საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „მე შვიდი წლის ვარ“
    გამოიღვიძეთ! — 1999 | ივნისი 8
    • „მე შვიდი წლის ვარ“

      მოგესალმებით. მე ამელია მქვია და კარიბის კუნძულებზე ვცხოვრობ. შვიდი წლის ვარ. არც თუ ისე დიდი ხნის წინათ ჩემმა ღარიბმა მშობლებმა ქალაქში მცხოვრებ მდიდარ ოჯახს მიმაბარეს.

      დღეს, როგორც ყოველთვის, დილის ხუთ საათზე ავდექი. ჭიდან წყალი მოვიტანე. ძნელი იყო თავით მძიმე დოქის ტარება, მაგრამ, რომ არ მომეტანა, მაგრად მცემდნენ. შემდეგ საუზმე მოვამზადე და ოჯახს მივართვი, მაგრამ ცოტა დავაგვიანე ამიტომ ოჯახის უფროსმა ტყავის ქამრით მცემა.

      შემდეგ მათი ხუთი წლის ვაჟი სკოლაში წავიყვანე. სახლში რომ დავბრუნდი, სადილის მომზადებასა და მაგიდის გაშლაში მივეხმარე. საუზმიდან სადილამდე საყიდლებზე გაქცევა, ნახშირის ღუმლის ანთება, ეზოს დაგვა, სარეცხისა და ჭურჭლის დარეცხვა და სამზარეულოს მილაგება უნდა მომესწრო. გარდა ამისა, ჩემი ქალბატონისთვის ფეხები უნდა დამებანა. დღეს ის რატომღაც ცუდ ხასიათზე იყო და გამწარებულმა გამილაწუნა. იმედი მაქვს, ხვალ უკეთეს ხასიათზე იქნება.

      დღეს საჭმელად ნარჩენები მომცეს; მაგრამ ეს გუშინდელ სიმინდის საჭმელს მაინც ჯობდა. ტანისამოსი დაფლეთილი მაცვია, არც ფეხსაცმელი მაქვს. ჩემი ბატონები ნებას არ მრთავენ იმ წყლით დავიბანო, რომელიც მათთვის მომაქვს. წუხელ გარეთ მეძინა, ზოგჯერ სახლშიც მიშვებენ იატაკზე დასაძინებლად. ყველაზე გულსატკენი კი ის არის, რომ ამ წერილის დაწერა თვითონ არ შემიძლია, რადგან სკოლაში სწავლის ნებას არ მრთავენ.

      კარგად იყავით. ამელია.

      მას სინამდვილეში ამელია არ ჰქვია, თუმცა მისი გაჭირვება სინამდვილეაa. ის იმ მილიონობით ბავშვის რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც იძულებულები არიან იმუშაონ, რასაც ხშირად ასეთ საშინელ პირობებში აკეთებენ ხოლმე. ბავშვების ექსპლუატაცია ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა და უამრავ სირთულეს მოიცავს, რომელთა მოგვარებაც ადვილი არ არის. ეს ფართოდ გავრცელებული, საზოგადოების გამანადგურებელი და დამღუპველი შედეგების მქონე პრობლემა ბავშვებისადმი ულმობლობა და ადამიანის ღირსების შემლახველია.

      რამდენად გავრცელებულია ბავშვების ექსპლუატაცია? რა განაპირობებს მას, და რა ფორმებით გვხვდება? დადგება ოდესმე დრო, როდესაც ბავშვები — ადამიანებს შორის ყველაზე სათუთი და მგრძნობიარე არსებები — აღარ იქნებიან ტანჯვისა და ექსპლუატაციის მსხვერპლნი?

  • ბავშვების ნაოფლარი
    გამოიღვიძეთ! — 1999 | ივნისი 8
    • ბავშვების ნაოფლარი

      „ბავშვებს, რომლებიც დღეს წარმოებებში არიან დასაქმებული, ეპყრობიან როგორც ნივთებს და არა როგორც საზოგადოების მომავალს“ (ჩირა ჰონგლადარომი, ტაილანდის შრომითი რესურსების ინსტიტუტის დირექტორი).

      ამის შემდეგ თქვენი გოგონასთვის თოჯინის ყიდვისას გაიხსენეთ, რომ მის წარმოებაზე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, შესაძლებელია, ბავშვები მუშაობდნენ. ან, როდესაც თქვენი ვაჟი ფეხბურთის ბურთს ფეხს დაარტყამს, დაფიქრდით იმაზე, რომ ის შეიძლება სამი წლის გოგონას შეკერილი იყოს, რომელიც დედასთან და თავის ოთხ დაიკოსთან ერთად მუშაობს, რისთვისაც 75 ცენტს ღებულობს. ნოხის ყიდვისას კი წარმოიდგინე, ის შეიძლება ექვსი წლის ბიჭუნას სხარტი თითებით იყოს მოქსოვილი, რომელსაც ყოველ დღე მრავალი საათის განმავლობაში საშინელ პირობებში უხდება მუშაობა.

      რამდენად გავრცელებულია ბავშვთა ექსპლუატაცია? როგორ მოქმედებს ეს ბავშვებზე? რა შეიძლება გაკეთდეს მდგომარეობის გამოსასწორებლად?

      ამ პრობლემის მასშტაბები

      შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობის თანახმად, 5—14 წლამდე ასაკის მომუშავე ბავშვების რიცხვი განვითარებად ქვეყნებში 250 მილიონს შეადგენსa. როგორც ფიქრობენ, ასეთი ბავშვების 61 პროცენტი აზიაზე მოდის, 32 — აფრიკაზე, 7 კი — ლათინურ ამერიკაზე. ბავშვების ექსპლუატაციას განვითარებულ ქვეყნებშიც ეწევიან.

      სამხრეთ ევროპაში უამრავი ბავშვი მუშაობს, განსაკუთრებით კი სეზონურ სამუშაოებზე, მაგალითად, სოფლის მეურნეობაში და პატარა სახელოსნოებში. ბოლო დროს, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, მას შემდეგ, რაც კომუნიზმი კაპიტალიზმმა შეცვალა, ბავშვების შრომის შემთხვევები მომრავლდა. შეერთებულ შტატებში მათი რიცხვი 5,5 მილიონს აღწევს, — და ეს თორმეტ წლამდე ბავშვების გარდა, რომლებსაც საწარმოებში ან დიდ ფერმებზე არაკანონიერად დროებით მუშებად ამუშავებენ. რამ გამოიწვია მათი ასეთი ყოფა?

      რა განაპირობებს ბავშვების მუშაობას

      სიღარიბე. „სარისკო და გამომფიტავი სამუშაოსკენ ბავშვებს ყველაზე ხშირად სიღარიბე უბიძგებს, — ნათქვამი იყო ერთ-ერთ პუბლიკაციაში. — ბავშვების ხელფასის სახით მცირე შემოსავალმაც კი, ან საოჯახო საქმეებში დახმარებამ, რაც ნებას რთავს მშობლებს, იმუშაონ, ღარიბი ოჯახი შეიძლება შიმშილით სიკვდილს გადაარჩინოს“ (The State of the World’s Children 1997). მომუშავე ბავშვების მშობლები ხშირად უმუშევრები არიან ან კიდევ არ აქვთ მუდმივი სამსახური. ყოველდღიური შემოსავლის უქონლობის გამო ისინი გულგატეხილობამდე არიან მისულები. მაშინ რატომ სთავაზობენ სამუშაოს არა მშობლებს, არამედ მათ შვილებს? იმიტომ, რომ ბავშვებს ნაკლებს უხდიან. გარდა ამისა, ისინი უფრო მორჩილები და დამთმობები არიან; ბევრი უსიტყვოდ აკეთებს იმას, რასაც ეტყვიან; ბავშვები დამსაქმებლებს იშვიათად უსვამენ კითხვებს, თანაც ნაკლებ წინააღმდეგობას უწევენ მჩაგვრელებს და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სამაგიეროს არ უხდიან.

      გაუნათლებლობა. 11 წლის ინდოელი ბიჭუნა, სახელად სუდჰირი, იმ მილიონობით ბავშვის რიცხვს ეკუთვნის, რომლებმაც სკოლა მიატოვეს და მუშაობა დაიწყეს. რატომ? „სკოლაში მასწავლებლები კარგად არ გვასწავლიდნენ, — პასუხობს ის. — და, თუ ვთხოვდით, ჩვენთვის ანბანი ესწავლებინათ, გვცემდნენ, თანაც გაკვეთილებზე ეძინათ . . . რასაც ვერ გავიგებდით, არ გვიხსნიდნენ“. სამწუხაროდ, სუდჰირის მიერ აღწერილი, სკოლაში არსებული სიტუაცია, სიმართლეა. განვითარებად ქვეყნებში საზოგადოებრივი ხარჯების შემცირებამ ყველაზე დიდი ზიანი საგანმანათლებლო სისტემას მიაყენა. 1994 წელს გაეროს მიერ 14 ნაკლებად განვითარებულ ქვეყანაში ჩატარებულმა გამოკვლევამ რამდენიმე საინტერესო ფაქტი გამოააშკარავა. მაგალითად, შვიდ ქვეყანაში, პირველი კლასის საკლასო ოთახებში ათ მოსწავლეზე მხოლოდ ოთხი სკამია. მოსწავლეების ნახევარს სახელმძღვანელოები არ აქვს, და საკლასო ოთახების ნახევარში დაფები არ არის. გასაკვირი არ არის, რომ ბევრი ასეთ სკოლაში მოსიარულე ბავშვი სწავლას თავს ანებებს და სამუშაოდ მიდის.

      ტრადიცია. სარისკო და მძიმე სამუშაოებზე უფრო ეთნიკურ უმცირესობას, დაბალი კლასების წარმომადგენლებსა და ღარიბებს ამუშავებენ. გაეროს ბავშვთა ფონდი აზიის ქვეყნებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ „არსებობს თვალსაზრისი, თითქოსდა ზოგი მხოლოდ მმართველობისთვისა და გონებრივი სამუშაოსთვის იბადება, დარჩენილმა უმრავლესობამ კი მხოლოდ ფიზიკური სამუშაო უნდა შეასრულოს“. ამასთან დაკავშირებით არც დასავლეთში არსებობს უკეთესი თვალსაზრისი. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა თავიანთი შვილებისთვის სარისკო სამსახურს არ ისურვებდა, მათ სრულებითაც არ აღელვებთ ის, რომ ბავშვები, რომლებიც რასობრივ, ეთნიკურ უმცირესობას მიეკუთვნებიან ან ღარიბები არიან, სწორედ ასეთ საქმეზე მუშაობენ. მაგალითად, ჩრდილოეთ ევროპაში უფრო მეტად თურქ და აფრიკელ ბავშვებს ამუშავებენ, შეერთებულ შტატებში კი — აზიელებსა და ლათინოამერიკელებს. ეს პრობლემა დღევანდელმა სიხარბის სულით აღვსილმა საზოგადოებამ კიდევ უფრო გაამწვავა. დაბალი ღირებულების პროდუქციის მოთხოვნილება დიდია. ცოტას თუ აწუხებს ის, რომ ამაში შეიძლება მილიონობით ექსპლუატირებული ბავშვის შრომაა ჩადებული, რომლების სახელებიც არავინ იცის.

      ბავშვთა ექსპლუატაციის ფორმები

      ბავშვთა ექსპლუატაციის რა ფორმები არსებობს? ძირითადად, ისინი მოსამსახურეებად მუშაობენ. მათ „მსოფლიოში ყველაზე მეტად დავიწყებულ ბავშვებს“ ეძახიან. მოსამსახურედ მუშაობა თითქოს სახიფათო საქმე არ უნდა იყოს, მაგრამ ხშირად ის სწორედ ასეთია. ძირითადად, მათ ძალიან ცოტას ან საერთოდ არაფერს უხდიან. სამუშაოსთან დაკავშირებული მოთხოვნები მთლიანად მათი ბატონების კაპრიზებზეა დამოკიდებული. ასეთ ბავშვებს სიყვარულის, განათლების, თამაშისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის გარეშე ტოვებენ. ისინი არც ფიზიკური და სექსუალური შეურაცხყოფისგან არიან დაცულები.

      ზოგი ბავშვი იძულებით სამუშაოს ასრულებს და დამონებული შავი მუშაა. სამხრეთ აზიასა და სხვა ქვეყნებში ხშირად რვა-ცხრა წლის ბავშვებს თავიანთი მშობლები მცირე ვალის გამო ქარხნის მფლობელებთან ან მის წარმომადგენლებთან აგირავებენ. მაგრამ ბავშვების სამუდამო მონობაში მიცემითაც კი ვალის შემცირებას ვერასოდეს ახერხებენ.

      რა შეიძლება ითქვას კომერციული მიზნებით ბავშვების სექსუალურ ექსპლუატაციაზე? გამოთვლილია, რომ ყოველ წელიწადს სულ ცოტა მილიონი გოგონა მაინც ხდება სხეულით მოვაჭრე. ბიჭებსაც ხშირად უწევენ სექსუალურ ექსპლუატაციას. ასეთი სახის შეურაცხყოფა, მიყენებული ფიზიკური და ემოციური ზარალის გამო, — თუ არ ჩავთვლით შიდს-ით ინფიცირებას, — ბავშვების ექსპლუატაციის ყველაზე სახიფათო ფორმაა. „საზოგადოებისთვის ჩვენ მაწანწალები ვართ, — ამბობს 15 წლის სენეგალელი როსკიპი გოგონა. — არავის სურს ჩვენთან ურთიერთობა და იმასაც კი ერიდებიან, რომ ჩვენთან ერთად ვინმემ დაინახოს“b.

      პროცენტულად, ყველაზე მეტ ბავშვს სამრეწველო და პლანტაციის მუშებად იყენებენ. ბავშვები სამთო საქმეზეც მუშაობენ, რაც მოზრდილი ადამიანებისთვისაც სახიფათოდ ჩაითვლებოდა. ისინი ხშირად ტუბერკულოზით, ბრონქიტითა და ასთმით ავადდებიან. პლანტაციაში მომუშავე ბავშვებს კი პესტიციდებით მოწამვლის, ან შხამიანი გველებისა და მწერების მიერ დაკბენის საფრთხე ემუქრებათ. ზოგი მაჩეტეთი ლერწმის მოჭრისას სახიჩრდება. მილიონობით სხვა ბავშვისთვის ქუჩა წარმოადგენს სამუშაო ადგილს. ამის ერთ-ერთი მაგალითია ათი წლის შირინი, რომელიც ნაგავში იქექება, რომ რაიმე იპოვოს და გაყიდოს. მას არასოდეს უვლია სკოლაში, მაგრამ თავის რჩენის აუცილებლობა კარგად ესმის. თუ მოახერხებს 30-50 ცენტის გამომუშავებას მაკულატურისა და პარკების გაყიდვით, ისაუზმებს; თუ ნაკლებს დააგროვებს, მშიერი დარჩება. ქუჩაში მომუშავე ბავშვები ხშირად ოჯახის წევრებისგან ცუდ მოპყრობასა და უგულებელყოფას გაურბიან, მაგრამ ქუჩაში უარეს შეურაცხყოფასა და ექსპლუატაციას აწყდებიან. „ყოველდღე ვლოცულობ, რომ ბოროტ ადამიანებს არ შემოვაკვდე“, — ამბობს ათი წლის ჯოზი, რომელიც აზიის ერთ-ერთი ქალაქის მთავარ ქუჩაზე კანფეტებს ყიდის.

      გამწარებული ბავშვობა

      ბავშვთა ექსპლუატაციის ასეთი ფორმების გამო ათობით მილიონ ბავშვს სერიოზული საფრთხე ემუქრება და ეს შეიძლება ცუდმა სამუშაო პირობებმა გამოიწვიოს. უფროსებისგან განსხვავებით, ბავშვებს შედარებით ხშირად ემართებათ სამსახურში უბედური შემთხვევები. ეს იმიტომ, რომ მათი აგებულება განსხვავდება ზრდასრული ადამიანის აგებულებისგან. ბავშვის ხერხემალი და მენჯის ძვალი მძიმე სამუშაოს გამო ადვილად შეიძლება დეფორმირდეს. გარდა ამისა, პატარისთვის უფრო საშიშია ქიმიური ნივთიერებები და რადიაცია. თანაც, ბავშვები არ არიან ფიზიკურად მზად მრავალსაათიანი ენერგიული და მონოტონური სამუშაოსთვის, რასაც ხშირად აკეთებენ ხოლმე. უმეტეს შემთხვევაში პატარებმა არ იციან, რა საშიშროება არსებობს და არც ის, უსაფრთხოების რა ზომები უნდა მიიღონ.

      ბავშვთა ექსპლუატაცია მათ ფსიქოლოგიურ, ემოციურ და ინტელექტუალურ განვითარებაზეც საშინლად მოქმედებს. ასეთი ბავშვები სიყვარულის გარეშე იზრდებიან. ცემა, შეურაცხყოფა, შიმშილით დასჯა და სექსუალური ძალადობა დღეს ძალზე გავრცელებულია. ერთი გამოკვლევის თანახმად, 250 მილიონამდე მომუშავე ბავშვიდან თითქმის ნახევარმა სკოლა დატოვა. გარდა ამისა, შენიშნეს, რომ მთელი დღის განმავლობაში მომუშავე ბავშვები ნაკლებად სწავლის უნარიანები ხდებიან.

      რას შეიძლება ეს ნიშნავდეს? იმას, რომ მომუშავე ბავშვების უმრავლესობას მუდმივი სიღარიბე, ტანჯვა, ავადმყოფობა, გაუნათლებლობა და საზოგადოებისგან განმარტოება ელის. ან კიდევ, როგორც ჟურნალისტმა რობინ რაიტმა აღნიშნა: „მიუხედავად მეცნიერული და ტექნიკური წინსვლისა, მეოცე საუკუნის ბოლოს მსოფლიო მილიონობით ისეთ ბავშვს აყალიბებს, რომლებსაც თითქმის არ აქვთ ნორმალური ცხოვრების, მით უმეტეს კი, XXI საუკუნეში შესვლის პერსპექტივა“. ეს გამომაფხიზლებელი სიტყვები წამოჭრის კითხვებს: როგორ უნდა მოვეპყროთ ბავშვებს? არსებობს მათი ასეთი ექსპლუატაციის აღმოფხვრის რაიმე საშუალება?

      [სქოლიოები]

      a ამავე ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ბავშვი მინიმუმ 15 წლის უნდა იყოს, რომ იმუშაოს, რადგან მან სავალდებულო განათლების მიღება უნდა მოასწროს. მათ ძირითადად ეს საზომი გამოიყენეს იმის დასადგენად, რამდენი ბავშვი მუშაობს დღეს მთელ მსოფლიოში.

  • ბავშვების ნაოფლარი
    გამოიღვიძეთ! — 1999 | ივნისი 8
    • „ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი“

      შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია სათავეში ჩაუდგა ბავშვთა შრომის საშიში ფორმების აღმოფხვრას. ეს ორგანიზაცია მთავრობებს მოუწოდებს, კანონით აკრძალონ 15 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვების მუშაობა. ის აგრეთვე ორგანიზებას უწევს ახალ კონვენციებს 12 წლამდე ბავშვების შრომის აკრძალვასთან და სახიფათო პირობებში მათი შრომის უკანონობად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ამ მცდელობების შედეგების გასაგებად ჩვენი კორესპონდენტი ესაუბრა ამერიკის შრომის დეპარტამენტის ბავშვთა შრომის საერთაშორისო პროგრამის ხელმძღვანელს, სონია როზენს. მას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სხვადასხვა პროგრამებთან ჰქონდა საქმე. გთავაზობთ ნაწყვეტს მათი საუბრიდან.

      — რომელია ყველაზე ეფექტური ხერხი ბავშვთა ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის?

      — ჩვენ არ გვაქვს ერთი გარკვეული მეთოდი. მაგრამ საერთაშორისო მასშტაბით ისეთ ძირითად საკითხებს განვიხილავთ, როგორიც არის, მაგალითად, საჭირო მართლწესრიგითა და საყოველთაო დაწყებითი განათლებით უზრუნველყოფა, იქნება ეს სავალდებულო თუ ნებაყოფლობითით. რა თქმა უნდა, აუცილებელია მათი მშობლებისთვისაც სათანადო სამსახურების პოვნა.

      — კმაყოფილი ხართ ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებით?

      — რა თქმა უნდა, არა. ჩვენი აზრით, არც ერთი ბავშვი არ უნდა ასრულებდეს დამამცირებელ სამუშაოს. ამ პროგრამების მეშვეობით ჩვენ დიდ წარმატებებს მივაღწიეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

      — როგორ ეხმაურება საზოგადოება მსოფლიო მასშტაბით ბავშვთა ექსპლუატაციის შეწყვეტის მცდელობას?

      — ამ კითხვაზე აღარ ვიცი რა გიპასუხოთ. გარკვეულწილად მთელი მსოფლიო ეთანხმება იმ აზრს, რომ ბავშვების ექსპლუატაციას უნდა ვებრძოლოთ. მე ვფიქრობ, რომ სინამდვილეში საკითხავი ის არის, როგორ და რამდენად მალე უნდა გაკეთდეს ეს? რომელია საუკეთესო მეთოდები ბავშვების ექსპლუატაციის აღმოსაფხვრელად? ვფიქრობ, ჩვენ სწორედ ამ სირთულეს ვაწყდებით.

      — რა მომავალი ელით მომუშავე ბავშვებს?

      — მსოფლიოს ყველა ქვეყნის წარმომადგენელი ამ წელს ჟენევას დაუბრუნდება ბავშვთა შრომის არასასურველი ფორმების თაობაზე ახალი კონვენციის მისაღებად; ყველა ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის მუშებიც და დამსაქმებლებიც — ეს კი ნამდვილად დიდი მიღწევაა. იმედია, შეიქმნება ახალი სტრუქტურა, რომლის მიზანიც ბავშვთა შრომის სახიფათო ფორმების აღმოფხვრა იქნება.

      ყველა როდი იზიარებს სონია როზენის ოპტიმიზმს. ბავშვთა დაცვის ორგანიზაციის პრეზიდენტი, ჩარლზ მაკ-კორმაკი აღნიშნავს: „პოლიტიკური მიდგომა და საზოგადოების გათვითცნობიერება არ მოაგვარებს ამ პრობლემას“. რატომ? გაეროს ბავშვთა ფონდი აღნიშნავს: „ბავშვთა ექსპლუატაცია ხშირად არაერთ სირთულესთან არის დაკავშირებული. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ძლიერი გავლენის მქონე პირები, მათ შორის ბევრი მეწარმე, დამბანდებელთა ჯგუფები და ეკონომისტები აცხადებენ, რომ, რადაც არ უნდა დაჯდეს, თავისუფალი ვაჭრობის ბაზარი უნდა შენარჩუნდეს. ტრადიციის მიმდევრები კი, რომლებიც ბავშვებს კასტებად და კლასებად ყოფენ, მათ ყველანაირ უფლებებს ართმევენ“.

  • ბავშვების ნაოფლარი
    გამოიღვიძეთ! — 1999 | ივნისი 8
    • ეს ბავშვი ნაგავში ნაპოვნით ირჩენს თავს.

      [სურათი 7 გვერდზე]

      პატარა, რომელიც მძიმედ შრომობს შეშის მოგროვებაზე.

      [საავტორო უფლება]

      UN PHOTO 148046/ J. P. Laffont - SYGMA

      [სურათი 7 გვერდზე]

      ძაფის სართავ ფაბრიკაში მუშაობა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება