იღებთ იეჰოვასგან დახმარებას?
„იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება“ (ებრაელები 13:6).
1, 2. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მივიღოთ იეჰოვას მიერ შემოთავაზებული დახმარება და ცხოვრების გზაზე მისი ხელმძღვანელობით ვიაროთ?
წარმოიდგინეთ, რომ მთებში ძნელად სავალ ბილიკს მიიკვლევთ. მაგრამ მარტო არა ხართ. გყავთ საუკეთესო მეგზური, რომელმაც ერთად სიარული შემოგთავაზათ. მას გაცილებით მეტი გამოცდილება და ამტანობა აქვს, მაგრამ მოთმინებით დადის თქვენს გვერდით. ამჩნევს, რომ დროდადრო ფეხი გიცდებათ და, თქვენი უსაფრთხოების მიზნით, განსაკუთრებით სახიფათო ადგილებზე ხელს გიწვდით, რათა გავლაში დაგეხმაროთ. ეტყოდით მას უარს ასეთ დახმარებაზე? ცხადია, არა! საკითხი თქვენს უსაფრთხოებას ეხება.
2 ქრისტიანებს ცხოვრებაში რთული ბილიკით გვიწევს სიარული. მარტო უნდა ვიაროთ ამ ვიწრო გზაზე? (მათე 7:14). არა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ სამყაროში საუკეთესო მეგზური, იეჰოვა ღმერთი, ადამიანებს მასთან ერთად სიარულის შესაძლებლობას აძლევს (დაბადება 5:24, აქ; 6:9, აქ). ეხმარება იეჰოვა თავის მსახურებს სიარულში? აი, რას ამბობს ის: «მე, შენი უფალი ღმერთი, შენი მარჯვენის დამჭერი გეუბნები: „ნუ გეშინია, მე შეგეწევი“» (ესაია 41:13). ზემოთ მოყვანილ მაგალითში მოხსენიებული მეგზურის მსგავსად, იეჰოვა სიკეთეს ავლენს — დახმარების ხელს უწვდის და მეგობრობას სთავაზობს მათ, ვისაც მასთან ერთად სიარული სურს. უარი ნამდვილად არავინ უნდა თქვას მისგან დახმარების მიღებაზე!
3. რა საკითხებს განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 წინა სტატიაში განვიხილეთ, თუ რომელი ოთხი სახით ეხმარებოდა იეჰოვა თავის მსახურებს ძველად. დღესაც იმავე სახით ეხმარება ის თავის ხალხს? რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მისგან მივიღოთ დახმარება ნებისმიერი სახით, რა სახითაც გვთავაზობს? მოდი განვიხილოთ ეს საკითხები. ეს უფრო მეტად დაგვარწმუნებს იმაში, რომ იეჰოვა ნამდვილად ჩვენი შემწე და დამხმარეა (ებრაელები 13:6).
დახმარება ანგელოზების მეშვეობით
4. რატომ შეუძლიათ ჩვენს დროში მცხოვრებ ღვთის მსახურებს დარწმუნებულები იყვნენ, რომ დახმარებას მიიღებენ ანგელოზებისგან?
4 ეხმარებიან ანგელოზები იეჰოვას მსახურებს ჩვენს დროში? დიახ. თუმცა ისინი ადამიანებს აღარ ენახვებიან იმ მიზნით, რომ ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები საფრთხისგან დაიხსნან. ამას ანგელოზები ბიბლიურ დროშიც კი იშვიათად მიმართავდნენ. უმეტესწილად ისინი ადამიანის თვალისთვის უხილავად მოქმედებდნენ, სწორედ ისე, როგორც დღეს მოქმედებენ. ნებისმიერი შემთხვევაში, ღვთის მსახურებისთვის დიდი გამხნევების წყარო იყო იმის ცოდნა, რომ ანგელოზები მზად იყვნენ მათ მხარდასაჭერად (4 მეფეთა 6:14—17). ჩვენც გვაქვს ყოველგვარი საფუძველი იმისათვის, რომ ასეთნაირად გავმხნევდეთ.
5. როგორ გვიჩვენებს ბიბლია, რომ დღეს სამქადაგებლო საქმეში ანგელოზები იღებენ მონაწილეობას?
5 ანგელოზები განსაკუთრებულად არიან დაინტერესებული იმ მნიშვნელოვანი საქმით, რომელშიც ჩვენ ვმონაწილეობთ. რა საქმეზე გვაქვს საუბარი? პასუხს გამოცხადების 14:6-ში ვნახულობთ: „ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ცაში დაფრინავდა და მარადიული სასიხარულო ცნობა ჰქონდა, რომ ეხარებინა დედამიწის მცხოვრებთათვის, ყოველი ერისთვის, ტომისთვის, ენისა და ხალხისთვის“. აშკარაა, რომ ეს „მარადიული სასიხარულო ცნობა“ დაკავშირებულია „სამეფოს შესახებ“ სასიხარულო ცნობასთან, რომელიც იესოს წინასწარმეტყველების თანახმად, „მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ უნდა იყოს ნაქადაგები ამ სისტემის აღსასრულის მოსვლამდე (მათე 24:14). ცხადია, ანგელოზები უშუალო მონაწილეობას არ იღებენ ქადაგებაში. იესომ ეს პასუხისმგებლობა ადამიანებს დააკისრა (მათე 28:19, 20). მაგრამ განა გამამხნევებელი არ არის იმის ცოდნა, რომ ამ დავალების შესრულებისას წმინდა ანგელოზები, გონიერი და ძლიერი სულიერი ქმნილებები, გვეხმარებიან?
6, 7. ა) რა ცხადყოფს იმას, რომ ანგელოზები მხარს გვიჭერენ სამქადაგებლო საქმეში? ბ) რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ იეჰოვას ანგელოზებისგან ასეთი დახმარება მივიღოთ?
6 ჩვენს საქმიანობაში აშკარად შეინიშნება ანგელოზების მხარდაჭერა. მაგალითად, ხშირად გვესმის შემთხვევები, როცა სამქადაგებლო მსახურებისას იეჰოვას მოწმეები შეხვდნენ ადამიანს, რომელიც მათთან შეხვედრამდე ღმერთს ლოცვაში სთხოვდა ჭეშმარიტების პოვნაში დახმარებას. ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია იმისათვის, რომ დამთხვევად მივიჩნიოთ. ანგელოზების ასეთი დახმარების შედეგად, სულ უფრო მეტი ადამიანი სწავლობს იმას, რასაც ცაში ანგელოზი აცხადებდა: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას“ (გამოცხადება 14:7).
7 გსურთ, რომ მიიღოთ დახმარება იეჰოვას ძლიერი ანგელოზებისგან? მაშ, შეძლებისდაგვარად ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ სრული მონაწილეობა მიიღოთ მსახურებაში (1 კორინთელები 15:58). როცა მზადყოფნით ვასრულებთ იეჰოვასგან მოცემულ ამ განსაკუთრებულ დავალებას, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ ანგელოზების მხარდაჭერაში.
დახმარება მთავარანგელოზისგან
8. რა ამაღლებული მდგომარეობა უკავია იესოს ზეცაში და რატომ არის ეს ჩვენთვის გამამხნევებელი?
8 იეჰოვა მთავარანგელოზის მეშვეობით სხვაგვარადაც გვეხმარება. გამოცხადების 10:1-ში აღწერილია „ძლიერი ანგელოზი“, რომელსაც „სახე მზეს მიუგავდა“. ეს ანგელოზი, როგორც ჩანს, ზეციური ძლიერებით აღჭურვილ, განდიდებულ იესო ქრისტეს წარმოადგენს (გამოცხადება 1:13, 16). ნამდვილად არის კი იესო ანგელოზი? ერთი მხრივ, ეს ასეა, რადგან ის „მთავარანგელოზია“ (1 თესალონიკელები 4:16). იესო იეჰოვას სულიერ ძეებს შორის უძლიერესია. იეჰოვამ ის მთელი თავისი ანგელოზთა ლაშქრის მეთაურად დააყენა. იეჰოვას მთავარანგელოზი ნამდვილად დიდი დახმარების წყაროა. რა მხრივ?
9, 10. ა) როგორ ასრულებს იესო ჩვენი „დამხმარის“ როლს, როცა ვცოდავთ? ბ) როგორ გვეხმარება იესოს მაგალითი?
9 ხანში შესულმა მოციქულმა იოანემ დაწერა: „თუ ვინმე . . . შესცოდავს, გვყავს დამხმარე მამასთან, მართალი იესო ქრისტე“ (1 იოანე 2:1). რატომ თქვა იოანემ, რომ იესო ჩვენი „დამხმარეა“, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ‘შევცოდავთ’? დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვცოდავთ, ხოლო ცოდვას ადამიანი სიკვდილამდე მიჰყავს (ეკლესიასტე 7:20; რომაელები 6:23). მაგრამ ჩვენი ცოდვებისთვის იესომ მსხვერპლად საკუთარი სიცოცხლე გაიღო. ის თავის მოწყალე მამასთან არის და ჩვენთვის შუამდგომლობა შეუძლია. მისი ასეთი დახმარება თითოეულ ჩვენგანს სჭირდება. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს დახმარება მივიღოთ? უნდა მოვინანიოთ ცოდვები და იესოს მსხვერპლის საფუძველზე პატიება ვეძიოთ. ამასთან, აუცილებელია, მოვერიდოთ ძველი ცოდვების კვლავაც ჩადენას.
10 გარდა იმისა, რომ ჩვენთვის მოკვდა, იესომ მისაბაძად სრულყოფილი მაგალითი დაგვიტოვა (1 პეტრე 2:21). მისი მაგალითი ხელმძღვანელობას გვიწევს — გვეხმარება, ისე წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება, რომ სერიოზულ ცოდვებს მოვერიდოთ და იეჰოვა ღმერთისთვის მოსაწონად ვიცხოვროთ. განა მადლიერნი არა ვართ ასეთი დახმარებისთვის? იესო ქრისტემ თავის მიმდევრებს სხვა დამხმარის მხარდაჭერაც აღუთქვა.
დახმარება წმინდა სულის მეშვეობით
11, 12. რა არის იეჰოვას სული, რამდენად დიდი შესაძლებლობები აქვს მას და რატომ გვჭირდება ის დღეს?
11 იესომ თავის მიმდევრებს შემდეგი დაპირება მისცა: „მე ვთხოვ მამას და ის მოგცემთ სხვა დამხმარეს, რათა მარადიულად თქვენთან იყოს, ჭეშმარიტების სულს, რომელსაც ვერ მიიღებს ქვეყნიერება“ (იოანე 14:16, 17). „ჭეშმარიტების სული“ ანუ წმინდა სული არ არის პიროვნება. ის იეჰოვას მოქმედი ძალაა. წმინდა სულის შესაძლებლობებს საზღვარი არა აქვს. ეს ის ძალაა, რომელსაც იეჰოვა სამყაროს შექმნისას, გამაოგნებელი სასწაულების მოხდენისას და ხილვებითა თუ გამოცხადებებით თავისი ნების გამჟღავნებისას იყენებდა. იეჰოვა დღეს თავის სულს ასეთი სახით აღარ იყენებს, მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ მისი სული აღარ გვჭირდება?
12 პირიქით! ამ „ძნელად ასატან დროში“ იეჰოვას სული ისე გვჭირდება, როგორც არასდროს (2 ტიმოთე 3:1). ის გვაძლიერებს, რომ განსაცდელებს გავუძლოთ. გარდა ამისა, გვეხმარება, განვივითაროთ შესანიშნავი თვისებები, რომლებიც უფრო მეტად გვაახლოვებს იეჰოვასთან და ჩვენს სულიერ და-ძმებთან (გალატელები 5:22, 23). მაშ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ სარგებლობა მოგვიტანოს იეჰოვას ასეთმა სასწაულებრივმა დახმარებამ?
13, 14. ა) რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა წმინდა სულს სიხარულით აძლევს თავის ხალხს? ბ) როგორი საქციელი შეიძლება იყოს იმის მაჩვენებელი, რომ სინამდვილეში ხელიდან ვუშვებთ ღვთის ძღვენის, წმინდა სულის, მიღების შესაძლებლობას?
13 უპირველესად, უნდა ვილოცოთ წმინდა სულისთვის. იესომ თქვა: „თუკი თქვენ, ბოროტები, აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს ზეციერი მამა მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს!“ (ლუკა 11:13). დიახ, იეჰოვა საუკეთესო მამაა. თუ მას რწმენითა და წრფელი გულით ვთხოვთ წმინდა სულს, წარმოუდგენელია, რომ მან ამ ძღვენზე უარი გვითხრას. მაშ, მნიშვნელოვანი ის არის, რომ ვითხოვოთ მისგან წმინდა სული. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვილოცოთ წმინდა სულის მისაღებად.
14 მეორე, რისი გაკეთებაც გვმართებს, ის არის, რომ წმინდა სულის მოქმედებასთან შეთანხმებულად უნდა ვიქცეოდეთ. შეგვიძლია შემდეგი მაგალითი მოვიყვანოთ: დავუშვათ, ქრისტიანი გატაცებულია პორნოგრაფიით და ებრძვის ამ გატაცებას. მან ილოცა წმინდა სულისთვის, რომ მისი დახმარებით ეს ცუდი ჩვევა დაეძლია. რჩევისთვის მიმართა ქრისტიან უხუცესებს და მათ ურჩიეს, რომ ზომები მიეღო და ასეთ გამხრწნელ მასალას არც კი გაკარებოდა (მათე 5:29). მაგრამ ის უგულებელყოფს უხუცესების რჩევას და კვლავაც ჰყვება ცდუნებას. არის მისი საქციელი შეთანხმებული საკუთარ ლოცვასთან, რომელშიც წმინდა სულის დახმარება ითხოვა? თუ პირიქით, თავისი მოქმედებით მან შეიძლება დაანაღვლიანოს ღვთის სული და ხელიდან გაუშვას ამ ძღვენის მიღების შესაძლებლობა? (ეფესოელები 4:30). დიახ, ყველას მოგვეთხოვება, ჩვენი მხრივ, შეძლებისდაგვარად ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ კვლავაც მივიღოთ იეჰოვასაგან ასეთი სასწაულებრივი დახმარება.
დახმარება ღვთის სიტყვის მეშვეობით
15. როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ბიბლიას ჩვეულებრივ წიგნად არ მივიჩნევთ?
15 ბიბლია საუკუნეების განმავლობაში დიდი დახმარების წყაროა იეჰოვას ერთგული მსახურებისთვის. ნაცვლად იმისა, რომ ბიბლია ჩვეულებრივ წიგნად მივიჩნიოთ, საჭიროა ყოველთვის გვახსოვდეს, თუ რაოდენ ძლიერი დახმარების წყაროს წარმოადგენს ის. ღვთის სიტყვიდან დახმარების მიღება ძალისხმევას მოითხოვს. ამისათვის საჭიროა მისი რეგულარულად კითხვის ჩვევის გამომუშავება.
16, 17. ა) როგორ არის აღწერილი ფსალმუნების 1:2, 3-ში კურთხევები, რომლებიც ღვთის სიტყვის კითხვას მოჰყვება? ბ) როგორ არის აღწერილი ფსალმუნების 1:3-ში სურათი, რომელიც შრომისკენ მოგვიწოდებს?
16 ფსალმუნების 1:2, 3-ში ღვთისმოშიში ადამიანის შესახებ ნათქვამია: „უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“. ხედავთ, რა მნიშვნელოვანი აზრია ჩადებული ბიბლიის ამ მონაკვეთში? ამ სიტყვების წაკითხვისას ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ აქ უბრალოდ ლამაზი ბუნება და წყნარი გარემოა აღწერილი. რა სასიამოვნო იქნებოდა ნაშუადღევს მდინარის ნაპირას გაზრდილი გადაფოთლილი ხის ჩრდილქვეშ წათვლემა! მაგრამ ამ ფსალმუნის მიზანი ის არ არის, რომ დასასვენებლად აღგვძრას. მასში აღწერილია სრულიად განსხვავებული სურათი, რომელიც შრომისკენ მოგვიწოდებს. საიდან ჩანს ეს?
17 ყურადღება მიაქციეთ, რომ აქ საუბარი არ არის უნაყოფო ხეზე, რომელიც მდინარის პირას შემთხვევით გაიზარდა. ამ ფსალმუნში მოხსენიებულია ნაყოფის მომცემი ხე, რომელიც სპეციალურად არის „დანერგილი“ წინასწარ შერჩეულ ადგილას — „წყლის ნაკადებთან“. როგორ შეიძლება ერთი ხე წყლის ერთზე მეტ ნაკადთან იზრდებოდეს? მაგალითად, მებაღეს თავის ხეხილის ბაღში თავისუფლად შეეძლო არხების გაყვანა იმ ხეებამდე, რომლებსაც განსაკუთრებულად უვლიდა. აი, ახლა კი ნათლად ვხედავთ იმ მნიშვნელოვან აზრს, რომელზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ! თუ სულიერი გაგებით ფსალმუნში მოხსენიებული ხესავით ვიზრდებით, ეს მხოლოდ იმის გამოა შესაძლებელი, რომ ჩვენი კეთილდღეობისთვის ბევრი რამ კეთდება. ჩვენ დაკავშირებული ვართ ორგანიზაციასთან, რომელიც ჭეშმარიტების სუფთა წყალს გვაწვდის, მაგრამ ჩვენც მოგვეთხოვება რაღაცის გაკეთება. ჩვენი მოვალეობაა, შევიწოვოთ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წყალი — ვიფიქროთ ღვთის სიტყვაზე და გამოვიკვლიოთ ის, რათა მისმა ჭეშმარიტებამ ჩვენს გულსა და გონებაში შეაღწიოს. ასეთ შემთხვევაში ჩვენც შევძლებთ კარგი ნაყოფის გამოღებას.
18. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ჩვენს კითხვაზე ბიბლიური პასუხი ვიპოვოთ?
18 ბიბლია სარგებლობას ვერ მოგვიტანს, თუ ის მხოლოდ თაროზე გვექნება შემოდებული და არ წავიკითხავთ. ბიბლია არ არის თილისმა; არ არის თავისთავად სასწაულთმოქმედი ნივთი, რომ შეგვეძლოს თვალები დავხუჭოთ, შემდეგ ის ნებისმიერ ადგილზე გადავშალოთ და იმის იმედი გვქონდეს, რომ ჩვენს კითხვაზე პასუხს შემთხვევით გადაშლილ გვერდზე დავინახავთ. როცა გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები, „ღვთისშემეცნება“ ჩამარხული განძივით უნდა ვეძიოთ (იგავები 2:1—5, სსგ). ხშირად საჭიროა გულდასმით და ყურადღებით გამოკვლევა, რათა მივაკვლიოთ ბიბლიურ რჩევებს, რომლებიც უშუალოდ ჩვენს მოთხოვნილებებს შეესაბამება. ჩვენ მრავალი ბიბლიური პუბლიკაცია გვაქვს, რომლებიც გამოკვლევაში დაგვეხმარება. თუ ვიყენებთ ამ პუბლიკაციებს ღვთის სიტყვიდან ძვირფასი სიბრძნის მოსაპოვებლად, ეს იმას ნიშნავს, რომ ვსარგებლობთ იმ დახმარებით, რომელსაც იეჰოვა გვთავაზობს.
დახმარება თანამორწმუნეების მეშვეობით
19. ა) რატომ შეიძლება „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ში დაბეჭდილი სტატიები თანამორწმუნეების მეშვეობით მიღებულ დახმარებად მივიჩნიოთ? ბ) როგორ დაგეხმარათ პირადად თქვენ ჩვენს ჟურნალებში დაბეჭდილი ესა თუ ის სტატია?
19 იეჰოვას მიწიერი მსახურები ყოველთვის იღებდნენ დახმარებას ერთმანეთის მეშვეობით. შეიცვალა იეჰოვა? სრულიადაც არა. უეჭველია, თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია გავიხსენოთ შემთხვევები, როცა თანამორწმუნეებისგან მართლაც რომ დროული დახმარება მივიღეთ. მაგალითად, შეგიძლიათ გაიხსენოთ „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ში დაბეჭდილი სტატიები, რომლებმაც დროულად განუგეშათ ან დაგეხმარათ, რომ გადაგეჭრათ პრობლემა ან გადაგეტანათ განსაცდელი, რომელიც საფრთხეს უქმნიდა თქვენს რწმენას? იეჰოვამ ასეთი დახმარება აღმოგიჩინათ „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით, რომლის დანიშნულებაც ‘საზრდოს დროულად მიწოდებაა’ (მათე 24:45—47).
20. როგორ ცხადყოფენ ქრისტიანი უხუცესები, რომ ისინი არიან „ძღვენი ადამიანთა სახით“?
20 ხშირად თანამორწმუნეებისგან მიღებული დახმარება უფრო უშუალოა. მაგალითად, შესაძლოა ქრისტიანი უხუცესის მიერ წარმოდგენილმა მოხსენებამ მოქმედებისკენ აღგვძრას. შეიძლება სამწყემსო მონახულება ცხოვრების მძიმე პერიოდის გადატანაში დაგვეხმაროს ან უხუცესის მიერ მოცემულმა რჩევამ სისუსტე დაგვაძლევინოს. ერთი ქრისტიანი ქალი მადლიერებით წერს უხუცესის მიერ გაწეული დახმარების შესახებ: „როცა ერთად საქადაგებლად წავედით, მან შესაძლებლობა მომცა, ჩემი გულისტკივილი გამეზიარებინა. სწორედ წინა ღამეს ვთხოვე ლოცვაში იეჰოვას, რომ ვინმესთან საუბრის საშუალება მოეცა. მეორე დღეს ეს ძმა მელაპარაკა და თანამიგრძნო; დამეხმარა იმის დანახვაში, თუ წლების განმავლობაში როგორ მეხმარებოდა იეჰოვა. მადლობელი ვარ იეჰოვასი, რომ ამ უხუცესის მეშვეობით დამეხმარა“. ყველა ზემოხსენებული სახით, ქრისტიანი უხუცესები ცხადყოფენ, რომ სწორედ ისინი არიან „ძღვენი ადამიანთა სახით“, რომლებიც იეჰოვამ იესო ქრისტეს მეშვეობით მოგვცა, რათა სიცოცხლისკენ მიმავალი გზის ბოლომდე გავლაში დაგვეხმარონ (ეფესოელები 4:8).
21, 22. ა) რა მოჰყვება ქრისტიანული კრების წევრების მიერ ფილიპელების 2:4-ში მოცემული რჩევის გამოყენებას? ბ) რატომ არის საჭირო სიკეთის თუნდაც უმნიშვნელო საკითხებში გამოვლენა?
21 არა მარტო უხუცესებმა, არამედ თითოეულმა ქრისტიანმა უნდა გამოიყენოს ღვთის შთაგონებით დაწერილი რჩევა: „მხოლოდ პირად ინტერესებზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების ინტერესებზეც“ (ფილიპელები 2:4). ქრისტიანული კრების წევრების მიერ ამ რჩევის მიყოლას სიკეთის ამსახველი შესანიშნავი შემთხვევები მოჰყვება. მაგალითად, ერთ ოჯახში სრულიად მოულოდნელად დიდი ტრაგედია დატრიალდა. მამა თავის პატარა გოგონასთან ერთად წავიდა მაღაზიაში. უკან დაბრუნებისას ისინი ავარიაში მოყვნენ. გოგონა დაიღუპა. მამა სერიოზულად დაშავდა. მას საავადმყოფოდან გამოსვლის შემდგომ პერიოდში თავისით თითქმის არაფრის გაკეთება არ შეეძლო. მეუღლე კი იმდენად იყო ემოციურად განადგურებული, რომ დახმარების გარეშე ვერ უვლიდა მას. ამიტომ კრებიდან ერთმა ქრისტიანმა წყვილმა დროებით თავისთან საცხოვრებლად მიიწვია დამწუხრებული ცოლ-ქმარი და რამდენიმე კვირის განმავლობაში მათდამი მზრუნველობა გამოავლინა.
22 ცხადია, სიკეთის გამოვლენა ყოველთვის არ არის დაკავშირებული ასეთ ტრაგედიასთან და პირად მსხვერპლთან. ზოგჯერ გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებში ვიღებთ დახმარებას. მაგრამ განა არ ვაფასებთ ნებისმიერ, თუნდაც უმნიშვნელო საკითხებში გამოვლენილ სიკეთეს? შეგიძლიათ გაიხსენოთ შემთხვევა, როცა ძმის ან დის კეთილმა სიტყვამ ან მოქმედებამ დროული დახმარება აღმოგიჩინათ? იეჰოვა ხშირად სწორედ ასეთი სახით ავლენს ჩვენდამი მზრუნველობას (იგავები 17:17; 18:24).
23. როგორ გვიყურებს იეჰოვა, როცა ერთმანეთის დახმარებას ვცდილობთ?
23 გსურთ, რომ იეჰოვა სხვებს თქვენი მეშვეობითაც დაეხმაროს? ნამდვილად გაქვთ ამის შესაძლებლობა. იეჰოვა აფასებს თქვენს ასეთ მზადყოფნას. მის სიტყვაში ნათქვამია: „ღატაკის მწყალობელი უფალს აძლევს სესხს და სამაგიეროს ის მიუზღავს მას“ (იგავები 19:17). ჩვენი და-ძმებისთვის დახმარების გაწევას დიდი სიხარული მოაქვს (საქმეები 20:35). მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი სურვილით ირჩევენ განმარტოებას, ხელიდან უშვებენ შესაძლებლობას, სიხარული განიცადონ სხვების დახმარებით; ამასთან, ისინი იმის შესაძლებლობასაც კარგავენ, რომ თვითონაც მიიღონ დახმარება და გამხნევდნენ (იგავები 18:1). ამიტომაც მოდი ერთგულება გამოვავლინოთ და რეგულარულად შევიკრიბოთ კრების შეხვედრებზე, რათა შეგვეძლოს ერთმანეთის გამხნევება (ებრაელები 10:24, 25).
24. რატომ არ უნდა დაგვწყდეს გული იმის გამო, რომ არა ვართ იმ დიდებული სასწაულების მოწმენი, რომლებიც ძველად ხდებოდა?
24 განა სასიამოვნო არაა იმაზე დაფიქრება, თუ როგორ გვეხმარება იეჰოვა? მართალია ჩვენს დროში იეჰოვა გამაოგნებელ სასწაულებს არ ახდენს თავისი განზრახვის გასახორციელებლად, მაგრამ ამის გამო გული არ უნდა დაგვწყდეს. მთავარი ის არის, რომ იეჰოვა ყველაფრით უზრუნველგვყოფს, რაც მისადმი ერთგულების შესანარჩუნებლად გვჭირდება. იმ შემთხვევაში კი, თუ ერთიანობით შევძლებთ რწმენაში დარჩენას, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე შთამბეჭდავი და დიდებული მოვლენების მოწმენი გავხდებით! მოდი მივიღოთ და სრულად ვისარგებლოთ იმ დახმარებით, რომელსაც იეჰოვა სიყვარულით გვთავაზობს, რათა ჩვენც შევუერთდეთ 2005 წლის მუხლის სიტყვებს: „ჩემი შველა იეჰოვასგან მოვა“ (ფსალმუნები 121:2, აქ [120:2]).
როგორ ფიქრობთ?
როგორ გვეხმარება დღეს იეჰოვა
• ანგელოზების მეშვეობით?
• წმინდა სულის მეშვეობით?
• მისი შთაგონებით დაწერილი სიტყვის მეშვეობით?
• თანამორწმუნეების მეშვეობით?
[სურათი 18 გვერდზე]
გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ ანგელოზები მხარს გვიჭერენ სამქადაგებლო საქმეში.
[სურათი 21 გვერდზე]
იეჰოვასგან დროული დახმარება შეიძლება თანამორწმუნის მეშვეობით მივიღოთ.