საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „მივიღეთ ერთსულოვანი გადაწყვეტილება“
    საგულდაგულოდ იქადაგეთ ღვთის სამეფოზე
    • ᲗᲐᲕᲘ 14

      „მივიღეთ ერთსულოვანი გადაწყვეტილება“

      როგორ მიიღო ხელმძღვანელმა საბჭომ გადაწყვეტილება და რა მოჰყვა ამას შედეგად?

      საქმეები 15:13—35

      1, 2. ა) რა მნიშვნელოვან კითხვებზე უნდა გაეცა პასუხი პირველი საუკუნის ხელმძღვანელ საბჭოს? ბ) რა დაეხმარა მათ სწორი დასკვნის გაკეთებაში?

      ᲛᲝᲚᲝᲓᲘᲜᲘᲡᲒᲐᲜ ყველას სუნთქვა ეკვრის. იერუსალიმში შეკრებილი მოციქულები და უხუცესები გრძნობენ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დრო დადგა. წინადაცვეთის საკითხმა სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი კითხვები წამოჭრა: უნდა დაიცვან ქრისტიანებმა მოსეს კანონი? უნდა არსებობდეს განსხვავება იუდეველ და უცხოტომელ ქრისტიანებს შორის?

      2 ხელმძღვანელმა ძმებმა უკვე ბევრი რამ განიხილეს. ისინი დაფიქრდნენ ღვთის წინასწარმეტყველურ სიტყვასა და თვითმხილველთა ნაამბობზე, რაც იეჰოვას მხარდაჭერაზე მოწმობდა. ყველამ თქვა თავისი სათქმელი; ახლა კი წინადაცვეთის საკითხთან დაკავშირებულ ფაქტებს ერთ დასკვნამდე მიჰყავს ისინი. იეჰოვას სულის ხელმძღვანელობა აშკარაა. მაგრამ მიჰყვებიან ისინი ამ ხელმძღვანელობას?

      3. რატომ გვმართებს „საქმეების“ წიგნის ამ ეპიზოდის განხილვა?

      3 მოციქულებსა და უხუცესებს წმინდა სულის ხელმძღვანელობის მორჩილებისთვის რწმენა და გაბედულება მოეთხოვებოდათ. მოსალოდნელი იყო, რომ იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს სულ უფრო შესძულებოდათ ქრისტიანები; ისინი კი, რომლებსაც სურდათ, ყველა მოსეს კანონს დამორჩილებოდა, მოციქულებსა და უხუცესებს წინააღმდეგობას გაუწევდნენ. რას გააკეთებდა ხელმძღვანელი საბჭო? ამ თავის განხილვისას დავინახავთ, როგორ მიიღო გადაწყვეტილება, და როგორ ჰბაძავს იეჰოვას მოწმეების დღევანდელი ხელმძღვანელი საბჭო მის მაგალითს. ჩვენც ამ მაგალითს უნდა მივყვეთ, როცა ქრისტიანული ცხოვრების გზაზე გადაწყვეტილებებისა და სირთულეების წინაშე ვდგებით.

      „ამას წინასწარმეტყველთა შემდეგი სიტყვებიც ადასტურებს“ (საქმეები 15:13—21)

      4, 5. რომელი წინასწარმეტყველის სიტყვებს ციტირებდა იაკობი მსჯელობისას?

      4 ლაპარაკი მოწაფე იაკობმა,a იესოს ნახევარძმამ დაიწყო. როგორც ჩანს, შეხვედრას ის უძღვებოდა. მან ხელმძღვანელი საბჭოს ყველა წევრის სათქმელი თქვა: „სიმონმა ყველაფერი გვიამბო, თუ როგორ მოხედა ღმერთმა პირველად უცხოტომელებს და როგორ გამოარჩია მათგან ხალხი, რომ მისი სახელი ეტარებინათ. ამას წინასწარმეტყველთა შემდეგი სიტყვებიც ადასტურებს“ (საქ. 15:14, 15).

      5 სიმონის, იგივე სიმონ-პეტრეს, სიტყვამ და ბარნაბასა და პავლეს მოყვანილმა შემთხვევებმა, შესაძლოა იაკობს ის ბიბლიური მუხლები გაახსენა, რომლებიც განსახილველ საკითხს ჰფენდა ნათელს (იოან. 14:26). იაკობმა ჯერ თქვა, რომ პეტრეს ნათქვამს წინასწარმეტყველთა სიტყვები ადასტურებდა, მერე კი ამოსის 9:11, 12 მუხლები მოიყვანა. ეს წიგნი ებრაული წერილების იმ ნაწილს ეკუთვნოდა, რომელსაც „წინასწარმეტყველთა წიგნებს“ უწოდებდნენ (მათ. 22:40; საქ. 15:16—18). ალბათ შენიშნეთ, რომ იაკობის ციტირებული სიტყვები განსხვავდებოდა იმისგან, რაც დღეს „ამოსის“ წიგნშია ჩაწერილი. იაკობი, როგორც ჩანს, სეპტუაგინტიდან, ებრაული წერილების ბერძნული თარგმანიდან, ციტირებდა.

      6. როგორ ჰფენდა ნათელს წმინდა წერილები განსახილველ საკითხს?

      6 იეჰოვამ ამოსის პირით იწინასწარმეტყველა, რომ დადგებოდა დრო, როცა ღმერთი აღმართავდა „დავითის დაცემულ კარავს“, ანუ დავითის შთამომავალს მისცემდა მეფობას და დაამყარებდა მესიის სამეფოს (ეზეკ. 21:26, 27). ნიშნავდა ეს იმას, რომ იეჰოვა ებრაელ ერთან განსაკუთრებულ ურთიერთობას აღადგენდა? არა. წინასწარმეტყველების თანახმად უცხოტომელები ღვთის სახელით იწოდებოდნენ. ალბათ, გახსოვთ სულ ცოტა ხნით ადრე ნათქვამი პეტრეს სიტყვები: „ჩვენ [იუდეველ ქრისტიანებსა] და მათ [უცხოტომელ მორწმუნეებს] შორის [ღმერთს] არანაირი განსხვავება არ გაუკეთებია და მათი გულები მათივე რწმენის გამო განწმინდა“ (საქ. 15:9). ამგვარად, როგორც იუდეველებს, ისე უცხოტომელებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გამხდარიყვნენ ღვთის სამეფოს მემკვიდრეები (რომ. 8:17; ეფეს. 2:17—19). არც ერთი ღვთივშთაგონებული წინასწარმეტყველება არ მიანიშნებდა იმაზე, რომ სამეფოს მემკვიდრეობის მისაღებად უცხოტომელი მორწმუნეები წინადაცვეთილები და პროზელიტები უნდა გამხდარიყვნენ.

      7, 8. ა) რა თქვა იაკობმა? ბ) როგორ უნდა გავიგოთ მისი სიტყვები?

      7 წმინდა წერილებისა და დამაჯერებელი არგუმენტების საფუძველზე იაკობმა იქ შეკრებილ მოციქულებსა და უხუცესებს შესთავაზა: „მე ვფიქრობ, არ გავუძნელოთ უცხოტომელებს ღვთისკენ მოქცევა; მხოლოდ ის მივწეროთ, რომ მოერიდონ კერპთშენაწირს, უზნეობას, დამხრჩვალსა და სისხლს. მოსეს სიტყვებს ხალხი ხომ ისედაც ძველი დროიდან ქადაგებს ყველა ქალაქში და ყოველ შაბათს ხმამაღლა კითხულობს სინაგოგებში“ (საქ. 15:19—21).

      8 ზემოთ აღვნიშნეთ, რომ, როგორც ჩანს, შეხვედრას იაკობი უძღვებოდა; ამის გათვალისწინებით, იმაზე მეტი ხომ არ აიღო იაკობმა თავის თავზე, ვიდრე უფლება ჰქონდა და დამოუკიდებლად ხომ არ მიიღო გადაწყვეტილება? არა, მან თქვა, ვფიქრობო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის არ ცდილობდა, სხვების მაგივრად გადაეწყვიტა რამე; იაკობმა უბრალოდ აზრი გამოთქვა მოსმენილი არგუმენტებისა და წმინდა წერილებიდან გამომდინარე, როგორ შეიძლებოდა მოქცეულიყვნენ.

      9. რა მოჰყვებოდა შედეგად იაკობის წინადადების გათვალისწინებას?

      9 გონივრული იყო იაკობის აზრი? აშკარაა, რომ კი, რადგან მისი წინადადება მოიწონეს მოციქულებმა და უხუცესებმა. რა მოჰყვებოდა შედეგად ამ წინადადების გათვალისწინებას? ერთი მხრივ, უცხოტომელ ქრისტიანებს არ გაუძნელდებოდათ ღვთის მსახურება, რადგან მათგან მოსეს კანონის შესრულებას არ მოითხოვდნენ (საქ. 15:19). მეორე მხრივ, გადაწყვეტილება იმ იუდეველი ქრისტიანების სინდისსაც ითვალისწინებდა, რომლებიც წლების მანძილზე სინაგოგებში ყოველ შაბათს კითხულობდნენ მოსეს სიტყვებს (საქ. 15:21).b იაკობის წინადადების გათვალისწინება განამტკიცებდა იუდეველ და უცხოტომელ ქრისტიანთა ურთიერთობას. რაც ყველაზე მთავარია, ეს გადაწყვეტილება იეჰოვას ნებასთან იქნებოდა შეთანხმებული. მართლაც, არაჩვეულებრივად გადაიჭრებოდა პრობლემა, რომელიც ღვთის ხალხის ერთიანობასა და სულიერ კეთილდღეობას უქმნიდა საფრთხეს! რა შესანიშნავი მაგალითია დღევანდელი ქრისტიანული კრებისთვის!

      ალბერტ შრედერი მოხსენებას კითხულობს 1998 წლის საერთაშორისო კონგრესზე.

      10. როგორ მიჰყვება დღეს ხელმძღვანელი საბჭო პირველი საუკუნის ხელმძღვანელი საბჭოს მაგალითს?

      10 როგორც წინა თავიდან დავინახეთ, პირველი საუკუნის ხელმძღვანელი საბჭოს მსგავსად დღესაც იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოc ყველა საკითხში სამყაროს უზენაეს მმართველს, იეჰოვას, და კრების თავს, იესო ქრისტეს, მიმართავს ხელმძღვანელობისთვის (1 კორ. 11:3). ის, თუ როგორ აკეთებენ ამას კარგად ჩანს ალბერტ შრედერის სიტყვებიდან, რომელიც ხელმძღვანელ საბჭოში მსახურობდა 1974 წლიდან თავისი მიწიერი ცხოვრების დასრულებამდე, 2006 წლის მარტამდე. მან თქვა: „ხელმძღვანელი საბჭო ყოველ ოთხშაბათს იკრიბება და შეხვედრის დასაწყისში ლოცვით იეჰოვას წმინდა სულის ხელმძღვანელობას სთხოვს. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ყველა საკითხი და ყველა გადაწყვეტილება ღვთის სიტყვასთან, ბიბლიასთან, იყოს შეთანხმებული“. მილტონ ჰენშელმა, რომელიც დიდხანს მსახურობდა ხელმძღვანელ საბჭოში და რომელმაც 2003 წლის მარტში დაასრულა მიწიერი ცხოვრება, „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 101-ე კლასის კურსდამთავრებულებს ერთი მნიშვნელოვანი კითხვა დაუსვა: „არსებობს დედამიწაზე სხვა რომელიმე ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელებიც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე ღვთის სიტყვას, ბიბლიას მიმართავენ?“. პასუხი ცალსახაა.

      არჩეული ძმების გაგზავნა (საქმეები 15:22—29)

      11. როგორ გადაეცა კრებებს ხელმძღვანელი საბჭოს გადაწყვეტილება?

      11 იერუსალიმში შეკრებილმა ხელმძღვანელმა საბჭომ წინადაცვეთის საკითხზე ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მაგრამ კრებებში ძმებსაც რომ ერთსულოვნად ემოქმედათ, ეს გადაწყვეტილება კრებებისთვის გასაგებად, ადვილად მისაღებად და სიყვარულით უნდა გადაეცათ. როგორ შეიძლებოდა ამის საუკეთესოდ გაკეთება? „საქმეებში“ ნათქვამია: „მოციქულებმა და უხუცესებმა მთელ კრებასთან ერთად გადაწყვიტეს, რომ თავიანთგან აერჩიათ იუდა, რომელსაც ბარსაბასაც ეძახდნენ, და სილა, ხელმძღვანელი ძმები, და პავლესთან და ბარნაბასთან ერთად ანტიოქიაში გაეგზავნათ“. მათ აგრეთვე წერილი დაწერეს და ძმებს გადასცეს, რომ ანტიოქიის, სირიისა და კილიკიის კრებებში წაეკითხათ (საქ. 15:22—26).

      12, 13. რა შედეგი მოჰყვებოდა კრებებში ა) იუდასა და სილას გაგზავნას? ბ) ხელმძღვანელი საბჭოს წერილის გაგზავნას?

      12 იუდა და სილა, „ხელმძღვანელი ძმები“, ყოველმხრივ მზად იყვნენ, ხელმძღვანელი საბჭოს წარმომადგენლებად ემსახურათ. ოთხი კაცის გაგზავნა იმის მაჩვენებელი იყო, რომ წამოჭრილ კითხვაზე პასუხის გარდა ხელმძღვანელ საბჭოს ახალი მითითებებიც ჰქონდა გადასაცემი. ეს არჩეული კაცები პავლესა და ბარნაბასთან ერთად კრებებს ინახულებდნენ, რაც იერუსალიმში მცხოვრებ იუდეველ ქრისტიანებსა და იუდეის გარეთ მცხოვრებ უცხოტომელ ქრისტიანებს ერთმანეთთან დაახლოებაში დაეხმარებოდათ. ხელმძღვანელმა საბჭომ მართლაც გონივრული და საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო! ეს კი ღვთის ხალხის მშვიდობასა და ერთიანობას განამტკიცებდა.

      ᲓᲦᲔᲕᲐᲜᲓᲔᲚᲘ ᲮᲔᲚᲛᲫᲦᲕᲐᲜᲔᲚᲘ ᲡᲐᲑᲭᲝ

      პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად დღეს იეჰოვას მოწმეებს ხელმძღვანელობენ ერთგული სულითცხებული მამაკაცები. ხელმძღვანელი საბჭო ყოველკვირეულად იკრიბება. საბჭოში მომსახურე ძმები ქვემოთ მოცემული ექვსი სხვადასხვა კომიტეტის წევრები არიან; ყველა კომიტეტს თავისი საქმე აქვს.

      • კოორდინატორთა კომიტეტი ზედამხედველობს იურიდიულ და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებებს. მის მოვალეობაში შედის სტიქიებისა და დევნის დროს ან სხვა შემთხვევებში წამოჭრილი გადაუდებელი საკითხების მოგვარება, რომლებიც მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს ეხება.

      • კადრების კომიტეტის მოვალეობაში შედის მთელ მსოფლიოში ბეთელის ოჯახის წევრების პირად და სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნვა. ფილიალებში ბეთელის ოჯახის ახალ წევრებს ამ კომიტეტის თანხმობით იწვევენ.

      • საგამომცემლო კომიტეტი ხელმძღვანელობას უწევს ბიბლიური ლიტერატურის ბეჭდვას, გამოცემასა და განაწილებას. მის მოვალეობაში შედის იმ სტამბებსა და ქონებაზე ზრუნვა, რომელიც იეჰოვას მოწმეთა სხვადასხვა იურიდიულ პირს ეკუთვნის. ის ზედამხედველობს ფილიალების მშენებლობას და იეჰოვას მოწმეთა დარბაზების და საკონგრესო დარბაზების მშენებლობას. ამავე კომიტეტს ევალება სამქადაგებლო საქმიანობისთვის გაღებული შესაწირავების განაწილება.

      • სამსახურებრივი კომიტეტი ზედამხედველობს სამქადაგებლო საქმიანობას და სრული დროით მსახურებთან, უხუცესებთან და სარაიონო ზედამხედველებთან დაკავშირებულ საკითხებს აგვარებს. აგრეთვე და-ძმებს სასწავლებლად იწვევს სკოლა „გალაადში“ და წყვეტს, ვინ სად იმსახურებს, რათა მთელ მსოფლიოში გააძლიერონ და განამტკიცონ კრებები.

      • სასწავლო კომიტეტი ადგენს კონგრესებისა და კრების შეხვედრების პროგრამას, ხელმძღვანელობს აუდიო-ვიდეო პროგრამების მომზადებას. ადგენს სასწავლო პროგრამას სხვადასხვა სკოლებისთვის, მაგალითად, „გალაადისა“ და პიონერული მსახურების სკოლებისთვის, და ბეთელის ოჯახისთვის სულიერ პროგრამას ამზადებს.

      • სამწერლო კომიტეტი პასუხისმგებელია ჩვენი და-ძმებისა თუ ფართო მკითხველისთვის სულიერი საზრდოს მომზადებაზე; პასუხობს ბიბლიურ შეკითხვებს, ზედამხედველობას უწევს მთარგმნელობით საქმიანობას მთელ მსოფლიოში, და საბოლოო ნებართვას იძლევა, მაგალითად, ფილმებისა და მოხსენებათა გეგმების გამოსაცემად.

      ხელმძღვანელი საბჭო ღვთის წმინდა სულის ხელმძღვანელობას მიჰყვება. ამ საბჭოს წევრები თავს იეჰოვას ხალხის წინამძღოლებად არ მიიჩნევენ. პირიქით, სხვა სულითცხებული ქრისტიანების მსგავსად, „სადაც არ უნდა წავიდეს კრავი [იესო ქრისტე], ყველგან მიჰყვებიან“ (გამოცხ. 14:4).

      13 ხელმძღვანელი საბჭოს წერილი წინადაცვეთის საკითხთან დაკავშირებით არა მხოლოდ კონკრეტული მითითებებით შემოიფარგლებოდა, არამედ უცხოტომელ ქრისტიანებს ანახვებდა, რა უნდა გაეკეთებინათ იეჰოვას კურთხევისა და კეთილგანწყობის მისაღებად. წერილის ძირითად ნაწილში ნათქვამი იყო: „წმინდა სულმა და ჩვენ მართებულად მივიჩნიეთ, მეტი აღარაფერი დაგვეკისრებინა თქვენთვის იმ აუცილებლის გარდა, რომ მოერიდოთ კერპთშენაწირს, სისხლს, დამხრჩვალს და უზნეობას. თუ ამ ყოველივეს მოერიდებით, ხელი მოგემართებათ. მშვიდობით!“ (საქ. 15:28, 29).

      14. როგორ ინარჩუნებს იეჰოვას ხალხი ერთობას უთანხმოებით სავსე ქვეყნიერებაში?

      14 დღეს ასი ათასზე მეტ კრებაში დაახლოებით 8 მილიონი იეჰოვას მოწმე მსახურობს; ისინი ერთნი არიან რწმენითა და საქმით. როგორ შეიძლება ასეთი ერთობა არსებობდეს არეულ და უთანხმოებით სავსე ქვეყნიერებაში? უპირველეს ყოვლისა, ერთიანობა კრების თავის, იესო ქრისტეს ნათელი და შეუვალი ხელმძღვანელობის შედეგია. ქრისტე „ერთგული და გონიერი მონის“, ხელმძღვანელი საბჭოს, მეშვეობით გვხელმძღვანელობს (მათ. 24:45—47). მის მითითებებს ერთგულად მიჰყვება მსოფლიო საძმო, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ასეთ ერთობას.

      გამხნევდნენ და გაიხარეს (საქმეები 15:30—35)

      15, 16. როგორ გადაწყდა წინადაცვეთის საკითხი და რამ განაპირობა შედეგი?

      15 საქმეების მე-15 თავში ვკითხულობთ, რომ ანტიოქიაში ჩასვლის შემდეგ იერუსალიმიდან გაგზავნილმა ძმებმა „შეკრიბეს მოწაფეები და წერილი გადასცეს“. როგორ იმოქმედა იქაურებზე ხელმძღვანელი საბჭოს წერილში მოცემული მითითებების წაკითხვამ? ისინი გამხნევდნენ და დიდად გაიხარეს (საქ. 15:30, 31). გარდა იმისა, რომ წერილი ჩაუტანეს, იუდა და სილა „ძმებს ამხნევებდნენ და განამტკიცებდნენ“. ბარნაბას, პავლესა და სხვა ძმების მსგავსად, ისინიც წინასწარმეტყველები, ანუ ღვთის ნების განმცხადებლები, იყვნენ (საქ. 13:1; 15:32; გამ. 7:1, 2).

      16 აშკარაა, რომ იეჰოვამ წინადაცვეთის საკითხის გადასაჭრელად გადადგმული ყველა ნაბიჯი აკურთხა, რის გამოც ეს საკითხი საუკეთესოდ გადაწყდა. რამ განაპირობა ასეთი შესანიშნავი შედეგი? პირველ რიგში იმან, რომ ღვთის სიტყვაზე დაყრდნობითა და წმინდა სულის ხელმძღვანელობით ხელმძღვანელმა საბჭომ კრებებს ნათელი და დროული მითითებები მისცა; და მეორე — ძმებმა დიდი სიყვარულით გადასცეს კრებებს მიღებული გადაწყვეტილება.

      17. რა ბიბლიური საფუძველი აქვს სარაიონო ზედამხედველების საქმიანობას?

      17 დღეს იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო პირველი საუკუნის ხელმძღვანელი საბჭოს მაგალითს მიჰყვება და დროულ მითითებებს აძლევს მსოფლიო საძმოს. მიღებული გადაწყვეტილებები მას ნათლად და გასაგებად მიაქვს კრებებამდე, მაგალითად, სარაიონო ზედამხედველების მონახულების დროს. ეს თავგანწირული ძმები ერთი კრებიდან მეორეში მიდიან, კრებებს ნათელ მითითებებს აძლევენ და ამხნევებენ. პავლესა და ბარნაბას მსგავსად, რომლებიც „ასწავლიდნენ და სხვებთან ერთად ქადაგებდნენ სასიხარულო ცნობას, იეჰოვას სიტყვას“, ისინიც დიდ დროს უთმობენ მსახურებას (საქ. 15:35) და ჰბაძავენ იუდასა და სილას, რომლებიც „ძმებს ამხნევებდნენ და განამტკიცებდნენ“.

      18. რისი გაკეთება მართებს იეჰოვას ხალხს, მისი მხარდაჭერა რომ არ დაკარგონ?

      18 რა შეიძლება ითქვას კრებებზე? რისი წყალობით ნარჩუნდება კრებების ერთიანობა და მშვიდობა ამ უთანხმოებით სავსე ქვეყნიერებაში? გავიხსენოთ, რა თქვა მოგვიანებით მოწაფე იაკობმა: „ღვთიური სიბრძნე კი, პირველ ყოვლისა, წმინდაა, მერე მშვიდობიანი, კეთილგონიერი, მორჩილი . . . სიმართლის ნაყოფი მშვიდობიან პირობებში ითესება მშვიდობისმყოფელთათვის“ (იაკ. 3:17, 18). როცა იაკობი ამ სიტყვებს წერდა, არ ვიცით, იერუსალიმში შეკრება ჰქონდა თუ არა მხედველობაში; მაგრამ ფაქტია, რომ, როგორც საქმეების მე-15 თავიდან გავიგეთ, სადაც ერთიანობა და თანამშრომლობაა, მხოლოდ იქ არის იეჰოვას მხარდაჭერა.

      19, 20. ა) საიდან ჩანს, რომ ანტიოქიის კრებაში მშვიდობა და ერთობა იყო? ბ) რაზე შეეძლოთ პავლესა და ბარნაბას ყურადღების გადატანა?

      19 მშვიდობა და ერთობა ანტიოქიის კრებაში ადვილად შესამჩნევი იყო. ანტიოქიელ ძმებს არ უკამათიათ იერუსალიმიდან ჩამოსულ ძმებთან, პირიქით, ისინი მადლიერნი იყვნენ იუდასა და სილას სტუმრობისთვის და მხოლოდ მას შემდეგ გაუშვეს ისინი იერუსალიმში მოციქულებსა და უხუცესებთან, რაც „იქ რამდენიმე ხანი დაჰყვეს“ (საქ. 15:33).d შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მოგზაურობიდან დაბრუნებული ძმების მონათხრობით იერუსალიმელი ძმებიც გაიხარებდნენ. იეჰოვას წყალობა იყო ის, რომ მათ ასე კარგად შეასრულეს თავიანთი მისია!

      20 ანტიოქიაში მყოფ პავლესა და ბარნაბას ახლა შეეძლოთ მთელი ყურადღება სამქადაგებლო საქმიანობის ზედამხედველობაზე გადაეტანათ. იმავე საქმეს აკეთებენ სარაიონო ზედამხედველები, როცა მათთვის გამოყოფილ რაიონებში კრებებს ინახულებენ (საქ. 13:2, 3). ეს იეჰოვას ხალხისთვის დიდი კურთხევაა! მომდევნო თავში განვიხილავთ, როგორ აკურთხა იეჰოვამ ეს ორი გულმოდგინე მქადაგებელი და რა გააკეთებინა მათ.

      დედა თავის ქალიშვილთან ერთად კონგრესზე. მათ ხელში უჭირავთ წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“.

      დღეს ქრისტიანები სულიერ საზრდოს ხელმძღვანელი საბჭოსა და მისი წარმომადგენლების მეშვეობით იღებენ.

      „ᲣᲤᲚᲘᲡ ᲫᲛᲐ ᲘᲐᲙᲝᲑᲘ“

      იოსებისა და მარიამის ვაჟი იაკობი „მათეს სახარებაში“ იესოს ნახევარძმების მოხსენიებისას პირველი მოიხსენიება (მათ. 13:54, 55). ასე რომ, ის შესაძლოა მარიამის მეორე შვილი ყოფილიყო. იაკობი იესოსთან ერთად გაიზარდა და ხედავდა, როგორ მსახურობდა ის. შესაძლოა საკუთარი თვალით არ ჰქონდა ნანახი იესოს სასწაულები, მაგრამ გაგონილი მაინც ექნებოდა. მიუხედავად ამისა, დედამიწაზე იესოს მსახურების დროს არც იაკობსა და არც მის ძმებს არ სწამდათ თავიანთი უფროსი ძმის (იოან. 7:5). შესაძლოა იაკობიც იმ ნათესავებთან ერთად ყოფილიყო, ვინც იესოზე ამბობდა, ჭკუაზე შეიშალაო (მარ. 3:21).

      იაკობი გრაგნილს კითხულობს.

      იესოს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მის მიმართ იაკობის დამოკიდებულება შეიცვალა. მართალია, ბერძნულ წერილებში იესოს ნახევარძმის, იაკობის, გარდა კიდევ სამი იაკობია მოხსენიებული, მაგრამ იესო, როგორც ჩანს, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, ზეცად ამაღლებამდე, სწორედ თავის ნახევარძმას ეჩვენა (1 კორ. 15:7). შესაძლოა ამ შემთხვევამ იაკობი მიახვედრა, სინამდვილეში, ვინ იყო მისი უფროსი ძმა. ასეა თუ ისე, იესოს ზეცად ამაღლებიდან 10 დღეც არ იყო გასული, როცა იაკობი დედასთან, ძმებთან და მოციქულებთან ერთად ზედა ოთახში ლოცულობდა (საქ. 1:13, 14).

      იაკობს, როგორც ჩანს, იერუსალიმის კრებაში დიდ პატივს სცემდნენ და შესაძლოა ამ კრების მოციქულს, ანუ გაგზავნილს, უწოდებდნენ (გალ. 1:18, 19). იაკობი კრებაში ერთ-ერთი ხელმძღვანელი ძმა იყო, რაც იქიდანაც ჩანს, რომ საპყრობილიდან ანგელოზის ხელით გათავისუფლების შემდეგ პეტრემ მოწაფეებს უთხრა: „ეს ყველაფერი იაკობსა და ძმებს შეატყობინეთო“ (საქ. 12:12, 17). როცა წინადაცვეთის საკითხი იერუსალიმში „მოციქულებსა და უხუცესებს“ უნდა განეხილათ, შეხვედრას, როგორც ჩანს, იაკობი უძღვებოდა (საქ. 15:6—21). მოციქულმა პავლემ დაწერა, რომ იაკობი, კეფა (პეტრე) და მოციქული იოანე იერუსალიმის კრების „ბურჯებად ითვლებოდნენ“ (გალ. 2:9). მრავალი წლის შემდეგ იერუსალიმში მესამე მისიონერული მოგზაურობიდან დაბრუნებული პავლე სწორედ იაკობთან მივიდა, „სადაც ყველა უხუცესი შეკრებილიყო“ (საქ. 21:17—19).

      იაკობმა, რომელსაც პავლე „უფლის ძმას“ უწოდებდა, ბიბლიის ერთ-ერთი წიგნი — „იაკობის წერილი“ — დაწერა (გალ. 1:19). თავის წერილში იაკობმა თავმდაბლად თქვა, რომ „ღვთისა და უფალ იესო ქრისტეს მონა“ იყო და არა მოციქული ან იესოს ძმა (იაკ. 1:1). იაკობის წერილიდან ჩანს, რომ ის იესოს მსგავსად სამყაროსა და ადამიანის ბუნებას აკვირდებოდა. ჭეშმარიტება ადვილად გასაგები რომ გაეხადა, იაკობს მაგალითებად მოჰყავდა აზვირთებული ტალღები, მთვარისა და ვარსკვლავების ნათება, მცხუნვარე მზე, ნაზი ყვავილები, ხანძარი და მოთვინიერებული ცხოველები (იაკ. 1:6, 11, 17; 3:5, 7). ღვთის წმინდა სულის დახმარებით იაკობმა კარგად იცოდა ადამიანის ბუნება, აზროვნება და საქციელი, რისი წყალობითაც სხვებთან ჯანსაღი ურთიერთობის შესანარჩუნებლად საჭირო რჩევები მოგვცა (იაკ. 1:19, 20; 3:2, 8—18).

      პავლეს სიტყვები, რომლებიც 1 კორინთელების 9:5-შია ჩაწერილი, მიანიშნებს, რომ იაკობს ცოლი ჰყავდა. ბიბლიაში არაფერია ნათქვამი, თუ როდის, სად და როგორ მოკვდა იაკობი. იუდეველმა ისტორიკოსმა იოსებ ფლავიუსმა დაწერა, რომ ახ. წ. დაახლოებით 62 წელს რომაელი გამგებლის პორციუს ფესტუსის სიკვდილიდან მალევე, სანამ მისი მემკვიდრე, ალბინუსი დაიწყებდა მმართველობას, მღვდელმთავარმა ანანუსმა (იგივე ანანია) „შეკრიბა სინედრიონის მოსამართლეები და მათ წინაშე მიიყვანა კაცი სახელად იაკობი, იმ იესოს ძმა, რომელსაც ქრისტეს ეძახდნენ, და კიდევ სხვები“. როგორც იოსებ ფლავიუსი ამბობდა, ანანუსი „მათ ბრალს დებდა კანონის დარღვევაში და მათი ჩაქოლვა ბრძანა“.

      a იხილეთ ჩარჩო „უფლის ძმა იაკობი“.

      b იაკობი გონივრულად მოიქცა, როცა მოსეს სიტყვები მოიხსენია, რომლებშიც კანონებიც ეწერა და ისიც, თუ კანონის მიცემამდე როგორ ეპყრობოდა ღმერთი თავის მსახურებს და რას ითხოვდა მათგან. მაგალითად, „დაბადებიდან“ კარგად ჩანს ღვთის თვალსაზრისი სისხლზე, მრუშობასა და კერპთაყვანისმცემლობაზე (დაბ. 9:3, 4; 20:2—9; 35:2, 4). ამგვარად იეჰოვამ საყოველთაო პრინციპები გააცხადა, და ეს პრინციპი ეხებოდა ყველას, როგორც იუდეველს, ისე უცხოტომელს.

      c იხილეთ ჩარჩო „დღევანდელი ხელმძღვანელი საბჭო“.

      d ზოგ თარგმანში 34-ე მუხლში ნათქვამია, რომ სილამ არჩია, ანტიოქიაში დარჩენილიყო (საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მუხლი შედარებით ახალ ხელნაწერებში იქნა ჩამატებული.

  • „დიდი დავა . . . მოუვიდათ“
    საგულდაგულოდ იქადაგეთ ღვთის სამეფოზე
    • ᲗᲐᲕᲘ 13

      „დიდი დავა . . . მოუვიდათ“

      ხელმძღვანელ საბჭოს წინადაცვეთის საკითხის გადაჭრა სთხოვეს.

      საქმეები 15:1—12

      1—3. ა) რამ შეუქმნა საფრთხე ადრინდელი ქრისტიანული კრების ერთიანობას? ბ) რას ვისწავლით „საქმეების“ წიგნიდან განსახილველი ამ მონაკვეთიდან?

      ᲞᲐᲕᲚᲔ და ბარნაბა პირველი მისიონერული მოგზაურობიდან ახალი დაბრუნებულები არიან სირიის ანტიოქიაში. მათ სიხარულს საზღვარი არა აქვს, რადგან იეჰოვამ „რწმენის კარი გაუღო უცხოტომელებს“ (საქ. 14:26, 27). ანტიოქიაში ბევრი ლაპარაკობს სასიხარულო ცნობაზე. უცხოტომელთაგან „დიდძალი ხალხი“ უერთდება კრებას (საქ. 11:20—26).

      2 კრების ზრდის ამბავი მალე იუდეაში ჩადის, მაგრამ ეს ყველას როდი ახარებს. უცხოტომელთა მოქცევა კიდევ უფრო ამწვავებს წინადაცვეთაზე წამოჭრილ კამათს. როგორი უნდა იყოს იუდეველ მორწმუნეებსა და არაიუდეველ მორწმუნეებს შორის ურთიერთობა და რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ არაიუდეველ მორწმუნეებს მოსეს კანონის მიმართ? კამათი იმდენად სერიოზულ სახეს იღებს, რომ ქრისტიანული კრების ერთიანობას საფრთხე ემუქრება. როგორ გადაიჭრება ეს საკამათო საკითხი?

      3 „საქმეების“ წიგნიდან განსახილველი ეს მონაკვეთი ბევრ რამეს გვასწავლის. ის დაგვეხმარება, გონივრულად ვიმოქმედოთ განხეთქილების გამომწვევი საკითხების წამოჭრისას.

      „წინადაიცვითეთ“ (საქმეები 15:1)

      4. რომელ არასწორ შეხედულებას უჭერდა მხარს ზოგი და რა კითხვა წამოიჭრება?

      4 მოწაფე ლუკა წერს: „იუდეიდან რამდენიმე კაცი ჩამოვიდა და ძმებს ასწავლიდა, წინადაიცვითეთ, როგორც ამას მოსეს კანონი მოითხოვს, თორემ ვერ გადარჩებითო“ (საქ. 15:1). დაზუსტებით ვერ ვიტყვით, ეს კაცები გაქრისტიანებამდე ფარისევლები იყვნენ თუ არა. მაგრამ, როგორც ჩანს, კანონის კირკიტა ფარისეველთა აზროვნება გავლენას ახდენდა მათზე. ისინი შესაძლოა ცრუობდნენ და ამბობდნენ, რომ მოციქულებისა და იერუსალიმში მყოფი სხვა უხუცესების სახელით ლაპარაკობდნენ (საქ. 15:23, 24). რატომ გამოდიოდნენ იუდეველი მორწმუნეები წინადაცვეთის დამცველებად მაშინ, როცა 13 წლის წინ მოციქულ პეტრეს ღვთის ხელმძღვანელობით წინადაუცვეთელი უცხოტომელები ქრისტიანებად ჰყავდა მონათლული? (საქ. 10:24—29, 44—48).a

      5, 6. ა) რატომ ფიქრობდა ზოგი იუდეველი ქრისტიანი, რომ წინადაცვეთა აუცილებელი იყო? ბ) იყო წინადაცვეთა აბრაამთან დადებული შეთანხმების ნაწილი? ახსენით (იხილეთ სქოლიო).

      5 მიზეზი შეიძლება ბევრი რამ ყოფილიყო. პირველ რიგში წინადაცვეთა იეჰოვას მიერ იყო დადგენილი და მასთან განსაკუთრებულ ურთიერთობაზე მიანიშნებდა. იეჰოვამ წინადაცვეთა კანონის საფუძველზე დადებულ შეთანხმებამდე აბრაამისა და მისი სახლეულობისგან მოითხოვა, მოგვიანებით კი კანონის ნაწილად აქცია (ლევ. 12:2, 3).b მოსეს კანონის თანახმად ხიზნებისგანაც მოითხოვებოდა წინადაცვეთა, რათა ისრაელთა დღესასწაულებში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონოდათ, მაგალითად, საპასექო ვახშამი ეჭამათ (გამ. 12:43, 44, 48, 49). ამგვარად იუდეველებისთვის წინადაუცვეთელი კაცი უწმინდური და საზიზღარი იყო (ეს. 52:1).

      6 იუდეველი მორწმუნეებისგან რწმენა და თავმდაბლობა მოითხოვებოდა ახალ სწავლებასთან შესაგუებლად. ახალმა შეთანხმებამ კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმება შეცვალა, ამიტომ იუდეველებად დაბადებულები თავისთავად ღვთის ხალხის ნაწილი არ ხდებოდნენ. ქრისტე რომ ეღიარებინათ და წინადაუცვეთელი უცხოტომელები მიეღოთ, იუდეასა და მის გარეთ მცხოვრებ იუდეველ ქრისტიანებს სიმამაცე მოეთხოვებოდათ (იერ. 31:31—33; ლუკ. 22:20).

      7. რას ვერ ჩასწვდა იუდეიდან ჩასული „რამდენიმე კაცი“?

      7 რა თქმა უნდა, ღვთის ნორმები არ შეცვლილა. ამას ისიც ამტკიცებს, რომ ახალ შეთანხმებაში მოსეს კანონის არსი ჩანდა (მათ. 22:36—40). მაგალითად, წინადაცვეთაზე პავლემ მოგვიანებით დაწერა: „იუდეველია ის, ვინც შინაგანად არის ასეთი და ვისი გულიც წინადაცვეთილია სულით და არა დაწერილი კანონით“ (რომ. 2:29; კან. 10:16). იუდეიდან ჩასულ „რამდენიმე კაცს“ არ ესმოდა ეს ჭეშმარიტება და იმას ამტკიცებდა, რომ ღმერთს არ გაუუქმებია წინადაცვეთის მოთხოვნა. მივიდოდნენ ისინი საღ აზრამდე?

      ᲘᲣᲓᲐᲘᲖᲛᲘᲡ ᲓᲐᲛᲪᲕᲔᲚᲗᲐ ᲨᲔᲮᲔᲓᲣᲚᲔᲑᲔᲑᲘ

      ზოგიერთები, ვისაც თავი ქრისტიანებად მოჰქონდათ, პირველი საუკუნის ხელმძღვანელი საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგაც ჯიუტად წამოჭრიდნენ ხოლმე წინადაცვეთის საკითხს. მოციქული პავლე მათ ცრუძმებს უწოდებდა, რომლებსაც „ქრისტეს შესახებ ცნობის დამახინჯება“ უნდოდათ (გალ. 1:7; 2:4; ტიტ. 1:10).

      როგორც ჩანს, იუდაიზმის დამცველთა მიზანი იუდეველთა გულის მოლბობა და დევნის თავიდან არიდება იყო (გალ. 6:12, 13). მათი აზრით, ადამიანს ის გაამართლებდა, რაც მოსეს კანონით იყო გათვალისწინებული, მაგალითად, გარკვეული საკვების არ მიღება, წინადაცვეთა და იუდეველთა დღესასწაულების აღნიშვნა (კოლ. 2:16).

      მათ, ვინც ამ შეხედულებებს იზიარებდნენ, უცხოტომელ თანამორწმუნეებთან არ სიამოვნებდათ ურთიერთობა. სამწუხაროდ, ასეთი უმართებულო გრძნობები ზოგიერთ სამაგალითო იუდეველ ქრისტიანსაც ჰქონდა. მაგალითად, ანტიოქიაში ჩასული იერუსალიმელი ქრისტიანები უცხოტომელი ძმებისგან შორს იჭერდნენ თავს. პეტრეც კი ჩამოშორდა მათ; მანამდე თუ უცხოტომელებთან თავისუფალი ურთიერთობა ჰქონდა, ახლა აღარც კი ჭამდა მათთან ერთად. პეტრემ ის პრინციპი დაარღვია, რომელსაც ადრე გულმოდგინედ იცავდა. ამის გამო, პავლემ ის გაკიცხა (გალ. 2:11—14).

      „დავა და უთანხმოება“ (საქმეები 15:2)

      8. რატომ გადასცეს წინადაცვეთის საკითხი განსახილველად ხელმძღვანელ საბჭოს?

      8 ლუკა განაგრძობს თხრობას: „როცა პავლესა და ბარნაბას მათთან [იუდეიდან ჩასულ რამდენიმე კაცთან] დიდი დავა და უთანხმოება მოუვიდათ, გადაწყდა, რომ პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი ძმა მოციქულებთან და უხუცესებთან წასულიყვნენ იერუსალიმში ამ საკითხის გადასაჭრელად“ (საქ. 15:2).c „დავა და უთანხმოება“ იმაზე მეტყველებს, რომ როგორც ერთი, ისე მეორე მხარე დარწმუნებული იყო თავის სისწორეში და ამას საკმაოდ მძაფრად გამოხატავდა, ანტიოქიის კრება კი ვერ მოერია ამ პრობლემას. მშვიდობისა და ერთიანობის შესანარჩუნებლად კრებამ გონივრულად გადაწყვიტა, რომ ეს საკითხი განსახილველად იერუსალიმში ხელმძღვანელი საბჭოსთვის — „მოციქულებისა და უხუცესებისთვის“ — გადაეცათ. რას ვსწავლობთ ანტიოქიელი უხუცესების მაგალითიდან?

      იერუსალიმის კრების ზოგი წევრი ედავება პავლეს და ბარნაბას.

      ზოგი დაჟინებით მოითხოვდა, უცხოტომელებმა მოსეს კანონი დაიცვანო.

      9, 10. რა მაგალითი მოგვცეს ანტიოქიელმა ძმებმა, პავლემ და ბარნაბამ?

      9 მათი მაგალითიდან იმას ვსწავლობთ, რომ უნდა ვენდოთ ღვთის ორგანიზაციას. ანტიოქიელმა ძმებმა იცოდნენ, რომ ხელმძღვანელი საბჭოს ყველა წევრი წარმოშობით იუდეველი იყო, მაგრამ ეჭვი არ შეჰპარვიათ იმაში, რომ ისინი წინადაცვეთის საკითხს წმინდა წერილების მიხედვით გადაწყვეტდნენ. რატომ ფიქრობდნენ ასე? კრება დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა საქმეს წმინდა სულითა და ქრისტიანული კრების თავის, იესო ქრისტეს, ხელით წარმართავდა (მათ. 28:18, 20; ეფეს. 1:22, 23). რთული საკითხების წამოჭრისას, მოდი, ჩვენც მივბაძოთ ანტიოქიელ ძმებს, მივენდოთ ღვთის ორგანიზაციას და ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარ ხელმძღვანელ საბჭოს.

      10 ეს შემთხვევა თავმდაბლობისა და მოთმინების აუცილებლობასაც უსვამს ხაზს. პავლესა და ბარნაბას უშუალოდ წმინდა სულმა დაავალა უცხოტომელებისთვის ქადაგება, მაგრამ მათ ეს უფლებამოსილება არ გამოუყენებიათ იმისათვის, რომ წინადაცვეთის საკითხი ანტიოქიაშივე გადაეჭრათ (საქ. 13:2, 3). უფრო მეტიც, პავლემ მოგვიანებით დაწერა: „იქ [იერუსალიმში] იმიტომ წავედი, რომ გამოცხადება მივიღე“. ეს სიტყვები იმაზე მიუთითებს, რომ ამ საქმეში ღვთის ხელი ერია (გალ. 2:2). პავლესა და ბარნაბას მსგავსად, უხუცესები დღესაც ცდილობენ, თავმდაბლები და მომთმენები იყვნენ ისეთი საკითხების წამოჭრისას, რომლებიც შეიძლება საკამათო გახდეს. საკუთარი აზრის გატანის ნაცვლად, ისინი იეჰოვას ხელმძღვანელობას მიჰყვებიან — იკვლევენ წმინდა წერილებს და ითვალისწინებენ ერთგული და გონიერი მონის მითითებებს (ფილ. 2:2, 3).

      11, 12. რატომ არის მნიშვნელოვანი, დაველოდოთ იეჰოვას?

      11 იეჰოვა სანამ ნათელს მოჰფენს ამა თუ იმ საკითხს, შეიძლება ლოდინი მოგვიწიოს. გვახსოვდეს, რომ პავლეს თანამედროვეებს დაახლოებით ცამეტი წელი მოუწიათ ლოდინი — ახ. წ. 36 წელს კორნელიუსის სულით ცხებიდან ახ. წ. 49 წლამდე — ვიდრე იეჰოვა საბოლოოდ გადაჭრიდა უცხოტომელთა წინადაცვეთის საკითხს. რატომ მანამდე არ გაეცა ამ კითხვას პასუხი? ღმერთმა, ალბათ, საჭიროდ ჩათვალა, რომ იუდეველებისთვის ასეთ დიდ ცვლილებასთან შესაგუებლად დრო მიეცა. ბოლოს და ბოლოს პატარა საქმე ხომ არ იყო მათ საყვარელ წინაპართან, აბრაამთან 1900 წლის წინ დადებული შეთანხმების გაუქმება?! (იოან. 16:12).

      12 მართლაც დიდი პატივია, ჩვენი მომთმენი და კეთილი ზეციერი მამა გვასწავლიდეს და გვძერწავდეს! შედეგი ყოველთვის სასურველია და ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება (ეს. 48:17, 18; 64:8). ასე რომ, არასდროს ვიყოთ ამაყნი და არ დავიჟინოთ ჩვენი, არ შევხვდეთ კრიტიკულად არც ორგანიზაციულ ცვლილებებს და არც ზოგიერთი მუხლის ახლებურ ახსნას (ეკლ. 7:8). თუ შევნიშნეთ, რომ ამ საკითხებში თუნდაც მცირედით მოვიკოჭლებთ, ვილოცოთ და ვიფიქროთ საქმეების მე-15 თავში მოცემულ პრინციპებზე.d

      13. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას მოთმინებაში?

      13 მოთმინება მაშინაც შეიძლება საჭირო იყოს, როცა მათ ვასწავლით ბიბლიას, ვისაც უჭირს არაბიბლიურ მოძღვრებებსა და წეს-ჩვეულებებზე უარის თქმა. ასეთ შემთხვევაში შემსწავლელის გულის მოსამზადებლად საკმარისი დრო უნდა მივცეთ ღვთის სულს (1 კორ. 3:6, 7), და ღმერთს დახმარება უნდა ვთხოვოთ. იეჰოვა სწორედ საჭირო დროს და საჭირო სახით დაგვანახვებს, რისი გაკეთება იქნება გონივრული (1 იოან. 5:14).

      ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲛᲝᲬᲛᲔᲔᲑᲘᲡ ᲛᲠᲬᲐᲛᲡᲘᲡ ᲡᲐᲤᲣᲫᲕᲔᲚᲘ ᲑᲘᲑᲚᲘᲐᲐ

      ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ისტორიის მანძილზე ღმერთი თანდათანობით ჰფენდა ნათელს თავის განზრახვებს, რაც კარგად ჩანს ადრინდელი ქრისტიანული კრების მაგალითიდან (იგავ. 4:18; დან. 12:4, 9, 10; საქ. 15:7—9). იეჰოვას ხალხი თავის რელიგიურ შეხედულებებს დღესაც ღვთის მიერ გამჟღავნებული ჭეშმარიტებისამებრ ცვლის და არ ცდილობს მათთვის ბიბლიის მორგებას. ამ ფაქტს ისინიც აღიარებენ, ვინც იეჰოვას მოწმეები არ არიან. მაგალითად, ჯეისონ ბე დიუნი, ჩრდილოეთ არიზონის (აშშ) უნივერსიტეტის რელიგიურ მეცნიერებათა პროფესორის თანაშემწე, წერდა, რომ იეჰოვას მოწმეები ბიბლიას „გულწრფელი უბრალოებით უდგებიან; მათი მრწამსის და საქმეების საფუძველი მხოლოდ და მხოლოდ ბიბლიაა; ისინი ბიბლიაში იმის დანახვას არ ცდილობენ, რაც იქ არ წერია“.

      „დაწვრილებით უყვებოდნენ“ გამამხნევებელ შემთხვევებს (საქმეები 15:3—5)

      14, 15. როგორ სცა პატივი ანტიოქიის კრებამ პავლეს, ბარნაბასა და სხვა ძმებს, და რატომ შეიძლება ითქვას, რომ ეს ძმები გამხნევების წყარო აღმოჩნდნენ თანაქრისტიანებისთვის?

      14 ლუკა განაგრძობს თხრობას: „ისინი კრებამ გააცილა. ფინიკიისა და სამარიის გავლისას იქაურ ძმებს დაწვრილებით უყვებოდნენ უცხოტომელების მოქცევის შესახებ, რაც მათ ძალიან ახარებდათ“ (საქ. 15:3). დამშვიდობებისას პავლე, ბარნაბა და სხვა ძმები კრებამ გააცილა, და ამით ქრისტიანული სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს. მათ დიდად სურდათ, რომ ღმერთს მხარდაჭერა არ მოეკლო მათთვის. ანტიოქიელი ძმები კიდევ ერთ შესანიშნავ მაგალითს გვაძლევენ. ვცემთ პატივს სულიერ და-ძმებს, განსაკუთრებით კი უხუცესებს, რომლებიც „სიტყვასა და სწავლების საქმეში ბევრს ირჯებიან“? (1 ტიმ. 5:17).

      15 იერუსალიმში მიმავალი ძმები ფინიკიასა და სამარიაში მცხოვრები ქრისტიანებისთვის გამხნევების წყარო აღმოჩნდნენ, „დაწვრილებით უყვებოდნენ“ მათ უცხოტომელებთან მსახურების შემთხვევებს. მსმენელებს შორის, ალბათ, იუდეველი ქრისტიანებიც იყვნენ, რომლებმაც სტეფანეს ჩაქოლვის შემდეგ შეაფარეს თავი ფინიკიასა და სამარიას. ის, თუ როგორ აკურთხებს დღეს იეჰოვა მოწაფეების მომზადების საქმეს, განსაკუთრებით იმ ძმებს ამხნევებს, რომლებსაც განსაცდელების ატანა უწევთ. ყოველთვის ესწრებით ქრისტიანულ შეხვედრებსა და კონგრესებს, სადაც ამგვარ მაგალითებს ჰყვებიან, და კითხულობთ ჩვენს პუბლიკაციებში დაბეჭდილ თუ ვებგვერდზე jw.org განთავსებულ შემთხვევებსა და ბიოგრაფიებს?

      16. საიდან ჩანს, რომ წინადაცვეთის საკითხი საყოველთაო მსჯელობის საგნად იქცა?

      16 ანტიოქიიდან სამხრეთით მიმავალმა ძმებმა დაახლოებით 550 კილომეტრი გაიარეს და იერუსალიმში ჩავიდნენ. ლუკა წერს: „იერუსალიმში რომ ჩავიდნენ, მოციქულებმა, უხუცესებმა და მთელმა კრებამ გულთბილად მიიღეს ისინი და მათგან ბევრი რამ მოისმინეს იმის შესახებ, რაც ღმერთმა მათი მეშვეობით მოიმოქმედა“ (საქ. 15:4). მაგრამ მოციქულებისა და უხუცესებისგან განსხვავებით «ფარისეველთა სექტის წევრები, რომლებმაც ირწმუნეს, წამოდგნენ და თქვეს: „აუცილებელია, რომ წინადაიცვითონ და მოსეს კანონი დაიცვან!“» (საქ. 15:5). აშკარაა, რომ არაიუდეველ ქრისტიანთა წინადაცვეთის საკითხი უკვე საყოველთაო მსჯელობის საგნად იყო ქცეული და გადაჭრას მოითხოვდა.

      „მოციქულები და უხუცესები შეიკრიბნენ“ (საქმეები 15:6—12)

      17. ვინ მსახურობდა პირველი საუკუნის ხელმძღვანელ საბჭოში და რატომ შეიძლებოდა ემსახურათ უხუცესებს მოციქულებთან ერთად?

      17 იგავების 13:10-ში ნათქვამია: „ვინც რჩევას ეძებს, ბრძენია“. ამ მუხლში მოცემული ბრძნული პრინციპის თანახმად, „[წინადაცვეთის] საკითხის განსახილველად მოციქულები და უხუცესები შეიკრიბნენ“ (საქ. 15:6). „მოციქულები და უხუცესები“ მაშინდელი ქრისტიანული კრების ინტერესებს იცავდნენ, ისევე, როგორც დღევანდელი ქრისტიანული კრების ინტერესებს ხელმძღვანელი საბჭო იცავს. რატომ მსახურობდნენ უხუცესები მოციქულებთან ერთად? მოგეხსენებათ, რომ მოციქული იაკობი მოკლეს, მოციქული პეტრე კი დროის გარკვეულ მონაკვეთში საპყრობილეში იჯდა. შესაძლოა დანარჩენი მოციქულებიც შეხვდნენ მსგავს განსაცდელებს. სხვა გამოცდილ სულითცხებულ ძმებთან თანამშრომლობა ხელმძღვანელ საბჭოს კრების ხელმძღვანელობას გაუადვილებდა.

      18, 19. რა თქვა პეტრემ და რა დასკვნამდე უნდა მისულიყვნენ მისი მსმენელები?

      18 ლუკა წერს: «დიდხანს იმსჯელეს; ბოლოს პეტრე ადგა და უთხრა მათ: „ძმებო, კარგად იცით, რომ თავდაპირველად ღმერთმა თქვენ შორის მე ამირჩია, რათა უცხოტომელებს ჩემგან მოესმინათ სასიხარულო ცნობა და ერწმუნათ. გულთამხილავმა ღმერთმაც დაანახვა მათ, რომ მოიწონა, როცა ჩვენსავით მათაც მისცა წმინდა სული. ჩვენ და მათ შორის არანაირი განსხვავება არ გაუკეთებია და მათი გულები მათივე რწმენის გამო განწმინდა» (საქ. 15:7—9). ერთ ნაშრომში აღნიშნულია, რომ ბერძნული სიტყვა, რომელიც მეშვიდე მუხლში ნათარგმნია როგორც „იმსჯელეს“, „ძიებასაც“ ნიშნავს. როგორც ჩანს, ძმებს განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ, რომელსაც გულწრფელად გამოხატავდნენ.

      19 პეტრეს დამაჯერებელმა სიტყვებმა ყველას შეახსენა, რომ ის თავად იყო ახ. წ. 36 წელს პირველი წინადაუცვეთელი უცხოტომელების, კორნელიუსისა და მისი შინაურების, წმინდა სულით ცხების მომსწრე. ასე რომ, თუ იეჰოვა აღარ ასხვავებდა იუდეველებს არაიუდეველებისგან, თვითონ რა უფლებით უნდა განესხვავებინათ?! მორწმუნეების გულებს ხომ ქრისტეს მიმართ რწმენა წმენდს და არა მოსეს კანონის დაცვა (გალ. 2:16).

      20. რა გაგებით სცდიდნენ ღმერთს წინადაცვეთის მხარდამჭერნი?

      20 ღვთის სიტყვისა და წმინდა სულის უტყუარი მოწმობით პეტრემ ასეთი დასკვნა გააკეთა: „მაშ, რატომ სცდით ღმერთს და რატომ ადგამთ მოწაფეებს კისერზე უღელს, რომლის ტარება ვერც ჩვენმა მამა-პაპამ შეძლო და ვერც ჩვენ?! ჩვენ გვწამს, რომ უფალ იესოს წყალობამ ჩვენც გვიხსნა და ის ხალხიც“ (საქ. 15:10, 11). წინადაცვეთის მხარდამჭერნი ღვთის მოთმინებას სცდიდნენ. ისინი უცხოტომელებისგან ისეთი კანონების შესრულებას მოითხოვდნენ, რომლებსაც თვითონ იუდეველები ბოლომდე ვერ ასრულებდნენ, კანონის შეუსრულებლობის გამო კი სიკვდილს იმსახურებდნენ (გალ. 3:10). პეტრეს იუდეველი მსმენელები მადლიერები უნდა ყოფილიყვნენ იესოს სახით გამოვლენილი ღვთის წყალობისთვის.

      21. რა წვლილი შეიტანეს ბარნაბამ და პავლემ განხილვაში?

      21 როგორც ჩანს, პეტრეს მსჯელობამ თავის მიზანს მიაღწია, რადგან „ყველანი დადუმდნენ“. შემდეგ პავლე და ბარნაბა „მრავალი სასწაულისა და საკვირველების შესახებ ჰყვებოდნენ, რომლებიც ღმერთმა მათი მეშვეობით უცხოტომელთა შორის მოიმოქმედა“ (საქ. 15:12). ახლა უკვე მოციქულებს და უხუცესებს შეეძლოთ ყველა ფაქტის აწონ-დაწონა და წინადაცვეთის საკითხში ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ღვთის ნებასთან იქნებოდა შეთანხმებული.

      22—24. ა) როგორ მიჰყვება ხელმძღვანელი საბჭო პირველი საუკუნის ხელმძღვანელი საბჭოს მაგალითს? ბ) როგორ უნდა მიჰყვნენ თეოკრატიას უხუცესები?

      22 დღესაც ხელმძღვანელი საბჭოს წევრები ერთად შეკრებისას ხელმძღვანელობისთვის ღვთის სიტყვას მიმართავენ და ღმერთს გულწრფელად სთხოვენ წმინდა სულს (ფსალმ. 119:105; მათ. 7:7—11). ხელმძღვანელი საბჭოს თითოეული წევრი წინასწარ იღებს განსახილველი საკითხების სიას, რათა იფიქროს და ილოცოს ამ საკითხებზე (იგავ. 15:28). შეხვედრის დროს სულითცხებული ძმები თავისუფლად და ურთიერთპატივისცემით გამოხატავენ თავიანთ აზრს. მსჯელობისას ხშირად მიმართავენ ბიბლიას.

      23 კრების უხუცესებმა უნდა მიჰბაძონ მათ. თუ უხუცესების შეხვედრის შემდეგ სერიოზული საკითხი გადაუჭრელი რჩება, უხუცესთა საბჭომ შეიძლება ფილიალს ან ფილიალის წარმომადგენელს, მაგალითად, სარაიონო ზედამხედველს, მიმართოს დახმარებისთვის. საჭიროების შემთხვევაში ფილიალს შეუძლია ხელმძღვანელ საბჭოს მისწეროს.

      24 იეჰოვა მხარს დაუჭერს მათ, ვინც ემორჩილება თეოკრატიას, თავმდაბალი, ერთგული და მომთმენია. მომდევნო თავში დავინახავთ, რომ ღმერთი ასეთებს ჭეშმარიტი მშვიდობით, სულიერი კეთილდღეობითა და ქრისტიანული ერთობით აჯილდოებს.

      a იხილეთ ჩარჩო „იუდაიზმის დამცველთა შეხედულებები“.

      b წინადაცვეთის შეთანხმება არ შედიოდა აბრაამთან დადებულ შეთანხმებაში, რომელიც დღემდე ძალაშია. აბრაამთან დადებული შეთანხმება ძვ. წ. 1943 წელს შევიდა ძალაში, როცა ქანაანისკენ მიმავალმა 75 წლის აბრაამმა (ჯერ კიდევ აბრამმა) მდინარე ევფრატი გადაკვეთა. წინადაცვეთის შეთანხმება ღმერთმა მოგვიანებით, ძვ. წ. 1919 წელს, დაუდო, როცა აბრაამი 99 წლისა იყო (დაბ. 12:1—8; 17:1, 9—14; გალ. 3:17).

      c როგორც ჩანს, იერუსალიმში გაგზავნილ ხალხს შორის იყო ბერძენი ქრისტიანი ტიტე, რომელიც მოგვიანებით ერთგულად მსახურობდა პავლესთან ერთად და მის მაგივრადაც ინახულებდა ძმებს (გალ. 2:1; ტიტ. 1:4). ტიტე თვითონ იყო იმის თვალსაჩინო მაგალითი, რომ წინადაუცვეთელი უცხოტომელი შეიძლებოდა სულითცხებული ქრისტიანი ყოფილიყო (გალ. 2:3).

      d იხილეთ ჩარჩო „იეჰოვას მოწმეების მრწამსის საფუძველი ბიბლიაა“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება