საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „რა ემართება ჩემს შვილს?“
    გამოიღვიძეთ! — 2008 | ივნისი
    • „რა ემართება ჩემს შვილს?“

      სკოტი და სანდრაa გაოგნდნენ, როდესაც მათი 15 წლის ქალიშვილი ოთახში შემოვიდა. ქერა თმა მას ღაჟღაჟა წითლად ჰქონდა შეღებილი! იმ საუბარმა, რომელიც ამას მოჰყვა, კიდევ უფრო შეაცბუნა მშობლები.

      „როდის დაგრთეთ ნება, რომ თმა შეგეღება?“

      „კი, მაგრამ თქვენ არასოდეს გითქვამთ, რომ არ შემეღება“.

      „რატომ არ გვკითხე არაფერი?“

      „იმიტომ, რომ დამიშლიდით!“

      სკოტი და სანდრა ალბათ დაეთანხმებიან იმ აზრს, რომ გარდატეხის ასაკი რთული პერიოდია არა მხოლოდ მოზარდებისთვის, არამედ მათი მშობლებისთვისაც. მართლაც, მრავალი მშობელი სრულიად მოუმზადებელია იმ დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოულოდნელად იჩენს თავს მაშინ, როცა მათი შვილები ამ ასაკს აღწევენ. „უეცრად ჩვენი ქალიშვილი სრულიად სხვა ადამიანად იქცა, — იხსენებს კანადაში მცხოვრები ბარბარა. — ვერ გამეგო, რა ემართებოდა მას. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს, როცა გვეძინა, ვიღაც მოვიდა და შვილი შეგვიცვალა!“

      ბარბარას გრძნობები ბევრისთვის ნაცნობია. აი, რა უთხრეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა მშობლებმა „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტს.

      „როცა ჩემი ბიჭი წამოიზარდა, ის მოულოდნელად შეიცვალა. ის უფრო თავდაჯერებული გახდა და მას ნაკლებად აინტერესებდა ჩვენი აზრი“ (ლია, ბრიტანეთი).

      „ჩვენი ქალიშვილები კრიტიკულები გახდნენ საკუთარი თავის მიმართ. ისინი განსაკუთრებით თავიანთი გარეგნობით იყვნენ უკმაყოფილო“ (ჯონი, განა).

      „ჩემს ბიჭს უნდოდა, რომ თავად მიეღო გადაწყვეტილებები. მას არ სიამოვნებდა, როდესაც ვეუბნებოდით, როგორ მოქცეულიყო“ (სელინი, ბრაზილია).

      „ჩვენი ქალიშვილი ვეღარ იტანდა, როცა ვეფერებოდით ან ვკოცნიდით“ (ენდრიუ, კანადა).

      „ბიჭები აგრესიულები გახდნენ. ისინი ჩვენს რჩევებს არაფრად აგდებდნენ და გვეკამათებოდნენ კიდეც“ (სტივი, ავსტრალია).

      „ჩემი გოგონა თავის თავში იკეტებოდა და ღიზიანდებოდა, როცა ვთხოვდი, ჩემთვის გული გადაეშალა“ (ჯოანი, მექსიკა).

      „შვილები გვიმალავდნენ, რას ფიქრობდნენ და რას აკეთებდნენ. მათ უფრო მეტად სურდათ განმარტოება. ხშირად, ის უფრო ერჩივნათ, რომ მეგობრებთან ერთად ყოფილიყვნენ, ვიდრე ჩვენთან“ (დანიელი, ფილიპინები).

      თქვენთვისაც ნაცნობია ის, რასაც ზემოთ მოხსენიებული ზოგიერთი მშობელი ამბობს? თუ ასეა, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ბიბლიას შეუძლია დაგეხმაროთ, გაუგოთ ამ ერთი შეხედვით „უცხო ადამიანად“ ქცეულ მოზარდ შვილს. როგორ დაგეხმარებათ ბიბლია ამაში?

      სიბრძნე და გაგების უნარი

      ბიბლიური იგავი ამბობს: „შეიძინე სიბრძნე, შეიძინე გაგების უნარი“ (იგავები 4:5). ეს ორივე თვისება ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდებთან ურთიერთობაში. გაგების უნარი გჭირდებათ იმისთვის, რომ შვილის ქცევის მიღმა დაინახოთ, თუ რა რთული პერიოდი აქვს მას ამჟამად. გარდა ამისა, თქვენ გესაჭიროებათ სიბრძნე, რათა დაეხმაროთ მას, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პიროვნებად ჩამოყალიბდეს.

      ნუ იფიქრებთ, რომ თქვენსა და თქვენს შვილს შორის გაჩენილი ბზარი იმის ნიშანია, რომ მას აღარ სჭირდება თქვენი თანადგომა. ფაქტია, რომ მოზარდებს სჭირდებათ — და სურთ კიდეც — მშობლების მხარდაჭერა ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე. როგორ დაგეხმარებათ გაგების უნარი და სიბრძნე, რომ გვერდში ამოუდგეთ შვილებს?

      [სქოლიო]

      a სტატიათა ამ სერიაში სახელები შეცვლილია.

  • შვილების აღზრდა მნიშვნელოვანია, გამოავლინოთ გაგების უნარი
    გამოიღვიძეთ! — 2008 | ივნისი
    • შვილების აღზრდა მნიშვნელოვანია, გამოავლინოთ გაგების უნარი

      წარმოიდგინეთ, რომ უცხო ქვეყანაში ხართ და ენა არ იცით. ცხადია, თქვენთვის რთული იქნებოდა ხალხთან ურთიერთობა, მაგრამ არა შეუძლებელი. მაგალითად, თქვენ დაგეხმარებოდათ სასაუბრო, რომ იმ ენაზე ძირითადი ფრაზები გესწავლათ, ან თარჯიმანი, რომელიც თქვენს ნათქვამს სხვებს გადაუთარგმნიდა, სხვებისას კი თქვენ გაგაგებინებდათ.

      მშობლები, რომლებსაც მოზარდი შვილები ჰყავთ, შეიძლება ზოგჯერ თავს უცხო ქვეყანაში ჩასული ადამიანის მსგავსად გრძნობდნენ. ისევე, როგორც უცხო ენა, მოზარდების ქცევა შეიძლება ძნელი გასაგები იყოს, მაგრამ არა შეუძლებელი. მთავარია, ეცადოთ გაიგოთ, რა ხდება ბავშვის განვითარების ამ, ზოგჯერ ამაღელვებელ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში რთულ პერიოდში.

      რატომ იქცევიან ასე?

      მოზარდების სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მშობლების წინააღმდეგ მიდიან. გახსოვდეთ, ბიბლია ამბობს, რომ დგება დრო, როდესაც „მიატოვებს კაცი მამას და დედას“ (დაბადება 2:24). იმისათვის, რომ მომავალში მზად იყვნენ უფრო სერიოზული პასუხისმგებლობებისთვის, საჭიროა, მოზარდებმა ზოგიერთ საკითხში თავად მიიღონ ხოლმე გადაწყვეტილებები, რათა გარკვეული გამოცდილება შეიძინონ.

      გავიხსენოთ წინა სტატიაში რამდენიმე მშობლის მიერ ნათქვამი სიტყვები და დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მათი შვილების ამა თუ იმ ქცევის მიზეზი.

      ბრიტანეთში მცხოვრებმა ლიამ წუხილით თქვა: „ჩემი ბიჭი მოულოდნელად შეიცვალა. ის უფრო თავდაჯერებული გახდა და მას ნაკლებად აინტერესებდა ჩვენი აზრი“.

      პატარა ბავშვების მსგავსად მოზარდებიც განუწყვეტლივ სვამენ კითხვას: „რატომ?“ მაგრამ მოკლედ და მარტივად გაცემული პასუხი, ადრინდელისგან განსხვავებით, მათ მეტად აღარ აკმაყოფილებთ. რატომ ხდება ასე? პავლე მოციქული წერდა: „როცა ბავშვი ვიყავი . . . ბავშვივით ვმსჯელობდი“ (1 კორინთელები 13:11). როდესაც მოზარდები ეჩვევიან მსჯელობას, საჭიროა მათთვის საკითხების უფრო ვრცლად ახსნა, რათა მათი „აღქმის უნარი“ გაიწაფოს (ებრაელები 5:14).

      განაში მცხოვრებმა ჯონმა თქვა: „ჩვენი ქალიშვილები კრიტიკულები გახდნენ საკუთარი თავის მიმართ. ისინი განსაკუთრებით თავიანთი გარეგნობით იყვნენ უკმაყოფილო“.

      ფაქტია, რომ სწრაფი ზრდის გამო, რომელიც თან ახლავს სქესობრივ მომწიფებას — იქნება ეს ადრე, გვიან თუ თავის დროზე — მრავალი მოზარდი მეტისმეტად წუხს იმაზე, თუ როგორ გამოიყურება. გოგონები შეიძლება მღელვარებით ან შიშით შეხვდნენ თავიანთი სხეულის გარეგნულ ცვლილებებს. ამას ისიც ემატება, რომ სახეზე ზოგს ფერიმჭამელები უჩნდება, ზოგი კი იწყებს კოსმეტიკის გამოყენებას. ამიტომ, ადვილი გასაგებია, თუ რატომ უთმობენ ისინი უფრო მეტ დროს სარკის წინ ტრიალს, ვიდრე გაკვეთილების მომზადებას.

      ფილიპინელმა დანიელმა აღნიშნა: „შვილები გვიმალავდნენ, რას ფიქრობდნენ და რას აკეთებდნენ. მათ უფრო მეტად სურდათ განმარტოება. ხშირად, ის უფრო ერჩივნათ, რომ მეგობრებთან ერთად ყოფილიყვნენ, ვიდრე ჩვენთან“.

      მშობლებისთვის რაიმეს დამალვა მოზარდს შეიძლება ძვირად დაუჯდეს (ეფესოელები 5:12). მაგრამ, რაც შეეხება განმარტოებას, ამაში ცუდი არაფერია. იესოსაც კარგად ესმოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, ‘უკაცრიელ ადგილზე განმარტოებულიყო’ (მათე 14:13). როცა იზრდებიან, ახალგაზრდებსაც სჭირდებათ განმარტოება და ყველამ პატივი უნდა სცეს მათ სურვილს. ზომიერების ფარგლებში განმარტოება ეხმარება ახალგაზრდებს, იფიქრონ სხვადასხვა საკითხზე — ეს კი კარგი თვისებაა, რაც მათ მომავალში გამოადგებათ.

      გარდატეხის ასაკში მოზარდებს იმის სურვილიც უჩნდებათ, რომ მეგობრები ჰყავდეთ. მაგრამ საყურადღებოა, რომ „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორინთელები 15:33). თუმცა, ბიბლიაში ისიც არის ნათქვამი, რომ „ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17). როცა მოზარდი სწავლობს, თუ როგორ ჩაუყაროს საფუძველი კარგ მეგობრობას და როგორ შეინარჩუნოს ის, ამით იძენს მნიშვნელოვან უნარს, რომელიც მომავალშიც გამოადგება.

      მშობლებმა, რომლებიც მსგავს სიტუაციებს ხვდებიან, გაგების უნარი უნდა შეიძინონ, რათა თავიანთი მოზარდი შვილების საქციელი არასწორად არ გაიგონ. ცხადია, გაგების უნართან ერთად მშობლებს სიბრძნეც სჭირდებათ, რათა ასეთ დროს საუკეთესო შედეგებს მიაღწიონ. რა დაეხმარებათ მათ ამაში?

      [ჩანართი 5 გვერდზე]

      მოზარდები ეჩვევიან მსჯელობას, ამიტომ მათ ვრცლად უნდა აუხსნათ ოჯახში დადგენილი წესები

  • შვილების აღზრდა მნიშვნელოვანია, გამოავლინოთ სიბრძნე
    გამოიღვიძეთ! — 2008 | ივნისი
    • შვილების აღზრდა მნიშვნელოვანია, გამოავლინოთ სიბრძნე

      „ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, სწორად აღვზარდოთ შვილები, მაგრამ ისე გამოგვდის, რომ ყოველთვის საყვედურებით ვავსებთ მათ“. ზოგჯერ კითხვა გვებადება: ვეხმარებით მათ, რომ საკუთარი თავის რწმენა ჰქონდეთ, თუ პირიქით, ხელს ვუშლით ამაში? რთულია, იპოვო ოქროს შუალედი (ჯორჯი და ლორენი, ავსტრალია).

      შვილების აღზრდა ადვილი არ არის. გარდა იმისა, რომ მშობლები შვილების აღზრდისას ახალ-ახალ სირთულეებს ხვდებიან, მათ შეიძლება ისიც აფიქრებდეთ, რომ შვილები იზრდებიან და ადრე თუ გვიან მათთან განშორება მოუწევთ. „გული მტკივა, როდესაც ვფიქრობ იმაზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს შვილები სახლს დატოვებენ, — ამბობს ავსტრალიაში მცხოვრები ფრენკი. — ადვილი არ არის იმ აზრთან შეგუება, რომ შენ ისე ვეღარ მიაქცევ მათ ყურადღებას, როგორც ადრე“.

      წინა სტატიებში მოხსენიებული ლიაც იზიარებს ამ აზრს. ის ამბობს: „მიჭირს ჩემს შვილს ისე მოვექცე, როგორც მოზრდილს, რადგან ის ჩემთვის ისევ პატარაა. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს გუშინ მივიყვანე სკოლაში!“

      როგორი ძნელიც არ უნდა იყოს ამ აზრთან შეგუება, მოზარდები პატარები აღარ არიან, თუმცა ისინი მაინც საჭიროებენ მშობლების მხრიდან დასწავლებასა და მხარდაჭერას. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მშობლებს სიფრთხილე მართებთ, რადგან, როგორც ზემოთ მოხსენიებული ჯორჯი და ლორენი ამბობენ, მათ შეუძლიათ შვილებს საკუთარი თავის რწმენა ჩაუნერგონ ან პირიქით — დაუკარგონ. რა დაეხმარება მშობლებს, რომ სწორად აღზარდონ შვილები? მათ ბიბლიაში მოცემული რჩევები გაუწევს დახმარებას (ესაია 48:17, 18). განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.

      მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობა

      ბიბლია ეუბნება ქრისტიანებს, რომ ‘სწრაფი იყვნენ მოსმენაში და ნელი — სიტყვაში’ (იაკობი 1:19). მართალია მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ასაკის ბავშვთან ურთიერთობისას, მაგრამ ის განსაკუთრებით საჭიროა მაშინ, როცა ურთიერთობა გვაქვს მოზარდებთან. ამას შეიძლება დიდი ძალისხმევა დასჭირდეს.

      „როდესაც ბიჭები წამოიზარდნენ, დავინახე, რომ ურთიერთობის უნარი უნდა გამეუმჯობესებინა, — ამბობს ბრიტანეთში მცხოვრები პიტერი. — როდესაც ისინი პატარები იყვნენ, მე და ჩემი ცოლი ვეუბნებოდით მათ, თუ რა უნდა ეკეთებინათ და ისინიც გვისმენდნენ. მაგრამ ახლა, როცა ისინი წამოიზარდნენ, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ მათთან ერთად, ყველაფერზე დეტალურად ვესაუბროთ და საშუალება მივცეთ, საკუთარი გადაწყვეტილებები მიიღონ. მოკლედ რომ ვთქვათ, მათ გულს უნდა ჩავწვდეთ“ (2 ტიმოთე 3:14).

      მოსმენა განსაკუთრებით მაშინაა მნიშვნელოვანი, როცა უთანხმოება იჩენს თავს (იგავები 17:27). დანიელამ, რომელიც ბრიტანეთში ცხოვრობს, საკუთარ თავზე გამოსცადა ამ სიტყვების ჭეშმარიტება. ის ყვება: „ჩემს ერთ ქალიშვილთან უთანხმოება მქონდა იმის გამო, რომ ის მეპასუხებოდა, როცა რაიმეს გაკეთებას ვთხოვდი. მაგრამ მან მითხრა, რომ ასე იმიტომ იქცეოდა, რომ ყოველთვის ვუყვიროდი მას და მბრძანებლური კილოთი მივმართავდი. ჩვენ მოვაგვარეთ ეს პრობლემა, როცა დავსხედით ერთად და ერთმანეთს გულისყურით მოვუსმინეთ. მან ამიხსნა, თუ როგორ მივმართავდი და როგორ მოქმედებდა ეს მასზე, მე კი ვუთხარი, როგორ მოქმედებდა ჩემზე მისი საქციელი და რას ვგრძნობდი ამის გამო“.

      დანიელამ დაინახა, რომ ბიბლიური რჩევა, ‘სწრაფი იყავით მოსმენაში’, დაეხმარა მას პრობლემის მიზეზის დანახვაში. „ახლა ვცდილობ, რომ ჩემს ქალიშვილთან ურთიერთობისას მომთმენი ვიყო და მხოლოდ მაშინ დაველაპარაკო, როცა გაბრაზებული არა ვარ, — ამბობს დანიელა, შემდეგ კი დასძენს, — ჩვენი ურთიერთობა გაუმჯობესდა“.

      იგავების 18:13-ში ნათქვამია: „მოსმენამდე პასუხის გაცემა უგუნურებაა და დამცირება“. ავსტრალიელი გრეგი დარწმუნდა ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში. „ზოგჯერ შვილებთან უთანხმოება მაშინ მოგვდის, როცა მე და ჩემი ცოლი მათ ჭკუას ვარიგებთ, იმის მაგივრად, რომ ჯერ მოვუსმინოთ და ჩავწვდეთ მათ გრძნობებს, — ამბობს ის. — მივხვდით, რომ მაშინაც კი, როცა შვილებს საერთოდ არ ვეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია, მივცეთ მათ საშუალება, ჯერ გამოთქვან საკუთარი აზრი, შემდეგ კი მივუთითოთ შეცდომაზე ან რაიმე ვურჩიოთ“.

      რამდენად თავისუფალი უნდა იყოს მოზარდი?

      როგორც ჩანს, მშობლებსა და შვილებს შორის უთანხმოება ყველაზე ხშირად იმ მიზეზით ხდება, რომ შვილებს უფრო მეტი თავისუფლების მიღება სურთ. რამდენად თავისუფალი უნდა იყოს მოზარდი? „ზოგჯერ ვხედავ, რომ თუ ჩემს ქალიშვილს რაიმეს ნებას ვრთავ, ის უფრო მეტს ითხოვს“, — ამბობს ერთი მშობელი.

      აშკარაა, რომ თუ მოზარდებს ზედმეტ თავისუფლებას მივცემთ, ეს მათ ცუდ შედეგებს მოუტანს. ბიბლია გვაფრთხილებს კიდეც, რომ „თავის ნებაზე მიშვებული ყმაწვილი დედის შემარცხვენელია“ (იგავები 29:15). შვილებს ნებისმიერ ასაკში სჭირდებათ სათანადო ხელმძღვანელობა. მართალია, მშობლები სიყვარულით უნდა ადგენდნენ ოჯახში წესებს, მაგრამ მტკიცედ უნდა მოითხოვდნენ ამ წესების დაცვას (ეფესოელები 6:4). ამავე დროს, ახალგაზრდებს გარკვეულწილად უნდა მიეცეთ კიდეც თავისუფლება, რათა უკეთ მოემზადონ იმისთვის, რომ მომავალში გონივრული გადაწყვეტილებები მიიღონ.

      მაგალითად, დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ ისწავლეთ სიარული. როცა პატარა იყავით, სხვები ხელით გატარებდნენ. დროთა განმავლობაში თქვენ დაიწყეთ ხოხვა, შემდეგ კი — სიარული. რა თქმა უნდა, როცა პატარა ბავშვი იწყებს დამოუკიდებლად სიარულს, ამას შეიძლება გარკვეული საფრთხეც ახლდეს თან. ამიტომ, თქვენი მშობლები თვალს არ გაშორებდნენ და სახიფათო ადგილებამდე მისასვლელსაც კი გიკეტავდნენ, მაგალითად, კიბეებამდე, საიდანაც შეიძლებოდა დაგორებულიყავით. და მაინც, ისინი უფლებას გაძლევდნენ, რომ თქვენით გევლოთ. მართალია, რამდენჯერმე აუცილებლად წაიქცეოდით, მაგრამ დროთა განმავლობაში, თქვენ ისწავლეთ სიარული.

      თავისუფლების მისაღებად მოზარდიც მსგავს ეტაპებს გადის. თავიდან მშობლები, ფაქტობრივად, „ხელით ატარებენ“ თავიანთ შვილებს — მათ მაგივრად იღებენ გადაწყვეტილებებს. მოგვიანებით, როცა შვილები გარკვეულწილად მოწიფულები ხდებიან, მშობლები მათ ასე ვთქვათ, „ხოხვის“ უფლებას აძლევენ — ნებას რთავენ, ზოგ საკითხში თავად მიიღონ გადაწყვეტილებები. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მშობლები შეზღუდვებს უდგენენ მოზარდებს, ანუ „მისასვლელს უკეტავენ“ ყოველივე იმასთან, რაც მათ ზიანს მოუტანს. როცა შვილები მოწიფულები ხდებიან, მშობლები აძლევენ მათ იმის უფლებას, რომ თავისით „იარონ“. შემდეგ, როდესაც ზრდასრული ადამიანები გახდებიან, ისინი შეძლებენ ‘თავიანთი სატარებელი ატარონ’ (გალატელები 6:5).

      რას ვსწავლობთ ბიბლიური მაგალითიდან?

      როდესაც იესო 12 წლის იყო, მშობლები, როგორც ჩანს, მას გარკვეულ თავისუფლებას აძლევდნენ, მაგრამ ის ბოროტად არ იყენებდა მათ ნდობას. მართალია, იესოს „ემატებოდა . . . სიბრძნე, იზრდებოდა და უფრო მეტ კეთილგანწყობილებას იხვეჭდა ღვთისა და ადამიანთა თვალში“, მაგრამ ის „კვლავაც ემორჩილებოდა“ თავის მშობლებს (ლუკა 2:51, 52).

      მშობლებო, თქვენ ამ მაგალითიდან შეგიძლიათ ისწავლოთ ის, რომ უფრო მეტი თავისუფლება მისცეთ შვილებს, თუ მათი მოქმედებიდან ჩანს, რომ ისინი სწორად გამოიყენებენ მას. ყურადღება მიაქციეთ, თუ რას ამბობს ამის შესახებ ზოგი მშობელი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე.

      „თავიდან ზედმეტად ვერეოდი ჩემი შვილების საქმეებში. მაგრამ, მოგვიანებით, ვასწავლე მათ, თუ რა პრინციპებით უნდა ეხელმძღვანელათ, და მივეცი იმის უფლება, რომ ნასწავლის შესაბამისად თავად მიეღოთ გადაწყვეტილებები. ამის შემდეგ დავინახე, რომ ისინი უფრო მეტ სიფრთხილეს ავლენდნენ გადაწყვეტილებების მიღებისას“ (სიუ ჰინი, კორეა).

      „მართალია, ყოველთვის, როდესაც შვილებს უფრო მეტ თავისუფლებას ვაძლევთ, მე და ჩემი ქმარი ცოტათი ვშიშობთ ამის გამო. მაგრამ ჩვენ უკან არ ვიხევთ, რადგან ვხედავთ, რომ ბავშვებს შეუძლიათ ამ თავისუფლების სწორად გამოყენება“ (დარია, ბრაზილია).

      „მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია შევაქო ჩემი ბიჭი იმისთვის, რომ სწორად იყენებს თავისუფლებას. მეც ისევე ვიქცევი, რასაც მისგან მოვითხოვ. მაგალითად, ვეუბნები, თუ სად მივდივარ და რის გაკეთებას ვაპირებ. თუ სახლში გვიან დაბრუნება მიწევს, ამის შესახებაც წინასწარ ვატყობინებ“ (ანა, იტალია).

      „ბიჭებთან საუბრისას ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რომ ასაკის მატებასთან ერთად მათ თავისუფლება ავტომატურად კი არ მიეცემათ, არამედ უნდა დაგვანახვონ, რომ ნამდვილად იმსახურებენ ამას“ (პიტერი, ბრიტანეთი).

      ვინ უნდა აგოს პასუხი შეცდომებზე?

      ბიბლიაში ნათქვამია: „კარგია, კაცი ახალგაზრდობაშივე რომ ატარებს ტვირთს“ (გოდება 3:27). მოზარდმა რომ შეძლოს ‘ტვირთის ტარება’, ანუ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ამის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ისაა, რომ მან თავის თავზე გამოსცადოს შემდეგი სიტყვების ჭეშმარიტება: „კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“ (გალატელები 6:7).

      შესაძლოა, ზოგი მშობელი კარგი აღძვრებიდან გამომდინარე მოზარდ შვილს უგუნური მოქმედებების შედეგებისგან იცავს. დავუშვათ, შვილი ფულს უყაირათოდ ხარჯავს და ვალებს იღებს. რას ისწავლის ის, თუ ყოველთვის დედიკო და მამიკო გაისტუმრებენ მის ვალებს? განა უკეთესი არ იქნება, თუ მშობლები დაანახვებენ მას, როგორ დაზოგოს ფული და თვითონ გადაიხადოს თავისი ვალები?!

      შვილებს კარგს არაფერს მოუტანს ის, თუ მშობლები არ ასწავლიან მათ, რომ თავადვე უნდა იწვნიონ თავიანთი უგუნური საქციელის შედეგები. ასე ისინი მომავლისთვის კი არ მოამზადებენ შვილებს, არამედ მათ დათვურ სამსახურს გაუწევენ და მხოლოდ იმას ასწავლიან, რომ გვერდით ყოველთვის ეყოლებათ ვინმე, ვინც რთული მდგომარეობიდან გამოიყვანს, მათ გაფუჭებულ საქმეს გამოასწორებს და მათ ჩადენილ შეცდომებს დაფარავს. ბევრად უკეთესია, მოზარდებს მისცეთ იმის საშუალება, რომ მოიმკან ის, რაც დათესეს, და ისწავლონ, თუ როგორ გადაჭრან პრობლემები. ეს ძალიან დაეხმარება მათ, რომ ‘გაიწაფონ აღქმის უნარი კარგისა და ცუდის გასარჩევად’ (ებრაელები 5:14).

      ‘ისინი ჩვენ თვალწინ იზრდებიან და იცვლებიან’

      ცხადია, რომ მოზარდების მშობლები რთული ამოცანის წინაშე დგანან. მართალია, მშობლები ყველანაირად ცდილობენ, რომ შვილები ‘იეჰოვას მოსაწონად აღზარდონ და დაარიგონ’, მაგრამ ზოგჯერ იმედგაცრუების გამო შეიძლება არაერთხელ აცრემლდნენ კიდეც (ეფესოელები 6:4).

      კარგი მშობელი ის კი არ არის, ვინც ყოველ ფეხის ნაბიჯზე აკონტროლებს შვილს, არამედ ის, ვინც მას ნამდვილ ფასეულობებს უნერგავს (კანონი 6:6—9). ცხადია, ეს სათქმელად ადვილია, მაგრამ გასაკეთებლად — ძნელი! „ჩვენი შვილები ჩვენ თვალწინ იზრდებიან და იცვლებიან, — ამბობს ზემოხსენებული გრეგი. — ისინი ახალ პიროვნებებად ყალიბდებიან, ამიტომ ჩვენ განუწყვეტლივ უნდა ვეცნობოდეთ მათ და უნდა ვცდილობდეთ, რომ შევეწყოთ“.

      შეეცადეთ, გამოიყენოთ ამ სტატიაში განხილული ბიბლიური პრინციპები. იყავით გაწონასწორებულნი და ზედმეტს ნუ მოითხოვთ შვილებისგან. მაგრამ, ამავე დროს, არ დათმოთ თქვენი, როგორც მშობლის უფლებამოსილება, რადგან სწორედ თქვენ ამზადებთ მათ მომავალი ცხოვრებისთვის და ისინი სწორედ თქვენი მაგალითიდან სწავლობენ. ბიბლიაში ნათქვამია: „ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს; ის სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას“ (იგავები 22:6).

      [ჩანართი 7 გვერდზე]

      თავისუფლების მიღება სიარულის სწავლას ჰგავს — ეს თანდათანობითი პროცესია

      [ჩანართი 8 გვერდზე]

      ◼ მშობლები თორმეტი წლის იესოს გარკვეულ თავისუფლებას აძლევდნენ

      [ჩარჩო 7 გვერდზე]

      „ნუ წახვალთ დათმობაზე“

      თქვენს მოზარდ შვილს შეიძლება არ სიამოვნებდეს, რომ მას გარკვეულ შეზღუდვებს უდგენთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ დათმობაზე უნდა წახვიდეთ. გახსოვდეთ, მოზარდები გამოუცდელები არიან და მათ კვლავაც სჭირდებათ ხელმძღვანელობა (იგავები 22:15).

      ჯონ როუზმონდი თავის წიგნში წერს: „შვილების გაღიზიანებისა და მათთან კამათის თავიდან ასარიდებლად მშობლები ადვილად მიდიან დათმობაზე და ხშირად ბევრი რამის უფლებას აძლევენ. ისინი სინამდვილეში პირიქით უნდა მოიქცნენ. მშობლები ამ დროს დათმობაზე კი არ უნდა წავიდნენ, არამედ კიდევ ერთხელ უნდა დაანახვონ შვილებს, რომ ისინი ვალდებულნი არიან, დაემორჩილონ მათ, თუმცა შვილებს ეს შეიძლება სულაც არ მოეწონოთ. ამავე დროს მშობლებმა შვილები იმაშიც უნდა დაარწმუნონ, რომ ყოველთვის მზად იქნებიან, მათ მხარში ამოუდგნენ“ („New Parent Power!“).

      [ჩარჩო 9 გვერდზე]

      ზედმეტად ხომ არ ზღუდავთ შვილს?

      ხშირად მოზარდებს იმაზე მეტი თავისუფლების მიღება სურთ, ვიდრე ეს მათთვის დასაშვებია. ამავე დროს, ზოგი მშობელი ზომაზე მეტად ზღუდავს შვილს. ამ ორ, ერთმანეთისგან განსხვავებულ სიტუაციაში მშობელი გაწონასწორებული უნდა იყოს. პირადად თქვენ რა დაგეხმარებათ ამაში? კარგი იქნება, თუ თავიდან დაფიქრდებით იმაზე, რაც ქვემოთაა ჩამოთვლილი. აქედან რაში ავლენს თქვენი შვილი გონიერებას?

      □ მეგობრების არჩევა

      □ ტანსაცმლის არჩევა

      □ ფულის ხარჯვა

      □ სახლში დროულად დაბრუნება

      □ საოჯახო საქმეების კეთება

      □ საშინაო დავალებების შესრულება

      □ შეცდომებზე ბოდიშის მოხდა

      □ სხვა ․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

      თუ აქედან ზოგ რამეში თქვენი შვილი სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, ხომ არ ღირს, რომ მას უფრო მეტი თავისუფლება მისცეთ?

      [სურათი 7 გვერდზე]

      მიეცით მათ საშუალება, ჯერ გამოთქვან საკუთარი აზრი და შემდეგ ურჩიეთ რაიმე ან მიუთითეთ შეცდომაზე

      [სურათი 8, 9 გვერდებზე]

      მშობლებმა პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა განუვითარონ შვილებს

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება