ყველამ ანგარიში უნდა ჩააბაროს ღმერთს
„ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისათვის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს“ (რომაელთა 14:12).
1. რა საზღვრები ჰქონდა ადამისა და ევას თავისუფლებას?
იეჰოვა ღმერთმა ჩვენი პირველი მშობლები, ადამი და ევა, ნების თავისუფლებით შექმნა. თუმცა ანგელოზებზე უფრო დაბალი მდგომარეობა ეკავათ, ისინი გონიერი ქმნილებები იყვნენ და ბრძნული გადაწყვეტილებების მიღება შეეძლოთ (ფსალმუნი 8:5, 6). მაგრამ ღვთისგან მიღებული ასეთი თავისუფლება არ ნიშნავდა ნებართვას დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაზე. ისინი ვალდებულნი იყვნენ, ანგარიში ჩაებარებინათ თავიანთი შემოქმედის წინაშე და ეს ვალდებულება ყველა მათ შთამომავალზე ვრცელდება.
2. ვის მოსთხოვს იეჰოვა მალე ანგარიშს და რატომ?
2 ახლა, როცა ბოროტი სისტემის კულმინაციურ წერტილს ვუახლოვდებით, იეჰოვა მთელ დედამიწას მოსთხოვს ანგარიშს (შეადარე რომაელთა 9:28). მალე, უღვთო ადამიანებს იეჰოვა ღმერთის წინაშე მოუწევთ ანგარიშის ჩაბარება დედამიწის სიმდიდრეების დატაცების, ადამიანთა სიცოცხლის მოსპობისა და, განსაკუთრებით, მისი მსახურების დევნისთვის (გამოცხადება 6:10; 11:18).
3. რომელი საკითხები იქნება განხილული?
3 ამ გამომაფხიზლებელი სურათის შემხედვარეები, სასარგებლოა, დავფიქრდეთ იეჰოვას სამართლიან დამოკიდებულებაზე თავის ქმნილებებთან წარსულში. პირადად ჩვენ როგორ გვეხმარება საღვთო წერილი, მოსაწონი ანგარიში ჩავაბაროთ ჩვენს შემოქმედს? რომელი მაგალითები შეიძლება იყოს სასარგებლო და რომლებს არ უნდა მივბაძოთ?
ანგელოზები ვალდებულნი არიან, ჩააბარონ ანგარიში
4. საიდან ვიცით, რომ ღმერთი პასუხს აგებინებს ანგელოზებს მათი ქცევისთვის?
4 იეჰოვას ზეციერი ქმნილებები, ანგელოზები, ისეთივე ვალდებულნი არიან, ჩააბარონ ანგარიში, როგორც ჩვენ. ნოეს დღეებში მომხდარ წარღვნამდე ქალებთან სექსუალური კავშირის დასამყარებლად ზოგიერთმა ურჩმა ანგელოზმა ხორცი შეისხა. როგორც ნების თავისუფლების მქონე ქმნილებებს, ამ სულებს შეეძლოთ ასეთი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ღმერთმა პასუხი აგებინა. სულიერ სფეროში ურჩი ანგელოზების დაბრუნებისას იეჰოვამ არ დაუშვა, რომ მათ თავდაპირველი ადგილი დაეკავებინათ. მოწაფე იუდა გვეუბნება, რომ ისინი ‘საუკუნო ბორკილებისა და წყვდიადის ქვეშ არიან შემონახული, რათა დიად დღეს განკითხულნი იქნენ’ (იუდა 6).
5. სად იქნენ ჩამოყრილი სატანა და მისი დემონები და რა ფასად დაუჯდებათ აჯანყება?
5 მმართველად ამ ურჩ ანგელოზებს, ანუ დემონებს, სატანა ეშმაკი ჰყავთ (მათე 12:24–26). ეს ბოროტი ანგელოზი აუჯანყდა თავის შემოქმედს და ეჭვის ქვეშ დააყენა იეჰოვას უზენაესი მმართველობის კანონიერება. სატანამ ცოდვა ჩაადენინა ჩვენს პირველ მშობლებს, ხოლო ამან, საბოლოოდ, ისინი სიკვდილამდე მიიყვანა (დაბადება 3:1–7, 17–19). თუმცა ამის შემდეგ იეჰოვამ დაუშვა, რომ ზეციერ ეზოებში სატანას მისასვლელი ჰქონოდა, ბიბლიური წიგნი, „გამოცხადება“, წინასწარმეტყველებდა, რომ ღვთის მიერ დანიშნულ დროს ეს ბოროტი არსება ჩამოგდებული იქნებოდა დედამიწის მიდამოებში. ფაქტები ნათელყოფს, რომ ეს მოხდა მას შემდეგ ცოტა ხანში, რაც 1914 წელს იესო ქრისტემ სამეფო ძალაუფლება მიიღო. ბოლოს ეშმაკი და მისი დემონები საუკუნოდ განადგურდებიან. უზენაეს მმართველობასთან დაკავშირებული საკამათო საკითხის საბოლოოდ გადაჭრით აჯანყების გამო ანგარიში სამართლიანად იქნება გასწორებული (იობი 1:6–12; 2:1–7; გამოცხადება 12:7–9; 20:10).
ღვთის ძე ვალდებულია, ჩააბაროს ანგარიში
6. როგორ უყურებდა იესო მამის წინაშე ანგარიშის ჩაბარების ვალდებულებას?
6 რა შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა ღვთის ძემ, იესო ქრისტემ! როგორც ადამის თანასწორ, სრულყოფილ მამაკაცს, იესოს ძალიან უხაროდა ღვთის ნების შესრულება. მას აგრეთვე ახარებდა, რომ ვალდებული იყო, ანგარიში ჩაებარებინა იეჰოვასთვის კანონის შესრულებასთან დაკავშირებით. მის შესახებ ფსალმუნმომღერალმა სათანადოდ იწინასწარმეტყველა: „შენი სურვილის შესრულება მინდოდა, ღმერთო, და რჯული შენი ჩემს გულშია“ (ფსალმუნი 39:9; ებრაელთა 10:6–9).
7. სიკვდილის წინა ღამეს ლოცვისას, რატომ შეეძლო იესოს იოანეს 17:4, 5-ში ჩაწერილი სიტყვების წარმოთქმა?
7 სიძულვილით აღსავსე წინააღმდეგობის მიუხედავად, იესომ შეასრულა ღვთის ნება და წამების ძელზე სიკვდილამდე უმწიკვლო დარჩა. ამრიგად, მან გადაიხადა ადამის ცოდვით გამოწვეული სასიკვდილო შედეგებისგან კაცობრიობის გამოსასყიდი ფასი (მათე 20:28). ამიტომ, სიკვდილის წინა ღამეს იესოს გაბედულად შეეძლო, ელოცა: „მე განგადიდე დედამიწაზე: აღვასრულე შენი საქმე, რაც მომეცი, რომ გამეკეთებინა. ახლა კი, შენ განმადიდე მამაო, იმავე დიდებით, რაც მქონდა შენთან წუთისოფლის გაჩენამდე“ (იოანე 17:4, 5). იესოს შეეძლო თავისი ზეციერი მამისთვის ამ სიტყვებით მიმართვა, რადგან ის წარმატებით აბარებდა ანგარიშს და მოსაწონი იყო ღვთისთვის.
8. ა) როგორ ცხადყო პავლემ, რომ საკუთარ თავზე უნდა ჩავაბაროთ ანგარიში იეჰოვა ღმერთს? ბ) რა დაგვეხმარება ღვთის მოწონების მოპოვებაში?
8 სრულყოფილი მამაკაცისგან, იესო ქრისტესგან, განსხვავებით, ჩვენ არასრულყოფილები ვართ. მიუხედავად ამისა, ვალდებულები ვართ, ანგარიში ჩავაბაროთ ღმერთს. მოციქულმა პავლემ თქვა: «შენ რატომ განიკითხავ შენს ძმას? ანდა რატომ ამცირებ შენს ძმას? ჩვენ ხომ ყველანი წარვდგებით ღვთის სამსჯავროს წინაშე. რადგან წერია: „მე ცოცხალი ვარ, — ამბობს უფალი. ჩემს წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს.“ ამრიგად, ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისათვის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს» (რომაელთა 14:10–12). ამის გაკეთება რომ შევძლოთ და იეჰოვას მოწონება დავიმსახუროთ, ჩვენი სიტყვებისა და მოქმედებების ხელმძღვანელობისთვის მან მოსიყვარულედ გვიბოძა სინდისი და თავისი ინსპირირებული სიტყვა, ბიბლია (რომაელთა 2:14, 15; 2 ტიმოთე 3:16, 17). იეჰოვას სულიერი საზრდოდან სრული სარგებლობა და ბიბლიით განსწავლული სინდისის მხედველობაში მიღება დაგვეხმარება ღვთის მოწონების მოპოვებაში (მათე 24:45–47). იეჰოვას სულიწმიდა, ანუ მოქმედი ძალა, სიმტკიცისა და ხელმძღვანელობის დამატებითი წყაროა. თუ სულიწმიდის ხელმძღვანელობის თანახმად ვმოქმედებთ და ბიბლიით განსწავლული სინდისის მითითებებს ყურს ვუგდებთ, ნათელვყოფთ, რომ არ ‘ვეურჩებით ღმერთს’, რომელსაც ყველაფრისთვის უნდა ჩავაბაროთ ანგარიში (1 თესალონიკელთა 4:3–8; 1 პეტრე 3:16, 21).
ერები ვალდებულნი არიან, ჩააბარონ ანგარიში
9. ვინ იყვნენ ედომელები და რა მოუვიდათ ისრაელებისადმი მოპყრობის გამო?
9 იეჰოვა პასუხს აგებინებს ერებს (იერემია 25:12–14; სოფონია 3:6, 7). განვიხილოთ მკვდარი ზღვის სამხრეთით და აკაბის ყურედან ჩრდილოეთით განლაგებული ძველი სამეფო, ედომი. ედომელები სემიტური ენების ხალხს მიეკუთვნებოდნენ და ისრაელების ახლო მონათესავეები იყვნენ. თუმცა ედომელების წინაპარი აბრაამის შვილიშვილი ესავი იყო, მათ ნება არ დართეს ისრაელებს, აღთქმული მიწისკენ მიმავალი „სამეფო გზით“ გასულიყვნენ (რიცხვნი 20:14–21). საუკუნეების განმავლობაში ისრაელისადმი ედომის მტრობა სასტიკ სიძულვილში გადაიზარდა. საბოლოოდ, ედომელებს პასუხი უნდა ეგოთ ბაბილონელების წაქეზებისთვის, რომლებმაც ძველი წელთაღრიცხვით 607 წელს იერუსალიმი გაანადგურეს (ფსალმუნი 136:7). ძველი წელთაღრიცხვით მეექვსე საუკუნეში ბაბილონელთა ჯარებმა მეფე ნაბონიდის ხელმძღვანელობით დაიპყრეს ედომი და ააოხრეს ის, როგორც იეჰოვამ განსაზღვრა (იერემია 49:20; აბდია 9–11).
10. როგორ მოექცნენ მოაბელები ისრაელებს და როგორ აგებინა ღმერთმა მოაბს პასუხი?
10 არც მოაბს დადგომია უკეთესი დღე. მოაბელთა სამეფო ედომის ჩრდილოეთით და მკვდარი ზღვის აღმოსავლეთით მდებარეობდა. სანამ ისრაელები აღთქმულ მიწაზე შევიდოდნენ, მოაბელებმა არ აღმოუჩინეს მათ სტუმართმოყვარეობა და, როგორც ჩანს, მხოლოდ გამორჩენის მიზნით უზრუნველყვეს პურითა და წყლით (მეორე რჯული 23:3, 4). ისრაელის დასაწყევლად მოაბის მეფემ, ბალაკმა, წინასწარმეტყველი ბალაამი დაიქირავა, ხოლო უზნეობასა და კერპთაყვანისმცემლობაში ისრაელი მამაკაცების ჩასათრევად მოაბელი ქალები გამოიყენა (რიცხვნი 22:2–8; 25:1–9). მაგრამ ისრაელისადმი მოაბის სიძულვილი იეჰოვასთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, მოაბი ბაბილონელთა ხელით გაუდაბურდა (იერემია 9:24, 25; სოფონია 2:8–11). დიახ, ღმერთმა პასუხი აგებინა მოაბს.
11. რომელ ქალაქებს დაემსგავსა მოაბელთა და ყამონელთა ქვეყნები და რას გვიჩვენებს ბიბლიური წინასწარმეტყველებები დღევანდელ ბოროტ სისტემასთან დაკავშირებით?
11 მხოლოდ მოაბს კი არა, ყამონელებსაც უნდა ეგოთ პასუხი ღვთის წინაშე. იეჰოვამ იწინასწარმეტყველა: „დაემსგავსება მოაბი სოდომს და ყამონელები — გომორას, ჭინჭრიან ადგილს, მარილის ორმოს და უდაბნოს უკუნისამდე“ (სოფონია 2:9). მოაბელებისა და ყამონელების ქვეყნები ისევე იქნა აოხრებული, როგორც ღვთის მიერ განადგურებული სოდომისა და გომორის ქალაქები. ლონდონის გეოლოგიური საზოგადოების ცნობების თანახმად, მკვლევარები აცხადებენ, რომ დანგრეული სოდომი და გომორი მკვდარი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზეა განლაგებული. ამასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სარწმუნო საბუთს, რომელიც ჯერ კიდევ შეიძლება გაშუქდეს, შეუძლია მხოლოდ განამტკიცოს ბიბლიური წინასწარმეტყველებები იმის შესახებ, რომ იეჰოვა ღმერთი დღევანდელ ბოროტ სისტემასაც მოსთხოვს ანგარიშს (2 პეტრე 3:6–12).
12. თუმცა თავისი ცოდვებისთვის ისრაელს პასუხი უნდა ეგო ღვთის წინაშე, რა იყო ნაწინასწარმეტყველები იუდეველთა მცირე ნაწილის შესახებ?
12 თუმცა იეჰოვა ყველანაირად წყალობდა ისრაელს, თავისი ცოდვებისთვის მას პასუხი უნდა ეგო ღვთის წინაშე. როცა ისრაელ ერთან იესო ქრისტე მოვიდა, უმეტესმა ნაწილმა უარყო ის. მხოლოდ მცირე ნაწილმა ირწმუნა და გაჰყვა მას. იუდეველთა ამ მცირე ნაწილისადმი პავლემ ზოგი წინასწარმეტყველება გამოიყენა, როცა წერდა: «ესაია ღაღადებს ისრაელზე: „ისრაელიანთა რიცხვი ზღვის ქვიშასაც რომ ედრებოდეს, ნაწილი გადარჩება.“ რადგან თავის სიტყვას ბოლომდე და დაუყოვნებლივ შეასრულებს უფალი დედამიწაზე. და როგორც თქვა ესაიამ წინასწარ: „უფალ ცაბაოთს რომ არ დაეტოვებინა ჩვენი თესლი, ვიქნებოდით სოდომელებივით და დავემსგავსებოდით გომორელებს“» (რომაელთა 9:27–29; ესაია 1:9; 10:22, 23). მოციქულმა მოიყვანა ელიას დროს მცხოვრები 7 000 ადამიანის მაგალითი, რომლებმაც მუხლი არ მოიდრიკეს ბაალის წინაშე, და შემდეგ თქვა: „ასევე ახლანდელ დროშიც მადლისმიერი ამორჩევით დარჩა ნატამალი“ (რომაელთა 11:5). ამ მცირე ნაწილს შეადგენდნენ ადამიანები, რომლებიც პირადად იყვნენ ვალდებულნი, ანგარიში ჩაებარებინათ ღვთისთვის.
ანგარიშის ჩაბარებაზე პირადი ვალდებულების მაგალითი
13. რა მოუვიდა კაენს, როცა თავისი ძმის, აბელის, მოკვლისთვის ღმერთმა ანგარიში მოსთხოვა?
13 ბიბლიაში მრავალი შემთხვევაა იეჰოვა ღმერთისთვის ანგარიშის ჩაბარებაზე პირადი ვალდებულების შესახებ. მაგალითად, განვიხილოთ ადამის პირველშობილი ძის, კაენის, შემთხვევა. მან და მისმა ძმამ, აბელმა, მსხვერპლი შესწირეს იეჰოვას. აბელის მსხვერპლი მოსაწონი იყო ღვთისთვის, ხოლო კაენის — არა. როცა ძმის სასტიკი მკვლელობისთვის ღმერთმა ანგარიში მოსთხოვა, კაენმა უგულოდ უთხრა: „ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ“. თავისი ცოდვისთვის კაენი გაძევებული იყო „ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით“. მან გულწრფელად არ მოინანია თავისი დანაშაული, ის მხოლოდ დამსახურებულ სასჯელზე დარდობდა (დაბადება 4:3–16).
14. როგორ იყო ნაჩვენები ღვთისთვის ანგარიშის ჩაბარების პირადი ვალდებულება მღვდელმთავრის, ელისა, და მისი ვაჟების შემთხვევაში?
14 ღვთისთვის ანგარიშის ჩაბარების პირადი ვალდებულება აგრეთვე ნათლად არის გაშუქებული ისრაელის მღვდელმთავრის, ელის, შემთხვევაში. მისი ვაჟები, ხოფნი და ფინხასი, მღვდლებად მსახურობდნენ, მაგრამ „დამნაშავენი იყვნენ ადამიანებისადმი უსამართლობასა და ღვთისადმი უპატივცემლობაში და არანაირ ბოროტებას არ ერიდებოდნენ“, — ამბობს ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი. ეს ‘უგვანი’ მამაკაცები იეჰოვასაც არ სცნობდნენ, მკრეხელურად იქცეოდნენ და აღმაშფოთებელ უზნეობაში იყვნენ დამნაშავენი (პირველი მეფეთა 1:3; 2:12–17, 22–25). როგორც მამა და ისრაელის მღვდელმთავარი, ელი ვალდებული იყო, დაესაჯა ისინი, მაგრამ ის რბილად საყვედურობდა მათ. ‘თავისი შვილები ელიმ იეჰოვას ამჯობინა’ (პირველი მეფეთა 2:29). ელის სახლს დამსახურებული სასჯელი დაატყდა. ორივე ვაჟი მამასთან ერთად ერთ დღეს მოკვდა, ხოლო მათი სამღვდლო ხაზი, საბოლოოდ, სრულიად შეწყდა. ამგვარად, ანგარიში გასწორებული იყო (პირველი მეფეთა 3:13, 14; 4:11, 17, 18).
15. რატომ დაჯილდოვდა მეფე საულის ვაჟი იონათანი?
15 სრულიად განსხვავებული მაგალითი დაგვიტოვა მეფე საულის ვაჟმა, იონათანმა. დავითის მიერ გოლიათის მოკვლის შემდეგ ცოტა ხანში „შეეკრა იონათანის სული დავითის სულს“ და შეკრეს მეგობრობის კავშირი (პირველი მეფეთა 18:1, 3). როგორც ჩანს, იონათანი მიხვდა, რომ ღვთის სულმა მიატოვა საული, მაგრამ ამას არ დაუსუსტებია ჭეშმარიტი თაყვანისცემისადმი მისი გულმოდგინება (პირველი მეფეთა 16:14). იონათანი არასდროს დაეჭვებულა დავითისთვის ღვთის მიერ მიცემულ ხელისუფლებაში. იონათანს ესმოდა ღვთისთვის ანგარიშის ჩაბარების ვალდებულება, ამიტომ, თაობებში მისი გვარტომობის გაგრძელებაზე თავდებობით იეჰოვამ დააჯილდოვა მისი პატიოსანი საქციელი (პირველი ნეშტთა 8:33–40).
ანგარიშის ჩაბარების ვალდებულება ქრისტიანულ კრებაში
16. ვინ იყო ტიტე და რატომ შეიძლება ითქვას, რომ ის კარგ ანგარიშს აბარებდა ღმერთს?
16 ქრისტიანულ-ბერძნული წერილები დადებითად ლაპარაკობს მრავალ მამაკაცსა და ქალზე, რომლებმაც კარგი სახელი მოიპოვეს. მაგალითად, ერთ-ერთი იყო ბერძენი ქრისტიანი, სახელად ტიტე. ვარაუდობენ, რომ ქრისტიანობა მან პავლეს პირველი მისიონერული მოგზაურობის დროს მიიღო კვიპროსში. რადგან კვიპროსელი იუდეველები და პროზელიტები ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იერუსალიმში იყვნენ, ცოტა ხანში ქრისტიანობას შეიძლება კუნძულამდე მიეღწია (საქმეები 11:19). მაგრამ ტიტე პავლეს ერთ-ერთი ერთგული თანამშრომელი აღმოჩნდა. ახალი წელთაღრიცხვით 49 წელს ის შეუერთდა პავლესა და ბარნაბას იერუსალიმისკენ მოგზაურობაში, როცა წინადაცვეთასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკამათო საკითხი წყდებოდა. ტიტეს წინადაუცვეთლობამ წონა შემატა პავლეს მტკიცებებს, რომ ქრისტიანობაში ახალმოქცეულები მოსეს რჯულს არ უნდა დაქვემდებარებოდნენ (გალატელთა 2:1–3). საღვთო წერილი ადასტურებს ტიტეს შესანიშნავ მსახურებას და პავლემ ღვთის მიერ შთაგონებული წერილიც კი მისწერა მას (2 კორინთელთა 7:6; ტიტე 1:1–4). აშკარაა, რომ მიწიერი ცხოვრების ბოლომდე ტიტე შესანიშნავ ანგარიშს აბარებდა ღმერთს.
17. როგორი ანგარიში ჩააბარა ტიმოთემ და როგორ შეუძლია ამ მაგალითს, იმოქმედოს ჩვენზე?
17 ტიმოთე კიდევ ერთი გულმოდგინე პიროვნება იყო, რომელმაც იეჰოვა ღმერთს მოსაწონი ანგარიში ჩააბარა. თუმცა ტიმოთეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, მან ‘წრფელი რწმენა’ გამოავლინა და პავლესთან „ერთად ემსახურებოდა სახარებას“. ამიტომაც შეეძლო მოციქულ პავლეს, ეთქვა ფილიპელი ქრისტიანებისთვის: „არავინ მყავს ისეთი თანამოზიარე [როგორც ტიმოთე], ასე ბეჯითად რომ ზრუნავდეს თქვენზე“ (2 ტიმოთე 1:5; ფილიპელთა 2:20, 22; 1 ტიმოთე 5:23). ადამიანური სისუსტეებისა და სხვა ცდუნებების მიუხედავად, ჩვენც შეგვიძლია წრფელი რწმენის გამოვლენა და ღვთისთვის მოსაწონი ანგარიშის ჩაბარება.
18. ვინ იყო ლიდია და რა სულისკვეთება გამოავლინა მან?
18 ლიდია ღვთისმოშიში ქალი იყო, რომელმაც, აშკარად, შესანიშნავი ანგარიში ჩააბარა ღმერთს. ის და მისი ოჯახის წევრები იმ პირველ ევროპელებს შორის იყვნენ, რომლებმაც ახალი წელთაღრიცხვით 50 წელს ქალაქ ფილიპეში პავლეს მოღვაწეობის შედეგად ქრისტიანობა მიიღეს. თიატირაში დაბადებული ლიდია, როგორც ჩანს, იუდეველი პროზელიტი იყო, მაგრამ ფილიპეში, შეიძლება, სულ რამდენიმე იუდეველი იყო, რომლებსაც სინაგოგაც არ ჰქონდათ. ლიდია და სხვა ერთგული ქალები მდინარესთან შეიკრიბნენ, როცა პავლე ელაპარაკებოდა. ამის შედეგად ლიდია ქრისტიანი გახდა და დაითანხმა პავლე მის თანამშრომლებთან ერთად, მასთან დარჩენილიყვნენ (საქმეები 16:12–15). სტუმართმოყვარეობა, რომელიც ლიდიამ გამოავლინა, დღემდე ჭეშმარიტი ქრისტიანების განმასხვავებელი ნიშანია.
19. რომელი კეთილი საქმეებით ჩააბარა ქურციკმა შესანიშნავი ანგარიში ღმერთს?
19 ქურციკი კიდევ ერთი ქალი იყო, რომელმაც შესანიშნავად წარადგინა თავი იეჰოვა ღმერთის წინაშე. როცა ის მოკვდა, პეტრე იაფოში ჩავიდა და იქაური მოწაფეების თხოვნას მზადყოფნით გამოეხმაურა. ორმა კაცმა, რომლებიც პეტრესთან მივიდნენ, „აიყვანეს ზედათვალში. მის წინაშე წარდგა ყველა ქვრივი. ისინი ტიროდნენ და უჩვენებდნენ მოსასხამებსა და სამოსელს, რომლებსაც ქურციკი უკეთებდა, სანამ მათთან იყო“. ქურციკი გაცოცხლებულ იქნა. მაგრამ, მხოლოდ მისი დიდსულოვნების გამო უნდა გვახსოვდეს ის? არა. ის „მოწაფე“ იყო და, ცხადია, თვითონაც მონაწილეობდა მოწაფეების მომზადებაში. მსგავსად, დღეს მცხოვრები ქრისტიანი ქალებიც ‘სავსენი არიან კეთილი საქმეებითა და მოწყალებით’. ასევე, მათ უხარიათ სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებასა და მოწაფეების მომზადებაში აქტიური მონაწილეობის მიღება (საქმეები 9:36–42; მათე 24:14; 28:19, 20).
20. რა კითხვები შეგვიძლია, დავუსვათ საკუთარ თავს?
20 ბიბლია ნათლად გვიჩვენებს, რომ ერებმა და პიროვნებებმა ანგარიში უნდა ჩააბარონ უზენაეს უფალს, იეჰოვას (სოფონია 1:7). თუ ღვთისადმი მიძღვნილები ვართ, შეგვიძლია ვკითხოთ საკუთარ თავს: „როგორ ვუყურებ ღვთის მიერ მოცემულ უპირატესობებსა და პასუხისმგებლობებს? როგორ ანგარიშს ვაბარებ იეჰოვა ღმერთსა და იესო ქრისტეს?“
რა პასუხს გასცემდი?
◻ როგორ დაამტკიცებდი, რომ ანგელოზები და ღვთის ძე ვალდებულნი არიან, ანგარიში ჩააბარონ იეჰოვას?
◻ რომელი ბიბლიური მაგალითები გვიჩვენებს, რომ ღმერთი ანგარიშს მოსთხოვს ერებს?
◻ რას ამბობს ბიბლია ღვთისთვის ანგარიშის ჩაბარების პირადი ვალდებულების შესახებ?
◻ ბიბლიური ჩანაწერიდან გამომდინარე, ვინ ჩააბარა შესანიშნავი ანგარიში იეჰოვა ღმერთს?
[სურათი 10 გვერდზე]
იესო ქრისტემ შესანიშნავი ანგარიში ჩააბარა თავის ზეციერ მამას.
[სურათი 15 გვერდზე]
ქურციკის მსგავსად, დღევანდელი ქრისტიანი ქალები კარგ ანგარიშს აბარებენ იეჰოვა ღმერთს.
[საავტორო უფლება 13 გვერდზე]
აბელის სიკვდილი/The Doré Bible Illustrations/Dover Publications, Inc.