საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სიცოცხლით სავსე პლანეტა
    გამოიღვიძეთ! — 2009 | თებერვალი
    • სიცოცხლით სავსე პლანეტა

      დედამიწა მილიონობით სახეობის ცოცხალი ორგანიზმის თავშესაფარია. შეუიარაღებელი თვალით რთულია იმ მრავალი ცოცხალი ორგანიზმის დანახვა, რომლებიც ნიადაგში, ჰაერსა და წყალში ბინადრობენ. მაგალითად, სულ რაღაც ერთ გრამ მიწაში 10 000-მდე სახეობის ბაქტერიაა, რომ აღარაფერი ვთქვათ მიკრობებზე. ზოგიერთი მათგანი მიწაში სამი კილომეტრის სიღრმეზეც კი ბინადრობს.

      გამონაკლისი არც ატმოსფეროა. ფრინველებისა და მწერების გარდა, წელიწადის სხვადასხვა დროს ჰაერში ყვავილის მტვერი, სპორები და სხვადასხვა მცენარის თესლი მოძრაობს. ზოგან ჰაერი ათასობით სხვადასხვა სახის მიკრობს შეიცავს. „შეიძლება ითქვას, რომ მიკრობთა მრავალფეროვნებით ჰაერი არაფრით ჩამოუვარდება ნიადაგს“, — ნათქვამია ჟურნალ „საიენტიფიკ ამერიკენში“.

      ოკეანის სიღრმეში მრავალი რამ მეცნიერთათვის კვლავაც საიდუმლოებით მოცული რჩება, რადგან მის გამოკვლევას ძვირადღირებული ტექნიკა სჭირდება. კარგად გამოკვლეულ მარჯნის რიფებშიც კი მილიონობით ჯერ კიდევ უცნობი ცოცხალი ორგანიზმი ბინადრობს.

      როგორც ცნობილია, სიცოცხლის ფორმების მრავალფეროვნება განაპირობებს ქიმიურ პროცესებს დედამიწაზე, განსაკუთრებით კი იმ პროცესებს, რომლებიც ჩვენი პლანეტის სიცოცხლის გავრცელების არეში, ბიოსფეროში მიმდინარეობს. მაგალითად, ნიჟარებისა და მარჯნის შემადგენლობაში არსებული კალციუმის კარბონატი არეგულირებს ოკეანის წყლის ქიმიურ შემადგენლობას. მისი მოქმედება შეიძლება შევადაროთ „კუჭზე ანტაციდური საშუალებების მოქმედებას“, — ნათქვამია შეერთებული შტატების ოკეანოლოგიისა და ატმოსფეროს კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში. მცენარეები და ფიტოპლანქტონი — ერთუჯრედიანი წყალმცენარე, რომელიც ოკეანეებისა და ტბების ზედაპირზე გვხვდება, არეგულირებს ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის დონეს წყალსა და ჰაერში. ნიადაგში არსებული ბაქტერიები და სოკოები ორგანულ ნარჩენებს არაორგანულ საკვებ ნივთიერებებად გარდაქმნიან მცენარეებისთვის. ფაქტია, რომ დედამიწას ტყუილუბრალოდ არ ეწოდება ცოცხალი პლანეტა.

      დედამიწაზე სიცოცხლე ვერ იარსებებდა, რომ არა რამდენიმე იდეალურად დარეგულირებული მექანიზმი, რომელიც მე-20 საუკუნემდე მეცნიერებს ბოლომდე არ ესმოდათ. ეს მექანიზმებია:

      1. დედამიწის მდებარეობა „ირმის ნახტომსა“ და მზის სისტემაში, მისი ორბიტა, დახრილობა, მოძრაობის სიჩქარე და მთვარე.

      2. მაგნიტური ველი და ატმოსფერო — დედამიწის ორმაგად დამცავი სისტემა.

      3. დედამიწაზე არსებული წყლის მარაგი.

      4. ბუნებრივი ციკლები, რომლებიც ბიოსფეროს რესურსების შევსებასა და გასუფთავებას ემსახურება.

      მომდევნო სტატიებში თითოეული მათგანის განხილვის შემდეგ დაფიქრდით: ეს ყველაფერი შემთხვევითობის წყალობით გაჩნდა თუ გონივრული ჩანაფიქრის შედეგია? თუ გონივრული ჩანაფიქრის შედეგია, რა მიზანი ჰქონდა შემოქმედს მისი შექმნისას? ამ კითხვაზე პასუხს სტატიების ამ სერიის ბოლო სტატია გაგვცემს.

      [ჩარჩო 3 გვერდზე]

      „ჩვენ ღმერთს ვერ დავუტოვებთ ადგილს“

      თუ გავითვალისწინებთ ცოცხალი სამყაროს რთულ აგებულებას, ძნელია იმის დაჯერება, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით გაჩნდა. მიუხედავად ამისა, მრავალი მეცნიერი მაინც უარყოფს შემოქმედის არსებობას. ევოლუციონისტი რიჩარდ ლევონტინი აღნიშნავს, რომ მეცნიერება არ აიძულებს ათეისტებს, „დაეთანხმონ სამყაროს წარმოშობის მატერიალისტურ თეორიას“. ისინი „საკუთარი სურვილით იზიარებენ ამ შეხედულებას“ და მზად არიან, „ნებისმიერი ახსნა მოუძებნონ მას“. ლევონტინი მეცნიერთა აზრს იზიარებს, როცა აღნიშნავს: „მატერიალისტური თეორია ერთადერთი ჭეშმარიტი თეორიაა, ამიტომ ჩვენ ღმერთს ვერ დავუტოვებთ ადგილს“.

      გონივრულია საკითხისადმი ასეთი დოგმატური მიდგომა მაშინ, როცა ფაქტები აშკარად შემოქმედის სასარგებლოდ მეტყველებს? თქვენ რას ფიქრობთ? (რომაელები 1:20).

  • დედამიწის იდეალური „მისამართი“
    გამოიღვიძეთ! — 2009 | თებერვალი
    • დედამიწის იდეალური „მისამართი“

      როცა მისამართზე ვსაუბრობთ, ჩვეულებრივ, ვგულისხმობთ ქვეყანას, ქალაქსა და ქუჩას. დედამიწის შემთხვევაში „მისამართი“ ასეთია: ქვეყანა — გალაქტიკა ირმის ნახტომი, ქალაქი — მზის სისტემა, მზე და მის ირგვლივ მბრუნავი პლანეტები, ქუჩა — დედამიწის ორბიტა მზის სისტემაში. ასტრონომიისა და ფიზიკის განვითარებასთან ერთად, მეცნიერებმა ბევრი რამ გაიგეს ჩვენი პაწაწინა პლანეტის თავისებურებების შესახებ.

      ჯერ ვისაუბროთ ჩვენი პლანეტის „ქალაქზე“ ანუ მზის სისტემაზე, რომელიც ირმის ნახტომის იმ ნაწილში მდებარეობს, სადაც სიცოცხლისთვის ხელსაყრელი ყველა პირობაა შექმნილი. ეს არე გალაქტიკის ცენტრიდან 28 000 სინათლის წლით არის დაშორებული და მასში თავმოყრილია სიცოცხლის არსებობისთვის აუცილებელი ყველა ქიმიური ელემენტი. მზის სისტემა ცენტრიდან უფრო შორს რომ ყოფილიყო, ქიმიური ელემენტები არასაკმარისად იქნებოდა, უფრო ახლოს ყოფნა კი სახიფათო იქნებოდა მომაკვდინებელი რადიაციისა და სხვა ფაქტორების გამო. „ჩვენ იდეალურ ადგილას ვცხოვრობთ“, — აღნიშნულია ჟურნალ „საიენტიფიკ ამერიკენში“.

      საუკეთესო „ქუჩა“

      შეიძლება ითქვას, რომ დედამიწის „ქუჩაც“, ანუ მისი ორბიტა მზის სისტემაში, იდეალურ ადგილას მდებარეობს. მისი ორბიტა მზისგან 150 000 მილიონი კილომეტრით არის დაშორებული. დედამიწა ზუსტად იმ სარტყელშია მოქცეული, სადაც ტემპერატურა არც ძალიან მაღალია და არც ძალიან დაბალი. დედამიწა მზის ირგვლივ წრეხაზზე მოძრაობს, რის გამოც წლის განმავლობაში თითქმის არ იცვლება მისი დაშორება მზისგან.

      მზე, ამავე დროს, ენერგიის უწყვეტი წყაროა. თავისი ზომიდან გამომდინარე, მზე ზუსტად იმდენ ენერგიას გამოყოფს, რამდენიც სასიცოცხლო პირობების შესაქმნელად არის აუცილებელი. მას მართებულად ეწოდება „განსაკუთრებული ვარსკვლავი“.

      საუკეთესო მეზობელი

      დედამიწისთვის მეზობლის არჩევა რომ მოგენდომებინათ, ალბათ, მთვარეზე კარგ მეზობელს ვერ იპოვიდით. მთვარის დიამეტრი დედამიწის დიამეტრის თითქმის მეოთხედია. მზის სისტემაში შემავალ სხვა მთვარეებთან შედარებით, ჩვენი პლანეტის თანამგზავრი გაცილებით დიდია. თუმცა არც ეს არის შემთხვევითი.

      უპირველესად, მთვარის მიზიდულობა იწვევს დედამიწაზე ოკეანეების მიქცევა-მოქცევას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია პლანეტის ეკოლოგიისთვის. მთვარის გრავიტაცია დედამიწის ღერძის უძრაობასაც განაპირობებს. რომ არა მთვარე, ჩვენი პლანეტა ბზრიალასავით დაიწყებდა რყევას; ის შეიძლება ამოტრიალებულიყო ან გვერდზე გადახრილიყო. ეს კატასტროფულ ცვლილებებს მოახდენდა დედამიწის კლიმატსა და წყლის მიქცევა-მოქცევაზე.

      დედამიწის დახრილობა და ბრუნვის სიჩქარე

      დედამიწის 23,5-გრადუსიანი დახრილობა განაპირობებს მასზე წელიწადის დროების მონაცვლეობას, ზომიერ ტემპერატურასა და მრავალფეროვანი კლიმატური ზონების არსებობას. „ჩვენს პლანეტას იდეალური დახრილობა აქვს“, — ნათქვამია ერთ-ერთ წიგნში (Why Complex Life Is Uncommon in the Universe).

      დედამიწის ბრუნვის ზომიერი სიჩქარის გამო დღე-ღამის ხანგრძლივობაც დაბალანსებულია. დედამიწა შემობრუნებას უფრო დიდ დროს რომ ანდომებდეს, მზისკენ მიმართული მისი ერთი მხარე გადახურდებოდა, მეორე მხარე კი გაიყინებოდა. ამის საპირისპიროდ, დღეების ხანგრძლივობა უფრო მოკლე რომ ყოფილიყო, თუნდაც რამდენიმე საათით, დედამიწის სწრაფი ბრუნვა ძლიერ ქარიშხლებსა და სხვა არასასურველ შედეგებს გამოიწვევდა.

      ჩვენი პლანეტის „მისამართი“, ბრუნვის სიჩქარე თუ ერთგული თანამგზავრი იმაზე მოწმობს, რომ ეს ყველაფერი ბრძენი შემოქმედის ჩანაფიქრის შედეგია.a ფიზიკოსი და ევოლუციონისტი პოლ დეივისი აღნიშნავს: „ათეისტ მეცნიერებსაც კი გულგრილს არ ტოვებს სამყაროს მასშტაბები, მისი დიდებულება, ჰარმონიულობა, დახვეწილობა და საოცარი სიზუსტე“.

      შესაძლებელია, ასეთი სიზუსტე ბრმა შემთხვევითობის შედეგი იყოს? თუ ყველაფერი მიზანმიმართულად არის შექმნილი? ამ კითხვებზე დაგაფიქრებთ მომდევნო სტატია. მასში განხილულია დედამიწის ორი დამცავი სისტემა, რომლებიც კოსმოსური საფრთხისგან იცავს მას.

      [სქოლიო]

      a სამყაროს არსებობა მთლიანობაში დამოკიდებულია ოთხ ფუნდამენტურ ფიზიკურ ურთიერთქმედებაზე. ესენია: გრავიტაცია, ელექტრომაგნეტიზმი, სუსტი და ძლიერი ურთიერთქმედება. ეს ოთხივე ძალა სრულყოფილად არის დარეგულირებული (იხილეთ წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“, თავი 2. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).

      [ჩარჩო 5 გვერდზე]

      ჩვენ ტყვიაზე სწრაფად ვმოძრაობთ!

      სანამ ამ ჩარჩოს ჩაიკითხავთ, უკვე ათასობით კილომეტრი გექნებათ გავლილი ისე, რომ ამას ვერც კი იგრძნობთ. მოდი ვნახოთ, როგორ.

      დედამიწის გარშემოწერილობა 40 000 კილომეტრია და ერთხელ შემობრუნებას 24 საათს ანდომებს. აქედან გამომდინარე, ადამიანი, რომელიც ეკვატორთან დგას, დაახლოებით 1 600 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს (პოლუსები თითქმის ერთ ადგილზე ბრუნავენ).

      გარდა ამისა, დედამიწა გარს უვლის მზეს 30 კმ/წმ სიჩქარით. თავის მხრივ, მზის სისტემა გარემოექცევა გალაქტიკა ირმის ნახტომის ცენტრს 249 კმ/წმ სიჩქარით. შედარებისთვის, ტყვია წამში დაახლოებით 1,5 კილომეტრს გადის.

      [სურათის საავტორო უფლება 4 გვერდზე]

      Milky Way: NASA/JPL/Caltech

      [სურათის საავტორო უფლება 5 გვერდზე]

      Earth: Based on NASA/Visible Earth imagery

  • დედამიწის „ჯავშანი“
    გამოიღვიძეთ! — 2009 | თებერვალი
    • დედამიწის „ჯავშანი“

      კოსმოსში არსებული მომაკვდინებელი რადიაცია და მეტეოროიდები დიდ საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს. მაგრამ ჩვენი ცისფერი პლანეტა ხიფათით სავსე გალაქტიკაში შედარებით უსაფრთხოდ მანევრირებს. ეს იმიტომ, რომ დედამიწა კარგი თავდაცვითი სისტემით — მძლავრი მაგნიტური ველითა და ატმოსფეროთი არის აღჭურვილი.

      მაგნიტური ველი დედამიწის გარშემო კილომეტრებზე ვრცელდება და უხილავ საფარს, მაგნიტოსფეროს ქმნის (იხილეთ მარჯვნივ). ის გვიცავს მძლავრი კოსმოსური და მზის მიერ გამოსხივებული რადიაციისგან. მზის გამოსხივებას იწვევს მზის ქარი, ანუ მაღალი ენერგიის მქონე ნაწილაკების მძლავრი გამოფრქვევა, და მზის აფეთქებები, რომელთა შედეგადაც ერთ წუთში გამოთავისუფლებული ენერგია მილიარდობით წყალბადის ბომბის მიერ გამოყოფილ ენერგიას უტოლდება. აგრეთვე მზის გვირგვინიდან პლაზმის გამოფრქვევა, რის შედეგადაც კოსმოსში მილიარდობით ტონა მატერიის ნაწილაკი გამოიტყორცნება. მზის აფეთქებებისა და პლაზმის გამოფრქვევის შედეგად წარმოიშობა პოლარული ციალი (ნაჩვენებია ქვევით მარჯვენა მხარეს) — ზედა ატმოსფეროს ნაირფეროვანი ნათება, რომელიც მაგნიტურ პოლუსებთან ახლოს ჩნდება.

      ატმოსფერო დედამიწის კიდევ ერთი დამცავი სისტემაა. მის ზედა ფენაში, სტრატოსფეროში გვხვდება ჟანგბადის ნაირსახეობა — ოზონი, რომელიც ულტრაიისფერი გამოსხივების 99 პროცენტს შთანთქავს. ამგვარად, ოზონის ფენა მავნე გამოსხივებისგან იცავს ცოცხალ არსებებს, მათ შორის ადამიანებსა და პლანქტონებს. აღსანიშნავია, რომ სტრატოსფეროში ოზონის შემცველობა ერთნაირი არ არის. მისი რაოდენობა დამოკიდებულია ულტრაიისფერი გამოსხივების სიმძლავრეზე. ოზონი დედამიწისთვის მართლაც კარგი ჯავშანია.

      ატმოსფერო იგერიებს მილიონობით მეტეოროიდსაც, რომელთა ზომა შეიძლება უმცირესი ნაწილაკიდან უშველებელი ლოდის ზომამდე მერყეობდეს. საბედნიეროდ, მათი უმეტესობა ატმოსფეროში მოხვედრისას წვას იწყებს და ცაზე ნათელ კვალს ტოვებს, რასაც მეტეორები ეწოდება.

      დედამიწის ჯავშანი მთლიანად არ აკავებს სიცოცხლის არსებობისთვის საჭირო იმ რადიაციას, რომელიც სითბოსა და სინათლის სახით აღწევს ჩვენს პლანეტამდე. ატმოსფერო ხელს უწყობს დედამიწის ზედაპირზე სითბოს გადანაწილებას, ღამით კი მას სითბოს უნარჩუნებს.

      დედამიწის ატმოსფერო და მაგნიტური ველი ბოლომდე გამოუკვლეველი საოცრებაა. ჩვენი პლანეტის კიდევ ერთი საოცრებაა წყალი, რომელიც უხვად არის დედამიწაზე.

  • მაცოცხლებელი სითხე
    გამოიღვიძეთ! — 2009 | თებერვალი
    • მაცოცხლებელი სითხე

      წყალი საოცარი სითხეა. ის მარტივიც არის და, ამავე დროს, რთულიც. წყლის თითოეული მოლეკულა შედგება მხოლოდ სამი ატომისგან (ორი წყალბადის და ერთი ჟანგბადის). მიუხედავად ამისა, მეცნიერებისთვის კვლავაც ამოუხსნელ ამოცანად რჩება წყლის მოლეკულების მოქმედება. თუმცა ერთი რამ ნათელია — წყალი აუცილებელია სიცოცხლისთვის, რადგან ცოცხალი ორგანიზმების სხეულის 80 პროცენტი წყლისგან შედგება. მოდი ვისაუბროთ ამ საოცარი სითხის ხუთ ძირითად თვისებაზე.

      1. წყალს შეუძლია შეინარჩუნოს სითბო ტემპერატურის მკვეთრი მომატების გარეშე, რაც ხელს უწყობს ზომიერი კლიმატის შენარჩუნებას დედამიწაზე.

      2. გაყინვისას წყლის სიმკვრივე მცირდება. შედეგად ყინული წყლის ზედაპირს ზემოდან ექცევა და წარმოქმნის დამცავ ფენას. თუ სხვა ნივთიერებების მსგავსად გაყინვისას წყლის სიმკვრივე მოიმატებდა, ტბები, მდინარეები და ზღვები ფსკერიდან ზედაპირამდე გაიყინებოდა და ყველაფერი ყინულის საფარში მოექცეოდა.

      3. წყალს კარგი გამჭვირვალობა აქვს, რაც ოკეანის სიღრმეში მობინადრე იმ ცოცხალ ორგანიზმებს, რომლებსაც მზის სინათლე სჭირდებათ, არსებობის საშუალებას აძლევს.

      4. წყლის მოლეკულები განიცდიან ზედაპირულ დაჭიმულობას, რაც მის ზედაპირზე, ასე ვთქვათ, ელასტიკურ „კანს“ ქმნის. ამ დაჭიმულობის შედეგად მწერებს შეუძლიათ წყლის ზედაპირზე გადაადგილება. მისი მეშვეობით წარმოიქმნება წყლის წვეთები და კაპილარული ეფექტი, რაც ხელს უწყობს მაღალ მცენარეებში წყლის აქაჩვას.

      5. წყალი საუკეთესო გამხსნელია. მასში იხსნება ჟანგბადი, ნახშირორჟანგი, მინერალები და სხვა ნივთიერებები.

      დედამიწის „კონდიციონერი“

      დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 70 პროცენტი წყლით არის დაფარული და ეს დიდ ზეგავლენას ახდენს მის კლიმატზე. ატმოსფეროსა და ოკეანეებს შორის უწყვეტად მიმდინარეობს სითბოს, ტენისა და აირების ურთიერთგაცვლა, რომლებიც ქარებისა და დინებების სახით გადაადგილდება. თავის მხრივ, ქარებსა და დინებებს მზისგან მიღებული სითბო ტროპიკებიდან პოლუსებისკენ მიაქვთ, რაც არეგულირებს ტემპერატურას დედამიწაზე. ცოცხალი ორგანიზმების უმეტესობას სასიცოცხლო გარემო მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ დედამიწის ტემპერატურა წყალს თხევად მდგომარეობაში დარჩენის შესაძლებლობას მისცემს. „როგორც ჩანს, დედამიწაზე ყველაფერი იდეალურად არის დარეგულირებული“,— ნათქვამია ერთ წიგნში (Rare Earth — Why Complex Life Is Uncommon in the Universe).

      ფაქტია, რომ დედამიწა შედეგია და არა მიზეზი. მაგრამ ვინ ან რა არის მიზეზი — შემთხვევითობა თუ ბრძენი და მოსიყვარულე შემოქმედი? ბიბლია ამბობს, რომ ყველაფერი ღვთის შექმნილია (საქმეები 14:15—17). მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ ამ აზრის დამადასტურებელ კიდევ ერთ მტკიცებაზე, გასაოცარ ციკლებზე, რომლებიც ჩვენი პლანეტის სისუფთავესა და სიჯანსაღეს უწყობს ხელს.

  • სასიცოცხლო ციკლები
    გამოიღვიძეთ! — 2009 | თებერვალი
    • სასიცოცხლო ციკლები

      ერთ დღეს რომელიმე ქალაქში ჰაერისა და წყლის მარაგი რომ ამოიწუროს და საკანალიზაციო სისტემა მწყობრიდან გამოვიდეს, ეპიდემია და სიკვდილი გარდაუვალი იქნება. ჩვენს პლანეტა დედამიწაზე ყველაფერი ისეა ორგანიზებული, რომ სუფთა წყალსა და ჰაერს ის კოსმოსიდან არ იღებს და არც ნარჩენებით აბინძურებს მას. როგორ ინარჩუნებს დედამიწის ბიოსფერო სიჯანსაღეს? ამას ის ბუნებრივი ციკლების მეშვეობით ახერხებს, როგორიცაა მაგალითად წყლის, ნახშირბადის, ჟანგბადისა და აზოტის წრებრუნვის ციკლები, რომლებიც მოკლედ არის ახსნილი.

      წყლის წრებრუნვა სამ ეტაპად მიმდინარეობს: 1) მზის ენერგიით ხდება წყლის აორთქლება ატმოსფეროში, 2) გასუფთავებული წყლის კონდენსაციის შედეგად წარმოიშვება ღრუბლები, და 3) ღრუბლებიდან წყალი დედამიწაზე ბრუნდება წვიმის, სეტყვისა და თოვლის სახით. ამგვარად იკვრება წრე. როგორც ვარაუდობენ, ყოველწლიურად იმ რაოდენობის წყალი ბრუნავს, რამდენიც საკმარისი იქნებოდა ყველა კონტინენტის 100 სანტიმეტრზე დასაფარად.

      2

      ← ◯

      ↓ 3 ↑

      ↓ 1 ↑

      ↓ ↑

      → →

      →

      ნახშირბადისა და ჟანგბადის ციკლები ორ ძირითად პროცესს ეფუძნება — ფოტოსინთეზსა და სუნთქვას.a ფოტოსინთეზის დროს მზის ენერგიის, ნახშირორჟანგისა და წყლის გამოყენებით წარმოიქმნება ნახშირწყლები და ჟანგბადი. სუნთქვის შედეგად, რომელშიც ჩართული არიან ადამიანები და ცხოველები, ნახშირწყლებისა და ჟანგბადისგან წარმოიქმნება ენერგია, ნახშირორჟანგი და წყალი. ამგვარად, ერთი ციკლის შედეგად მიღებული ნივთიერებები მეორე ციკლს ხმარდება. ეს ყველაფერი საათივით არის აწყობილი და ყოველგვარი დაბინძურებისა და დისკომფორტის გარეშე ხდება. ჟანგბადი

      2

      ← ◯

      ↓ 3 ↑

      ↓ 1 ↑

      ↓ ↑

      → →

      →

      ნახშირორჟანგი

      აზოტის ციკლი გადამწყვეტ როლს თამაშობს ამინმჟავების, ცილებისა და სხვა ორგანული ნივთიერებების წარმოქმნაში. ა) ელვისა და სხვადასხვა ბაქტერიის ზემოქმედებით ჰაერში არსებული აზოტი მცენარეებისთვის ადვილად ასათვისებელ ნაერთებად გარდაიქმნება. ბ) თავის მხრივ, მცენარეები ამ ნაერთებს ორგანული ნივთიერებების წარმოსაქმნელად იყენებენ. აზოტი ხვდება იმ ცხოველების ორგანიზმშიც, რომლებიც მცენარეებით იკვებებიან. გ) მცენარეთა და ცხოველთა კვდომის შემდეგ ბაქტერიათა სხვა ჯგუფი შლის აზოტშემცველ ნაერთებს და აზოტს ნიადაგსა და ჰაერში გამოყოფს.

      ← ← ← ← ← ← ← ← ← ←

      ↓ ↑

      ↓ ატმოსფეროს 78 პროცენტი აზოტისგან შედგება↑

      ↓ ↑

      ↓ ↑

      ↓ ↓ ორგანული ↑

      ↓ ა ↓ მოლეკულები ↑

      ↓ ბაქტერიები ↓ ბ ↑ ↓ გ ↑

      → აზოტის ნაერთები ბაქტერიები →

      → → →

      სრულყოფილი გადამუშავების სისტემა

      ტექნოლოგიური პროცესების შედეგად ადამიანები დედამიწას ყოველწლიურად ტონობით გადაუმუშავებელი ტოქსიკური ნარჩენებით აბინძურებენ, მაშინ როცა დედამიწა საოცარი ქიმიური პროცესების წყალობით შესანიშნავად ამუშავებს მის მიერ გამოყოფილ ყველა ნარჩენს. სამეცნიერო და რელიგიური ნაშრომების ავტორი, მაიკლ კორი ამბობს, რომ „შემთხვევითი პროცესებით თითქმის შეუძლებელია“ დედამიწაზე არსებული ბუნებრივი ბალანსის მიღწევა.

      სწორედ ამიტომ განადიდებს ბიბლია ამ ყოველივეს შემოქმედს: „რაოდენ მრავალია შენი საქმენი, იეჰოვა! ყველაფერი სიბრძნით შექმენი“ (ფსალმუნი 104:24). ეს სიბრძნე იეჰოვამ ადამიანთა სასარგებლოდ გამოიყენა.

      [სქოლიო]

      a ზოგიერთ ბუნებრივ ციკლში ერთი და იგივე ქიმიური ელემენტია ჩართული. მაგალითად, ჟანგბადი გვხვდება ნახშირორჟანგში, ნახშირწყლებსა და წყალში. ამგვარად, ჟანგბადი მონაწილეობს როგორც ნახშირბადის, ისე წყლის წრებრუნვაში.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება