
„ბავშვები ადვილად ექცევიან გავლენაში და უნდათ, რომ სხვებს ჰბაძავდნენ. ამიტომ სკოლაში თუ სხვაგან ცუდ გავლენაში რომ არ მოექცნენ, შვილებს თავად ვაძლევთ ზნეობრიობის კარგ მაგალითს და ამით, ასე ვთქვათ, ცუდ ზეგავლენას ვანეიტრალებთ. მაღალზნეობრივი ბიბლიური ნორმების დაფასება ეხმარება მათ, ისეთი არაფერი გააკეთონ, რაც ზიანს მოუტანს“ (გრეგუარი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა).
„დასჯის დროს უნდა იყოთ მტკიცე, სამართლიანი და პრინციპული. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რა მოჰყვება არასწორ საქციელს და ის, რომ ურჩობის შემთხვევაში ზუსტად ისე დაისჯებიან, როგორც უთხარით“ (ოუენი, ინგლისი).
-