-
„ვინ შემაძრწუნებს?!“საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ივლისი
-
-
მიენდეთ ღმერთს
9, 10. რაში გვარწმუნებს ფსალმუნის 27:10?
9 დავითის შემდეგი სიტყვებიდან ჩანს, რომ ის ენდობოდა იეჰოვას: „დედ-მამასაც რომ მივეტოვებინე, იეჰოვა ამიყვანდა“ (ფსალმ. 27:10). 1 სამუელის 22-ე თავიდან ვიგებთ, რომ დავითი მშობლებს არ მიუტოვებია. თუმცა დღეს ბევრი ოჯახისგან გარიყულია, ისინი დახმარებასა და მფარველობას მოსიყვარულე ქრისტიანული კრებიდან იღებენ.
10 თუ იეჰოვა მზად არის, მხარი დაუჭიროს თავის მსახურებს, როცა სხვები უარყოფენ მათ, ნუთუ სხვა სახის განსაცდელის დროს არ დაეხმარება? მაგალითად, როცა ვწუხვართ იმაზე, თუ როგორ ვიზრუნოთ ჩვენს ოჯახზე მატერიალურად, ნუთუ არ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვა არ დაგვტოვებს დახმარების გარეშე? (ებრ. 13:5, 6). მას ესმის ყველა თავისი ერთგული მსახურის მდგომარეობა და მოთხოვნილებები.
11. როგორ მოქმედებს სხვებზე ის, რომ ჩვენ იეჰოვას ვენდობით? მოიყვანეთ მაგალითი.
11 განვიხილოთ ლიბერიაში მცხოვრები ვიქტორიას შემთხვევა, რომელიც ბიბლიას სწავლობს. ის უკვე მონათვლისთვის ემზადებოდა, როცა კაცმა, რომელთანაც ცხოვრობდა, მიატოვა ის და მისი სამი შვილი. მიუხედავად იმისა, რომ არც სახლი ჰქონდა და არც სამუშაო, ის სულიერად წინ მიიწევდა. ვიქტორიას ნათლობის შემდეგ მისმა 13 წლის ქალიშვილმა ფულით სავსე საფულე იპოვა. რომ არ ცდუნებულიყვნენ, მათ გადაწყვიტეს, არც კი დაეთვალათ ფული. ნაცვლად ამისა, ისინი დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ ჯარისკაცს, ვისიც იყო ეს საფულე. ჯარისკაცმა უთხრა მათ, ყველა რომ იეჰოვას მოწმეების მსგავსად კეთილსინდისიერი იყოს, მთელ მსოფლიოში ბევრად უკეთესი და მშვიდობიანი მდგომარეობა იქნებოდაო. ვიქტორიამ მას ბიბლიიდან აჩვენა იეჰოვას დანაპირები ახალ ქვეყნიერებასთან დაკავშირებით. მისი პატიოსნებით მოხიბლულმა ჯარისკაცმა ვიქტორიას საკმაოდ სოლიდური თანხა აჩუქა. იეჰოვას მოწმეებს პატიოსანი ადამიანების რეპუტაცია აქვთ, რადგან სჯერათ, რომ იეჰოვა იზრუნებს მათზე.
12. რას ცხადვყოფთ, როცა განვაგრძობთ იეჰოვასადმი მსახურებას მატერიალური დანაკარგის მიუხედავად? მოიყვანეთ მაგალითი.
12 ვნახოთ, სიერა-ლეონეში მცხოვრები ერთი მოუნათლავი მაუწყებლის ტომასის შემთხვევა. მან საშუალო სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ერთი წელი ისე იმუშავა, რომ ხელფასი არ მიუღია, რადგან მისი განცხადება განხილვის პროცესში იყო. ბოლოს, ხელფასის მისაღებად ის უნდა გასაუბრებოდა სკოლის ადმინისტრატორს, რომელიც მღვდელი იყო. მღვდელმა უთხრა, რომ იეჰოვას მოწმეების მრწამსი არ შეესაბამებოდა სკოლაში სხვების მრწამსს. მან ტომასი არჩევნის წინაშე დააყენა — ან სამუშაო, ან რწმენა. ტომასმა დაკარგა არა მარტო სამსახური, არამედ ერთი წლის ანაზღაურებაც, მაგრამ იპოვა სხვა სამსახური. მან რადიოებისა და მობილური ტელეფონების შემკეთებლად დაიწყო მუშაობა. ამ და სხვა მრავალი მაგალითიდან ვხედავთ, რომ მათგან განსხვავებით, ვისაც ქონების დაკარგვის პანიკური შიში აქვს, იეჰოვას მსახურები სრულად ენდობიან ყველაფრის შემოქმედს და თავისი ხალხის დამცველს.
13. როგორ მიმდინარეობს სამქადაგებლო საქმიანობა იმ ქვეყნებში, სადაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა?
13 იმ ქვეყნებში, სადაც ცუდი საცხოვრებელი პირობებია, სამეფოს მაუწყებლები განსაკუთრებით აქტიურად ქადაგებენ. რატომ? ერთი ფილიალი გვატყობინებს: „ბევრი, ვინც ბიბლიას სწავლობს, უმუშევარია, ამიტომ მეტი დრო აქვს ბიბლიის შესასწავლად. ძმებსაც უფრო მეტი დრო აქვთ ქადაგებისთვის. მათ, ვისაც უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება, არ სჭირდებათ იმის თქმა, რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ. ისინი თვითონ ხედავენ, რა ხდება გარშემო“. ერთი მისიონერი, რომელიც 12 წელზე მეტია იმ ქვეყანაში მსახურობს, სადაც თითო მაუწყებელს საშუალოდ 3-ზე მეტი ბიბლიის შესწავლა აქვს, ამბობს: „მაუწყებელთა უმრავლესობა უბრალოდ ცხოვრობს; მათ ნაკლები ხელისშემშლელი ფაქტორი აქვთ, ამიტომ შეუძლიათ მეტი დრო დაუთმონ სამქადაგებლო საქმიანობასა და ბიბლიის შესწავლას“.
14. როგორ დაიცავს ღმერთი უამრავ ხალხს?
14 იეჰოვა დაგვპირდა, რომ დაეხმარებოდა, დაიცავდა და იხსნიდა თავის ხალხს, როგორც ჯგუფს, ფიზიკურადაც და სულიერადაც; და ჩვენ გვჯერა მისი (ფსალმ. 37:28; 91:1—3). ისინი, ვინც „დიდ გასაჭირს“ გადაიტანენ, მართლაც ბევრნი იქნებიან (გამოცხ. 7:9, 14). იეჰოვა არ დაუშვებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ეს ხალხი განადგურდეს. ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან ყველაფრით, რაც აუცილებელია განსაცდელების გადასატანად და იეჰოვასთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად. იეჰოვა თავის ხალხს დიდი გასაჭირის ბოლო ეტაპზეც დაიცავს.
-
-
„ვინ შემაძრწუნებს?!“საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ივლისი
-
-
16 შიშის მიზეზი არ გვექნება, თუ იეჰოვას უფლებას მივცემთ, გვიხელმძღვანელოს და სიმართლის გზაზე წაგვიძღვეს. შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ერთმა პიონერმა იპოვა სამუშაო, რომელიც მთელ ოჯახს სრული დროით მსახურების გაგრძელების საშუალებას მისცემდა. გასაუბრებაზე მისულს მენეჯერმა უთხრა, რომ ასეთ სამუშაოს ვერასოდეს მიიღებდა, რადგან მას უმაღლესი განათლება არ ჰქონდა. თქვენთვის რომ ამავე მიზეზით ეთქვათ უარი სამსახურზე, ინანებდით, რომ უმაღლესი განათლების მიღების ნაცვლად სრული დროით მსახურება დაიწყეთ? ორი კვირის შემდეგ ეს მენეჯერი გაათავისუფლეს და ახალმა მენეჯერმა ჰკითხა ძმას მისი მიზნების შესახებ. ძმამ გულახდილად უპასუხა, რომ ის და მისი მეუღლე იეჰოვას მოწმეები იყვნენ, სრული დროით მსახურობდნენ და არ აპირებდნენ ასეთი მსახურების შეწყვეტას. სანამ ის კიდევ რამეს იტყოდა, მენეჯერმა უთხრა: „ვხვდებოდი, რომ სხვებისგან განსხვავებული იყავი. როცა მამაჩემი სიკვდილის პირას იყო, ყოველდღე ორი იეჰოვას მოწმე მოდიოდა და ბიბლიას უკითხავდა მას. მაშინ პირობა დავდე, თუ ოდესმე მომეცემოდა შესაძლებლობა, დავხმარებოდი იეჰოვას მოწმეებს, ამას აუცილებლად გავაკეთებდი“. მეორე დღეს ამ ძმამ სწორედ ის სამუშაო მიიღო, რაზეც ყოფილმა მენეჯერმა უარი უთხრა. მართლაც, თუ სამეფო ინტერესებს პირველ ადგილზე ვაყენებთ, იეჰოვა არასოდეს დაგვტოვებს მატერიალური მხარდაჭერის გარეშე (მათ. 6:33).
-