საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • დატკბით მშვენიერი დედამიწით
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 თებერვალი
    • დატკბით მშვენიერი დედამიწით

      ასტრონომები ამბობენ, რომ ადამიანების საცხოვრებელი უკიდეგანო სამყაროში ნამცეცისოდენაა. ფიზიკურ სამყაროში სხვაგან არსად არის სიცოცხლე. მხოლოდ ჩვენს პლანეტაზე, დედამიწაზეა სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობები.

      ჩვენს პლანეტაზე არა მარტო შესაძლებელია სიცოცხლე, არამედ სასიამოვნოც. რა შეედრება ცივ ამინდში მზის სხივების სითბოს! ვინ არ დაუტყვევებია შთამბეჭდავ აისსა თუ დაისს?! მზე განა მარტო გვახალისებს, მასზე ჩვენი არსებობაა დამოკიდებული.

      მილიონობით წელია, რაც მზის მიზიდულობის ძალის გავლენით დედამიწისა და სხვა პლანეტების ორბიტები უცვლელია. როგორც სკოლაში ასწავლიან, მზის სისტემა მოძრაობს ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომის ცენტრის ირგვლივ. მაგრამ ჩვენს გალაქტიკაში მზის გარდა ასობით მილიარდზე მეტი ვარსკვლავი მოძრაობს ირმის ნახტომის ცენტრის ირგვლივ.

      გალაქტიკა ირმის ნახტომი ერთ-ერთია დაახლოებით 35 გალაქტიკისგან შემდგარ გროვაში. უფრო დიდი გროვები ათასობით გალაქტიკას აერთიანებს. ჩვენი მზის სისტემა არ იქნებოდა ასე მდგრადი, ის რომ უფრო დიდი გალაქტიკების გროვაში ყოფილიყო, სადაც ვარსკვლავები მჭიდროდ არიან განლაგებულნი. ვრცელ სამყაროში მხოლოდ რამდენიმე ადგილზე თუ არის „ისეთი იდეალური გარემო, როგორიც საჭიროა რთული ცოცხალი ორგანიზმების არსებობისთვის“, — აღნიშნავენ გილიერმო გონსალესი და ჯეი რიჩარდზი თავიანთ წიგნში „უნიკალური პლანეტა“.

      ბრმა შემთხვევის, „დიდი აფეთქების“ შედეგად წარმოიშვა ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლე თუ დიდებული მიზანი ჰქონდა ამ უმშვენიერეს დედამიწაზე სიცოცხლის შექმნას?

      ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენი პლანეტა კონკრეტული მიზნისთვის — სიცოცხლისთვის — შეიქმნაa. საუკუნეების წინათ ერთმა ებრაელმა პოეტმა დედამიწისა და ზეცის შესახებ დაწერა: „როცა ვუყურებ ცას, შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, შენ რომ შექმენი, ვფიქრობ: რა არის მოკვდავი კაცი?“ (ფსალმუნი 8:3, 4). მას სწამდა, რომ არსებობდა შემოქმედი. გონივრულია ამგვარი დასკვნის გაკეთება ჩვენს მეცნიერულ ეპოქაში?

      [სქოლიო]

      a იხილეთ წიგნი „ფსალმუნები“, განსაკუთრებით მე-8 ფსალმუნი.

      [ჩარჩო/სურათი 3 გვერდზე]

      „შორი მანძილიდან დედამიწა ღამის წყვდიადში ძვირფას ცისფერ ქვასავით ლივლივებს“, — ნათქვამია ილუსტრირებულ სამეცნიერო ენციკლოპედიაში „საოცარი პლანეტა დედამიწა“.

      [საავტორო უფლება]

      Globe: U.S. Fish & Wildlife Service, Washington, D.C./NASA

  • როგორ გაჩნდა ჩვენი უნიკალური მზის სისტემა?
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 თებერვალი
    • როგორ გაჩნდა ჩვენი უნიკალური მზის სისტემა?

      სამყაროში მზის სისტემის მდებარეობას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ჩვენი მზის სისტემა მდებარეობს „ირმის ნახტომის“ ორ სპირალურ შტოს შორის, იქ სადაც ვარსკვლავები შედარებით მეჩხრად არის განლაგებული. თითქმის ყველა ვარსკვლავი, რომელთაც ღამით ცაზე ვხედავთ, იმდენად შორს არის, რომ უდიდესი ტელესკოპითაც კი ნათელ წერტილებად ჩანს. ნამდვილად ასეთი მდებარეობა უნდა ჰქონდეს ჩვენს მზის სისტემას?

      ჩვენი მზის სისტემა „ირმის ნახტომის“ ცენტრთან ახლოს რომ ყოფილიყო, სადაც ვარსკვლავები შემჭიდროებულია, სახიფათო იქნებოდა. მაგალითად, შეიცვლებოდა დედამიწის ორბიტა, რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა სიცოცხლეს. მზის სისტემას გალაქტიკაში ზუსტად ის ადგილი უკავია, რაც საჭიროა ამ და სხვა საშიშროებების თავიდან ასაცილებლად. სხვა საშიშროება შეიძლება იყოს გადახურება აირის ღრუბლებში გავლისას და ვარსკვლავების აფეთქებისას წარმოქმნილი თუ სხვა მომაკვდინებელი რადიაციის გავლენა.

      მზე იდეალური ვარსკვლავია, რომელიც შესაძლებელს ხდის სიცოცხლეს. მისი დღეები უთვლელია; ის გამუდმებით გამოყოფს სითბოს. მზე არც ძალიან დიდია და არც ძალიან მწველი. ჩვენს გალაქტიკაში შემავალი ვარსკვლავების უმრავლესობა მზეზე ბევრად პატარაა; ისინი არც იმ სხივებს გამოყოფენ, რომლებიც სიცოცხლისთვისაა აუცილებელი და არც საჭირო რაოდენობით სითბოს. გარდა ამისა, ვარსკვლავთა უმრავლესობა ერთ ან რამდენიმე ვარსკვლავს იზიდავს და ერთმანეთის გარშემო ბრუნავს. მათგან განსხვავებით, მზე დამოუკიდებელი ვარსკვლავია. მზის სისტემა მდგრადი ვერ იქნებოდა, ჩვენზე ორ ან მეტ მზის მიზიდულობის ძალას რომ ემოქმედა.

      მეორე ფაქტორი, რაც ჩვენს მზის სისტემას უნიკალურს ხდის, არის იმ გიგანტი გარე პლანეტების მდებარეობა, რომლებსაც თითქმის წრიული ორბიტები აქვთ და არავითარ გრავიტაციულ საშიშროებას არ უქმნიან დედამიწის ჯგუფის პლანეტებსa. პირიქით, ისინი იცავენ ჩვენს პლანეტას საშიშროებისგან, ციური სხეულების დაჯახებისგან, და თავად იზიდავენ მათ ან მათი მოძრაობის მიმართულებას ცვლიან. „ძირითადად აირებისგან შემდგარი გიგანტი პლანეტების, მაგალითად, იუპიტერის წყალობით, კომეტებისა და ასტეროიდების მხოლოდ მცირე რაოდენობა ეჯახება დედამიწას“, — განმარტავენ მეცნიერები პიტერ უორდი და დონალდ ბრაუნლი ერთ-ერთ წიგნში (Rare Earth—Why Complex Life Is Uncommon in the Universe). დროთა განმავლობაში აღმოჩენილ იქნა მზის სისტემის მსგავსი სხვა სისტემებიც, რომლებშიც გიგანტი პლანეტები შედიოდა. მაგრამ ამ პლანეტების უმეტესობა ისეთ ორბიტებზე მოძრაობს, რომლებიც საფრთხეს შეუქმნიდა დედამიწისმაგვარ შედარებით პატარა პლანეტებს.

      მთვარის როლი

      უხსოვარი დროიდან მთვარეს აღტაცებაში მოჰყავს ადამიანი. ის იყო პოეტებისა და მუსიკოსების შთაგონების წყარო. მაგალითად, ძველ დროში მცხოვრებმა ებრაელმა პოეტმა მთვარის შესახებ თქვა, რომ ის „მარადიულად იქნება დაფუძნებული . . . ერთგული მოწმესავით, ზეცაში რომ არის“ (ფსალმუნი 89:37).

      მთვარე უდიდეს გავლენას ახდენს დედამიწაზე. მაგალითად, მთვარის მიზიდულობა იწვევს ზღვის მოქცევას. ფიქრობენ, რომ მიქცევა და მოქცევა მნიშვნელოვნად მოქმედებს ოკეანეებში წყლის დინებაზე, რაც თავის მხრივ კლიმატზე ახდენს გავლენას.

      მთვარის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება ის არის, რომ მისი მიზიდულობის ძალა განაპირობებს მზის გარშემო ბრუნვისას დედამიწის ღერძის დახრილობის უცვლელობას. როგორც ერთ-ერთ სამეცნიერო ჟურნალში იყო აღნიშნული, მთვარის გარეშე დედამიწის ღერძის დახრილობა დროის საკმაოდ დიდი პერიოდის განმავლობაში „დაახლოებით 0 [გრადუსიდან] 85 [გრადუსამდე]“ შეიცვლებოდა (Nature). წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა დედამიწის ღერძი დახრილი რომ არ ყოფილიყო. არც წელიწადის დროები იარსებებდა და არც წვიმა მოვიდოდა. დედამიწის ღერძის დახრილობის დამსახურებაა ისიც, რომ ატმოსფეროში ჰაერის ტემპერატურა არც ძალიან მაღალია და არც ძალიან დაბალი, საფრთხე რომ არ შექმნოდა ჩვენს არსებობას. „კლიმატის სტაბილურობას მთვარეს უნდა ვუმადლოდეთ“, — ამბობს ასტრონომი ჟაკ ლასკარი. ყოველივე ამაში მნიშვნელოვან როლს მთვარის ზომა ასრულებს; გიგანტი პლანეტების თანამგზავრებთან შედარებით მთვარე დიდი ზომისაა.

      როგორც ბიბლიის უძველესი წიგნის „დაბადების“ ავტორმა შენიშნა, დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი ღამით მნათობის ფუნქციასაც ასრულებს (დაბადება 1:16).

      შემთხვევით თუ კონკრეტული მიზნისთვის?

      რით შეიძლება აიხსნას უამრავი ფაქტორის თანხვედრა, რაც არა მარტო შესაძლებელს ხდის სიცოცხლეს, არამედ სასიამოვნოსაც? არსებობს მხოლოდ ორი ახსნა: პირველი არის ის, რომ ეს ყველაფერი უმიზნოდ და შემთხვევით შეიქმნა, მეორე კი — გონივრული ჩანაფიქრის შედეგად, კონკრეტული მიზნისთვის.

      წმინდა წერილებში ათასობით წლის წინათ ჩაიწერა, რომ ჩვენი სამყარო შემოქმედის, ყოვლისშემძლე ღვთის, ჩანაფიქრის შედეგად შეიქმნა. თუ ასეა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მზის სისტემა და მასში მიმდინარე პროცესები შემთხვევითობის კი არა, გონივრული ჩანაფიქრის შედეგია. შემოქმედმა ჩანაწერები დაგვიტოვა, სადაც თანამიმდევრულად აგვიწერს, ასე ვთქვათ, თითოეულ ნაბიჯს, რისი წყალობითაც დედამიწაზე სიცოცხლის არსებობა გახდა შესაძლებელი. ალბათ გაგაოცებთ იმის გაგება, რომ ამ ჩანაწერების სიძველის მიუხედავად (ეს ჩანაწერები დაახლოებით 3 500 წლისაა), სამყაროს წარმოშობის ისტორია, რომელიც ბიბლიის წიგნ „დაბადებაშია“ ჩაწერილი, ეთანხმება მეცნიერების თვალსაზრისს. რას ამბობს ბიბლია?

      რას ამბობს „დაბადება“ შემოქმედების შესახებ?

      „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“ (დაბადება 1:1). ბიბლიის პირველ სიტყვებში ნათქვამია, რომ ღმერთმა შექმნა მზის სისტემა, რომელშიც ჩვენი პლანეტა, დედამიწაც შედის; ღვთის შემოქმედების ნაყოფია უამრავი ვარსკვლავისგან შემდგარი მილიარდობით გალაქტიკაც. ბიბლიის თანახმად, ერთ დროს დედამიწის ზედაპირი „უფორმო და უდაბური“ იყო. დედამიწაზე არც კონტინენტები იყო და არც ნაყოფიერი მიწები. მაგრამ, როგორც ბიბლიის შემდეგი სიტყვებიდან ჩანს, უხვად იყო წყალი, რასაც მეცნიერები სიცოცხლის არსებობისთვის ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. „ღვთის მოქმედი ძალა [სული] იძვროდა წყლის ზევით“ (დაბადება 1:2).

      წყლის თხევადი მდგომარეობის შესანარჩუნებლად პლანეტა განსაზღვრული მანძილით უნდა ყოფილიყო მზისგან დაშორებული. „მარსი ძალიან ცივია, ვენერა ძალიან ცხელი, დედამიწაზე კი სათანადო ტემპერატურაა“, — აღნიშნავს პლანეტოლოგი ენდრიუ ინგერსოლი. გარდა ამისა, დედამიწაზე მცენარეულობა რომ ყოფილიყო, საჭირო იყო საკმარისი სინათლე. ბიბლიაში ნათქვამია, რომ შემოქმედების დასაწყისში ღმერთმა მზის სხივს გააღწევინა წყლის ორთქლისგან წარმოქმნილ ღრუბლის სქელ ფენაში, რომელშიც ოკეანე ისე იყო გახვეული, როგორც ჩვილი — „სახვევში“ (იობი 38:4, 9; დაბადება 1:3—5).

      დაბადების შემდეგ მუხლებში ვკითხულობთ, რომ შემოქმედმა შექმნა ის, რასაც ბიბლია „სივრცეს“ უწოდებს (დაბადება 1:6—8). ეს სივრცე სავსეა აირებით, რომლებიც დედამიწის ატმოსფეროს ქმნის.

      შემდეგ ბიბლია ამბობს, რომ ღმერთმა დედამიწის უფორმო ზედაპირს ფორმა მისცა და გაჩნდა ხმელეთი (დაბადება 1:9, 10). როგორც ჩანს, ღმერთმა დედამიწას გარკვეული რელიეფი მისცა. შედეგად წარმოიშვა დიდი ღრმულები და მაღალი მთები (ფსალმუნი 104:6—8).

      უხსოვარ დროში, შორეულ წარსულში, ღმერთმა ოკეანეში მიკროსკოპული წყალმცენარეები შექმნა. გამრავლების უნარის მქონე ეს ერთუჯრედიანი ორგანიზმები ნახშირორჟანგის საკვებ ნივთიერებად გარდასაქმნელად მზის ენერგიას იყენებს და გამოყოფს ჟანგბადს. ეს საოცარი პროცესი მესამე შემოქმედებით დღეს დაჩქარდა, როცა ღმერთმა დედამიწაზე მცენარეულობა აღმოაცენა; შედეგად ატმოსფეროში გაიზარდა ჟანგბადის შემცველობა, რამაც შესაძლებელი გახადა ადამიანებისა და ცხოველების არსებობა (დაბადება 1:11, 12).

      შემოქმედმა ნიადაგში მობინადრე მრავალგვარი მიკროორგანიზმი შექმნა, რათა მიწა ნაყოფის მომცემი ყოფილიყო (იერემია 51:15). ეს პაწაწინა ქმნილებები შლიან მცენარეებისა და ცხოველების მკვდარ სხეულებს, მიღებულ ნივთიერებებს კი მცენარეები ხელახლა იყენებენ საკვებად. ნიადაგში მობინადრე ბაქტერიების ერთ-ერთი ჯგუფი ატმოსფეროდან ითვისებს აზოტს და ამ მნიშვნელოვან ელემენტს მცენარის ზრდისთვის საჭირო საკვებ ნივთიერებად გარდაქმნის. საოცარია, რომ ერთ მუჭა ნოყიერ მიწაში შეიძლება ექვსი მილიარდი მიკროორგანიზმი ბინადრობდეს!

      დაბადების 1:14 —16-ში აღწერილია, რომ მეოთხე შემოქმედებით დღეს ღმერთმა შექმნა მზე, მთვარე და ვარსკვლავები. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება ეწინააღმდეგება ზემოთ მოცემულ ბიბლიურ აღწერილობას. მაგრამ გაიხსენეთ, რომ „დაბადების“ დამწერმა, მოსემ, შემოქმედების პროცესი ისე აღწერა, როგორც ამას დედამიწაზე მყოფი დამკვირვებელი აღიქვამდა. როგორც ჩანს, სწორედ მაშინ გახდა შესაძლებელი დედამიწიდან მზის, მთვარისა და ვარსკვლავების დანახვა.

      დაბადებაში აღნიშნულია, რომ ზღვის ბინადარნი მეხუთე შემოქმედებით დღეს შეიქმნენ, ხოლო ხმელეთზე მობინადრე ცხოველები და შემდეგ ადამიანი — მეექვსე დღეს (დაბადება 1:20—31).

      დედამიწაზე სიცოცხლე სასიამოვნო უნდა ყოფილიყო

      განა არ იზიარებთ იმ აზრს, რომ დედამიწაზე სიცოცხლე, რომლის წარმოშობის შესახებაც „დაბადება“ მოგვითხრობს, სასიამოვნო უნდა ყოფილიყო? როცა მზიან დილით იღვიძებ და სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავ, განა არ გრძნობ, რომ სიცოცხლე მშვენიერია?! ბაღში გასული თვალს ვერ მოწყვეტ მშვენიერ ყვავილებს, დათვრები მათი სურნელით. გაივლი ხეხილნარში და უგემრიელეს ხილს დაკრეფ. ამ სიამოვნების მიღება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა: 1) დედამიწაზე წყლის სიუხვე, 2) მზის მიერ მოწოდებული საკმარისი სითბო და სინათლე, 3) ატმოსფეროში აირების ზუსტი კონცენტრაცია და 4) ნოყიერი მიწა.

      ეს ყველაფერი, რაც არ არის მარსზე, ვენარასა თუ სხვა მეზობელ პლანეტებზე, შეუძლებელია ბრმა შემთხვევითობის ნაყოფი იყოს. ყველაფერი ისე ჰარმონიულად არის ერთმანეთთან შერწყმული, რომ დედამიწაზე ცხოვრება სასიამოვნოა. როგორც მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, ბიბლია იმასაც გვეუბნება, რომ შემოქმედმა ჩვენი ლამაზი პლანეტა მარადიულობისთვის შექმნა.

      [სქოლიო]

      a ჩვენს მზის სისტემაში შემავალ ოთხ პლანეტას — მერკურს, ვენერას, დედამიწას და მარსს — დედამიწის ჯგუფის პლანეტები ეწოდება, რადგან მათ მკვრივი ზედაპირი აქვთ. გიგანტი გარე პლანეტები — იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი — ძირითადად აირებისგან შედგება.

      [ჩარჩო 6 გვერდზე]

      „ჩემთვის, როგორც გეოლოგისთვის, რომ ეთხოვათ, თანამედროვე შეხედულებებზე დაყრდნობით მოკლედ მომეთხრო დედამიწისა და სიცოცხლის წარმოშობის შესახებ ისეთი უბრალო ხალხისთვის, ვისთვისაც „დაბადების“ წიგნი დაიწერა, ამას იმაზე უკეთ ვერ შევძლებდი, ვიდრე ეს „დაბადებაშია“ აღწერილი (გეოლოგი უოლეს პრეტი).

      [ჩარჩო/სურათი 7 გვერდზე]

      საუკეთესო მდებარეობა

      ჩვენს გალაქტიკაში მზეს რომ სხვა მდებარეობა ჰქონოდა, ასე კარგად არ გადაგვეშლებოდა თვალწინ ვარსკვლავთა სისტემები. ერთ წიგნში ახსნილია, რომ „ჩვენი მზის სისტემა . . . მტვრითა და სინათლით დაბინძურების ადგილიდან შორს მდებარეობს, რაც, როგორც ახლო, ისე შორეულ ვარსკვლავებზე დაკვირვების შესანიშნავ საშუალებას იძლევა“ (The Privileged Planet).

      გარდა ამისა, მთვარე იმ ზომისაა და ზუსტად იმ მანძილითაა დედამიწიდან დაშორებული, რომ მთლიანად ფარავს მზეს მისი დაბნელებისას. ეს იშვიათი, მოწიწების შთამნერგავი მოვლენა ასტრონომებს მზის შესწავლის საშუალებას აძლევს. ასეთი დაკვირვებების წყალობით მეცნიერებმა ვარსკვლავების ნათების შესახებ მრავალ საიდუმლოს ახადეს ფარდა.

      [სურათი 5 გვერდზე]

      მთვარის მასა საკმარისია იმისათვის, რომ დედამიწის ღერძის დახრილობა არ იცვლებოდეს.

      [სურათები 7 გვერდზე]

      რა ხდის შესაძლებელს დედამიწაზე სიცოცხლეს? წყლის სიუხვე, საკმარისი სითბო და სინათლე, ატმოსფერო და ნოყიერი მიწა.

      [საავტორო უფლებები]

      Globe: Based on NASA Photo; wheat: Pictorial Archive (Near Eastern History) Est.

  • შემოქმედის საჩუქარი, რომელიც მარადიულად გვექნება
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 თებერვალი
    • შემოქმედის საჩუქარი, რომელიც მარადიულად გვექნება

      განა არ გაოცებთ, რომ ყველა ფაქტორი, რომელსაც მეცნიერები ნებისმიერ პლანეტაზე სიცოცხლის არსებობისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნევენ, პირდაპირ ან ირიბად არის მოხსენიებული ბიბლიის პირველ თავში? რა ფაქტორებზეა საუბარი?

      სიცოცხლისთვის აუცილებელია დიდი რაოდენობის წყალი, როგორც ეს დაბადების 1:2-შია მოხსენიებული. ჰაერის ტემპერატურა ისეთი უნდა იყოს, რომ წყალმა თხევადი მდგომარეობა შეინარჩუნოს. ამისათვის საჭიროა, რომ დედამიწა ზუსტად განსაზღვრული მანძილით იყოს მზისგან დაშორებული. „დაბადებაში“ არაერთხელაა მოხსენიებული მზე და მისი გავლენა დედამიწაზე.

      დედამიწაზე ადამიანებს რომ ეარსებათ, საჭირო იყო ატმოსფეროში აირების განსაზღვრული კონცენტრაციის არსებობა. ამ მნიშვნელოვან ასპექტს დაბადების 1:6—8 მოიხსენიებს. მცენარეულობა, რის შესახებაც დაბადების 1:11, 12 მოგვითხრობს, ხელს უწყობს ჰაერის ჟანგბადით გამდიდრებას. პლანეტაზე უამრავ სხვადასხვა ცხოველს რომ ეარსება, მასზე ხმელეთი და ნაყოფიერი მიწა უნდა ყოფილიყო, როგორც ეს დაბადების 1:9—12-შია აღწერილი. დაბოლოს, სათანადო კლიმატური პირობების უზრუნველსაყოფად პლანეტა განსაზღვრული კუთხით უნდა ყოფილიყო დახრილი და განსაზღვრული მდებარეობა უნდა ჰქონოდა. დედამიწის შემთხვევაში ამას ნაწილობრივ მთვარის მიზიდულობის ძალა განაპირობებს. ამ თანამგზავრისა და მისი დადებითი გავლენის შესახებ დაბადების 1:14, 16 მოგვითხრობს.

      თანამედროვე მეცნიერული აღმოჩენების გარეშე როგორ შეძლო ძველ დროში მცხოვრებმა მოსემ ზემოთ მოყვანილ ფაქტორებზე ყურადღების გამახვილება? არაჩვეულებრივი განჭვრეტის უნარით გამოირჩეოდა ის? მოსე ცისა და დედამიწის შემოქმედის შთაგონებით წერდა. ეს საყურადღებოა, რადგან დაბადებაში ჩაწერილი ცნობა მეცნიერულად ზუსტია.

      ბიბლია გვარწმუნებს, რომ საოცარი სამყარო კონკრეტული მიზნისთვის შეიქმნა. ფსალმუნის 115:16-ში ნათქვამია: „იეჰოვასია ზეცა, დედამიწა კი ადამიანთა ძეებს მისცა“. სხვა ფსალმუნი ამბობს: „მყარ საფუძველზე აფუძნებ დედამიწას, არ მოირყევა მარადიულად, სამარადისოდ“ (ფსალმუნი 104:5). თუ მთელი სამყარო და ჩვენი ლამაზი პლანეტა შემოქმედის მიერ არის შექმნილი, ლოგიკურია გვჯეროდეს, რომ ღმერთს მათი შენარჩუნების ძალაც შესწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, გულდაჯერებით ელოდოთ ბრწყინვალე დანაპირების შესრულებას: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29). დარწმუნებულნი იყავით, რომ ღმერთს „ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია“ დედამიწა; ის იმ ადამიანთა მარადიულ საცხოვრებლად შექმნა, რომლებიც მის საქმეებს დააფასებდნენ (ესაია 45:18).

      ბიბლიის თანახმად, იესო დედამიწაზე იმ მიზნით მოვიდა, რომ ჩვენთვის ღვთისა და მისი განზრახვის შესახებ ესწავლებინა; ამ განზრახვის თანახმად, მორჩილი ადამიანები მარადიულად იცხოვრებდნენ (იოანე 3:16). ბიბლია გვარწმუნებს, რომ მალე ღმერთი მოსპობს „დედამიწის მომსპობებს“, ხოლო ყველა ერიდან მშვიდობისმოყვარე მორწმუნე ადამიანებს გადაარჩენს (გამოცხადება 7:9, 14; 11:18). რა სასიამოვნო იქნება ცხოვრება მაშინ, როდესაც ადამიანებს მარადიულად ექნებათ ღვთის საოცარ ქმნილებებზე დაკვირვების შესაძლებლობა! (ეკლესიასტე 3:11; რომაელები 8:21).

      [სურათის საავტორო უფლება 8 გვერდზე]

      NASA photo

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება