საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე“
    გამოიღვიძეთ! — 2010 | ივლისი
    • „ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე“

      რენეს მეტის ატანა აღარ შეეძლო. მის ქმარს, მეთიუს სამ წელზე მეტი ხნის მანძილზე მუდმივი სამუშაო არ ჰქონდა. იგი ყვება: „ადგილს ვერ ვპოულობდი, არ ვიცოდი, რას მოგვიტანდა ხვალინდელი დღე“. მეთიუ ცდილობდა მეუღლის დამშვიდებას და არწმუნებდა, რომ ლუკმაპურისა და საცხოვრებლის გარეშე არასდროს დარჩებოდნენ. რენე კი ეუბნებოდა: „შენ ხომ სამუშაო არ გაქვს, რით ვიარსებოთ?“

      სამსახურის დაკარგვა ბევრში იმედგაცრუებას იწვევს. სამუშაოს გარეშე დარჩენილმა შეიძლება თქვას: რამდენ ხანს ვიქნები უმუშევარი? როგორ გავიტანო თავი?

      ასეთი რეაქცია სულაც არ არის გასაკვირი. იესო ქრისტეს რჩევა ამ საკითხზე თვალსაზრისს შეგვიცვლის და მდგომარეობას შეგვიმსუბუქებს. იესო გვირჩევს: „ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე . . . ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი“ (მათე 6:34).

      წინასწარ ნუ დაიმძიმებთ გულს

      იესოს არ უთქვამს, რომ ისე მოვაჩვენოთ სხვებს თავი, თითქოს პრობლემა არ გვაქვს. მაგრამ, თუ მეტისმეტად ვიდარდებთ ხვალინდელ დღეზე, ამით მხოლოდ გულს დავიმძიმებთ. გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ ბევრს ვერაფერს შევცვლით და ზუსტად ვერც იმას განვსაზღვრავთ, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია დღევანდელი პრობლემების გადაჭრაზე ვიზრუნოთ.

      სათქმელად კი ადვილია, მაგრამ გასაკეთებლად რთული. რებეკა, რომლის ქმარი 12 წელი უმუშევარია, ამბობს: „როცა ნერვები დაწყდომაზე გაქვს, ძალიან რთულია საღი გონებით მიუდგე პრობლემას. მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც ჩვენს ძალებშია. ამიტომ თავი ხელში ავიყვანე. ყველაზე მეტად რისი შიშიც მაქვს, ის არასდროს ხდება. ახლა ვხვდები, რომ მეტისმეტ წუხილს კარგი არაფერი მოაქვს. როდესაც მხოლოდ დღევანდელ პრობლემებზე ვფიქრობთ, სტრესი გვიმსუბუქდება“.

      ჰკითხეთ თავს: რისი მეშინია ყველაზე მეტად? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ჩემი შიში გამართლდება? გულს ხომ არ ვიხეთქავ ხვალინდელ დღეზე ფიქრით?

      იყავით კმაყოფილი იმით, რაც გაქვთ

      ჩვენი დამოკიდებულება ჩვენს გრძნობებზეც ახდენს გავლენას. ბიბლია მოგვიწოდებს: „თუ გვაქვს საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი, ამით დავკმაყოფილდეთ“ (1 ტიმოთე 6:8). იყო კმაყოფილი, ნიშნავს, აირჩიო ის, რაც გჭირდება და არა ის, რაც გინდა. თუ სურვილებს აყვებით, ვერ გაიმარტივებთ ცხოვრებას (მარკოზი 4:19).

      რენემ მას შემდეგ, რაც რეალურად შეაფასა თავისი მდგომარეობა, ისწავლა მცირედით დაკმაყოფილება. ის ამბობს: „მართალია, უგაზოდ და უშუქოდ არასდროს დავრჩენილვართ და არც ქუჩაში გვიცხოვრია, მაგრამ მთავარი პრობლემა ის იყო, რომ მცირედით დაკმაყოფილებას არ ვიყავით მიჩვეული. წარსულის დაბრუნების არარეალური მოლოდინი კიდევ უფრო მიმძიმებდა გულს“.

      რენე მალე მიხვდა, რომ მის ცხოვრებას პირობები კი არ ხდიდა აუტანელს, არამედ თავად მისი დამოკიდებულება ამ პრობლემისადმი. „მე რეალურად უნდა შემეხედა პრობლემისთვის და შეუძლებელზე არ უნდა მეოცნება, — ამბობს იგი. — ვისწავლე, ვყოფილიყავი ღვთის მადლობელი ყოველი ახალი დღისთვის და გაცილებით კარგად ვიგრძენი თავი“.

      ჰკითხეთ თავს: მაქვს დღეს ყოველივე აუცილებელი? თუ ასეა, ხომ არ ჯობს, ზედმეტად არ ვიდარდო ხვალინდელ დღეზე?

      პირველ რიგში, საკითხისადმი სწორი დამოკიდებულება დაგეხმარებათ თავის გატანაში.a კიდევ რა ნაბიჯების გადადგმა შეგიძლიათ, როდესაც უმუშევრობის გამო თავის გატანა გიჭირთ?

      [სქოლიო]

      a იხილეთ 2005 წლის 8 ივლისის „გამოიღვიძეთ!“-ის სტატიათა სერია იმის თაობაზე, თუ როგორ იშოვოთ და შეინარჩუნოთ სამუშაო, გვერდები 3—11 (რუს.).

      [ჩარჩო 5 გვერდზე]

      ვინც ეძებს, პოულობს!

      ფრედი არაერთი კვირის მანძილზე ეძებდა სამუშაოს, მაგრამ უშედეგოდ. იგი გვიზიარებს: „ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს მთელი დღე გაჩერებაზე დგახარ და არაფერი არ ჩანს“. ფრედმა გადაწყვიტა, უმოქმედოდ არ ყოფილიყო და რაც მის ძალებში იყო, ის გაეკეთებინა. მან განცხადება გაუგზავნა იმ კომპანიებს, რომლებსაც რაღაცაში მაინც გამოადგებოდათ მისი პროფესია. ფრედი ყველა გასაუბრებაზე მიდიოდა და საგულდაგულოდ ემზადებოდა. ის დარწმუნებული იყო, რომ „მუყაითის გეგმები წარმატებულია“ (იგავები 21:5). ფრედი ყვება: „ერთ კომპანიაში ორჯერ მივედი გასაუბრებაზე. მათ უამრავი კითხვა დამაყარეს“. ფრედის მონდომებას უშედეგოდ არ ჩაუვლია. იგი ამბობს: „საბოლოოდ სამუშაოზე ამიყვანეს“. ასე რომ, ვინც ეძებს, პოულობს!

      [ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]

      შემოსავალზე მნიშვნელოვანი

      თქვენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია — როგორი ადამიანი ხართ თუ რა შემოსავალი გაქვთ? დავფიქრდეთ ორ ბიბლიურ იგავზე:

      „უმწიკვლოდ მავალი ღარიბი სჯობს გზაგამრუდებულ მდიდარს“ (იგავები 28:6).

      „ბოსტნეულის კერძი და სიყვარული სჯობია ნასუქ ხარსა და სიძულვილს“ (იგავები 15:17).

      უმუშევრობა ვერ წაგართმევთ კარგ თვისებებს. აი, რა უთხრა რენემ თავის შვილებს: „ბევრი მამა ტოვებს ოჯახს, მაგრამ მამათქვენი დღემდე თქვენთანაა. მას ძალიან უყვარხართ და ყოველთვის გვერდში გიდგათ. უკეთეს მამას ვერც კი ინატრებთ!“

  • როგორ გავიტანოთ თავი?
    გამოიღვიძეთ! — 2010 | ივლისი
    • როგორ გავიტანოთ თავი?

      ხელმომჭირნედ რომ იცხოვროთ, წინასწარ უნდა გამოთვალოთ ხარჯები. იესომ ყურადღება გაამახვილა ამის აუცილებლობაზე: „რომელიმე თქვენგანმა კოშკის აშენება რომ მოისურვოს, განა ჯერ არ დაჯდება და არ გამოთვლის ხარჯებს, რომ ნახოს, აქვს თუ არა საკმარისი სახსრები მის დასამთავრებლად?“ (ლუკა 14:28, 29). ამ პრინციპის გამოყენება დაგეხმარებათ, წინასწარ ‘გამოთვალოთ ხარჯები’, ანუ სწორად გაანაწილოთ თანხა. გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევა:

      როცა დროებითი სამუშაო გამოგიჩნდებათ, გამომუშავებული თანხა ისე გაანაწილეთ, რომ რაღაც პერიოდი გეყოთ (იხილეთ მე-8 გვერდზე მოცემული ჩარჩო). თუ სწორად გაანაწილებთ თანხას, დაინახავთ, ყაირათიანად ხარჯავთ ფულს თუ გეფლანგებათ. ეს დაგეხმარებათ, წინასწარ გამოთვალოთ ხარჯები.

      თანხები რომ სწორად გაანაწილოთ, გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული რჩევები.

      ეკონომიურად ხარჯეთ ფული

      როდესაც რაულმა სამუშაო დაკარგა, მისმა ცოლმა, ბერტამ ეკონომიურად ხარჯვა ისწავლა. „ვცდილობდი ფასდაკლებების დროს წავსულიყავი საყიდლებზე; ისეთ მაღაზიებში დავდიოდი, სადაც შემეძლო ყველაფერი ნახევარ ფასში მეყიდა“, — ყვება ის. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა:

      ● წინასწარ შეადგინეთ მთელი კვირის მენიუ და შეეცადეთ იაფად იყიდოთ პროდუქტები.

      ● ნაცვლად იმისა, რომ ნახევარფაბრიკატებით იკვებოთ, იყიდეთ პროდუქტები და თავად მოამზადეთ.

      ● სეზონური ფასდაკლებების დროს წინასწარ მოიმარაგეთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ.

      ● იაფად რომ გამოხვიდეთ, დიდი რაოდენობით იყიდეთ პროდუქტები, მაგრამ არც იმდენი, რომ გაგიფუჭდეთ.

      ● ფული რომ დაზოგოთ მეორადებში შეიძინეთ ხარისხიანი ტანსაცმელი.

      ● თუ ტრანსპორტი ძვირი არ დაგიჯდებათ, ისეთ მაღაზიებში წადით საყიდლებზე, სადაც დაბალი ფასებია.

      ● ხშირად ნუ ივლით საყიდლებზე.a

      ჩამოწერეთ ხარჯები

      „ჩვენ გვიწევს, წინასწარ განვსაზღვროთ, რაში რამდენს დავხარჯავთ, — ამბობს ფრედი. — ამიტომ ფურცელზე ვწერთ, პირველ რიგში, რა გვაქვს გადასახდელი და რა თანხა უნდა ვიმყოფინოთ თვის ბოლომდე“. მისი მეუღლე, ადელი, დასძენს: „მაღაზიაში შესვლამდე ვიცი, რამდენი უნდა დავხარჯო. ზოგჯერ, როცა ბავშვებისთვის ან სახლისთვის რაიმეს ყიდვა მინდა, გადავხედავ ხოლმე თვიური ხარჯების ფურცელს და თუ ფული არ მყოფნის, შემდეგი თვისთვის გადავდებ. თანხის სწორად გადანაწილებაში ეს ფურცელი მეხმარება“.

      კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს იყიდით

      როცა რამეს ყიდულობთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: მართლა მჭირდება? დამიძველდა ტანსაცმელი თუ უბრალოდ ახლის შეძენა მინდა? თუ რამე იშვიათად გჭირდებათ, ხომ არ იქირავებთ? ისეთი ნივთები, რომლებიც ყოველდღიურად გჭირდებათ, შეგიძლიათ მეორადში შეიძინოთ.

      შეიძლება ზემოთ მოცემული ზოგი რჩევა არც ისე პრაქტიკული მოგეჩვენოთ, მაგრამ სასურველი შედეგის მისაღებად ყველა რჩევის გათვალისწინებაა საჭირო. აქედან გამომდინარე, თუ მცირედის დაზოგვას ისწავლით, ბევრის დაზოგვასაც შეძლებთ.

      იყავით საზრიანი

      იყავით საზრიანი, ფული რომ არ გაგეფლანგოთ. ადელი ყვება: „ორი მანქანა გვყავდა და ერთი გავყიდეთ. ხან ერთად მივდიოდით და ხან სხვას მივყვებოდით. ბენზინი რომ დაგვეზოგა, ვცდილობდით ყოველ გასვლაზე ბევრი რამ მოგვესწრო. ფულს მხოლოდ აუცილებელში ვხარჯავდით“. ქვემოთ მოცემული რამდენიმე რჩევა დაგეხმარებათ, იყოთ საზრიანი.

      ● გააშენეთ ბაღი და მოიყვანეთ ბოსტნეული.

      ● ელექტრომოწყობილობებმა რომ დიდხანს გაძლოს, მიჰყევით მწარმოებლის ინსტრუქციებს.

      ● სახლში მისვლისთანავე გამოიცვალეთ ტანსაცმელი, რომ დიდხანს შეუნარჩუნდეს პირვანდელი იერი.

      ნუ განმარტოვდებით!

      მრავალი, ვინც სამსახურს კარგავს, გულჩათხრობილი ხდება და სხვებთან ურთიერთობასაც გაურბის. ფრედი არ განმარტოებულა. მან თავისი გრძნობები ოჯახის წევრებს, მათ შორის შვილებს, გაუზიარა და დიდი მხარდაჭერა იგრძნო მათგან. მან თქვა: „ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან, რადგან გულს ვუშლით ხოლმე ერთმანეთს. თითოეულ ჩვენგანს კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ერთის პრობლემა ყველას პრობლემაა და ერთმანეთს უნდა შევეხიდოთ“.

      ფრედი აგრეთვე დიდ მხარდაჭერას გრძნობდა თანაქრისტიანებისგან, რომლებსაც იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზში ხვდებოდა. ის იხსენებს: „კრების შეხვედრების შემდეგ თანამორწმუნეები ყოველთვის გვამხნევებდნენ. თითოეული მათგანი ძალიან ყურადღებიანი და თბილი იყო. ისინი ყოველთვის გვერდით გვედგნენ და თავი მარტოდ არ გვიგრძნია“ (იოანე 13:35).

      რწმენას დიდი ძალა აქვს

      უმუშევრობის გამო მილიონობით ადამიანს სიცოცხლე გაუმწარდა. ზემოხსენებულმა რაულმა ორჯერ დაკარგა სამსახური — ერთხელ თავის სამშობლოში, პერუში და მეორედ ნიუ-იორკში. მეორე სამსახურის დაკარგვის შემდეგ რაულმა თქვა: „ამ ქვეყნიერებაში არაფრისგან ხარ დაცული“. იგი რამდენიმე თვე უშედეგოდ ეძებდა სამსახურს. რა დაეხმარა რაულს ამ რთულ სიტუაციაში? მან თქვა: „უმუშევრობის დროს განსაკუთრებით დავუახლოვდი იეჰოვას. მივხვდი, რომ დაცულად მხოლოდ იეჰოვასთან ვიგრძნობდი თავს“.

      რაული იეჰოვას მოწმეა. ბიბლიის შესწავლის შედეგად მან ირწმუნა იეჰოვა ღმერთი, მზრუნველი მამა, რომელიც თავის ერთგულებს ჰპირდება: „არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ“ (ებრაელები 13:5). რაულის ოჯახს ძალიან უჭირდა ფინანსურად. „ყოველთვის ვთხოვდით ღმერთს, რომ ჩვენთვის აუცილებელი მოეცა და იმით ვკმაყოფილდებოდით, რასაც ის გვაძლევდა“, — ამბობს რაული. მისი ცოლი, ბერტა იხსენებს: „ზოგჯერ ნერვები მეშლებოდა იმის გამო, რომ რაული სამსახურს ვერ შოულობდა. მაგრამ იეჰოვა პასუხობდა ჩვენს ლოცვებს და საარსებო მინიმუმის გარეშე არასოდეს გვტოვებდა. მართალია, აღარ გვაქვს იმდენი, რამდენიც ადრე გვქონდა, მაგრამ ცხოვრების გამარტივებამ საზრუნავი შეგვიმცირა“.

      ფრედიც იეჰოვას მოწმეა. მან ბიბლიიდან ისწავლა, როგორ მოქცეულიყო რთულ სიტუაციაში. ის ამბობს: „ზოგჯერ უსაფრთხოების გარანტად სამსახურს, მაღალ მდგომარეობას ან საბანკო ანგარიშს მივიჩნევდით, მაგრამ მივხვდით, რომ მხოლოდ იეჰოვა ღმერთი იძლევა უსაფრთხოების გარანტიას. ჩვენ იეჰოვასთან ვმეგობრობთ და ამიტომ ვგრძნობთ თავს უსაფრთხოდ“.b

      [სქოლიო]

      a ერთი გამოკვლევის თანახმად, ნივთების თითქმის 60 პროცენტს დაუგეგმავად ყიდულობენ.

      b ფულის ყაირათიანად ხარჯვის თაობაზე დამატებითი ინფორმაცია იხილეთ 2009 წლის 1 აგვისტოს საგუშაგო კოშკში, გვერდები 10—12.

      [ჩანართი 9 გვერდზე]

      „ყოველთვის ვთხოვდით ღმერთს, რომ ჩვენთვის აუცილებელი მოეცა და იმით ვკმაყოფილდებოდით, რასაც ის გვაძლევდა“

      [ჩარჩო⁄ცხრილი 8 გვერდზე]

      როგორ დავზოგოთ ფული?

      1) დაწერეთ, ძირითადად, რაში გეხარჯებათ ყოველთვიურად ფული: საჭმელში, ბინის ქირაში ან გირაოში, კომუნალურ გადასახადებში, მანქანის შენახვასა თუ სხვა რამეში. წლიური გადასახადი თვეებზე გადაანაწილეთ.

      2) დაწერეთ, რამდენი გეხარჯებათ, მაგალითად, საკვებში, ტანსაცმელში, სახლისა და მანქანის შენახვასა თუ მგზავრობაში.

      3) დაწერეთ ყოველთვიურად რამდენი შეგიძლიათ გადადოთ წლიური გადასახადების დასაფარავად. ამგვარად, თქვენ შეძლებთ, წინასწარ ‘გამოთვალოთ ხარჯები’.

      4) დაწერეთ ოჯახის თვიური შემოსავალი, ამას გამოაკელით კომუნალური გადასახადები და შეადარეთ გასავალს.

      5) ყოველთვიურად გადადეთ თანხა გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის, მაგალითად, კონვერტში ნაღდი ფული ჩადეთ და დააწერეთ, რა მიზნით გადადეთ, შემდეგ ყოველთვიურად დაამატეთ თანხა.

      გაფრთხილება: თუ საკრედიტო ბარათით სარგებლობთ, წინდახედულობა გამოიჩინეთ. არ შეგაცდინოთ გავრცელებულმა შეხედულებამ: „ყიდულობ დღეს, იხდი ხვალ“.

      [ცხრილი]

      (სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

      ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი

      ყოველთვიური შემოსავალი ․․․․․ სხვა ․․․․․

      ოჯახის სხვა წევრების შემოსავალი ․․․․․

      ერთობლივი შემოსავალი ․․․․․

      ყოველთვიურად განაწილებული ხარჯები სხვა ყოველთვიური ხარჯები

      ․․․․․ ქირა ან გირაო ․․․․․

      ․․․․․ დაზღვევა/გადასახადები ․․․․․

      ․․․․․ კომუნალური გადასახადები ․․․․․

      ․․․․․ მანქანის ხარჯები ․․․․․

      ․․․․․ გართობა/მოგზაურობა ․․․․․

      ․․․․․ ტელეფონი ․․․․․

      ․․․․․ საკვები ․․․․․

      ․․․․․ სხვა ․․․․․

      განაწილებული ხარჯების ჯამი სხვა ხარჯების ჯამი

      ․․․․․ ․․․․․

      შეადარეთ შემოსავალი გასავალს

      ყოველთვიური შემოსავალი ․․․․․

      სხვაობა ნაშთი

      ყოველთვიური დანახარჯი ․․․․․ ․․․․․

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება