-
ოთხი რამ, რაც უნდა იცოდეთ განქორწინებაზეგამოიღვიძეთ! — 2010 | თებერვალი
-
-
4 როგორ შეიძლება იმოქმედოს განქორწინებამ ბავშვებზე
„შოკში ვიყავი, — ამბობს ესპანელი ხოსე. — ყველაზე საშინელი ის იყო, რომ ცოლი ჩემი დის ქმართან მღალატობდა. სიკვდილს ვნატრობდი“. დედის საქციელმა ხოსეს ორი და ოთხი წლის ვაჟებზეც ძალიან იმოქმედა. „ბავშვები ვერ ხვდებოდნენ, რა ხდებოდა. მათ არ ესმოდათ, რატომ ცხოვრობდა მათი დედა ბიძასთან და ჩვენ რატომ გადავედით საცხოვრებლად ჩემს დასთან და დედასთან. როცა სადმე ვაპირებდი წასვლას, სულ იმას მეკითხებოდნენ: როდის მოხვალ? შენც ხომ არ მიგვატოვებო?“.
მშობლებს ხშირად ავიწყდებათ, როგორ იმოქმედებს განქორწინება ბავშვებზე. როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, თუ ერთმანეთს ვერ ეგუებიან? ნამდვილად „უკეთესი იქნება ბავშვებისთვის“, თუკი ისინი ერთმანეთს გაეყრებიან? ბოლო წლებში ამ შეხედულებას მრავალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ისინი გაყრას გაუმართლებლად თვლიან განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ოჯახში სიტუაცია უკიდურესად არ არის დაძაბული. ერთ წიგნში, რომელიც განქორწინების პრობლემებს ეხება, აღნიშნულია: „ისინი, ვისაც ქორწინებაში არ გაუმართლა, შეიძლება გააკვირვოს იმის გაგებამ, რომ მათი შვილები მეტ-ნაკლებად კმაყოფილნი არიან თავიანთი ხვედრით. მათ სულ არ ანაღვლებთ, უგებენ თუ არა მშობლები ერთმანეთს. მთავარია, დედა და მამა გვერდით ჰყავდეთ“ (The Unexpected Legacy of Divorce).
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში ბავშვებს კარგად ესმით, რომ ოჯახში სიტუაცია დაძაბულია. ოჯახური კონფლიქტები უარყოფითად აისახება ბავშვების ფსიქიკაზე. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ განქორწინება მათ ინტერესებს ემსახურება. „ოჯახის სტრუქტურა საშუალებას აძლევს მშობლებს იზრუნონ ბავშვის აღზრდა-განვითარებაზე მაშინაც კი, თუ მათი ოჯახი იდეალისგან შორს დგას“, — ნათქვამია წიგნში, რომელიც ოჯახურ პრობლემებს ეხება (The Case for Marriage, by Linda J. Waite and Maggie Gallagher).
შედეგები: განქორწინებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბავშვების ფსიქიკაზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ მეორე მშობელთან ნორმალური ურთიერთობის საშუალებას არ აძლევთ (იხილეთ ჩარჩო „ორ ცეცხლს შუა“).
-
-
ოთხი რამ, რაც უნდა იცოდეთ განქორწინებაზეგამოიღვიძეთ! — 2010 | თებერვალი
-
-
[ჩარჩო 6 გვერდზე]
„ყველა ბავშვის უფლება“
«ხუთი წლის ვიყავი, როცა მამაჩემმა რომანი გააბა თავის მდივანთან, რის გამოც ჩემი მშობლები გაეყარნენ ერთმანეთს. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, ყველაფერი „სწორად“ გაეკეთებინათ — მარწმუნებდნენ, ერთმანეთი აღარ გვიყვარს, მაგრამ შენ მაინც გვიყვარხარო. ორივენი მას შემდეგაც ზრუნავდნენ ჩემზე, რაც მამა ცალკე გადავიდა საცხოვრებლად.
ორი წლის შემდეგ დედაჩემი ხელმეორედ გათხოვდა და ჩვენ სხვა ქვეყანაში გადავედით საცხოვრებლად. მას შემდეგ მამას რამდენიმე წელიწადში ერთხელ თუ ვხედავდი. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ვნახე. შეიძლება ითქვას, რომ მამის გარეშე გავიზარდე. მას არც ჩემი სამი შვილი უნახავს. შვილიშვილებს მხოლოდ წერილებიდან და სურათებიდან იცნობს. ჩემი შვილები კი საერთოდ არ იცნობენ პაპას.
მშობლების განქორწინებას გარეგნულად არანაირი კვალი არ დაუტოვებია ჩემზე. მაგრამ შინაგანად საშინელ გრძნობებს ვებრძოდი — ბრაზს, ტკივილსა და უსუსურობის გრძნობას, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რატომ. კაცების მიმართ ნდობა მქონდა დაკარგული. 30 წელს ვიყავი გადაცილებული, როცა მეგობარი დამეხმარა, გამერკვია, რატომ მიჩნდებოდა ასეთი გრძნობები. ნელ-ნელა მოვერიე თავს.
ყველა ბავშვს აქვს უფლება, მასზე ზრუნავდნენ და იცავდნენ. ჩემი მშობლების განქორწინებამ ეს უფლება წამართვა. ამ ცივ და სახიფათო გარემოში ოჯახი ბავშვისთვის თითქოს დამცავი კედელივითაა, სადაც ის თავს მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობს. როდესაც ოჯახის ერთიანობა ირღვევა, ეს დამცავი კედელიც ინგრევა» (დიანა).
[ჩარჩო 7 გვერდზე]
„ორ ცეცხლს შუა“
„12 წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები დაშორდნენ. ერთი მხრივ, ვფიქრობდი, რომ ეს კარგიც იყო. სახლში სიმშვიდემ დაისადგურა. ჩხუბის მოსმენა მეტად აღარ მიწევდა, მაგრამ მაინც გაორებული ვიყავი.
მშობლების განქორწინების შემდეგ მინდოდა ორივესთან კარგი ურთიერთობა მქონოდა, ამიტომ ვცდილობდი ნეიტრალური პოზიცია დამეკავებინა. მაგრამ ვგრძნობდი, როგორც არ უნდა მოვქცეულიყავი, მაინც მე ვიჭყლიტებოდი. მამაჩემი მეუბნებოდა, რომ დედა მის წინააღმდეგ მამხედრებდა, ამიტომ ყოველთვის იმის ახსნა მიწევდა, რომ დედა არაფერ შუაში იყო. დედაც ბევრ რამეს ეჭვის თვალით უყურებდა. მას ეგონა, რომ მამა დედაზე უარყოფითად საუბრით გავლენას მოახდენდა ჩემზე. ბოლოს გადავწყვიტე, რომ გული არც ერთისთვის გადამეშალა, რადგან არ მინდოდა რომელიმეს გული სტკენოდა. ასე რომ, 12 წლიდან ფაქტიურად არავისთან მითქვამს, რას ვგრძნობდი ჩემი მშობლების განქორწინების გამო“ (სანდრა).
-