მკითხველთა შეკითხვები
„იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო კარიდან. რადგან, გეუბნებით, მრავალი ეცდება შესვლას და ვერ შეძლებს“, — მოგვიწოდა იესომ (ლუკა 13:24). რას გულისხმობდა ის და როგორ გამოიყენება ეს დღეს?
ამ საინტერესო ნაწყვეტს უკეთ გავიგებთ, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რა მიზეზითაც ითქვა ის. სიკვდილამდე დაახლოებით ექვსი თვით ადრე იესო იერუსალიმში იყო ტაძრის ხელახლა მიძღვნის ყოველწლიურ დღესასწაულზე. ის ლაპარაკობდა ღვთის ცხვრის მწყემსობაზე, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ მთლიანობაში იუდეველები არ იყვნენ ასეთ ცხვარს შორის, რადგან ისინი უარს ამბობდნენ მოსმენაზე. როცა მან თქვა, რომ თვითონ და მამამისი „ერთი“ იყვნენ, იუდეველებმა ქვებს დაავლეს ხელი მის ჩასაქოლად. მან იორდანეს გაღმა არსებულ პერეას შეაფარა თავი (იოანე 10:1–40).
იქ ერთმა მამაკაცმა ჰკითხა: „უფალო, ნუთუ ცოტანი გადარჩებიან?“ (ლუკა 13:23). მისი მხრიდან ეს მართებული შეკითხვა იყო, რადგან იმ დროის იუდეველები თვლიდნენ, რომ მხოლოდ განსაზღვრული რიცხვი დაიმსახურებდა გადარჩენას. მათი განწყობილებიდან გამომდინარე, ძნელი არაა მიხვედრა, თუ ვის გულისხმობდნენ ამ ცოტაში. როგორ ცდებოდნენ ისინი, როგორც ამას მოგვიანებით განვითარებული მოვლენები აჩვენებდა!
დაახლოებით ორი წლის განმავლობაში იესო მათ შორის იყო — ასწავლიდა, სასწაულებს ახდენდა და შესაძლებლობას აძლევდა, ზეციერი სამეფოს მემკვიდრეები გამხდარიყვნენ. რა შედეგით? ისინი, განსაკუთრებით კი მათი წინამძღოლები, ამაყობდნენ, რომ აბრაამის შთამომავლები იყვნენ და ღვთის რჯული ჰქონდათ მინდობილი (მათე 23:2; იოანე 8:31–44). მაგრამ მათ არ აღიარეს კეთილი მწყემსის ხმა და არ გამოეხმაურნენ მას. ეს ჰგავდა მათ წინაშე ფართოდ გაღებულ კარს, რომლით შესვლისთვისაც მთავარ ჯილდოს სამეფოს წევრობა წარმოადგენდა, მაგრამ მათ უარი თქვეს. მხოლოდ შედარებით მცირე რაოდენობამ — უმთავრესად, დაბალი ფენის წარმომადგენლებიდან — მოისმინა იესოს ცნობა ჭეშმარიტებაზე, გამოეხმაურა მას და დარჩა იესოსთან (ლუკა 22:28–30; იოანე 7:47–49).
ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის დროს ეს უკანასკნელები მათ შორის იყვნენ, რომლებიც სულით უნდა ცხებულიყვნენ (საქმეები 2:1–38). ისინი არ იყვნენ იესოს მიერ მოხსენიებულ უსამართლობის მოქმედთა შორის, რომლებიც ტირილსა და კბილების ღრჭენას მოჰყვებოდნენ იმის გამო, რომ არ ისარგებლეს მათთვის შეთავაზებული შესაძლებლობით (ლუკა 13:27, 28).
მაშასადამე, პირველ საუკუნეში ‘მრავალში’ შედიოდნენ იუდეველები მთლიანობაში, განსაკუთრებით კი — რელიგიური წინამძღოლები. ისინი აცხადებდნენ, რომ სურდათ ღვთის კეთილგანწყობილების მოპოვება, — ოღონდ ღვთის კი არა, არამედ თავიანთი ნორმებითა და გზებით. ამის საპირისპიროდ, შედარებით „ცოტანი“, რომლებიც გულწრფელად დაინტერესდნენ სამეფოს წევრობით, გახდნენ ქრისტიანული კრების ცხებული წევრები.
ახლა ყურადღება მიაქციეთ უფრო ფართო გამოყენებას, რომელიც ჩვენს დროში ხდება. ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებში აურაცხელ პიროვნებას ასწავლეს, რომ ზეცაში წავლენ. მაგრამ ეს მისწრაფება არაა დაფუძნებული საღვთო წერილის ზუსტ სწავლებებზე. როგორც ადრე იუდეველების შემთხვევაში, ამათაც მხოლოდ თავიანთი პირობებით სურთ ღვთის კეთილგანწყობილების მოპოვება.
მაგრამ ჩვენს დროში არიან შედარებით ცოტანი, რომლებიც თავმდაბლურად გამოეხმაურნენ ცნობას სამეფოს შესახებ, თავი მიუძღვნეს იეჰოვას და მისი კეთილგანწყობილება მოიპოვეს. შედეგად ამისა, ისინი „სასუფევლის ძენი“ გახდნენ (მათე 13:38). ასეთი ცხებული ‘ძეების’ მოწვევა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე დაიწყო. იეჰოვას მოწმეები დიდი ხანია თვლიან, რომ ღვთის ურთიერთობა თავის ხალხთან იმაზე მიანიშნებს, რომ, ძირითადად, ზეციერი კლასის წევრები უკვე მოწოდებული არიან. აქედან გამომდინარე, მათ, რომლებმაც ბიბლიური ჭეშმარიტება ბოლო წლებში გაიგეს, ესმით, რომ ამჟამად დედამიწაზე სამოთხეში მარადიული ცხოვრების იმედი ვრცელდება. მათ რიცხობრივად გადააჭარბეს იმ ცხებულ ქრისტიანთა დარჩენილ ნაწილს, რომლებსაც ნამდვილად ზეცაში წასვლის იმედი აქვთ და რომელთა რაოდენობაც კლებულობს. ლუკას 13:24 არ ეხება უშუალოდ იმათ, რომლებიც არ ელიან ზეცაში წასვლას, მაგრამ ის, რასაკვირველია, მათთვის ბრძნულ რჩევას შეიცავს.
მოწოდებით — იღვაწეთო — იესო არ ამბობდა, რომ თვითონ ან მამამისი დაბრკოლებებს გვიქმნიან ხელის შესაშლელად. მაგრამ ლუკას 13:24-დან ვგებულობთ, რომ ღვთის მოთხოვნები გამორიცხავს უღირსებს. „იღვაწეთ“ — ამაში იგულისხმება ბრძოლა, მთელი ძალების მოხმარება. ამგვარად, შეგვეძლო გვეკითხა საკუთარი თავისთვის: „ვახმარ მთელ ძალებს?“ ლუკას 13:24-ის პარაფრაზირება ასე შეიძლება: „უნდა ვიღვაწო, რათა შევიდე ვიწრო კარიდან, რადგან მრავალი ეცდება შესვლას და ვერ შეძლებს. მაშ, ნამდვილად ვიღვწი? ვგავარ ანტიკურ სტადიონზე მყოფ ათლეტს, რომელიც ყოველ ღონეს ახმარს ჯილდოს მოპოვებას? არც ერთი ათლეტი არ იქნებოდა მოდუნებული და დამშვიდებული. მე?“
იესოს სიტყვებიდან გამომდინარე, ზოგი შეიძლება ეცადოს ‘კარიდან შესვლას’ — მხოლოდ ისე, რომ მათთვის იყოს ხელსაყრელი, აუჩქარებლად, როგორც თვითონ ამჯობინებენ. ასეთმა განწყობილებამ შეიძლება ცალკეულ მოწმეებზეც იმოქმედოს. ზოგი შეიძლება მსჯელობდეს: „მე ვიცნობ ერთგულ ქრისტიანებს, რომლებიც წლების მანძილზე ძალებს არ იშურებდნენ და მრავალ მსხვერპლს იღებდნენ; მაგრამ მათი სიკვდილის დროისთვის ამ ბოროტი სისტემის აღსასრული ჯერ კიდევ არ მოდის. ამიტომ იქნებ უკეთესი იყოს, რომ შევანელო სვლა და უფრო ნორმალურად ვიცხოვრო“.
ასე ფიქრი ადვილია, მაგრამ ნამდვილად ბრძნულია? მაგალითად, ფიქრობდნენ ასე მოციქულები? რა თქმა უნდა, არა. ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას ისინი აძლევდნენ ყველაფერს, რაც გააჩნდათ, — და ამას აკეთებდნენ თვით სიკვდილამდეც კი. მაგალითად, პავლეს შეეძლო ეთქვა: „[ქრისტეს] ვქადაგებთ ჩვენ. . . ამისათვის მეც ვშრომობ და ვიღწვი მისი ძალით, რომელიც ძლიერად მოქმედებს ჩემში“. მოგვიანებით ის წერდა: „იმისათვის ვშრომობთ კიდეც და ვიღწვით, რომ მინდობილი ვართ ცოცხალ ღმერთზე, რომელიც მაცხოვარია ყველა ადამიანისა, უფრო მეტად კი მორწმუნეთა“ (კოლასელთა 1:28, 29; 1 ტიმოთე 4:10).
ჩვენ ვიცით, რომ პავლე სრულიად სწორად იქცეოდა, რომ იღვწოდა. როგორი კმაყოფილები ვიქნებოდით თითოეული, რომ შეგვძლებოდა, პავლესავით გვეთქვა: „კეთილი ბრძოლით ვიბრძოდი, განვლე ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნე“ (2 ტიმოთე 4:7). ამგვარად, იესოს სიტყვების შესაბამისად, რომლებიც ლუკას 13:24-შია ჩაწერილი, თითოეულს შეგვეძლო გვეკითხა საკუთარი თავისთვის: «ვარ თუ არა გულმოდგინე და მუყაითი? დიახ, საკმარისად, მუდმივად ვამტკიცებ, რომ გულთან ახლოს მიმაქვს იესოს შეგონება: „იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო კარიდან“?»