საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g98 6/8 გვ. 4-7
  • სიღარიბის ტყვეები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სიღარიბის ტყვეები
  • გამოიღვიძეთ! — 1998
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • შიმშილობა და ცუდი კვება
  • სუსტი ჯანმრთელობა
  • უმუშევრობა და დაბალი ანაზღაურება
  • გარემოს განადგურება
  • განათლება
  • საცხოვრებლები
  • მოსახლეობა
  • რა კეთდება სიღარიბის აღმოსაფხვრელად
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
  • მალე სიღარიბეს ბოლო მოეღება
    გამოიღვიძეთ! — 1998
  • მალე აღარავინ იქნება ღარიბი!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1995
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 1998
g98 6/8 გვ. 4-7

სიღარიბის ტყვეები

იესო ქრისტემ ახ. წ. 33 წელს თავის მოწაფეებს უთხრა: „ღარიბნი მუდამ თქვენთან გყავთ“ (მათე 26:11). რას გულისხმობდა ის ამ სიტყვებში? ნუთუ იმას, რომ სიღარიბეს არასოდეს მოეღებოდა ბოლო?

გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ჯეიმზ სპეთმა, განაცხადა: „ვერ დავეთანხმებით იმ აზრს, რომ [სიღარიბე] ყოველთვის იარსებებს. თანამედროვე მსოფლიოს აქვს საიმისო სახსრები, უნარი და მოხერხება, რომ სიღარიბე წარსულს ჩაჰბარდეს“. მაგრამ შეუძლია თანამედროვე მსოფლიოს სიღარიბის აღმოფხვრა?

როგორც ჩანს, გაეროს გენერალური ასამბლეა იმედოვნებს, რომ ადამიანთა ძალისხმევით სიღარიბე აღმოიფხვრება; მან 1997—2006 წლები „გაეროს მიერ სიღარიბის აღმოფხვრის [პირველ] ათწლეულად“ გამოაცხადა. გაერომ მთავრობებთან, ხალხთან და დაწესებულებებთან თანამშრომლობა გადაწყვიტა, რათა ხელი შეუწყოს ეკონომიკის განვითარებას, მეტად ხელმისაწვდომი გახადოს მომსახურების ძირითადი სფეროები, გააუმჯობესოს ქალების მდგომარეობა, დაასაქმოს და შემოსავლით უზრუნველყოს მოსახლეობა.

რა დიდებული მიზნებია! მაგრამ მიაღწევს მათ ოდესმე საზოგადოება? განვიხილოთ ზოგიერთი დაბრკოლება, რომლებიც ხელს უშლის ადამიანების მიერ სიღარიბის აღმოფხვრას.

შიმშილობა და ცუდი კვება

აიემბე ზაირში ცხოვრობს. ის ოჯახის 15 წევრს ინახავს. ხანდახან დღეში ერთხელ ახერხებენ ჭამას — იკვებებიან სიმინდის ფაფით, რომელიც კასავას ფოთლებით, მარილითა და შაქრითაა შეზავებული. ზოგჯერ ორი-სამი დღის განმავლობაში საჭმელად არაფერი აქვთ. „სანამ ბავშვები შიმშილისგან ტირილს არ დაიწყებენ, საჭმელს არ ვამზადებ“, — ამბობს აიემბე.

მათი მდგომარეობა გამონაკლისი არ არის. განვითარებად ქვეყნებში ყოველი მეხუთე ადამიანი ყოველ ღამე მშიერი იძინებს. მთელ მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი — მათ შორის 200 მილიონი ბავშვი — გამუდმებით მშიერია. ეს ბავშვები ნორმალურები არ იზრდებიან; ხშირად ავადმყოფობენ. სკოლაში მათი აკადემიური მოსწრების დონე დაბალია. როცა იზრდებიან, ამ ყოველივეს მძიმე შედეგები მოაქვს მათთვის. ამგვარად, სიღარიბის გამო, ხშირად, ადამიანები მშივრები რჩებიან, რაც, თავის მხრივ, ისევ სიღარიბეს უწყობს ხელს.

სიღარიბეს, შიმშილობას და ცუდ კვებას იმდენად ფართო ხასიათი აქვს, რომ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ძალები მათთან გამკლავებაში მარცხს განიცდიან. მდგომარეობა კი არ უმჯობესდება, არამედ უარესდება.

სუსტი ჯანმრთელობა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, სიღარიბე „მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი სენი“ და „სიკვდილის, დაავადებისა და ტანჯვის მთავარი მიზეზია“.

1996 წელს გამოცემულ წიგნში (An Urbanizing World: Global Report on Human Settlements) აღნიშნული იყო, რომ ლათინურ ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში სულ მცირე 600 მილიონი ადამიანი ისეთ პირობებში ცხოვრობდა — უწყლოდ, სანიტარული პირობებისა და კანალიზაციის გარეშე — რომ მათ ჯანმრთელობას გამუდმებით საფრთხე ემუქრებოდა. მსოფლიოში მილიარდზე მეტი ადამიანისთვის სუფთა წყალი მიუწვდომელია. ასობით მილიონ ადამიანს სწორ კვებაზე არ მიუწვდება ხელი. ყველა ამ ფაქტორის გამო ღარიბებს ავადმყოფობის თავიდან აცილება უძნელდებათ.

ხშირად ღარიბებს არც ის შეუძლიათ, რომ იმკურნალონ. როცა ავად ხდებიან, შეიძლება არც ჰქონდეთ საჭირო პრეპარატის შეძენის ან სამედიცინო მკურნალობის საშუალება. ღარიბები დიდხანს ვერ ცოცხლობენ; თუ იცოცხლებენ, შეიძლება ქრონიკული დაავადებები ჰქონდეთ.

მალდივის რესპუბლიკაში მცხოვრები ერთი გამყიდველი, საჰიდი, ამბობს: „სიღარიბე ჯანმრთელობას გირყევს, ეს კი მუშაობაში გიშლის ხელს“. უმუშევრობა, რა თქმა უნდა, უფრო გაღარიბებს. ამის შედეგი კი სასტიკი და საზარელი ციკლია, სადაც სიღარიბე და ავადმყოფობა ერთმანეთს ამწვავებს.

უმუშევრობა და დაბალი ანაზღაურება

სიღარიბის კიდევ ერთი მიზეზი უმუშევრობაა. მთლიანობაში დაახლოებით 120 მილიონ შრომისუნარიან ადამიანს არა აქვს სამუშაო. ამასთანავე, დაახლოებით 700 მილიონი ადამიანი დილიდან საღამომდე მუშაობაში კაპიკებს იღებს, რათა ძირითადი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს.

კამბოჯელი მძღოლი, რუდინი, ამბობს: „აი, რას ნიშნავს სიღარიბე ჩემთვის: დღეში 18 საათზე მეტს ვმუშაობ, მაგრამ ჩემი ანაზღაურება საკვებზე მაინც არ გვყოფნის მე, ჩემს მეუღლესა და ორ შვილს“.

გარემოს განადგურება

სიღარიბესთანაა დაკავშირებული გარემო პირობების გაუარესება. გვიანაში (სამხრეთ ამერიკა) მცხოვრები მკვლევარი, ელზა, ამბობს: „სიღარიბე ანადგურებს ბუნებას — ტყეს, მიწას, ცხოველებს, მდინარეებსა და ტბებს“. აი, კიდევ ერთი ტრაგიკული ციკლი — სიღარიბე ანადგურებს გარემოს, ეს უკანასკნელი კი ხელს უწყობს სიღარიბის მუდმივად არსებობას.

ძველთაგანვე, ნაკვეთს ამუშავებენ მანამდე, სანამ ნიადაგი არ გამოიფიტება ან სხვა მიზნისთვის არ იქნება გამოყენებული. ძველი დროიდან მოდის ტყის გაჩეხვაც — ტყეების გაკაფვა ხე-ტყისა და შეშის მოპოვების ან მარცვლეულის დათესვის მიზნით. დღეს დედამიწაზე მოსახლეობის ზრდის გამო, ამ ყოველივემ უდიდეს მასშტაბებს მიაღწია.

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის თანახმად, გასული 30 წლის განმავლობაში სახნავ-სათესი მიწების დაახლოებით 20 პროცენტი გამოიფიტა, უმთავრესად ნიადაგის გასანოყიერებლად, ფულისა და ტექნიკის უქონლობის გამო. ამავე პერიოდში არასწორად კონსტრუირებული საირიგაციო სისტემებით სარგებლობამ მილიონობით ჰექტარი მიწა უნაყოფოდ აქცია. მილიონობით ჰექტარი ტყე კი ყოველწლიურად ჩანაგდება ადგილის სახნავ-სათესად მომზადებისა და ხე-ტყისა და შეშის მოპოვების მიზნით.

ამგვარი განადგურება სიღარიბესთან ორგვარადაა დაკავშირებული. ჯერ ერთი, ღარიბები ხშირად იძულებული ხდებიან, საკუთარი ინტერესებისთვის — საკვებისა და საწვავისთვის — უკანონოდ გამოიყენონ ბუნება. როგორ გინდა ელაპარაკო „განუხრელი ზრდისა“ და მომავალი თაობის კეთილდღეობის შესახებ მშიერ და ღარიბ ადამიანს, რომელიც იძულებულია, ზიანი მიაყენოს ბუნებრივ რესურსებს, რათა დღეს გადარჩეს? მეორეც, მდიდრები ხშირად თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ ბუნებრივ რესურსებს, რომლებიც ღარიბებს ეკუთვნის. მაშასადამე, მდიდრებისა თუ ღარიბების მიერ ბუნებრივი რესურსების განადგურება სიღარიბეს ამწვავებს.

განათლება

ფილიპინებზე ქალაქის სოციალური პრობლემების სფეროში მომუშავე ალისია ამბობს: „სიღარიბე ის არის, როცა ქალი შვილებს სკოლაში კი არ გზავნის, არამედ ქუჩაში უშვებს სამათხოვროდ, რადგან სხვაგვარად შიმშილით დაიხოცებიან. დედამ იცის, რომ იმას იმეორებს, რამაც თვითონ მახეში გააბა, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ხედავს“.

დაახლოებით 500 მილიონი ბავშვისთვის სკოლები არ კმარა. მილიარდი ზრდასრული პიროვნება, ფაქტობრივად, გაუნათლებელია. განათლების გარეშე დამაკმაყოფილებელი სამუშაოს შოვნა ძნელია. ასე რომ, სიღარიბეს მოჰყვება გაუნათლებლობა, გაუნათლებლობას კი — სიღატაკე.

საცხოვრებლები

უბინაობა ღარიბ და ზოგჯერ მდიდარ ქვეყნებშიც შეინიშნება. ერთი ცნობის თანახმად, ბოლო 5 წლის განმავლობაში ნიუ იორკში დაახლოებით 250 ათასი ადამიანი ცხოვრობდა უსახლკაროთა თავშესაფარში. ღარიბები ევროპაშიც არიან. ლონდონში 400 000-მდე უსახლკაროა. საფრანგეთში კი ნახევარ მილიონ ადამიანს არ გააჩნია თავშესაფარი.

უარესი მდგომარეობაა განვითარებად ქვეყნებში. საკვების მოპოვების, სამუშაოს შოვნისა და ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით ხალხი ქალაქში გადადის საცხოვრებლად. ამიტომ ზოგ ქალაქში მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი ღარიბ უბნებში და ჯურღმულებში ცხოვრობს. ამგვარად, სოფლის სიღარიბე ხელს უწყობს ქალაქის სიღარიბეს.

მოსახლეობა

ამ პრობლემებს მოსახლეობის ზრდა ამწვავებს. მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობა გასული 45 წლის განმავლობაში ორზე მეტჯერ გაიზარდა. გაეროს ვარაუდით, მოსახლეობის რიცხვი 2000 წლისთვის 6,2 მილიარდს მიაღწევს, 2050 წლისთვის კი — 9,8 მილიარდს. მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში მოსახლეობა უსწრაფესი ტემპით იზრდება. 1995 წელს დაახლოებით 90 მილიონი ბავშვი დაიბადა, მათგან 85 მილიონი იმ ქვეყნებში, სადაც ყველაზე მეტად ჭირს მათი რჩენა.

გჯერათ, რომ კაცობრიობა უცებ გაერთიანდება სიღარიბის სამუდამოდ აღმოსაფხვრელად და გადაჭრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა: შიმშილობა, ავადმყოფობა, უმუშევრობა, გარემოს განადგურება, გაუნათლებლობა, ცუდი საცხოვრებელი პირობები და ომი? ალბათ არა.

ნიშნავს ეს იმას, რომ მდგომარეობა გამოუვალია? არა, რადგან ხსნა მალე და უეჭველად იქნება. მაგრამ არა ადამიანის მიერ. მაშ როგორ? რა შეიძლება ითქვას იესოს სიტყვების შესახებ: „ღარიბნი მუდამ თქვენთან გყავთ“?

[ჩარჩო 7 გვერდზე]

ღარიბთა შორის უღარიბესი

„განვითარებად ქვეყნებს შორის უღარიბეს და ეკონომიკურად ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებს“ გაერომ 1971 წელს „ნაკლებად განვითარებული ქვეყნები“ უწოდა. იმ დროისთვის ასეთი ქვეყნების რიცხვი 21 იყო. ახლა 48 ასეთი ქვეყანა არსებობს, მათ შორის 33 — აფრიკაში.

[სურათი 5 გვერდზე]

მილიონობით ადამიანი დილიდან საღამომდე მუშაობაში კაპიკებს იღებს.

[საავტორო უფლება]

Godo-Foto

[სურათი 6 გვერდზე]

სადაც სიმდიდრეა, იქ სიღარიბეც არსებობს.

[სურათი 7 გვერდზე]

მილიონობით ადამიანი კეთილმოუწყობელ ბინებში ცხოვრობს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება