საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ერთიანი ქვეყნიერება — ნამდვილად იქნება ეს ოდესმე?
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 ნოემბერი
    • ერთიანი ქვეყნიერება — ნამდვილად იქნება ეს ოდესმე?

      „თუ რამდენიმე თაობაში ჩვენი მშობლიური დამოუკიდებელი სახელმწიფოებისგან შემდგარი ქვეყნიერება ნამდვილად გარკვეულ საერთაშორისო საზოგადოებად ვაქციეთ. . . ოდითგანვე ფესვგადგმულ ომსაც გავაუქმებთ. . . მაგრამ, თუ მარცხს განვიცდით, ალბათ, აღარ იქნება. . . არანაირი ცივილიზაცია“. ამას ამბობს სამხედრო ისტორიკოსი გვინ დაიერი თავის წიგნში, სახელწოდებით „ომი“ (War).

      როგორც დაიერი ამბობს, ისტორიის ფურცლები სავსეა იმ სახელმწიფოებისა და სხვა მძლავრი ჯგუფების შესახებ ცნობებით, რომლებიც უთანხმოებების გადასაწყვეტად ომს მიმართავდნენ. მათმა უთანხმოებამ მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა. მეფე სოლომონის მიერ იმის აღწერა, თუ როგორ მოქმედებდა ეს ხალხზე მის დროს, დღესაც დროულია. ის წერდა: „ვხედავდი ძალადობას, რაც კი ხდებოდა ამ მზისქვეშეთში: აჰა, იღვრება ჩაგრულთა ცრემლი და მათ არავინ არ ანუგეშებს; მათ მჩაგვრელთა ხელშია ძალა, არავინა ჰყავთ ნუგეშისმცემი“ (ეკლესიასტე 4:1).

      ჩვენს დროში, როგორც ზემოხსენებული ისტორიკოსი აღნიშნავს, ‘ჩაგრულთა ცრემლისთვის’ გულშემატკივრობის გარდა, სხვა საფუძველიც არსებობს საშუალების საპოვნელად, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოებისგან შემდგარი ქვეყნიერება გარდაიქმნას ნამდვილად გარკვეულ საერთაშორისო საზოგადოებად: ცივილიზაციის თვით არსებობაც საფრთხეშია! თანამედროვე ომს ისეთი პირი უჩანს, რომ ყველა სახელმწიფოს მოსპობს, რომელიც მას მიმართავს, და არავის დატოვებს გამარჯვებულს.

      მოახლოებულია ერთიანი ქვეყნიერება?

      რა იმედი არსებობს ერთიანი ქვეყნიერებისთვის? შეუძლია ადამიანთა საზოგადოებას სძლიოს უთანხმოების გამომწვევ ძალებს, რომლებიც დედამიწის გადარჩენას ემუქრება? ზოგი ასე ფიქრობს. ბრიტანეთში გამომავალი გაზეთის (Daily Telegraph) რედაქტორი თავდაცვის საკითხებში ჯონ კიგანი წერს: „არევ-დარეულობისა და გაურკვევლობის მიუხედავად, როგორც ჩანს, მაინც შესაძლებელია წარმოიდგინო ომისგან თავისუფალი ქვეყნიერების სილუეტი, რომელიც თანდათან იკვეთება“.

      რა უქმნის მას ასეთ ოპტიმისტურ შეხედულებას? რატომ ჩანს, თითქოს, მრავალ ადამიანს აქვს ასეთი იმედი მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი მთელი ისტორიის მანძილზე ომობს და თითქოს ვერ მართავს საკუთარ თავს წარმატებით? (იერემია 10:23). „კაცობრიობა წინ მიდის. ისტორია მუდმივ პროგრესს გვიჩვენებს“, — კამათობდა ერთ დროს ზოგი. მრავალს დღესაც კი სჯერა, რომ როგორღაც ადამიანის თანდაყოლილი სიკეთე სძლევს ბოროტებას. რეალური იმედია ეს? თუ, უბრალოდ, ილუზიაა, რომელიც უფრო მეტ გულგატეხილობას გამოიწვევს? ისტორიკოსი ჯ. მ. რობერტსი თავის წიგნში (Shorter History of the World) რეალისტურად წერდა: „ძნელად თუ შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნიერების მომავალი საიმედოდ გამოიყურება. ახლა არც ადამიანის ტანჯვის ბოლოა მოახლოებული, არც საფუძველი არსებობს ამის რწმენისთვის“.

      არსებობს თუ არა ნამდვილი მიზეზი რწმენისთვის, რომ ხალხები და სახელმწიფოები ნამდვილად გადალახავენ უნდობლობასა და უთანხმოებებს? თუ ამისთვის ადამიანთა მცდელობებზე მეტია საჭირო? ეს კითხვები განხილული იქნება შემდეგ სტატიაში.

  • ერთიანი ქვეყნიერება როგორ მოხდება ეს?
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 ნოემბერი
    • ერთიანი ქვეყნიერება როგორ მოხდება ეს?

      ნახევრად დანგრეული შენობის მსგავსად, რომელსაც არ უფრთხილდებიან უზრუნველი მოიჯარეები, თანამედროვე მსოფლიო სისტემას მხოლოდ ერთი რამ ეკუთვნის — განადგურება და შეცვლა. ეს არ არის, უბრალოდ კიდევ ერთი ცინიკური სცენარი. ბიბლიის თანახმად, ეს ერთადერთი რეალური თვალსაზრისია. რატომ?

      თანამედროვე მსოფლიო წესწყობილების საფუძვლები სანდო არაა. მთლიანი კონსტრუქცია ტერმიტებისგანაა დახვრეტილი და ლპება. რკინის კარკასი ჟანგდება. საყრდენი კედლები ირყევა. სახურავი ჩამოწოლილია. წყალსადენიდან წყალი ჟონავს. ელექტროენერგიის სისტემა დაზიანებული და სახიფათოა. მობინადრეთა შორის ბრძოლა განუწყვეტელ და სასტიკ ზიანს აყენებს შენობას. მთელ შენობაში და მის გარშემო პარაზიტები ფუთფუთებენ, რამაც შეიძლება ადამიანს სიცოცხლე წაართვას ან სერიოზული ზიანი მიაყენოს.

      ‘ცეკვა სამარის პირზე’

      გაუთავებელი პოლიტიკური კონფლიქტების, სიხარბის, აგრესიისა და ღრმად ფესვგადგმული ტომობრივი და ეთნიკური მტრობის გამო „მთელი კაცობრიობა, — გვინ დაიერის თქმით, — სამარის პირზე ცეკვავს“. მთელ მსოფლიოში გადაწყვეტილებით აღსავსე უმცირესობა — გავლენიანი ჯგუფები, რომლებიც გავლენას ახდენენ პოლიტიკაზე, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლები, ბანდები, საერთაშორისო ტერორისტები და სხვები — პირად ეგოისტურ გეგმებს მისდევენ და, როგორც ჩანს, როცა კი მოისურვებენ, შეუძლიათ მსოფლიოში მშვიდობის ყოველგვარ შანსს ძირი გამოუთხარონ. ზიანის მიმყენებელი მოიჯარეების მსგავსად, მათ შეუძლიათ ნებისმიერს გაუმწარონ სიცოცხლე.

      მიუხედავად ამისა, მრავალი მიმომხილველის თანახმად, მხოლოდ დისიდენტთა ჯგუფები ან ურჩი პირები არ ქმნიან ქვეყნიერების ერთიანობისთვის ხელის შემშლელ პირობებს. უდიდეს დაბრკოლებას თვით ეროვნული სახელმწიფო წარმოადგენს. ომის მიმომხილველის, ს. ბ. პეინი უმცროსის, თქმით, დამოუკიდებელი სახელმწიფოები „საერთაშორისო ანარქიის მდგომარეობაში არიან“. ისინი აკეთებენ ყველაფერს, რაც მათ ეროვნულ ინტერესებშია, ისე რომ სხვებს მცირე ან არანაირ ანგარიშს არ უწევენ. შედეგად, მთელი ისტორიის მანძილზე ‘კაცი კაცზე მძლავრობს თავისდა [„მისდა“, აქ] საზიანოდ’ (ეკლესიასტე 8:9).

      მართალია, ზოგი ქვეყნის მთავრობა გარკვეულ წარმატებას აღწევს უსამართლობასა და ჩაგვრასთან ბრძოლაში როგორც თავის ტერიტორიაზე, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. დროდადრო ისინი საერთაშორისო ერთიანობის საზომს ადგენენ. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, როცა რამდენიმე ქვეყანა აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სამოქმედოდ ერთიანდება, ხშირად იბადება ეჭვი, რომ ისინი საკუთარი ინტერესებით უფრო მოქმედებენ, ვიდრე ნამდვილი ალტრუიზმით. ფაქტია, რომ ადამიანთა მთავრობები ერთხელ და სამუდამოდ ვერ წყვეტენ ქვეყნიერებაში განხეთქილების საკითხს. გვინ დაიერი აღნიშნავს: „აზრი, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა გაერთიანდება დისიდენტი ქვეყნის აგრესიის შესაკავებლად ან შესაწყვეტად, პრინციპში შესანიშნავია, მაგრამ ვინ ადგენს აგრესორის ვინაობას ან ვინ იხდის ფულსა თუ სიცოცხლეს, რომლებიც შეიძლება მის შეჩერებას დასჭირდეს?“

      რასაკვირველია, ნებისმიერი ერთი ქვეყნის თავდასხმა მეორეზე მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა თავდამსხმელი ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა არ ეწინააღმდეგება ამ თავდასხმას. ისტორია არაერთხელ გვიჩვენებს, რომ მხოლოდ „დისიდენტ ქვეყნებში“ არ უჭერს ხალხი მხარს თავის ლიდერებს, მიუხედავად იმისა მართლები არიან ისინი თუ არა. ფაქტობრივად, ამას აკეთებს დედამიწაზე მცხოვრებთა უმეტესობა. როგორც ჟურნალი „ტაიმი“ (Time) ამბობს, ისინი ბრმად მიჰყვებიან პოლიტიკური და რელიგიური წინამძღოლებისგან მომდინარე „სიცრუეს, დემაგოგიასა და პროპაგანდას“.

      ნაციონალიზმი რისხვის ცეცხლს უკიდებს სხვა დროს გონიერ და თანამგრძნობ ხალხს და საზარელ დანაშაულს ადენინებს სხვა ეროვნების წარმომადგენელი მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ. მაგალითად, პირველ მსოფლიო ომზე მითითებით ისტორიკოსი ჯ. მ. რობერტსი ამბობს: „1914 წლის ერთ-ერთი პარადოქსი ისაა, რომ ყველა ქვეყანაში ყველა პარტიის წარმომადგენელი, ყველა რწმენისა და წარმოშობის ადამიანთა უზარმაზარმა რიცხვმა, როგორც ჩანს, ჩვენდა გასაოცრად, ნებითა და სიხარულით მიაშურა ომს“. ისწავლა ხალხმა მათი გაკვეთილიდან მას შემდეგ რამე? არა! „ბრმა ნაციონალიზმი“, როგორც ჟურნალისტი როდ აშერი უწოდებს, აგრძელებს მსოფლიო ერთიანობის ყველა შანსის დანგრევას.

      გარე ძალები მოქმედებენ

      მაგრამ ერთიან ქვეყნიერებას უფრო დიდი დაბრკოლება აქვს. ბიბლია გვიჩვენებს, რომ გარე ძალები მოქმედებენ. ესენი სატანა ეშმაკი და მისი მომხრეები, დემონები, არიან. ბიბლიის თანახმად, სატანა არის ‘ამ წუთისოფლის ღმერთი, რომელმაც გონება დაუბრმავა ურწმუნოებს’, რათა მათზე არ იმოქმედოს ‘სახარებისეულმა ნათელმა ქრისტეს დიდებაზე’ (2 კორინთელთა 4:4; გამოცხადება 12:9).

      რასაკვირველია, ეს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს ცალკეულ პირებს თავიანთი მოქმედებებისთვის. მაგრამ ნათელს ხდის, რატომ ვერასოდეს შეძლებენ ადამიანთა მთავრობები ჭეშმარიტად ერთიანი ქვეყნიერების დამყარებას. ვიდრე სატანა ეშმაკი არსებობს, გავლენას მოახდენს მამაკაცებსა და ქალებზე, განავითარონ ის, რასაც ბიბლია ‘ხორცის საქმეებს’ უწოდებს, მათ შორის: ‘მტრობას, ჩხუბს, შუღლსა და უთანხმოებებს’ (გალატელთა 5:19–21).

      მსოფლიო მთავრობა

      მაშ, რა არის გამოსავალი? დაახლოებით შვიდასი წლის წინ ცნობილმა იტალიელმა პოეტმა და ფილოსოფოსმა დანტემ თქვა პასუხი. ის ამტკიცებდა, რომ მხოლოდ მსოფლიო მთავრობას შეეძლო კაცობრიობის მშვიდობითა და ერთიანობით უზრუნველყოფა. მრავალი ადამიანისთვის იმედი მსოფლიო მთავრობის ნებისმიერ ფორმაზე, უბრალოდ, ილუზიაა და არა ნამდვილად სანდო რამ. „ისტორიის ამ ეტაპზე — ასკვნის ზემოხსენებული ავტორი პეინი, — მსოფლიო მთავრობაზე ლაპარაკი ზედმეტია“. რატომ? იმიტომ რომ ნებისმიერ წარმატებულ მსოფლიო მთავრობას გარანტიის მიცემა დასჭირდებოდა ორ რამეში, რასაც, როგორც ჩანს, ადამიანი ვერასდროს გააკეთებს, კერძოდ, რომ „მსოფლიო მთავრობამ ბოლო მოუღოს ომს და, რომ მსოფლიო მთავრობა არ იქნება მსოფლიო ტირანი“.

      უეჭველია, რომ ადამიანთა ვერც ერთი მთავრობა ვერ მიაღწევს ამას ოდესმე. მაგრამ ღვთის სამეფოს, რომელიც იესო ქრისტეს ხელშია, შეუძლია და მოსპობს ომს (ფსალმუნი 45:10, 11; მათე 6:10). სინამდვილეში, ის მოსპობს ყველას, ვინც ომისკენ წამქეზებელია. წინასწარმეტყველი დანიელი გვიჩვენებს, რომ დედამიწაზე ადამიანთა მმართველობისთვის ღვთის მიერ დადგენილი დროის ბოლოს ადამიანთა მმართველობა ‘გაყოფილი იქნებოდა’ როგორც „მეთუნის თიხას შერეული რკინა“ (დანიელი 2:41–43). ამას მოჰყვებოდა პოლიტიკური განხეთქილება და გარდაუვალი კონფლიქტი. მაგრამ დანიელი ამბობს, რომ ღვთის სამეფო „შემუსრავს, და დააქცევს ყველა [ნაციონალისტ და დაყოფილ] სამეფოს“, ანუ მთავრობას და შეცვლის მათ თავისი სამეფოთი, რომელსაც იესო ქრისტე უხელმძღვანელებს და, რომელსაც დიდი ხანია მოველით (დანიელი 2:44).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება