-
სამუშაოსადმი გაწონასწორებული დამოკიდებულებაგამოიღვიძეთ! — 2010 | იანვარი
-
-
სამუშაოსადმი გაწონასწორებული დამოკიდებულება
დღევანდელი მწვავე ეკონომიკური კრიზისის პირობებში ადამიანთა მთავარი საფიქრალი ის არის, რომ ჰქონდეთ სტაბილური სამუშაო ანუ შემოსავლის მუდმივი წყარო. ეს არ არის ადვილი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ათასობით მუშა-მოსამსახურე დაითხოვეს სამსახურიდან. თუ ამ ნაკადში თქვენც მოყევით, ალბათ დიდი ძალისხმევა გჭირდებათ სხვა სამუშაოს მოსაძებნად (იხილეთ ჩარჩო მე-8 და მე-9 გვერდებზე).
და მაინც, ცხოვრება მხოლოდ სამსახური არ არის. „მოდი, რეალობას თვალი გავუსწოროთ. სიკვდილის წინ არავინ იტყვის, ნეტავ უფრო მეტი მემუშავაო“, — ამბობს ავსტრალიელი გლენი, რომელსაც ცოლ-შვილი ჰყავს. ფაქტია, დამაკმაყოფილებელი და აზრიანი ცხოვრება რომ გვქონდეს, დრო უნდა დავუთმოთ სამუშაოს. მაგრამ დრო ოჯახს, დასვენებასა და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასაც სჭირდება. როგორ გავაწონასწოროთ სამუშაო ისე, რომ ეს მნიშვნელოვანი მხარეები არ დავივიწყოთ?
ყველაფერს თავისი დრო აქვს
ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ვიმუშავოთ და ოჯახები ვარჩინოთ (ეფესოელები 4:28). მაგრამ იმასაც გვეუბნება, რომ ვჭამოთ, ვსვათ და სიამე ვნახოთ ჩვენს გარჯაში (ეკლესიასტე 3:13). ხანგრძლივი მუშაობა სათანადო დასვენებისა და გართობის გარეშე მრავალ სასიამოვნო წუთს წაგვართმევს. გარდა ამისა, ეს ჩვენს ჯანმრთელობასაც ავნებს.
ქრონიკული გადაღლილობა ხშირად ხდება სიმსუქნის, ალკოჰოლიზმის, გულის დაავადებების, საწარმოო ტრავმების, ნარკოტიკებზე დამოკიდებულების, შფოთის, დეპრესიისა და სტრესთან დაკავშირებული სხვა გართულებების მიზეზი. გადაღლილობა შეიძლება სიკვდილის მიზეზიც გახდეს. ერთი გამოთვლის თანახმად, იაპონიაში ყოველწლიურად დაახლოებით 10 000 ადამიანი კვდება არანორმალური გრაფიკის გამო ანუ იმდენივე, რამდენიც ავტოკატასტროფაში. ეს სინდრომი, რომელსაც „კაროში“ ანუ „გადაღლილობით გამოწვეული სიკვდილი“ უწოდეს, მხოლოდ იაპონიის პრობლემა არ არის.
ბიბლია გონივრულად გვირჩევს: „ერთი მუჭა დასვენება სჯობია ორ მუჭა გარჯასა და ქარის დევნას“ (ეკლესიასტე 4:6). გაწონასწორებულობა ძალიან მნიშვნელოვანია. იფრთხილეთ, რომ სამუშაო მანიად არ გექცეთ. გაუფრთხილდით თქვენს ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას და ამისათვის საკმარისად დაისვენეთ და გაიხარეთ თქვენი გარჯის ნაყოფით.
„ჩვენ სამუშაოსთვის კი არ ვარსებობთ, სამუშაო არსებობს ჩვენთვის“, — ამბობს ენდრუ, სამი შვილის მამა. სამუშაოსა და დასვენებისთვის განკუთვნილი დროის გაწონასწორება ოჯახზე ზრუნვის საშუალებასაც მოგცემთ. თუმცა ამის გაკეთება იოლი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდი გადასახადების გადახდა გიწევთ.
სამუშაო და ოჯახი
დღეს მრავალი ოჯახი გადატვირთული გრაფიკით ცხოვრობს, რის გამოც ოჯახის წევრებს ერთმანეთისთვის დრო არ რჩებათ. „მთელ ძალებს სამუშაო მაცლის, და ბავშვებისთვის თითქმის არაფერი მრჩება“, — ჩივის ერთი ინგლისელი ქალი. შეერთებულ შტატებში გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ 5-დან ერთი მოზარდი ყველაზე მეტად იმას განიცდის, რომ „მშობლებთან ძალიან ცოტა დროს ატარებს“. შეერთებულ შტატებში ჩატარებული კიდევ ერთი კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ თუ ცოლიც მუშაობს და ქმარიც, ისინი დღეში მხოლოდ 12 წუთს საუბრობენ ერთმანეთთან.
ბევრი დააფიქრა ასეთმა სტრესულმა ცხოვრებამ. ისინი მიხვდნენ, რომ რაღაც უნდა შეეცვალათ. ორი მცირეწლოვანი ბავშვის მამა, ტიმოთი, ამბობს: „ხშირად ნორმაზე მეტს ვმუშაობდი, ჩემი მეუღლე კი შაბათ-კვირას მუშაობდა, რის გამოც ერთმანეთს იშვიათად ვხედავდით. ბოლოს, როგორც იქნა, იმ დასკვნამდე მივედით, რომ ცხოვრების სტილი უნდა შეგვეცვალა. ახლა უფრო ბედნიერი ოჯახი გვაქვს“. ბრაიენი, მაღაზიის გამგე, ამბობს: „მეორე ბავშვს ველოდებოდით, ამიტომ ისეთ სამუშაოს ვეძებდი, დრო ოჯახისთვისაც რომ დამრჩენოდა. მართალია ახალ სამსახურში წინა სამსახურთან შედარებით ნაკლებს მიხდიან, მაგრამ ეს მირჩევნია“. მელინამ ქალიშვილის დაბადების შემდეგ თავი დაანება სამსახურს. ის ამბობს: „ცოტა გაგვიჭირდა მხოლოდ ჩემი ქმრის ხელფასით ცხოვრება, მაგრამ ვარჩიეთ, რომ ემილისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ მე მოვუვლიდი და არა — ძიძა“.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მრავალ ოჯახს დიდი შრომის ფასად უჯდება ყოველთვიური ხარჯების დაფარვა. თავის სარჩენად ზოგ ცოლ-ქმარს ორ სამსახურში უწევს მუშაობა. როცა ორივე ცოლ-ქმარი სახლიდან გასულია, ბავშვებს პაპა-ბებიებთან ან საბავშვო ბაღებში ტოვებენ.
შეიძლება თქვენ უკეთ იცით, როგორ გააწონასწოროთ სამუშაო და ოჯახური პასუხისმგებლობები. მთავარია, ერთი რამ გახსოვდეთ: ნუ შესწირავთ სამუშაოს იმ სიხარულს, რაც ოჯახის წევრებთან ურთიერთობას მოაქვს.
გჯეროდეთ, რომ თუ სამუშაოს, დასვენებასა და ოჯახზე ზრუნვას ერთმანეთს შეუთავსებთ, დადებითი შედეგები არ დააყოვნებს. მომდევნო სტატიაში საუბარი იქნება გაწონასწორებული ცხოვრებისთვის აუცილებელ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე.
-
-
გათავისუფლდით ზედმეტი ტვირთისგანგამოიღვიძეთ! — 2010 | იანვარი
-
-
გათავისუფლდით ზედმეტი ტვირთისგან
ზედმეტი ტვირთის გარეშე ცხოვრებას არაფერი ჯობია. მაგრამ პრაქტიკულად როგორ შეიძლება ამის მიღწევა? უპირველესად იმაზე დაფიქრდით, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის.
ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ძირითადად რას მიაქვს ჩემი დრო? რას მინდა მივაღწიო?“. ქვემოთ ჩამოწერეთ თქვენი მთავარი მიზნები:
1. ․․․․․
2. ․․․․․
3. ․․․․․
მრავალი ადამიანი დღევანდელი დღით ცხოვრობს. ფაქტობრივად, ისინი ასეთ რამეს ამბობენ: „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით“ (1 კორინთელები 15:32). მათი აზრით, ცხოვრებაში იმაზე უკეთესი არაფერია, რომ მეტი იმუშაო და მეტი შეიძინო. ბიბლია არ ეთანხმება ამ აზრს.
ერთხელ იესომ იგავი მოჰყვა კაცზე, რომელმაც ბევრი ქონება დააგროვა, მაგრამ ისე მოკვდა, რომ ეს ქონება ვერ მოიხმარა. „ასე ემართება კაცს, რომელიც თავისთვის აგროვებს განძს და ღვთის თვალში არ არის მდიდარი“ (ლუკა 12:16—21). არასწორად იქცეოდა ის კაცი, თავის სარჩენად ამდენს რომ შრომობდა? ნამდვილად არა. არასწორი ის იყო, რომ მას მხოლოდ მომხვეჭელობა ამოძრავებდა და ღმერთზე არ ფიქრობდა. ამიტომაც წყალში ჩაეყარა მთელი შრომა, რაც ქონების დაგროვებას მოახმარა (ეკლესიასტე 2:17—21; მათე 16:26).
იესო გვირჩევს, რომ ვიშრომოთ იმისთვის, რაც ჩვენს მარადიულ კეთილდღეობას მოემსახურება. მან თქვა: „ისეთი საზრდოსთვის კი ნუ იშრომებთ, რომელიც ფუჭდება, არამედ ისეთისთვის, რომელიც მარადიული სიცოცხლისთვის რჩება“ (იოანე 6:27). ვიდრე ამას იტყოდა, მან აღნიშნა: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16). ამაზე უკეთესი ჯილდო რაღა უნდა იყოს!
როგორ გაუმკლავდეთ ცხოვრებისეულ საზრუნავს?
ჩვეულებრივ ადამიანებს აწუხებთ იმაზე ფიქრი, თუ როგორ ირჩინონ თავი და როგორ გაიუმჯობესონ ცხოვრების პირობები. იესოს კარგად ესმოდა ეს და ამიტომ გააფრთხილა თავისი მოწაფეები: „ნუღარ დაუწყებთ ძებნას, რა ჭამოთ და რა სვათ, და ნუღარ წუხხართ, რადგან ყოველივე ამას უცხოტომელები ეძებენ მთელი მონდომებით, თქვენმა მამამ კი იცის, რომ გჭირდებათ ეს ყოველივე. თქვენ კი ეძებეთ მისი სამეფო და ეს ყველაფერი შეგემატებათ“ (ლუკა 12:29—31).
ამ სიტყვებმა მრავალი ქრისტიანი აღძრა, რომ გაემარტივებინა ცხოვრება. ჯულიეტა, რომელიც მალაიზიაში ცხოვრობს, ამბობს: „სამუშაოს გამო ყოველთვის გადაღლილი და უკმაყოფილო ვიყავი. ამიტომ მე და ჩემი ქმარი ვლოცულობდით, რომ იეჰოვა დაგვხმარებოდა ცხოვრების გამარტივებაში. მისმა პასუხმაც არ დააყოვნა. ერთ თვეში არასრულგრაფიკიანი სამუშაო შემომთავაზეს. უნარდაქვეითებული ბავშვებისთვის უნდა მესწავლებინა“. ავსტრალიაში მცხოვრებმა სტივმა, რომელიც შენობების გადახურვის სპეციალისტია, სამუშაო გრაფიკი ისე შეცვალა, რომ ოჯახისა და ღვთის მსახურებისთვის მეტი დრო დარჩენოდა. მისი მეუღლე მორინი ამბობს: „ახლა ყველანი გაცილებით ბედნიერები და კმაყოფილები ვართ. ბავშვებიც ძალიან ხარობენ. მოიშორეთ ზედმეტი ტვირთი, თუ გინდათ, რომ ბედნიერი ოჯახი გქონდეთ“.
თუ სამუშაო დაკარგეთ და ახლა სახლის დაკარგვის საფრთხის წინაშე ხართ, ძლიერი რწმენა დაგჭირდებათ, რომ იესოს მითითება გაითვალისწინოთ. ამის მიუხედავად, თუ ღვთის მსახურებას პირველ ადგილზე დააყენებთ და ღმერთს მიენდობით, თქვენც შეძლებთ იცხოვროთ უბრალო და გაწონასწორებული ცხოვრებით. ეს დაგეხმარებათ მოიპოვოთ ჭეშმარიტი ანუ მარადიული სიცოცხლე ღვთის სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში, სადაც ყველანაირი სამუშაო სასიამოვნო შესასრულებელი იქნება და ყველანაირი შრომა დაფასდება (1 ტიმოთე 6:17—19; ესაია 65:21—23).
-