-
ნიშანსვეტები ჩემი ქრისტიანული ცხოვრების გზაზე!საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 ოქტომბერი
-
-
1946 წელს ივნისში მე და ეველინი ლეო და ესთერ მაჰანებთან ერთად სალვადორში ჩავედით, სადაც სკოლის დამთავრების შემდეგ მისიონერებად დაგვნიშნეს. იქ ჩასულებმა აღმოვაჩინეთ, რომ „ყანები გადათეთრებულიყო მოსამკელად“ (იოან. 4:35). შემთხვევიდან, რომლითაც ჩემი ბიოგრაფიის მოყოლა დავიწყე, კარგად ჩანს, თუ როგორ ილესავდნენ ჩვენზე კბილებს სასულიერო პირები. ამ შემთხვევამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე პირველად ჩავატარეთ კონგრესი სანტა-ანაში. მანამდე კი ძალ-ღონე არ დაგვიშურებია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოგვეწვია საჯარო მოხსენების მოსასმენად, რომელიც კონგრესზე უნდა წარმოთქმულიყო. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა კონგრესს 500-მდე ადამიანი დაესწრო. სწორედ ამან შეგვმატა გამბედაობა. ნაცვლად იმისა, რომ გახელებულ ბრბოს შევეშინებინეთ, ქალაქიდან ფეხიც კი არ მოგვიცვლია; გვესმოდა, რომ ალალ-მართალი ადამიანები ჩვენს დახმარებას საჭიროებდნენ. მიუხედავად მღვდლების გაფრთხილებისა, რომ ხალხი არ გაჰკარებოდა ბიბლიას, რომელზეც ისედაც ცოტას თუ მიუწვდებოდა ხელი, ბევრს მაინც სულიერი წყურვილი კლავდა. ისინი ძალიან აფასებდნენ, რომ ამხელა ძალისხმევას ვახმარდით ესპანური ენის შესწავლას, რათა მათთან ჭეშმარიტ ღმერთზე, იეჰოვაზე და მის მიერ დაპირებულ ახალ ქვეყნიერებაზე გვესაუბრა.
ჩემი კლასიდან ხუთი სალვადორში გაგვგზავნეს. მარცხნიდან მარჯვნივ: ეველინ ტრაბერტი, მილი ბრაშიერი, ესთერ მაჰანი, მე და ლეო მაჰანი
-