ოჯახი — უკიდურეს მდგომარეობაში
„და ცხოვრობდნენ იმ დღიდან მოყოლებული ტკბილად და ბედნიერად“. დღეს ეს იდეალური ვითარება სულ უფრო და უფრო ნაკლებ ქორწინებებს ეხება. ქორწინების აღთქმა, რომ ეყვარებათ ერთმანეთი „ჭირსა თუ ლხინში“ მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ხშირად მხოლოდ უბრალო სიტყვებად რჩება. ბედნიერი ოჯახის შექმნა წააგავს ლატარეას, სადაც მოგების მცირე შესაძლებლობაა.
1960—1990 წლებში დასავლეთის უმეტეს ინდუსტრიულ ქვეყნებში განქორწინება ორზე მეტჯერ გაიზარდა. ზოგ ქვეყანაში კი გაოთხმაგდა. მაგალითად შვედეთში ყოველწლიურად 35 000 ოჯახი იქმნება და აქედან, დაახლოებით, ნახევარი ინგრევა, რომელთა მსხვერპლიც 45 000-ზე მეტი ბავშვი ხდება. ქორწინების გარეშე ერთად მცხოვრებნი უფრო ხშირად შორდებიან ერთმანეთს, რაც ათი ათასობით ბავშვზე ახდენს გავლენას. ანალოგიური მდგომარეობაა მთელ დედამიწაზე, როგორც მე-5 გვერდზე მოთავსებული ცხრილიდან შეგვიძლია დავინახოთ.
მართალია ოჯახების დანგრევა ისტორიაში სიახლე არ არის. ძვ. წ. XVIII საუკუნეში „ხამურაბის კანონები“ ისეთ კანონებს შეიცავდა, რომელიც გაყრის უფლებას რთავდა ბაბილონეთში. „მოსეს რჯულიც“, რომელიც ძვ. წ. XVI საუკუნეში დაიწერა, ისრაელებს გაყრის ნებას აძლევდა (მეორე რჯული 24:1). მაგრამ ოჯახური კვანძები არასოდეს ყოფილა ისე სუსტი, როგორც XX საუკუნეში. ათწლეულზე მეტი ხნის წინ, გაზეთის მიმომხილველმა დაწერა: „50 წლის შემდეგ ალბათ აღარ გვექნება ტრადიციული ოჯახები. ისინი შეიძლება სხვადასხვა კატეგორიის ჯგუფებმა შეცვალონ“. და როგორც ჩანს ეს ტენდენცია მის აზრს ადასტურებს. ოჯახები ისე სწრაფად ინგრევა, რომ კითხვა: „გადარჩებიან კი ისინი?“ სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება.
რატომ არის ასე ძნელი ამდენი წყვილისთვის ერთად ყოფნა და ოჯახის შენარჩუნება? რა საიდუმლო აქვთ მათ, ვინც დიდი ხნის მანძილზე შეხმატკბილებულად ცხოვრობენ და ბედნიერად აღნიშნავენ ვერცხლისა და ოქროს ქორწილებს? მაგალითად, 1983 წელს გამოქვეყნებული იყო, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, აზერბაიჯანში, 116 და 126 წლის ასაკში თავიანთი ქორწინების 100 წლის იუბილე აღნიშნა ცოლ-ქმარმა.
რა საფრთხე არსებობს?
მრავალ ქვეყანაში ოფიციალური გაყრის საფუძველი მრუშობა, მორალური და ფიზიკური შეურაცხყოფა, მიტოვება, ალკოჰოლიზმი, იმპოტენცია, ფსიქიური დაავადება, ბიგამია ან ნარკომანიაა. მაგრამ, უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ქორწინებისადმი დამოკიდებულება და ოჯახის ტრადიციული ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, განსაკუთრებით კი უკანასკნელ ათწლეულებში. ქორწინებისადმი პატივისცემა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში წმინდად ითვლებოდა, დაირღვა. მუსიკის, კინო-ფილმების, ტელესერიალებისა და პოპულარული ლიტერატურის ხარბი შემქმნელები განადიდებენ, ეგრეთ წოდებულ, სექსუალურ თავისუფლებას, უზნეობას, თავაშვებულ მოქმედებასა და ეგოისტური ცხოვრების წესს. ისინი ხელს უწყობენ ისეთი კულტურის განვითარებას, რომელიც ბილწავს როგორც ახალგაზრდების, ასევე მოხუცების გულსა და გონებას.
1996 წლის გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ამერიკელთა 22 პროცენტს მიაჩნია, რომ ქორწინების გარეშე კავშირი, ზოგჯერ, ქორწინებისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს. შვედეთის ერთ-ერთი ცნობილი გაზეთის სპეციალური გამოცემა მანდილოსნებს გაყრისკენ მოუწოდებდა, რადგანაც „მხოლოდ ეს შეძლებდა მდგომარეობის გამოსწორებას“ (Aftonblated). ზოგიერთი ცნობილი ფსიქოლოგი და ანთროპოლოგი იმასაც კი ფიქრობს, რომ ევოლუციამ ადამიანი ისე „დააპროგრამა“, რომ ყოველ რამდენიმე წელში მეუღლე უნდა გამოიცვალოს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ისინი ამბობენ, რომ ქორწინების გარეშე კავშირი და გაყრა ჩვეულებრივი რამ არის. ზოგიერთი იმასაც კი ამტკიცებს, რომ მშობლების გაყრა შეიძლება შვილებისთვის კარგიც იყოს, რომელიც შეამზადებს მათ თავიანთი გაყრისთვის!
ბევრ ახალგაზრდას აღარ სურს ტრადიციულ ოჯახში ცხოვრება, მამასთან, დედასთან და და-ძმებთან. „ვერ წარმომიდგენია მთელი სიცოცხლე ერთი და იგივე პიროვნებასთან ცხოვრება“, — ნაცნობი აზრია. „ქორწინება შობის დღესასწაულის მსგავსია, ზღაპარია. არ მჯერა მისი“, — თქვა 18 წლის დანიელმა ახალგაზრდამ. „რა საჭიროა გათხოვება და მომსახურება,“ — განაცხადა ირლანდიის „ქალთა ეროვნული კონსილიუმის“ წარმომადგენელმა, ნორინ ბერნმა. „მათთან მხოლოდ გართობა ღირს. . . მრავალ მანდილოსანს სჯერა, რომ მამაკაცებს არსებობისთვის არ საჭიროებენ“.
მარტოხელამშობლიანი ოჯახების ზრდა
მთელ ევროპაში ასეთი დამოკიდებულების გამო მარტოხელადედიანი ოჯახების რიცხვი იზრდება. ზოგიერთი ამ მარტოხელა მშობლებიდან მოზარდია, რომელიც მოულოდნელ ფეხმძიმობას შეცდომად არ თვლის. ზოგიერთ ქალს სურს, ბავშვი მარტომ გაზარდოს. დედების უმეტესობა რამდენიმე ხნით ცხოვრობენ შვილის მამასთან და სულაც არ ფიქრობენ მათზე დაქორწინებას. გასულ წელს ერთ-ერთი ჟურნალის წამყვანი თემა განიხილავდა საკითხს „რა ანგრევს ქორწინებას?“ (Newsweek). სტატიაში აღნიშნული იყო, რომ უკანონოდ დაბადებული ბავშვების სწრაფი პროცენტული ზრდაა ევროპაში და როგორც ჩანს, არავის აწუხებს ეს. ამ მხრივ შვედეთი შეიძლება მოწინავე იყოს იმით, რომ ბავშვების 50% უკანონოდაა დაბადებული. დანიასა და ნორვეგიაში თითქმის 50% და საფრანგეთსა და ინგლისში დაახლოებით ყოველი მესამე ბავშვი უკანონოდაა დაბადებული.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო ათწლეულებში ერთიანი ოჯახები დრამატულად ეცემა. ერთ ცნობაში ნათქვამია: „1960 წელს. . . ბავშვების 9 პროცენტს მარტოხელა მშობლები ზრდიდნენ. 1990 წლისთვის ეს რიცხვი 25%-მდე გაიზარდა. დღეს ამერიკელი ბავშვების 27,1% დაბადებულია მარტოხელამშობლიან ოჯახში და ეს რიცხვი დღესაც იზრდება. . . 1970 წლიდან მარტოხელა მშობელთა რიცხვი ორზე მეტჯერ გაიზარდა. დღეს ტრადიციული ოჯახები ისეთ საფრთხეშია, რომ მოშლის ზღურბლზე დგას, — ამბობს ზოგი მკვლევარი“.
იმ ქვეყნებში, სადაც რომის კათოლიკური ეკლესია თავის მორალურ ავტორიტეტს კარგავს, მარტოხელა მშობელთა რიცხვი იზრდება. იტალიური ოჯახების ნახევარიც კი არ შედგება დედ-მამისა და შვილებისგან. ტრადიციულ ოჯახებს ცვლის უშვილო, მარტოხელამშობლიანი ოჯახები.
ზოგიერთ ქვეყანაში მატერიალური კეთილდღეობა, ფაქტობრივად, ხელს უწყობს ხალხს, არ დაქორწინდნენ. მარტოხელა დედები, რომლებიც მატერიალურ დახმარებას იღებენ, დაკარგავენ მას, თუ დაქორწინდებიან. დანიაში მარტოხელა დედები დამატებით იღებენ ბავშვის ფულს და ზოგიერთ ადგილზე არასრულწლოვან დედებს დამატებით ეძლევათ ფული და ყველანაირი გადასახადისგან თავისუფლდებიან. როგორც ჩანს, ფულია მიზეზი. ალფ ბ. სვენსონი ამბობს, რომ შვედეთში განქორწინების შემთხვევაში საჭიროა 250 ათასი დოლარიდან 375 ათას დოლარამდე გადახდა, რაც სუბსიდის, კომუნალური მომსახურების გადასახადისა და სოციალურ უზრუნველყოფას ხმარდება.
ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები, როგორც ჩანს, ან ცოტას აკეთებენ, ან არაფერს ცდილობენ ოჯახებს შორის დამანგრეველი ტენდენციის შესაჩერებლად. ბევრი მღვდელი და სასულიერო პირი ებრძვის საკუთარი ოჯახის კრიზისს და ამიტომ უუნარონი არიან სხვებისთვის დახმარების გასაწევად. ზოგი კი გაყრის მომხრეა. 1996 წლის 15 აპრილის ზემოხსენებული შვედეთის გაზეთი იუწყებოდა, რომ ბრადფორდელმა (ინგლისი) მოძღვარმა, სტივენ ოლენმა, გაყრის საგანგებო პროცესი შეადგინა, რომელსაც მიიჩნევს, რომ ოფიციალურად უნდა დადგინდეს ბრიტანეთის ყველა ეკლესიაში. „ეს ადამიანს ეხმარება მომხდარის გადატანაში. ეს ეხმარება მათ გაიგონ, რომ ღმერთს ჯერ კიდევ უყვარს ისინი და ათავისუფლებს მათ ტკივილისგან“.
და მაინც, საიდან წარმოიშვა ოჯახი? არსებობს მისი გადარჩენის იმედი? შეუძლიათ ცალკეულ ოჯახებს დაიცვან თავიანთი ერთიანობა ასეთი ძლიერი საფრთხისგან? ყურადღება მიაქციეთ შემდეგ სტატიას.
[ცხრილი 5 გვერდზე]
ზოგიერთ ქვეყანაში ყოველწლიური ქორწინება-გაყრის სტატისტიკური მონაცემები.
ქვეყანა წელი ქორწინება გაყრა
ავსტრალია 1993 113 255 48 324
გერმანია 1993 442 605 156 425
დანია 1993 31 507 12 991
დიდი ბრიტანეთი 1992 356 013 174 717
ესტონეთი 1993 7 745 5 757
იაპონია 1993 792 658 188 297
კანადა 1992 164 573 77 031
კუბა 1992 191 837 63 432
მალდივის კ-ბი 1991 4 065 2 659
ნორვეგია 1993 19 464 10 943
პუერტო-რიკო 1992 34 222 14 227
რუსეთი 1993 1 106 723 663 282
საფრანგეთი 1991 280 175 108 086
აშშ 1993 2 334 000 1 187 000
შვედეთი 1993 34 005 21 673
ჩეხეთი 1993 66 033 30 227
(გაეროს „1994 წლის დემოგრაფიულ წელიწდეულზე“ [1994 Demographic Yearbook] დაყრდნობით).