-
თაყვანისმცემლობისთვის ერთად შეკრებაღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
თავი 16
თაყვანისმცემლობისთვის ერთად შეკრება
1. როდის შეიკრიბნენ მოწაფეები ერთად, რა დახმარება მიიღეს და რატომ სჭირდებოდათ ის?
იესოს მკვდრეთით აღდგომიდან მალევე მოწაფეები ერთმანეთის გასამხნევებლად შეიკრიბნენ და მტრის შიშით კარი ჩარაზეს. მაგრამ მათი შიში უკვალოდ გაქრა, როცა იესო გამოეცხადა და უთხრა მათ: „მიიღეთ წმინდა სული“ (წაიკითხეთ იოანეს 20:19—22). მოგვიანებით მოწაფეები კვლავ შეიკრიბნენ ერთად და მათზე იეჰოვას წმინდა სული გადმოვიდა. ეს ძალა მათ იმ სამქადაგებლო საქმის შესრულებაში დაეხმარებოდა, რომელიც წინ ელოდათ (საქ. 2:1—7).
2. ა) რისი მეშვეობით გვაძლიერებს იეჰოვა და რატომ გვჭირდება ეს ძალა? ბ) რატომ არის მნიშვნელოვანი ოჯახთან ერთად თაყვანისცემა? (იხ. სქოლიო და ჩარჩო „ოჯახთან ერთად თაყვანისცემა“)
2 პირველ საუკუნეში მცხოვრები ძმების მსგავსად ჩვენც იგივე პრობლემები გვაქვს (1 პეტ. 5:9). ზოგჯერ შეიძლება კაცთმოშიშება დაგვეუფლოს. ქადაგება რომ არ შევწყვიტოთ, იეჰოვას ძალა გვჭირდება (ეფეს. 6:10). ამ ძალას იეჰოვა ძირითადად შეხვედრების მეშვეობით გვაძლევს. ამჟამად კვირაში ორი შეხვედრა გვაქვს: საჯარო შეხვედრა და „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა და შუა კვირის შეხვედრა, რომელსაც ეწოდება „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“.a გარდა ამისა, ყოველ წელს ოთხჯერ ვიკრიბებით რეგიონულ, ორ სარაიონო კონგრესსა და ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე. რატომ არის მნიშვნელოვანი ყველა შეხვედრაზე დასწრება? როგორ ხდებოდა ჩვენი შეხვედრების ჩამოყალიბება? რას ცხადყოფს ჩვენზე შეხვედრებისადმი ჩვენი დამოკიდებულება?
რატომ უნდა შევიკრიბოთ ერთად?
3, 4. რას მოითხოვს იეჰოვა თავისი ხალხისგან? მოიყვანეთ მაგალითები.
3 იეჰოვა ოდითგანვე მოითხოვდა, რომ მისი ხალხი მის თაყვანსაცემად შეკრებილიყო. მაგალითად, ძვ. წ. 1513 წელს იეჰოვამ ისრაელს კანონი მისცა, რომლის თანახმადაც ყველა ოჯახი ყოველ შაბათს უნდა შეკრებილიყო მის თაყვანსაცემად და კანონის შესასწავლად (კან. 5:12; 6:4—9). როცა ისრაელები ითვალისწინებდნენ ამ მითითებას, ოჯახები ძლიერდებოდა და მთელი ერი სულიერ სიწმინდესა და სიმტკიცეს ინარჩუნებდა. მაგრამ, როცა ერი არ იცავდა კანონს და რეგულარულად არ იკრიბებოდა იეჰოვას თაყვანსაცემად, ისინი იეჰოვას კეთილგანწყობას კარგავდნენ (ლევ. 10:11; 26:31—35; 2 მატ. 36:20, 21).
4 საყურადღებოა იესოს მაგალითიც. მას ჩვევად ჰქონდა ყოველ შაბათს სინაგოგაში სიარული (ლუკ. 4:16). იესოს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მისი მოწაფეები რეგულარულად იკრიბებოდნენ მიუხედავად იმისა, რომ შაბათის კანონის დაცვა აღარ ევალებოდათ (საქ. 1:6, 12—14; 2:1—4; რომ. 14:5; კოლ. 2:13, 14). ამ შეხვედრებზე პირველი საუკუნის ქრისტიანები მხოლოდ რჩევა-დარიგებებს კი არ იღებდნენ და მხნევდებოდნენ, არამედ ლოცვებით, კომენტარებითა და სიმღერებით ქების მსხვერპლს უძღვნიდნენ ღმერთს (კოლ. 3:16; ებრ. 13:15).
იესოს მოწაფეები ერთმანეთის გასაძლიერებლად და გასამხნევებლად იკრიბებოდნენ
5. რატომ ვესწრებით კრების შეხვედრებსა და კონგრესებს? (იხ. აგრეთვე ჩარჩო „ყოველწლიური შეხვედრები, რომლებიც ღვთის ხალხს აერთიანებს“)
5 მსგავსად, ყოველკვირეულ შეხვედრებსა და ყოველწლიურ კონგრესებზე დასწრებით მხარს ვუჭერთ ღვთის სამეფოს, წმინდა სულით ვძლიერდებით და ჩვენი რწმენით სხვებს ვამხნევებთ. რაც მთავარია, ლოცვებით, კომენტარებითა და სიმღერებით იეჰოვას ვცემთ თაყვანს. შესაძლოა ჩვენი შეხვედრები საკმაოდ განსხვავდება იმ შეხვედრებისგან, რომლებსაც ისრაელები და პირველი საუკუნის ქრისტიანები ესწრებოდნენ, მაგრამ მათ მნიშვნელობა არ დაუკარგავთ. როგორ ხდებოდა ჩვენი შეხვედრების ჩამოყალიბება?
ყოველკვირეული შეხვედრები, რომლებიც „სიყვარულისა და კარგი საქმეებისკენ“ წაგვახალისებს
6, 7. ა) რა არის ჩვენი შეხვედრების მიზანი? ბ) როგორ ატარებდა შეხვედრებს სხვადასხვა ჯგუფი?
6 ჩარლზ ტეიზ რასელმა ღვთის სიტყვაში ჭეშმარიტების ძიების დაწყებისთანავე დაინახა თანამოაზრეებთან ერთად შეკრების აუცილებლობა. 1879 წელს რასელი წერდა: „სხვა პიტსბურგელებთან ერთად ჩამოვაყალიბე ბიბლიური გაკვეთილები წმინდა წერილების გამოსაკვლევად და მათ ყოველ კვირას ვატარებდით“. „სიონის საგუშაგო კოშკი“ მკითხველებს მოუწოდებდა, ერთად შეკრებილიყვნენ. 1881 წლისთვის პიტსბურგში (პენსილვანია) კვირაობით და ოთხშაბათობით ტარდებოდა შეხვედრები. როგორც 1895 წლის ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“ ეწერა, ამ შეხვედრების მიზანი იყო, დამსწრეთ განევითარებინათ „ქრისტიანული მეგობრობა, სიყვარული და ერთობა“ და ერთმანეთი გაემხნევებინათ (წაიკითხეთ ებრაელების 10:24, 25).
7 ბიბლიის მკვლევრების ჯგუფები წლების მანძილზე სხვადასხვა სიხშირით და სხვადასხვანაირად ატარებდნენ შეხვედრებს. მაგალითად, 1911 წელს „საგუშაგო კოშკში“ გამოქვეყნდა შეერთებულ შტატებში არსებული ერთი ჯგუფის წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ისინი ყოველკვირა სულ მცირე ხუთჯერ იკრიბებოდნენ — ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს თითოჯერ, კვირას კი ორჯერ. 1914 წელს გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც აფრიკიდან იყო, ეწერა: „თვეში ორჯერ ვიკრიბებით. შეხვედრა პარასკევიდან კვირის ჩათვლით გრძელდება“. დროთა განმავლობაში შეხვედრებმა დღევანდელი სახე მიიღო. მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეული შეხვედრის განვითარების ისტორია.
8. რომელ საკითხებს ეხებოდა პირველი საჯარო მოხსენებები?
8 საჯარო შეხვედრა. „სიონის საგუშაგო კოშკის“ პირველი ნომრის გამოქვეყნებიდან ერთ წელიწადში, 1880 წელს, ძმა რასელმა მიჰბაძა იესოს მაგალითს და სამქადაგებლო მოგზაურობა დაიწყო (ლუკ. 4:43). მოგზაურობის დროს მან ძმებს აჩვენა, როგორ უნდა ჩატარებულიყო შეხვედრა, რომელიც დღეს საჯარო შეხვედრის სახელით არის ცნობილი. ამ მოგზაურობის შესახებ „საგუშაგო კოშკში“ გაკეთდა განცხადება, რომ ძმა რასელი «საჯარო შეხვედრებზე დიდი სიამოვნებით იმსჯელებდა „ღვთის სამეფოსთან დაკავშირებულ საკითხებზე“». 1911 წლისთვის მრავალ ქვეყანაში ჩამოყალიბდა კრებები. მათ მოუწოდებდნენ, შესაფერისი მომხსენებლები გაეგზავნათ ახლომდებარე ტერიტორიებზე ექვსი მოხსენების წასაკითხად, რომლებშიც განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორიცაა გასამართლება და გამოსასყიდი. მოხსენების შემდეგ ცხადდებოდა მომდევნო კვირის თემა და მომხსენებლის სახელი.
9. როგორ იცვლებოდა წლების მანძილზე საჯარო შეხვედრა და როგორ შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ ამ ღონისძიებას?
9 „საგუშაგო კოშკში“ 1945 წელს გაკეთდა განცხადება, რომ მთელ მსოფლიოში ჩატარდებოდა საჯარო შეხვედრების კამპანია. ამ კამპანიის დროს წაიკითხებოდა რვა ბიბლიური მოხსენება, რომლებიც „აქტუალურ პრობლემებს“ ეხებოდა. ათეულობით წლის მანძილზე დანიშნული მომხსენებლები ერთგული მონის მიერ მოწოდებული თემების გარდა კითხულობდნენ მოხსენებებს, რომლებიც თავად ჰქონდათ შედგენილი. მაგრამ 1981 წელს ძმებს მითითება მიეცათ, რომ თავიანთი მოხსენებები ორგანიზაციის მიერ შედგენილ გეგმებზე დაეფუძნებინათ.b 1990 წლამდე ზოგიერთი მოხსენება ისე იყო შედგენილი, რომ აუდიტორიასაც მიეღო მონაწილეობა ან ინსცენირება დაედგა. მაგრამ იმ წელს მომხსენებლებმა მიიღეს მითითებები, რომ საჯარო შეხვედრაზე მხოლოდ მოხსენება წაკითხულიყო. კიდევ ერთი ცვლილება 2008 წლის იანვარში მოხდა — საჯარო მოხსენების ხანგრძლივობა 45 წუთიდან 30 წუთამდე შემცირდა. ცვლილებების მიუხედავად, კარგად მომზადებული საჯარო მოხსენებები კვლავაც გვიმტკიცებს ღვთის სიტყვისადმი რწმენას და ბევრ რამეს გვასწავლის ღვთის სამეფოს შესახებ (1 ტიმ. 4:13, 16). სიხარულით იწვევთ ამ მნიშვნელოვანი ბიბლიური მოხსენებების მოსასმენად ყველას, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც განმეორებით ინახულებთ?
10—12. ა) წლების მანძილზე როგორ იცვლებოდა „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა? ბ) რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს?
10 „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა. 1922 წელს პილიგრიმები ანუ მომსახურე ძმები, რომლებიც საზოგადოება „საგუშაგო კოშკმა“ კრებებში მოხსენებების წასაკითხად და სამქადაგებლო საქმისთვის ხელმძღვანელობის გასაწევად გაგზავნა, მოუწოდებდნენ კრებებს, რეგულარულად შეკრებილიყვნენ „საგუშაგო კოშკის“ შესასწავლად. ძმებმა გაითვალისწინეს ეს რჩევა და თავიდან „საგუშაგო კოშკის“ შესწავლას ან შუა კვირაში ატარებდნენ, ან კვირა დღეს.
„საგუშაგო კოშკის“ შესწავლა, განა, 1931
11 „საგუშაგო კოშკის“ 1932 წლის 15 ივნისის ნომერში ამ შეხვედრის ჩატარებასთან დაკავშირებით დამატებითი მითითებები იყო მოცემული. ნიმუშად აღებული იყო ბეთელში ჩატარებული „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა და ნათქვამი იყო, რომ ამ შეხვედრას ძმა უნდა წაძღოლოდა. სამი ძმა უნდა მჯდარიყო აუდიტორიის წინაშე და რიგრიგობით უნდა წაეკითხათ აბზაცები. იმ დროს სტატიებს განსახილველი კითხვები არ ჰქონდა, ამიტომ ჩამტარებელს უნდა ეთხოვა აუდიტორიისთვის, რომ მასალის გარშემო კითხვები დაესვათ და დასმულ კითხვებზე პასუხები გაეცათ. თუ დამატებითი ახსნა-განმარტება იქნებოდა საჭირო, ჩამტარებელს „მოკლედ და კონკრეტულად“ უნდა გაეკეთებინა ეს.
12 თავიდან კრებებს შეეძლოთ თავად აერჩიათ ჟურნალი, რომლის განხილვაც უმეტესობას ენდომებოდა. მაგრამ 1933 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკში“ მოცემული იყო რჩევა, რომ ყველა კრებას უახლოესი ნომერი განეხილა. 1937 წელს ძმებს მიეცათ მითითება, რომ ეს შეხვედრა კვირაობით ჩაეტარებინათ. 1942 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“ ახალი მითითებების გამოქვეყნების შემდეგ „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა კიდევ უფრო დაიხვეწა და დღევანდელი სახე მიიღო. ჟურნალში ეწერა, რომ სასწავლო სტატიებში თითოეული გვერდის ბოლოს დაიბეჭდებოდა განსახილველი კითხვები და რომ შეხვედრა ერთსაათიანი უნდა ყოფილიყო. ჟურნალი მოუწოდებდა ყველას, აბზაციდან მონაკვეთების წაკითხვის ნაცვლად, „საკუთარი სიტყვებით“ გაეცათ პასუხი. დღემდე „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა იმ შეხვედრად რჩება, რომლის მეშვეობითაც ერთგული მონა დროულად გვაწვდის სულიერ საზრდოს (მათ. 24:45). თითოეულმა უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: ყოველთვის კარგად ვემზადები „საგუშაგო კოშკის“ შესწავლისთვის? ვცდილობ, შეძლებისდაგვარად მივიღო მონაწილეობა განხილვაში?
13, 14. როგორ ყალიბდებოდა კრების ბიბლიის შესწავლა და რატომ მოგწონთ ეს შეხვედრა?
13 კრების ბიბლიის შესწავლა. 1890-იანი წლების დასაწყისში, როცა „ქრისტეს ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟის“ რამდენიმე ტომი უკვე გამოქვეყნებული იყო, ქალაქ ბალტიმორში (მერილენდი, აშშ) მცხოვრებმა ბიბლიის მკვლევარმა, ძმა ჰ. რანმა, ძმებს შესთავაზა, ჩამოეყალიბებინათ ბიბლიის შესასწავლი წრე სახელწოდებით „გარიჟრაჟი“. თავიდან ეს შეხვედრა, რომელიც ხშირად სახლებში ტარდებოდა, საცდელი იყო. მაგრამ 1895 წლის სექტემბრისთვის ეს შეხვედრები შეერთებული შტატების მრავალ ქალაქში დიდი პოპულარულობით სარგებლობდა. ამიტომ იმ თვის „საგუშაგო კოშკში“ მოცემული იყო რჩევა, რომ ჭეშმარიტების ყველა შემსწავლელს ჩაეტარებინა ეს შეხვედრა. ჩამტარებელს კარგად უნდა სცოდნოდა კითხვა. მას წინადადება-წინადადება უნდა წაეკითხა ტექსტი, დამსწრეებს კი კომენტარები უნდა გაეკეთებინათ. აბზაცის განხილვის შემდეგ მას აბზაცში მოყვანილი ბიბლიური მუხლები უნდა ამოეკითხა. მთლიანი თავის განხილვის შემდეგ თითოეულ დამსწრეს მოკლედ უნდა მიმოეხილა მასალა.
14 ამ შეხვედრის სახელწოდება არაერთხელ შეიცვალა. ერთ დროს მას „ბიბლიის შესწავლის ბერეულ წრეს“ უწოდებდნენ. ამ სახელს საფუძვლად დაედო ჩანაწერი პირველ საუკუნეში მცხოვრები ბერეელების შესახებ, რომლებიც გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს (საქ. 17:11). დროთა განმავლობაში ეს შეხვედრა კრების წიგნის შესწავლის სახელით გახდა ცნობილი, დღეს კი კრების ბიბლიის შესწავლა ეწოდება. ეს შეხვედრა სამეფო დარბაზში ტარდება მთელი კრებისთვის და არა საკუთარ სახლებში პატარა ჯგუფებისთვის. წლების მანძილზე ამ შეხვედრაზე განიხილებოდა სხვადასხვა წიგნი, ბროშურა და „საგუშაგო კოშკის“ სტატიებიც კი. დამსწრეებს თავიდანვე მოუწოდებდნენ, მონაწილეობა მიეღოთ მასში. ამ შეხვედრის წყალობით კრების წევრთა ბიბლიურმა ცოდნამ საგრძნობლად იმატა. რეგულარულად ემზადებით კრების ბიბლიის შესწავლისთვის და შეძლებისდაგვარად მონაწილეობთ მასში?
15. რა იყო თეოკრატიული მსახურების სკოლის მიზანი?
15 თეოკრატიული მსახურების სკოლა. „1942 წლის 16 თებერვალს, ორშაბათ საღამოს, ბრუკლინის ბეთელის ოჯახის ყველა ძმას მოუწოდებდნენ, მონაწილეობა მიეღოთ პროგრამაში, რომელიც მოგვიანებით თეოკრატიული მსახურების სკოლის სახელით გახდა ცნობილი“, — იხსენებდა კერი ბარბერი, რომელიც იმ დროს ნიუ-იორკში, მსოფლიო მთავარ სამმართველოში მსახურობდა. ძმა ბარბერმა, რომელიც წლების შემდეგ ხელმძღვანელი საბჭოს წევრი გახდა, თქვა, რომ ამ სკოლის დაფუძნება „ჩვენს დროში . . . იეჰოვას ხელმძღვანელობის ნათელი მტკიცება იყო“. სწავლების ეს კურსი დაეხმარა ძმებს, დახვეწილიყვნენ როგორც მასწავლებლები და მქადაგებლები. ამიტომ ძმების გადაწყვეტილებით 1943 წლიდან მსოფლიოს ყველა კრებისთვის თანდათანობით ხელმისაწვდომი გახდა ბროშურა „თეოკრატიული მსახურების კურსი“. როგორც 1943 წლის 1 ივნისის „საგუშაგო კოშკში“ ეწერა, თეოკრატიული მსახურების სკოლის მიზანი ის იყო, რომ ღვთის ხალხს „უკეთ მოემზადებინა საკუთარი თავი სამეფოს ცნობის გასაცხადებლად“ (2 ტიმ. 2:15).
16, 17. მხოლოდ ორატორულ ხელოვნებას ვეუფლებოდით თეოკრატიული მსახურების სკოლაში? ახსენით.
16 თავიდან დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა ბევრს ტანჯვის ფასად უჯდებოდა. კლეიტონ ვუდვორთი, რომლის მამაც ძმა რუტერფორდთან და სხვა ძმებთან ერთად 1918 წელს უსამართლოდ იყო დაპატიმრებული, იხსენებდა, თუ რას გრძნობდა, როცა პირველად 1943 წელს სკოლაში გამოვიდა დავალებით. მან თქვა: „მოხსენებით გამოსვლა ძალიან მიჭირდა. ენა მებმოდა, პირი საშინლად მიშრებოდა და ხმა ხან მიბოხდებოდა, ხან მიწვრილდებოდა“. დროთა განმავლობაში ძმა ვუდვორთი დახელოვნებული მომხსენებელი გახდა და ხშირად გამოდიოდა მოხსენებებით დიდი აუდიტორიის წინაშე. თუმცა სკოლამ მას ორატორულ ხელოვნებაზე მეტი ასწავლა და თავმდაბლობისა და იეჰოვაზე მინდობის აუცილებლობა დაანახვა. მან თქვა: „მივხვდი, რომ ყველაზე მთავარი მომხსენებლი არ არის. მაგრამ, თუ ის კარგად მოემზადება და სრულად მიენდობა იეჰოვას, მსმენელი სიამოვნებით მოუსმენს და რაღაც ახალს ისწავლის“.
17 დებისთვის თეოკრატიული მსახურების სკოლაში ჩაწერა 1959 წლიდან გახდა შესაძლებელი. და ედნა ბაუერი იხსენებს კონგრესზე გაკეთებულ განცხადებას: „მახსოვს, რამხელა სიხარული გამოიწვია ამის მოსმენამ დებში. ახლა მათ მეტის გაკეთების შესაძლებლობა მიეცათ“. წლების მანძილზე მრავალმა და-ძმამ გამოიყენა შესაძლებლობა და ჩაეწერა თეოკრატიული მსახურების სკოლაში, რათა იეჰოვას მიერ განსწავლულიყო. დღეს მსგავს დასწავლებას ვიღებთ შუა კვირის შეხვედრაზე (წაიკითხეთ ესაიას 54:13).
18, 19. ა) დღეს როგორ ვიღებთ პრაქტიკულ რჩევებს მსახურების შესასრულებლად? ბ) რატომ ვმღერით ჩვენს შეხვედრებზე? (იხ. ჩარჩო „ჭეშმარიტების მღერა“)
18 სამსახურებრივი შეხვედრა. სამქადაგებლო საქმისთვის ორგანიზების გასაწევად შეხვედრები ჯერ კიდევ 1919 წელს ტარდებოდა. იმ დროს ამ შეხვედრებს მხოლოდ ისინი ესწრებოდნენ, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ლიტერატურის გავრცელებაში. 1923 წლიდან მსახურების შეხვედრა თვეში ერთხელ ტარდებოდა და ჯგუფის ან კრების ყველა წევრი უნდა დასწრებოდა მას. 1928 წელს კრებებს მოუწოდებდნენ, ყოველკვირეულად ჩაეტარებინათ მსახურების შეხვედრა, 1935 წელს კი „საგუშაგო კოშკში“ მოცემული იყო რჩევა, რომ სამსახურებრივი შეხვედრის დროს გამოეყენებინათ ინფორმაცია „ხელმძღვანელიდან“ (მოგვიანებით ეწოდა „ინფორმატორი“, შემდეგ კი — „ჩვენი სამეფო მსახურება“). მალე ეს შეხვედრა ყველა კრებაში რეგულარულად ტარდებოდა.
19 დღეს შუა კვირის შეხვედრაზე კვლავაც ვიღებთ პრაქტიკულ რჩევებს სამქადაგებლო საქმიანობის შესასრულებლად (მათ. 10:5—13). თუ მაუწყებელი ხარ და იღებ ამ შეხვედრის პროგრამას სავარჯიშოებით, იკვლევ მას და ითვალისწინებ მსახურების დროს მასში ჩაწერილ რჩევებს?
წლის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა
ახ. წ. პირველი საუკუნიდან მოყოლებული ქრისტიანებს ყოველ წელს უნდა აღენიშნათ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო (იხ. აბზაცი 20)
20—22. ა) რატომ აღვნიშნავთ იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს? ბ) რა სარგებლობა მოაქვს თქვენთვის ყოველწლიურად გახსენების საღამოზე დასწრებას?
20 იესოს მიმდევრებს მითითება მიეცათ, რომ იესოს მოსვლამდე მისი სიკვდილის გახსენების საღამო აღენიშნათ. პასექის მსგავსად გახსენების საღამო წელიწადში ერთხელ ტარდება (1 კორ. 11:23—26). ყოველწლიურად ამ შეხვედრაზე მილიონობით ადამიანი იკრიბება. ეს შეხვედრა ცხებულ ქრისტიანებს ახსენებს, რომ მათ ღვთის სამეფოში ქრისტეს თანამემკვიდრეებად ყოფნის პატივი აქვთ (რომ. 8:17), სხვა ცხვარს კი ღვთის სამეფოს მეფისადმი ღრმა პატივისცემასა და ერთგულებას უღვივებს (იოან. 10:16).
21 ძმა რასელსა და მის თანამოაზრეებს ესმოდათ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო უფლის გახსენების საღამოს აღნიშვნა. მათ იცოდნენ, რომ ის წელიწადში მხოლოდ ერთხელ უნდა აღენიშნათ. „საგუშაგო კოშკის“ 1880 წლის აპრილის გამოცემაში ნათქვამია: „უკვე წლებია, რაც აქ პიტსბურგში მრავალი ჩვენგანი . . . პასექს [გახსენების საღამოს] აღნიშნავს და უფლის სხეულისა და სისხლის სიმბოლოებს იღებს“. მალევე გახსენების საღამოს პერიოდში კონგრესების ჩატარება დაიწყეს. ასეთი ღონისძიების ჩატარების პირველი მონაცემები 1889 წელს დაფიქსირდა. ამ შეხვედრას 225 ადამიანი დაესწრო და 22 მოინათლა.
22 დღეს გახსენების საღამო კონგრესის პროგრამის ნაწილი აღარ არის. ჩვენს სამეზობლოში მცხოვრებ ყველა ადამიანს ვეპატიჟებით ამ შეხვედრაზე, რომელსაც ადგილობრივ სამეფო დარბაზში ან დაქირავებულ შენობაში ვატარებთ. 2013 წელს 19 მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს. მართლაც დიდი პატივია, რომ არა მარტო დავესწროთ ამ შეხვედრას, არამედ სხვებსაც მოვუწოდოთ ჩვენთან ერთად აღნიშნონ ეს წმინდა საღამო! ცდილობ, ყოველწლიურად სიხარულითა და ენთუზიაზმით მოიწვიო გახსენების საღამოზე რაც შეიძლება მეტი ადამიანი?
რას ცხადყოფს ჩვენი დამოკიდებულება
23. რა დამოკიდებულება გაქვთ ერთად შეკრების მიმართ?
23 იეჰოვას ერთგული მსახურები ერთად შეკრების შესახებ ბიბლიურ მითითებას დამამძიმებლად არ მიიჩნევენ (ებრ. 10:24, 25; 1 იოან. 5:3). მაგალითად, მეფე დავითს უყვარდა იეჰოვას სახლში თაყვანსაცემად მისვლა (ფსალმ. 27:4). მას განსაკუთრებით სიამოვნებდა ღვთის მოყვარულებთან ერთად მისვლა ღვთის სახლში (ფსალმ. 35:18). რის თქმა შეიძლება იესოზე? მას სიყმაწვილეშიც კი ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ზეციერი მამის თაყვანისცემის სახლში ყოფილიყო (ლუკ. 2:41—49).
ერთად შეკრების სურვილი ცხადყოფს, რამდენად რეალურია ღვთის სამეფო თითოეული ჩვენგანისთვის
24. რისი საშუალება გვეძლევა შეხვედრებზე?
24 კრების შეხვედრებზე დასწრებით ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს იეჰოვა და გვინდა თანაქრისტიანების გამხნევება. აგრეთვე გამოვხატავთ სურვილს, ვიცოდეთ, როგორ ვიცხოვროთ როგორც ღვთის სამეფოს ქვეშევრდომებმა, რასაც ძირითადად კრების შეხვედრებსა და კონგრესებზე ვსწავლობთ. გარდა ამისა, კრების შეხვედრები გვხვეწს და გვაძლიერებს იმ მნიშვნელოვანი საქმის შესასრულებლად, რაც ღვთის სამეფოს მეშვეობით სრულდება დღეს — ხალხის მომზადება მეფე იესო ქრისტეს მოწაფეებად (წაიკითხეთ მათეს 28:19, 20). ეჭვგარეშეა, ერთად შეკრების სურვილი ცხადყოფს, რამდენად რეალურია ღვთის სამეფო თითოეული ჩვენგანისთვის. მოდი ყოველთვის დავაფასოთ ჩვენი შეხვედრები!
-
-
სამეფოს მსახურთა მომზადებაღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
თავი 17
სამეფოს მსახურთა მომზადება
1—3. რა გააკეთა იესომ სამქადაგებლო საქმიანობის გასაფართოებლად და რა კითხვები იბადება?
იესო ორი წლის მანძილზე ქადაგებდა გალილეაში (წაიკითხეთ მათეს 9:35—38). ის მოგზაურობდა მრავალ ქალაქსა და სოფელში, ასწავლიდა სინაგოგებში და ქადაგებდა სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ. მის გარშემო დიდძალი ხალხი იყრიდა თავს. „სამკალი ბევრია“, — აღნიშნა იესომ. ამიტომ მუშაც ბევრი იყო საჭირო.
2 იესომ იზრუნა სამქადაგებლო საქმიანობის გაფართოებაზე. მან 12 მოციქული გაგზავნა, „რომ ექადაგათ ღვთის სამეფოს შესახებ“ (ლუკ. 9:1, 2). ალბათ, მოციქულებს აინტერესებდათ, როგორ უნდა შეესრულებინათ ქადაგების საქმე. ვიდრე გაუშვებდა, იესომ ისევე მოამზადა ისინი საქადაგებლად, როგორც მას ამზადებდა მისი ზეციერი მამა.
3 იბადება კითხვები: როგორ მოამზადა იესო მამამ? როგორ მოამზადა იესომ თავისი მოციქულები? დღესაც ამზადებს ის, როგორც ღვთის სამეფოს მეფე, თავის მიმდევრებს მსახურებისთვის? როგორ აკეთებს ამას?
„როგორც მამამ მასწავლა, ისე ვლაპარაკობ“
4. სად და როდის ასწავლიდა იესოს მამა?
4 იესო არ მალავდა, რომ ცოდნა მამისგან მიიღო. მსახურების დროს ის ამბობდა: „როგორც მამამ მასწავლა, ისე ვლაპარაკობ“ (იოან. 8:28). სად და როდის ასწავლიდა იესოს მამა? როგორც ჩანს, იეჰოვამ პირმშოს განათლება მისი შექმნისთანავე დაიწყო (კოლ. 1:15). ზეცაში ძე უთვალავი წლის მანძილზე უსმენდა და აკვირდებოდა „დიდებულ მოძღვარს“ (ეს. 30:20). შედეგად, მან უბადლო ცოდნა მიიღო თავისი მამის თვისებების, საქმეებისა და განზრახვების შესახებ.
5. რა ასწავლა მამამ ძეს დედამიწაზე მსახურების შესასრულებლად?
5 დროთა განმავლობაში იეჰოვამ ასწავლა ძეს, როგორ შეესრულებინა თავისი დავალება დედამიწაზე. ვნახოთ, როგორ არის აღწერილი ესაიას წინასწარმეტყველებაში დიდებული მოძღვრისა და მისი პირმშოს ურთიერთობა (წაიკითხეთ ესაიას 50:4, 5). მასში ნათქვამია, რომ იეჰოვა „ყოველ დილით“ აღვიძებდა თავის ძეს. ამ სიტყვების კითხვისას თვალწინ წარმოგვიდგება მასწავლებელი, რომელიც დილაადრიან აღვიძებს მოსწავლეს, რომ ასწავლოს. ერთ ბიბლიურ ნაშრომში ნათქვამია: „იეჰოვას . . . თითქოს მოსწავლესავით მიჰყავს ის სკოლაში და ასწავლის, რა და როგორ იქადაგოს“. ამ ზეციურ „სკოლაში“ იეჰოვამ ასწავლა თავის ძეს, რა უნდა ელაპარაკა (იოან. 12:49). მამამ თავისი ძე მასწავლებლადაც მოამზადა.a დედამიწაზე იესომ შესანიშნავად გამოიყენა ნასწავლი არა მხოლოდ თავისი მსახურების შესასრულებლად, არამედ მსახურებისთვის თავისი მიმდევრების მოსამზადებლადაც.
6, 7. ა) როგორ მოამზადა იესომ თავისი მოციქულები და რა მიზნით? ბ) დღეს რა მიზნით აძლევს განათლებას იესო თავის მიმდევრებს?
6 როგორ მოამზადა იესომ თავისი მოციქულები? მათეს მე-10 თავის თანახმად, მსახურების შესასრულებლად მან კონკრეტული მითითებები მისცა მათ, მაგალითად, სად ექადაგათ (მუხლები 5, 6), რა ცნობა გადაეცათ (მუხლი 7), რაში უნდა მინდობოდნენ იეჰოვას (მუხლები 9, 10), როგორ უნდა მოქცეულიყვნენ საუბრის დაწყების (მუხლები 11—13), უარის თქმისა (მუხლები 14, 15) და დევნის დროს (მუხლები 16—23).b ამ ნათელი მითითებებით იესომ ისინი პირველ საუკუნეში სასიხარულო ცნობის ქადაგებისთვის ხელმძღვანელობის გასაწევად მოამზადა.
7 დღეს რას აკეთებს იესო? ის, როგორც ღვთის სამეფოს მეფე, უმნიშვნელოვანეს დავალებას აძლევს თავის მიმდევრებს — იქადაგონ „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ . . . მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ (მათ. 24:14). გვამზადებს ჩვენი მეფე ამ საყოველთაოდ მნიშვნელოვანი საქმის შესასრულებლად? რა თქმა უნდა. ის ზრუნავს, რომ მისმა მიმდევრებმა სათანადო განათლება მიიღონ ხალხთან საქადაგებლად და კრებაში სხვადასხვა პასუხისმგებლობის შესასრულებლად.
მომზადება სასიხარულო ცნობის საქადაგებლად
8, 9. ა) რა იყო თეოკრატიული მსახურების სკოლის უმთავრესი მიზანი? ბ) როგორ გეხმარებათ შუა კვირის შეხვედრა, მეტად დახელოვნდეთ მსახურებაში?
8 იეჰოვას ორგანიზაცია დიდი ხანია, რაც კონგრესებსა და კრების შეხვედრებს ღვთის ხალხის მსახურებისთვის მოსამზადებლად იყენებს. ამასთან, მთავარ სამმართველოში მომსახურე პასუხისმგებელი ძმების ხელმძღვანელობით 1940-იანი წლებიდან არაერთ სკოლას ჩაეყარა საფუძველი.
9 თეოკრატიული მსახურების სკოლა. როგორც წინა თავიდან გავიგეთ, ეს სკოლა 1943 წელს დაარსდა. მხოლოდ იმ მიზნით შეიქმნა ის, რომ მოსწავლეები კრების შეხვედრებზე კარგი მოხსენებების წარმოსათქმელად მოემზადებინა? რა თქმა უნდა, არა. სკოლის უმთავრესი მიზანი იყო, ღვთის ხალხისთვის ესწავლებინა, როგორ გამოეყენებინათ მეტყველების უნარი მსახურებაში იეჰოვას განსადიდებლად (ფსალმ. 150:6). ამ სკოლის მეშვეობით და-ძმები უფრო დახელოვნებული მსახურები გახდნენ. დღეს მსგავს დასწავლებას შუა კვირის შეხვედრაზე ვიღებთ.
10, 11. ვის იწვევენ დღეს სკოლა „გალაადში“ და რა არის სკოლის სასწავლო პროგრამის მიზანი?
10 „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადი“. სკოლამ, რომელიც დღეს ამ სახელით არის ცნობილი, 1943 წლის 1 თებერვალს, ორშაბათ დღეს დაიწყო ფუნქციონირება. თავდაპირველად სკოლა პიონერებსა და სხვა სრული დროით მსახურებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მისიონერული მსახურებისთვის ამზადებდა. მაგრამ 2011 წლის ოქტომბრიდან სკოლაში სწავლის შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ სპეციალურ სრული დროით მსახურებს — სპეციალურ პიონერებს, მიმომსვლელ ზედამხედველებსა და მათ ცოლებს, ბეთელელებსა და იმ მისიონერებს, რომელთაც არ გაუვლიათ ეს სკოლა.
11 რა არის სკოლა „გალაადის“ სასწავლო პროგრამის მიზანი? ერთ-ერთი გამოცდილი მასწავლებელი ამბობს, რომ სკოლის მიზანია, „ღვთის სიტყვის შესწავლით მოსწავლეებს რწმენა განუმტკიცოს და ისეთი თვისებების განვითარებაში დაეხმაროს, რომელთა მეშვეობითაც ისინი წარმატებით გაუმკლავდებიან მსახურების დროს წამოჭრილ სირთულეებს. სასწავლო პროგრამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი მოსწავლეებში მახარობლის საქმის შესრულების სურვილის გაძლიერებაა“ (ეფეს. 4:11).
12, 13. როგორ იმოქმედა სკოლა „გალაადმა“ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობაზე? მოიყვანეთ მაგალითი.
12 როგორ იმოქმედა სკოლა „გალაადმა“ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობაზე? 1943 წლიდან ეს სკოლა 8 500-ზე მეტმა და-ძმამ გაიარა და მსახურებისთვის მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში გაიგზავნა.c მისიონერები საუკეთესოდ იყენებენ ნასწავლს, გულმოდგინე მსახურების კარგ მაგალითს იძლევიან და სხვებსაც ეხმარებიან ამაში. ხშირ შემთხვევაში მისიონერები უყრიდნენ საფუძველს სამქადაგებლო საქმიანობას იქ, სადაც მაუწყებლები ცოტანი იყვნენ ან საერთოდ არ იყვნენ.
13 მაგალითად, იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის დროს ორგანიზებული ქადაგება შეწყდა და 1949 წლის აგვისტოსთვის იქ მხოლოდ ათამდე მაუწყებელი ქადაგებდა. მაგრამ წლის ბოლოსთვის ქვეყანაში „გალაადის“ 13 კურსდამთავრებული ჩავიდა და აქტიურ ქადაგებას შეუდგა. მათ სხვა მისიონერებიც შეუერთდნენ. თავიდან ისინი დიდ ქალაქებში ქადაგებდნენ, შემდეგ სხვა ქალაქებშიც გადავიდნენ. მისიონერები მთელი გულით მოუწოდებდნენ თავიანთ შემსწავლელებსა და სხვებს პიონერული მსახურებისკენ. მათმა გულმოდგინებამ უხვი ნაყოფი გამოიღო. ამჟამად იაპონიაში სამეფოს მაუწყებელთა რიცხვმა 216 000-ს გადააჭარბა, რომელთაგან თითქმის 40 პროცენტი პიონერად მსახურობს.d
14. რას ცხადყოფს თეოკრატიული სკოლების არსებობა? (იხ. აგრეთვე ჩარჩო „სამეფოს მსახურთა მოსამზადებელი სკოლები“)
14 სხვა თეოკრატიული სკოლები. პიონერული მსახურების სკოლამ, ბიბლიურმა სკოლამ ქრისტიანი წყვილებისთვის და ბიბლიურმა სკოლამ დაუქორწინებელი ძმებისთვის დიდი წვლილი შეიტანა მოსწავლეთა სულიერ ზრდაში და დიდი დახმარება გაუწია კურსდამთავრებულებს, რომ ენთუზიაზმით გაძღოლოდნენ მახარობლის საქმეს.e თეოკრატიული სკოლების არსებობა ცხადყოფს, რომ ჩვენი მეფე ყოველმხრივ უზრუნველყოფს თავის მიმდევრებს მათზე დაკისრებული მსახურების შესასრულებლად (2 ტიმ. 4:5).
ძმების მომზადება განსაკუთრებული პასუხისმგებლობების შესასრულებლად
15. რაში ჰბაძავენ პასუხისმგებელი ძმები იესოს?
15 გავიხსენოთ ესაიას წინასწარმეტყველება, სადაც ნათქვამია, რომ იესოს ღმერთი ასწავლიდა. ამ „ზეციურ სკოლაში“ ძემ ისწავლა, როგორი სიტყვით ეპასუხა დაღლილისთვის (ეს. 50:4). მან გაითვალისწინა ნასწავლი და დედამიწაზე მსახურებისას მისი საუბარი გამომაცოცხლებელი იყო „მძიმედ მშრომელთა და ტვირთმძიმეთათვის“ (მათ. 11:28—30). მსგავსად, პასუხისმგებელი ძმები ჰბაძავენ იესოს და ცდილობენ და-ძმების გამოცოცხლებას. არაერთი სკოლა დაარსდა იმ მიზნით, რომ მათ და-ძმების უკეთ მომსახურებაში დაეხმაროს.
16, 17. რა არის სამეფო მსახურების სკოლის მიზანი? (იხ. აგრეთვე სქოლიო)
16 სამეფო მსახურების სკოლა. ამ სკოლის პირველმა კლასმა სწავლა 1959 წლის 9 მარტს დაიწყო საუთ-ლანსინგში (ნიუ-იორკი). სკოლის ერთთვიან კურსზე მიწვეულები იყვნენ მიმომსვლელი ზედამხედველები და კრების მსახურები. მოგვიანებით სასწავლო პროგრამა სხვა ენებზეც ითარგმნა და ძმებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიეცათ ამ კურსის გავლის შესაძლებლობა.f
ძმა ლოიდ ბერი სამეფო მსახურების სკოლას ატარებს, იაპონია, 1970
17 სამეფო მსახურების სკოლის მიზანზე 1962 წლის წელიწდეულში ნათქვამი იყო: „დღევანდელ მსოფლიოში, სადაც ყველა ძალიან დაკავებულია, იეჰოვას მოწმეთა კრების ზედამხედველი იმდენად ორგანიზებული უნდა იყოს, რომ სათანადო ყურადღება მიაქციოს მთელ კრებას და მათთვის კურთხევა იყოს. ამასთან, კრების საქმეების გამო არ უნდა უგულებელყოს ოჯახური პასუხისმგებლობები და საღად უნდა იაზროვნოს. მთელ მსოფლიოში კრების მსახურებს სამეფო მსახურების სკოლაში განათლების მიღების შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ, რათა ზუსტად შეასრულონ ის მოვალეობები, რომელთაც ბიბლია აკისრებს ზედამხედველებს“ (1 ტიმ. 3:1—7; ტიტ. 1:5—9).
18. რა სარგებლობა მოაქვს სამეფო მსახურების სკოლას ღვთის ხალხისთვის?
18 სამეფო მსახურების სკოლამ ღვთის ხალხს მთლიანობაში მოუტანა სარგებლობა. როდესაც უხუცესები და მომსახურეები ცხოვრებაში იყენებენ სკოლაში ნასწავლს, ისინი იესოსავით გამომაცოცხლებელნი არიან და-ძმებისთვის. განა არ ემადლიერებით მზრუნველ უხუცესებსა და მომსახურეებს თბილი სიტყვებისთვის, მომსმენი ყურისთვის და გამამხნევებელი მონახულებებისთვის?! (1 თეს. 5:11). ასეთი ძმები კრებებისთვის ნამდვილ კურთხევას წარმოადგენენ!
19. სხვა რომელ სკოლებს ზედამხედველობს სასწავლო კომიტეტი და რა არის ამ სკოლების მიზანი?
19 სხვა თეოკრატიული სკოლები. ხელმძღვანელი საბჭოს სასწავლო კომიტეტი ზედამხედველობს სხვა სკოლებსაც, რომლებშიც ორგანიზაციაში სხვადასხვა პასუხისმგებლობების მქონე ძმები სწავლობენ. ეს სკოლები იმ მიზნით დაარსდა, რომ ასეთ ძმებს — კრების უხუცესებს, მიმომსვლელ ზედამხედველებსა და ფილიალის კომიტეტის წევრებს — მათზე დაკისრებული უამრავი პასუხისმგებლობის უკეთ შესრულებაში დაეხმაროს. ბიბლიაზე დაფუძნებული ეს სასწავლო პროგრამები ძმებს სულიერობის შენარჩუნებისკენ და იეჰოვას მიერ მიბარებულ ძვირფას ცხვართან ურთიერთობისას ბიბლიური პრინციპების გამოყენებისკენ აღძრავს (1 პეტ. 5:1—3).
მსახურებაში დახელოვნების სკოლის პირველი კლასი, მალავი, 2007
20. რატომ შეეძლო იესოს იმის თქმა, რომ „ყველა იეჰოვას მიერ განისწავლება“ და რა გაქვთ გადაწყვეტილი?
20 აშკარაა, რომ ღვთის სამეფოს მეფე ზრუნავს თავისი მიმდევრების მრავალმხრივ მომზადებაზე. ცოდნა ზემოდან მოდის: იეჰოვამ ასწავლა ძეს, ძე კი თავის მიმდევრებს ასწავლის. სწორედ ამიტომ შეეძლო იესოს ეთქვა, რომ „ყველა იეჰოვას მიერ განისწავლება“ (იოან. 6:45; ეს. 54:13). მოდი მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი, სრულად მივიღოთ განათლება ჩვენი მეფის მიერ უზრუნველყოფილი სასწავლო პროგრამებიდან. გვახსოვდეს, რომ ამ განათლების მთავარი მიზანია, შევინარჩუნოთ სულიერი სიმტკიცე და ყოველმხრივ შევასრულოთ ჩვენი მსახურება.
a საიდან ვიცით, რომ ძეს მამამ ასწავლა, თუ როგორ ესწავლებინა სხვებისთვის? გაიხსენეთ, რომ იესო სწავლებისას მრავლად იყენებდა მაგალითებს, რითაც შესრულდა მის დაბადებამდე საუკუნეებით ადრე ჩაწერილი წინასწარმეტყველება (ფსალმ. 78:2; მათ. 13:34, 35). აშკარაა, ამ წინასწარმეტყველების ავტორმა, იეჰოვამ, წინასწარ განსაზღვრა, რომ მისი ძე მაგალითებისა და იგავების მეშვეობით ასწავლიდა (2 ტიმ. 3:16, 17).
b თვეების შემდეგ იესომ სამოცდაათი აირჩია, ორ-ორი გაგზავნა საქადაგებლად და დარიგებებიც მისცა (ლუკ. 10:1—16).
c სკოლა „გალაადის“ კურსი ზოგმა ორჯერ გაიარა.
d დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, თუ რა შედეგი მოჰყვა მთელ მსოფლიოში „გალაადის“ კურსდამთავრებული მისიონერების მსახურებას, იხ. წიგნი „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“, თავი 23.
e ეს ორი ბიბლიური სკოლა შეცვალა სამეფოს მახარობელთა სკოლამ.
f ამჟამად უხუცესებს შეუძლიათ დაესწრონ სამეფო მსახურების სკოლას, რომელიც სხვადასხვა ხანგრძლივობით რამდენიმე წელიწადში ერთხელ ტარდება. 1984 წლიდან ამ სკოლაში განათლებას მომსახურე ძმებიც იღებენ.
-
-
სამეფოს საგანმანათლებლო პროგრამა — მეფის მსახურთა დასწავლებაღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
შეხვედრა ღია ცის ქვეშ, ლონდონი, ინგლისი, 1945. სპეციალური ერთდღიანი კონგრესი, მალავი, აფრიკა, 2012
ნაწილი 5
სამეფოს საგანმანათლებლო პროგრამა — მეფის მსახურთა დასწავლება
წარმოიდგინე, რომ სცენაზე დგას ახალგაზრდა ძმა შენი კრებიდან და პირველად კითხულობს მოხსენებას კონგრესზე. ღიმილით ცდილობ მის გამხნევებას, გსიამოვნებს მისი მოსმენა და გაოცებს, რა შესანიშნავად ასწავლის იეჰოვა თავის ხალხს. გახსენდება თეოკრატიულ სკოლაში მისი პირველი გამოსვლა. მან დიდი წინსვლა განიცადა მას შემდეგ, რაც პიონერული მსახურების სკოლა გაიარა. არც ისე დიდი ხნის წინ ცოლთან ერთად მან სამეფოს მახარობელთა სკოლაც დაამთავრა. მისი ბრწყინვალე მოხსენების დასასრულ ტაშის დაკვრისას გარშემო იყურები და ფიქრობ, რამხელა დასწავლებას იღებს ღვთის ხალხი.
ბიბლია წინასწარმეტყველებს დროზე, როცა ღვთის ხალხი იეჰოვას მიერ განისწავლება (ეს. 54:13). ჩვენ სწორედ ამ დროში ვცხოვრობთ. ის არა მხოლოდ პუბლიკაციების მეშვეობით გვასწავლის, არამედ შეხვედრების, კონგრესებისა და იმ სკოლების მეშვეობით, რომლებიც იეჰოვას ორგანიზაციაში კონკრეტული დავალებების შესასრულებლად გვამზადებს. ამ ნაწილიდან გავიგებთ, როგორ ადასტურებს ამ მრავალმხრივი საგანმანათლებლო პროგრამის არსებობა, რომ ღვთის სამეფო უკვე მმართველობს.
-