გაანადგურებს ღმერთი წუთისოფელს?
პაპის, იოანე-პავლე II-ის აზრით, კაცობრიობა დიდი იმედებით უნდა მოელოდეს მომავალს. მთელი ისტორიის განმავლობაში, აღნიშნავს ის, „ადამიანები განაგრძობენ ცოდვების ჩადენას, შესაძლოა უფრო დიდი ცოდვებისაც, ვიდრე წარღვნის წინანდელ პერიოდში სჩადიოდნენ“. მიუხედავად ამისა, პაპმა აღნიშნა: „ნოესთან დადებული ღვთის აღთქმის სიტყვებიდან გამომდინარე, ვიცით, რომ როგორი ცოდვაც არ უნდა ჩავიდინოთ, ღმერთი არ გაანადგურებს თავის შექმნილ წუთისოფელს“.
მართალია, რომ ღმერთი არასოდეს გაანადგურებს წუთისოფელს? ბიბლიაში ნათქვამია, რომ წარღვნის შემდეგ ღმერთმა უთხრა ნოეს: „აღარ აღგვის ხორციელს წარღვნა და აღარ მოვა წარღვნა ქვეყნის დასაღუპავად“ (დაბადება 9:11). პაპი ამბობს, რომ ამ სიტყვებით, ღმერთმა „საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება, განადგურებისგან დაეცვა [დედამიწა]“.
ბიბლია ნათლად აჩვენებს, რომ შემოქმედი არ დაუშვებს ჩვენი პლანეტის განადგურებას. „მოაწყო ცასავით ტაძარი თვისი, დედამიწასავით სამუდამოდ დააფუძნა“ (ფსალმუნი 77:69). მაგრამ წარღვნის შემთხვევიდან კიდევ რაღაცა უნდა ვისწავლოთ, რაღაცა, რაც პაპს არ უხსენებია.
იესომ თქვა, რომ თავისი მომავალი თანდასწრებისას დედამიწაზე ისეთი მდგომარეობა იქნებოდა ‘როგორც ნოეს დღეებში’, როდესაც ადამიანები „არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი“ (მათე 24:37–39, სსგ). მსგავსად ამისა, მოციქულმა პეტრემ დაწერა, რომ სწორედ ისე, როგორც „მაშინდელი წუთისოფელი წარღვნის წყლით მოისპო“, ასევე დღევანდელ წუთისოფელსაც ემუქრება ‘უღვთო კაცთა განკითხვისა და მოსპობის დღე’ (2 პეტრე 3:5–7).
დაავიწყდა იესოს და პეტრეს ნოესთან დადებული ღვთის აღთქმა? არავითარ შემთხვევაში! ღმერთმა ნოესთან დადებულ აღთქმაში მხოლოდ ის განაცხადა, რომ წარღვნის წყლებით არ გაანადგურებდა ბოროტ სისტემას. ნაცვლად ამისა, ის გამოიყენებს ძლევამოსილ ‘მეფეთ მეფესა და უფალთ უფალს’, იესო ქრისტეს (გამოცხადება [აპოკალიფსისი] 19:11–21). მაშასადამე, ბიბლიის ცნობის თანახმად, დედამიწა არ განადგურდება, მაგრამ ბოროტ ადამიანთა „წუთისოფელი“ უეჭველად მოისპობა (იგავნი 2:21, 22; გამოცხადება 11:18). შემდეგ კი „მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“ (ფსალმუნი 36:29).