ორგულობის ტრაგიკული ნაყოფი
„მიგატოვე“, — გაისმა ხმა ყურმილში. ეს იყო ყველაზე საშინელი სიტყვა, რომელიც პეტიმa მოისმინა ქმრისგან. „არ შემეძლო დამეჯერებინა, რომ მიღალატა, — ამბობს ის, — მოხდა ის, რისიც ყველაზე ძალიან მეშინოდა: ჩემმა მეუღლემ მიმატოვა, სხვაში გამცვალა“.
პეტის სურდა, ბედნიერი ოჯახი ჰქონოდა; მეუღლე არწმუნებდა, რომ არასოდეს მიატოვებდა. „ჩვენ ერთმანეთს აღვუთქვით, რომ, რაც უნდა მომხდარიყო, ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვიქნებოდით, — იხსენებს პეტი, — მის გულწრფელობაში ეჭვი არასოდეს შემპარვია. მაგრამ მან . . . მიმატოვა. ახლა მე აღარაფერი დამრჩა საყვარელი, ლეკვიც კი არ მყავს სახლში რომ მოვეფერო!“
ჰიროშს არასოდეს დაავიწყდება ის დღე, როდესაც დედამისის ღალატი გამჟღავნდა. «მაშინ, მხოლოდ 11 წლის ვიყავი, — იხსენებს ის, — დედა აღელვებული გამოვარდა სახლიდან, მამა უკან მოსდევდა და ეუბნებოდა: „დაწყნარდი, მოდი, ვისაუბროთ“. მივხვდი, რომ რაღაც საშინელება მოხდა. მამა შეძრწუნებული იყო. ის დღემდე გონს ვერ მოსულა. თანაც, გვერდით გულისტკივილის გამზიარებელი არავინ ჰყავდა, და ჩემთან მოვიდა. წარმოიდგინეთ, ორმოც წელს გადაცილებული კაცი თერთმეტი წლის ვაჟისგან ელოდა ნუგეშსა და თანაგრძნობას!»
ცოლ-ქმრული ორგულობა კვლავაც ტრაგიკულ სინამდვილედ რჩება, იმის მიუხედავად, სამეფო ოჯახს ეხება ეს, პოლიტიკოსების, კინოვარსკვლავებისა და რელიგიური წინამძღოლების სკანდალურ ამბებსა თუ ჩვენს ოჯახის ცრემლებსა და საშინელებებს. «მრუშობა, — ნათქვამია „ახალ ბრიტანულ ენციკლოპედიაში“, — მთელ მსოფლიოში ისეთივე ხშირი მოვლენაა, როგორც ქორწინება». ზოგი მკვლევარის ვარაუდით 50—75 პროცენტს ერთხელ მაინც უღალატია მეუღლისთვის. სოციოლოგი ზელდა უესტ-მიდზი ამბობს, რომ, თუმცა ხშირ შემთხვევაში ღალატი დაფარული რჩება, „ყველა ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ ასეთი შემთხვევები უფრო და უფრო ხშირდება“.
გრძნობათა მოზღვავება
შემზარაობის მიუხედავად, ღალატისა და განქორწინების შესახებ სტატისტიკური მონაცემები მთლიანობაში ვერ გვიჩვენებს ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების მძიმე სურათს. თუკი დაფიქრდებით, ფინანსური სირთულეების გარდა, სტატისტიკური მონაცემების მიღმა გრძნობები დგას — ცრემლების ზღვა, დაბნეულობა, მწუხარება, ნერვიულობა მწველი ტკივილი და სულიერ ტანჯვაში თეთრად გათენებული ღამეები. ღალატის მსხვერპლმა შეიძლება გადაიტანოს განსაცდელი, მაგრამ ნაჭრილობევი დიდ ხანს დარჩება. ტკივილი და დანაკარგი იოლი გასაძლები არ არის.
„ოჯახის დანგრევა, ჩვეულებრივ, ძლიერ ემოციებთან არის დაკავშირებული, — განმარტებულია ოჯახური პრობლემების წიგნში, — მოწოლილი ემოციები ზოგჯერ თვალს გიბნელებს. როგორ მოიქცევით? როგორი რეაქცია გექნებათ? როგორ გადაიტანთ ყველაფერს? ასეთ დროს ხან დარწმუნებული ხართ საკუთარ თავში, ხან ყოყმანობთ, ხან ბოღმა გახჩობთ და ხან თავს დამნაშავედ გრძნობთ, ხან ნდობით ხართ გამსჭვალული და ხანაც ეჭვები გიპყრობთ“ (How to Survive Divorce).
მსგავსი განცდა ჰქონდა პედროს, როდესაც მეუღლის ღალატი გაიგო. „ღალატის დროს, — ამბობს ის, — გარდაუვალია მოზღვავებული, უთავბოლო გრძნობები“. ეს ყველაფერი იმდენად გამანადგურებელია, რომ ღალატის მსხვერპლს თვითონვე უჭირს ყოველივეში გარკვევა და, მით უმეტეს, გარეშეებს, რომლებმაც თითქმის არაფერი იციან ამ მდგომარეობის შესახებ. „ვერავინ ხვდება ბოლომდე, რას განვიცდი. როდესაც ვფიქრობ, ჩემი მეუღლე ახლა სხვა ქალთან არის, ფიზიკურ ტკივილს ვგრძნობ და ამ ტკივილს სიტყვიერად ვერავის განვუმარტავ, — ამბობს პეტი. ბოლოს კი დასძინა: „არის წუთები, როცა ვფიქრობ, რომ ჭკუიდან გადავდივარ. არის დღეები, როცა მგონია, რომ შემიძლია სიტუაციას გავუმკლავდე, მაგრამ ჩემი შემართება საპნის ბუშტივით ქრება. ერთ დღეს მენატრება, მეორე დღეს კი მახსენდება მისი ტყუილები, დამცირება და. . .“.
მრისხანება და წუხილი
„ზოგჯერ გეძალება ემოციები, რომლებიც საშინელ მრისხანებაში გადადის“, — ამბობს ორგულობის მსხვერპლი. ეს არ არის მხოლოდ მეუღლის შეცდომითა და მოყენებული ტკივილით გამოწვეული უბრალო წყენა, არამედ „აღშფოთება, რომ შეიძლებოდა გქონოდა ბედნიერი ოჯახი, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაიყარა“, — განმარტავს ერთი ჟურნალისტი.
ხშირია თავმოყვარეობის შელახვისა და არარაობის შეგრძნება. პედრომ გაგვიზიარა: «არ მასვენებს კითხვები: „ნაკლებად მიმზიდველი ვარ? ბევრი ნაკლი ხომ არა მაქვს?“ და იწყებ საკუთარი თავის წვალებას, რომ ეს ნაკლი იპოვო». წიგნში „სიყვარული, პატივისცემა და ღალატი“ (To Love, Honour and Betray) ზელდა უესტ-მიდზი გვარწმუნებს: „ერთ-ერთი ყველაზე რთული გასამკლავებელი . . . პირადი ღირსებების გრძნობის გათელვაა“.
დანაშაულის გრძნობა და დეპრესია
ხშირად ასეთ ემოციებს თან სდევს დანაშაულის გრძნობა. ერთმა სასოწარკვეთილმა ქალმა თქვა: „ჩემი აზრით, ქალებს საშინლად გვტანჯავს დანაშაულის გრძნობა. ვადანაშაულებთ საკუთარ თავს და ვეძებთ, სად დავუშვით შეცდომა?“.
მოტყუებული ქმარი კიდევ ერთ მხარეს აშუქებს, რასაც ემოციათა ქარბორბალა უწოდა. ის განმარტავს: „დეპრესია ხდება ახალი ფაქტი, რომელიც ცუდი ამინდივით იწყება ხოლმე“. როდესაც ერთი ოჯახის დიასახლისი მეუღლემ მიატოვა, მას შემდეგ თვალზე ცრემლი არ შეშრობია. „კარგად მახსოვს, რომ მისი წასვლიდან მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ გათენდა ჩემთვის უცრემლო დღე. სულ რამდენიმე თვის წინ კი მთელმა კვირამ ისე ჩაიარა, არ მიტირია. ასეთი დღეები და კვირები მარწმუნებდა, რომ ტკივილი მიყუჩდებოდა“, — გვიყვება ის.
ორმაგი ვერაგობა
რასაც ხშირად ბევრი ვერ აცნობიერებს, ღალატი არის მეუღლისგან მწარე ორმაგი დარტყმა. რა გაგებით? პეტის სიტყვებში პასუხი ნათლად ჩანს: „საშინელება იყო ჩემთვის. წლების განმავლობაში ის ჩემი არა მხოლოდ მეუღლე, არამედ მეგობარიც იყო, საუკეთესო მეგობარი“. დიახ, ხშირ შემთხვევაში, პრობლემების დროს, ქალისთვის მეუღლე საყრდენია. ამჯერად კი თვითონ მეუღლემ არა მხოლოდ უსაშველო ტკივილი მიაყენა, არამედ ის დახმარების წყარო წაართვა, რომელსაც ადრე თვითონ წარმოადგენდა და რომელიც დღეს ქალს ასე ძალიან სჭირდება. ერთი დარტყმით გაანადგურა და ამასთანავე სანდო მეგობარიც წაართვა.
ამის გამო, უდანაშაულო მეუღლეს სტანჯავს გრძნობები, რომ სასტიკად უღალატეს და ყველა იმედი გაუქარწყლეს. ერთი კონსულტანტი, ოჯახურ საკითხებში, განმარტავს, რატომ შეიძლება ცოლ-ქმრული ღალატი ასე საშინელი ჭრილობა იყოს: „ჩვენ ბედნიერი ოჯახისთვის თავს ვდებთ, იმედებსა და ოცნებებს ბოლო არ უჩანს. . . ვეძებთ მას, ვისაც შეგვიძლია მთელი არსებით ვენდობოდეთ და ყოველთვის მივენდოთ; თუ ეს ნდობა მოულოდნელად ქრება, ქარისგან წაქცეულ ხუხულას ემსგავსება ყველაფერი“.
საკმაოდ ნათელია, რომ, როგორც ზემოხსენებულ წიგნში იყო ნათქვამი, ღალატით გულდათუთქულს „ემოციური ქაოსის დასაძლევად დახმარება ესაჭიროება. . . მისთვის აუცილებელია თანადგომა, როცა ცდილობს გადაწყვიტოს, რა არჩევანი გააკეთოს და როგორ მოიქცეს“. მაგრამ რა არჩევანი აქვს?
„შევრიგდეთ? თუ განვქორწინდეთ?“ — ფიქრობთ თქვენ. როცა ოჯახში დაძაბული ურთიერთობაა, განსაკუთრებით დიდია ცდუნება, ნაჩქარევად დაასკვნათ, თითქოს პრობლემებიდან ერთადერთი გამოსავალი განქორწინებაა. შეიძლება ფიქრობთ კიდეც: „სხვა თუ არაფერი, ღალატის შემთხვევაში ბიბლია განქორწინების უფლებას იძლევა“ (მათე 19:9). მეორე მხრივ, შეიძლება, ისიც იფიქროთ, რომ ბიბლია არ მოითხოვს განქორწინებას. ამიტომ შეიძლება მიხვიდეთ იმ დასკვნამდე, რომ უმჯობესი იქნებოდა შერიგება და ქორწინების განახლება-გაძლიერება.
პირადი არჩევნის საკითხია გაეყრებით თუ შეურიგდებით მოღალატე მეუღლეს. მაგრამ რის საშუალებით შეძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას? უპირველესად, გადახედეთ ზოგ ფაქტორს, რომლებიც დაგანახვებთ, შესაძლებელია თუ არა შერიგება.
[სქოლიო]
a ზოგი სახელი შეცვლილია.