ახალგაზრდები, რომელთაც ახსოვთ თავიანთი გამჩენი
„გახსოვდეს შენი გამჩენი შენს სიჭაბუკეში“ (ეკლესიასტე 12:1).
1. რა სიტყვებით გამოხატა 11 წლის ბიჭუნამ, რომ შემოქმედი რეალურია მისთვის?
რამდენად შესანიშნავია, როდესაც ახალგაზრდების საუბარი და მოქმედება ცხადყოფს, რომ მათთვის იეჰოვა ღმერთი რეალური პიროვნებაა, რომელიც უყვართ და სურვილი აქვთ, ასიამოვნონ! თერთმეტი წლის ბიჭუნამ თქვა: „როდესაც მარტო ვარ და ფანჯარაში ვიყურები, ვხედავ, როგორი მშვენიერები არიან იეჰოვას ქმნილებები. შემდეგ წარმოვიდგენ, რა შესანიშნავი იქნება სამოთხე მომავალში, სადაც შემეძლება მოვეფერო თითოეულ ცხოველს“ (ესაია 11:6–9). ბოლოს ბიჭუნამ დაუმატა: „როდესაც მარტო ვარ, ლოცვით ველაპარაკები იეჰოვას. ვიცი, ის არასოდეს ბრაზდება ასე ხშირად რომ ვესაუბრები. ვიცი, იეჰოვა ყოველთვის მიყურებს“. ისევე რეალურია შენთვის შემოქმედი, როგორც ამ ბიჭუნასთვის?
რამდენად რეალურია ღმერთი შენთვის?
2. ა) როგორ არის შესაძლებელი, რომ შემოქმედი რეალური გახდეს შენთვის? ბ) რა როლს თამაშობენ მშობლები, რომ დაეხმარონ შვილებს, დააფასონ იეჰოვა, როგორც რეალური პიროვნება?
2 იეჰოვა და მისი აღთქმები რეალური რომ იყოს შენთვის, უპირველესად, უნდა ისწავლო თვითონ ღვთის შესახებ და ბიბლიაში აღწერილი იმ შესანიშნავი მომავლის შესახებ, რომელსაც ის გვპირდება სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში (გამოცხადება 21:3, 4). თუ მშობლებმა უკვე გასწავლეს ყოველივე ეს, მაშინ გაქვს საფუძველი, რომ იყო მადლიერი და ეს მოგცემს ძალას, შეასრულო ღვთის მიერ შთაგონებული მითითება: „გახსოვდეს შენი გამჩენი შენს სიჭაბუკეში“ (ეკლესიასტე 12:1). ერთმა ახალგაზრდამ მშობლებისგან მიღებული ადრინდელი აღზრდის შესახებ თქვა: „ცხოვრების ყოველ სფეროში იეჰოვა იდგა ყველგან. ეს არის ძირითადი ფაქტორი, რომ ყოველთვის მახსოვს გამჩენი“. ერთმა გოგონამ აღნიშნა: „ყოველთვის მადლიერი ვიქნები ჩემი მშობლების, რადგან მასწავლეს, რომ იეჰოვა რეალური პიროვნებაა. მათ მიჩვენეს, თუ როგორ უნდა მყვარებოდა ის და მიყვებოდნენ, თუ რა დიდი სიხარულია სრული დროით მსახურება“.
3, 4. რას შეუძლია დაგეხმაროს, იეჰოვაზე ისე ფიქრობდე, როგორც რეალურ პიროვნებაზე?
3 მაგრამ ბევრისთვის ძნელია ღმერთი ისეთ რეალურ პიროვნებად მიიჩნიონ, რომელიც დაინტერესებულია მათი არსებობით. შენც ასე ხომ არ ფიქრობ? მაგალითად, ერთ-ერთ ახალგაზრდას ღმერთი რომ პიროვნებად მიეჩნია, დაეხმარა „საგუშაგო კოშკში“ მოხსენიებული შემდეგი წინადადება: „რამდენად დიდია იეჰოვას სხეული, ჩვენ არ ვიცით“. რასაკვირველია, იეჰოვას უზენაესობა არ არის მის სიდიდესა და ფორმაზე დამოკიდებული, როგორც „საგუშაგო კოშკის“ შემდეგ წინადადებაშია ნათქვამი: „ღვთის ნამდვილი დიდება დამოკიდებულია მის თვისებებზე“, სინამდვილეში ის არის ერთგული, თანამგრძნობი, მოსიყვარულე და მიმტევებელი ღმერთიa (გამოსვლა 34:6; მეორე რჯული 32:4; ფსალმუნი 85:5; იაკობი 5:11). მიხვედი თუ არა იმ დასკვნამდე, რომ იეჰოვაა სწორედ ასეთი პიროვნება, ერთგული მეგობარი, ვისთანაც შეგიძლია დიდებული ურთიერთობა გქონდეს? (ესაია 41:8; იაკობი 2:23).
4 იესო თავის ადრინდელ მიმდევრებს ეხმარებოდა, რომ სიხარული ეგრძნოთ ღმერთთან პირადი ურთიერთობით. ამგვარად, როდესაც მოციქული იოანე ზეციერი აღდგომის მოლოდინის შესახებ წერდა, ამბობდა: „მისი მსგავსნი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას, როგორიც არის“ (1 იოანე 3:2; 1 კორინთელთა 15:44). დღეს ახალგაზრდებს ღვთის რეალურ პიროვნებად მიჩნევაში შეიძლება დაეხმაროს ღვთის უფრო კარგად გაცნობა მიუხედავად იმისა, რომ პირადად ვერ ხედავენ. ერთმა ყმაწვილმა თქვა: «მშობლები მეხმარებოდნენ მხსომებოდა იეჰოვა, რადგან ბევრ შეკითხვებს მაძლევდნენ, მაგალითად: „რას იტყოდა იეჰოვა? როგორ აგვიხსნიდი ამას შენი სიტყვებით? რას ნიშნავს ეს?“» ნუთუ ასეთი შეკითხვები არ დაგვაფიქრებს ღმერთთან ჩვენს პირად ურთიერთობაზე?
რას ნიშნავს, გახსოვდეს
5. ბიბლიიდან მოყვანილი რა მაგალითები ცხადყოფს, რომ პიროვნების გახსენება, მისი სახელის გახსენებაზე უფრო მეტს ნიშნავს?
5 დაიცვა მითითება — „გახსოვდეს შენი გამჩენი“, — იეჰოვას შესახებ ფიქრზე მეტს ნიშნავს. ეს ითვალისწინებს მოქმედებას, იმის შესრულებას, რაც მისთვის სასიამოვნოა. როდესაც ავაზაკი შეევედრა იესოს, ‘გამიხსენე, როცა შენს სასუფეველში მიხვალო’, მას ის კი არ სურდა, იესოს მხოლოდ მისი სახელი გაეხსენებინა, არამედ უფრო მეტი გაეკეთებინა. მას სურდა, იესოს ემოქმედა, რომ აღედგინა ის (ლუკა 23:42). მსგავსად ელოდა პატიმარი იოსები, რომ მის სასარგებლოდ იმოქმედებდა ფარაონის მწდეთუხუცესი, როდესაც სთხოვა, გაეხსენებინა ის ფარაონისთვის. და, როდესაც იობი ევედრებოდა ღმერთს „გამიხსენებდე“, სთხოვდა, რომ მომავალში მკვდრეთით აღედგინა (იობი 14:13; დაბადება 40:14, 23).
6. როგორ შეიცავს ებრაული სიტყვა, რომელიც ‘გახსენებად’ გადმოითარგმნა, სიყვარულს იმ საგნის ან პიროვნების მიმართ, რომელიც გაგახსენდა?
6 ერთ-ერთი სპეციალისტი ამბობს, რომ ებრაული სიტყვა, რომელიც გადმოითარგმნა „გახსენებად“, ხშირად ნიშნავს „გონივრულ სიყვარულსა და გახსენებას, რომელსაც თან ახლავს მოქმედება“. „გახსენებაში“, რომ ასევე სიტყვა: „სიყვარული“ იგულისხმება, ნათლად შეიძლება დავინახოთ უდაბნოში ‘ჭრელი ბრბოს’ შეძახილში: „გვაგონდება თევზი, მუქთად რომ ვჭამდით ეგვიპტეში“! ისევე როგორც იობი ევედრებოდა ღმერთს სასიკეთოდ გაეხსენებინა თვითონ იობი, ასევე ხიზკია, ნეემია, დავითი და უცნობი ფსალმუნმომღერალი ევედრებოდნენ, სიყვარულით გაეხსენებინა იეჰოვას ისინი და ხსომებოდა მათი ერთგულება (რიცხვნი 11:4, 5; მეოთხე მეფეთა 20:3; ნეემია 5:19; 13:31; ფსალმუნი 24:7; 105:4).
7. თუ სიყვარულით გავიხსენებთ ღმერთს, როგორ გავლენას მოვახდენთ ამით ჩვენს მოქმედებებზე?
7 ჩვენ შესაძლოა გვებადება კითხვა: „სიყვარულით გვახსოვს თუ არა ჩვენი გამჩენი შემოქმედი და ვცდილობთ თუ არა ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ ტკივილი და ტანჯვა არ მივაყენოთ?“ ერთი ახალგაზრდა აღნიშნავს: „დედა დამეხმარა, გამეგო, რომ იეჰოვას აქვს გრძნობები და ჯერ კიდევ პატარა, ვხვდებოდი, რომ ჩემი საქციელი მოქმედებდა მასზე“ (ფსალმუნი 77:40–42). მეორე ახალგაზრდა განმარტავს: „ვიცოდი, რომ ჩემი მოქმედებით ან მხარს დავუჭერდი, ან შევეწინააღმდეგებოდი სატანის მიერ წამოჭრილ საკამათო საკითხში იეჰოვასგან პასუხის გაცემას. მინდოდა, რომ იეჰოვას გული გამეხარებინა და ეს მეხმარებოდა მაშინ და მეხმარება დღესაც“ (იგავნი 27:11).
8. ა) რისკენ გვექნება ლტოლვა, თუ სიყვარულით გვემახსოვრება იეჰოვა? ბ) რა შეკითხვები უნდა განიხილონ ახალგაზრდებმა ბრძნულად?
8 აღსანიშნავია, რომ ამ ბოროტ წუთისოფელში ყოველთვის იოლი არაა გახსოვდეს იეჰოვა ისე, რომ ბოლომდე მიიღო მონაწილეობა მის მოსაწონ საქმეებში. მაგრამ, რამდენად შესანიშნავი იქნებოდა, მიგებაძა პირველ საუკუნეში მცხოვრები ახალგაზრდა ტიმოთესთვის — აღარაფერი რომ ვთქვათ დღეს მცხოვრებ ათასობით ღვთისმოშიშ ახალგაზრდაზე — და როგორც პიონერს სრული დროით შეგესრულებინა ქრისტიანული მსახურება! (საქმეები 16:1–3; 1 თესალონიკელთა 3:2). მაგრამ შეიძლება წამოიჭრას კითხვა: შეძლებ თუ არა უზრუნველყო საკუთარი თავი პიონერული მსახურების შესასრულებლად? და თუ დაქორწინდი, გექნება თუ არა უნარი იზრუნო ოჯახზე? (1 ტიმოთე 5:8). ეს საყურადღებო კითხვებია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სერიოზულად დაფიქრდე მათზე.
მიზანდასახული განათლება
9. რა გადაწყვეტილების წინაშე დგანან ახალგაზრდები ქვეყნიურ განათლებასთან დაკავშირებით?
9 ადამიანთა საზოგადოება რაც უფრო კომპლექსური ხდება, მით უფრო აუცილებელია განათლების მიღება, რომ გქონდეს შესაფერისი სამუშაო და პიონერული მსახურების დროს უზრუნველყო საკუთარი თავი. შესაძლოა მიგიქცევია ყურადღება, რომ უნივერსიტეტდამთავრებულებს უწევთ დამატებითი განათლების მიღება, რომ დააკმაყოფილონ დამქირავებელთა მოთხოვნები. ასე რომ, რა განათლება უნდა მიიღოთ თქვენ ახალგაზრდებო, რომლებსაც გსურთ, ასიამოვნოთ ღმერთს? გადაწყვეტილება ისე უნდა მიიღო, რომ გონებაში ჩაბეჭდილი გქონდეს ღვთის მიერ შთაგონებული მითითება: „გახსოვდეს შენი გამჩენი“.
10. რომელია ის საუკეთესო განათლება, რომლის მიღებაც შეგვიძლია?
10 რასაკვირველია, გსურს, შეიძინო ისეთი განათლება, რომელსაც ქვეყნების ხელისუფლებებიც საუკეთესოდ მიიჩნევენ — და რომელიც ღვთის სიტყვის გულდასმითი შესწავლით ხორციელდება. გერმანელი მწერალი იოჰან ვოლფგანგ გოეთე წერდა: „[ადამიანთა] უფრო დიდი ინტელექტუალური პროგრესი უფრო მეტად შესაძლებელი იქნება, თუ ადამიანი ძირითად საყრდენად და განათლების იარაღად გამოიყენებს ბიბლიას“. დიახ, ბიბლიის შესწავლა უფრო მეტად მოგამზადებს ცხოვრებისთვის, ვიდრე სხვა ნებისმიერი განათლება (იგავნი 2:6–17; 2 ტიმოთე 3:14–17).
11. ა) რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რომლის გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია? ბ) რატომ გადაწყვიტა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ განათლების მიღება?
11 რადგანაც ღვთის შემეცნება სიცოცხლის მომცემია და ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გაკეთებაც დღეს შეგიძლია, არის ამ შემეცნების სხვებისთვის გაზიარება (იგავნი 3:13–18; იოანე 4:34; 17:3). ეს რომ ეფექტურად გაკეთდეს, აუცილებელია ძირითად საკითხებში ცოდნის მიღება. ამისთვის უნდა შეგწევდეს ნათელი აზროვნების უნარი, უნდა შეგეძლოს ლოგიკური საუბარი და კარგი წერა-კითხვა — ის ხელოვნება, რასაც სკოლაში ეუფლები. ასე რომ, ფლორიდელი (აშშ) ტრეისის მსგავსად, რომელმაც სკოლა წარჩინებით დაამთავრა, სერიოზულად მოეკიდე სკოლაში სწავლების კურსს. მან თავისი იმედი შემდეგი სიტყვებით გამოთქვა: „ყოველთვის მიზნად მქონდა დასახული, ჩემი ღმერთი იეჰოვასადმი სრული დროით მემსახურა და ვიმედოვნებდი, რომ განათლება დამეხმარებოდა ამ მიზნის მიღწევაში“.
12. თუ დამატებითი განათლების მიღება იქნება არჩეული, რა მიზნის შესრულებაში შეიძლება იყოს დამხმარე?
12 გიფიქრია თუ არა ოდესმე, რისთვის დადიხარ სკოლაში? თავდაპირველად ეს ხომ არ გამზადებს იეჰოვასადმი უფრო ეფექტური მსახურებისთვის? თუ ასეა, აუცილებელია, რომ სერიოზულად დაფიქრდე, თუ რამდენად კარგად შეგასრულებინებს განათლება ამ განზრახვას. მშობლებთან მოლაპარაკებით შესაძლოა მიიღოთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ იმ მინიმუმის გარდა, რასაც კანონი მოითხოვს, კიდევ მიიღო განათლება. ასეთი დამატებითი განათლება შესაძლოა დაგეხმაროს ისეთ ადგილზე მუშაობაში, რომ შეძლო იზრუნო საკუთარ თავზე და გქონდეს დრო და ენერგია სამეფო საქმიანობაში ბოლომდე მონაწილეობის მისაღებად (მათე 6:33).
13. ორმა რუსმა ქრისტიანმა, რომლებმაც დამატებითი განათლების მიღება ირჩიეს, როგორ აჩვენეს თავიანთი ცხოვრების მიზანი?
13 ზოგი ღებულობს დამატებით განათლებას და სწავლასთან ერთად სრული დროით მსახურებასაც ახერხებს. განვიხილოთ ნადიასა და მარინას მაგალითი, რომლებიც ახალგაზრდები არიან და ცხოვრობენ მოსკოვში. ორივე 1994 წლის აპრილში მოინათლა და დაიწყო დამხმარე პიონერად მსახურება. მალე, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ისინი ჩაირიცხნენ ორწლიან სააღრიცხვო სკოლაში. მათ 1995 წლის მაისში დაიწყეს სრული დროით პიონერული მსახურება, ამავე დროს, სკოლაში ყველა საგანში ფრიადოსნები იყვნენ. გარდა ამისა, მათ შეძლეს ყოველ კვირა საშუალოდ 14 ადგილზე ბიბლიის შესწავლის ჩატარება იმ დროს, როდესაც სწავლას განაგრძობდნენ. გოგონები იმედოვნებენ, რომ სააღრიცხვო საკითხებში მიღებული განათლება დაეხმარება მათ, იპოვონ შესაფერისი სამსახური და სრული დროით მსახურებისას უზრუნველყონ საკუთარი თავი.
14. მიუხედავად იმისა, თუ როგორი დამატებითი განათლების მიღება ავირჩიეთ, რა უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში?
14 თუ შენ გსურს, მიიღო იმაზე მეტი განათლება, რასაც კანონი მოითხოვს, გონივრულად აწონ-დაწონე შენი გადაწყვეტილების მიზეზი. იმისთვის ხომ არ გსურს ამ ნაბიჯის გადადგმა, რომ სახელი მოუტანო შენს თავს და გამდიდრდე? (იერემია 45:5; 1 ტიმოთე 6:17). იქნებ შენი მიზანია, დამატებითი განათლება იეჰოვასადმი უფრო მეტი მსახურებისთვის გამოიყენო? ლიდიამ, ახალგაზრდამ, რომელმაც დამატებითი განათლების მიღება ირჩია, ცხადყო, რომ მნიშვნელოვან ყურადღებას სულიერ საკითხებზე ამახვილებდა და განმარტა: „ბევრს უმაღლესი განათლების მიღება და მატერიალიზმით გატაცება უშლის ხელს და ივიწყებს ღმერთს. პირადად ჩემთვის ღმერთთან ურთიერთობა ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია“. რა ქების ღირსი თვალსაზრისია ჩვენთვის!
15. რა სხვადასხვაგვარი განათლება ჰქონდათ პირველი საუკუნის ქრისტიანებს?
15 მნიშვნელოვანია, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანებს სხვადასხვაგვარი განათლება ჰქონდათ. მაგალითად, პეტრე და იოანე მოციქულებს ‘უწიგნურ და უმეცარ ადამიანებად’ მიიჩნევდნენ, რადგან მათ არ ჰქონდათ რაბინთა სკოლა დამთავრებული (საქმეები 4:13). მეორე მხრივ, პავლე მოციქულს, თუ დღევანდელ ტერმინებს ვიხმართ, მიღებული ჰქონდა უმაღლესი განათლება. მაგრამ პავლეს თავისი განათლება საკუთარი თავის გამოსაჩენად არ გამოუყენებია; პირიქით, ეს ეხმარებოდა მას ექადაგა ყოველი პროფესიის ადამიანებისთვის (საქმეები 22:3; 1 კორინთელთა 9:19–23; ფილიპელთა 1:7). აგრეთვე მანაინი, „ტეტრარქის, ჰეროდეს ძუძუმტე“, ანტიოქიის კრებას ხელმძღვანელობდა (საქმეები 13:1).
რატომ უნდა გამოიყენო ბრძნულად შენი თანხები
16. ა) რატომ შეიძლება იყოს რთული, გვახსოვდეს ჩვენი შემოქმედი მაშინ, როცა გვაქვს ვალები? ბ) იესოს რომელი იგავი ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ თანხების დახარჯვამდე?
16 თუ უგუნურად იყენებ თანხებს, შეიძლება ძალიან ძნელი იყოს, გახსოვდეს შემოქმედი და მის მოსაწონად მოიქცე. თუ ვალები გაქვს, შეიძლება ითქვას, რომ კიდევ ერთი ბატონი გყავს. ბიბლია განმარტავს: „მოვალე მევალის მონაა“ (იგავნი 22:7). იესოს ერთ-ერთ მაგალითში ხაზგასმითაა ნაჩვენები, რომ ფულის დახარჯვამდე დაფიქრებაა საჭირო. იესომ თქვა: „რომელიმე თქვენგანმა რომ კოშკის აშენება მოისურვოს, განა თავდაპირველად არ დაჯდება და არ გამოთვლის იმ ფასს, რაც მის დასამთავრებლად იქნება საჭირო? რადგან საძირკველს თუ ჩაყრის და ვერ დაამთავრებს, ყველა, ვინც დაინახავს, დაცინვას დაუწყებს“ (ლუკა 14:28, 29).
17. რატომ არის ხშირად რთული, კონტროლი გავუწიოთ ფულის ხარჯვას?
17 ამიტომაც ბრძნულია შეეცადო, იცხოვრო ბიბლიის პრინციპების თანახმად და ‘არავისი არაფერი დაგედოს ვალად, გარდა ერთიმეორის სიყვარულისა’ (რომაელთა 13:8). მაგრამ ამის კეთება ძნელია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც განუწყვეტლივ ხედავ ახალ პროდუქციებს, რომელთა შესახებაც რეკლამები გარწმუნებენ, რომ ნამდვილად გჭირდება. ერთ-ერთი მშობელი, რომელიც შვილებს ეხმარებოდა, ესწავლათ შორსმჭვრეტელობა, აღნიშნავს: „ხშირად ძალიან ბევრს ვმსჯელობდით იმის შესახებ, თუ რა გვჭირდებოდა და რა — უბრალოდ გვსურდა“. სკოლამ ვერ შეძლო, დახმარებოდა ბავშვებს, ესწავლათ ასეთი საკითხები, თუნდაც მცირე მითითების მიცემა ფინანსებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით. „სკოლის დამთავრების დროს ტოლგვერდა სამკუთხედზე უფრო მეტი ვიცოდით, ვიდრე თანხების ეკონომიურ ხარჯვაზე“, — აღნიშნა ერთმა მუშაკმა. მაშ, რა დაგვეხმარება, რომ ბრძნულად დავხარჯოთ თანხები?
18. რა არის ძირითადი საშუალება ფინანსების ბრძნულად განაწილებისთვის და რატომ?
18 საკუთარი ფინანსების ბრძნულად გამოყენების საწინდარია მოწოდების — „გახსოვდეს შენი გამჩენი“ — დაცვა. ეს იმიტომ, რომ, როდესაც ემორჩილები მის მითითებას, პირველ ადგილზე აყენებ იეჰოვას სიამოვნებას და ფულის გამოყენების საკითხებში შენზე გავლენას მოახდენს მისადმი სიყვარული. ამგვარად, შეეცდები რომ არ დაუშვა, პირადი სურვილები ღვთისადმი მთელი სულითა და გულით მიძღვნას შეეწინააღმდეგოს (მათე 16:24–26). შეეცდები, რომ თვალი ‘სუფთად’ შეინახო, რაც ღვთის სამეფოსა და მისი ნების შესრულებაზე ყურადღების გამახვილებას ნიშნავს (მათე 6:22–24). ამგვარად მიხვალ იმ დასკვნამდე, რაც ღვთის მიერ მოცემულ მითითებაში წერია: „პატივი მიაგე უფალს შენი ქონებიდან და მთელი შენი მოსავლის პირველმოწეული ნაყოფით“ (იგავნი 3:9).
მისაბაძი ახალგაზრდები
19. როგორ ახსოვდათ წარსულში მცხოვრებ ახალგაზრდებს თავიანთი შემოქმედი?
19 საბედნიეროდ, ბევრ ახალგაზრდას როგორც წარსულში, ასევე დღესაც, ახსოვს თავიანთი შემოქმედი. კარავში მსახურების დროს მასთან ერთად მომსახურეების უზნეო გავლენის მიუხედავად, პატარა სამუელი მტკიცე იყო (პირველი მეფეთა 2:12–26). მიმზიდველმა მაცდურმა, პოტიფარის ცოლმა, ვერ შეძლო მრუშობის მახეში გაება ახალგაზრდა იოსები (დაბადება 39:1–12). ჯერ კიდევ „ბავშვი“ იერემია, სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, გაბედულად ქადაგებდა (იერემია 1:6–8). პატარა ისრაელმა გოგონამ უშიშრად მიუთითა ძლევამოსილი სირიის (არამის) ჯარების სარდალს, ისრაელში ეძებნა დახმარება, სადაც იეჰოვას შესახებ გაიგებდა (მეოთხე მეფეთა 5:1–4). ახალგაზრდა დანიელმა და მისმა მეგობრებმა რწმენა შეინარჩუნეს, როდესაც იცდებოდნენ ღვთის რჯულის თანახმად მიღებულ კვების საკითხებში. ახალგაზრდა შადრაქმა, მეშაქმა და ყაბედ-ნეგომ ირჩიეს ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში ჩაეყარათ, ვიდრე დაეთმოთ ღვთისადმი ერთგულება და კერპისთვის ეცათ თაყვანი (დანიელი 1:8, 17; 3:16–18; გამოსვლა 20:5).
20. როგორ ახსოვდა მრავალ ახალგაზრდას თავიანთი შემოქმედი ჩვენს ეპოქაში?
20 დღესაც 19-დან 25-წლამდე 2 000 ახალგაზრდა მსახურობს იეჰოვას მოწმეთა მთავარ განყოფილებაში (ნიუ-იორკი, აშშ). ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია, რადგან მათთან ერთად მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ახალგაზრდას ახსოვს თავისი შემოქმედი. წარსულში მცხოვრები იოსების მსგავსად, მათ უარი თქვეს მორალური სიწმინდის შებღალვაზე. მრავალი დაემორჩილა ღმერთს და არა ადამიანს იმ დროს, როდესაც იძულებითი არჩევნის წინაშე იდგნენ (საქმეები 5:29). პოლონეთში 1946 წელს საშინლად აწამეს ჰენრიკა ზური, როდესაც უარი თქვა რელიგიურ კერპთაყვანისმცემლობაში მონაწილეობაზე. მას ურჩიეს: „რაც გსურს ის გწამდეს, მხოლოდ კათოლიკურად გადაისახე პირჯვარი“. რადგანაც გოგონამ ეს არ გააკეთა, ძალით წაათრიეს ტყეში და დახვრიტეს, მაგრამ მისი იმედი მარადიულ სიცოცხლეზე შეურყეველი დარჩაb!
21. რა შეგონების მიღება იქნებოდა ბრძნული და რა შედეგით?
21 როგორ გაუთბებოდა იეჰოვას გული იმ ახალგაზრდებით, რომლებსაც ახსოვდათ იეჰოვა საუკუნეების განმავლობაში! გამოეხმაურები თუ არა მის შეგონებას: „გახსოვდეს შენი გამჩენი“! ფაქტია, ის იმსახურებს, რომ ყოველთვის გახსოვდეს! ყოველდღიურად იფიქრე, თუ რა გაგიკეთა და კიდევ რას გააკეთებს შენთვის და გამოეხმაურე მის შეგონებას: „შვილო, იყავი ბრძენი, გული გამიხარე; და მეც პასუხს გავცემ ჩემს მაგინებელს“ (იგავნი 27:11).
[სქოლიოები]
a „საგუშაგო კოშკი“, 1953 წლის 15 დეკემბერი, გვერდი 750 (ინგლ.).
b იხილე 1994 წლის „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეული“, გვერდები 217–218 (ინგლ.), გამოქვეყნებული საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების მიერ.
შეგიძლია გაიხსენო?
◻ როგორ შეიძლება დავეხმაროთ პატარებს, რომ ღმერთი რეალურ პიროვნებად მიიჩნიონ?
◻ რას ნიშნავს გახსოვდეს შენი გამჩენი?
◻ რა მიზნისთვის უნდა იყოს დასახული განათლების მიღება?
◻ რატომ არის მნიშვნელოვანი თანხების ბრძნულად განაწილება?
◻ რომელი ახალგაზრდები არიან მიბაძვის ღირსი?
[სურათი 25 გვერდზე]
დაფიქრებულხარ ოდესმე, თუ რატომ დადიხარ სკოლაში?
[სურათი 26 გვერდზე]
სწავლობ თუ არა თანხების ბრძნულად გამოყენებას?