-
საიდან მოდის ინფორმაცია?სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება
-
-
მოძრავი მანქანები
მუზეუმში სიწყნარეა. დგახართ და ფიქრობთ, უჯრედის ბირთვიც მუზეუმივით უძრავია თუ არა. ამ დროს ვიტრინასთან, რომლის მიღმაც დნმ-ის მოდელია, ხედავთ წარწერას: „დააჭირეთ ღილაკს და დაიწყება ჩვენება“. თქვენ თითს აჭერთ ღილაკს. ამ დროს ირთვება მთხრობელის ხმა: „დნმ-ს სულ მცირე ორი მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. ერთ-ერთი არის რეპლიკაცია. უნდა შეიქმნას დნმ-ის ასლი, რათა ყოველ ახალ უჯრედში ერთნაირი გენეტიკური ინფორმაციის სრული ასლი იყოს. ახლა შეგიძლიათ უყუროთ ამ პროცესის იმიტაციას“.
ერთ-ერთი კარიდან შემოდის უცნაური შესახედაობის მანქანა. სინამდვილეში ეს მანქანა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული რობოტებისგან შედგება. ის მიემართება დნმ-კენ, მას ემაგრება და მის გასწვრივ ისე იწყებს გადაადგილებას, როგორც მატარებელი მოძრაობს ლიანდაგზე. ის იმდენად სწრაფად მოძრაობს, რომ ვერ ხედავთ, რას აკეთებს. მაგრამ იმას კი ხედავთ, რომ დნმ-ზე მანქანის გავლის შემდეგ ერთი თოკის ნაცვლად ორი თოკი რჩება.
მთხრობელი განაგრძობს: «აქ საკმაოდ გამარტივებულად არის ნაჩვენები, თუ რა ხდება დნმ-ის რეპლიკაციის დროს. მოლეკულური მანქანების ჯგუფი ანუ ფერმენტები მიუყვებიან დნმ-ს, შუაზე ხლეჩენ მას და შემდეგ მის თითოეულ ძაფს ახალი, მისი კომპლემენტური ძაფის შესაქმნელად იყენებენ. შეუძლებელია ამ პროცესში ჩართული ყველა დეტალი გაჩვენოთ, მაგალითად პაწაწინა მექანიზმი, რომელიც რეპლიკაციური მანქანის წინ მიდის და ჭრის დნმ-ის ერთ მხარეს, რათა დნმ-მა თავისუფლად იტრიალოს და ძალიან მჭიდროდ არ დაეხვეს. ვერც იმას გაჩვენებთ, როგორ „იკითხება“ დნმ რამდენიმეჯერ, როგორ ხდება მასში შეცდომების აღმოჩენა და გასწორება საოცარი სიზუსტით» (იხილეთ სქემა, გვერდები 16, 17).
მთხრობელი განაგრძობს: «ჩვენ შეგვიძლია გაჩვენოთ, რა სისწრაფით მოძრაობს ეს მანქანა. როგორც შენიშნეთ, ის საკმაოდ დიდი სისწრაფით მოძრაობს. ფერმენტის მანქანა დნმ-ის „ლიანდაგზე“ წამში დაახლოებით 100 საფეხურზე ანუ ნუკლეოტიდების წყვილზე გადაადგილდება.23 ეს „ლიანდაგი“ ჩვეულებრივი რკინიგზის ლიანდაგის ზომის რომ იყოს, „მატარებელი“ 80 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებდა. ბაქტერიაში სარეპლიკაციო მანქანები ათჯერ უფრო სწრაფად მოძრაობენ. ადამიანის უჯრედში ასობით ასეთი სარეპლიკაციო მანქანა სხვადასხვა ადგილას იწყებს გადაადგილებას დნმ-ის „ლიანდაგზე“. ისინი მთელი გენომის ასლს რვა საათში აკეთებენ».24 (იხილეთ ჩარჩო, „მოლეკულა, რომლის ასლი კეთდება და იკითხება“, გვერდი 20).
-