საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მიჰბაძეთ იეჰოვას, ნუგეშისა და გამხნევების წყაროს
    საგუშაგო კოშკი — 2018 | აპრილი
    • მოსე დავალებას აძლევს იესო ნავეს ძეს

      მიჰბაძეთ იეჰოვას, ნუგეშისა და გამხნევების წყაროს

      „კურთხეული იყოს . . . ღმერთი . . . რომელიც ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს“ (2 კორ. 1:3, 4).

      სიმღერები: 23, 152

      როგორ უპასუხებთ?

      • როგორ დაამტკიცა იეჰოვამ, რომ ნუგეშისა და გამხნევების წყაროა?

      • როგორ ამხნევებდა იესო სხვებს?

      • როგორ ამხნევებდნენ მოციქულები ძმებს?

      1. რა იმედი ჩაუსახა ღმერთმა კაცობრიობას ედემში მომხდარი ურჩობისთანავე?

      მას შემდეგ, რაც კაცობრიობა ცოდვასა და არასრულყოფილებას დაექვემდებარა, იეჰოვამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის ნუგეშისა და გამხნევების წყაროა. ედემის ბაღში მომხდარი ურჩობისთანავე მან ადამის მომავალ შთამომავლობას იმედი ჩაუსახა. ადამიანებისთვის ჯერ კიდევ ყველაფერი არ იყო დაკარგული. დაბადების 3:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება კაცობრიობას იმედს აძლევდა, რომ საბოლოოდ ძველი გველი, სატანა ეშმაკი, და მისი ბოროტი საქმეები განადგურდებოდა (გამოცხ. 12:9; 1 იოან. 3:8).

      იეჰოვა ამხნევებდა ძველ დროში მცხოვრებ მსახურებს

      2. როგორ გაამხნევა იეჰოვამ ნოე?

      2 ღვთის მსახური ნოე უღვთო ქვეყნიერებაში ცხოვრობდა. იეჰოვას თაყვანისმცემლები მხოლოდ მისი ოჯახის წევრები იყვნენ. მოძალადე და აღვირახსნილი ხალხის შემყურე ნოეს შესაძლოა გულიც კი გაუტყდა (დაბ. 6:4, 5, 11; იუდ. 6). თუმცა იეჰოვას სიტყვებმა ის გაამხნევა და ძალა შემატა, რომ ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად ევლო (დაბ. 6:9). ღმერთმა გაუმხილა ნოეს, რომ ბოროტი ქვეყნიერების განადგურებას აპირებდა და აუხსნა, რა უნდა გაეკეთებინა ოჯახის გადასარჩენად (დაბ. 6:13—18). იეჰოვამ დაამტკიცა, რომ ნოესთვის ის ნუგეშისა და გამხნევების წყარო იყო.

      მოსე დავალებას აძლევს იესო ნავეს ძეს

      3. როგორ გაამხნევა იეჰოვამ იესო ნავეს ძე? (იხილეთ სურათი მე-15 გვერდზე)

      3 მოგვიანებით იესო ნავეს ძემ საკმაოდ საპასუხისმგებლო დავალება მიიღო — მას იეჰოვას ხალხი აღთქმულ მიწაზე უნდა შეეყვანა. ამიტომ იმ ტერიტორიაზე მკვიდრი ერების ძლიერ ჯარებთან მოუწევდა შებმა. იესო ნავეს ძეს ნამდვილად ჰქონდა შიშის მიზეზი. იეჰოვას კარგად ესმოდა მისი, ამიტომ უთხრა მოსეს: „დანიშნე იესო ნავეს ძე, გაამხნევე და განამტკიცე, რადგან ის წაუძღვება ამ ხალხს და ის დაამკვიდრებინებს იმ მიწას, რომელსაც დაინახავ“ (კან. 3:28). სანამ იესო ნავეს ძე საქმეს შეუდგებოდა, იეჰოვამ ის შემდეგი სიტყვებით გაამხნევა: „ხომ გიბრძანე, გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი-მეთქი! ნუ შეძრწუნდები და ნუ შეშინდები, რადგან სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან შენთან იქნება იეჰოვა, შენი ღმერთი“ (იეს. 1:1, 9). როგორ გაამხნევებდა ეს სიტყვები იესო ნავეს ძეს!

      4, 5. ა) როგორ გაამხნევა იეჰოვამ ძველად თავისი მსახურები? ბ) როგორ გაამხნევა იეჰოვამ თავისი ძე?

      4 იეჰოვა არა მხოლოდ ცალკეულ მსახურებს ამხნევებდა, არამედ მთლიანობაში თავის ხალხს, როგორც ჯგუფს. მას ესმოდა, რომ ბაბილონის ტყვეობაში მყოფ იუდეველებს გამხნევება სჭირდებოდათ, ამიტომ მათთვის მანუგეშებელი წინასწარმეტყველება წარმოთქვა: „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ. აქეთ-იქით ნუ იყურები, რადგან შენი ღმერთი ვარ. მე გაგამაგრებ. მე დაგეხმარები. ჩემი სიმართლის მარჯვენას ჩაგჭიდებ“ (ეს. 41:10). იეჰოვა პირველ საუკუნეშიც ამხნევებდა თავის მსახურებს და დღესაც ამხნევებს (წაიკითხეთ 2 კორინთელების 1:3, 4).

      5 მან თავისი ძე იესოც გაამხნევა. ნათლობის დროს იესომ მოისმინა ხმა, რომელიც ციდან გაისმა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“ (მათ. 3:17). ეს სიტყვები ყოველთვის შემატებდა იესოს მხნეობას დედამიწაზე მსახურების დროს.

      იესო ამხნევებდა სხვებს

      6. რატომ არის გამამხნევებელი ტალანტების შესახებ იგავი?

      6 იესო ჰბაძავდა მამის მაგალითს. ტალანტების შესახებ იგავი, რომელიც იესომ ქვეყნიერების აღსასრულზე წინასწარმეტყველებისას მოიყვანა, ამხნევებს ერთგულებს. ბატონმა თითოეულ ერთგულ მონას უთხრა: „ყოჩაღ, კარგი და ერთგული მონა ხარ! მცირეზე ერთგული იყავი და ბევრზე დაგაყენებ. მოდი, გაიზიარე შენი ბატონის სიხარული“ (მათ. 25:21, 23). ეს სიტყვები ნამდვილად გაამხნევებდა იესოს მოწაფეებს, რომ კვლავაც ერთგულად ემსახურათ იეჰოვასთვის!

      7. როგორ გაამხნევა იესომ მოციქულები, განსაკუთრებით პეტრე?

      7 მოციქულები ხშირად დაობდნენ, თუ ვინ იყო მათ შორის უდიდესი. მაგრამ იესო მოთმინებით ასწავლიდა მათ, რომ დაემდაბლებინათ თავი და ბატონები კი არა, მსახურები ყოფილიყვნენ (ლუკ. 22:24—26). იესოს განსაკუთრებით პეტრემ გაუცრუა რამდენჯერმე იმედი (მათ. 16:21—23; 26:31—35, 75). უარყოფის ნაცვლად, იესომ გაამხნევა პეტრე და დაავალა, რომ თვითონაც გაემხნევებინა სხვები (იოან. 21:16).

      გამხნევება ძველ დროში

      8. როგორ გაამხნევა ხიზკიამ ჯარის მეთაურები და ხალხი?

      8 იეჰოვას ერთგული მსახურები მანამდეც გრძნობდნენ სხვების გამხნევების აუცილებლობას, ვიდრე ღვთის ძე დედამიწაზე მოვიდოდა და ამის სრულყოფილ მაგალითს დაგვიტოვებდა. მაგალითად, როცა იერუსალიმის მკვიდრნი ასურელების მუქარამ შეაშინა, მეფე ხიზკიამ შეკრიბა ჯარის მეთაურები და ხალხი და გაამხნევა ისინი. ბიბლიაში ვკითხულობთ: „გაამხნევა ხალხი . . . ხიზკიას სიტყვებმა“ (წაიკითხეთ 2 მატიანის 32:6—8).

      9. რას ვსწავლობთ იობის წიგნიდან სხვების გამხნევების შესახებ?

      9 მიუხედავად იმისა, რომ თავად საჭიროებდა გამხნევებას, იობმა „ვაი-ნუგეშისმცემლებს“ სხვისი გამხნევების მაგალითი მისცა. მან თქვა, რომ მათ ადგილზე თავისი სიტყვებით განამტკიცებდა და თავისი ბაგეებით ანუგეშებდა მათ (იობ. 16:1—5). საბოლოოდ, იობმა ელიჰუსგან და თავად იეჰოვასგან მიიღო ნუგეში (იობ. 33:24, 25; 36:1, 11; 42:7, 10).

      10, 11. ა) რატომ სჭირდებოდა იფთახის ქალიშვილს გამხნევება? ბ) ვინ იმსახურებს დღეს შექებასა და გამხნევებას?

      10 გამხნევება იფთახის ქალიშვილსაც სჭირდებოდა. ამონელებთან ბრძოლამდე მსაჯულმა იფთახმა აღთქმა დადო, რომ მტრებზე გამარჯვების შემთხვევაში იეჰოვას კარავში მსახურებისთვის შესწირავდა მას, ვინც უკან დაბრუნებულს პირველი გამოეგებებოდა. ბრძოლიდან დაბრუნებულ იფთახს გამარჯვების აღსანიშნავად სახლიდან ერთადერთი ქალიშვილი გამოეგება. გულმოკლულმა იფთახმა შეასრულა თავისი აღთქმა და ქალიშვილი შილოში გაგზავნა, რათა დარჩენილი ცხოვრება კარავში ემსახურა (მსაჯ. 11:30—35).

      11 მართალია, ამის გაკეთება იფთახს ძალიან უმძიმდა, მაგრამ მასზე რთულ მდგომარეობაში მისი ქალიშვილი იყო, რომელიც მორჩილად დაჰყვა მამის ნებას (მსაჯ. 11:36, 37). ეს იმას ნიშნავდა, რომ იფთახის ქალიშვილი ვერ დაქორწინდებოდა, ვერ იყოლიებდა შვილებს და მათი საგვარეულო ხაზი აღარ გაგრძელდებოდა. უდავოდ, მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა ნუგეში და გამხნევება. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ისრაელში წესად დაიდო, რომ ყოველწლიურად ისრაელის ასულები გალაადელი იფთახის ასულთან მიდიოდნენ და აქებდნენ მას, წელიწადში ოთხ დღეს“ (მსაჯ. 11:39, 40). დღესაც გამხნევებასა და შექებას იმსახურებენ დაუქორწინებელი და-ძმები, რომლებიც თავიანთ მდგომარეობას მაქსიმალურად იყენებენ ღვთის საქმის შესასრულებლად! (1 კორ. 7:32—35).

      მოციქულები ამხნევებდნენ ძმებს

      12, 13. როგორ ამხნევებდა პეტრე თანაქრისტიანებს?

      12 სიკვდილის წინა საღამოს იესომ პეტრე მოციქულს უთხრა: „სიმონ, სიმონ, აი, სატანამ მოითხოვა, რომ ხორბალივით გაგცხრილოთ. მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რომ რწმენა არ გამოგელიოს, და როცა შემობრუნდები, განამტკიცო შენი ძმები“ (ლუკ. 22:31, 32).

      მოციქულების წერილები დიდად ამხნევებდა პირველი საუკუნის კრებებს და დღეს ჩვენც გვამხნევებს

      მოციქულების წერილები დიდად ამხნევებდა პირველი საუკუნის კრებებს და დღეს ჩვენც გვამხნევებს (იხილეთ აბზაცები 12—17)

      13 პეტრემ თავისი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ ქრისტიანული კრების ბურჯი იყო (გალ. 2:9). მისმა გაბედულებამ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზეც გაამხნევა და-ძმები და მას შემდეგაც. მრავალწლიანი მსახურების შემდეგ მან თანაქრისტიანებს მისწერა: „ორიოდე სიტყვა მოგწერეთ გასამხნევებლად და ღვთის ჭეშმარიტი წყალობის შესახებ გულმოდგინებით დასამოწმებლად. მტკიცედ იდექით ამაში“ (1 პეტ. 5:12). პეტრეს მიერ ღვთივშთაგონებით დაწერილი წერილები საუკუნეების განმავლობაში ამხნევებდა ქრისტიანებს. ისინი დღესაც ამხნევებს მათ, ვინც იეჰოვას დაპირებების შესრულებას ელის (2 პეტ. 3:13).

      14, 15. როგორ ამხნევებდა საუკუნეების განმავლობაში იოანე მოციქულის წერილები ქრისტიანებს?

      14 მოციქული იოანეც პირველი საუკუნის კრების ბურჯად ითვლებოდა. მისი სახარება, სადაც ის საკმაოდ გულში ჩამწვდომი ენით აღწერს იესოს მსახურებას, საუკუნეების განმავლობაში ამხნევებდა ქრისტიანებს და ეს დღემდე ასეა. მხოლოდ მის სახარებაში ვკითხულობთ იესოს სიტყვებს, რომ მისი მიმდევრები სხვებისგან სიყვარულით იქნებოდნენ გამორჩეულები (წაიკითხეთ იოანეს 13:34, 35).

      15 იოანეს სამ წერილში ჭეშმარიტების სხვა მარგალიტებსაც ვპოულობთ. როცა ცოდვილი ბუნების გამო გულდამძიმებულები ვართ, შვებას გვგვრის იმის წაკითხვა, რომ „იესოს სისხლი გვწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან“ (1 იოან. 1:7). თუ ჩვენი გული მსჯავრს გვდებს, განა გულაჩუყებულებს თვალზე ცრემლი არ გვადგება, როცა ვკითხულობთ, რომ „ღმერთი ჩვენს გულებზე დიდია“?! (1 იოან. 3:20). მხოლოდ მოციქული იოანე ამბობს, რომ „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოან. 4:8, 16). თავის მეორე და მესამე წერილებში იოანე აქებს იმ ერთგულ ქრისტიანებს, რომლებიც „ჭეშმარიტებაში დადიან“ (2 იოან. 4; 3 იოან. 3, 4).

      16, 17. როგორ გაამხნევა პავლე მოციქულმა პირველი ქრისტიანები?

      16 პირველ საუკუნეში, როგორც ჩანს, ყველაზე ხშირად პავლე მოციქული ამხნევებდა ძმებს. იესოს სიკვდილის შემდეგ მოციქულების უმეტესობა იერუსალიმში იყო, სადაც ხელმძღვანელი საბჭო ფუნქციონირებდა (საქ. 8:14; 15:2). ქრისტიანები იუდეაში ქრისტეს შესახებ ქადაგებდნენ მათთან, ვინც იუდაიზმის გავლენით ერთ ღმერთს ეთაყვანებოდა. მოციქული პავლე კი წმინდა სულმა ბერძნებთან, რომაელებთან და იმ ხალხთან საქადაგებლად გაგზავნა, რომლებიც უამრავ ღმერთს სცემდნენ თაყვანს (გალ. 2:7—9; 1 ტიმ. 2:7).

      17 პავლე მოგზაურობდა დღევანდელი თურქეთის, საბერძნეთისა და იტალიის ტერიტორიებზე, სადაც არაიუდეველებს უქადაგებდა და ქრისტიანულ კრებებს აყალიბებდა. ეს ახლად მოქცეული ქრისტიანები თანამემამულეებისგან იდევნებოდნენ და გამხნევება სჭირდებოდათ (1 თეს. 2:14). დაახლოებით ახ. წ. 50 წელს პავლემ თესალონიკეში ახლად ჩამოყალიბებულ კრებას მისწერა: „ღმერთს ყოველთვის ვმადლობთ, როცა ლოცვებში გიხსენიებთ ყველა თქვენგანს, რადგან ყოველთვის გვახსოვს თქვენი რწმენის საქმეები, სიყვარულით შრომა და მოთმინება“ (1 თეს. 1:2, 3). მან აგრეთვე მოუწოდა მათ, რომ გაემხნევებინათ ერთმანეთი: „ანუგეშეთ და აღაშენეთ ერთმანეთი“ (1 თეს. 5:11).

      გამხნევება ხელმძღვანელი საბჭოსგან

      18. როგორ გაამხნევა პირველი საუკუნის ხელმძღვანელმა საბჭომ ფილიპე?

      18 პირველ საუკუნეში ხელმძღვანელი საბჭო ამხნევებდა და მხარში ედგა როგორც პასუხისმგებელ ძმებს, ისე ყველა ქრისტიანს. როცა მახარობელი ფილიპე სამარიელებს ქრისტეს შესახებ უქადაგებდა, ის ხელმძღვანელი საბჭოსგან სრულ მხარდაჭერას გრძნობდა. მაგალითად, მასთან ხელმძღვანელი საბჭოს ორი წევრი, პეტრე და იოანე გაგზავნეს, რათა ელოცათ ახლად მოქცეული ქრისტიანებისთვის, რომ მათაც მიეღოთ წმინდა სული (საქ. 8:5, 14—17). როგორ გაამხნევებდა ფილიპესა და ამ ახალ და-ძმებს ხელმძღვანელი საბჭოს მხარდაჭერა!

      19. როგორ იმოქმედა ხელმძღვანელი საბჭოს წერილმა პირველ ქრისტიანულ კრებებზე?

      19 მოგვიანებით ხელმძღვანელი საბჭო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე იდგა. მათ უნდა გადაეწყვიტათ, მოეთხოვებოდათ თუ არა არაიუდეველ ქრისტიანებს მოსეს კანონით გათვალისწინებული წინადაცვეთა (საქ. 15:1, 2). წმინდა სულის ხელმძღვანელობითა და წმინდა წერილების გამოკვლევის შედეგად მათ დაასკვნეს, რომ წინადაცვეთა საჭირო აღარ იყო და ამის შესახებ კრებებს წერილობით აცნობეს. კრებებში ამ წერილის მიტანა ხელმძღვანელმა საბჭომ თავის წარმომადგენლებს დაავალა. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ეს წერილი კრებებში „წაიკითხეს, გამხნევდნენ და დიდად გაიხარეს“ (საქ. 15:27—32).

      20. ა) როგორ ამხნევებს ხელმძღვანელი საბჭო საერთაშორისო საძმოს? ბ) რომელ კითხვას გაეცემა პასუხი მომდევნო სტატიაში?

      20 დღეს იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭო ამხნევებს ბეთელის ოჯახის წევრებს, ველზე მომსახურე სპეციალურ სრული დროით მსახურებს და ზოგადად ჭეშმარიტი ქრისტიანებისგან შემდგარ საერთაშორისო საძმოს. შედეგად, იმავეს ვგრძნობთ, რასაც პირველი საუკუნის და-ძმები — ვმხნევდებით და დიდად ვხარობთ. გარდა ამისა, 2015 წელს ხელმძღვანელმა საბჭომ გამოსცა ბროშურა „დაუბრუნდი იეჰოვას“, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები და-ძმებისთვის გამხნევების წყაროა. მაგრამ მხოლოდ პასუხისმგებელ ძმებს ევალებათ თანაქრისტიანების გამხნევება? ამ კითხვაზე პასუხს მომდევნო სტატია გაგვცემს.

  • „უფრო მეტად“ გაამხნევეთ ერთმანეთი!
    საგუშაგო კოშკი — 2018 | აპრილი
    • უხუცესი ამხნევებს ძმას

      „უფრო მეტად“ გაამხნევეთ ერთმანეთი!

      „ყურადღებიანები ვიყოთ . . . გავამხნეოთ ერთმანეთი . . . მით უფრო მეტად, რაც უფრო ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრ. 10:24, 25).

      სიმღერები: 121, 119

      როგორ უპასუხებთ?

      • რატომ გამოიყენა პავლე მოციქულმა სიტყვები „მით უფრო მეტად“, როცა ქრისტიანებს ერთმანეთის გამხნევებისკენ მოუწოდა?

      • ვის სჭირდება დღეს გამხნევება?

      • ვის შეუძლია თანაქრისტიანების გამხნევება?

      1. რატომ მოუწოდა პავლე მოციქულმა ებრაელ ქრისტიანებს, „უფრო მეტად“ გაემხნევებინათ ერთმანეთი?

      რატომ უნდა შევეცადოთ, რომ „უფრო მეტად“ გავამხნეოთ სხვები? პავლე მოციქულმა ამის მიზეზი ებრაელებისთვის მიწერილ წერილში ახსნა. მან თქვა: „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ გავამხნეოთ ერთმანეთი და მით უფრო მეტად, რაც უფრო ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრ. 10:24, 25). დაახლოებით ხუთ წელიწადში იერუსალიმში მცხოვრები ებრაელი ქრისტიანები დაინახავდნენ „იეჰოვას დღის“ მოახლოებას და მიხვდებოდნენ, რომ უნდა დამორჩილებოდნენ იესოს მითითებას და ქალაქიდან გაქცეულიყვნენ (საქ. 2:19, 20; ლუკ. 21:20—22). ეს დღე ახ. წ. 70 წელს დადგა, როცა რომაელებმა იეჰოვას განაჩენი აღასრულეს იერუსალიმზე.

      2. რატომ უნდა ვიყოთ უფრო მეტად ყურადღებიანები ერთმანეთის მიმართ?

      2 დღეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ახლოსაა იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღე (იოელ. 2:11). წინასწარმეტყველმა სოფონიამ თქვა: „ახლოს არის იეჰოვას დიდი დღე, ახლოს არის და ძლიერ ჩქარდება“ (სოფ. 1:14). ეს წინასწარმეტყველება ჩვენს დროსაც ეხება. პავლე მოციქულს იეჰოვას დღის მოახლოება ჰქონდა მხედველობაში, როცა მოგვიწოდა: „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის“ (ებრ. 10:24). ამგვარად, და-ძმების მიმართ მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ, რათა საჭირო დროს გავამხნეოთ ისინი.

      ვის სჭირდება გამხნევება?

      3. რა თქვა პავლე მოციქულმა გამხნევებასთან დაკავშირებით? (იხილეთ სურათი მე-20 გვერდზე)

      3 „წუხილი გულს უმძიმებს ადამიანს, კეთილი სიტყვა კი გულს ახალისებს“ (იგავ. 12:25). ეს სიტყვები თითოეულ ჩვენგანზე მართლდება. გამხნევება და წახალისება დროდადრო ყველას გვჭირდება. პავლემ ნათლად დაგვანახვა, რომ გამხნევება მათაც სჭირდებათ, ვისაც სხვების გამხნევების პასუხისმგებლობა აკისრიათ. რომში მცხოვრებ ქრისტიანებს მან მისწერა: „ძალიან მსურს თქვენი ნახვა, რათა გიწილადოთ სულიერი ძღვენი თქვენს განსამტკიცებლად, უფრო სწორად, რათა გავამხნეოთ ერთმანეთი ჩვენ-ჩვენი რწმენით“ (რომ. 1:11, 12). მიუხედავად იმისა, რომ სხვების გამხნევების შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა, დროდადრო გამხნევება პავლესაც სჭირდებოდა (წაიკითხეთ რომაელების 15:30—32).

      4, 5. ვინ შეგვიძლია გავამხნეოთ და რატომ?

      4 შექებას იმსახურებენ ის და-ძმები, რომლებიც თავგანწირვის სულს ავლენენ. მათ შორის არიან ერთგული პიონერები. ბევრმა მათგანმა პიონერობის დასაწყებად საკმაოდ დიდი მსხვერპლი გაიღო. იმავეს თქმა შეიძლება მისიონერებზე, სარაიონო ზედამხედველებსა და მათ მეუღლეებზე, აგრეთვე ფილიალებსა და მთარგმნელობით ოფისებში მომუშავე და-ძმებზე. თითოეულმა მათგანმა რაღაც მსხვერპლი გაიღო, რომ წმინდა მსახურებისთვის უფრო მეტი დრო დაეთმო. ასე რომ, უნდა შევაქოთ და გავამხნეოთ ისინი. გარდა ამისა, გამამხნევებელი სიტყვების მოსმენა ძალიან ესიამოვნებათ მათ, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ვეღარ მსახურობენ სრული დროით, თუმცა უწინდელ სულისკვეთებას არ კარგავენ.

      5 შექების ღირსნი არიან ის დაუქორწინებელი და-ძმებიც, რომლებიც ცდილობენ, დაემორჩილონ ბიბლიურ მოწოდებას და დაქორწინდნენ უფალში (1 კორ. 7:39). მეუღლის საქებარი სიტყვები გულს უხარებს გამრჯე ცოლებს (იგავ. 31:28, 31). გამხნევებას იმსახურებენ ის ქრისტიანებიც, რომლებიც დევნებისა თუ გაუარესებული ჯანმრთელობის მიუხედავად ერთგულებას ინარჩუნებენ (2 თეს. 1:3—5). იეჰოვა და იესო ანუგეშებენ ყველა ამ ერთგულ მსახურს (წაიკითხეთ 2 თესალონიკელების 2:16, 17).

      უხუცესები ცდილობენ, გაამხნეონ და-ძმები

      6. რა როლი აკისრიათ უხუცესებს ესაიას 32:1, 2-ის თანახმად?

      6 წაიკითხეთ ესაიას 32:1, 2. იესო ქრისტე გულგატეხილებსა თუ გულდამძიმებულებს ანუგეშებს და ხელმძღვანელობს ცხებული ძმებისა და „მთავრების“ ანუ უხუცესების მეშვეობით, რომლებიც სხვა ცხვრის წარმომადგენლები არიან. ისინი კი არ ბატონობენ ჩვენს რწმენაზე, არამედ გვეხმარებიან, რომ სიხარულით ვემსახუროთ ღმერთს და ბოლომდე ერთგულები დავრჩეთ (2 კორ. 1:24).

      7, 8. სიტყვით გამხნევების გარდა, კიდევ რის გაკეთება შეუძლიათ უხუცესებს სხვების აღსაშენებლად?

      7 მოციქულმა პავლემ ამ მხრივ მისაბაძი მაგალითი დაგვიტოვა. მან თესალონიკელ ქრისტიანებს, რომლებიც იდევნებოდნენ, მისწერა: „სათუთი გრძნობები გვაქვს თქვენ მიმართ და ამიტომ დიდი სიამოვნებით გადმოგეცით არა მხოლოდ ღვთის სასიხარულო ცნობა, არამედ საკუთარი სულებიც, რადგან შეგვიყვარდით“ (1 თეს. 2:8).

      8 თუმცა გამამხნევებელი სიტყვების თქმა ყოველთვის საკმარისი არ არის. პავლემ ეფესოს კრების უხუცესებს უთხრა: «უნდა დაეხმაროთ უძლურებს და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვები: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“» (საქ. 20:35). მოციქული მზად იყო, რომ არა მხოლოდ სიტყვით გაემხნევებინა თანამორწმუნეები, არამედ ყველაფერი გაეღო მათთვის და მთლიანად დახარჯულიყო (2 კორ. 12:15). მსგავსად ამისა, უხუცესებმა არა მხოლოდ სიტყვით უნდა გაამხნეონ და ანუგეშონ და-ძმები, არამედ საქმეებით უნდა დაანახვონ, რომ გულწრფელად არიან დაინტერესებულნი მათით (1 კორ. 14:3).

      9. რა უნდა გაითვალისწინონ უხუცესებმა რჩევის მიცემის დროს?

      9 სხვების აღსაშენებლად შეიძლება მათთვის რჩევების მიცემაც გახდეს საჭირო, თუმცა ამ შემთხვევაშიც უხუცესები უნდა მიჰყვნენ ბიბლიურ მაგალითს და რჩევის მიცემის დროს გაამხნეონ თანაქრისტიანები. ამ მხრივ საუკეთესო მაგალითი მკვდრეთით აღმდგარმა იესომ მოგვცა. მას მკაცრი რჩევები უნდა მიეცა მცირე აზიის ზოგიერთი კრებისთვის, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, როგორ გააკეთა მან ეს. რჩევის მიცემამდე მან გულთბილად შეაქო ეფესოს, პერგამონისა და თიატირის კრებები (გამოცხ. 2:1—5, 12, 13, 18, 19). ლაოდიკეის კრებას იესომ უთხრა: „ყველას, ვინც მიყვარს, შევაგონებ და აღვზრდი. ამიტომ იყავი მოშურნე და მოინანიე“ (გამოცხ. 3:19). კარგი იქნება, თუ რჩევის მიცემის დროს უხუცესები იესოს მიჰბაძავენ.

      მხოლოდ უხუცესებს არ ევალებათ სხვების გამხნევება

      მამა ახალისებს თავის გოგონას, რომ მიესალმოს მარტო მჯდომ ძმას

      მშობლებო, ასწავლით შვილებს სხვების გამხნევებას? (იხილეთ აბზაცი 10)

      10. როგორ შეუძლია თითოეულ ჩვენგანს სხვების აღშენება?

      10 მხოლოდ უხუცესებს არ აკისრიათ სხვების გამხნევების პასუხისმგებლობა. პავლემ მოუწოდა ქრისტიანებს: „მხოლოდ კარგი . . . [ილაპარაკეთ] აღსაშენებლად საჭიროებისამებრ, რათა ამან მადლი მიანიჭოს მსმენელებს“ (ეფეს. 4:29). თითოეული ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ დავინახოთ სხვების საჭიროებები. პავლემ ურჩია ებრაელ ქრისტიანებს: „გამართეთ ჩამოშვებული ხელები და დასუსტებული მუხლები და გაასწორეთ თქვენი ფეხის სავალი, რათა კოჭლმა ფეხი არ იღრძოს და განიკურნოს“ (ებრ. 12:12, 13). ჩვენ უნდა დავეხმაროთ სხვებს, რომ გამართონ „ჩამოშვებული ხელები“ და გაიძლიერონ „დასუსტებული მუხლები“. სხვების აღშენება და გამხნევება ყველას შეუძლია, მათ შორის ახალგაზრდებსაც.

      11. რა დაეხმარა რთულ მდგომარეობაში მყოფ მართას?

      11 მართა,a რომელსაც ადრე მძიმე პერიოდი ედგა, წერს: „ერთ დღეს, როცა ვლოცულობდი, რომ ვინმეს გავემხნევებინე, შევხვდი ასაკოვან დას, რომელმაც ჩემ მიმართ სიყვარული და თანაგრძნობა გამოავლინა. ეს მაშინ ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ის ადრე მსგავს პრობლემას ებრძოდა და, როცა თავისი გამოცდილება გამიზიარა, მივხვდი, რომ მხოლოდ მე არ ვიყავი ასეთ რთულ მდგომარეობაში“. ამ ასაკოვან დას შეიძლება არც კი ეგონა, რომ მისი სიტყვები მართაზე ასე დადებითად იმოქმედებდა.

      12, 13. როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ფილიპელების 2:1—4-ში ჩაწერილი რჩევა?

      12 პავლემ ფილიპეს კრებას ურჩია: „ამიტომ, თუ არის რაიმე გამხნევება ქრისტეში, თუ არის სიყვარულით ნუგეში, სულთან მოზიარეობა, სათუთი გრძნობები და თანაგრძნობა, შეავსეთ ჩემი სიხარული; გქონდეთ ერთი აზრი, ერთნაირი სიყვარული, იყავით ერთსულოვანნი და ერთი აზრისანი, ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა და პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად, და მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილ. 2:1—4).

      13 დიახ, თითოეულმა უნდა ვეძებოთ სხვების დახმარების შესაძლებლობები. და-ძმები რომ გავამხნეოთ, სიყვარულით უნდა ვანუგეშოთ ისინი, ვიზრუნოთ მათზე და „სათუთი გრძნობები და თანაგრძნობა“ გამოვავლინოთ მათ მიმართ.

      გამხნევების საშუალებები

      14. როგორ შეგვიძლია სხვების გამხნევება?

      14 იოანე მოციქულის მსგავსად, გვამხნევებს იმის გაგება, რომ ისინი, ვისაც ადრე დავეხმარეთ, დღემდე ერთგულებას ინარჩუნებენ. იოანე წერდა: „არა მაქვს მადლიერების უფრო დიდი მიზეზი, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებაში დადიან“ (3 იოან. 4). ბევრი პიონერი დაგვეთანხმება, რომ ძალიან გამამხნევებელია, როცა ვიგებთ, რომ ისინი, ვისაც წლების წინ ჭეშმარიტების გაგებაში დავეხმარეთ, დღემდე ერთგულები არიან და ზოგი მათგანი პიონერადაც კი მსახურობს. გულგატეხილი პიონერის გასამხნევებლად შეიძლება ისიც კი საკმარისი აღმოჩნდეს, თუ წარსულში გაკეთებულ კარგ საქმეებს შევახსენებთ.

      15. კიდევ როგორ შეგვიძლია ღვთის ერთგული მსახურების გამხნევება?

      15 ბევრმა სარაიონო ზედამხედველმა აღნიშნა, როგორ ამხნევებს მათ და მათ მეუღლეებს კრების მონახულების შემდეგ მიღებული პატარა სამადლობელი ბარათები. იმავეს თქმა შეიძლება უხუცესებზე, მისიონერებზე, პიონერებსა და ბეთელის ოჯახის წევრებზე, რომელთაც მადლიერების სიტყვებს მათი ერთგული მსახურებისთვის ეუბნებიან.

      როგორ შეგვიძლია თითოეულს სხვების გამხნევება

      16. რა შეიძლება აღმოჩნდეს საკმარისი სხვების გასამხნევებლად?

      16 არასწორი იქნება, თუ ვიფიქრებთ, რომ სხვებს ვერ გავამხნევებთ, რადგან არაკომუნიკაბელური ადამიანები ვართ. გასამხნევებლად ბევრი არ არის საჭირო — მისალმების დროს მხოლოდ ღიმილითაც კი შეგვიძლია გავამხნეოთ სხვა. მაგრამ, თუ ღიმილზე ღიმილით არ გიპასუხეს, ეს შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ ადამიანს რაღაც უჭირს და შეიძლება ყურადღებით მოსმენამაც კი ანუგეშოს (იაკ. 1:19).

      17. როგორ დაეხმარნენ ახალგაზრდა ძმას, რომელიც რთულ მდგომარეობაში იყო?

      17 ახალგაზრდა ძმა ანრი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როცა მისმა ახლო ნათესავებმა ჭეშმარიტება დატოვეს; მათ შორის მამამისიც იყო, რომელიც უხუცესად მსახურობდა. ანრი სარაიონო ზედამხედველმა გაამხნევა. მან კაფეში დაპატიჟა ის ყავაზე და გულის გადაშლის საშუალება მისცა. საუბრის შემდეგ ანრი მიხვდა, რომ ოჯახის კრებაში დასაბრუნებლად ერთადერთი, რის გაკეთებაც მას შეეძლო, ერთგულების შენარჩუნება იყო. ის აგრეთვე დიდად ანუგეშა ისეთი ბიბლიური მონაკვეთების წაკითხვამ, როგორიცაა: 46-ე ფსალმუნი, სოფონიას 3:17 და მარკოზის 10:29, 30.

      ახალგაზრდა და მსახურობს ხანდაზმულ დასთან ერთად; ახალგაზრდა ძმა ყოველდღიურ მუხლს უკითხავს ხანდაზმულ ძმას

      თითოეულს შეგვიძლია სხვების აღშენება და გამხნევება (იხილეთ აბზაცი 18)

      18. ა) რა აღნიშნა მეფე სოლომონმა? ბ) რა დასკვნამდე მივიდა მოციქული პავლე?

      18 მართასა და ანრის მაგალითებიდან ჩანს, რომ ჩვენ შეგვიძლია გავამხნეოთ ის და-ძმები, რომელთაც ნუგეში სჭირდებათ. მეფე სოლომონი წერდა: „რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა! გაბრწყინებული თვალები გულს ახარებს, კარგი ამბავი ძვლებს ამსუყებს“ (იგავ. 15:23, 30). გარდა ამისა, თუ გულდამძიმებულებს „საგუშაგო კოშკიდან“ ან ჩვენი ვებ-გვერდიდან სტატიებს წავუკითხავთ, შეიძლება ძალიან ვანუგეშოთ ისინი. პავლემ თავისი მაგალითით გვაჩვენა, რომ სამეფოს სიმღერების მღერამ შეიძლება ადამიანს გუნება-განწყობილება გამოუკეთოს. ის წერდა: „ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს ფსალმუნებით, ღვთის სადიდებლებით, საამური სულიერი სიმღერებით და იმით, რომ გულით უმღერით იეჰოვას“ (კოლ. 3:16; საქ. 16:25).

      19. რატომ ხდება ერთმანეთის გამხნევება სულ უფრო და უფრო საჭირო და რა უნდა გავაკეთოთ?

      19 იეჰოვას დღის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო და უფრო საჭირო ხდება ერთმანეთის გამხნევება (ებრ. 10:25). ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ პავლე მოციქულის მიერ თანაქრისტიანებისთვის ნათქვამი სიტყვები: „ანუგეშეთ და აღაშენეთ ერთმანეთი, რასაც აკეთებთ კიდეც“ (1 თეს. 5:11).

      a სახელები შეცვლილია.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება