საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გადაყრისკენ მიდრეკილი საზოგადოება
    გამოიღვიძეთ! — 2002 | ოქტომბერი 8
    • გადაყრისკენ მიდრეკილი საზოგადოება

      განვითარებულ ქვეყნებში ხალხი დიდი რაოდენობით ნაგავს ყრის. ავიღოთ, მაგალითად, შეერთებული შტატები. როგორც ამბობენ, ამ ქვეყანაში ყოველწლიურად იმდენი ნაგავი იყრება, რომ ამ ნარჩენების „წონის ეკვივალენტური წყალი 50 მეტრი სიგრძის 68 000 უზარმაზარ საცურაო აუზს გაავსებდა“. რამდენიმე წლის წინათ გაკეთებული შეფასების თანახმად, ნიუ-იორკელთა მიერ ყოველწლიურად გადაყრილი ნაგავი სრულიად საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ ქალაქის უზარმაზარი ცენტრალური პარკი ნარჩენების 4 მეტრიანი ფენით დაფარულიყოa!

      ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ როდესაც „ყიდვის მანიით შეპყრობილ და გადაყრისკენ მიდრეკილ საზოგადოებასთან“ დაკავშირებულ პრობლემაზე მსჯელობენ, ამერიკის შეერთებული შტატები „გამაფრთხილებელ მაგალითად მოჰყავთ მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნებისთვის“. მაგრამ საგანგაშო მდგომარეობა მხოლოდ ამ ქვეყანაში როდია. ვარაუდობენ, რომ გერმანიის მოსახლეობის მიერ ყოველწლიურად გადაყრილი ნაგავი თავისუფლად აავსებდა დედაქალაქ ბერლინიდან აფრიკის სანაპირომდე — დაახლოებით 1 800 კილომეტრის სიგრძეზე — გაჭიმულ სატვირთო მატარებელს. და როგორც ერთხელ დიდ ბრიტანეთში გამოიანგარიშეს, ოთხი წევრისგან შემდგარი ოჯახი წელიწადში ექვსი ხის ეკვივალენტურ ქაღალდს ყრის.

      ნაგვის მოზღვავებას ვერც განვითარებადი ქვეყნები აღწევენ თავს. ერთ პოპულარულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალში ნათქვამი იყო: „ცუდი ის არის, რომ პლანეტის 6 მილიარდიანი მოსახლეობის უმრავლესობა უკვე იწყებს ამერიკისა და დანარჩენი განვითარებული ქვეყნების მაგალითის მიბაძვას და ნაგვის გროვების დაყენებას“. დიახ, მოგვწონს თუ არა, უმრავლესობა გადაყრისკენ მიდრეკილ საზოგადოებაში ვცხოვრობთ.

      ნარჩენები, რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო ადამიანთა ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. მაგრამ დაკონსერვებული და შეფუთული საჭმელი თუ სხვა ნაწარმი ახლა უფრო ფართოდ იყიდება, ვიდრე რამდენიმე წლის წინათ; ამიტომ ერთჯერად ბოთლებში ჩამოსხმულ თუ სხვა შესაფუთ მასალაში გახვეულ პროდუქციას დღეს ყველგან შეხვდებით. ჟურნალ-გაზეთების, სარეკლამო ფურცლებისა და სხვა ნაბეჭდი მასალის რაოდენობამაც მკვეთრად იმატა.

      თანამედროვე მსოფლიოში, რომელშიც მრეწველობა და მეცნიერება ახალ-ახალ მწვერვალებს იპყრობს, ნაგვის ახალ-ახალი სახეები ჩნდება. გერმანიაში გამომავალი გაზეთი „ველტი“ ირწმუნება, რომ „ევროკავშირის ქვეყნებში ყოველწლიურად დაახლოებით ცხრა მილიონ ავტომანქანას აგდებენ“. მათი თავიდან მოცილება კი არც თუ ისე ადვილია. მაგრამ არსებობს კიდევ უფრო პრობლემატური საკითხი: რამდენად უსაფრთხოდ ხდება ბირთვული და ქიმიური ნარჩენების თავიდან მოშორება? როგორც იტყობინებიან, 1991 წელს შეერთებულ შტატებს „არ გააჩნდა ადგილი, სადაც მუდმივად შეინახავდა დიდი რაოდენობით დაგროვილ რადიოაქტიურ ნარჩენებს“. სიცოცხლისათვის საშიში მილიონი კასრი ნივთიერება დროებით საწყობში იყო შენახული, სადაც მუდამ არსებობდა „მისი დაკარგვის, მოპარვის ან გარემოს დაზიანების საშიშროება არასწორად გამოყენების შემთხვევაში“. მხოლოდ 1999 წელს, შეერთებული შტატების 20 000-მდე კომერციული თუ სახელმწიფო საწარმოს სახიფათო ნარჩენებმა 40 მილიონ ტონას გადააჭარბა.

      პრობლემას ისიც ამწვავებს, რომ გასულ საუკუნეში საოცრად გაიზარდა დედამიწის მოსახლეობა. რაც უფრო მეტია ხალხი, მით უფრო ბევრია ნაგავიც! ხოლო მოსახლეობის დიდი ნაწილი მომხვეჭელობით არის გატაცებული. „უორლდ უოთჩის“ ინსტიტუტმა ამას წინათ ასეთი დასკვნა გააკეთა: „1950 წლიდან მოყოლებული, უფრო მეტი პროდუქცია მოვიხმარეთ და უფრო მეტად ვისარგებლეთ მომსახურების სხვადასხვა ფორმით, ვიდრე — კაცობრიობის არსებობის დანარჩენი პერიოდის განმავლობაში“.

      ეჭვგარეშეა, განვითარებულ ქვეყნებში ძნელად თუ ვიპოვიდით ისეთ ადამიანს, ვინც უარს იტყოდა სხვადასხვა ნაწარმსა თუ მომსახურების ფორმაზე. მაგალითისთვის დავფიქრდეთ: მართლაც რა მოხერხებულია, სასურსათო მაღაზიაში წახვიდე, იქ უკვე შეფუთული პროდუქტები აარჩიო და სახლში მაღაზიაშივე მოცემული ქაღალდის ან ცელოფნის პარკით წამოიღო. ხალხი რომ მოულოდნელად შეფუთვის თანამედროვე საშუალებების გარეშე დარჩენილიყო, მალე მიხვდებოდნენ, თურმე რამდენად ყოფილან მათზე დამოკიდებული. და რადგან შეფუთვა უფრო ჰიგიენურია, ეს, გარკვეულწილად, ხელს უწყობს კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

      მართალია, ზემოხსენებულ ფაქტორებს სარგებლობაც მოაქვთ, მაგრამ ხომ არ უნდა გვაწუხებდეს ის, რომ გადაყრისკენ მიდრეკილი დღევანდელი საზოგადოება ყოველგვარ ზღვარს გასცდა? როგორც ჩანს, მართლაც უნდა გვაწუხებდეს იმიტომ, რომ თუმცა ადამიანებმა სხვადასხვა ზომებს მიმართეს ნაგვის ზრდის შესაჩერებლად, მხოლოდ ძალიან უმნიშვნელოდ თუ შეძლეს წარმოქმნილი ნარჩენების გროვების შემცირება. და რაც უფრო გულსატკენია, იმ დამოკიდებულებას, რომელიც საფუძვლად უდევს დღევანდელი საზოგადოების მიდრეკილებას გადაყრისკენ, სხვა სამწუხარო შედეგებიც ახლავს თან.

      [სქოლიო]

      a პარკი გაშენებულია 341 ჰექტარზე.

      [სურათი 4 გვერდზე]

      სახიფათო ნარჩენების უსაფრთხოდ მოშორება სერიოზულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

  • არსებობს გამოსავალი?
    გამოიღვიძეთ! — 2002 | ოქტომბერი 8
    • არსებობს გამოსავალი?

      რას უზამთ ნივთს, რომელიც მეტად აღარ გჭირდებათ? „ავდგები და უბრალოდ გადავაგდებ“, — შეიძლება თქვას ვინმემ და ეს ყველაზე ადვილ და გონივრულ გამოსავლად ჩათვალოს. სინამდვილეში, ნარჩენების თავიდან მოცილება ყოველთვის ასე ადვილი როდია. კი მაგრამ, სად გადააგდებთ? როგორც იტალიის გარემოს დაცვის საზოგადოება ვარაუდობს, ზღვაში გადაგდებული მინის ბოთლის დაშლას 1 000 წელი სჭირდება. ქაღალდი გაცილებით მალე, სულ რაღაც სამ თვეში, იშლება. სიგარეტის ნამწვი 5 წლის განმავლობაში აბინძურებს ზღვას, ხოლო ცელოფნის პარკები 10—20, ნეილონის ნაწარმი 30—40, კონსერვის ქილები 500 და პოლისტიროლი 1 000 — წელი.

      ასეთი ნარჩენების რაოდენობა ბოლო დროს უზომოდ გაიზარდა. მსოფლიო ბაზარი ჩვენს დღეებში აურაცხელ საქონელს სთავაზობს მომხმარებელს, რეკლამის სამყაროს კი სურს იმაში დაგვარწმუნოს, რომ ყველა ეს პროდუქცია უსათუოდ გვესაჭიროება. ბრიტანეთში გამომავალ გაზეთ „გარდიანში“ მოსწრებულად იყო შენიშნული: „სარეკლამო სააგენტოები დახმარებას გვიწევენ ისეთი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში, რომლებიც, ვერასდროს წარმოვიდგენდით, თუ გვქონდა“. მართლაც, ყველა ვდგებით ცდუნების წინაშე, უახლესი პროდუქცია შევიძინოთ იმის შიშით, რომ ვაითუ რაიმე საინტერესო და ახალი გავუშვათ ხელიდან. ხოლო სარეკლამო ტერმინოლოგიის მიხედვით, „ახალი“, რაღა თქმა უნდა, „საუკეთესოს და უმაღლესი ხარისხისას“ ნიშნავს, „ძველი“ კი — „დაბალი ხარისხისას და დრომოჭმულს“.

      ასე რომ, ხშირად გვარწმუნებენ: უმჯობესია ახალი ვიყიდოთ, ვიდრე ძველი შევაკეთოთ. დღეს ამტკიცებენ, რომ ძველის ახლით შეცვლა უფრო პრაქტიკული და ეკონომიურია, ვიდრე მისი შეკეთება. ზოგჯერ ეს შეიძლება მართალიც იყოს, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ძველის გადაგდება და ახლის ყიდვა ძვირიც ჯდება და აუცილებელიც არ არის.

      მრავალი პროდუქცია დღეს ისეთნაირად იწარმოება, რომ მალე გადასაგდები ხდება. მათი შეკეთება შეიძლება ძნელი იყოს — ამიტომ კარგი იქნება, თუ ყიდვისას ყოველთვის გავითვალისწინებთ ამ მომენტს. გერმანიაში გამომავალ მომხმარებელთათვის განკუთვნილ ჟურნალში ნათქვამი იყო: „სხვადასხვა პროდუქციის ვარგისიანობის ვადა უფრო და უფრო მცირდება. რაც გუშინ მოდური იყო, დღეს უკვე ძველმოდური ხდება და ხშირად სანაგვეში ისვრიან. ასე რომ, ყოველდღიურად, დიდი რაოდენობით ძვირფასი ნედლეული უვარგისი ნაგავი ხდება“.

      მართლა მოაქვს სარგებლობა უთავბოლოდ ყველაფრის ყიდვას მომხმარებლისთვის? სინამდვილეში, მოგებულნი რჩებიან მხოლოდ კომპანიები, რომელთაც ჯიბის გასქელება აქვთ განზრახული. შვეიცარიაში გამომავალ ყოველკვირეულ გამოცემა „ველტვოხეში“ ასეთი მოსაზრება იყო გამოთქმული: „თითოეული ადამიანი ავეჯის მხოლოდ ერთი კომპლექტითა და ერთი ავტომანქანით რომ დაკმაყოფილებულიყო მთელი ცხოვრების მანძილზე, ან იმაზე ორჯერ უფრო დიდხანს რომ გამოეყენებინა, ვიდრე ახლა იყენებს, ეკონომიკური კრახი გარდაუვალი იქნებოდა“. ეკონომიკური კრახის გამოწვევით, რა თქმა უნდა, ვერ მოვაგვარებდით ნაგვის პრობლემას იმიტომ, რომ ეს მოსახლეობის უმუშევრად დარჩენას გამოიწვევდა. მაშ, რა საშუალებები არსებობს ნაგვის მოზღვავების შესაჩერებლად?

      გადავყაროთ, გადავამუშაოთ თუ შევამციროთ?

      ზოგიერთი ქვეყანა, სადაც მრეწველობა კარგად არის განვითარებული, ადვილ გამოსავალს პოულობს და ნარჩენები განვითარებად ქვეყნებში გააქვს. მაგალითად, როგორც იტყობინებიან, „ნიგერიაში ყველასთვის კარგად ცნობილ ერთ ადგილზე აღმოაჩინეს 3 500 ტონა ტოქსიკური ქიმიური ნივთიერება, რომელიც 8 000-ზე მეტი ჟანგისგან შეჭმული ცისტერნიდან ჟონავდა და როგორც ნიადაგს, ისე გრუნტის წყლებს წამლავდა“. ასეთი მეთოდით ნარჩენების თავიდან მოშორება არც პრაქტიკულია და არც სხვებისადმი პატივისცემას ირეკლავს.

      არის თუ არა ეფექტური გადაყრის ნაცვლად უსარგებლო ნივთებისა თუ საგნების გადამუშავება შემდგომი მოხმარების მიზნით? გადამუშავების გასაადვილებლად, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ ხალხმა ნარჩენები დაახარისხოს. ზოგან ეს უკვე კანონით მოითხოვება. ადგილობრივი კანონით შეიძლება მოითხოვებოდეს ნაგვის დახარისხება სხვადასხვა კატეგორიებად, მაგალითად ასე: ქაღალდი, მუყაო, ლითონები, მინა და ორგანული ნარჩენები. მინა კი, თავის მხრივ, შეიძლება ფერის მიხედვით დახარისხდეს.

      ნაგვის გადამუშავებას აშკარად მოაქვს სარგებლობა. როგორც წიგნი „5 000 დღე პლანეტის გადასარჩენად“ შენიშნავს, ალუმინის გადამუშავების წყალობით „უზარმაზარი ენერგია იზოგება“ და „მცირდება ის ზიანიც, რომელსაც ბოქსიტის ღია წესით მოპოვება აყენებს გარემოს“. წიგნში გრძელდება: „ნარჩენების გადამუშავებით ქაღალდის მიღებისას ორჯერ უფრო ნაკლები ენერგია იხარჯება და ათჯერ უფრო ნაკლები წყალია საჭირო, ვიდრე მისი ქარხნული წესით წარმოებისას . . . შესაძლებელია მრავალი სხვადასხვა ნარჩენის აღდგენა, გადამუშავება და ხელახლა გამოყენება . . . თუნდაც ზოგ საწარმოს არ შეეძლოს ნარჩენების ხელახლა გამოყენება, ზოგჯერ მათ შეუძლიათ ნარჩენი პროდუქტების გადამუშავება, რათა ისინი სხვებმა გამოიყენონ . . . XX საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული, ჰოლანდიაში წარმატებით ფუნქციონირებს ნარჩენების ურთიერთგაცვლის სისტემა“.

      ზოგიერთ სახელმწიფოში კი, ნაცვლად იმისა, რომ ნაგვის თავიდან მოცილებაში ეძებონ გამოსავალი, უპირველეს ყოვლისა, ნარჩენების წარმოქმნის შემცირებაზე ამახვილებენ ყურადღებას. როგორც ზემოხსენებული წიგნი გვაფრთხილებს, „დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ“, თუ გვინდა, რომ ჩვენი მსოფლიო — რომლის „ეკონომიკაც დაფუძნებულია პრინციპზე: ვაწარმოოთ მალე გადასაგდები პროდუქცია — იქცეს მომჭირნე საზოგადოებად, სადაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ნარჩენების წარმოქმნა და ბუნებრივი რესურსების მოხმარება“.

      მაგრამ, თუ არ გვინდა, რომ ვცხოვრობდეთ მსოფლიოში, რომლის „ეკონომიკაც დაფუძნებულია პრინციპზე: ვაწარმოოთ მალე გადასაგდები პროდუქცია“, მაშინ იმისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, რომ ნაყიდი ნივთები რაც შეიძლება დიდხანს გამოვიყენოთ და მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავაგდოთ, როცა მათი შეკეთება უკვე შეუძლებელია. თუ რაიმე ნივთი ჯერ კიდევ გამოსადეგია, მაგრამ აღარ გვჭირდება, სხვებს უნდა მივცეთ, რომლებიც გამოიყენებენ. ქალაქ დარმშტადში არსებულმა გერმანიის ეკოლოგიის ინსტიტუტის განყოფილებამ გამოიანგარიშა, რომ თუ ოჯახი იხელმძღვანელებს პრინციპით „ნუ კი გაანიავებ, არამედ გამოიყენე“, მაშინ მას სხვა ოჯახებთან შედარებით 75 პროცენტით ნაკლები ნაგავი ექნება.

      მაგრამ მოისურვებს კი ოჯახების უმრავლესობა ამ პრინციპებით ხელმძღვანელობას? როგორც ჩანს, არა. ნაგვის მოზღვავების პრობლემა, სინამდვილეში, უფრო დიდი პრობლემების არსებობაზე მიანიშნებს. გადაყრისკენ მიდრეკილ დღევანდელ საზოგადოებაში უფრო და უფრო მეტ ადამიანს უვითარდება აზროვნება, რომელსაც შეგვიძლია „მიდი, გადააგდე!“ დამოკიდებულება ვუწოდოთ. მოდი უფრო კარგად გამოვიკვლიოთ ასეთი მიდგომა და ის სხვადასხვა უკიდურესობა, სადამდეც მას მიჰყავს ადამიანები.

      „მიდი, გადააგდე!“ დამოკიდებულება სხვადასხვა საფრთხის წყაროა

      თუ ვინმეს ეგრეთ წოდებული „მიდი, გადააგდე!“ დამოკიდებულება აქვს, იგი ადვილად შეიძლება უმნიშვნელო უყაირათობიდან უფრო შორს წავიდეს. ასეთმა დამოკიდებულებამ ხალხი შეიძლება უმადური და წინდაუხედავი გახადოს და დიდი რაოდენობით ხელუხლებელი საკვებისა თუ სხვა რამის გადაყრის ჩვევა განუვითაროს. თუ ადამიანი ეგოისტია და მოდას არის აყოლილი, და თუ უმნიშვნელო რამეებშიც კი წუნიაობას ამჟღავნებს, მაშინ მას შეიძლება განუწყვეტლივ იმის სურვილი ჰქონდეს, რომ ჯერ კიდევ გამოსადეგი ტანსაცმელი, ავეჯი თუ სხვა რამ ახალ-ახლით შეცვალოს.

      „მიდი, გადააგდე!“ დამოკიდებულება მხოლოდ ნივთებზე როდი აისახება. ახლახან გერმანიაში განხორციელდა სპეციალური პროგრამა გადაყრილი საოჯახო ნივთების ხელახლა გამოყენებასთან დაკავშირებით. პროგრამის ორგანიზატორებმა თქვეს: „მისაღები ოთახის ავეჯის გარნიტური ხუთი წლის შემდეგ უკვე აღარ მოგვწონს და თავიდან ვიშორებთ, რათა ახლით შევცვალოთ. ჰოდა, როგორც ამ ავეჯს ვექცევით, მერე ზუსტად ასევე ვეპყრობით ადამიანებსაც. საინტერესოა, კიდევ რამდენ ხანს შეიწყნარებს ჩვენი საზოგადოება ასეთ დამოკიდებულებას“. მათსავე ანგარიშში ნათქვამი იყო: „როგორც კი ვინმე თავდაპირველ შრომისუნარიანობას კარგავს, მის მაგივრად მაშინვე სხვა აჰყავთ სამუშაოზე. ბოლოს და ბოლოს, რამდენსაც გინდა, იმდენს იპოვი, ვისაც სამუშაოზე მოწყობა სურს!“.

      შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ალ გორმა, თავის წიგნში „დედამიწის მომავალი“ დროული კითხვა დასვა: „აი, ჩვენ უკვე ვფიქრობთ ერთჯერადი გამოყენების საგნებზე, მაგრამ გავაკეთეთ თუ არა იგივე სხვა უფრო მნიშვნელოვანი კუთხით — შევიცვალეთ თუ არა მოყვასისადმი დამოკიდებულება? . . . იქამდე ხომ არ მივიდა საქმე, რომ უკვე აღარ ვაფასებთ თითოეული ადამიანის განუმეორებლობას?“.

      თუ ადამიანი მადლიერების გრძნობას კარგავს და პატივსაც აღარ სცემს სხვებს, ის, ალბათ, მეგობრებს ან ცხოვრების თანამგზავრსაც ადვილად გაიმეტებს „გადასაგდებად“ და სინდისიც არ შეაწუხებს. გერმანიაში გამომავალმა გაზეთმა, „ზიუდოიჩე ცაიტუნგმა“, კომენტარი გაუკეთა ასეთ დამოკიდებულებას. მასში ნათქვამი იყო: „წელიწადში ორჯერ ახალ ტანსაცმელს ვყიდულობთ, ყოველ ოთხ წელიწადში — ახალ მანქანას, ყოველ ათ წელიწადში კი — მისაღები ოთახის ავეჯის ახალ გარნიტურს; გვინდა, რომ ყოველ წელს ახალ-ახალ ადგილას გავატაროთ შვებულება, ვიცვლით სახლებს, პროფესიას, სამსახურს — და ახლა იქნებ ცხოვრების თანამგზავრის გამოცვლაც დაგვეწყო?“.

      როგორც ჩანს, ზოგი მზად არის, თავიდან მოიშოროს თითქმის ყველაფერი, რაც ზედმეტ ტვირთად მიაჩნია. როგორც ვარაუდობენ, 1999 წლის განმავლობაში ევროპის ერთ ქვეყანაში პატრონებმა დაახლოებით 100 000 კატა და 96 000 ძაღლი მიატოვეს. როგორც ამ ქვეყანაში ცხოველების დაცვის სფეროში მომუშავე ერთი სპეციალისტი ამბობს, მის თანამოქალაქეებს „აზრადაც არ მოსდით, რომ ცხოველები დიდხანს იყოლიონ სახლში. ისინი სექტემბერში ყიდულობენ ლეკვს და აგვისტოში [ერთი წლის შემდეგ, როცა შვებულებაში მიდიან] გარეთ უპატრონოდ ტოვებენ“. მაგრამ, რაც ყველაზე ცუდია, „მიდი, გადააგდე!“ დამოკიდებულება ადამიანის სიცოცხლესაც აგდებს საფრთხეში.

      სიცოცხლისადმი უპატივცემულობა

      როგორც ჩანს, თანამედროვე მსოფლიოში ბევრი ადამიანი საკუთარ სიცოცხლესაც კი არ აფასებს. რაში გამოიხატება ეს? მაგალითად, როგორც ევროპაში გამომავალი ერთი ჟურნალი ახლახან იტყობინებოდა, ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც მზად არიან, რისკზე წავიდნენ. ეს იქიდანაც ჩანს, რომ ისინი უწინდელთან შედარებით უფრო მეტად არიან მოწადინებული, სპორტის სახიფათო სახეობებში მიიღონ მონაწილეობა. წამიერი და სასიამოვნო განცდების გულისთვის ისინი, ასე ვთქვათ, საკუთარ სიცოცხლესაც კი იმეტებენ გადასაგდებად! მოგებას დახარბებული ბიზნესმენები კი სათავისოდ იყენებენ ახალგაზრდების ამ გატაცებას. აი, რა თქვა ერთმა გერმანელმა პოლიტიკოსმა: სახიფათო სპორტის მესვეურებისთვის „ხშირად ფულის გაკეთება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა“.

      ჯერ კიდევ მუცლადმყოფი პატარების სიცოცხლეს როგორღა ეპყრობიან? ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ „მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად 75 მილიონი ბავშვი ისახება, რომელთა დაბადებაც მშობლებს არ სურთ. ბევრი ქალი გამოსავალს აბორტის გაკეთებაში პოულობს“. პატარებს დაბადების შემდეგაც ემუქრებათ საფრთხე. როგორც ბრაზილიაში გამომავალი გაზეთი „ესტადუ დი სან-პაულუ“ იტყობინება, „თოთო ბავშვების ქუჩაში მიტოვების შემთხვევები მატულობს“. იგივე ხომ არ შეინიშნება იქ, სადაც თქვენ ცხოვრობთ?

      დღეს ყველგან ერთი და იმავეს ვხედავთ — ადამიანის სიცოცხლეს ხშირად ისე უყურებენ, თითქოს ჩალის ფასი ჰქონდეს და მის მოსპობაში სათაკილო არაფერი იყოს. ეს ტენდენცია კარგად ჩანს შოუ-ბიზნესის პოპულარულ პროდუქციაში: მხოლოდ ერთ მხატვრულ ფილმსა თუ სატელევიზიო პროგრამაში „მაგარმა ბიჭებმა“ შეიძლება უამრავ, მათი აზრით, „ცუდ ადამიანს“ მოუსწრაფონ სიცოცხლე. ასეთივე დამოკიდებულება ირეკლება ძალადობით ჩადენილ დანაშაულებში, რომელთა მასშტაბურობა არა და არ მცირდება მთელ მსოფლიოში — ქურდები ხშირად უმნიშვნელო თანხის, ან საერთოდ ყოველგვარი მიზეზის გარეშე კლავენ თავიანთ მსხვერპლს. იმავეს ვხედავთ საინფორმაციო გამოშვებებში, რომლებიც თავზარდამცემ ამბებს გვამცნობენ ტერორისტული აქტების, ეთნიკური წმენდისა და აშკარა გენოციდის შესახებ — ყოველი ასეთი შემთხვევა ხომ ადამიანების უგულო და მასობრივ ხოცვა-ჟლეტას ნიშნავს, თითქოს მათი ძვირფასი სიცოცხლე მხოლოდ ნაგავი ყოფილიყოს.

      გადაყრისკენ მიდრეკილ საზოგადოებას შეიძლება ვერსად გავექცეთ, მაგრამ შეგვიძლია თავი ავარიდოთ ისეთი აზროვნების განვითარებას, რომელსაც „მიდი, გადააგდე!“ დამოკიდებულება ვუწოდეთ. შემდეგ სტატიაში განიხილება მასალა, რომელიც დაგვანახვებს, რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ მივბაძოთ გადაყრისკენ მიდრეკილ დღევანდელ საზოგადოებას და არ განვივითაროთ მისთვის დამახასიათებელი აზროვნება.

      [სურათი 6 გვერდზე]

      ნარჩენების გადამუშავება ბევრგან სავალდებულოა.

      [სურათები 7 გვერდზე]

      ხომ არ გაიძულებთ ცვალებადი მოდა, რომ ჯერ კიდევ გამოსადეგი ტანსაცმელი გადააგდოთ და ახალი იყიდოთ?

      [სურათი 8 გვერდზე]

      ჯერ არშობილ პატარას თავს უნდა ევლებოდნენ იმის მაგივრად, რომ მის გადაგდებაზე ფიქრობდნენ.

      [საავტორო უფლება]

      Index Stock Photography Inc./BSIP Agency

      [სურათი 8 გვერდზე]

      სიცოცხლე იმდენად ძვირფასია, რომ წამიერი სასიამოვნო განცდების გულისთვის იგი არავინ უნდა ჩაიგდოს საფრთხეში და, ასე ვთქვათ, გადასაგდებად არ უნდა გაიმეტოს.

  • როგორ შევიცვალოთ დამოკიდებულება?
    გამოიღვიძეთ! — 2002 | ოქტომბერი 8
    • როგორ შევიცვალოთ დამოკიდებულება?

      „ბუნებაში . . . როგორც ასეთი, არ არსებობს ნარჩენები“, — ჟურნალ „ტაიმის“ თანახმად ასეთი აზრი გამოთქვა ერთმა პატივცემულმა სპეციალისტმა ნარჩენების გადამუშავების სფეროში. მას მხედველობაში ჰქონდა ბუნებაში მიმდინარე შესანიშნავი პროცესი: ეკოსისტემის ერთი ნაწილის მკვდარ და გამოუსადეგარ ნარჩენებს ყოველთვის იყენებენ ეკოსისტემისვე შემადგენელი სხვა ელემენტები. როგორც იტყობინებიან, იმავე სპეციალისტს ასეთი რამეც უთქვამს: „ადამიანებს შეუძლიათ ბუნებას მიჰბაძონ და ნაგვის გარეშე იარსებონ, მაგრამ ამისათვის მათ ახალი ტექნოლოგია და დამოკიდებულების ძირფესვიანად შეცვლა დასჭირდებათ“.

      უმრავლესობა, ალბათ, ბევრს ვერაფერს გავაკეთებთ ახალი ტექნოლოგიის შესამუშავებლად. მაგრამ დამოკიდებულების შეცვლა კი ნამდვილად შეგვიძლია! და თუ სწორი დამოკიდებულება გვექნება იმ ძირითადი პრინციპებისადმი, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია მართებულად მოქცევა, მაშინ უფრო ადვილად გავართმევთ თავს იმ პრობლემებს, რომლებსაც გადაყრისკენ მიდრეკილ საზოგადოებაში ცხოვრება გვიქმნის.

      ნუ იქნებით უყაირათო

      ცნობილია, რომ ჩვენს პლანეტაზე ყოველი მეხუთე ადამიანი მშიერი წვება დასაძინებლად. ამიტომ აუცილებელია, დავაფასოთ საკვები და მოვერიდოთ მის უყაირათოდ გამოყენებას. ერთმა წყვილმა 28 წელი იმსახურა მისიონერად აფრიკაში, რის შემდეგაც კვლავ ევროპაში, თავიანთ სახლში, დაბრუნდნენ. როგორც ისინი ამბობენ, ერთ-ერთი უდიდესი სირთულე, რის გამოც თავიანთ სამშობლოსთან ხელახლა შეგუება უჭირდათ, ის იყო, რომ „ხალხი ტყუილუბრალოდ ყრიდა საკვებს“.

      გონიერი მშობლები შვილებს ასწავლიან, რომ მხოლოდ იმდენი საჭმელი გადაიღონ თეფშზე, რამდენსაც შეჭამენ. როდესაც ასე ვიქცევით, ნაგვისა და ნარჩენების რაოდენობაც მცირდება. უმჯობესია, თავიდან ცოტა გადავიღოთ და თუ კიდევ მოგვინდება, მერე დავიმატოთ საჭმელი. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, მშობლებმა უნდა მისცენ შვილებს მაგალითი. იესომ კარგი მაგალითი მოგვცა ყველას — მან გვიჩვენა, რომ ძალიან აფასებდა ღვთის მიერ მოცემულ როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ საზრდოს. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, იესომ დიდი ყურადღება გამოიჩინა, რათა საჭმელი უთავბოლოდ არ გადაყრილიყო მიუხედავად იმისა, რომ სასწაულის წყალობით საკვები უხვად იყო! (იოანე 6:11—13).

      მომჭირნეობა ტანსაცმელთან, ავეჯთან და სხვადასხვა მოწყობილობებთან მიმართებაშიც შეგვიძლია გამოვიჩინოთ. თუ ყველაფერს კარგ მდგომარეობაში ვინარჩუნებთ და იმდენ ხანს ვიყენებთ, რამდენ ხანსაც პრაქტიკულია, ამით ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს. არ უნდა მოვტყუვდეთ რეკლამებით — მათი მიზანი ხომ ის არის, რომ რაღაც უფრო დიდი, უკეთესი, უფრო სწრაფი და ძლიერი შემოგვთავაზონ და უკმაყოფილო გაგვხადონ იმით, რაც გვაქვს. რა თქმა უნდა, სრული უფლება გვაქვს, რომ ჩვენი საკუთრება, რომელიც ჯერ კიდევ გამოსადეგია, ახლით შევცვალოთ. მაგრამ, ვიდრე ამას გავაკეთებდეთ, კარგი იქნებოდა, ჯერ საკუთარ დამოკიდებულებასა და მოტივებზე დავფიქრებულიყავით.

      ნუ იქნებით ხარბი

      როდესაც უდაბური ადგილების გავლით აღთქმული მიწისკენ მიემართებოდნენ, ისრაელებს ღმერთი მანანას სახით აძლევდა საზრდოს. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ისინი საკმარისი რაოდენობით იღებდნენ მანანას. მაგრამ ისრაელები გაფრთხილებული იყვნენ, რომ სიხარბე არ გამოეჩინათ; მათ მხოლოდ იმდენი უნდა აეღოთ, რამდენიც სჭირდებოდათ. ისინი, ვინც არაფრად ჩააგდო ეს გაფრთხილება, მიხვდნენ, რომ სიხარბეს ხეირი არ მოჰქონდა — მონარჩენ მანანას მატლი ეხვეოდა და ყროლდებოდა (გამოსვლა 16:16—20). ბიბლია აშკარად, მკაცრად და არაერთხელ გმობს სიხარბეს (ეფესელთა 5:3).

      მხოლოდ ბიბლია როდი გამოდის სიხარბის წინააღმდეგ. მაგალითად, პირველ საუკუნეში მცხოვრები რომაელი ფილოსოფოსი და დრამატურგი სენეკა ამბობდა, რომ ხარბი ადამიანი ვერასოდეს კმაყოფილდებაო. მან თქვა: „ხარბს მთელი სამყაროც კი ვერ გააძღობს“. XX საუკუნეში მცხოვრები ფილოსოფოსი ერიხ ფრომიც იმავე დასკვნამდე მივიდა: „ხარბი ადამიანი უძირო ორმოსავითაა. იგი სულ მუდამ რაღაცის მოხვეჭაშია და რადგან ვერასდროს ვერაფრით კმაყოფილდება, ძალ-ღონე ეცლება“. გარდა იმისა, რომ სიხარბესა და უყაირათობას გაურბიან, ბევრი ადამიანი სხვა პრაქტიკულ ნაბიჯებსაც დგამს.

      ისწავლეთ სხვებისთვის გაზიარება

      ვიდრე ჯერ კიდევ გამოსადეგ ნივთებსა თუ ტანსაცმელს გადაყრიდეთ, დაფიქრდით, ვის შეიძლება გამოსდგომოდა ისინი. მაგალითად, თუ თქვენს ბავშვებს ტანსაცმელი უპატარავდებათ, იქნებ სხვა ბავშვებს კიდევ კარგა ხანს გამოეყენებინათ მათი ნაცვამი? თუ ისეთი ნივთებიც გაქვთ, რომლებსაც ადრინდელივით ხშირად აღარ იყენებთ, იქნებ მათთვისაც მსგავსი რამ მოგეხერხებინათ? მიეცით სხვას ეს ნივთი და მასაც აჩუქეთ ის სიხარული, თავიდან თქვენ რომ მოგანიჭათ. ამერიკელმა მწერალმა და იუმორისტმა, მარკ ტვენმა, ერთხელ თქვა: „სიხარული რომ სრულად შეიგრძნო, იგი სხვასაც უნდა უწილადო“. ალბათ, გამოგიცდიათ: როცა რამე კარგს სხვას უზიარებთ, ამ დროს სიხარულიც გიორკეცდებათ. გარდა ამისა, როცა ვინმეს რაიმეს ვუზიარებთ, ეს გვეხმარება ეგრეთ წოდებული „მიდი, გადააგდე!“ დამოკიდებულების უარყოფით შედეგებთან გამკლავებაშიც.

      საჭირო ნივთებისა თუ სხვა რამის სხვებისთვის გაზიარება მაღალზნეობრივი საქციელია, რომლისკენაც ბიბლია მრავალგზის მოგვიწოდებს (ლუკა 3:11; რომაელთა 12:13; 2 კორინთელთა 8:14, 15; 1 ტიმოთე 6:18). მართლაც, რამდენად უკეთესი იქნებოდა მსოფლიო, ყველას რომ ჰქონოდა გაზიარების სურვილი!

      დასჯერდით აუცილებელს

      როდესაც ადამიანი სჯერდება, რაც აქვს, ის ბედნიერია. ეს საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა. ბერძნული ანდაზა ამბობს: „თუ მცირედს არ სჯერდები, მაშინ ვერაფერი დაგაკმაყოფილებს“. იაპონელები კი ამბობენ: „ღარიბია ის, ვინც კმაყოფილებას ვერ გრძნობს“. ბიბლიაც დიდი ქებით მოიხსენიებს კმაყოფილების გრძნობას. მასში ვკითხულობთ: „მაინც დიადი შენაძენია ღვთისმოსაობა, კმაყოფილებასთან ერთად. რადგან არც არაფერი მოგვიტანია წუთისოფლად და, ცხადია, ვერც ვერაფერს წავიღებთ მისგან. ამიტომ, თუ გვაქვს საზრდო და ტანსაცმელი, დავჯერდეთ ამას“ (1 ტიმოთე 6:6—8; ფილიპელთა 4:11).

      იმას რომ დავჯერდეთ, რაც გვაქვს, რა თქმა უნდა, „დამოკიდებულების ძირფესვიანად შეცვლაა“ საჭირო. ახალგაზრდა ქალი, სახელად სიუზანი, ახლახან მიხვდა, რომ სწორედ ასეთი ცვლილება უნდა მოეხდინა. მან თქვა: „რადგან შეუძლებელი იყო, რაც მინდოდა, ყველაფერი მქონოდა, გადავწყვიტე, იმით დაკმაყოფილება მესწავლა, რაც მებადა. ახლა ბედნიერიც ვარ და კმაყოფილიც“.

      კმაყოფილების სწავლა მართლაც ბედნიერებისკენ მიმავალი გზაა. ბულგარელი პროფესორი არგირ ჰადჯიხრისტეფი, რომელიც დაბერების პროცესს სწავლობს, ამბობს: „უდიდესი უბედურება, უპირველეს ყოვლისა, ის არის, როცა ადამიანს მცირედით დაკმაყოფილება არ შეუძლია“. პროფესორი იმ სასიკეთო გავლენაზე მსჯელობს, რომელსაც კმაყოფილების გრძნობა ახდენს ჯანმრთელობაზე და დასძენს: „ადამიანი, რომელიც არ ცდილობს, თავის მეზობელზე უკეთ იცხოვროს, რომლის მიზანიც არ არის უფრო და უფრო მეტი მოიხვეჭოს, ჯიბრის და, აქედან გამომდინარე, სტრესის გარეშე ცხოვრობს. ამიტომაც მას ნერვები დაწყნარებული აქვს“.

      დიახ, გადაყრისკენ მიდრეკილი საზოგადოება — და მით უმეტეს „მიდი, გადააგდე!“ დამოკიდებულება — ვერასდროს მოგვიტანს ნამდვილ ბედნიერებას. როგორც ჩანს, უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიდის ამ დასკვნამდე. მიდიხართ თუ არა თქვენც ამ დასკვნამდე?

      [სურათი 9 გვერდზე]

      ბავშვებმა უნდა ისწავლონ, რომ საკვების გადაყრა არ შეიძლება.

      [სურათი 9 გვერდზე]

      იესომ კარგი მაგალითი მოგვცა იმისა, თუ როგორ ვიყოთ მომჭირნეები.

      [სურათი 10 გვერდზე]

      განა არ ჯობია, რომ ის, რასაც მეტად აღარ იყენებ, გადაგდების ნაცვლად სხვას მისცე?

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება