ნამდვილი ბედნიერება — რა არის გასაღები?
ადამიანები ბედნიერები უნდა ყოფილიყვნენ. რატომ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ ამაში? ყურადღება მიაქციე ადამიანის დასაბამს.
იეჰოვა ღმერთმა ადამიანთა პირველი წყვილი შექმნა შესაძლებლობით — ყოფილიყვნენ ბედნიერები. ადამი და ევა მოთავსებულ იქნენ სამოთხეში, ნეტარების ბაღში, სახელწოდებით ედემი. შემოქმედმა ისინი სიცოცხლისთვის ყოველივე აუცილებლით უზრუნველყო. ბაღში იყო „ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი“ (დაბადება 2:9). ადამი და ევა იყვნენ ჯანმრთელები, ძლიერები და ლამაზები — ისინი სრულყოფილებსა და ნამდვილად ბედნიერებს წარმოადგენდნენ.
მაგრამ რა იყო მათი ბედნიერების გასაღები? მათი სამოთხის სახლი თუ, იქნებ, მათი ფიზიკური სრულყოფილება? ღვთის ეს ძღვენები ხელს უწყობდა, რომ დამტკბარიყვნენ სიცოცხლით. მაგრამ მათი ბედნიერება არ იყო დამოკიდებული ასეთ რამეებზე. ედემის ბაღი მშვენიერ პარკზე მეტი იყო. ის იყო წმინდა ადგილი — ადგილი ღვთის თაყვანისცემისთვის. მარადიული ბედნიერების გასაღები იყო მათი უნარი — დაემყარებინათ და შეენარჩუნებინათ მოსიყვარულე ურთიერთობა შემოქმედთან. ბედნიერები რომ ყოფილიყვნენ, მათ, უპირველესად, სულიერობა უნდა ჰქონოდათ (შეადარე მათე 5:3, აქ).
სულიერობა იწვევს ბედნიერებას
თავდაპირველად ადამს სულიერი ურთიერთობა ჰქონდა ღმერთთან. ეს იყო მოსიყვარულე, ნაზი ურთიერთობა, როგორიც შვილს აქვს მამასთან (ლუკა 3:38). ედემის ბაღში ადამსა და ევას იდეალური პირობები ჰქონდათ, რომლებიც საშუალებას აძლევდა მათ, დაეკმაყოფილებინათ თაყვანისმცემლობის შესრულებასთან დაკავშირებული ძლიერი სურვილი. იეჰოვასადმი ნებაყოფლობითი, მოსიყვარულე მორჩილების საშუალებით ისინი ბევრად მეტ პატივსა და დიდებას მოუტანდნენ ღმერთს, ვიდრე ცხოველები. მათ შეეძლოთ გონივრულად განედიდებინათ ღმერთი მისი შესანიშნავი თვისებებისთვის და მხარი დაეჭირათ მისი უზენაესი მმართველობისთვის. აგრეთვე შეეძლოთ, რომ იეჰოვას მხრიდან კვლავ მიეღოთ მოსიყვარულე და ალერსიანი მზრუნველობა.
შემოქმედთან ასეთ ურთიერთობას და მისი კანონებისადმი მორჩილებას ნამდვილი ბედნიერება მოჰქონდა ჩვენი პირველი წინაპრებისთვის (ლუკა 11:28). ადამსა და ევას არ მოეთხოვებოდათ ბედნიერების გასაღების აღმოჩენამდე მრავალი წელი განსაცდელებსა და შეცდომებში ცხოვრება. ისინი შექმნის წუთიდანვე ბედნიერები იყვნენ. ღმერთთან მშვიდობა და მისი ძალაუფლებისადმი მორჩილება მათ ბედნიერებას ანიჭებდა.
მაგრამ ის ბედნიერება მყისვე დასრულდა, როცა ისინი არ დაემორჩილნენ ღმერთს. აჯანყებით ადამმა და ევამ გაწყვიტეს სულიერი ურთიერთობა იეჰოვასთან. ისინი მეტად აღარ იყვნენ ღვთის მეგობრები (დაბადება 3:17–19). როგორც ჩანს, ბაღიდან გაძევების დღიდან იეჰოვამ ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა მათთან. მათ დაკარგეს სრულყოფილება, მარადიული ცხოვრების პერსპექტივა და ბაღისებური სახლი (დაბადება 3:23). მაგრამ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ღმერთთან ურთიერთობის დაკარგვით მათ ბედნიერების გასაღები დაკარგეს.
არჩევის უნარი
სიკვდილამდე ადამმა და ევამ შთამომავლობას გადასცეს ადამიანისთვის დამახასიათებელი თვისებები, თანდაყოლილი სინდისი და სულიერობის უნარი. ადამიანთა ოჯახი არ დასულა ცხოველის დონემდე. ჩვენ შეგვიძლია შევურიგდეთ შემოქმედს (2 კორინთელთა 5:18). როგორც გონიერ ქმნილებებს, ადამიანებს კვლავ აქვთ უფლება, აირჩიონ, დაემორჩილონ ღმერთს თუ არა. ეს მრავალი საუკუნის შემდეგ გამოჩნდა, როცა იეჰოვამ ახლად ჩამოყალიბებულ ისრაელ ერს სიცოცხლის ან სიკვდილის არჩევა შესთავაზა. თავისი წარმომადგენლის, მოსეს, მეშვეობით ღმერთმა თქვა: „დღეს გადმოვეცი შენს წინაშე სიცოცხლე და სიკეთე, სიკვდილი და ბოროტება“ (მეორე რჯული 30:15–18).
ახლაც კი, თავდაპირველი სამოთხის დაკარგვიდან ათასობით წლის შემდეგ, ადამიანებს ჯერ კიდევ შეგვწევს სწორი არჩევნის უნარი. ჩვენ გვაქვს მოქმედი სინდისი და ძირითადი უნარი ღვთის კანონებისადმი მორჩილებისთვის. ბიბლია ლაპარაკობს ‘ჩვენს შინაგან კაცზე’ და ‘შინაგან ადამიანზე’ (2 კორინთელთა 4:16; რომაელთა 7:22). ეს გამოთქმები დაკავშირებულია თანდაყოლილ შეძლებასთან, რომელიც ყველას გვაქვს, რომ ავირეკლოთ ღვთისთვის დამახასიათებელი თვისებები, ვიაზროვნოთ მის მსგავსად, გვქონდეს სულიერობა.
ჩვენს ზნეობრივ ბუნებასა და სინდისზე მოციქული პავლე წერდა: „როცა წარმართნი, რომელთაც რჯული არ გააჩნიათ, ბუნებით რჯულისმიერს აკეთებენ, თუმცა რჯული არა აქვთ, თავიანთი თავის რჯული არიან. ისინი აჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულებში უწერიათ, რასაც მოწმობს მათი სინდისი და აზრები, ხან ბრალს რომ სდებენ ერთიმეორეს და ხან ამართლებენ“ (რომაელთა 2:14, 15).
გასაღები ღვთიური სიბრძნე და მორჩილებაა
ვინმემ შეიძლება იკითხოს: „თუ ყველას ბუნებრივი მიდრეკილება გვაქვს, რომ თაყვანი ვცეთ ღმერთს და შედეგად ნამდვილი ბედნიერებით დავტკბეთ, რატომაა უბედურება ასე ფართოდ გავრცელებული?“ იმიტომ რომ ბედნიერებისთვის თითოეული უნდა განვვითარდეთ სულიერად. თუმცა ადამიანი თავდაპირველად ღვთის ხატად შეიქმნა, ის ჩამოსცილდა შემოქმედს (ეფესელთა 4:17, 18). აქედან გამომდინარე, თითოეულმა გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ დავამყაროთ და შევინარჩუნოთ სულიერი ურთიერთობა ღმერთთან. ასეთი ურთიერთობა ავტომატურად არ განვითარდება.
სულიერობის განვითარებაში იესომ გამოყო ორი მნიშვნელოვანი პრინციპი. ერთია, ღვთის შესახებ ზუსტი შემეცნების შეძენა და მეორე — მორჩილად მისი ნების შესრულება (იოანე 17:3). ღვთის სიტყვის ციტირებისას იესომ თქვა: „დაწერილია, რომ არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4). სხვა შემთხვევაში მან აღნიშნა: „ჩემი საჭმელია — ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე“ (იოანე 4:34). საჭირო არაა, ათწლეულები გავატაროთ განსაცდელებითა და შეცდომებით ბედნიერების ძებნაში. გამოცდილება არაა ბედნიერების გასაღები. პირიქით, მხოლოდ ღვთიურ სიბრძნესა და შემოქმედისადმი მორჩილებას შეუძლია ცხოვრებაში ნამდვილი სიხარულის მოტანა (ფსალმუნი 18:8, 9; ეკლესიასტე 12:13).
ნათელია, რომ ბედნიერება, რომელიც ღვთიური სიბრძნის გამოვლენასა და ღვთის წინაშე შესანიშნავ მდგომარეობას მოაქვს, შორს არაა ჩვენგან (საქმეები 17:26, 27). შემეცნება იეჰოვასა და მის განზრახვაზე ყველასთვის ხელმისაწვდომია. მრავალ ენაზე მილიარდობით ეგზემპლარად გამოცემული ბიბლია მსოფლიოს კვლავ ყველაზე ფართოდ გავრცელებული წიგნია. მას შეუძლია დაგეხმაროს, გახდე ღვთის მეგობარი და დატკბე ნამდვილი ბედნიერებით, რადგან საღვთო წერილი გვამცნობს, რომ «ნეტარ არს ხალხი, რომელსაც ჰყავს უფალი [„იეჰოვა“, აქ], თავისი ღმერთი» (ფსალმუნი 143:15).
[ჩარჩო 6 გვერდზე]
ნაბიჯები ბედნიერებისთვის
1. ჩაწვდი სულიერობას და გამოიმუშავე. იესომ თქვა: „ნეტარ არიან ისინი, ვინც მოისმენენ და დაიცავენ ღვთის სიტყვას“ (ლუკა 11:28).
2. აღიარე, რომ ღვთის მოწონება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიმდიდრე ან ფუფუნება. პავლე წერდა: „დიადი შენაძენია ღვთისმოსაობა, კმაყოფილებასთან ერთად. . . თუ გვაქვს საზრდო და ტანსაცმელი, დავჯერდეთ ამას“ (1 ტიმოთე 6:6–8).
3. ეცადე, განავითარო ბიბლიით განსწავლული სინდისი და გამოეხმაურო მას (რომაელთა 2:14, 15).
4. გადაწყვიტე, დაემორჩილო იეჰოვა ღმერთს, რომ ამგვარად მისი ხალხის ერთ-ერთ წევრად ჩაითვალო. წარსულში დავითი წერდა: «ნეტარ არს ხალხი, რომელსაც ჰყავს უფალი [„იეჰოვა“, აქ], თავისი ღმერთი» (ფსალმუნი 143:15).
[სურათი 7 გვერდზე]
„ბედნიერია, ვისაც შეგნებული აქვს სულიერი მოთხოვნილებები“ (მათე 5:3, აქ).