საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • წამლების ბოროტად გამოყენება
    გამოიღვიძეთ! — 2009 | მაისი
    • წამლების ბოროტად გამოყენება

      „თოთხმეტი წლის ვიყავი, როცა ექიმის მიერ გამოწერილი წამლების მიღება დავიწყე, — გვიამბობს ლენაa. — მინდოდა, გამხდარი და მიმზიდველი ვყოფილიყავი, ამიტომ ჩვენი ოჯახის ექიმმა გასახდომი აბები დამინიშნა. თავს მხოლოდ მაშინ ვგრძნობდი კარგად, როცა ვხედავდი, რომ ბიჭებს მოვწონდი. დროთა განმავლობაში ნარკოტიკებზე გადავედი. სულ ვცდილობდი, ეიფორიაში ვყოფილიყავი. ბოლოს უზნეო ცხოვრებაც დავიწყე.

      მაირს ძლიერი თავის ტკივილები ჰქონდა. ექიმმა მას ტკივილგამაყუჩებელი გამოუწერა. გარკვეული დროის შემდეგ მაირმა ნორმაზე მეტი აბების მიღება დაიწყო. ამას მხოლოდ ტკივილის გასაყუჩებლად კი არ აკეთებდა, არამედ იმიტომ, რომ წამლებზე გახდა დამოკიდებული. უფრო მეტიც, მან ოჯახის წევრებისთვის გამოწერილი წამლების დალევაც დაიწყო.

      მონაცემების თანახმად, იზრდება იმ მოზარდებისა და, რა გასაკვირიც უნდა იყოს, უფროსი ასაკის ადამიანების რიცხვი, რომლებიც ბოროტად იყენებენ ექიმის მიერ გამოწერილ წამლებს, რათა დამშვიდდნენ, პრობლემები დაივიწყონ, სიფხიზლე შეინარჩუნონ, წონაში დაიკლონ ან გუნება-განწყობილება აიმაღლონ. მრავალ ოჯახში ხელმისაწვდომია ტკივილგამაყუჩებლები, დამამშვიდებლები და სტიმულატორები.b ბევრი აგრეთვე არასწორად იყენებს ისეთ ურეცეპტო წამლებს, როგორიცაა საძილე აბები, შარდმდენი და ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები.

      წამლების ბოროტად გამოყენება ფართოდ გავრცელებული პრობლემაა და დღითი დღე იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ამ პრეპარატებს არასწორი მიზნით იყენებენ. აფრიკის, ევროპისა და სამხრეთ აზიის ზოგ ქვეყანაში ექიმის მიერ გამოწერილი წამლების ბოროტად გამომყენებელთა რიცხვმა გადააჭარბა ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვს. შეერთებულ შტატებში იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც რეცეპტით გაცემულ წამლებს ბოროტად იყენებენ, ნარკოტიკების მომხმარებელზე გაცილებით მეტია, თუ არ ჩავთვლით კანაფის მომხმარებელთა რიცხვს. ახლახან გამომავალ ერთ-ერთ ჟურნალში აღნიშნული იყო, რომ 12—17 წლამდე ახალგაზრდებში „ექიმის მიერ გამოწერილი წამლები უფრო პოპულარულია, ვიდრე კოკაინი, ჰეროინი და მეტამფეტამინი“. რეცეპტით გამოწერილ წამლებზე მოთხოვნილება იმდენად დიდია, რომ ხშირია შემთხვევები, როცა ასეთ წამლებს ყალბი რეცეპტით იღებენ.

      როგორ შეგიძლიათ ექიმის მიერ გამოწერილი წამლებისა თუ ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებისგან საკუთარი თავისა და შვილების დაცვა? ამ კითხვას მომდევნო სტატიებში გაეცემა პასუხი.

      [სქოლიოები]

      a სტატიათა ამ სერიაში სახელები შეცვლილია.

      b ამ სტატიაში მოცემული რჩევები დაეხმარება მათაც, ვინც ბოროტად იყენებს ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს.

      [ჩარჩო 3 გვერდზე]

      „წამლებზე დამოკიდებული მაშინ ხდება ადამიანი, როცა ეჩვევა წამლებს, დანიშნულების გარეშე იღებს მათ და დიდი რისკის მიუხედავად აგრძელებს გამოყენებას“, — ნათქვამია ერთ-ერთ სამედიცინო სახელმძღვანელოში (Physicians’ Desk Reference). ეს ემართება მათ, ვისაც არ შეუძლია თავის ხელში აყვანა და უარის თქმა ამ მავნე ჩვევაზე.

      წამლების მოთხოვნილება უვითარდება პაციენტს მას შემდეგ, რაც ექიმის მიერ გამოწერილი განსაზღვრული პრეპარატების, მაგალითად ოპიოიდის, მიღებას წყვეტს. ამ დროს უარყოფითი რეაქციები სავსებით ნორმალურია და არ მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანი წამლებზე დამოკიდებული ხდება.

      წამლებზე შეჩვევის დროს ტკივილის გასაყუჩებლად საჭირო ხდება დოზის გაზრდა.

  • გამოწერილი წამლების მართებულად და უმართებულოდ გამოყენება
    გამოიღვიძეთ! — 2009 | მაისი
    • გამოწერილი წამლების მართებულად და უმართებულოდ გამოყენება

      ერთმა გოგონამ, ენჯიმ ყური მოჰკრა მშობლების საუბარს, რომლებიც მის უმცროს ძმაზე ამბობდნენ, რომ ექიმის გამოწერილი წამლები მადას დაუკარგავდა. ენჯის უნდოდა წონაში დაეკლო, ამიტომ ძმის წამლებს ჩუმად იღებდა და დღეში თითო აბს სვამდა. ენჯის მეგობარიც სვამდა ასეთივე აბებს, ამიტომ მშობლები რომ არ მიმხვდარიყვნენ, ენჯი მასაც სთხოვდა ამ წამალს.a

      რა უწყობს ხელს იმას, რომ ბევრი უმართებულოდ იყენებს გამოწერილ წამლებს? პირველი მიზეზი ის არის, რომ სახლში მათ ადვილად მიუწვდებათ ხელი ასეთ პრეპარატებზე. მეორე, მრავალი მოზარდი ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ ექიმის დანიშნულების გარეშე იღებს წამლებს. მესამე, ასეთი პრეპარატები მათ კანონით აკრძალულ წამლებთან შედარებით ნაკლებად მავნებელი ეჩვენებათ და ფიქრობენ: „თუ წამალს ბავშვს უწერენ, ესე იგი ის უსაფრთხოა“.

      მართლაც, როდესაც სათანადოდ ვიყენებთ გამოწერილ წამლებს, ამან შეიძლება ჯანმრთელობა გაგვიუმჯობესოს და სიცოცხლის წლებიც კი გაგვიხანგრძლივოს. მაგრამ მათმა არასწორმა გამოყენებამ, ნარკოტიკული საშუალებების მსგავსად, შეიძლება ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას. მაგალითად, როდესაც ვინმე არასწორად იყენებს ექიმის მიერ გამოწერილ სტიმულატორებს, ამის გამო მას შეიძლება გულის უკმარისობა ან შეტევა დაემართოს. გარდა ამისა, ამან შესაძლოა გამოიწვიოს პულსის შენელება და უეცარი სიკვდილი. ეს წამლები ადამიანისთვის შეიძლება მავნებელი იყოს მაშინაც, თუ მათთან ერთად სხვა პრეპარატებს ან ალკოჰოლს იღებს. ერთ გაზეთში ნათქვამი იყო, რომ 2008 წლის დასაწყისში გარდაიცვალა პოპულარული მსახიობი, „რომელმაც ერთდროულად მიიღო ექვსი ტრანკვილიზატორი, აგრეთვე საძილე აბები და ტკივილგამაყუჩებლები“ (Arizona Republic).

      კიდევ ერთი საშიშროება ის არის, რომ ადამიანი წამლებზე დამოკიდებული ხდება. წამლის არასწორი მიზნით გამოყენება, მაგალითად დიდი დოზით მიღება, ნარკოტიკივით მოქმედებს და ასტიმულირებს ტვინის იმ უბანს, რომელიც სიამოვნების შეგრძნებაზეა პასუხისმგებელი. დროთა განმავლობაში ადამიანს შეიძლება ამ ნივთიერებისადმი მოთხოვნილება განუვითარდეს. წამლების მიღებას ხანგრძლივი სიამოვნება არ მოაქვს და არც ცხოვრებისეული სირთულეების გადაჭრაში ეხმარება ადამიანს. მათი ბოროტად გამოყენება აუარესებს მდგომარეობას, იწვევს სტრესს, ღრმა დეპრესიას, ჯანმრთელობის გაუარესებას, ნორმალურად ფუნქციონირების უნარის დაქვეითებას, წამლებზე დამოკიდებულებას ან ამ ყველაფერს ერთად. აგრეთვე, გარდაუვალია პრობლემები ოჯახში, სკოლასა თუ სამსახურში. რა შემთხვევაში შეიძლება იმის თქმა, რომ ექიმის მიერ გამოწერილ წამლებს მართებულად ან უმართებულოდ იყენებთ?

      წამლების მართებულად და უმართებულოდ გამოყენება

      მარტივად რომ ვთქვათ, წამლებს მაშინ იყენებთ მართებულად, როცა მათ იმ ექიმის დანიშნულებისამებრ სვამთ, რომელმაც კარგად იცის თქვენი ავადმყოფობის ისტორია. ამაში იგულისხმება წამლების სათანადო დოზით, დროულად და დანიშნულების მიხედვით მიღება. ამ ყოველივეს გათვალისწინების მიუხედავად, შესაძლებელია არასასურველმა და მოულოდნელმა სიმპტომებმა მაინც იჩინოს თავი. ასეთ დროს დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. მან შეიძლება შეგიცვალოთ დანიშნულება ან საერთოდ მოგიხსნათ წამალი. იმავეს თქმა შეიძლება ურეცეპტო წამლებზე — მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენეთ ისინი, თუ ნამდვილად არის ამის საჭიროება და ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.

      წამლის უმართებულოდ გამოყენება მაშინ ხდება, როცა მას დანიშნულების გარეშე სვამენ, დოზას არ ითვალისწინებენ და სხვისთვის გამოწერილ პრეპარატებს იღებენ. მაგალითად, ინსტრუქციის მიხედვით, ზოგი აბი უნდა გადაიყლაპოს, რათა ნელა შევიდეს რეაქციაში. მაგრამ ზოგიერთი ასეთ აბებს ღეჭავს, ფხვნის და ცხვირით ისრუტავს ან წყალში ხსნის და შპრიცით შეჰყავს ორგანიზმში. შედეგად წამალმა შესაძლოა მალევე იმოქმედოს, მაგრამ ამან შეიძლება თანდათანობით წამალზე დამოკიდებული გახადოს ადამიანი და სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

      მეორე მხრივ, თუ ვინმე დანიშნულებისამებრ იღებს გამოწერილ წამლებს, მაგრამ გრძნობს, რომ მათზე დამოკიდებული ხდება, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს თავის ექიმს. ექიმმა კარგად იცის, როგორ მოაგვაროს ეს პრობლემა ისე, რომ არც ის დაავადება გამორჩეს მხედველობიდან, რისთვისაც პაციენტს ეს წამალი დაუნიშნა.

      მთელ მსოფლიოში წამლების უმართებულოდ გამოყენება საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. დღეს მრავალ ოჯახში, სადაც სიყვარული და უსაფრთხოება უნდა სუფევდეს, თავს იჩენს სერიოზული პრობლემები. ასეთ ოჯახებში მაღალზნეობრივი და სულიერი ფასეულობები უგულებელყოფილია და სათანადოდ არ აფასებენ სიცოცხლეს (2 ტიმოთე 3:1—5). მათთვის მომავალი წყვდიადითაა მოცული და ფიქრობენ, რომ წინ კარგი არაფერი ელოდებათ. ამიტომ ისინი დღევანდელი დღით ცხოვრობენ და სიამოვნების მიღებისკენ ისწრაფვიან, რისთვისაც ზოგჯერ წინდაუხედავადაც კი დგამენ ნაბიჯებს. ბიბლიაში ნათქვამია: „ხილვის გარეშე ხალხი უმართავი ხდება“ (იგავები 29:18).

      თუ შვილები გყავთ, უდავოა, გსურთ, რომ ისინი ზნეობრივი და სულიერი ზიანისგან დაიცვათ. როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება? სად შეგიძლიათ საიმედო ხელმძღვანელობის მიღება და უტყუარი იმედის პოვნა? შემდეგი სტატიები პასუხს გასცემს ამ კითხვებს.

      [სქოლიო]

      a ინფორმაცია აღებულია ვებ-საიტიდან www.kidshealth.org

      [ჩარჩო 4 გვერდზე]

      ეიფორიის დაუოკებელი სურვილი

      ზოგი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაბრუვდეს. ისინი ამისთვის სხვადასხვა საშუალებას მიმართავენ, მაგალითად ყნოსავენ სარეცხ ხსნარებს, ფრჩხილებისა და ხის ლაქს, ბენზინს, წებოს, სანთებელას გაზს, საღებავს და სხვა ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ადვილად გადადის აირად მდგომარეობაში. ანაორთქლი პირდაპირ სისხლში ხვდება და მეყსეულ რეაგირებას ახდენს.

      კიდევ ერთი საზიანო ჩვევაა იმ ურეცეპტო მედიკამენტების უმართებულოდ გამოყენება, რომლებიც ალკოჰოლურ და საძილე საშუალებებს შეიცავს. ასეთი წამლების დიდი დოზით მიღება მოქმედებს გრძნობის ორგანოებზე, განსაკუთრებით სმენასა და მხედველობაზე და იწვევს გონების დაბინდვას, ჰალუცინაციებს, მგრძნობელობის დაკარგვას და კუჭის ტკივილს.

      [ჩარჩო 5 გვერდზე]

      წამლების შოვნის მეთოდები

      „ისინი, ვინც პრეპარატებს არასწორი მიზნით იყენებენ ან წამლებზე არიან დამოკიდებულნი, ყველა ღონეს ხმარობენ მათ საშოვნელად“, — ნათქვამია ერთ-ერთ წიგნში. „ასეთი ადამიანები რეკავენ სასწრაფო დახმარების სამსახურში ან თავად მიდიან იქ სამუშაო დღის ბოლოს, უარს ამბობენ გამოკვლევაზე, გასინჯვაზე, ექიმთან ვიზიტზე, აცხადებენ, რომ რეცეპტი დაკარგეს და ახლის მიღება სურთ, სურვილისამებრ ცვლიან რეცეპტს, არ სურთ ექიმი მათი ავადმყოფობის ისტორიას გაეცნოს და არც იმ ექიმების შესახებ აწვდიან ინფორმაციას, ვისთანაც ადრე მკურნალობდნენ. ისინი სხვადასხვა ექიმთან მიდიან იმ მიზნით, რომ რამდენიმე რეცეპტი მიიღონ და შეძლონ უფრო მეტი წამლის გამოტანა“ (Physicians’ Desk Reference).

      უმეტესწილად, შემდეგ წამლებს იყენებენ ბოროტად:

      ◼ ოპიოიდები — ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები.

      ◼ ცნს (ცენტრალური ნერვული სისტემა) დეპრესანტები — ბარბიტურატები და ბენზოდიაზეპინები, რომლებიც გამოიყენება საძილე ან დამამშვიდებელ საშუალებებად (ხშირად მათ სედატივები ან ტრანკვილიზატორები ეწოდება).

      ◼ სტიმულატორები — უწერენ მათ, ვისაც აღენიშნება ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი, ნარკოლეფსია (დაუძლეველი ძილის შეტევები) და სიმსუქნე.b

      [სქოლიო]

      b ინფორმაცია აღებულია „ნარკოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის“ მასალებიდან.

      [ჩარჩო 6 გვერდზე]

      გამოწერილი წამლების უსაფრთხოდ გამოყენების წესები

      1. ყურადღებით მიჰყევით ინსტრუქციას.

      2. ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეცვალოთ დოზა.

      3. ექიმის მითითების გარეშე არ შეწყვიტოთ გამოწერილი წამლების მიღება.

      4. არ დაფხვნათ ან არ გატეხოთ აბი, თუ ინსტრუქციაში არაა მითითებული.

      5. წინასწარ გაეცანით, რა მხრივ შეიძლება იმოქმედოს წამალმა ავტომანქანის მართვის ან სხვა საქმიანობების დროს.

      6. დაადგინეთ, შეიძლება თუ არა ამა თუ იმ წამლით მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის ან სხვა წამლების მიღება.

      7. უთხარით ექიმს, თუ ადრე არასწორი მიზნით იყენებდით წამლებს ან სხვა ნივთიერებებს.

      8. ნუ მიიღებთ სხვისთვის გამოწერილ წამლებს და ნურც თქვენს წამლებს მისცემთ სხვას.c

      [სქოლიო]

      c მასალა დაფუძნებულია აშშ-ს კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების სამეთვალყურეო ადმინისტრაციის რეკომენდაციებზე.

  • მშობლებო, დაიცავით შვილები!
    გამოიღვიძეთ! — 2009 | მაისი
    • მშობლებო, დაიცავით შვილები!

      შეშფოთებულ მშობლებს აინტერესებთ, რატომ იღებენ მოზარდები წამლებს ასე ხშირად. მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს. ზოგ მოზარდს სურს, რომ ეიფორია დაეუფლოს. სხვები ფიქრობენ, რომ წამლები სწავლის გაუმჯობესებაში დაეხმარებათ და პრობლემებს დაავიწყებთ. ზოგიერთი კი შეიძლება ფიზიკურ და ემოციურ სისუსტეს გრძნობს და სურთ, თავი უკეთ იგრძნონ. 12 წლამდე ბავშვებს ჩვევაში აქვთ ექიმის მიერ გამოწერილი წამლების არასწორი მიზნით გამოყენება. მათ შესაძლოა ამისკენ უბიძგებს ასობით ათასი ვებ-საიტი, რომელთა მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს თავისუფლად შეუძლია წამლების შეძენა. ზოგი მოზარდი ეგრეთ წოდებული მეგობრებისგან ყიდულობს წამლებს. რა შეგიძლიათ გააკეთოთ შვილების დასაცავად?

      ესაუბრეთ შვილებს იმ საშიშროებაზე, რაც წამლების ან ნარკოტიკების არასწორად გამოყენებას ახლავს თან. წამლები ისეთ ადგილზე შეინახეთ, სადაც შვილებს ხელი არ მიუწვდებათ ან ჩაკეტეთ წამლების ყუთი. სასურველია იცოდეთ, რა სახის და რა რაოდენობის წამალი გაქვთ სახლში. ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენმა შვილმა ჩუმად არ აიღოს ისინი და არ დალიოს. თუ ექიმის მიერ გამოწერილი წამლები აღარ გჭირდებათ, გადაყარეთ ისე, რომ შვილებმა არ მიაგნონ. თუ თქვენს მოზარდ შვილს აღარ ახველებს, მაგრამ მაინც სვამს წამალს, დაინტერესდით, რატომ აგრძელებს მის მიღებას. თვალყური ადევნეთ, როცა ის ინტერნეტით სარგებლობს, შეამოწმეთ, რას ყიდულობს საკრედიტო ბარათით და ვის წერს წერილებს ელექტრონული ფოსტით. დააკვირდით, ვისთან იწყებს თქვენი შვილი ურთიერთობას. რაიმე ცვლილებას ხომ არ ამჩნევთ მის გარეგნობასა და საქციელში და სწავლას ხომ არ მოუკლო?

      როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მოზარდს წამლებზე დამოკიდებულება განუვითარდა?

      რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ დანამდვილებით იცით ან ეჭვობთ, რომ თქვენი შვილი არასწორი მიზნით იყენებს წამლებს? ისაუბრეთ მასთან ამ საკითხზე გულახდილად და სიყვარულით. „კაცის გულის ზრახვა ღრმა წყალია, გამჭრიახი კაცი ამოხაპავს მას“, — ნათქვამია ბიბლიაში (იგავები 20:5). ბავშვისგან სიმართლის გაგება შეიძლება ჭიდან წვრილ თოკზე დაკიდებული ვედროთი წყლის ამოღებას შევადაროთ. თუ შვილს მკაცრად ან უხეშად დაელაპარაკებით, შეიძლება თქვენ შორის ურთიერთობის „თოკი“ გაწყდეს. გახსოვდეთ ორი მნიშვნელოვანი რამ: პირველი, უნდა გაარკვიოთ, იღებს თუ არა თქვენი შვილი გამოწერილ წამლებს არასწორი მიზნით და მეორე, თუ იღებს, რამ გამოიწვია ეს. ხშირად ამის მიზეზი შეიძლება იყოს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ან ყველა.

      ◼ ცუდი საზოგადოება და თანატოლების ზეგავლენა. „ნუ შეცდებით. ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“, — ნათქვამია 1 კორინთელების 15:33-ში. გონიერი მშობლები დაანახვებენ შვილებს, რომ ცუდ საზოგადოებას უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია მათზე, და კარგი მეგობრების არჩევაში დაეხმარებიან (იგავები 13:20). მშობლებს შეუძლიათ სახლში დაპატიჟონ ან ერთად გაისეირნონ ხოლმე იმ მოზარდებთან ერთად, რომლებიც მათ შვილებზე დადებით გავლენას მოახდენენ.

      ◼ სტრესი. დღეს მოზარდებზე ბევრი რამ ახდენს გავლენას, რომ ნებისმიერ ფასად მიაღწიონ წარმატებას და ზოგჯერ მშობლები აუარესებენ მათ მდგომარეობას.a იცით თქვენი შვილის სუსტი და ძლიერი მხარეები? უსახავთ გონივრულ მიზნებს და ეხმარებით მათ მიღწევაში? ხომ არ ადარებთ ბავშვს სხვებს და ხომ არ ამცირებთ? ეს მას გულს გაუტეხდა და დეპრესიაში ჩააგდებდა. თუ ბავშვს სახლში ემოციური მხარდაჭერა არა აქვს, ის სხვაგან შეეცდება სითბოსა და თანაგრძნობის მიღებას. გამჭრიახი მშობლები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ოჯახში ღვთისადმი თაყვანისცემა პირველ ადგილზე იდგეს. ამ მხრივ მათ შესაძლოა ბავშვებთან ერთად ბიბლიის კითხვა დაეხმაროს. იესო ქრისტემ თქვა: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3).

      ◼ მეტისმეტი თავისუფლება. ზოგი მოზარდი იმიტომ ეჩვევა წამლებს, რომ მშობლებს ისინი თავიანთ ნებაზე ჰყავთ მიშვებული. იგავების 29:15-ში ნათქვამია: „თავის ნებაზე მიშვებული ყმაწვილი დედის შემარცხვენელია“. ბავშვებს შეიძლება არ მოსწონთ, როცა გარკვეულ წესებს უდგენენ, მაგრამ კარგად ესმით, რომ მშობლები ამას სიყვარულიდან გამომდინარე და მათი დაცვის მიზნით აკეთებენ. ბიბლია მშობლებს მოუწოდებს, გონივრული ხელმძღვანელობა გაუწიონ შვილებს და კარგი მაგალითი მისცენ (ეფესოელები 6:4). ბიბლიიდან აგრეთვე ჩანს, რომ საჭიროა სიმტკიცის გამოვლენა. „თქვენი დიახ იყოს დიახ, არა კი — არა“ (იაკობი 5:12).

      ცხადია, თუ გაიგებთ, რომ თქვენი შვილი ბოროტად იყენებს წამლებს, გონივრული იქნება, ექიმს მიმართოთ. ბავშვმა ამ მავნე ჩვევას თავი რომ დააღწიოს, შეიძლება სპეციალისტის ჩარევა გახდეს საჭირო. თუ იეჰოვას მოწმეები ხართ, შეგიძლიათ რჩევისთვის ქრისტიანული კრების უხუცესებსაც მიმართოთ (იაკობი 5:13—16). სულიერად მოწიფული მამაკაცები დაგეხმარებიან, რომ ბიბლიური პრინციპების გამოყენებით თავი გაართვათ ამ სირთულეს.

      შემდეგ სტატიაში ამ საკითხთან დაკავშირებით განხილული იქნება კიდევ რამდენიმე დამხმარე პრინციპი. გარდა ამისა, ვისაუბრებთ იმ შესანიშნავ მომავალზე, რომელიც წინ გველოდება.

      [სქოლიო]

      a იხილეთ სტატია „გადაღლილი ბავშვები“, გვერდი 14

      [ჩანართი 7 გვერდზე]

      „კაცის გულის ზრახვა ღრმა წყალია, გამჭრიახი კაცი ამოხაპავს მას“ (იგავები 20:5).

      [ჩარჩო 7 გვერდზე]

      მოზარდებს წამლებზე დამოკიდებულება ემუქრებათ, თუ . . .

      ◼ მათი ოჯახის რომელიმე წევრი ბოროტად იყენებს ალკოჰოლს ან რაიმე სხვა ნივთიერებას.

      ◼ დეპრესია და უღირსობის გრძნობა აქვთ.

      ◼ ფიქრობენ, რომ სხვები ვერ უგებენ და არავის სურს მათთან ახლო ურთიერთობა.

      ◼ ზანტები არიან და ძილის პრობლემები აქვთ.

      ◼ აგრესიულები არიან და უფროსებს არ ემორჩილებიან.b

      [სქოლიო]

      b დაფუძნებულია მოზარდებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ-ჟურნალზე (Teen Help).

  • რა მოგვიტანს ნამდვილ ბედნიერებას?
    გამოიღვიძეთ! — 2009 | მაისი
    • რა მოგვიტანს ნამდვილ ბედნიერებას?

      პირველ სტატიაში მოხსენიებული ლენა 32 წლის ასაკში „უიმედო მდგომარეობაში იყო, მას დანაშაულის გრძნობა და სიკვდილის შიში სტანჯავდა“. ეს უმთავრესად წამლების ბოროტად გამოყენებით იყო გამოწვეული. ლენამ დაწერა: „მინდოდა, კარგი დედა და ცოლი ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში, და საერთოდ მსოფლიოში, იმდენი უბედურება ხდებოდა, რომ ყველაფერს პესიმისტურად ვუყურებდი. მცდელობის მიუხედავად, არაფერი გამომდიოდა“.

      მოგვიანებით ლენამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან. მალევე ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ მას შინაგანი სიმშვიდე მოუტანა. „ასეთი შვება არასოდეს მიგრძნია“, — თქვა ლენამ. ბიბლიური პრინციპების გაგებამ და მომავლის შესანიშნავმა იმედმა აღძრა ის, რომ ღვთისმოსაწონი ცხოვრება დაეწყო და შეეწყვიტა წამლების ბოროტად გამოყენება.

      დამხმარე პრინციპები

      ჩვენმა შემოქმედმა, იეჰოვა ღმერთმა თავის მსახურებს ბიბლიაში კანონები და პრინციპები ჩვენ სასარგებლოდ ჩააწერინა. ფსალმუნის 19:7, 8-ში ვკითხულობთ: „იეჰოვას კანონი სრულყოფილია, სულს აცოცხლებს . . . იეჰოვას ბრძანებები სამართლიანია, გულს ახარებს. იეჰოვას მცნება წმინდაა, აბრწყინებს თვალებს“.

      2 კორინთელების 7:1 მოგვიწოდებს, რომ „განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცსა და სულს“. ლენას ეს ბიბლიური მუხლი მავნე ჩვევის დაძლევაში დაეხმარა. მსგავსი რამ მოხდა პირველ სტატიაში მოხსენიებული მაირის შემთხვევაშიც. ალბათ, გახსოვთ, რომ ის ძლიერი თავის ტკივილის გამო გახდა წამლებზე დამოკიდებული. რა დაეხმარა მას ამ ჩვევის დაძლევაში? მაირი გულახდილად ესაუბრა თავის ექიმს, რომელმაც დანიშნულება შეუცვალა.a გარდა ამისა, მას ქრისტიანული კრებაც ამოუდგა მხარში.

      ამ ჩვევის დაძლევაში ლენასა და მაირს ლოცვაც დაეხმარა. ფილიპელების 4:6, 7-ში წერია: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას“. ძველ დროში მცხოვრებმა ღვთის ერთმა მსახურმა დაწერა, რომ ‘როცა მშფოთვარე ფიქრები მოუმრავლდა’, ღვთის სიტყვამ მას სიმშვიდე, ნუგეში და სიხარული მოჰგვარა (ფსალმუნი 94:19). ასეთი მანუგეშებელი სიტყვების პოვნა შეგიძლიათ ბიბლიაში; გარდა ამისა, თქვენ შვებას მოგგვრით და გაგამხნევებთ მოწიფულ ქრისტიანებთან, მათ შორის უხუცესებთან ურთიერთობა.

      თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ ასეთ ადამიანს შეიძლება უღირსობის გრძნობა დაეუფლოს. ერთი ქრისტიანი და, ჯენისი, რომელიც მრავალი წელი წამლებზე იყო დამოკიდებული, წერს: „წამლების ბოროტად გამოყენებამ შეიძლება ისე დაასუსტოს ადამიანი სულიერად, რომ მას უღირსობის გრძნობა გაუჩნდეს და გაუჭირდეს იეჰოვასთვის დახმარების თხოვნა“. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწიფულ ქრისტიანებთან ურთიერთობა. მათ მიერ გამოვლენილ სიყვარულს, მხარდაჭერასა და რწმენით წარმოთქმულ ლოცვებს ‘დასუსტებულის გამოჯანმრთელება’ შეუძლია (იაკობი 5:15). როცა წამლებს ბავშვი იყენებს ბოროტად, ცხადია, მას მშობლები ეხმარებიან იეჰოვასთან დაახლოებაში. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში მათ ბავშვს უნდა უმკურნალონ, რომ ეს ჩვევა მიატოვოს.

      სამედიცინო დახმარების შედეგად, ჯენისმა ერთხელ და სამუდამოდ შეწყვიტა წამლების ბოროტად გამოყენება. „ჩემი ცხოვრების მძიმე წუთებში იეჰოვას მივენდე, — წერს ჯენისი. — ახლა დიდ შვებას ვგრძნობ და ისევ ხალისიანი ვარ“.

      მალე პრობლემები წარსულს ჩაჰბარდება

      მალე დადგება დრო, როცა არანაირი წამალი აღარ იქნება საჭირო. გამოცხადების 21:3, 4-ში ვკითხულობთ: „ღვთის კარავი ადამიანებთანაა . . . მოსწმენდს [ღმერთი] მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი [მათ შორის დღევანდელი პრობლემები] მოისპო“.

      ბიბლია ქრისტიანების იმედს ‘სულისთვის სანდო და მტკიცე ღუზას’ ადარებს (ებრაელები 6:18, 19). ძველ დროში მეზღვაურები შტორმის დროს გემიდან ღუზას უშვებდნენ. თუ ღუზა მყარად მოეკიდებოდა ფსკერს, ეს გემს წონასწორობას შეუნარჩუნებდა და რიფებზე ან ნაპირზე დამსხვრევისგან დაიცავდა. მსგავსადვე, ბიბლიაში მოცემული „სანდო და მტკიცე“ იმედი დაგვეხმარება, რომ ემოციური და სულიერი წონასწორობა შევინარჩუნოთ შტორმის მსგავსი განსაცდელების დროს, რომლებსაც დღეს ვერსად გავექცევით.

      გამოიკვლიეთ ბიბლია და თავად დარწმუნდით, რომ ბიბლიაში ჩაწერილი რჩევები და სწავლებები მართლაც დამხმარე და მანუგეშებელია. იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან ღვთის სიტყვის გამოკვლევაში, რაც ნამდვილ კმაყოფილებას მოგანიჭებთ.

      [სქოლიო]

      a ყველა შეიძლება არ იყოს მაირის მსგავს სიტუაციაში. მაგალითად, ზოგს შეიძლება ისეთი ტკივილები ჰქონდეს, რომ მხოლოდ ძლიერმა ტკივილგამაყუჩებლებმა უშველოს. ეს პრეპარატები დამოკიდებულებას იწვევს, ამიტომ პაციენტი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. ასეთი პაციენტი წამლებს არც სიამოვნების მისაღებად სვამს და არც იმიტომ, რომ წამლებზეა დამოკიდებული (წაიკითხეთ იგავების 31:6).

      [ჩანართი 9 გვერდზე]

      „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებით . . . აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა . . . დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით“ (ფილიპელები 4:6, 7).

      [ჩარჩო⁄სურათი 10 გვერდზე]

      პრაქტიკული რჩევები ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად

      ვარჯიშს შეუძლია „დროებით გაგიუმჯობესოთ გუნება-განწყობილება და ცოტა ხნით შვება გაგრძნობინოთ დეპრესიის დროს“, — ნათქვამია ერთ წიგნში (Managing Your Mind—The Mental Fitness Guide). შესაძლოა აგრეთვე დამხმარე იყოს კვების რაციონის შეცვლა და ზოგი ჩვევის მიტოვება. განვიხილოთ ვალერიას შემთხვევა. მას ბავშვობაში ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რის გამოც 12 სხვადასხვა ძლიერ წამალზე გახდა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, მან შეძლო გათავისუფლებულიყო ამ ჩვევისგან და ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნებოდა. რა დაეხმარა მას ამაში?

      ტელევიზორის ყურებისა და საეჭვო შინაარსის რომანების კითხვის ნაცვლად, ვალერიამ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ბიბლიური ლიტერატურისა და ბიბლიის კითხვის ჩვევა განივითარა. ვალერია აგრეთვე განუწყვეტლივ სთხოვდა იეჰოვას ლოცვაში ძალას. გარდა ამისა, ის კრების წევრებისგან დიდ დახმარებას იღებდა და რეგულარულად მონაწილეობდა სხვებისთვის მანუგეშებელი ცნობის ქადაგებაში. მან მაღალკალორიული, არასრულფასოვანი საკვების ნაცვლად, ჯანსაღი საკვების მიღება დაიწყო. შედეგებმა ექიმებიც კი გააოცა. უკვე მრავალი წელია, ვალერია ამ ჩვევას აღარ შეუწუხებია.b

      [სქოლიო]

      b თუ ექიმმა იმიტომ გამოგიწერათ წამლები, რომ ღრმა დეპრესია, ბიპოლარული მოშლილობა ან სხვა სახის ფსიქიკური დარღვევები გაქვთ, თქვენი მდგომარეობა ვალერიას მდგომარეობისგან განსხვავდება. ამიტომ ექიმთან კონსულტაციის გარეშე ნურაფერს შეცვლით.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება