განათლება — გამოიყენე ის იეჰოვას განსადიდებლად
„ვინც თავისით ლაპარაკობს, საკუთარ დიდებას ეძებს. ხოლო ვინც ეძებს იმის დიდებას, ვინც იგი მოავლინა, ჭეშმარიტია“ (იოანე 7:18).
1. როდის და როგორ დაიწყო განათლების პროცესი?
განათლება დაიწყო ძალიან დიდი ხნის წინ. იმის შემდეგ, რაც იეჰოვა ღმერთმა, დიდებულმა მასწავლებელმა და მოძღვარმა, შექმნა თავისი პირველშობილი ძე, ცოტა ხანში დაიწყო განათლების პროცესი (ესაია 30:20; კოლასელთა 1:15). ეს იყო პიროვნება, რომელსაც პირადად დიდებულ მასწავლებელთან შეეძლო სწავლა! მამასთან ახლო ურთიერთობაში გატარებული ურიცხვი ათასწლეულების განმავლობაში ამ ძემ — რომელიც იესო ქრისტედ გახდა ცნობილი — მიიღო ფასდაუდებელი განათლება იეჰოვა ღმერთის თვისებების, საქმეებისა და მიზნების შესახებ. მოგვიანებით, დედამიწაზე ადამიანად ყოფნისას, იესოს შეეძლო ეთქვა: „არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ, რაც მამამ მასწავლა, იმას ვლაპარაკობ“ (იოანე 8:28).
2–4. ა) იოანეს სახარების მეშვიდე თავის თანახმად, რომელი განსხვავებული შემთხვევები ხდებოდა ახალი წელთაღრიცხვით 32 წელს კარვობის დღესასწაულზე იესოს დასწრების დროს? ბ) რატომ ჩავარდნენ იუდეველები საგონებელში იმის გამო, რომ იესოს სწავლების უნარი ჰქონდა?
2 როგორ იყენებდა იესო განათლებას, რომელიც მიიღო? დედამიწაზე სამ წელიწადნახევრიანი მსახურების განმავლობაში ის დაუღალავად უზიარებდა სხვებს, რაც ისწავლა. მაგრამ ეს მთავარ მიზანს უკავშირდებოდა. რა იყო ეს მიზანი? მოდი, განვიხილოთ იესოს სიტყვები, რომლებიც ჩაწერილია იოანეს სახარების მეშვიდე თავში, სადაც ის ხსნის თავისი სწავლების წყაროსა და მიზანს.
3 დაუკვირდი ასეთ ვითარებას. ახალი წელთაღრიცხვით 32 წლის შემოდგომაა; იესოს ნათლობიდან დაახლოებით სამი წელი გავიდა. კარვობის დღესასწაულის აღსანიშნავად იუდეველები იერუსალიმში შეიკრიბნენ. დღესასწაულის პირველი დღეების განმავლობაში ყველგან იესოს შესახებ ლაპარაკობდნენ. შუა დღესასწაულზე იესო ტაძარში წავიდა და სწავლება დაიწყო (იოანე 7:2, 10–14). როგორც ყოველთვის, მან დიდებულ მასწავლებლად გამოავლინა თავი (მათე 13:54; ლუკა 4:22).
4 იოანეს 7:15-ში ნათქვამია: «გაუკვირდათ იუდეველებს და თქვეს: „როგორ იცის წერილები უსწავლელად?“» გესმის, თუ რატომ ჩავარდნენ საგონებელში? იესოს არ უსწავლია რაბინების არც ერთ სკოლაში, ამიტომ მათი თვალსაზრისით ის გაუნათლებელი იყო! მიუხედავად ამისა, იესოს ადვილად შეეძლო წმინდა წერილებში ნაწყვეტების მოძებნა და წაკითხვა (ლუკა 4:16–21). წარმოიდგინე, ეს გალილეელი დურგალი მოსეს რჯულშიც კი მოძღვრავდა მათ! (იოანე 7:19–23). როგორ იყო ეს შესაძლებელი?
5, 6. ა) რას ამბობდა იესო თავისი სწავლების წყაროს შესახებ? ბ) რისთვის იყენებდა იესო თავის განათლებას?
5 მეთექვსმეტე და მეჩვიდმეტე მუხლების თანახმად, იესო ხსნიდა: „ჩემი მოძღვრება ჩემი არაა, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა. ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, იგი შეიტყობს ამ მოძღვრებას, ღვთისაგანაა იგი თუ ჩემით ვლაპარაკობ“. მათ აინტერესებდათ, ვისგან მიიღო იესომ განათლება და მან პირდაპირ უთხრა მათ, რომ მისი განათლება ღმერთისგან იყო! (იოანე 12:49; 14:10).
6 როგორ იყენებდა იესო თავის განათლებას? იოანეს 7:18-ში ჩაწერილის თანახმად, იესომ თქვა: „ვინც თავისით ლაპარაკობს, საკუთარ დიდებას ეძებს. ხოლო ვინც ეძებს იმის დიდებას, ვინც იგი მოავლინა, ჭეშმარიტია და უსამართლობა არ არის მასში“. რამდენად სათანადო იყო, რომ თავის განათლებას იესო იყენებდა იეჰოვას, „ყოვლადბრძენის“ განსადიდებლად (იობი 37:16).
7, 8. ა) როგორ უნდა გამოიყენებოდეს განათლება? ბ) რა არის კარგად მოფიქრებული განათლების ოთხი ძირითადი მიზანი?
7 ამრიგად, იესოსგან ჩვენ ძვირფასი გაკვეთილი მივიღეთ — განათლება უნდა გამოიყენებოდეს არა ჩვენს განსადიდებლად, არამედ იეჰოვას განსადიდებლად. არ არსებობს ამაზე უკეთესი გზა განათლების გამოსაყენებლად. მაშ, როგორ შეგიძლია გამოიყენო განათლება იეჰოვას განსადიდებლად?
8 განათლება ნიშნავს „დადგენილი სწავლებების საშუალებით მომზადებასა და მეთვალყურეობის ქვეშ პრაქტიკას განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ხელობას, ანუ რამე პროფესიას ეხება“. მოდი, განვიხილოთ კარგად მოფიქრებული განათლების ოთხი ძირითადი მიზანი და როგორ შეიძლება თითოეულის გამოყენება იეჰოვას განსადიდებლად. კარგად მოფიქრებული განათლება უნდა გვეხმარებოდეს: 1) კარგ კითხვაში, 2) გარკვევით წერაში, 3) გონებრივად და ზნეობრივად განვითარებაში და 4) ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო პრაქტიკის დაუფლებაში.
კარგი კითხვის სწავლა
9. რატომ არის მნიშვნელოვანი, კარგად კითხულობდე?
9 თანმიმდევრობის მიხედვით პირველი არის კარგი კითხვის სწავლა. რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, კარგად კითხულობდე? ერთი ნაშრომი განმარტავს: „კითხვა. . . სწავლის საფუძველია და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებელი ყველაზე მნიშვნელოვანი მრავალი უნარიდან ერთ-ერთი. . . გამოცდილი წამკითხველები ხელს უწყობენ წარმატებული, მწარმოებლური საზოგადოების შექმნას. ამავე დროს, ისინი თვითონ ტკბებიან უფრო შინაარსიანი, დამაკმაყოფილებელი ცხოვრებით“ („მსოფლიო ენციკლოპედია“ [The World Book Encyclopedia]).
10. როგორ გვეხმარება ღმერთის სიტყვის კითხვა, დავტკბეთ უფრო შინაარსიანი, დამაკმაყოფილებელი ცხოვრებით?
10 თუ საერთოდ კითხვას შეუძლია დაგვეხმაროს, ვისიამოვნოთ „უფრო შინაარსიანი, დამაკმაყოფილებელი ცხოვრებით“, მაშინ რამდენად უფრო დიდი სარგებლის მომტანი იქნებოდა ღმერთის სიტყვის კითხვა! მისი კითხვა მიმართავს ჩვენს გონებასა და გულს იეჰოვას აზრებისა და განზრახვებისკენ, ხოლო მათი ნათლად გაგება მნიშვნელობას მატებს ჩვენს ცხოვრებას. ამასთანავე, ებრაელთა 4:12-ში ნათქვამია: „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი“. ღმერთის სიტყვის კითხვისას და მასზე დაფიქრებისას ჩვენ ვუახლოვდებით მის ავტორს და აღძრული ვართ, ცვლილებები შევიტანოთ ჩვენს ცხოვრებაში, რათა უფრო მოვეწონოთ მას (გალატელთა 5:22, 23; ეფესელთა 4:22–24). აგრეთვე ეს გვახალისებს, სხვებს გავუზიაროთ ძვირფასი ჭეშმარიტებები, რომელთა შესახებაც ვკითხულობთ. ყოველივე ეს განადიდებს დიდებულ მასწავლებელს, იეჰოვა ღმერთს. ნამდვილად, არ არსებობს კითხვის უნარის გამოყენების სხვა უფრო უკეთესი საშუალება!
11. რა უნდა შედიოდეს პირადი შესწავლის კარგად მოფიქრებულ პროგრამაში?
11 მიუხედავად იმისა, ახალგაზრდები ვართ თუ ხნიერები, ჩვენ აღგვძრავენ, ვისწავლოთ კარგი კითხვა, რადგან ქრისტიანულ ცხოვრებაში კითხვა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ღმერთის სიტყვის რეგულარული კითხვის გარდა, პირადი შესწავლის კარგად მოფიქრებულ პროგრამაში უნდა შედიოდეს ბიბლიური მუხლის განხილვა ბროშურიდან „საღვთო წერილის ყოველდღიური განხილვა“, ჟურნალების „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის ყურადღებით კითხვა და ქრისტიანული შეხვედრებისთვის მომზადება. ხოლო რა შეიძლება ითქვას ქრისტიანული სამსახურის შესახებ? ნათელია, საჯაროდ ქადაგება, დაინტერესებული პიროვნებების განმეორებით მონახულება და ბიბლიის საშინაო შესწავლების ჩატარება — ყოველივე ეს კარგი კითხვის უნარს მოითხოვს.
გარკვევით წერის სწავლა
12. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი, ვისწავლოთ გარკვევით წერა? ბ) ოდესმე გაკეთებული ჩანაწერებიდან რომელი იყო ყველაზე დიდებული?
12 მეორე მიზანი ის არის, რომ კარგად მოფიქრებული განათლება უნდა გვეხმარებოდეს გარკვევით წერის დაუფლებაში. ნაწერი არა მხოლოდ გადასცემს ჩვენს სიტყვებსა და აზრებს, არამედ აგრეთვე ინახავს მათ. მრავალი საუკუნის წინ დაახლოებით 40-მა ებრაელმა მამაკაცმა პაპირუსზე ან პერგამენტზე დაწერა სიტყვები, რომლებისგანაც ჩამოყალიბდა ინსპირირებული საღვთო წერილი (2 ტიმოთე 3:16). ნამდვილად, ეს იყო ყველაზე დიდებული ჩანაწერები, რომელიც კი ოდესმე გაკეთებულა! უეჭველია, საუკუნეების განმავლობაში იეჰოვა ხელმძღვანელობდა ამ წმინდა სიტყვების გადაწერას, რათა მათ უტყუარი სახით მოეღწია ჩვენამდე. ნუთუ არ ვართ მადლიერნი, რომ იეჰოვამ ჩაწერა თავისი სიტყვები, ნაცვლად იმისა, რომ ზეპირად გადაცემას დანდობოდა (შეადარე გამოსვლა 34:27, 28).
13. რა მიუთითებს, რომ ისრაელებმა იცოდნენ წერა?
13 ძველ დროში მხოლოდ გარკვეული პრივილეგიური ფენები იყვნენ განათლებულები, როგორებიც შუამდინარეთსა და ეგვიპტეში მცხოვრები მწიგნობრები იყვნენ. სხვა ერებისგან სრულიად საპირისპიროდ, ისრაელში თითოეულს მოუწოდებდნენ, ყოფილიყო განათლებული. მიუხედავად იმისა, რომ მეორე რჯულის 6:8, 9-ში ჩაწერილი, ისრაელებისთვის მიცემული ბრძანება, თავიანთი კარების წირთხლებზე წარწერა გაეკეთებინათ, აშკარად ფიგურალური იყო, ეს ნიშნავს, რომ მათ იცოდნენ წერა. ბავშვებს სიყმაწვილიდანვე ასწავლიდნენ წერას. ზოგიერთი სწავლულის თვალსაზრისით გეზერის კალენდარი, ძველი ებრაული დამწერლობის ერთ-ერთი უძველესი ნიმუში, წარმოადგენდა სავარჯიშოების კომპლექსს, რომელიც განკუთვნილი იყო მოსწავლეების მეხსიერების გასავარჯიშებლად.
14, 15. რომელია წერის უნარის გამოყენების ზოგიერთი დადებითი და სასარგებლო საშუალება?
14 მაგრამ როგორ შეგვიძლია დადებითად და სასარგებლოდ გამოვიყენოთ წერის უნარი? რასაკვირველია, ქრისტიანულ შეხვედრებსა და კონგრესებზე ჩანაწერების გაკეთებით. წერილს, რომელშიც თუნდაც „მცირე რამ“ არის დაწერილი, შეუძლია გაამხნეოს ავადმყოფი ან შეუძლია გამოხატოს მადლიერება სულიერი ძმის ან დის მიმართ, რომელმაც გულკეთილობა ან სტუმართმოყვარეობა გამოავლინა ჩვენდამი (1 პეტრე 5:12). თუ კრების რომელიმე წევრს საყვარელი ადამიანი დაეღუპა, მოკლე წერილი ან ბარათი ‘ანუგეშებს’ მას ჩვენი მხრიდან (1 თესალონიკელთა 5:14). ქრისტიანი და, რომელსაც დედა კიბოთი დაეღუპა, ხსნიდა: „ერთმა მეგობარმა ძალიან სასიამოვნო წერილი მომწერა. ეს ნამდვილად დამეხმარა, რადგან მე კვლავ და კვლავ შემეძლო მისი წაკითხვა“.
15 წერის უნარის გამოყენების შესანიშნავი საშუალება არის წერილებში სამეფოს შესახებ დამოწმებით იეჰოვას განდიდება. ზოგჯერ შეიძლება აუცილებელი იყოს განცალკევებულ რაიონებში მცხოვრებ ახალ დაინტერესებულ პიროვნებებთან კონტაქტის გაგრძელება. ავადმყოფობამ შეიძლება დროებით გაგირთულოს კარდაკარ სიარული. შესაძლოა, წერილი შეატყობინებდა იმას, რასაც, ჩვეულებრივ, ვინმეს პირადად ეტყოდი.
16, 17. ა) რომელი შემთხვევა ნათელყოფს სამეფოს შესახებ დამოწმების მიზნით წერილების დაწერის ფასეულობას? ბ) შეგიძლია თუ არა მსგავსი შემთხვევის მოყოლა?
16 ყურადღება მიაქციე ერთ შემთხვევას. მრავალი წლის წინ ერთმა იეჰოვას მოწმემ წერილის საშუალებით დაუმოწმა სამეფოს შესახებ ქვრივს, რომლის ქმრის სიკვდილიც ადგილობრივ გაზეთში იყო გამოცხადებული. წერილზე პასუხი მას არ მიუღია. შემდეგ, 1994 წლის ნოემბერში, 21 წელზე მეტი ხნის შემდეგ, მოწმემ მიიღო წერილი იმ ქვრივის ქალიშვილისგან. შვილი წერდა:
17 „ათას ცხრაას სამოცდაცამეტი წლის აპრილში მამაჩემის სიკვდილის შემდეგ თქვენ სანუგეშებელი წერილი მოსწერეთ დედაჩემს. იმ დროს მე ცხრა წლის ვიყავი. დედაჩემი სწავლობდა ბიბლიას, მაგრამ ჯერაც არ არის იეჰოვას მსახური. მიუხედავად ამისა, საბოლოოდ მისმა შესწავლამ მე დამაკავშირა ჭეშმარიტებასთან. 1988 წელს, თქვენი წერილის მიღებიდან 15 წლის შემდეგ, მე დავიწყე ბიბლიის შესწავლა. 1990 წლის 9 მარტს მოვინათლე. ძალიან მადლიერი ვარ მრავალი წლის წინ მიღებული წერილისთვის და ძალიან მოხარული ვარ შეგატყობინოთ, რომ თესლი, რომელიც დათესეთ გაიზარდა იეჰოვას დახმარებით. დედამ თქვენი წერილი შესანახად მომცა და მე მსურს ვიცოდე თქვენი ვინაობა. იმედი მაქვს თქვენ მიიღებთ ამ წერილს“. იეჰოვას მოწმემ, რომელმაც ასე მრავალი წლის წინ მისწერა მათ, ნამდვილად მიიღო ქვრივის ქალიშვილის წერილი, რომელსაც თან ერთო მისი მისამართი და ტელეფონის ნომერი. წარმოიდგინე ახალგაზრდა ქალის გაოცება, როცა მას დაურეკა ამ მოწმემ, რომელიც კვლავაც წერს წერილებს, რათა გაუზიაროს სხვებს იმედი სამეფოს შესახებ!
გონებრივად, ზნეობრივად და სულიერად განვითარება
18. როგორ ზრუნავდნენ ბიბლიურ დროში მშობლები ბავშვების გონებრივ და ზნეობრივ განათლებაზე?
18 მესამე მიზანია კარგად მოფიქრებული განათლების დახმარებით გონებრივად და ზნეობრივად განვითარება. ბიბლიურ დროში ბავშვების გონებრივ და ზნეობრივ განვითარებას უყურებდნენ, როგორც მშობლების ერთ-ერთ ძირითად მოვალეობას. ბავშვებს არა მხოლოდ წერა-კითხვას ასწავლიდნენ, არამედ უფრო მნიშვნელოვან განათლებასაც აძლევდნენ — ასწავლიდნენ ღმერთის რჯულს, რომელიც ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავდა. ამრიგად, განათლებაში შედიოდა მითითებები რელიგიური ვალდებულებებისა და ქორწინებაში მოქმედი პრინციპების შესახებ, ოჯახური ურთიერთობების, სექსუალური ზნეობისა და აგრეთვე მოძმისადმი ვალდებულებების შესახებ. ასეთი განათლების დახმარებით ისინი არა მხოლოდ გონებრივად და ზნეობრივად ვითარდებოდნენ, არამედ ასევე სულიერად (მეორე რჯული 6:4–9, 20, 21; 11:18–21).
19. სად შეგვიძლია მოვძებნოთ განათლება, რომელიც გვიჩვენებს ცხოვრებაში გამოსაყენებელ საუკეთესო ზნეობრივ ფასეულობებს და რომელიც დაგვეხმარება სულიერად განვითარებაში?
19 რა შეიძლება ითქვას დღევანდელი დღის შესახებ? კარგი საერო განათლება აუცილებელია. ის გონებრივად განვითარებაში გვეხმარება. მაგრამ სად შეიძლება მივმართოთ განათლებისთვის, რომელიც გვიჩვენებს ცხოვრებაში გამოსაყენებელ საუკეთესო ზნეობრივ ფასეულობებს და რომელიც დაგვეხმარება სულიერად განვითარებაში? ქრისტიანულ კრებაში, სადაც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ თეოკრატიული განათლების პროგრამა, რომელიც სხვაგან არსად არსებობს დედამიწაზე. ბიბლიისა და მასზე დაფუძნებული პუბლიკაციების პირადი შესწავლით და აგრეთვე დამოძღვრის საშუალებით, რომელიც კრების შეხვედრებსა და კონგრესებზე გვეძლევა, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ფასდაუდებელი, უწყვეტი, უფასო განათლება — ღვთიური განათლება! რას გვაძლევს ის?
20. რას გვაძლევს ღვთიური განათლება და რა შედეგები მოაქვს?
20 ბიბლიის შესწავლის დაწყებისას ჩვენ საღვთო წერილის ძირითად სწავლებებს, ‘საწყისებს’ ვსწავლობთ (ებრაელთა 6:1). როცა ვაგრძელებთ შესწავლას, ჩვენ ‘მაგარ საჭმელს’ ვიღებთ, რომელიც უფრო ღრმა ჭეშმარიტებებს წარმოადგენს (ებრაელთა 5:14). მაგრამ უფრო მეტიც, ჩვენ ვსწავლობთ ღვთიურ პრინციპებს, რომლებიც ღმერთის ნებასთან შეთანხმებულ ცხოვრებას გვასწავლის. მაგალითად, ჩვენ ვსწავლობთ ისეთი ჩვევებისა და მოქმედებებისგან თავის არიდებას, რომლებიც ‘ხორცს ბილწავენ’ და ვსწავლობთ პატივისცემას ხელისუფლებისადმი, ადამიანებისა და მათი საკუთრებისადმი (2 კორინთელთა 7:1; ტიტე 3:1, 2; ებრაელთა 13:4). ამასთანავე, ჩვენ დიდად ვაფასებთ პატიოსნებას, სამსახურში შრომისმოყვარეობას და სექსუალური ზნეობის შესახებ ბიბლიის ბრძანებების თანახმად ცხოვრების მნიშვნელობას (1 კორინთელთა 6:9, 10; ეფესელთა 4:28). იმ დროს, როცა ცხოვრებაში ამ პრინციპების გამოყენებისას წინსვლას განვიცდით, ჩვენ სულიერად ვიზრდებით და ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან ღრმავდება. გარდა ამისა, სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, ღმერთის მოსაწონი ყოფაქცევა კარგ მოქალაქეებად გვაყალიბებს. და ამას შეუძლია აღძრას სხვები, განადიდონ ღვთიური განათლების წყარო — იეჰოვა ღმერთი (1 პეტრე 2:12).
ყოველდღიური ცხოვრებისთვის პრაქტიკული მომზადება
21. რა პრაქტიკულ მომზადებას იღებდნენ ბავშვები ბიბლიურ დროში?
21 კარგად მოფიქრებული განათლების მეოთხე მიზანი არის ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო პრაქტიკული მომზადებით პიროვნების უზრუნველყოფა. ბიბლიურ დროში განათლება, რომელსაც მშობლები შვილებს აძლევდნენ, შეიცავდა პრაქტიკულ მომზადებას. გოგონებს საოჯახო ხელობებს ასწავლიდნენ. „იგავნის“ ბოლო თავი გვიჩვენებს, რომ ასეთი ხელობები მრავალი და მრავალგვარი უნდა ჰქონოდათ. ამრიგად, გოგონები მომზადებული იყვნენ ისეთი საქმეების შესასრულებლად, როგორიცაა: ძაფის დართვა, ქსოვა, მზარეულობა, ოჯახის საერთო საქმეების გაძღოლა, ვაჭრობა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების წარმოება. ბიჭებს, ჩვეულებრივ, იმ საერო საქმეებს ასწავლიდნენ, რომლებითაც მამები იყვნენ დაკავებული; ეს შეიძლება ყოფილიყო მიწათმოქმედება ან რამე საქმიანობა, ან ხელობა. თავისი მამობილისგან, იოსებისგან, იესომ ხუროს ხელობა ისწავლა; ამიტომ, მას არა მხოლოდ ‘ხუროს ძეს’, არამედ ‘ხუროსაც’ უწოდებდნენ (მათე 13:55; მარკოზი 6:3).
22, 23. ა) რისთვის უნდა ამზადებდეს ბავშვებს განათლება? ბ) რა უნდა იყოს ჩვენი მოტივი, თუ აუცილებლობის შემთხვევაში ვირჩევთ განათლების გაგრძელებას?
22 ასევე დღესაც, კარგად მოფიქრებული განათლება შეიცავს მომზადებას ოჯახური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. პირველი ტიმოთეს 5:8-ში მოცემული მოციქული პავლეს სიტყვები ცხადყოფს, რომ ოჯახზე ზრუნვა წმინდა მოვალეობაა. ის წერდა: „ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავის სახლეულებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია“. ამრიგად, განათლებამ უნდა მოამზადოს ბავშვები პასუხისმგებლობებისთვის, რომლებსაც აიღებენ ცხოვრებაში და აგრეთვე უნდა დაეხმაროს, რომ გახდნენ საზოგადოების გულმოდგინედ მშრომელი წევრები.
23 რა ზომით უნდა გავაგრძელოთ ქვეყნიური განათლება? სხვადასხვა ქვეყნებში ეს საკითხი შეიძლება განსხვავებული იყოს. იმ შემთხვევაში თუ შრომის ბირჟა იმ მინიმუმზე მეტი განათლებისკენ მოუწოდებს, რომელიც ადამიანებს კანონით მოეთხოვებათ, მშობლები პასუხისმგებლები არიან, რომ შესაძლებელი სარგებლისა და უარყოფითი მხარეების შეფასებით უხელმძღვანელონ თავიანთ შვილებს დამატებითი განათლების ან მომზადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. მაგრამ რა უნდა იყოს ადამიანის მოტივი, როცა აუცილებლობის შემთხვევაში განათლების გაგრძელებას ირჩევს? ეჭვგარეშეა, მოტივი არ უნდა იყოს გამდიდრება, თავის ქება ან განდიდება (იგავნი 15:25; 1 ტიმოთე 6:17). გახსოვდეს გაკვეთილი, რომელიც იესოს მაგალითიდან მივიღეთ — განათლება უნდა გამოიყენებოდეს იეჰოვას განსადიდებლად. თუ ვირჩევთ განათლების გაგრძელებას, ჩვენი მოტივი უნდა იყოს სურვილი, საკმარისად გვქონდეს მატერიალური სახსრები, რომ ქრიტიანული სამსახურის რაც შეიძლება სრულად შესრულებით ვემსახუროთ იეჰოვას (კოლასელთა 3:23, 24).
24. იესოსგან მიღებული რომელი გაკვეთილი არ უნდა დავივიწყოთ არასდროს?
24 ამიტომ მოდი, გულმოდგინედ მოვახმაროთ ძალისხმევა, რომ მივიღოთ კარგად მოფიქრებული საერო განათლება. დაე, სრულად ვისარგებლოთ ღვთიური განათლების უწყვეტი პროგრამით, რომელიც იეჰოვას ორგანიზაციაში გვეძლევა. და მოდი, არასდროს დავივიწყოთ ძვირფასი გაკვეთილი, რომელიც მივიღეთ იესო ქრისტესგან, დედამიწაზე ოდესმე მცხოვრებთა შორის ყველაზე საუკეთესოდ განათლებული ადამიანისგან — განათლება უნდა გამოიყენებოდეს არა ჩვენს განსადიდებლად, არამედ ყველაზე დიდებული მასწავლებლის, იეჰოვა ღმერთის განსადიდებლად!
როგორია შენი პასუხი?
◻ როგორ იყენებდა იესო თავის განათლებას?
◻ რატომ არის მნიშვნელოვანი კარგი კითხვის სწავლა?
◻ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ წერის უნარი იეჰოვას განსადიდებლად?
◻ როგორ გვეხმარება ღვთიური განათლება ზნეობრივად და სულიერად განვითარებაში?
◻ რა პრაქტიკულ მომზადებას უნდა შეიცავდეს კარგად მოფიქრებული განათლება?
[ჩარჩო მე-20-ე გვერდზე]
პრაქტიკული დახმარება მასწავლებლებისთვის
საგუშაგო კოშკის საზოგადოებამ 1995–1996 წლების საოლქო კონგრესზე, სახელწოდებით „სიხარულით ღმერთის განმადიდებელი ხალხი“, გამოაქვეყნა ახალი ბროშურა სათაურით „იეჰოვას მოწმეები და განათლება“ (ინგლ.). ეს 32 გვერდიანი ფერადი ბროშურა გამოქვეყნდა სპეციალურად მასწავლებლებისთვის. დღეს ის თარგმნილია 58 ენაზე.
რატომ არის ეს ბროშურა მასწავლებლებისთვის? რათა დაეხმაროს მათ, უკეთესად გაიგონ იმ მოსწავლეების შეხედულებები, რომლებიც იეჰოვას მოწმეების შვილები არიან. რას შეიცავს ეს ბროშურა? ის გასაგებად და გარკვევით განმარტავს ჩვენს თვალსაზრისს ისეთ საკითხებში, როგორიცაა დამატებითი განათლება, დაბადების დღე, შობა და დროშისთვის სალმის მიცემა. ასევე, ბროშურა უჩვენებს მასწავლებლებს ჩვენს სურვილს, რომ ჩვენმა შვილებმა საუკეთესოდ გამოიყენონ სკოლაში მიღებული განათლება და რომ შვილების განათლებით აქტიურად დაინტერესებულებს, ჩვენ გულწრფელად გვსურს მასწავლებლებთან თანამშრომლობა.
როგორ შეიძლება ბროშურის „განათლება“ გამოყენება? რადგან გათვალისწინებულია მასწავლებლებისთვის, მოდი, შევთავაზოთ ის მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებსა და სხვა მოსამსახურეებს. დაე, ეს ახალი ბროშურა დაეხმაროს ყველა მასწავლებელს, გაიგოს ჩვენი თვალსაზრისი და შეხედულებები და ის, თუ რატომ მოვითხოვთ ზოგჯერ, რომ გაითვალისწინონ ჩვენი უფლება, განვსხვავდებოდეთ სხვებისგან. ჩვენ მოვუწოდებთ მშობლებს, გამოიყენონ ეს ბროშურა, როგორც პირადი განხილვის საფუძველი თავიანთი შვილების მასწავლებლებთან.
[სურათი მე-17 გვერდზე]
ძველ ისრაელში დიდად აფასებდნენ განათლებას.