საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • dp თ. 1 გვ. 4-11
  • დანიელის წიგნი და თქვენ

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • დანიელის წიგნი და თქვენ
  • ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • „დანიელი“ — უძველესი და, ამავე დროს, თანამედროვე წიგნი
  • დანიელი — ღვთის საყვარელი წინასწარმეტყველი
  • ღვთის მაცნე
  • დანიელის წიგნის ორი მხარე
  • იეჰოვა დიდებულ ჯილდოს ჰპირდება დანიელს
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „დანიელი“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
  • დანიელის წიგნს ბრალდებებს უყენებენ
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
  • ღვთის მაცნის მიერ გაძლიერებული
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
იხილეთ მეტი
ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
dp თ. 1 გვ. 4-11

თავი პირველი

დანიელის წიგნი და თქვენ

1, 2. ა) რა უჩვეულო მოვლენების შესახებაა მოთხრობილი დანიელის წიგნში? ბ) რა კითხვები იბადება დანიელის წიგნთან დაკავშირებით?

ძლევამოსილი მეფე თავის ბრძენკაცებს სიკვდილით დასჯით ემუქრება, რადგან მათ ვერ შეძლეს მისი ამაფორიაქებელი სიზმრის გაგება და ახსნა. სამ ახალგაზრდას, რომლებიც თაყვანს არ სცემენ აღმართულ კერპს, გავარვარებულ ღუმელში ყრიან, მაგრამ ისინი ცოცხლები რჩებიან. შუა ლხინში ასობით კაცი ხედავს ხელს, რომელიც სასახლის კედელზე ამოუცნობ სიტყვებს წერს. შეთქმულების ბოროტი მონაწილეები ასაკოვან კაცს ლომების ხაროში აგდებენ, მაგრამ ის სრულიად უვნებელი რჩება. ღვთის წინასწარმეტყველი ოთხი მხეცის შესახებ ხილვას ხედავს, რომელიც მომავალი ათასწლეულების მოვლენებს ეხება.

2 ეს ყოველივე ბიბლიის წიგნ „დანიელის“ მხოლოდ ზოგიერთი ცნობაა. საჭიროა მათი სერიოზულად გამოკვლევა? რამდენად აქტუალურია ამ უძველესი წიგნის ცნობები დღეს? რატომ უნდა გვაინტერესებდეს დაახლოებით 2 600 წლის წინათ მომხდარი მოვლენები?

„დანიელი“ — უძველესი და, ამავე დროს, თანამედროვე წიგნი

3, 4. რატომ აღელვებს მრავალს კაცობრიობის მომავალი?

3 დანიელის წიგნის უმეტეს ნაწილში ყურადღება მახვილდება მსოფლიო მმართველობის საკითხზე, რომელსაც დღეს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ალბათ, ყველა დაეთანხმება იმ აზრს, რომ მძიმე დროში ვცხოვრობთ. ახალი ამბები ყოველდღე დაუნდობლად გვახსენებს, რომ კაცობრიობა, მიუხედავად მეცნიერებისა და ტექნიკის მნიშვნელოვანი მიღწევებისა, გადაუჭრელი პრობლემების მორევში იძირება.

4 ყურადღება მიაქციეთ შემდეგს: ადამიანი მთვარეზე ადის, მაგრამ დედამიწაზე მრავალგან არ შეუძლია შიშის გარეშე სიარული; მას შეუძლია კომფორტულად მოიწყოს სახლი, მაგრამ ვერაფერს ხდება ოჯახების ნგრევის წინააღმდეგ; მან მიაღწია ინფორმაციულ საუკუნეს, მაგრამ ვერ უზრუნველყო ხალხთა შორის მშვიდობა. ერთმა ისტორიკოსმა, პროფესორმა ჰიუ ტომასმა, დაწერა: „შეძენილმა ცოდნამ და განათლებამ ადამიანს ბოლომდე ვერ ასწავლა თავშეკავების გამოვლენა; კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა სხვებთან ერთად ცხოვრების სწავლა“.

5. ხშირ შემთხვევაში რა შედეგი მოაქვს ადამიანის მმართველობას?

5 საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების მცდელობით ადამიანმა მმართველობის სხვადასხვა ფორმა მოსინჯა. მაგრამ თითოეულ მათგანზე გამართლდა მეფე სოლომონის სიტყვები: „კაცი კაცზე მძლავრობდა თავისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 4:1; 8:9). რა თქმა უნდა, ზოგ მმართველს კეთილშობილური მიზნები აქვს. მიუხედავად ამისა, არც ერთ მეფეს, პრეზიდენტსა თუ დიქტატორს არ შეუძლია ავადმყოფობებისა და სიკვდილის მოსპობა. არც ერთ ადამიანს არ შეუძლია დედამიწაზე სამოთხის აღდგენა, რაც ღვთის განზრახვაში შედის.

6. რატომ არ სჭირდება იეჰოვას თავისი ნების შესასრულებლად ადამიანის მიერ შექმნილ მთავრობებთან თანამშრომლობა?

6 შემოქმედს კი ამ ყოველივეს შესრულების სურვილიც აქვს და ძალაც შესწევს. თავისი განზრახვის შესასრულებლად მას არ სჭირდება ადამიანის მიერ შექმნილი მთავრობების ნებართვა, რადგანაც მისთვის „სარწყულის ერთი წვეთივით არიან ხალხები და ქვიშასავით სასწორის პინებზე“ (ესაია 40:15). დიახ, იეჰოვა სამყაროს უზენაესი მმართველია. მის ძალაუფლებას ვერ შეედრება მიწიერი მთავრობების ძალაუფლება. ღვთის სამეფო მმართველობის ყოველგვარ ფორმას შეცვლის და კაცობრიობას მარადიულ კურთხევებს მოუტანს. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ნათლად ამას დანიელის წიგნიდან ვგებულობთ.

დანიელი — ღვთის საყვარელი წინასწარმეტყველი

7. ვინ იყო დანიელი და როგორ ადამიანად თვლიდა მას იეჰოვა?

7 იეჰოვას ძლიერ უყვარდა დანიელი, რომელიც წლების მანძილზე მისი წინასწარმეტყველი იყო. ღვთის ანგელოზმა დანიელს „სათნო კაცი“ უწოდა (დანიელი 9:23). ძველი ებრაული სიტყვა, რომელიც ნათარგმნია როგორც „სათნო“, ნიშნავს „დასაფასებელსა“ და „უსაყვარლესს“. დანიელი უძვირფასესი ადამიანი იყო ღვთის თვალში.

8. როგორ მოხვდა დანიელი ბაბილონში?

8 მოკლედ მიმოვიხილოთ, რა ვითარებაში ცხოვრობდა ღვთის ეს საყვარელი წინასწარმეტყველი. ძვ. წ. 618 წელს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა ალყა შემოარტყა იერუსალიმს (დანიელი 1:1). მცირე ხანში ისრაელის განათლებული ახალგაზრდები ბაბილონში ტყვეებად წაიყვანეს. დანიელიც მათ შორის აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ის ამ დროს სიჭაბუკის წლებში იყო.

9. როგორი მომზადება უნდა გაევლოთ დანიელსა და მის მეგობრებს?

9 დანიელსა და მის მეგობრებს — ხანანიას, მისაელსა და ყაზარიას — სხვა რჩეულ ებრაელებთან ერთად სამ წელიწადს უნდა ესწავლათ „ქალდეველთა მწიგნობრობა და ენა“ (დანიელი 1:3, 4). ზოგი მეცნიერის აზრით, ამაში ენის სწავლაზე მეტი იგულისხმებოდა. მაგალითად, პროფესორი კ. ფ. კილი ამბობს: „დანიელსა და მის მეგობრებს უნდა სცოდნოდათ ქალდეველი მღვდლებისა და სწავლულების სიბრძნე, რაც ბაბილონის სკოლებში ისწავლებოდა“. ასე რომ, დანიელსა და მის მეგობრებს განსაკუთრებულად ამზადებდნენ მეფის კარზე სამსახურისთვის.

10, 11. რა რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ დანიელი და მისი მეგობრები და როგორ დაეხმარა მათ იეჰოვა?

10 როგორ შეიცვალა დანიელისა და მისი მეგობრების ცხოვრება! იუდეაში ისინი იეჰოვას თაყვანისმცემლებს შორის იყვნენ, ახლა კი ისეთ ხალხში უწევდათ ყოფნა, რომლებიც მითურ ღვთაებებს სცემდნენ თაყვანს. მიუხედავად ამისა, დანიელს, ხანანიას, მისაელსა და ყაზარიას შიში არ გაჰკარებიათ. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, რწმენის გამოცდის დროსაც კი არ მიეტოვებინათ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა.

11 ეს არც ისე ადვილი უნდა ყოფილიყო. მეფე ნაბუქოდონოსორი ერთგულად სცემდა თაყვანს ბაბილონის უზენაეს ღვთაება მარდუქს. ამიტომაც მისი ბრძანებები ზოგჯერ სრულიად მიუღებელი იყო იეჰოვას მსახურთათვის (მაგალითად, იხილეთ დანიელი 3:1—7). მაგრამ დანიელსა და მის მეგობრებს მუდამ ღმერთი ხელმძღვანელობდა. სამწლიანი მომზადების პერიოდში ღმერთმა ისინი „ნიჭითა და ყველა წიგნისა და სიბრძნის შემეცნების უნარით“ აკურთხა. დანიელს მან ხილვებისა და სიზმრების ახსნის უნარიც მისცა. როდესაც მეფემ ეს ოთხი ახალგაზრდა გამოსცადა, „დაინახა, რომ ისინი მისი სამეფოს ყველა მოგვზე და შემლოცველზე ათწილად გონიერები იყვნენ“ (დანიელი 1:17, 20).

ღვთის მაცნე

12. რა უმნიშვნელოვანეს დავალებას ასრულებდა დანიელი?

12 ტყვეობაში გატარებული მრავალი წლის მანძილზე დანიელი ღვთის სიტყვებს გადასცემდა ბაბილონის მეფეებს — ნაბუქოდონოსორსა და ბელშაცარს. ის უმნიშვნელოვანეს დავალებას ასრულებდა. იეჰოვას ნებით ნაბუქოდონოსორს იერუსალიმი უკვე ნანგრევებად ჰქონდა ქცეული. მაგრამ მომავალში ბაბილონიც უნდა განადგურებულიყო. დანიელის წიგნი ნამდვილად განადიდებს იეჰოვას, როგორც „კაცთა სამეფოს“ უზენაეს მმართველს (დანიელი 4:14).

13, 14. რა არის ცნობილი ბაბილონის დაცემის შემდეგ დანიელის ცხოვრების შესახებ?

13 დანიელი მეფის კარზე დაახლოებით სამოცდაათი წლის მანძილზე, ბაბილონის დაცემამდე, მსახურობდა. ის ძვ. წ. 537 წელს იუდეველების სამშობლოში დაბრუნებასაც შეესწრო, მაგრამ ბიბლიაში არაა ნათქვამი, რომ თვითონაც გაჰყვა მათ. დანიელი აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საქმიანობაში სპარსეთის იმპერიის დამაარსებლის, მეფე კიროსის, მეფობის მესამე წლამდე მაინც. იმ დროისთვის ის უკვე 100 წელს მიღწეული უნდა ყოფილიყო!

14 ბაბილონის დაცემის შემდეგ დანიელმა თავის ცხოვრებაში მომხდარი უმნიშვნელოვანესი მოვლენები წერილობით ასახა. მისი ჩანაწერები დღეს ბიბლიის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს და „დანიელ წინასწარმეტყველის“ სახელწოდებითაა ცნობილი. მაგრამ რატომ იმსახურებს ყურადღებას ეს უძველესი წიგნი?

დანიელის წიგნის ორი მხარე

15. ა) რომელი ორი მხარე იკვეთება დანიელის წიგნში? ბ) რა მხრივ მოაქვს ჩვენთვის სარგებლობა დანიელის წიგნის ისტორიულ ნაწილს?

15 დანიელის წიგნში ორი მხარე იკვეთება — ისტორიული და წინასწარმეტყველური. მისი ეს ორივე მხარე რწმენას გვიმტკიცებს. როგორ? ბიბლიის ეს ერთ-ერთი ყველაზე ცოცხლად გადმოცემული ისტორიული ნაწილი გვიჩვენებს, რომ იეჰოვა კურთხევასა და მზრუნველობას არ აკლებს თავის ერთგულ მსახურებს. დანიელი და მისი სამი მეგობარი მაშინაც კი ინარჩუნებდნენ ერთგულებას, როდესაც მათს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. მათი მაგალითის განხილვა სიმტკიცეს შემატებს ყველას, ვისაც იეჰოვასადმი უმწიკვლოების შენარჩუნება სურს.

16. რას გვასწავლის დანიელის წიგნის წინასწარმეტყველური ნაწილი?

16 დანიელის წიგნის წინასწარმეტყველური ნაწილი რწმენას გვმატებს, რადგანაც ვხედავთ, რომ იეჰოვამ საუკუნეებით და ათასწლეულებით ადრეც კი იცის, როგორ განვითარდება მომავლის მოვლენები. მაგალითად, დანიელი გვაწვდის ცნობებს ძველი ბაბილონის დროიდან „უკანასკნელ ჟამამდე“ არსებული მსოფლიო მპყრობელების აღმავლობისა და დაცემის შესახებ (დანიელი 12:4). წინასწარმეტყველი ყურადღებას ამახვილებს ღვთის სამეფოზე, რომლის სათავეშიც დანიშნული მეფე, იესო ქრისტე, და „წმიდანები“ არიან, და აღნიშნავს, რომ ის უკუნისამდე იარსებებს. ეს სამეფო აღასრულებს ყოველივეს, რაც იეჰოვას დედამიწასთან დაკავშირებით აქვს განზრახული, და კურთხევებს მოუტანს ღვთის ყველა მსახურს (დანიელი 2:44; 7:13, 14, 22).

17, 18. ა) როგორ განგვიმტკიცებს რწმენას დანიელის წიგნის საფუძვლიანი განხილვა? ბ) რა უნდა განვიხილოთ, ვიდრე დანიელის წინასწარმეტყველური წიგნის გამოკვლევას შევუდგებოდეთ?

17 საბედნიეროდ, იეჰოვა მომავალს არ გვიმალავს. ის „საიდუმლოთა გამცხადებელია“ (დანიელი 2:28). დანიელის წიგნში ჩაწერილი წინასწარმეტყველებების განხილვა ღვთის აღთქმებისადმი რწმენას განგვიმტკიცებს. ამავე დროს, უფრო მეტად დავრწმუნდებით, რომ იეჰოვა თავის დროზე ზედმიწევნით განახორციელებს საკუთარ განზრახვას.

18 სულიერად გაიზრდება ყველა, ვინც მთელი გულით გამოიკვლევს დანიელის წიგნს. მაგრამ ამ წიგნის საფუძვლიან გამოკვლევამდე საჭიროა განვიხილოთ მტკიცებები, რომ ის ნამდვილად სარწმუნოა. ზოგი კრიტიკოსი ამბობს, რომ დანიელის წიგნი წარსულის მოვლენებს წარმოგვიდგენს წინასწარმეტყველებებად. საფუძვლიანია მათი ამგვარი მტკიცებები? ეს საკითხი მომდევნო თავში განიხილება.

როგორ უპასუხებდით?

• რატომ შეგვიძლია დანიელის წიგნს თანამედროვე ვუწოდოთ?

• როგორ მოხვდნენ დანიელი და მისი მეგობრები ბაბილონის სამეფო კარზე?

• რა უმნიშვნელოვანეს დავალებას ასრულებდა დანიელი ბაბილონში?

• რატომ უნდა გამოვიკვლიოთ დანიელის წინასწარმეტყველება?

[მთელი 4 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]

[მთელი 11 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება