თავი მეხუთე
იეჰოვას თაყვანისმცემელთა თავისუფლება
1, 2. ა) როგორი თავისუფლება მისცა ღმერთმა ადამიანთა პირველ წყვილს? ბ) დაასახელე, რომელი კანონების თანახმად უნდა ემოქმედათ ადამსა და ევას.
როდესაც იეჰოვამ პირველი მამაკაცი და ქალი შექმნა, ისეთი თავისუფლება უბოძა, რომელიც ბევრად აღემატებოდა დღესდღეობით ქვეყნიერებაში არსებულ ნებისმიერი სახის თავისუფლებას. ადამი და ევა სამოთხეში, ედემის მშვენიერ ბაღში, ცხოვრობდნენ. რადგან სრულყოფილი გონება და სხეული ჰქონდათ, არანაირი ავადმყოფობა არ უშლიდათ ხელს სიცოცხლით ტკბობაში. ადამსა და ევას არ ელოდათ სიკვდილი იმათგან განსხვავებით, რომლებიც მათი შეცოდების შემდეგ დაიბადნენ. ამავე დროს, ისინი რობოტებივით კი არ იქცეოდნენ, არამედ სასწაულებრივი ძღვენით, ნების თავისუფლებით იყვნენ დაჯილდოებულნი, რაც მათ პირადი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას აძლევდა. მაგრამ ასეთი შესანიშნავი თავისუფლება რომ შეენარჩუნებინათ, პატივი უნდა ეცათ ღვთის კანონებისთვის.
2 მაგალითად, დაფიქრდი ღვთის მიერ დადგენილ ფიზიკურ კანონებზე. მართალია, ეს კანონები შეიძლება წერილობითი სახით არ არსებობდა, მაგრამ ადამი და ევა ისე იყვნენ შექმნილი, რომ მათთვის ბუნებრივი იყო ამ კანონებისადმი მორჩილება. შიმშილის გრძნობა მიანიშნებდათ, რომ ეჭამათ; წყურვილს როცა გრძნობდნენ, ესმოდათ, რომ უნდა დაელიათ; მზის ჩასვლა კი ძილის აუცილებლობას შეახსენებდა. გარდა ამისა, იეჰოვამ დავალება მისცა ადამსა და ევას; სინამდვილეში ეს დავალება კანონს უტოლდებოდა, რადგან მათ მის თანახმად უნდა ემოქმედათ. ისინი უნდა გამრავლებულიყვნენ, ეზრუნათ უამრავ ცოცხალ არსებაზე და გაეფართოვებინათ სამოთხის საზღვრები, სანამ ის მთელ დედამიწას არ მოიცავდა (დაბადება 1:28; 2:15). როგორი სიამოვნების მომგვრელი და სასარგებლო იყო ეს კანონი! ასეთი სამუშაო სავსებით დააკმაყოფილებდა მათ, რადგან თავიანთ უნარს სრულყოფილად და სასარგებლოდ გამოიყენებდნენ. აგრეთვე მათ საკმაოდ დიდი თავისუფლება მიეცათ; მათ თავად შეეძლოთ გადაეწყვიტათ, თუ როგორ შეასრულებდნენ თავიანთ დავალებას. მეტი რაღა უნდა ენატრათ?
3. როგორ შეეძლოთ ადამსა და ევას ესწავლათ გადაწყვეტილებების მიღებისას თავისუფლების გონივრულად გამოყენება?
3 რასაკვირველია, როდესაც ადამსა და ევას გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა მიეცათ, ეს არ ნიშნავდა, რომ მათ მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კარგ შედეგებს გამოიღებდა. თავისუფლება, რომლითაც ისინი გადაწყვეტილებების მიღებისას სარგებლობდნენ, არ უნდა გადასულიყო ღვთის კანონებისა და პრინციპების ზღვარს. როგორ შეეძლოთ ადამსა და ევას ესწავლათ ამ კანონებისა და პრინციპების თანახმად მოქმედება? თავიანთი შემოქმედის მოსმენითა და მის საქმეებზე დაკვირვებით. ადამსა და ევას ჰქონდათ იმის უნარი, რომ ნასწავლი გამოეყენებინათ, რადგან ღმერთმა ისინი გონებით დააჯილდოვა. ადამი და ევა სრულყოფილები იყვნენ და ამიტომ, გადაწყვეტილებების მიღებისას, ბუნებით იქნებოდნენ მიდრეკილი, აერეკლათ ღვთის თვისებები. მართლაც, ისინი მთელი გულით გააკეთებდნენ ამას, თუ ნამდვილად მადლიერი იქნებოდნენ იმისათვის, რაც ღმერთმა გაუკეთა მათ და სურვილი ექნებოდათ, ესიამოვნებინათ მისთვის (დაბადება 1:26, 27; იოანე 8:29).
4. ა) ართმევდა ადამსა და ევას თავისუფლებას ღვთის განკარგულება, რომ არ ეჭამათ ერთი ხის ნაყოფი? ბ) რატომ იყო ეს მართებული მოთხოვნა?
4 იეჰოვამ სამართლიანად გადაწყვიტა, გამოეცადა, თუ რამდენად უერთგულებდნენ ადამი და ევა მას, სიცოცხლის წყაროს, და რამდენად იქნებოდნენ მზად, დამორჩილებოდნენ მის მოთხოვნებს. იეჰოვამ ადამს კანონი დაუდგინა: „ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებიო“ (დაბადება 2:16, 17). ევამაც თავისი შექმნის შემდეგ შეიტყო ამ კანონის შესახებ (დაბადება 3:2, 3). ართმევდა მათ თავისუფლებას ამგვარი შეზღუდვა? რა თქმა უნდა, არა. ადამსა და ევას უხვად ჰქონდათ ყველანაირი, ძალიან სასარგებლო და გემრიელი საკვები და მხოლოდ ერთი ხის ნაყოფის ჭამა ეკრძალებოდათ (დაბადება 2:8, 9). მათ უნდა ეღიარებინათ, რომ რამდენადაც დედამიწა ღმერთის შექმნილია, ის წარმოადგენს მის მფლობელს. ამიტომ მას აქვს უფლება, დაადგინოს კანონები, რომლებიც შეესაბამება მის განზრახვებს და სასარგებლოა კაცობრიობისთვის (ფსალმუნი 23:1, 10).
5. ა) როგორ დაკარგეს ადამმა და ევამ დიდებული თავისუფლება? ბ) რით შეიცვალა თავისუფლება, რომლითაც ისინი ტკბებოდნენ და როგორ იმოქმედა ამან ჩვენზე?
5 მაგრამ, რამ მოხდა? ეგოისტური ამბიციით შეპყრობილმა ერთმა ანგელოზმა ბოროტად გამოიყენა ნების თავისუფლება და სატანა გახდა, რაც „მოწინააღმდეგეს“ ნიშნავს. მან ევა დაარწმუნა ისეთ რამეში, რაც ღვთის ნებას ეწინააღმდეგებოდა და ამგვარად აცდუნა (დაბადება 3:4, 5). ადამმაც მიჰბაძა ევას და ღვთის კანონი დაარღვია. იმის მითვისებით, რაც არ ეკუთვნოდათ, მათ დიდებული თავისუფლება დაკარგეს. ისინი ცოდვის მონები გახდნენ და ღვთის გაფრთხილების თანახმად, საბოლოოდ, დაიხოცნენ. მათ თავიანთ შთამომავლობას მემკვიდრეობით ცოდვა გადასცეს, რაც ბოროტებისადმი დაბადებიდანვე თანდაყოლილ მიდრეკილებაში ვლინდება. ცოდვა ფიზიკური სისუსტეების მიზეზიც გახდა, რამაც ადამიანი ავადმყოფობამდე, სიბერემდე და სიკვდილამდე მიიყვანა. ბოროტებისადმი მიდრეკილებისა და სატანის კიდევ უფრო ძლიერი გავლენის გამო ადამიანთა ისეთი საზოგადოება ჩამოყალიბდა, რომლის ისტორიაც ხასიათდება სიძულვილით, დამნაშავეობით, ჩაგვრითა და ომებით, რამაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. რამდენად დიდი სხვაობაა ასეთ თავისუფლებასა და თავდაპირველად ღვთის მიერ კაცობრიობისთვის ბოძებულ თავისუფლებას შორის! (მეორე რჯული 32:4, 5; იობი 14:1, 2; რომაელთა 5:12; გამოცხადება 12:9).
სად შეიძლება თავისუფლების პოვნა
6. ა) სად შეიძლება ნამდვილი თავისუფლების პოვნა? ბ) რა თავისუფლებაზე საუბრობდა იესო?
6 გასაკვირი არ არის, რომ დღესდღეობით გაბატონებული ცუდი პირობების გამო ხალხს უფრო მეტი თავისუფლება სწყურია. მაგრამ, სად შეიძლება ნამდვილი თავისუფლების პოვნა? იესომ თქვა: „თუ ჩემ სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. და შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოანე 8:31, 32). იესო არ გულისხმობდა ისეთ თავისუფლებას, რომელსაც ადამიანები მაშინ მოელიან, როცა ერთ მმართველს ან მმართველობის ფორმას მეორით ცვლიან. ის საუბრობდა თავისუფლებაზე, რომელიც კაცობრიობის პრობლემების თავდაპირველ მიზეზს უკავშირდება. იესო ზემოთქმული სიტყვებით ცოდვისგან გათავისუფლებაზე ამახვილებდა ყურადღებას (იოანე 8:24, 34—36). ამიტომ, როდესაც ადამიანი იესო ქრისტეს ნამდვილი მოწაფე ხდება, უდიდეს ცვლილებას განიცდის ცხოვრებაში — თავისუფლდება!
7. ა) რა გაგებით შეგვიძლია ახლავე გავთავისუფლდეთ ცოდვისგან? ბ) რის გაკეთება გვმართებს ასეთი თავისუფლების მოსაპოვებლად?
7 ეს არ ნიშნავს, რომ დღესდღეობით ჭეშმარიტ ქრისტიანებს აღარ აქვთ ცოდვისკენ თანდაყოლილი მიდრეკილება. რადგან მათ მემკვიდრეობით მიიღეს ცოდვა, ჯერ კიდევ უწევთ ბრძოლა მის წინააღმდეგ (რომაელთა 7:21—25). მაგრამ, თუ ადამიანი ნამდვილად ცხოვრობს იესოს სწავლებების თანახმად, ის აღარ იქნება ცოდვის მონა. ცოდვა აღარ იქნება მისთვის ბატონივით, რომელიც უბრძანებს, უსიტყვოდ დაემორჩილოს. ის მეტად აღარ იქნება უმიზნო ცხოვრების მონა, რაც შებღალავდა მის სინდისს. მას ღვთის წინაშე სუფთა სინდისი ექნება, რადგან წარსულში ჩადენილი ცოდვები იესოს მსხვერპლისადმი გამოვლენილი რწმენის შედეგად მიეტევა. ცოდვილმა მიდრეკილებებმა შეიძლება მაინც სცადონ, თავისი გაიტანონ, მაგრამ, როდესაც ქრისტიანი ქრისტეს სუფთა სწავლებების გახსენებით უკუაგდებს მათ, ცხადყოფს, რომ აღარ არის ცოდვის მონა (რომაელთა 6:12—17).
8. ა) როგორ გვათავისუფლებს ჭეშმარიტი ქრისტიანობა? ბ) როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს სახელმწიფო მმართველების მიმართ?
8 დაფიქრდი იმ თავისუფლებაზე, რომლითაც ვსარგებლობთ როგორც ქრისტიანები. ჩვენ გავთავისუფლდით ცრუ სწავლებების გავლენისგან, ცრურწმენისა და ცოდვის მონობისგან. შესანიშნავმა ჭეშმარიტებამ მკვდრების მდგომარეობისა და აღდგომის შესახებ სიკვდილის უაზრო შიშისგან გაგვათავისუფლა. იმის ცოდნა, რომ მალე არასრულყოფილი ადამიანური მმართველობა ღვთის სამართლიანი სამეფოთი შეიცვლება, უიმედობისგან გვათავისუფლებს (დანიელი 2:44; მათე 6:10). მაგრამ ასეთი თავისუფლება არ ამართლებს სახელმწიფო მოხელეებისადმი და მათი კანონებისადმი უპატივცემულოდ მოპყრობას (ტიტე 3:1, 2; 1 პეტრე 2:16, 17).
9. ა) როგორ გვეხმარება იეჰოვა სიყვარულით, რომ დავტკბეთ იმ უდიდესი თავისუფლებით, რომლის მიღებაც ახლავეა შესაძლებელი? ბ) როგორ შეგვიძლია გონივრული გადაწყვეტილებების მიღება?
9 იეჰოვა არ გვაიძულებს, მწარე გამოცდილებითა და შეცდომებით ვიპოვოთ ცხოვრების საუკეთესო გზა. მისთვის კარგად არის ცნობილი, თუ როგორ ვართ შექმნილი, რა მოგვიტანს ნამდვილ კმაყოფილებასა და მარადიულ კეთილდღეობას. ღმერთმა იცის, როგორმა აზროვნებამ და საქციელმა შეიძლება გაუფუჭოს ადამიანს მასთან და თანამოძმეებთან ურთიერთობა, რის გამოც, შეიძლება, ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრების უფლებაც კი არ მიეცეს. იეჰოვა სიყვარულით გვაგებინებს ამ ყველაფრის შესახებ ბიბლიისა და თავისი ხილული ორგანიზაციის საშუალებით (მარკოზი 13:10; გალატელთა 5:19—23; 1 ტიმოთე 1:12, 13). შემდგომში თავად ჩვენი გადასაწყვეტია, როგორ გამოვიყენებთ ღვთის მიერ ბოძებულ ნების თავისუფლებას და შესაბამისად, როგორ ვიმოქმედებთ. ადამისგან განსხვავებით, თუ გულთან ახლოს მივიტანთ ბიბლიის სიტყვებს, ბრძნულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ამით ცხადვყოფთ, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იეჰოვასთან კარგი ურთიერთობაა.
საპირისპირო თავისუფლებისკენ სწრაფვა
10. როგორი თავისუფლებისკენ ისწრაფვის იეჰოვას ზოგი მოწმე?
10 დროდადრო ზოგი ახალგაზრდა — და არა მარტო ახალგაზრდა — შეიძლება ფიქრობდეს, რომ სხვაგვარი თავისუფლება სურს. შესაძლოა, მათ მიმზიდველად და საუცხოოდ ეჩვენებათ წუთისოფელი და რაც უფრო მეტს ფიქრობენ ამის შესახებ, მით უფრო უძლიერდებათ სურვილი, ჩაებან ქვეყნიერებაში მიღებულ არაქრისტიანულ საქმეებში. ასეთები შეიძლება არ აპირებენ ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებას, უზომოდ სმას ან სიძვის ჩადენას. მაგრამ, ისინი ურთიერთობას იწყებენ მათთან, ვინც არ არის ჭეშმარიტი ქრისტიანი, რადგან მათი მოწონების დამსახურების სურვილი უჩნდებათ. შესაძლოა, ამ ქრისტიანებმა მათ ლაპარაკის მანერასა და ქცევაშიც კი მიჰბაძონ (3 იოანე 11).
11. ზოგჯერ ვინ შეიძლება ჩაგვადენინოს არასწორი საქციელი?
11 ზოგჯერ შეიძლება ისეთმა ადამიანმა ჩაგადენინოს არაქრისტიანული საქციელი, რომელიც იეჰოვას მსახურად აცხადებს თავს. სწორედ ეს დაემართა პირველი საუკუნის ზოგ ქრისტიანს და დღესაც ხდება მსგავსი რამ. ხშირად ასეთ ადამიანებს სურვილი აქვთ, აკეთონ ის, რაც მათი აზრით, სიამოვნებას მიანიჭებდათ, მაგრამ ასეთი საქციელი ღვთის კანონებს ეწინააღმდეგება. ისინი სხვებს მოუწოდებენ, „ცოტა გული გადააყოლონ“. „თავისუფლებას პირდებიან მათ, თვითონ კი გახრწნილების მონები არიან“ (2 პეტრე 2:19).
12. რა სავალალო შედეგები მოაქვს ღვთის კანონებისა და პრინციპების საწინააღმდეგო საქციელს?
12 ეს ეგრეთ წოდებული თავისუფლება ყოველთვის საზიანოა, რადგან ასეთი მოქმედებით ღვთის კანონებისადმი დაუმორჩილებლობა ვლინდება. მაგალითად, უკანონო სქესობრივი კავშირი შეიძლება ემოციური მოშლილობის, ავადმყოფობის, სიკვდილის, არასასურველი ფეხმძიმობისა და, შესაძლოა, ოჯახის დანგრევის მიზეზიც გახდეს (1 კორინთელთა 6:18; 1 თესალონიკელთა 4:3—8). ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებას შეუძლია გაღიზიანებულობა, მეტყველებისა და მხედველობის გაუარესება, თავბრუს ხვევა, სუნთქვის გაძნელება, ჰალუცინაციები და სიკვდილიც კი გამოიწვიოს. გარდა ამისა, ადამიანი შეიძლება ნარკოტიკებზე დამოკიდებული გახდეს და ბოროტმოქმედებასაც კი მიჰყოს ხელი. თითქმის ასეთივე შედეგები მოაქვს ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას (იგავნი 23:29—35). ისინი, ვინც ამგვარად იქცევიან, შეიძლება ფიქრობენ, რომ თავისუფლები არიან, მაგრამ ძალიან გვიან მიხვდებიან, რომ ცოდვის მონები გამხდარან. მერედა რა დაუნდობელი ბატონია ცოდვა! ამ საკითხზე უკვე ახლავე დაფიქრებას შეუძლია ასეთი განსაცდელისგან დაგვიცვას (გალატელთა 6:7, 8).
რა იწვევს პრობლემებს?
13. ა) ხშირად რა აღძრავს გულისთქმას, რომელსაც პრობლემებამდე მივყავართ? ბ) თუ გვსურს ვიცოდეთ, რა იგულისხმება „ცუდ საზოგადოებებში“, ვისი თვალსაზრისი უნდა გავიგოთ? გ) როდესაც უპასუხებ მე-13 აბზაცში მოცემულ კითხვებს, გამოკვეთე იეჰოვას თვალსაზრისი.
13 დაფიქრდი, ხშირად რა იწვევს პრობლემებს. ბიბლიაში ახსნილია: „ყოველი იცდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას. შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას. ჩადენილი ცოდვა კი შობს სიკვდილს“ (იაკობი 1:14, 15). რა აღძრავს ასეთ გულისთქმას? ის, რითაც ვკვებავთ გონებას. ხშირად ამას იმ ადამიანებთან ურთიერთობა განაპირობებს, ვინც არ ცხოვრობს ბიბლიური პრინციპების თანახმად. რასაკვირველია, ყველამ ვიცით, რომ უნდა ვერიდოთ „ცუდ საზოგადოებებს“ (1 კორინთელთა 15:33). მაგრამ, რომელია ცუდი საზოგადოებები? რა თვალსაზრისი აქვს იეჰოვას ამ საკითხზე? ქვემოთ მოცემულ კითხვებზე მსჯელობა და საღვთო წერილიდან მოყვანილი ადგილების მოძებნა სწორი დასკვნების გაკეთებაში დაგვეხმარება.
ზოგი ღირსეული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ნიშნავს ეს, რომ მათთან კარგია ურთიერთობა? (დაბადება 34:1, 2, 18, 19).
შეეძლო მათ საუბრებსა და, შესაძლოა, ხუმრობებსაც კი მიენიშნებინა ჩვენთვის, გვმართებდა თუ არა მათთან ახლო ურთიერთობა? (ეფესელთა 5:3, 4).
რას გრძნობს იეჰოვა, როდესაც ჩვენ იმ ადამიანებთან ვარჩევთ ახლო ურთიერთობას, რომლებსაც არ უყვართ იგი? (მეორე ნეშტთა 19:1, 2).
თუმცა შეიძლება ვმუშაობთ ან ვსწავლობთ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც არ იზიარებენ ჩვენს რწმენას, რატომ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე? (1 პეტრე 4:3, 4).
ტელეგადაცემებისა და ფილმების ყურება, ინტერნეტით სარგებლობა, წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების კითხვა ერთგვარი ურთიერთობაა სხვებთან. ამ წყაროებით მოწოდებულ როგორ მასალას უნდა ვერიდოთ? (იგავნი 3:31; ესაია 8:19; ეფესელთა 4:17—19).
რა შთაბეჭდილებას უქმნის იეჰოვას ჩვენზე ის, თუ ვისთან ვირჩევთ ურთიერთობას? (ფსალმუნი 25:1, 4, 5; 96:10).
14. რა დიდებული თავისუფლება ელით მათ, ვინც უკვე ახლავე მთელი გულით იღებს ღვთის სიტყვაში ჩაწერილ რჩევას?
14 ძალიან მალე ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ვიცხოვრებთ. ღვთის ზეციერი სამეფოს მმართველობით კაცობრიობა სატანისა და მთელი მისი ბოროტი სისტემის გავლენისგან გათავისუფლდება. მორჩილი კაცობრიობა თანდათანობით ჩამოიშორებს ცოდვის შედეგებს; ისეთი სრულყოფილი გონება და სხეული გვექნება, რომ სამოთხეში მარადიული სიცოცხლით დატკბობას შევძლებთ. საბოლოოდ, ყველა ქმნილება ისარგებლებს თავისუფლებით, რომელიც სრულად ეთანხმება „იეჰოვას სულს“ (2 კორინთელთა 3:17, აქ). ექნებოდა აზრი, გაგვერისკა და დაგვეკარგა ყოველივე ეს ღვთის სიტყვაში ჩაწერილი რჩევების უგულებელყოფით? ქრისტიანული თავისუფლების გონივრულად გამოყენებით ცხადვყოთ ყველამ, რომ ნამდვილად გვსურს „ღვთის შვილთა დიდების თავისუფლება“! (რომაელთა 8:21).
გამეორება
• როგორი თავისუფლებით სარგებლობდა ადამიანთა პირველი წყვილი? როგორი იყო ის დღესდღეობით არსებულ თავისუფლებასთან შედარებით?
• როგორი თავისუფლებით სარგებლობენ ჭეშმარიტი ქრისტიანები? რამდენად განსხვავდება ის დღესდღეობით ქვეყნიერებაში აღიარებული თავისუფლებისგან?
• რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვერიდოთ ცუდ საზოგადოებებს? ადამისგან განსხვავებით, ვის თვალსაზრისს ვიზიარებთ, როდესაც საქმე ბოროტებას ეხება?
[სურათები 46 გვერდზე]
ღვთის სიტყვა გვაფრთხილებს: „ნუ დაიბნევით: ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს“.