-
შეაჩერებს ვინმე ეკოლოგიურ კატასტროფას?საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 სექტემბერი
-
-
მთავარი თემა
შეაჩერებს ვინმე ეკოლოგიურ კატასტროფას?
„თაობა მიდის, თაობა მოდის, დედამიწა კი მარადიულად რჩება“, — მეფე სოლომონი, ძვ. წ. XI საუკუნე.a
საუკუნეების უწინ მცხოვრები ამ სიტყვების დამწერი მკვეთრ განსხვავებას აკეთებს ადამიანის ხანმოკლე სიცოცხლესა და დედამიწის მარადიულობას შორის. მართლაც ათასობით წელია თაობები ერთმანეთს ცვლიან, მაგრამ დედამიწამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ აქვს თვითაღდგენის საოცარი უნარი და დღემდე სიცოცხლისუნარიანია.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არნახული ცვლილებების პერიოდი დადგა. სულ რაღაც სამოცდაათ წელიწადში ადამიანებმა უდიდეს წარმატებებს მიაღწიეს ტრანსპორტის, კომუნიკაციისა და სხვა ტექნოლოგიების სფეროში, რამაც უპრეცედენტო ეკონომიკური ცვლილებები გამოიწვია. ამასობაში დედამიწის მოსახლეობა თითქმის გასამმაგდა. დღეს ბევრი კომფორტულად ცხოვრობს, რაც ერთ დროს წარმოუდგენელი იყო.
თუმცა ამ ყველაფერს უკვალოდ არ ჩაუვლია. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანებმა თავიანთი დაუდევრობით დედამიწა ბუნებრივი რელსებიდან გადაიყვანეს, რითაც სერიოზული საფრთხე შეუქმნეს ჩვენს პლანეტას. ზოგი მეცნიერის აზრით, ჩვენ შევაბიჯეთ ახალ გეოლოგიურ ეპოქაში, რომელსაც ანთროპოგენული პერიოდი ეწოდა. ეს არის პერიოდი, როდესაც ადამიანი თავისი საქმიანობით ეკოლოგიურ ზიანს აყენებს დედამიწას.
ბიბლიამ იწინასწარმეტყველა დროზე, როდესაც ადამიანები მოსპობდნენ დედამიწას (გამოცხადება 11:18). ზოგს აინტერესებს, ჩვენს დროში სრულდება თუ არა ეს წინასწარმეტყველება. სადამდე გაგრძელდება დედამიწის გაჩანაგება? არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც მდგომარეობა ვეღარ გამოსწორდება? მიაყენებს ადამიანი გამოუსწორებელ ზიანს ჩვენს პლანეტას?
საით მიექანება დედამიწა?
მართლა განადგურების ზღვარზეა დედამიწა? ზოგ მეცნიერს უჭირს იმის განსაზღვრა, თუ საბოლოოდ რა გავლენას მოახდენს დედამიწაზე ადამიანის უხეში ჩარევა. ბევრი შეწუხებულია და ფიქრობს, რომ შესაძლოა ვუახლოვდებით იმ კრიტიკულ ზღვარს, როცა უეცარმა და გაუთვალისწინებელმა კლიმატურმა ცვლილებებმა შეიძლება გამანადგურებელი შედეგები მოიტანოს.
მაგალითისთვის ავიღოთ დასავლეთ ანტარქტიდის ყინულოვანი საფარი. ზოგი მეცნიერის აზრით, თუ გლობალური დათბობა გაგრძელდება, ყინულის დნობის პროცესი შეუქცევადი გახდება. როგორც ცნობილია, ყინულის საფარი ბუნებრივად ირეკლავს მზის სხივებს. მაგრამ ყინულის საფრის შეთხელებასა და დაპატარავებასთან ერთად, ოკეანე, რომელიც ნაკლებად ირეკლავს მზის სხივებს, თანდათანობით ყინულის საფრის გარეშე დარჩება. ოკეანის ზედაპირი შთანთქავს მზის სხივებს, რაც თავის მხრივ ყინულის სწრაფ დნობას იწვევს. ამ გამანადგურებელი პროცესის შეჩერება შეუძლებელი გახდება. დნობის შედეგად აიწევს ზღვის დონე, რასაც შესაძლოა ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს.
მზარდი ეკოლოგიური კრიზისი
მეცნიერებმა უამრავი სტრატეგია შეიმუშავეს საგანგაშო მდგომარეობის გამოსასწორებლად. ერთ ასეთ გრძელვადიან სტრატეგიას უწოდეს მდგრადი განვითარება, რომელიც გულისხმობს სოციალურ-ეკონომიკურ ზრდას გარემოს დაცვის საკითხების მაქსიმალური გათვალისწინებით. რა შედეგები მოაქვს ამას?
სამწუხაროდ, გლობალური ეკონომიკური კრიზისის მსგავსად, ეკოლოგიური კრიზისიც კატასტროფულად იზრდება. ადამიანები ბუნებრივ რესურსებს იმაზე სწრაფად მოიხმარენ, ვიდრე დედამიწას შეუძლია ამ მარაგის შევსება. შესაძლებელია მდგომარეობის გამოსწორება? გარემოს დაცვის ერთმა მუშაკმა გულწრფელად აღიარა: „სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენ წარმოდგენაც კი არა გვაქვს, როგორ განვკარგოთ დედამიწის რესურსები წარმატებით“. ეს სიტუაცია ზუსტად მიესადაგება ბიბლიაში ჩაწერილ ჭეშმარიტებას: „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23).
მეორე მხრივ, ბიბლია გვარწმუნებს, რომ ღმერთი, ჩვენი შემოქმედი, არ დაუშვებს, რომ ადამიანმა ბოლო მოუღოს დედამიწას. ფსალმუნის 115:16-ში ვკითხულობთ: „დედამიწა [ღმერთმა] ადამიანთა ძეებს მისცა“. დიახ, ჩვენი პლანეტა ჩვენი ზეციერი მამისგან ბოძებული „კარგი ძღვენია“ (იაკობი 1:17). განა ღმერთი ისეთ რამეს გვაჩუქებდა, რაც დროებით კარგად იმუშავებდა, შემდეგ კი შეწყვეტდა ფუნქციონირებას? რა თქმა უნდა, არა! ამას ამტკიცებს თუნდაც ის, თუ როგორ არის ჩვენი პლანეტა შექმნილი.
-