საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ნარკოტიკები ვინ იყენებს მათ ბოროტად?
    გამოიღვიძეთ! — 2001 | ივლისი 8
    • ნარკოტიკები ვინ იყენებს მათ ბოროტად?

      ჩვენი კორესპონდენტისგან სამხრეთ აფრიკაში

      „ყველა სვამს ან იკეთებს წამალს“. ამ ზოგადი ფრაზით შეიძლება მიამიტ ადამიანებს კანონით აკრძალული ნივთიერებების გამოყენებისკენ უბიძგონ. მაგრამ იქიდან გამომდინარე, თუ რას შევიყვანდით ამ წამლებში, აღნიშნულ სიტყვებში არის ჭეშმარიტების მარცვალი.

      მაგალითად, სიტყვა ნარკოტიკი ასე განიმარტება: „ნებისმიერი ქიმიური საშუალება, იქნება ეს ბუნებრივი თუ სინთეზური, რომელიც აღქმაზე, გუნება-განწყობილებასა და სხვა ფსიქიკურ მდგომარეობაზე მოქმედებს“. ეს არის ფსიქოტროპულ საშუალებებად წოდებული ნივთიერებების ზოგადი დახასიათება, თუმცა ეს განმარტება არ მოიცავს მრავალ სამედიცინო საშუალებას, რომლებსაც ფიზიკური დაავადების სამკურნალოდ იყენებენ.

      მოყვანილი აღწერილობის თანახმად, ალკოჰოლიც შეიძლება ნარკოტიკად ჩაითვალოს. მისი ჭარბად გამოყენება საშიშროებას ქმნის, რაც დღესდღეობით აშკარად იზრდება. დასავლეთში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში დაკვირვების შედეგად, დაინახეს, რომ „კოლეჯებისა და უნივერსიტეტების სტუდენტებში ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება ყველაზე სერიოზული პრობლემაა“. გამოკვლევამ ცხადყო, რომ სტუდენტების 44 პროცენტი ალკოჰოლურ სასმელებს ჭარბად იღებდაa.

      ალკოჰოლის მსგავსად, თამბაქოს შეძენაც ლეგალურად შეიძლება, თუმცა ის ძლიერ შხამს, ნიკოტინს, შეიცავს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობის თანახმად, მოწევის შედეგად ყოველწლიურად დაახლოებით ოთხი მილიონი ადამიანი კვდება. მაგრამ თამბაქოს მაგნატები მდიდრები და საზოგადოების პატივდებული წევრები არიან. სიგარეტის მოწევამაც შეჩვევა იცის და შეიძლება იმაზე მეტადაც, ვიდრე კანონით აკრძალული მრავალი ნარკოტიკის გამოყენებამ.

      გასულ წლებში მრავალ ქვეყანაში აიკრძალა თამბაქოს რეკლამირება; აგრეთვე სხვა შეზღუდვებიც იქნა დადებული. მიუხედავად ამისა, მრავალი ადამიანი მოწევას საზოგადოებისთვის მისაღებ საქმიანობად მიიჩნევს. ფილმებში ის კვლავაც რომანტიკულად არის წარმოდგენილი. კალიფორნიის შტატის სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად, 1991—1996 წლებში ყველაზე შემოსავლიანი ფილმების 80 პროცენტში მთავარი როლის შემსრულებელი მამაკაცები მწეველებად არიან წარმოდგენილი.

      რა შეიძლება ითქვას მედიკამენტების შესახებ?

      სამკურნალ-წამლო საშუალებებმა მრავალს ნამდვილად არგო, მაგრამ მათი გამოყენებაც შეიძლება ბოროტად. ზოგჯერ ექიმები ძალიან ადვილად უწერენ პაციენტებს რეცეპტებს ან პაციენტები ახდენენ მათზე ზეწოლას, გამოუწერონ ისეთი მედიკამენტები, რომელთა მიღებაც აუცილებელი არ არის. ერთმა ექიმმა აღნიშნა: «ექიმები ყოველთვის არ უთმობენ დროს იმას, რომ დასხდნენ და პაციენტის დაავადების სიმპტომების მიზეზი გამოიკვლიონ. უფრო ადვილია თქმა: „დალიეთ ეს წამალი“. მაგრამ მთავარი პრობლემა ხელშეუხები რჩება».

      ისეთი წამლების ბოროტად გამოყენებამაც კი, რომელთა საყიდლად რეცეპტი არ არის საჭირო, მაგალითად, ასპირინი და პარაცეტამოლი (ტილენოლი, პანადოლი), შეიძლება ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები გაგვიჩინოს. ყოველწლიურად მსოფლიოში 2 000-ზე მეტი ადამიანი კვდება პარაცეტამოლის არასწორად გამოყენების შედეგად.

      სტატიის დასაწყისში მოყვანილი აღწერილობის თანახმად, ჩაისა და ყავის შემცველობაში შემავალი კოფეინიც შეიძლება ნარკოტიკად ჩაითვალოს, თუმცა, როდესაც საუზმეზე ჩვენს საყვარელ ჩაის ან ყავას მივირთმევთ, სულაც არ მივიჩნევთ მას ასეთად. და აბსურდი იქნებოდა საზოგადოებაში მიღებული სასმელების, მაგალითად, ჩაისა და ყავის, იმავე შუქზე განხილვა და ისეთ ძლიერ ნარკოტიკად ჩათვლა, როგორიც ჰეროინია. ეს იგივე იქნებოდა, კნუტი მრისხანე ლომთან რომ შეგვედარებინა. მიუხედავად ამისა, ზოგი მედიცინის მუშაკის აზრით, თუ, ჩვეულებრივ, ყოველდღიურად ხუთ ფინჯან ყავაზე ან ცხრა ფინჯან ჩაიზე მეტს სვამთ, ამან შეიძლება გავნოთ. გარდა ამისა, თუ ერთბაშად შეწყვეტთ მათ დალევას, შეიძლება ისეთივე სიმპტომები აღგენიშნოთ, როგორიც ერთ ჩაის მოყვარულ ქალს ჰქონდა: ღებინება, ძლიერი თავის ტკივილი და სინათლისადმი მეტისმეტი მგრძნობელობა.

      რა შეიძლება ითქვას მედიკამენტების უკანონო გამოყენებაზე?

      უფრო მეტად სადისკუსიო საკითხი სპორტული მიზნების მისაღწევად მედიკამენტების გამოყენებაა. ამას ხაზი გაესვა 1998 წელს ჩატარებულ შეჯიბრება „ტურ დე ფრანსზე“, რომლიდანაც საუკეთესო ველოსიპედისტთა ჯგუფიდან დოპინგის გამოყენების გამო 9 კაცი იქნა გაძევებული. სპორტსმენებმა ათასგვარ ხერხს მიმართეს იმ მიზნით, რომ ტესტირებისას არ გამოვლენილიყო მათ მიერ დოპინგის გამოყენების ფაქტი. ჟურნალ „ტაიმის“ ცნობით, ზოგი იქამდე მივიდა, რომ «„შარდის გადასხმას“ იკეთებს ანუ ვიღაცის [დოპინგისგან თავისუფალ] სუფთა შარდს კათეტერის გამოყენებით თავის შარდის ბუშტში ისხამს; ეს პროცედურა კი ხშირად მტკივნეულია“.

      ჩვენ ჯერ არაფერი გვითქვამს ნივთიერებათა გარკვეული ჯგუფის, კერძოდ კი ნარკოტიკების, იმ უკანონო გამოყენებაზე, რომლებსაც „გასართობად“ და გამაბრუებელ საშუალებად იყენებენ. ამ ნივთიერებებში შედის მარიხუანა, ექსტაზი (მეთილენდიოქსი-მეთამფეტამინი, მდმა) ლსდ (ლიზერგინის მჟავას დიეთილამიდი), სტიმულატორები (კოკაინისა და ამფეტამინის მსგავსი), ბარბიტურატები (ტრანქვილიზატორების მსგავსი დეპრესანტები) და ჰეროინი. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს სხვადასხვა შესასუნთქი საშუალებები, მაგალითად, წებო და ბენზინი, რაც ახალგაზრდებს იზიდავს. რა თქმა უნდა, ეს ისეთი ნივთიერებები არ არის, რომელთა გაყიდვა კანონით აკრძალულია და მათი შოვნა ადვილად არის შესაძლებელი.

      ნარკომანების შესახებ ისეთი ზოგადი წარმოდგენა, რომ ისინი გამხდარი ადამიანები არიან, რომლებიც ჩაბნელებულ ოთახებში სხედან და ნემსს იკეთებენ, შეიძლება შეცდომაში შემყვანი აღმოჩნდეს. მრავალი მათგანი შეიძლება შედარებით ნორმალურ ყოველდღიურ ცხოვრებას ეწევა, თუმცა ნარკოტიკების გამოყენება, ეჭვგარეშეა, მეტ-ნაკლებად მოქმედებს მათ ყოფაზე. მიუხედავად ამისა, შეუძლებელია შევამციროთ ნარკოტიკების გამოყენების საზიანო შედეგები. ერთი მწერალი აღწერს კოკაინის ზოგ გამომყენებელს როგორ „შეუძლია დროის შედარებით მოკლე პერიოდში ინიექციის ძალიან ბევრჯერ გაკეთება, რაც მათ სხეულს ნემსებით დაჩხვლეტილი, სისხლმდენი, დაბეჟილი ხორცის მასის შესახედაობას აძლევს“.

      მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ნარკოტიკების გამოყენების მოჩვენებითი შემცირების შემდეგ, მსოფლიოში მათმა არაკანონიერმა გამოყენებამ კვლავ იმატა. ჟურნალი „ნიუსუიკი“ აღნიშნავდა: „ხელისუფლებას უძნელდება, გაუმკლავდეს ნარკოტიკების კონტრაბანდის მძლავრ იერიშს, თითქმის ყოველგვარი ნარკოტიკების გამოყენების ზრდასა და იმ თანხებისა თუ ინფორმაციის ნაკლებობას, რაც ნარკომანიასთან საბრძოლველად არის საჭირო“. იოჰანესბურგის (სამხრეთ აფრიკა) ერთ-ერთი გაზეთი (the star) იუწყებოდა, რომ მთავრობის მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, „სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ოთხი ადამიანიდან ერთი ბოროტად იყენებს ალკოჰოლს ან ნარკოტიკებს“.

      გაეროს სოციალური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით „ნარკოტიკების დამამზადებლებმა და ნარკოტიკებით მოვაჭრეებმა. . . საკუთარ საქმეს მსოფლიო მასშტაბით გაუწიეს ორგანიზება და მოგების მნიშვნელოვანი ნაწილი ისეთ დიდ ფინანსურ ცენტრებში შეიტანეს, რომლებმაც საიდუმლო მომსახურების გარანტია და ინვესტირებული კაპიტალის ამონაგებიდან სასურველი თანხის მიცემა შესთავაზეს. . . ნარკოტიკებით მოვაჭრეებს ახლა არაკანონიერი გზით მოგების მიღება კომპიუტერების გამოყენებით მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში თანხების გადარიცხვით შეუძლიათ, ისე რომ სახელმწიფომ ამას კონტროლი მაინცდამაინც არ გაუწიოს“.

      როგორც ჩანს, მრავალ ამერიკელს ყოველდღიურად უწევს კოკაინთან შეხება, თუმცა ამის შესახებ თავად არაფერი იცის. ერთ-ერთ ჟურნალში (Discover) ახსნილი იყო, რომ ამერიკული ბანკნოტების უმეტესობაზე დარჩენილია ნარკოტიკების კვალი.

      ფაქტი ის გახლავთ, რომ მედიკამენტებისა თუ ნარკოტიკების გამოყენება — მათ შორის, უკანონოდ — მრავალი ადამიანისთვის მისაღები და ყოველდღიური ყოფის ნაწილი გახდა. როდესაც პრესის საშუალებით ფართოდ ვრცელდება ინფორმაცია იმ ზიანის შესახებ, რომელსაც ნარკოტიკების, თამბაქოსა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება იწვევს, წამოიჭრება კითხვა — რატომ იყენებენ ადამიანები ამ ნივთიერებებს ბოროტად? ამ საკითხზე ფიქრის დროს კარგი იქნებოდა ასეთ ნივთიერებებთან დაკავშირებით საკუთარ თვალსაზრისზეც გვეფიქრა.

      [სქოლიო]

      a ალკოჰოლური საშუალებების ჭარბ რაოდენობად მიჩნეული იყო „მამაკაცებისთვის ერთი მეორეზე მიყოლებით ხუთი ან მეტი ჭიქა სპირტიანი სასმელების დალევა, ხოლო ქალებისთვის — ოთხი ან მეტი“.

      [სურათი 3 გვერდზე]

      ალკოჰოლური სასმელების ჭარბად მიღება მრავალი სკოლისა თუ უმაღლესი სასწავლებლის დიდი პრობლემაა.

      [სურათი 5 გვერდზე]

      სიგარეტის მოწევასა და ნარკოტიკების „გასართობად“ გამოყენებას მრავალი უვნებლად მიიჩნევს.

  • ნარკოტიკები რატომ იყენებს ხალხი მათ ბოროტად?
    გამოიღვიძეთ! — 2001 | ივლისი 8
    • ნარკოტიკები რატომ იყენებს ხალხი მათ ბოროტად?

      „ცამეტი წლის ვიყავი, როდესაც ერთ საღამოს ჩემი საუკეთესო მეგობრის დამ სახლში მიგვიწვია. ყველამ მარიხუანას მოწევა დაიწყო. თავიდან მე უარი ვთქვი, მაგრამ რამდენიმე შემოთავაზების შემდეგ, ბოლოს, მეც გავსინჯე“. ასე დაიწყო სამხრეთ აფრიკელმა მაიკლმა ნარკოტიკების მიღება.

      „მე კონსერვატიულ, პროფესიონალი მუსიკოსების ოჯახში გავიზარდე. ვუკრავდი ორკესტრში; იქ იყო ერთი მუსიკოსი, რომელიც შესვენებების დროს რეგულარულად ეწეოდა მარიხუანას. ერთი თვის განმავლობაში ის დაჟინებით მთავაზობდა, მეც მომეწია. ბოლოს დავთანხმდი; მას შემდეგ რეგულარულად დავიწყე მარიხუანას მოწევა“. ამგვარად დაიწყო კანადელმა დარენმა ნარკოტიკების გამოყენება.

      მოხსენიებულმა ორმა პიროვნებამ შემდეგ ისეთი ნარკოტიკების გამოყენება დაიწყო, როგორებიცაა: ლსდ, ოპიუმი და სტიმულატორები. წარსულთან დაკავშირებით ისინი, როგორც ყოფილი ნარკომანები, იმ აზრისანი არიან, რომ თანატოლების გავლენამ შეასრულა ძირითადი როლი მათ მიერ ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების დაწყებაში. „ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ნარკოტიკების გამოყენებას დავიწყებდი, — ჰყვება მაიკლი, — მაგრამ მხოლოდ ნარკომანი ბავშვები იყვნენ ჩემი მეგობრები და, ბუნებრივია, მეც მათ მივბაძე“.

      გართობის სფერო

      თანატოლების გავლენა მართლაც რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმაში, რომ მრავალი ნარკომანი ხდება; განსაკუთრებით კი ამ გავლენას ახალგაზრდები ექვემდებარებიან. გარდა ამისა, მათ თვალწინ უდგათ თავიანთი კერპები გართობის სამყაროდან, რომლებიც მათზე დიდ გავლენას ახდენენ.

      შოუ-ბიზნესი თითქმის ჩაფლულია ნარკოტიკებში. ტოპ-მუსიკოსები თავიანთი კარიერის რომელიმე საფეხურზე ხშირად ძალიან ძლიერ ნარკოტიკებს იყენებენ. მრავალი კინოვარსკვლავიც, ჩვეულებრივ, ნარკომანია.

      ესტრადის მომღერლებს შეუძლიათ ნარკოტიკებს რომანტიკული მიმზიდველობა მიანიჭონ და ამის გამო ახალგაზრდებს უჭირთ მათზე უარის თქმა. 1996 წელს „ნიუსუიკი“ იუწყებოდა: „სიეტლის ქუჩები სავსეა ბავშვებით, რომლებსაც ჰეროინის მიღება სურთ მხოლოდ იმიტომ, რომ მას [როკ-მუსიკოსი] კობანი იღებს“.

      ნარკოტიკები მიმზიდველად არის აღწერილი ჟურნალებში, ფილმებსა და სატელევიზიო გადაცემებში. მსგავსად ამისა, ზოგი წამყვანი დიზაინერი ისეთ მოდელებს ქმნის, რომ აშკარა უპირატესობა ეძლევა თხელ, მეტისმეტად გამხდარ აღნაგობას, რაც ნარკომანის იმიტაციას ქმნის.

      რატომ ხდება ზოგი ნარკომანი?

      სხვა მრავალი ფაქტორიც უწყობს ხელს ნარკომანიის ზრდას. მათ შორის არის იმედგაცრუება, დეპრესია და ცხოვრების აზრის უქონლობა. დამატებითი მიზეზებია ეკონომიკური პრობლემები, უმუშევრობა და მშობლების ცუდი მაგალითი.

      ზოგს უჭირს ადამიანებთან ურთიერთობა და ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ნარკოტიკებს იყენებს. მათ ჰგონიათ, რომ ნარკოტიკები თავდაჯერებულობას შემატებთ, რადგან ეს საშუალებები ისეთ შეგრძნებას უქმნით, რომ თითქოს ენამოსწრებული და მიმზიდველი ადამიანები ხდებიან. სხვებისთვის კი ნარკოტიკების მიღება, უბრალოდ, უფრო ადვილია, ვიდრე ყოველდღიურ ყოფასთან გამკლავება.

      ახალგაზრდებში ნარკოტიკების გამოყენების დაწყების კიდევ ერთი მიზეზი მოწყენილობაა. ერთ-ერთი წიგნი მოწყენილობასა და მშობლების მეთვალყურეობის არარსებობაზე ამახვილებს ყურადღებას: „სკოლიდან დაბრუნებულ ახალგაზრდებს სახლში არავინ ხვდებათ. გასაკვირი არ არის, რომ ისინი მარტოობას გრძნობენ და არ უნდათ, რომ ეს ასე იყოს. მეგობრები ერთად იკრიბებიან, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ხშირად მოწყენილობას გრძნობენ. გაუთავებლად უყურებენ ტელევიზორსა და მუსიკალურ ვიდეოჩანაწერებს ან ინტერნეტში ეძებენ რაიმე ამაღელვებელს. ასეთი ყოფის ნაწილი ძალიან ადვილად შეიძლება გახდეს მოწევა, ნარკოტიკების გამოყენება და სმა“ (The Romance of Risk—Why Teenagers Do the Things They Do).

      ზემოთ მოხსენიებულმა მაიკლმა აღნიშნა, რომ სახლში მშობლების მეთვალყურეობა აკლდა: „ბედნიერი ოჯახი გვქონდა. ოჯახის წევრები ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ მშობლები მუშაობდნენ და ამიტომ მთელი დღის განმავლობაში უმეთვალყუროდ ვრჩებოდი. აგრეთვე დედ-მამა გვანებივრებდა. არავითარი დასჯა. მშობლებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ნარკოტიკებს ვიღებდი“.

      მრავალი, მას შემდეგ, რაც ნარკოტიკებს მიეჩვევა, მათ გამოყენებას მხოლოდ ერთი უბრალო მიზეზის გამო განაგრძობს — ამით სიამოვნებას იღებს. მაიკლი, რომელიც ყოველდღიურად იღებდა ნარკოტიკებს, მათი ეფექტის შესახებ ჰყვება: „ოცნებების სამყაროში ვიყავი ჩაძირული. შემეძლო ნებისმიერი ზეწოლის არად ჩაგდება. არასოდეს ვგრძნობდი შიშს. ყველაფერი საუცხოოდ მეჩვენებოდა“.

      სამხრეთ აფრიკელი კიდევ ერთი ყოფილი ნარკომანი, დიკი, აღწერს, თუ როგორი გავლენა იქონია მასზე მარიხუანამ 13 წლის ასაკში მისი მოწევის დაწყებისას: „ნებისმიერ ხუმრობაზე ვიცინოდი. ყველაფერი სასაცილო იყო“.

      ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შესახებ გაფრთხილებები, როგორც ჩანს, ახალგაზრდებს არ აშინებთ. ისინი, ჩვეულებრივ, ფიქრობენ: „ეს მე არ დამემართება“. წიგნში „ესაუბრეთ თქვენს მოზარდს“ აღნიშნულია, რატომ უგულებელყოფენ მოზარდები ნარკოტიკების ჯანმრთელობაზე საზიანო მოქმედების შესახებ გაფრთხილებებს: «ისინი სიცოცხლითა და ენერგიით იმდენად სავსენი არიან, რომ ვერ წარმოუდგენიათ, თავიანთ ჯანმრთელობას რამე თუ დაემუქრება. „შეუვალობის“ ასეთი გრძნობა ახალგაზრდებისთვის ძალზე დამახასიათებელია. მოზარდების თვალში ფილტვის კიბო, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია უფრო უფროსებს ემუქრებათ, ვიდრე მათ». ნარკოტიკებით გამოწვეული ექსტაზის პოპულარობის გამო მრავალი, უბრალოდ, ვერ ხედავს ამ საშიშროებებს. რატომ?

      „ექსტაზი“ და „რეივის“ სამყარო

      ამფეტამინიდან მიღებული ნარკოტიკი მდმა, რომელსაც „ექსტაზი“ ეწოდება, ჩვეულებრივ, მთელი ღამის განმავლობაში „რეივის“ ცეკვისას გამოიყენება. გამყიდველები ისეთ რეკლამას უკეთებენ ექსტაზს, თითქოს მას არავითარი ზიანი არ მოაქვს და მისი საშუალებით ეიფორიის განცდა და ენერგიის იმდენად მოზღვავებაა შესაძლებელი, რომ ადამიანს მთელი ღამის განმავლობაში ეყოს საცეკვაოდ ძალა. ნარკოტიკი მოცეკვავეს საათობით ცეკვაში ეხმარება და ბოლოს ნარკომანი აღწევს მდგომარეობას, რომელსაც ერთი მწერალი „ტრანსის მსგავს მდგომარეობად“ აღწერს. ერთმა ახალგაზრდამ ასე გამოხატა „ექსტაზის“ მიმზიდველობა: „გაბრუების გრძნობა ფეხის თითებიდან იწყება, თანდათანობით საოცარი სითბოთი და სიყვარულით გავსებს და ნელ-ნელა თავამდე აღწევს“.

      „ექსტაზის“ რეგულარულად გამომყენებელთა ტვინის ავტორადიოგრამა, ამ ნივთიერებებით მოვაჭრეთა მტკიცების საპირისპიროდ, იმის ფიზიკური დადასტურებაა, რომ მისი გამოყენება არ არის უვნებელი. „ექსტაზი“, როგორც ჩანს, აზიანებს ტვინის ნერვულ ბოჭკოებს და ამცირებს სეროტონინის შემცველობას. მიყენებული ზიანი შეიძლება შეუქცევადი აღმოჩნდეს. დროთა განმავლობაში ამას შეიძლება ისეთი დარღვევები მოჰყვეს, როგორიცაა: დეპრესია და მეხსიერების დაკარგვა. „ექსტაზის“ გამომყენებელთა შორის სიკვდილის რამდენიმე შემთხვევაც აღინიშნა. აგრეთვე მრავალი ვაჭარი მუდმივი კლიენტების მიზიდვის მიზნით ექტსტაზში ჰეროინს ურევს.

      რამდენად ადვილია მათი შეძენა?

      მრავალ ქვეყანაში, შემოტანილი ნარკოტიკების რაოდენობის ზრდის გამო, მათზე ფასებმა დაიკლო. ეს, ნაწილობრივ, პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებებით არის განპირობებული. სამხრეთ აფრიკა ამის ტიპობრივი მაგალითია; იქ მოხდა პოლიტიკური ცვლილებები, რომლებსაც შედეგად სხვა ქვეყნებთან ვაჭრობისა და საქონლის ურთიერთგაცვლის ზრდა მოჰყვა. საზღვარზე არცთუ ისე მკაცრმა კონტროლმა ნარკოტიკებით ვაჭრობას შეუწყო ხელი. გაიზარდა უმუშევრობა, რის გამოც ათასობით ადამიანის შემოსავალი ნარკოტიკებით უკანონოდ ვაჭრობაზე გახდა დამოკიდებული. სადაც უხვად არის ნარკოტიკები, იქ არც დამნაშავეობაა იშვიათი. ერთ-ერთი გაზეთის ცნობით, გაუტენგის (სამხრეთ აფრიკა) სკოლებში ბავშვები, რომელთაგან ზოგი მხოლოდ 13 წლისაა, ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ არიან. იქ რამდენიმე სკოლაში უკვე დაიწყეს მოწაფეებისთვის ანალიზების აღება მათ ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერების გამოსავლენად.

      რა არის ძირითადი მიზეზი?

      არსებობს იმის მრავალი აშკარა მიზეზი, თუ რატომ მიმართავენ ადამიანები ნარკოტიკებს. მაგრამ ყოველივე ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემის, ძირითადი მიზეზის, სიმპტომებია. მწერალი ვიტეკერი გადაკვრით აღნიშნავს ამას: „დღეს ნარკომანიის ასე ფართოდ გავრცელება მარტოობისა და გულგატეხილობის გარდა, ჩვენი საზოგადოების სისუსტეებისა და ნაკლოვანებების შესახებ გამაფრთხილებელი სიგნალია; თუ ასე არაა, მაშინ რატომ არჩევს მრავალი ნიჭიერი და მაღალი ფენის წარმომადგენელი ადამიანი ნარკოტიკებს თანამედროვე რეალობას?“

      ეს, მართლაც რომ, დამაფიქრებელი კითხვაა; ის გვაცნობიერებინებს, რომ მატერიალურ მიზნებსა თუ კარიერას გამოდევნებულ ჩვენს საზოგადოებაში ხშირად ემოციური და სულიერი მოთხოვნილებები გვერდზე რჩება. რელიგიათა უმეტესობაც ვერ ახერხებს ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, რადგან ისინი თვალს ხუჭავენ კაცობრიობის პრობლემების მთავარ მიზეზზე.

      ჩვენ კი, ნარკომანიის პრობლემის სამუდამოდ აღმომფხვრელი საშუალების პოვნამდე, უნდა აღმოვაჩინოთ და გამოსავალი მოვუძებნოთ აღნიშნულ ძირითად მიზეზს. ამაზე კი მომდევნო სტატიაში იქნება საუბარი.

      [სურათი 7 გვერდზე]

      სახელგანთქმული ადამიანები ნარკომანიას ზოგჯერ ლამაზ ფერებში გვიხატავენ.

      [სურათები 7 გვერდზე]

      თანამედროვე მუსიკალური სამყარო ნარკოტიკებით არის გაჯერებული.

      [სურათები 8 გვერდზე]

      ნარკოტიკი „ექსტაზი“, ჩვეულებრივ, „რეივებზე“ იშოვება.

      [საავტორო უფლებები]

      AP Photo/Greg Smith

      Gerald Nino/U.S. Customs

  • ნარკომანია გამოსავალი არსებობს!
    გამოიღვიძეთ! — 2001 | ივლისი 8
    • ნარკომანია გამოსავალი არსებობს!

      „კონტრაბანდით შეტანილ ღვინის ბოთლებში დიდი რაოდენობით კოკაინი იპოვეს“. ამ სათაურით დაბეჭდილ საგაზეთო სტატიაში ახსნილი იყო, თუ როგორ დააკავა იოჰანესბურგის (სამხერთ აფრიკა) პოლიციამ კონტეინერი, რომელიც გემით გადაჰქონდათ და რომელშიც 11 600 ბოთლი სამხრეთ ამერიკული ღვინო გახლდათ. ღვინოში 150—180 კილოგრამი კოკაინი იყო გახსნილი. ფიქრობდნენ, რომ აქამდე კოკაინის ასეთი დიდი პარტია ამ ქვეყანაში არასოდეს შეუტანიათ.

      თუმცა ამ მონაცემების მიხედვით კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა შესაძლოა წარმატებულად მოგვეჩვენოს, ჭეშმარიტება ის გახლავთ, რომ მთელ მსოფლიოში პოლიცია ნარკოტიკების კონტრაბანდის მხოლოდ დაახლოებით 10—15 პროცენტს აკავებს. სამწუხაროდ, ეს ბოსტანში დიდი ზიანის მომტანი სარეველა ბალახებისთვის ფოთლების შემოცლისა და ფესვების მიწაში დატოვების მსგავსია.

      უზარმაზარი მოგება, რომელსაც ნარკოტიკებით ვაჭრობა იძლევა, მთავრობას მათი წარმოებისა და გაყიდვის აღმოფხვრაში უშლის ხელს. სავარაუდო მოგება, რომელსაც მხოლოდ შეერთებულ შტატები ყოველწლიურად ნარკობიზნესით იღებს, მრავალ მილიარდ დოლარს შეადგენს. როდესაც საქმე ასეთ დიდ თანხებს ეხება, გასაკვირი არ არის, რომ პოლიცია და სხვა სახელმწიფო მოხელეები, მათ შორის დიდი თანამდებობის მქონენიც კი, ადვილად ებმებიან კორუფციის მახეში.

      ყოველკვირეული „გარდიანის“ კორესპონდენტი, ალექს ბელო, ბრაზილიიდან იტყობინებოდა, რომ პარლამენტის მიერ შეკრებილი ცნობების თანახმად, „სამი კონგრესმენი, მთავრობის აპარატის 12 წარმომადგენელი და სამი ქალაქის მერი მოხსენიებული იყვნენ. . . დაახლოებით 800-ზე მეტი კაცისგან შემდგარ სიაში; ამ ადამიანებს ორგანიზებულ დამნაშავეობასა და ბრაზილიაში ნარკოტიკებით ვაჭრობაში მიუძღოდათ წვლილი“. სიაში შედიოდნენ აგრეთვე „27 შტატიდან 17-ის პოლიციელები, იურისტები, ბიზნესმენები და ფერმერები“. აღნიშნული ფაქტის შესახებ ბრაზილიის უნივერსიტეტის პროფესორმა პოლიტიკის დარგში თქვა: „ეს არის ბრაზილიის საზოგადოების ნებისმიერი ფენის მასობრივი დადანაშაულება“. იგივე შეიძლება ითქვას მრავალ საზოგადოებაზეც, რომლებშიც ნაკრომანია კარგად არის ფეხმოკიდებული. ამ არასასურველ ვითარებას კი მოთხოვნა-მიწოდების საბაზრო კანონები იწვევს.

      ვინაიდან აკრძალვებს უმნიშვნელო წარმატებები მოაქვს, ზოგი გარკვეული ნარკოტიკის ლეგალიზაციის მომხრედ გამოდის. ზოგადი კონცეფცია ის გახლავთ, რომ ადამიანებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, პირადი გამოყენებისთვის ჰქონდეთ მათი მცირე რაოდენობა. ფიქრობენ, რომ ამგვარად მთავრობა უფრო ადვილად შესძლებს მდგომარეობის გაკონტროლებას და ნარკობოსებს უზარმაზარი შემოსავალი შეუმცირდებათ.

      ზოგის მცდელობა წარმატებით სრულდება

      დეტოქსიკაციამ შესაძლოა თავიდან ნარკომანს ნარკოტიკების მიღება შეაწყვეტინოს, რის შემდეგაც მისი ფიზიკური ჯანმრთელობა გაუმჯობესდება. მაგრამ, სამწუხაროდ, თუ ნარკომანი მისთვის ჩვეულ გარემოში მოხვდება, მოსალოდნელია, რომ ის კვლავ ნარკოტიკების მიღების ცდუნების წინაშე აღმოჩნდება. მწერალი ლუიჯი ზოია ამის მიზეზს გვეუბნება: „უბრალოდ, შეუძლებელია ჩვევის მოშორება, თუ პაციენტი მთლიანად არ შეიცვლის აზროვნებას“.

      წინა სტატიაში მოხსენიებულმა დარენმა ‘აზროვნება შეიცვალა’, რასაც მისი ცხოვრების შეცვლაც მოჰყვა. ის განმარტავს: „ვამბობდი, რომ ათეისტი ვიყავი, მაგრამ დროთა განმავლობაში, თუმცა დილიდან საღამომდე ნარკოტიკების გავლენის ქვეშ ვიყავი, მივხვდი, რომ ღმერთი უნდა არსებულიყო. ორი თუ სამი თვის განმავლობაში ვცდილობდი, შემეწყვიტა ნარკოტიკების მიღება, მაგრამ მეგობრებმა არ მომცეს ამის საშუალება. თუმცა ნარკოტიკებს ჯერ კიდევ ვიღებდი, ძილის წინ ბიბლიის რეგულარულად კითხვა დავიწყე. მეგობრებთან უფრო ნაკლები ურთიერთობა მქონდა. ერთ საღამოს მე და ოთახში ჩემთან ერთად მცხოვრებმა ბიჭმა ძალიან დიდი დოზით მივიღეთ ნარკოტიკული საშუალება. მასთან საუბარში ბიბლია ვახსენე. მომდევნო დილით მან თავის ძმას დაურეკა, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო. მან ჩვენს ქალაქში მცხოვრებ მოწმესთან მიგვაგზავნა; მეც წავედი.

      „ღამის 11 საათამდე ვსაუბრობდით, და შინ ბიბლიის შესასწავლად დამხმარე პუბლიკაციებით დატვირთული დავბრუნდი. ამ მოწმესთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე. შევწყვიტე ნარკოტიკების გამოყენება და მოწევა. დაახლოებით ცხრა თვის შემდეგ მოვინათლე და იეჰოვას მოწმე გავხდი“.

      ნარკოტიკების მიღების შეწყვეტა ადვილი არ არის. წინა სტატიაში მოხსენიებულმა მაიკლმა შენიშნა, რომ მისთვის რთული იყო 11 წლის განმავლობაში ნარკოტიკების მიღების შემდეგ მათთვის თავის დანებებება: „ჭამა არ შემეძლო, რის გამოც წონაში დავიკელი. დაბუჟების შეგრძნება მქონდა, ვოფლიანობდი და ადამიანებს ნორმალურად ვერ ვხედავდი. უდიდესი სურვილი მქონდა, დავბრუნებოდი ნარკოტიკებს, მაგრამ ლოცვის საშუალებით იეჰოვასთან დაახლოება და ბიბლიის შესწავლა სიწმინდის შენარჩუნებაში დამეხმარა“. ამ ყოფილი ნარკომანების აზრით, მათთვის ძალზე მნიშვნელოვანი ყოფილ მეგობრებთან ურთიერთობის აბსოლუტური გაწყვეტა იყო.

      რატომ მთავრდება კრახით ადამიანთა მცდელობები

      კანონით აკრძალული ნარკოტიკების გამოყენება გლობალური პრობლემის მხოლოდ ერთი მხარეა. მთელი წუთისოფელი ბოროტების, ძალადობისა და სისასტიკის მარწუხებშია მოქცეული. ბიბლია ამბობს: «მთელი წუთისოფელი ბოროტებაში ძევს [„ბოროტის ძალაუფლებაშია“, აქ]» (1 იოანე 5:19). ეს „ბოროტი“ არსება მოციქულ იოანეს გამოცხადების 12:9-ში ასე არის აღწერილი: „გადმოგდებულ იქნა დიდი გველეშაპი, ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია, მთელი წუთისოფლის მაცდუნებელი. და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად“.

      საკუთარი სისუსტეების გარდა, ადამიანი თავის ძლიერ მტერსაც ებრძვის. სატანა არის ის, ვინც თავდაპირველად გამოიწვია ადამიანის დაცემა. მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, კიდევ უფრო მეტად გამოუთხაროს ძირი კაცობრიობას და ადამიანები ღმერთს ჩამოაშოროს. ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება, როგორც ჩანს, მისი სტრატეგიის ნაწილია. ეშმაკი გამძვინვარებულია, რადგან იცის, რომ „დრო მცირეღა დარჩა“ (გამოცხადება 12:12).

      როგორ გადაჭრის ღმერთი ამ პრობლემას?

      ბიბლია გვამცნობს, რომ შემოქმედს უყვარს კაცობრიობა და ამიტომ ცოდვილი მდგომარეობისგან მათი გათავისუფლება აქვს განზრახული. 1-ლი კორინთელთა 15:22 გვეუბნება: „როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში“. იესო უყოყმანოდ მოვიდა დედამიწაზე, როგორც სრულყოფილი ადამიანი, და თავისი მიწიერი სიცოცხლე ცოდვისა და სიკვდილის გავლენისგან ადამიანების გამოსახსნელად გაიღო.

      სიკვდილის მიზეზისა და ადამიანთა პრობლემების გადაჭრის შესახებ ცოდნამ მრავალი აღძრა, უარი ეთქვა ნარკომანიაზე და ამის გასაკეთებლად გამბედაობაც მისცა. მაგრამ ბიბლია დღეს თითოეულს მხოლოდ ნარკომანიის პრობლემასთან გამკლავებაში როდი გვეხმარება. ის გვამცნობს დროის შესახებ, როცა სატანის გავლენა აღმოიფხვრება და წუთისოფელში არსებული ყოველგვარი გასაჭირი, მათ შორის ნარკომანიაც, საბოლოოდ მოისპობა.

      წიგნ „გამოცხადებაში“ აღწერილია „სიცოცხლის წყლის მდინარე, ბროლივით ჭვირვალი, რომელიც ღვთისა და კრავის ტახტიდან მოედინებოდა“ (გამოცხადება 22:1). ეს სიმბოლური მდინარე მიგვითითებს ღვთის ღონისძიებაზე — იესო ქრისტეს მეშვეობით ადამიანებს დაუბრუნოს სრულყოფილი სიცოცხლე და ისინი დედამიწაზე სამოთხეში აცხოვროს. „გამოცხადება“ მდინარის გასწვრივ ჩამწკრივებულ ჯანსაღ ხეებსაც აღწერს და ამბობს: „ხის ფოთლები ხალხთა განსაკურნავადაა“ (გამოცხადება 22:2). ეს სიმბოლური ფოთლები იეჰოვას მიერ ადამიანების სულიერ და ფიზიკურ სრულყოფილებამდე მიმყვანი გამომაჯანსაღებელი ღონისძიებების ამსახველია.

      ბოლოს კი, ადამიანები გათავისუფლდებიან არა მარტო ნარკომანიისგან, არამედ ყველა სხვა დაავადებისა და პრობლემისგან, რომლითაც სავსეა დღევანდელი დეგრადირებული სისტემა!

      [ჩარჩო⁄სურათი 9 გვერდზე]

      რამდენად უვნებელია მარიხუანა?

      რამდენიმე ქვეყანაში მარიხუანის, ძირითადად, სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენების კანონიერად დაშვებაზე მსჯელობენ. ეს ნივთიერება ამცირებს გულისრევის შეგრძნებას, რომელიც ავადმყოფებს ქიმიოთერაპიის დროს აღენიშნებათ; ის, როგორც ჩანს, შიდსი-ით დაავადებულთათვის მადის აღმძვრელ საშუალებად გამოიყენება. მარიხუანას ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც აქვს.

      მაშინ როდესაც ამ მონაცემებთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები არსებობს, ერთ-ერთ ჟურნალში (New Scientist) აღნიშნული იყო, რომ ცდების შედეგად დადგენილ იქნა ამ ნივთიერების საზიანო ეფექტები.

      ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩატარდა ცდები; შედარებულ იქნა ადამიანთა ჯგუფები, რომელთაგან ერთნი ყოველდღე ეწეოდნენ მარიხუანას, მეორენი კი შედარებით იშვიათად. მათ გონებაზე ჩატარებული სტანდარტული გამოკვლევის შედეგად, ამ ორი ჯგუფის ადამიანებში მცირეოდენი განსხვავება აღინიშნა. მაგრამ შემგუებლობაზე ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ მარიხუანის დიდი რაოდენობით გამომყენებლებს ეს უნარი ბევრად დაბალი ჰქონდათ.

      სხვა უნივერსიტეტში 15 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ მარიხუანის რეგულარულად მწეველებსა და სიგარეტის მწეველებს. მარიხუანის მწეველები დღეში სამ-ოთხჯერ ეწეოდნენ, მაშინ როდესაც სიგარეტის მწეველები დღეში 20 ან მეტ სიგარეტს ეწეოდნენ. ორივე ჯგუფის წევრებს თანაბრად აღენიშნებოდათ ხველება და ბრონქიტი. ფილტვების გამოკვლევამ ცხადყო, რომ ორივე ჯგუფის წარმომადგენლების ფილტვებში ერთი და იმავე სახის უჯრედები იყო დაზიანებული.

      თუმცა მარიხუანას მისი მწეველები ბევრად უფრო ნაკლები სიხშირით ეწეოდნენ, აღმოჩნდა, რომ მარიხუანის ერთხელ მოწევისას იმდენივე ფისი გამოიყოფა, რამდენიც სიგარეტის სამი ღერის მოწევის შემთხვევაში. გარდა ამისა, აღნიშნული ჟურნალი იუწყებოდა: „მარიხუანის მწეველები უფრო ღრმად ისუნთქავენ ბოლს და უფრო დიდხანს იკავებენ სუნთქვას“.

      გარდა ამისა, მარიხუანის მწეველების ფილტვების იმუნურ უჯრედებს 35 პროცენტით ნაკლებად შეეძლოთ ბაქტერიებთან ბრძოლა, ვიდრე სიგარეტის მწეველთა იმავე უჯრედებს.

      [საავტორო უფლება]

      U.S. Navy photo

      [ჩარჩო 11 გვერდზე]

      მშობლებისთვის წაყენებული „მტკივნეული ბრალდება“

      სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი გაზეთის (Saturday Star) მოწინავე სტატიაში შეშფოთება იყო გამოხატული იმის გამო, რომ სამხრეთ აფრიკელ ახალგაზრდებს შორის ნარკომანიის მასშტაბები იზრდება. გაზეთი იუწყებოდა:

      „ჩვენი შვილები რომ ამას აკეთებენ [ნარკოტიკებს იღებენ], ხშირად ჩვენთვის, მშობლებისთვის, და საერთოდ საზოგადოებისთვის, წაყენებული მტკივნეული ბრალდებაა. კვირიდან კვირამდე დროსა და ენერგიას არ ვიშურებთ მატერიალური კეთილდღეობის მისაღწევად. შვილების მოვლა-პატრონობა გონების დაძაბვასა და ფიზიკურ ძალებს საჭიროებს. მათ საკმარის დროს ვუთმობთ? შედარებით ადვილია მათთვის ფულის მიგდება, რათა აღარ შეგვაწუხონ. დიახ, ეს უფრო ადვილია, ვიდრე იმის მოსმენა, თუ რა აშინებთ, რის იმედი აქვთ ან რა აწუხებთ. დღეს საღამოს, როდესაც რესტორნებში მაგიდებს მივუსხდებით ან ტელეეკრანების წინ მოხერხებულად მოვკალათდებით, გვეცოდინება მაინც, თუ რას გააკეთებენ ამ დროს ჩვენი შვილები?“

      ჩვენ კი დავამატებდით: გვეცოდინება რაზე ფიქრობენ ისინი?

      [სურათი 10 გვერდზე]

      მრავალი აღიძრა, მიეტოვებინა ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება