-
ნიშანსვეტები ჩემი ქრისტიანული ცხოვრების გზაზე!საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 ოქტომბერი
-
-
ვიწყებ მისიონერულ მსახურებას
1946 წელს ივნისში მე და ეველინი ლეო და ესთერ მაჰანებთან ერთად სალვადორში ჩავედით, სადაც სკოლის დამთავრების შემდეგ მისიონერებად დაგვნიშნეს. იქ ჩასულებმა აღმოვაჩინეთ, რომ „ყანები გადათეთრებულიყო მოსამკელად“ (იოან. 4:35). შემთხვევიდან, რომლითაც ჩემი ბიოგრაფიის მოყოლა დავიწყე, კარგად ჩანს, თუ როგორ ილესავდნენ ჩვენზე კბილებს სასულიერო პირები. ამ შემთხვევამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე პირველად ჩავატარეთ კონგრესი სანტა-ანაში. მანამდე კი ძალ-ღონე არ დაგვიშურებია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოგვეწვია საჯარო მოხსენების მოსასმენად, რომელიც კონგრესზე უნდა წარმოთქმულიყო. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა კონგრესს 500-მდე ადამიანი დაესწრო. სწორედ ამან შეგვმატა გამბედაობა. ნაცვლად იმისა, რომ გახელებულ ბრბოს შევეშინებინეთ, ქალაქიდან ფეხიც კი არ მოგვიცვლია; გვესმოდა, რომ ალალ-მართალი ადამიანები ჩვენს დახმარებას საჭიროებდნენ. მიუხედავად მღვდლების გაფრთხილებისა, რომ ხალხი არ გაჰკარებოდა ბიბლიას, რომელზეც ისედაც ცოტას თუ მიუწვდებოდა ხელი, ბევრს მაინც სულიერი წყურვილი კლავდა. ისინი ძალიან აფასებდნენ, რომ ამხელა ძალისხმევას ვახმარდით ესპანური ენის შესწავლას, რათა მათთან ჭეშმარიტ ღმერთზე, იეჰოვაზე და მის მიერ დაპირებულ ახალ ქვეყნიერებაზე გვესაუბრა.
ჩემი კლასიდან ხუთი სალვადორში გაგვგზავნეს. მარცხნიდან მარჯვნივ: ეველინ ტრაბერტი, მილი ბრაშიერი, ესთერ მაჰანი, მე და ლეო მაჰანი
როსა ასენსიო ერთ-ერთი პირველი იყო, ვისთანაც ბიბლიის შესწავლა დავიწყე. იგი დაშორდა მამაკაცს, რომელთანაც ხელმოუწერლად ცხოვრობდა. დაშორების შემდეგ ამ კაცმაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა. ცოტა ხანში ისინი შეუღლდნენ, მოინათლნენ და მთელი შემართებით დაიწყეს იეჰოვასადმი მსახურება. აღსანიშნავია, რომ როსა ადგილობრივ მოწმეთაგან პირველი იყო, ვინც სანტა-ანაში პიონერად მსახურება დაიწყო.b
როსას ხილ-ბოსტნეულის პატარა მაღაზია ჰქონდა. როდესაც მსახურებაში გადიოდა, მაღაზიას კეტავდა და დარწმუნებული იყო, რომ მის საჭიროებებზე იეჰოვა იზრუნებდა. მსახურებიდან დაბრუნების შემდეგ, როცა იგი კვლავ ხსნიდა მაღაზიას, მას მუშტარი აწყდებოდა. მან საკუთარ თავზე არაერთხელ გამოსცადა მათეს 6:33-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება. როსა სიკვდილამდე ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას.
ერთხელ, ადგილობრივმა მღვდელმა ინახულა მამაკაცი, რომელმაც ჩვენ, ექვს მისიონერს, მოგვაქირავა სახლი და გააფრთხილა იგი, რომ თუ არ გაგვყრიდა, მას და მის მეუღლეს ეკლესიიდან განკვეთდნენ. სახლის მეპატრონეს, რომელიც სახელგანთქმული ბიზნესმენი იყო, სასულიერო პირთა პარპაში ყელში ჰქონდა ამოსული და იგი არც ამ მუქარას შეუშინებია. მან მღვდელს ისიც უთხრა, რომ სრულებით არ ანაღვლებდა, თუ მას ეკლესიას დაატოვებინებდნენ. ჩვენ კი გვითხრა, რომ რამდენ ხანსაც ვისურვებდით, იმდენ ხანს დავრჩენილიყავით მის ჭერქვეშ.
მეტად პატივდებული მოქალაქე იეჰოვას მოწმე ხდება
1955 წელს აშენებული ფილიალის შენობა
ქვეყნის დედაქალაქში, სან-სალვადორში, ერთი მისიონერი ბიბლიას ასწავლიდა ერთი ინჟინრის, ბალთასარ პერლას, ცოლს. ბალთასარმა, რომელიც კარგი გულის კაცი იყო, ღვთისადმი რწმენა მაშინ დაკარგა, როცა რელიგიური წინამძღოლების ფარისევლობა შენიშნა. როცა ქვეყანაში ფილიალის აშენების საჭიროება შეიქმნა, ბალთასარმა, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო მოწმე, შემოგვთავაზა, რომ შენობის აგება-დაპროექტებას თავად უხელმძღვანელებდა და თანაც ყოველგვარი ჰონორარის გარეშე.
მშენებლობის პროცესში ბალთასარს თანამშრომლობა მოუწია იეჰოვას მოწმეებთან, რამაც ის დაარწმუნა, რომ ჭეშმარიტი რელიგია იპოვა. იგი 1955 წლის 22 ივლისს იეჰოვას მოწმე გახდა, მალე კი მისმა მეუღლემ, პაულინამაც, გადადგა ეს ნაბიჯი. მათი ორივე შვილიც ერთგულად ემსახურება იეჰოვას. მისი ვაჟი, რომელიც მამის მოსახელეა, უკვე 49 წელია, ბრუკლინის ბეთელში მსახურობს და ამგვარად უჭერს მხარს მსოფლიო სამქადაგებლო საქმეს. იგი დღეს შეერთებული შტატების ფილიალის კომიტეტის წევრია.c
როდესაც სან-სალვადორში კონგრესების ჩატარება დავიწყეთ, ძმა ბალთასარ პერლა დიდი სპორტული კომპლექსის დაქირავებაში გვეხმარებოდა. თავდაპირველად, მხოლოდ რამდენიმე სექციას ვიყენებდით, მაგრამ იეჰოვამ აკურთხა სამქადაგებლო საქმე. წლიდან წლამდე კონგრესებზე დამსწრეთა რიცხვი მატულობდა და ჩვენც შესაბამისად, უფრო და უფრო მეტ სექციას ვიკავებდით, ბოლოს მთელი კომპლექსი ავითვისეთ და ცოტა ხანში ისიც აღარ გვყოფნიდა! ასეთ ღირსშესანიშნავ ღონისძიებებზე ვხვდებოდი მათ, ვისაც ერთ დროს ბიბლიას ვასწავლიდი. წარმოიდგინეთ ჩემი სიხარული, როცა სულიერი შვილები ჩემს ახალმონათლულ „შვილიშვილებს“ მაცნობდნენ!
ძმა ფრედერიკ ფრენცი კონგრესზე მიმართავს მისიონერებს
ერთ-ერთ ასეთ კონგრესზე ჩემთან მოვიდა ძმა და მითხრა, რომ რაღაცის თქმა სურდა. მე ვერ ვიცანი და ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო. მან მითხრა: „იცით, მე იმ ბიჭებიდან ერთ-ერთი ვარ, ვინც სანტა-ანაში თქვენს სახლს ქვები დაუშინა“. იგი უკვე ჩემი თანამორწმუნე გამხდარიყო და იეჰოვას ემსახურებოდა. სიხარულით ცას ვეწიე! ამ ისტორიულმა შეხვედრამ დამარწმუნა, რომ სრული დროით მსახურება მართლაც საუკეთესო არჩევანია ცხოვრებაში.
პირველი სარაიონო კონგრესი სალვადორში
კმაყოფილების მომგვრელი გადაწყვეტილებები
თითქმის 29 წლის განმავლობაში ვმსახურობდი მისიონერად სალვადორში — თავდაპირველად, ქალაქ სანტა-ანაში, შემდეგ სონსონატესა და სანტა-ტეკლაში, ბოლოს კი — სან-სალვადორში. 1975 წელს, ბევრი ფიქრისა და ლოცვის შემდეგ, გადავწყვიტე, შემეწყვიტა მისიონერული მსახურება და ქალაქ სპოკენში დავბრუნებულიყავი. ჩემს ხანდაზმულ და კვლავაც იეჰოვას ერთგულ მშობლებს ჩემი მხარში დგომა სჭირდებოდათ.
-