-
შეგიძლია იმსახურო იქ, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა?საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 აპრილი
-
-
შეგიძლია იმსახურო იქ, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა?
„შეერთებულ შტატებში კომფორტულად ვცხოვრობდით, მაგრამ ვფიქრობდით, რომ ჩვენ გარშემო გამეფებული მატერიალიზმი დროთა განმავლობაში ცუდად იმოქმედებდა ჩვენზე და ჩვენს შვილებზე. მე და ჩემი მეუღლე ადრე მისიონერებად ვმსახურობდით და გვინდოდა, კვლავ დავბრუნებოდით ამ უბრალო, მაგრამ სასიამოვნო ცხოვრებას“.
რალფმა და პემმა 1991 წელს წერილი მისწერეს რამდენიმე ფილიალს და აღნიშნეს, რომ მსახურების მიზნით სიამოვნებით გადავიდოდნენ იქ, სადაც ამის საჭიროება იყო. მექსიკის ფილიალმა მათ საპასუხო წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მექსიკაში ინგლისურად მოლაპარაკე მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. ძმები იუწყებოდნენ, რომ ეს ტერიტორია ‘გადათეთრებული იყო მოსამკელად’ (იოან. 4:35). რალფი და პემი დათანხმდნენ ამ შემოთავაზებას და 8 და 12 წლის ვაჟებთან ერთად სამზადისს შეუდგნენ.
ვრცელი ტერიტორია
რალფი იხსენებს: „სანამ შეერთებულ შტატებს დავტოვებდით, ზოგი და-ძმა გულწრფელად გვეუბნებოდა, საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადასვლა ძალიან სახიფათოაო; რა უნდა ქნათ, ავად რომ გახდეთ? რა აზრი აქვს ინგლისურენოვან ტერიტორიაზე გადასვლას? საეჭვოა, რომ ინგლისურად მოლაპარაკე ხალხი ჭეშმარიტებით დაინტერესდესო. მაგრამ ჩვენ გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია, რადგან ყველაფერი კარგად აწონილ-დაწონილი გვქონდა. ასეთ მსახურებაზე წლები ვოცნებობდით. არ ვიღებდით დიდ ვალებს, ვზოგავდით ფულს და ხშირად ვსაუბრობდით ოჯახში იმ სირთულეებზე, რომლებსაც შეიძლება შევხვედროდით“.
რალფი თავის ოჯახთან ერთად მექსიკის ფილიალში ჩავიდა. ძმებმა ქვეყნის რუკა აჩვენეს და უთხრეს, რომ ეს იქნებოდა მათი ტერიტორია. ისინი დასახლდნენ მეხიკოს ჩრდილო-დასავლეთით 240 კილომეტრში მდებარე ქალაქ სან-მიგელ-დე-ალენდეში, სადაც ბევრი უცხოელი ცხოვრობდა. მათი ჩასვლიდან სამ წელიწადში ამ ქალაქში 19 მაუწყებლისგან შემდგარი კრება ჩამოყალიბდა. მექსიკაში ეს პირველი ინგლისურენოვანი კრება იყო. მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრებულა.
მექსიკაში სავარაუდოდ ერთი მილიონი ამერიკელი ცხოვრობს. გარდა ამისა, ბევრი განათლებული მექსიკელი და სტუდენტი თავისუფლად ლაპარაკობს ინგლისურად. რალფი აღნიშნავს: „ვლოცულობდით, რომ კრებაში უფრო მეტი მაუწყებელი გვყოლოდა. ერთი ოთახი ყოველთვის თავისუფალი გვქონდა იმ და-ძმებისთვის, რომლებიც ასე ვთქვათ, ამ ტერიტორიის დასაზვერად ჩამოდიოდნენ“ (რიცხ. 13:2).
მათ გაიმარტივეს ცხოვრება მსახურების გასაფართოებლად
მალე უფრო მეტი და-ძმა ჩამოვიდა მსახურების გასაფართოებლად. მათ შორის იყვნენ ბილი და კატი შეერთებული შტატებიდან, რომლებსაც 25 წელი ჰქონდათ ნამსახურები უცხო ტერიტორიებზე. ისინი ესპანური ენის შესწავლას აპირებდნენ, მაგრამ როგორც კი ტბა ჩაპალას სანაპირო ქალაქ ახიხიკში ჩამოვიდნენ, აზრი შეიცვალეს. ეს ქალაქი ამერიკელი პენსიონერების საყვარელი ადგილია. ბილი ამბობს: „ახიხიკში ძირითადად ჭეშმარიტებით დაინტერესებულ ინგლისურად მოლაპარაკე ადამიანებს ვეძებდით“. ორ წელიწადში მათ საკუთარი თვალით იხილეს, როგორ ჩამოყალიბდა მექსიკაში მეორე ინგლისურენოვანი კრება.
-
-
შეგიძლია იმსახურო იქ, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა?საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 აპრილი
-
-
პატრიკმა და როქსანამ, რომლებიც ტეხასის შტატში (აშშ) ცხოვრობდნენ, მსახურების გასაფართოებლად ინგლისურენოვანი ტერიტორიების ძებნა დაიწყეს. „მექსიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მონტერეიში ჩასვლისას მივხვდით, რომ იეჰოვას ნებით ამ ქალაქში უნდა გვექადაგა“, — ამბობს პატრიკი. ხუთ დღეში მათ ტეხასში სახლიც გაყიდეს და მონტერეიშიც გადავიდნენ. მექსიკაში თავის შენახვა ადვილი არ ყოფილა, მაგრამ ორ წელიწადში 17-კაციანი ჯგუფი მათ თვალწინ 40 მაუწყებლისგან შემდგარ კრებად იქცა.
ზემოხსენებული წყვილის მსგავსად ჯეფმა და დებიმაც მსახურების გაფართოების მიზნით გაყიდეს თავიანთი დიდი სახლი შეერთებულ შტატებში და პატარა ბინაში გადავიდნენ მექსიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ კანკუნში. თუ მანამდე ისინი სახლთან ახლოს კომფორტულ დარბაზში ესწრებოდნენ კონგრესებს, ახლა მათ რვა საათი უწევდათ მგზავრობა, რომ დასწრებოდნენ ინგლისურენოვან კონგრესს ღია ცისქვეშ. მიუხედავად ამისა, მათთვის სასიამოვნო იყო იმის დანახვა, როგორ ჩამოყალიბდა კანკუნში 50 მაუწყებლისგან შემდგარი კრება.
-