იეჰოვას უყვარს ისინი, ვისაც „მოთმინებით გამოაქვს ნაყოფი“
„კარგ ნიადაგზე დაცვენილები ისინი არიან, . . [ვისაც] მოთმინებით გამოაქვს ნაყოფი“ (ლუკ. 8:15).
1, 2. ა) რატომ გვამხნევებს მათი მაგალითები, ვინც ერთგულად ქადაგებს ისეთ ტერიტორიებზე, სადაც ხალხი ნაკლებად ეხმაურება სასიხარულო ცნობას? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე) ბ) რა თქვა იესომ თავის „მშობლიურ მხარეში“ ქადაგებაზე? (იხილეთ სქოლიო)
შეერთებულ შტატებში მცხოვრები ოთხმოც წელს გადაცილებული წყვილი, სერხიო და ოლინდა, პიონერად მსახურობს. ბოლო ხანებში მათ ძალიან უჭირთ გადაადგილება, რადგან ფეხები სტკივათ. მიუხედავად ამისა, უკვე ათწლეულებია, რაც თითქმის ყოველ დილით ისინი ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ მოედანზე ფეხით მიდიან და ავტობუსის გაჩერებასთან ახლოს გამვლელებს ბიბლიურ ლიტერატურას სთავაზობენ. სერხიო და ოლინდა ქადაგებას დილის 7 საათზე იწყებენ. მართალია, უმეტესობა არ ეხმაურება მათ ცნობას, მაგრამ ისინი ადგილზე რჩებიან და ხალხს ღიმილით ეგებებიან. შუადღისას ეს წყვილი ნელი ნაბიჯით ბრუნდება სახლში, მომდევნო დილას კი ისევ მოედანზე მიდის. წლიდან წლამდე ეს ერთგული წყვილი კვირაში ექვსი დღის მანძილზე ყოველ დილით ასე ქადაგებს სამეფოს ცნობას.
2 სერხიოსა და ოლინდას მსგავსად მთელ მსოფლიოში იეჰოვას ბევრი მსახური ათობით წელი ქადაგებს მშობლიურ მხარეში, სადაც ხალხი ნაკლებად ეხმაურება სამეფოს ცნობას. თუ თქვენც ამ და-ძმებს შორის ხართ, მთელი გულით შექებას იმსახურებთ მოთმინებისთვის.a იეჰოვასადმი თქვენი შეუდრეკელი მსახურება ბევრს ამხნევებს, მათ შორის ღვთის დიდი ხნის მსახურებსაც. ერთმა სარაიონო ზედამხედველმა თქვა: „როცა ასეთ ერთგულ და-ძმებთან ერთად ვქადაგებ, მათი მაგალითი ძალას და შემართებას მმატებს“; მეორემ აღნიშნა: „მათი ერთგულება აღმძრავს, რომ მეც ბოლომდე მედგრად ვიდგე და გაბედულად ვიქადაგო“; მესამემ კი დასძინა: „მათი მაგალითები გულგრილს არ მტოვებს“.
3. რომელ სამ კითხვაზე ვიმსჯელებთ და რატომ?
3 იესოს მიერ დავალებულ სამქადაგებლო საქმეში მონაწილეობის სურვილი რომ გავიძლიეროთ, პასუხი უნდა გავცეთ სამ კითხვას: რატომ შეიძლება დაგვეუფლოს დროდადრო იმედგაცრუება? როგორ შეგვიძლია ნაყოფის გამოღება? რა დაგვეხმარება, რომ კვლავაც მოთმინებით გამოვიღოთ ნაყოფი?
რატომ შეიძლება დაგვეუფლოს იმედგაცრუება?
4. ა) როგორ იმოქმედა იუდეველების უარყოფითმა დამოკიდებულებამ პავლეზე? ბ) რატომ დაეუფლა პავლეს ასეთი გრძნობები?
4 თუ ხალხის გულგრილობამ თქვენც გაგიცრუათ იმედი, ალბათ, კარგად გესმით პავლე მოციქულის გრძნობები. დაახლოებით 30-წლიანი მსახურების განმავლობაში მან ბევრი აქცია ქრისტეს მოწაფედ (საქ. 14:21; 2 კორ. 3:2, 3). თუმცა ბევრ იუდეველთან ის ვერაფერს გახდა. უმეტესობა არ უსმენდა და ზოგი დევნიდა კიდეც მას (საქ. 14:19; 17:1, 4, 5, 13). როგორ იმოქმედა იუდეველების უარყოფითმა დამოკიდებულებამ პავლეზე? მოციქული გულახდილად ამბობს: „ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში, . . დიდი მწუხარება და გაუყუჩებელი ტკივილი მაქვს გულში“ (რომ. 9:1—3). პავლეს ასეთი გრძნობები იმიტომ დაეუფლა, რომ უყვარდა ადამიანები და სიამოვნებას ანიჭებდა ქადაგება. პავლესთვის სულერთი არ იყვნენ იუდეველები, ამიტომ გული სტკიოდა, როცა ხედავდა, რომ ისინი არაფრად აგდებდნენ ღვთის წყალობას.
5. ა) რა აღგვძრავს ქადაგებისკენ? ბ) რატომ არ არის გასაკვირი, თუ დროდადრო იმედგაცრუება გვეუფლება?
5 პავლეს მსგავსად ქადაგებისკენ ჩვენც სხვების დახმარების სურვილი აღგვძრავს (მათ. 22:39; 1 კორ. 11:1). საკუთარი გამოცდილებიდან ვიცით, რომ ბევრი კურთხევა ელის მათ, ვინც თავს უძღვნის იეჰოვას. როცა ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ცალკეულ ადამიანებზე ვფიქრობთ, საკუთარ თავს ვეუბნებით: „ნეტა შემეძლოს, დავანახვო მათ, რაზე ამბობენ უარს!“. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ მათ გამუდმებით, რომ გაიგონ ჭეშმარიტება იეჰოვაზე და კაცობრიობასთან დაკავშირებულ მის განზრახვებზე. ქადაგებით ფაქტობრივად მათ ვეუბნებით: „შესანიშნავი საჩუქარი გვაქვს თქვენთვის. ნუ იტყვით მასზე უარს!“. ამიტომ სავსებით ბუნებრივია ჩვენი გულისტკივილი, როცა ისინი ხელს გვიკრავენ საჩუქარზე. ასეთი გრძნობები ჩვენი რწმენის ნაკლებობაზე კი არ მიანიშნებს, არამედ იმაზე, რომ ნამდვილად გვიყვარს ხალხი. ასე რომ, დროდადრო იმედგაცრუების მიუხედავად, მოთმინებით განვაგრძობთ ქადაგებას. ალბათ, ბევრი ჩვენგანის გრძნობებს გამოხატავს ელინას სიტყვები, რომელიც 25 წელზე მეტია, პიონერად მსახურობს. ის ამბობს: „ჩემთვის ქადაგება ადვილი არ არის, თუმცა არცერთ სხვა საქმეში არ გავცვლიდი მას“.
როგორ შეგვიძლია ნაყოფის გამოღება?
6. რა კითხვას განვიხილავთ?
6 რატომ ვართ დარწმუნებულები, რომ შეგვიძლია წარმატებული მქადაგებლები ვიყოთ იმის მიუხედავად, თუ როგორ ტერიტორიაზე ვქადაგებთ? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად განვიხილოთ იესოს მიერ მოყვანილი ორი მაგალითი, რომლებშიც ის ნაყოფის გამოღების აუცილებლობაზე საუბრობს (მათ. 13:23). პირველია ვაზის მაგალითი.
7. ა) ვინ არიან წარმოდგენილი მევენახით, ვაზით და ლერწებით? ბ) რა კითხვაზე უნდა გავიგოთ პასუხი?
7 წაიკითხეთ იოანეს 15:1—5, 8. ყურადღება მიაქციეთ, რომ იესომ თავის მოციქულებს უთხრა: „მამაჩემისთვის იმას მოაქვს დიდება, რომ ბევრი ნაყოფი გამოგაქვთ და ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ“. იესომ იეჰოვა მევენახეს შეადარა, თავისი თავი — ჭეშმარიტ ვაზს, მოწაფეები კი — ლერწებს.b საინტერესოა, რა არის „ნაყოფი“, რომელიც ქრისტეს მიმდევრებმა უნდა გამოიღონ? ამ მაგალითში იესოს პირდაპირ არ უთქვამს, რა იყო ნაყოფი, თუმცა მოიხსენია მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც სწორ დასკვნამდე მივყავართ.
8. ა) რატომ არ ნიშნავს ამ მაგალითში მოხსენიებული ნაყოფის გამოღება ახალი მოწაფეების მომზადებას? ბ) რას ითხოვს იეჰოვა ჩვენგან?
8 მამაზე საუბრისას იესომ თქვა: „ის მოაშორებს ყოველ უნაყოფო ლერწს“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იეჰოვა თავის მსახურებად მხოლოდ მაშინ მიგვიჩნევს, როცა ნაყოფი გამოგვაქვს (მათ. 13:23; 21:43). აქედან გამომდინარე, ამ მაგალითში მოხსენიებული ნაყოფი, რომელიც ყველა ქრისტიანმა უნდა გამოიღოს, არ მიანიშნებს ახალ მოწაფეებზე, რომელთა მომზადების პატივიც გვხვდა წილად (მათ. 28:19). სხვაგვარად გამოვიდოდა, რომ ის ერთგული ქრისტიანები, რომლებიც თავიანთი სამქადაგებლო ტერიტორიებიდან გამომდინარე ვერავის ეხმარებიან ქრისტეს მოწაფედ გახდომაში, იესოს მაგალითში მოხსენიებული უნაყოფო ლერწები არიან. ცხადია, ასეთი დასკვნის გაკეთება არასწორი იქნებოდა, რადგან ჩვენ ვერ ვაიძულებთ ხალხს, რომ ქრისტეს მოწაფეები გახდნენ. შეუძლებელია, მოსიყვარულე ღმერთმა უნაყოფოდ მიიჩნიოს თავისი მსახურები იმის გამო, რომ ვერ ასრულებენ იმ საქმეს, რომელიც მათ ძალებს აღემატება! იეჰოვა ყოველთვის იმას გვთხოვს, რის გაკეთებაც შეგვიძლია (კან. 30:11—14).
9. ა) რა საქმეში მონაწილეობით გამოგვაქვს ნაყოფი? ბ) რომელ მაგალითს განვიხილავთ და რატომ?
9 მაშ, რა არის ნაყოფი? აშკარაა, რომ ეს არის საქმე, რომლის შესრულებაც ყველას შეგვიძლია. რა საქმეში მონაწილეობით გამოგვაქვს ნაყოფი? იეჰოვამ თავის მსახურებს დაავალა, რომ ექადაგათ სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ (მათ. 24:14).c ამ დასკვნის გაკეთებაში მთესველზე იესოს მიერ მოყვანილი მაგალითი გვეხმარება. განვიხილოთ მეორე მაგალითიც.
10. ა) რა არის მაგალითში მოხსენიებული თესლი და ნიადაგი? ბ) რა ნაყოფი გამოაქვს ხორბლის ღეროს?
10 წაიკითხეთ ლუკას 8:5—8, 11—15. მთესველის მაგალითში მოხსენიებული თესლი „ღვთის სიტყვაა“ ანუ ცნობა სამეფოს შესახებ, ნიადაგი კი — ადამიანის სიმბოლური გული. კარგ ნიადაგზე დავარდნილმა თესლმა ფესვი გაიდგა, აღმოცენდა და, ასე ვთქვათ, ხორბლის ღეროდ იქცა, რომელმაც „ასმაგად გამოიღო ნაყოფი“. მაგრამ რა ნაყოფი გამოიღო ხორბლის ღერომ? ახალი ღეროები წარმოშვა? ცხადია, არა. მისი ნაყოფი ახალი თესლი იყო, რომელიც საბოლოოდ ღეროდ იქცეოდა. ამ მაგალითიდან ვიგებთ, რომ ერთმა თესლმა ასი თესლი წარმოშვა. როგორ უკავშირდება ეს მაგალითი ჩვენს მსახურებას?
როგორ გამოგვაქვს ნაყოფი მოთმინებით? (იხილეთ აბზაცი 11)
11. ა) როგორ ეხება მთესველის მაგალითი ჩვენს მსახურებას? ბ) როგორ გამოგვაქვს სამეფოს თესლი?
11 მსგავსად, სამეფოს შესახებ ცნობა შეიძლება წლების წინ ქრისტიანი მშობლებისგან ან სხვა მოწმეებისგან მოვისმინეთ. მათ ახარებდათ იმის დანახვა, რომ ჩვენი გული მზად იყო სამეფოს ცნობის მისაღებად. როგორც იესოს მაგალითში მოხსენიებულმა კარგმა ნიადაგმა მიიღო თესლი, ისე ჩვენ ჩავეჭიდეთ სასიხარულო ცნობას და არ დავუშვით, რომ ვინმეს წაერთმია ის. შედეგად, სამეფოს ცნობამ ფესვი გაიდგა, გაიზარდა და დროთა განმავლობაში ხორბლის ღეროს მსგავსად მზად იყო ნაყოფის გამოსაღებად. როგორც ხორბლის ღეროს ნაყოფია ახალი თესლი და არა ახალი ღეროები, ისე ჩვენი ნაყოფი სამეფოს თესლია და არა ახალი მოწაფეები.d როგორ გამოგვაქვს სამეფოს თესლი? როცა სხვადასხვა საშუალებას ვიყენებთ სამეფოს ცნობის გასაცხადებლად, ასე ვთქვათ, მიმოვფანტავთ თესლს, რომელიც ერთ დროს ჩვენს გულებში ჩაითესა (ლუკ. 6:45; 8:1). ამ მაგალითიდან ვიგებთ, რომ მოთმინებით გამოგვაქვს ნაყოფი, როცა არ ვწყვეტთ სამეფოს ცნობის გავრცელებას.
12. ა) რის სწავლა შეგვიძლია ვაზისა და მთესველის შესახებ იესოს მაგალითებიდან? ბ) რა ისწავლეთ ამ გაკვეთილიდან?
12 რის სწავლა შეგვიძლია ვაზისა და მთესველის შესახებ იესოს მაგალითებიდან? ამ მაგალითებიდან ვიგებთ, რომ ნაყოფის გამოღება ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის გამოხმაურებაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ ჩვენს ერთგულებაზე. პავლემაც დაადასტურა ამ სიტყვების სიმართლე, როცა თქვა: „თითოეული თავისი შრომის მიხედვით მიიღებს საზღაურს“ (1 კორ. 3:8). ასე რომ, საზღაურს შესრულებული საქმისთვის ვიღებთ და არა იმ შედეგისთვის, რომელიც შეიძლება ამ საქმეს მოჰყვეს. მატილდა, რომელიც 20 წელია, პიონერად მსახურობს, ამბობს: „სიხარულს იმის ცოდნა მანიჭებს, რომ იეჰოვა ჩვენი ძალისხმევის გამო გვაჯილდოებს“.
როგორ შეგვიძლია მოთმინებით გამოვიღოთ ნაყოფი?
13, 14. რომაელების 10:1, 2-ის თანახმად, რატომ არ ჩაიქნია პავლემ ხელი მათზე, ვინც უარყოფითად ეხმაურებოდა სამეფოს ცნობას?
13 რა დაგვეხმარება, რომ კვლავაც მოთმინებით გამოვიღოთ ნაყოფი? როგორც უკვე აღვნიშნეთ, პავლეს გულს უტეხდა სამეფოს ცნობისადმი იუდეველების უარყოფითი დამოკიდებულება. მიუხედავად ამისა, მას ხელი არ ჩაუქნევია მათზე. აი როგორ გამოხატა პავლემ იუდეველების მიმართ თავისი გრძნობები რომაელებისთვის მიწერილ წერილში: „გულით მსურს და ვევედრები ღმერთს მათთვის, რომ გადარჩნენ. ვუმოწმებ მათ, რომ ღვთისთვის მოშურნეობა აქვთ, მაგრამ არა საფუძვლიანი ცოდნით“ (რომ. 10:1, 2). რა დაეხმარა პავლეს მსახურების გაგრძელებაში?
14 პირველი: პავლემ თქვა, თუ რატომ არ წყვეტდა იუდეველებთან ქადაგებას. მას გულით სურდა, რომ იუდეველებს ხსნა მიეღოთ (რომ. 11:13, 14). მეორე: პავლე ევედრებოდა ღმერთს მათთვის. ის ღმერთს სთხოვდა ლოცვაში, რომ იუდეველებს სამეფოს ცნობის მოსმენაში დახმარებოდა. მესამე: პავლემ თქვა, რომ მათ ღვთისთვის მოშურნეობა ჰქონდათ. ის კარგს ამჩნევდა ადამიანებში და ხედავდა, რომ ისინი შეიძლებოდა იეჰოვას მსახურები გამხდარიყვნენ. თუ იუდეველების მოშურნეობას სწორი მიმართულება მიეცემოდა, ისინი გულმოდგინე ქრისტიანები გახდებოდნენ, როგორც ეს პავლეს შემთხვევაში მოხდა.
15. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ პავლეს? მოიყვანეთ მაგალითი.
15 როგორ შეგვიძლია მივბაძოთ პავლეს? პირველი: ვცდილობთ, განვივითაროთ იმის გულწრფელი სურვილი, რომ „მარადიული სიცოცხლისთვის . . . განწყობილი“ ადამიანები ვიპოვოთ. მეორე: ვევედრებით იეჰოვას ლოცვაში, რომ გულწრფელ ადამიანებს გული გაუხსნას (საქ. 13:48; 16:14). სილვანა, რომელიც თითქმის 30 წელია, პიონერად მსახურობს, ამბობს: „კარდაკარ მსახურების დროს კარზე დაკაკუნებამდე ვლოცულობ, რომ იეჰოვამ დადებითი განწყობა მომცეს“. გარდა ამისა, ჩვენ ღმერთს ვთხოვთ, რომ გულწრფელი ადამიანების მოძებნაში ანგელოზები დაგვეხმარონ (მათ. 10:11—13; გამოცხ. 14:6). რობერტი, რომელიც 30 წელზე მეტია, პიონერად მსახურობს, აღნიშნავს: „სასიამოვნო შეგრძნებაა ანგელოზებთან თანამშრომლობა, რომლებმაც იციან, რა ხდება იმ დროს მობინადრის სახლში“. მესამე: ჩვენ ვცდილობთ, კარგი დავინახოთ ადამიანებში და ისინი იეჰოვას მომავალ მსახურებად წარმოვიდგინოთ. კარლი, რომელიც 50 წელზე მეტი ხნის წინ მოინათლა და დღეს უხუცესად მსახურობს, ამბობს: „ვცდილობ, ადამიანში გულწრფელობის სულ მცირე გამოვლინებაც კი შევნიშნო, მაგალითად ღიმილი, კეთილი გამოხედვა ან გულახდილად დასმული შეკითხვა“. დიახ, პავლეს მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია მოთმინებით გამოვიღოთ ნაყოფი.
„ნუ დაასვენებ ხელს“
16, 17. ა) რის სწავლა შეგვიძლია ეკლესიასტეს 11:6-ში ჩაწერილი მითითებიდან? ბ) რა გავლენას ახდენს ჩვენი საქმიანობა მათზე, ვინც გვაკვირდება? მოიყვანეთ მაგალითი.
16 მაშინაც კი, თუ ვფიქრობთ, რომ სამეფოს ცნობა არ აღწევს ადამიანთა გულამდე, არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რამხელა გავლენის მოხდენა შეუძლია სამქადაგებლო საქმიანობას (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 11:6). გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბევრი შეიძლება არ გვისმენს, მაგრამ გვაკვირდება. ისინი ამჩნევენ, რომ კოხტად გვაცვია, თავაზიანები ვართ და თბილად ვუღიმით. დროთა განმავლობაში ჩვენმა საქციელმა შეიძლება ბევრს შეუცვალოს ჩვენზე შექმნილი არასწორი შეხედულება. ზემოხსენებულმა სერხიომ და ოლინდამ შენიშნეს, რომ ხალხმა მათდამი დამოკიდებულება შეიცვალა.
17 სერხიო ამბობს: «ავადმყოფობის გამო რაღაც დროის მანძილზე ვერ გავდიოდით მოედანზე საქადაგებლად. როცა გავედით, გამვლელები გვეკითხებოდნენ: „რატომ არ ჩანდით? მოგვენატრეთ“». ოლინდა ღიმილით დასძენს: «ავტობუსის მძღოლები ხელს გვიქნევდნენ და ზოგიერთი მათგანი გვეუბნებოდა: „ყოჩაღ, კარგ საქმეს აკეთებთ!“. ისინი ჟურნალებსაც კი გვართმევდნენ». ამ ხანდაზმული წყვილის გასაკვირად, ერთი მამაკაცი მივიდა სტენდთან, ყვავილების თაიგული მიუტანა და მადლობა გადაუხადა მათი საქმიანობისთვის.
18. რატომ გაქვთ გადაწყვეტილი, რომ მოთმინებით გამოიღოთ ნაყოფი?
18 როცა სამეფოს თესლის თესვის დროს „ხელს არ ვასვენებთ“, ჩვენ დიდი წვლილი შეგვაქვს ყველა ერისთვის დამოწმების საქმეში (მათ. 24:14). და რაც ყველაზე მთავარია, უდიდეს სიხარულს გვანიჭებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა გვიწონებს, რადგან მას უყვარს ყველა, „ვისაც მოთმინებით გამოაქვს ნაყოფი“!
a იესომაც თქვა, რომ მის „მშობლიურ მხარეში“ ქადაგება სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ამის შესახებ ოთხივე სახარებიდან ვიგებთ (მათ. 13:57; მარ. 6:4; ლუკ. 4:24; იოან. 4:44).
b მართალია, ამ მაგალითში მოხსენიებული ლერწები ზეციერი იმედის მქონე ქრისტიანებზე მიანიშნებს, მაგრამ მიწიერი იმედის მქონე ღვთის მსახურებსაც ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ.
c თუმცა ნაყოფის გამოღება „სულის ნაყოფის“ განვითარებასაც გულისხმობს, ამ და მომდევნო სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ „ბაგეთა ნაყოფზე“ ანუ სამქადაგებლო საქმიანობაზე (გალ. 5:22, 23; ებრ. 13:15).
d სხვა შემთხვევებში იესომ თესვისა და მკის მაგალითები მოწაფეების მომზადების საქმეს დაუკავშირა (მათ. 9:37; იოან. 4:35—38).