საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • დაელოდეთ იეჰოვას
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • [სურათები 305 გვერდზე]

      მოსეს დღეებში ისრაელებმა თავი დააღწიეს ეგვიპტეს. ესაიას დღეებში კი იუდა დახმარებისთვის ეგვიპტეს მიმართავს.

  • დაელოდეთ იეჰოვას
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • უგუნურება და გარდაუვალი უბედურება

      3. რა ფარულ მოქმედებას ამხელს იეჰოვა?

      3 გარკვეული დროის განმავლობაში იუდას წინამძღოლები ფარულად ცდილობდნენ აშურის მოახლოებული უღლისგან თავის დახსნას. მაგრამ იეჰოვას შეუმჩნეველი არ დარჩენია ეს. ახლა ის მათ მოქმედებას ამხელს: „ვაი ამბოხებულ შვილებს, ამბობს უფალი, რჩევას რომ მიჰყვებიან, მაგრამ არა ჩემსას! ზრახვას რომ იზრახავენ, მაგრამ არა ჩემის სულისას, რათა ცოდვა მიუსართონ ცოდვას. ეგვიპტეში რომ ჩადიან“ (ესაია 30:1, 2ა).

      4. როგორ დააყენა ღვთის მეამბოხე ხალხმა ეგვიპტე ღვთის ადგილზე?

      4 რა თავზარდამცემია შეთქმული წინამძღოლებისთვის მათი საიდუმლო გეგმის გამოაშკარავება! ეგვიპტეში კავშირის დასადებად ჩასვლა არა მარტო აშურის წინააღმდეგ მიმართული მტრული მოქმედებაა, არამედ იეჰოვას წინააღმდეგ ამბოხებაც არის. მეფე დავითის დღეებში ერი იეჰოვას აღიარებდა ბურჯად და ‘მის ფრთათა ქვეშ’ აფარებდა თავს (ფსალმუნი 26:1; 35:8). ახლა ისინი ეგვიპტეში ჩადიან, „რათა ფარაონის მფარველობა ეძებონ და ეგვიპტის ჩრდილს შეაფარონ თავი!“ (ესაია 30:2ბ). მათ ეგვიპტე დააყენეს ღვთის ადგილზე! ამით ნამდვილად უღალატეს ღმერთს! (წაიკითხეთ ესაია 30:3—5).

      5, 6. ა) რატომ არის ეგვიპტესთან კავშირის შეკვრა დამღუპველი შეცდომა? ბ) ღვთის ხალხის რომელი ადრინდელი მგზავრობა ცხადყოფს ეგვიპტეში მგზავრობის უგუნურებას?

      5 ესაია თითქოს უკუაგდებს იმ აზრს, რომ იუდაელები ფარული განზრახვის გარეშე მიდიან ეგვიპტეში და უფრო დაწვრილებით აღწერს მათ მოგზაურობას. „ნეგების პირუტყვთა განაჩენი. ტანჯვისა და წვალების ქვეყნის გავლით, საიდანაც გამოდიან ხვადი და ძუ ლომი, ასპიტი და მფრინავი გველეშაპი, ჩოჩრების ზურგით მიაქვთ თავიანთი დოვლათი და აქლემების კუზით — თავიანთი განძეულობა“ (ესაია 30:6ა). ცხადია, მგზავრობა კარგად არის დაგეგმილი. დესპანები აქლემებსა და ჩოჩრებს ჰკიდებენ ძვირფას საქონელს და ეგვიპტეში ჩასასვლელად ქარავნებით კვეთენ უდაბნოს, რომელიც მბრდღვინავი ლომებითა და შხამიანი გველებით არის სავსე. ბოლოს ისინი აღწევენ დანიშნულების ადგილს და ეგვიპტელებთან მიაქვთ თავიანთი განძი. როგორც თვითონ ფიქრობენ, ამით მფარველობის საფასურს იხდიან. მაგრამ იეჰოვა ამბობს: «[განძეულობა მიაქვთ] იმ ხალხთან, რომელიც არ გამოადგებათ. ეგვიპტის შემწეობა ფუჭი და ამაოა, ამიტომ შევარქვი მას უქმად მოტრაბახე [„რაჰაბი — ისინი უძრავად სხედან“, აქ]» (ესაია 30:6ბ, 7). „რაჰაბით“, „[ზღვის] ურჩხულით“, ეგვიპტეა წარმოდგენილი (ესაია 51:9, 10). ის მხოლოდ დაპირებებს იძლევა, მაგრამ არასდროს ასრულებს მათ. მასთან კავშირის შეკვრა იუდას დამღუპველი შეცდომაა.

      6 როდესაც ესაია იუდაელების ამ მგზავრობას აღწერს, მის მსმენელებს, ალბათ, მოსეს დღეების დროინდელი მსგავსი მგზავრობა ახსენდებათ. მათ მამა-პაპას ამავე „საშინელ უდაბნოში“ მოუწია მგზავრობა (მეორე რჯული 8:14—16). მაგრამ მოსეს დღეებში ისრაელები ეგვიპტიდან გამოდიოდნენ და მონობას აღწევდნენ თავს. ახლა კი დესპანები ეგვიპტეში მიდიან და თანხმობას აცხადებენ მორჩილებაზე. რა უგუნურებაა! დაე ჩვენ არასდროს გავაკეთოთ ასეთი უგუნური არჩევანი და არასდროს გავცვალოთ სულიერი თავისუფლება მონობაზე (შეადარეთ გალატელთა 5:1).

      წინასწარმეტყველის ცნობისადმი წინააღმდეგობა

      7. რატომ დააწერინა ღმერთმა ესაიას იუდას მიმართ ნათქვამი გამაფრთხილებელი სიტყვები?

      7 იეჰოვა ეუბნება ესაიას, დაწეროს მისგან მიღებული ცნობა, რათა „დარჩეს სამომავლოდ, უკუნისამდე“ (ესაია 30:8). მომავალი თაობების, მათ შორის ჩვენს თანამედროვეთა, სასარგებლოდ უნდა ჩაიწეროს, რომ იეჰოვა უკმაყოფილოა, როდესაც მისი ხალხი მასზე კი არ ამყარებს იმედს, არამედ ადამიანებთან კრავს კავშირს (2 პეტრე 3:1—4). მაგრამ სხვა უფრო გადაუდებელი მიზეზიც არსებობს მისი სიტყვის ჩასაწერად. „ურჩია ეს ხალხი, მატყუარა შვილები არიან, შვილები, რომელთაც არ უნდათ უფლის რჯულის გაგონება“ (ესაია 30:9). ხალხი ყურად არ იღებს ღვთის რჩევას. ამიტომაც ის უნდა დაიწეროს, რათა მათ მოგვიანებით არ თქვან, რომ არ მიუღიათ სათანადო გაფრთხილება (იგავნი 28:9; ესაია 8:1, 2).

      8, 9. ა) როგორ ცდილობენ იეჰოვას წინასწარმეტყველთა გახრწნას იუდას წინამძღოლები? ბ) როგორ ცხადყოფს ესაია, რომ ვერავინ დააშინებს?

      8 ახლა ესაიას ხალხის ურჩობის მაგალითი მოჰყავს. ისინი „ეუბნებიან მისნებს: ნურაფერს ხედავთ, და წინასწარმეტყველთ: ნუ გვიწინასწარმეტყველებთ სიმართლეს, გვითხარით საამური სიტყვები, სასეიროდ გვიწინასწარმეტყველეთ!“ (ესაია 30:10). იუდას წინამძღოლები ეუბნებიან ღვთის ერთგულ წინასწარმეტყველებს, რომ „სიმართლის“ ნაცვლად „საამური სიტყვები“ ანუ სიცრუე უწინასწარმეტყველონ, რითაც ცხადყოფენ, რომ მხოლოდ ყურის მაამებელი სიტყვების მოსმენა სურთ. მათ შექება სურთ და არა მხილებას. ამიტომაც ეუბნებიან წინასწარმეტყველებს, რომლებიც მათი სიტყვისამებრ არ წინასწარმეტყველებენ: „გზიდან გადადექით, ბილიკიდან გადაუხვიეთ“ (ესაია 30:11ა). მათი აზრით, ამ წინასწარმეტყველებმა ან ყურის მაამებელი სიტყვები უნდა წარმოთქვან, ან სრულიად უნდა შეწყვიტონ ქადაგება!

      9 ესაიას მოწინააღმდეგენი იჟინებენ: „ისრაელის წმიდა მოგვაშორეთო“ (ესაია 30:11ბ). მათ არ სურთ, რომ ესაიამ იეჰოვას, „ისრაელის წმიდის“, სახელით ილაპარაკოს! „ისრაელის წმიდის“ ხსენება აღიზიანებს ამ ხალხს, რადგან იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმები მათ დაცემულობას ამხელს. როგორ რეაგირებს ამაზე ესაია? ის აცხადებს: „ასე ამბობს ისრაელის წმიდა“ (ესაია 30:12ა). ესაია თამამად წარმოთქვამს სწორედ იმ სიტყვებს, რომელთა მოსმენაც მის მსმენელებს სძულთ. მას ვერავინ დააშინებს. რა შესანიშნავი მაგალითია ჩვენთვის! ქრისტიანებმა არასდროს უნდა დაიხიონ უკან, როდესაც საქმე ღვთის ცნობის გაცხადებას ეხება (საქმეები 5:27—29). ესაიას მსგავსად ისინი კვლავაც აცხადებენ: ასე ამბობს იეჰოვა!

      ამბოხების შედეგები

      10, 11. რა იქნება იუდას ამბოხების შედეგი?

      10 იუდა უარყოფს ღვთის სიტყვას, სიცრუეს ენდობა და „ცბიერების“ იმედი აქვს (ესაია 30:12ბ). რა იქნება ამის შედეგი? იეჰოვა არ დატოვებს ამ მდგომარეობას უყურადღებოდ, როგორც ეს ხალხს სურს, და გაანადგურებს ერს! ეს სრულიად მოულოდნელად მოხდება, როგორც ესაია ცხადყოფს თვალსაჩინო მაგალითით. ერის ამბოხება არის „მაღალ კედელზე გაჩენილი ბზარივით, რომელიც გაარღვევს მას და ერთ წამში, ანაზდეულად ჩამოაქცევს“ (ესაია 30:13). როგორც კედელი, რომელიც იბრიცება, ბოლოს დაინგრევა, ისე განადგურდებიან ესაიას თანამედროვენი გამუდმებული ურჩობის გამო.

      11 ახლა ესაიას სხვა მაგალითი მოჰყავს, რომლითაც მოახლოებული უბედურების მასშტაბებზე ამახვილებს ყურადღებას: „დაინგრევა, როგორც იმსხვრევა მექოთნეთა ჭურჭელი, უწყალოდ დალეწილი, და ერთ ნატეხსაც ვერავინ იპოვნის მის ნამსხვრევებში, რომ კერიდან ცეცხლი აიღოს ან საგუბარიდან წყალი ამოხაპოს“ (ესაია 30:14). იუდა ისე განადგურდება, რომ აღარაფერი დარჩება ფასეული — თიხის ჭურჭლის ნატეხიც კი აღარსად შემორჩება კერიდან ნაცრის ასაღებად და საგუბრიდან წყლის ამოსახაპავად. რა სამარცხვინო აღსასრულია! სწორედ ასეთივე უეცარი და მასშტაბური განადგურება ელის თანამედროვე მეამბოხეებს, რომლებიც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას უჯანყდებიან (ებრაელთა 6:4—8; 2 პეტრე 2:1).

      იეჰოვას სიტყვა უკუგდებულია

      12. როგორ შეუძლიათ განადგურების თავიდან აცილება იუდაელებს?

      12 ამისდა მიუხედავად, ესაიას მსმენელებისთვის გადარჩენის გზა არსებობს. წინასწარმეტყველი უხსნის მათ: „ასე ამბობს უფალი ღმერთი, ისრაელის წმიდა: უკან მოქცევით და დავანებით გადარჩებოდით, სიმშვიდეში და სასოებაში იქნებოდა თქვენი ძალა“ (ესაია 30:15ა). იეჰოვა იხსნის თავის ხალხს, თუ რწმენას გამოავლენენ და ‘დაივანებენ’ ანუ აღარ დაუწყებენ ძებნას მოკავშირეებს, და აღარ დაამყარებენ მათზე იმედს. აგრეთვე, თუ ‘სიმშვიდეში იქნებიან’ ანუ იეჰოვას მფარველი ძალისადმი ნდობას გამოხატავენ ყოველგვარი შიშის გარეშე. „მაგრამ არ ინდომეთ“, — ეუბნება ესაია ხალხს (ესაია 30:15ბ).

      13. რაზე ამყარებენ იმედს იუდას წინამძღოლები და არის თუ არა მათი იმედი გონივრული?

      13 შემდეგ ესაია კიდევ უფრო აკონკრეტებს სათქმელს: „თქვით: არა, ცხენებით გავიქცევით, ამიტომაც გაიქცევით! მკვირცხლებზე ავმხედრდებითო, იმიტომაც მკვირცხლები იქნებიან თქვენი მდევრები“ (ესაია 30:16). იუდაელნი ფიქრობენ, რომ მკვირცხლი ცხენები უფრო იხსნიან მათ, ვიდრე იეჰოვა (მეორე რჯული 17:16; იგავნი 21:31). მაგრამ წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ფუჭი აღმოჩნდება ეს იმედი, რადგან მტრები სძლევენ მათ. სიმრავლეც ვერაფერში დაეხმარება იუდაელებს. „ათასი გაიქცევა ერთის მუქარაზე; ხუთის მუქარაზე ყველანი გაიქცევით“ (ესაია 30:17ა). იუდას ჯარს შიში მოიცავს და მცირერიცხოვანი მტრის შეძახილზეც კი დაფრთხებაa. საბოლოოდ მხოლოდ მცირე ნაწილი გადარჩება ანუ შერჩება „სამანივით ... მთის წვერს და მაღლობს — ნიშანივით“ (ესაია 30:17ბ). როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, მხოლოდ მცირე ნაწილი გადარჩა ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის დანგრევისას (იერემია 25:8—11).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება