-
დედამიწა შემთხვევით „დაფუძნდა“?გამოიღვიძეთ! — 2001 | აპრილი 8
-
-
დედამიწა შემთხვევით „დაფუძნდა“?
ტემპერატურის უკიდურესობების ასაცილებლად დედამიწა მზისგან სათანადოდ დაშორებულ ორბიტაზე უნდა მოძრაობდეს. სხვა მზის სისტემებში აღმოაჩინეს პლანეტები, რომლებიც მზის მაგვარი ვარსკვლავების გარშემო ბრუნავენ და მიჩნეული არიან „დასასახლებლად გამოსადეგ ზონებში“ არსებულ პლანეტებად — ესე იგი, მათ შეუძლიათ წყლის შენარჩუნება თხევად მდგომარეობაში. მაგრამ ეს ეგრეთ წოდებული დასასახლებლად გამოსადეგი პლანეტებიც კი შეიძლება გამოუსადეგარი აღმოჩნდეს ადამიანების საცხოვრებლად. მათი ბრუნვის სიჩქარე და ზომა სათანადო უნდა იყოს.
დედამიწა იმაზე ოდნავ პატარა ზომისა და მსუბუქი რომ ყოფილიყო, ვიდრე არის, გრავიტაციის ძალა სუსტი იქნებოდა და პლანეტის ძვირფასი ატმოსფეროს დიდი ნაწილი კოსმოსში გაიბნეოდა. ამის დანახვა შეიძლება მთვარისა და ორი პლანეტის — მერკურისა და მარსის — მაგალითზე. რადგან ზომითა და წონით დედამიწაზე პატარები არიან, მათ ან საერთოდ არა აქვთ, ან ძალიან გაიშვიათებული ატმოსფერო აქვთ. მაგრამ რა მოხდებოდა, დედამიწა ოდნავ დიდი და მძიმე რომ ყოფილიყო?
ასეთ შემთხვევაში დედამიწის გრავიტაცია უფრო ძლიერი იქნებოდა და მსუბუქი აირები, მაგალითად, წყალბადი და ჰელიუმი, დიდ დროს მოანდომებდნენ ატმოსფეროს დატოვებას. „რაც უფრო მნიშვნელოვანია, დაირღვეოდა ატმოსფეროს აირებს შორის არსებული ზუსტი ბალანსი“, — ნათქვამია ერთ სამეცნიერო სახელმძღვანელოში („Environment of Life“).
ან დავფიქრდეთ ჟანგბადზე, რომელიც ხელს უწყობს წვას. ატმოსფეროში მისი შემცველობა ერთი პროცენტითაც რომ გაიზარდოს, ტყეებს უფრო ხშირად გაუჩნდება ხანძარი. სხვა მხრივ, სითბური ეფექტის გამომწვევი აირის, ნახშირორჟანგის, შემცველობა რომ გაზრდილიყო, დედამიწას მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ტრაგიკული შედეგები დაემუქრებოდა.
დედამიწის ორბიტა
სხვა იდეალურ თავისებურებას დედამიწის ორბიტა წარმოადგენს. ეს ორბიტა რომ უფრო ელიფსური ყოფილიყო, ვერ გავუძლებდით აუტანელ სიცხესა და სიცივეს. ნაცვლად ამისა, დედამიწის ორბიტა თითქმის წრიულია. რა თქმა უნდა, სიტუაცია შეიცვლებოდა, თუ იუპიტერისმაგვარი გიგანტური პლანეტა დედამიწის მეზობლად იმოძრავებდა. უკანასკნელ წლებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ზოგი ვარსკვლავის სისტემაში იუპიტერის მსგავსი დიდი პლანეტებია, რომელთა ორბიტები მათგან ძალიან ახლო მანძილზეა განლაგებული. ასეთი პლანეტების უმრავლესობა ოვალური ფორმის ორბიტებზე მოძრაობს. დედამიწის მსგავსი ნებისმიერი პლანეტა ამგვარ სისტემაში დიდ სირთულეებს წააწყდებოდა.
ასტრონომმა ჯეფრი მარსიმ პლანეტების ეს გარე სისტემები შეადარა ჩვენი მზის სისტემის ოთხ პლანეტას: მერკურს, ვენერას, დედამიწასა და მარსს — რომლებიც ჩვენი სისტემის შიდა ნაწილს წარმოქმნიან. ინტერვიუს დროს მარსიმ წამოიძახა: „შეხედეთ, როგორი სრულყოფილია ეს [განლაგება]! ძვირფასი ქვებით მოოჭვილს ჰგავს; აქვთ წრიული ორბიტები; განლაგებული არიან ერთ სიბრტყეში. ყველა ერთი მიმართულებით მოძრაობს. . . ეს მართლაც ზებუნებრივია“. შეიძლება ყოველივე ეს შემთხვევითობით აიხსნას?
ჩვენი მზის სისტემა კიდევ ერთი საოცრებით ხასიათდება. გიგანტური პლანეტები — იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი — ჩვენგან უსაფრთხო მანძილზე მოძრაობენ. საფრთხის შექმნის ნაცვლად, ამ პლანეტებს მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვთ. ასტრონომებმა მათ „ციური მტვერსასრუტები“ უწოდეს, რადგან მათი გრავიტაცია „იწოვს“ დიდ მეტეორებს, რომლებიც, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხეს შეუქმნიდა სიცოცხლეს დედამიწაზე. მართლაც, დედამიწა შესანიშნავად არის ‘დაფუძნებული’ (იობი 38:4). მისი ზომა და მზის სისტემაში მისი ადგილი ზუსტად არის გათვლილი. მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი როდია. დედამიწა სხვა განუმეორებელი თავისებურებებითაც ხასიათდება, რომლებიც აუცილებელია ადამიანთა სიცოცხლისთვის.
-
-
დედამიწა შემთხვევით „დაფუძნდა“?გამოიღვიძეთ! — 2001 | აპრილი 8
-
-
[ჩარჩო⁄სურათები 8, 9 გვერდებზე]
განსაკუთრებული პლანეტა
„დედამიწაზე მისი იდეალური ზომის, ელემენტთა შედგენილობისა და ხნიერი ვარსკვლავისგან, მზისგან, იდეალურად დაშორებული თითქმის წრიული ორბიტის წყალობით არსებულმა განსაკუთრებულმა პირობებმა შესაძლებელი გახადა წყლის დაგროვება მის ზედაპირზე. ძნელია იმის წარმოდგენა, რომ სიცოცხლე უწყლოდ წარმოიშვებოდა“ („Integrated Principles of Zoology“, Sixth Edition).
[საავტორო უფლება]
NASA photo
-