საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • განკითხვის დღის ციებ-ცხელება
    გამოიღვიძეთ! — 2012 | სექტემბერი
    • განკითხვის დღის ციებ-ცხელება

      გაშინებთ მომავალზე ფიქრი? თუ დიახ, იცოდეთ, რომ თქვენსავით მრავალი უყურებს მომავალს შიშითა და ძრწოლით. ადამიანს უხსოვარი დროიდანვე კლავდა მომავლის გაგების ინტერესი და მრავალი უწინასწარმეტყველებდა კაცობრიობას შავბნელ დღეებს. განკითხვის დღე ანუ წუთისოფლის აღსასრული ათასწლეულებია ბევრს საგონებელში აგდებს.

      ამ თემასთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრებაა გავრცელებული. კომიქსები, სატელევიზიო გადაცემები, ასობით ფილმი და ათასობით წიგნი — ყველაფერი იმაზე მოგვითხრობს, თუ როგორ განადგურდება ჩვენი პლანეტა, როგორ შემოესევა დედამიწას არაამქვეყნიური არსებების მთელი არმია: რობოტები, ურჩხულები, უცხოპლანეტელები, ზომბები, მოჩვენებები, დრაკონები, უშველებელი ფრინველები, მუტანტი ვირთხები და უზარმაზარი კრაზანები და როგორ გაჟლეტენ ადამიანთა მთელ მოდგმას. მაგრამ, სინამდვილეში, ამგვარი ზღაპრებისა ბევრს არ სჯერა.

      არსებობს სხვა მოსაზრებები და თეორიები, რომლებიც გაცილებით უფრო შემაშფოთებელია საზოგადოებისთვის. ზოგ მათგანს მეცნიერულადაც კი ხსნიან. ერთ-ერთი ასეთი მოსაზრების თანახმად, დედამიწაზე ერთდროულად მოხდება ქანთა მასების გადაადგილება, რაც გამოიწვევს წამლეკავ ცუნამებს, გამანადგურებელ მიწისძვრებს და ვულკანებს. სხვა თეორია ამტკიცებს, რომ დადგება დრო, როცა პლანეტები ერთ ხაზზე განლაგდება და წარმოქმნილი მზის ქარები დედამიწაზე სიცოცხლის ყოველგვარ კვალს წაშლის. არსებობს ისეთი მოსაზრებაც, რომ თითქოს დედამიწის მაგნიტური პოლუსები მოულოდნელად შეიცვლიან ადგილებს და მზიდან წამოვა რადიაციული ნაერთების დიდი ნაკადი. ეს კი, ამ თეორიის თანახმად, თითოეული ჩვენგანის აღსასრულის მომასწავებელი იქნება. მაგრამ ზედმეტად ნუ აღელდებით, არც ასეა საქმე. უფრო მეტიც: არც ერთ ზემოთქმულ თეორიას არ უწერია შესრულება! თუმცა ერთი რამ ფაქტია, ასეთი გამოგონილი თეორიები მაინც იპყრობს ბევრის ყურადღებასა და ინტერესს.

      რა შეიძლება ითქვას იმ უამრავ წიგნსა თუ ვებ-გვერდზე, რომლებიც დედამიწის აღსასრულს ამა წლის 21 დეკემბერს წინასწარმეტყველებენ? ერთ-ერთი განაცხადის თანახმად, სავარაუდოდ, პლანეტა ნიბირუ (პლანეტა X) 2012 წლის დეკემბერში დედამიწას დაეჯახება. ეს და სხვა ასეთი მეცნიერულად დაუსაბუთებელი თეორიები მაიას ტომის უძველეს კალენდარს ეფუძნება, რომელიც, ზოგიერთი მოსაზრებით, 2012 წლის ზამთრის მზებუდობით მთავრდება.

      საქმე იმაშია, რომ ზოგმა დაიჯერა ამგვარი თეორიები და შესაბამისი ზომებიც მიიღო. ბევრმა სახლის უკანა ეზოში თავშესაფარი აიშენა, სხვებმა კი საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადეს, რათა მიწისქვეშა თავშესაფრებში ოთახები დაეჯავშნათ. ზოგი საზოგადოებასაც კი მოწყდა და მთებში გაიხიზნა. მათ უარი თქვეს ყველანაირ კომუნალურ მომსახურებაზე: გათბობაზე, ელექტროენერგიაზე და ასე შემდეგ.

      და მაინც, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ სჯერათ ამ თეორიების. ისინი უარყოფენ მოსაზრებას წუთისოფლის აღსასრულის შესახებ. მაგალითად, ნასას მეცნიერები ასეთ რამეს აცხადებენ: „2012 წელს დედამიწას არავითარი საშიშროება არ ემუქრება. ჩვენი პლანეტა 4 მილიარდ წელზე მეტია, რაც არსებობს და მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების აზრით, ამ წელს არანაირი კატასტროფა არ არის მოსალოდნელი“.

      თუმცა არ იქნებოდა მთლად სწორი, გვეფიქრა, რომ კაცობრიობას წინ არანაირი საშიშროება არ ელის. არც ის იქნებოდა სწორი, მიამიტ და გულუბრყვილო ადამიანებად ჩაგვეთვალა ისინი, ვისაც სჯერა განკითხვის დღის. დადგება ნამდვილად განკითხვის დღე? თუ დადგება, როგორ მოხდება ეს და როდის?

  • განკითხვის დღე — ხალხი რაღაც საშინელის მოლოდინშია
    გამოიღვიძეთ! — 2012 | სექტემბერი
    • განკითხვის დღე — ხალხი რაღაც საშინელის მოლოდინშია

      ჩვენ ვისაუბრეთ იმ ზოგიერთ არარეალურ მოსაზრებაზე, რომელიც ქვეყნიერების აღსასრულს უკავშირდება. თუმცა არსებობს საკითხები, რომლებზეც საზოგადოება გაცილებით მეტად ღელავს და წუხს. ბევრი შეშფოთებულია მოსახლეობის სწრაფი ზრდის ტემპით და შესაძლო საკვებისა და წყლის დეფიციტით. ბევრიც მსოფლიო ფინანსური კრიზისის სავალალო შედეგებზე წუხს. რის თქმა შეიძლება სტიქიურ უბედურებებზე, ეპიდემიებზე ან ბირთვულ ომზე? შეიძლება, რომ ამ მოვლენებმა ერთ დღესაც გლობალური კატასტროფა გამოიწვიოს?

      მოკლედ მიმოვიხილოთ ქვეყნიერების აღსასრულთან დაკავშირებული ზოგიერთი გავრცელებული თვალსაზრისი. მართალია, ყველა მათგანი კაცობრიობას სრულ გადაშენებას არ უქადის, მაგრამ დღეს არსებულ ცივილიზაციებს ყველა უწინასწარმეტყველებს განადგურებას. აი, ზოგიერთი მათგანი:

      სუპერვულკანები

      1991 წელს ფილიპინებზე, მთა პინატუბოზე ამოხეთქილმა ვულკანმა 700 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 100 000 კი უსახლკაროდ დატოვა. ფერფლის უზარმაზარი ღრუბელი 30 კილომეტრზე აიწია ჰაერში, შემდეგ ისევ მიწაზე დაეშვა, გადაწვა ნათესები და საგრძნობლად დააზიანა სახლის სახურავები. პინატუბო და მისი მსგავსი ვულკანები ამოფრქვევიდან წლების განმავლობაშიც კი ახდენენ გავლენას პლანეტის კლიმატზე.

      სუპერვულკანების ამოფრქვევა, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე შორეულ წარსულში ხდებოდა, ასჯერ უფრო დიდი და დამანგრეველი იყო, ვიდრე კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი სხვა რომელიმე ვულკანური ამოფრქვევა. გარდა იმისა, რომ ასეთი ვულკანები მომენტალურად მოსპობდა ყველაფერს, ის კლიმატის მნიშვნელოვან ცვლილებებსაც გამოიწვევდა, რაც საბოლოო ჯამში გაანადგურებდა საკვებს და ხალხი შიმშილისგან გაწყდებოდა.

      „ვულკანი რამდენიმე კილომეტრის რადიუსში ანადგურებს მცენარეებსა და ცხოველებს; სუპერვულკანები კი იმდენად შეცვლიდა მთელ პლანეტაზე კლიმატს, რომ მთლიანად განადგურდებოდა სახეობები“ (National Geographic).

      ასტეროიდები

      1908 წლის ერთ მშვენიერ დილას ციმბირში, სოფელ ვანავარადან 60 კილომეტრში მოხდა აფეთქება. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთი მამაკაცი, რომელიც სოფელში მაღაზიის წინ სკამზე იჯდა, სკამიდან გადმოვარდა. მან ისეთი სიმხურვალე იგრძნო, რომ ეგონა ტანსაცმელზე ცეცხლი ეკიდა. აფეთქება 100-მილიონ კილოგრამიანი ასტეროიდის ჩამოვარდნამ გამოიწვია, რომლის დიამეტრიც 35 მეტრი იყო. ატმოსფეროში შემოსული ასტეროიდი აფეთქდა მაღალი წნევისა და სიმხურვალის გამო. წარმოიქმნა ენერგია, რომელიც ჰიროსიმაში ჩამოგდებული ბომბის შედეგად წარმოქმნილ ენერგიას 1 000-ჯერ აღემატებოდა. ამ აფეთქებამ 2 000 კვადრატული კილომეტრის რადიუსში მთლიანად გაანადგურა ციმბირის ტყეები. უფრო დიდი ასტეროიდის ჩამოვარდნის შემთხვევაში წარმოიქმნებოდა უძლიერესი ხანძრები, რომელიც დროთა განმავლობაში გამოიწვევდა დედამიწაზე ტემპერატურის მკვეთრ დაცემას და სახეობათა უმეტესობის გადაშენებას.

      „პლანეტა დედამიწა მთელი თავისი არსებობის განმავლობაში იბომბებოდა კომეტებითა და ასტეროიდებით. შეჯახებები წარსულში უფრო ხშირად ხდებოდა და მომავალშიც განმეორდება. საკითხავი მხოლოდ ის არის, თუ როდის მოხდება ეს“ (პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომი და ასტროფიზიკოსი კრის პალმა).

      კლიმატის ცვლილება

      მეცნიერების აზრით, დედამიწაზე საშუალო ტემპერატურის მომატება, ამინდის უკიდურესი ცვალებადობა, ყინულოვანი საფარისა და მყინვარების დნობა, მარჯნის რიფებისა და სხვა აუცილებელი სახეობების განადგურება — ეს ყოველივე იმაზე მეტყველებს, რომ მსოფლიო კლიმატი იცვლება. მართალია, ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, მაგრამ ბევრი ამტკიცებს, რომ კლიმატის ცვლილებების მიზეზი ტრანსპორტისა და მრეწველობის სხვადასხვა დარგში მოხმარებული ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის წვაა. წიაღისეული საწვავი ნივთიერებების წვისას, მკვლევართა თქმით, ატმოსფეროში დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი გამოიყოფა.

      ზოგიერთი ექსპერტის თქმით, ატმოსფეროში გამოყოფილი აირები სათბური ეფექტის პრინციპით მოქმედებს, აფერხებს ჰაერის ცხელი მასების დედამიწიდან კოსმოსში გაფანტვას და იწვევს დედამიწაზე ტემპერატურის მომატებას. ტყის მასიურმა გაჩეხვამაც შეიძლება გამოიწვიოს კლიმატის მკვეთრი ცვლილება, რადგან მცენარეები, როგორც წესი, შთანთქავენ ნახშირორჟანგს.

      „მეცნიერებს სჯერათ, რომ თუ გლობალური დათბობის პროცესი არ შეწყდა და ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ემისია გაგრძელდა, დედამიწის საშუალო ტემპერატურა კვლავ მოიმატებს. ეს კი იმაზე დიდ კლიმატურ ცვლილებებს გამოიწვევს, ვიდრე წარმოგვიდგენია. ოკეანეებში წყლის დონის მომატება საფრთხეს შეუქმნის სანაპიროებზე მცხოვრებ მოსახლეობას“ (წიგნი: A Mind for Tomorrow: Facts, Values, and the Future).

      პანდემია

      მე-14 საუკუნეში შავმა ჭირმა ორ წელიწადში ევროპის მოსახლეობის მესამედი შეიწირა. 1918 —1920 წლებში ესპანურმა გრიპმა 50 000 000 ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე. იმ პერიოდში ტრანსპორტის სიმცირის გამო ხალხი იმდენად ხშირად არ მოგზაურობდა ერთი ქვეყნიდან მეორეში, რამაც ხელი შეუშალა დაავადების კიდევ უფრო გავრცელებას. თუმცა დღეს ქალაქებში მოსახლეობის ზრდამ და გაადვილებულმა საერთაშორისო მიმოსვლამ გაზარდა იმის ალბათობა, რომ მსგავსი სახის დაავადებები თვალის დახამხამებაში გავრცელდეს ყველა კონტინენტზე.

      ასეთი პანდემიები შესაძლოა ბუნებრივად გაჩნდეს. თუმცა ხალხს გაუჩნდა ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შედეგად გამოწვეული ხელოვნური გზით წარმოქმნილი დაავადებების შიშიც. ამ სფეროში მოღვაწე ექსპერტების თქმით, ადამიანთა იმ მცირე ჯგუფს, რომელთაც საკმარისი ცოდნა გააჩნიათ ამ საკითხში, შეუძლიათ ინტერნეტის მეშვეობით შეიძინონ ის მოწყობილობები და ნივთიერებები, რომლებიც მომაკვდინებელი ბიოლოგიური იარაღის დასამზადებლადაა საჭირო.

      „მართალია, ბუნებრივად წარმოქმნილი პანდემიები სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ მოაზროვნე ადამიანმა, რომელიც შეიარაღებულია [სუპერრეზისტენტული] და ხელოვნური პათოგენებით, შეიძლება გაცილებით უფრო სავალალო შედეგები მოიტანოს“ (შეერთებულ შტატებში არსებული კვლევითი ცენტრი: The Bipartisan WMD Terrorism Research Center).

      სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სახეობების გადაშენება

      ბოლო ხუთი წელია, რაც შეერთებულ შტატებში მცხოვრებ მეფუტკრეებს ყოველწლიურად ფუტკრების 30% ეხოცებათ. მთლიანად ნადგურდება ოჯახები, რაც ერთობ აუხსნელი მოვლენაა; ფუტკრები მოულოდნელად სკებიდან სადღაც უჩინარდებიან. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ფუტკარი მარტო თაფლს კი არ იძლევა, სხვა რამისთვისაც სასარგებლოა. ისინი წარმოადგენენ ვაზის, ვაშლის, ბამბის, სოიას და სხვა ძირითადი მოსავლის სახეობების დამმტვერავებს. ჩვენ, გარკვეულწილად, ფუტკრებზე ვართ დამოკიდებულნი.

      ჩვენ დამოკიდებულნი ვართ ასევე ფიტოპლანქტონებზე, რადგან მის გარეშე თევზის არც ერთი სახეობა არ იარსებებდა. ვერც მიწა გაფხვიერდებოდა ჭიების გარეშე და ნიადაგიც ვერ გამდიდრდებოდა ჟანგბადით. შესაბამისად, მოსავალიც შემცირდებოდა. იქნებოდა საკვები პროდუქტების უკმარისობა და შიმშილი, რაც თავის მხრივ, ძალადობასა და დიდ არეულობებს გამოიწვევდა. გარემოს დაბინძურება, ჭარბი მოსახლეობა, მიწის გამოფიტვა, ბუნებრივი საარსებო გარემო პირობების რღვევა და კლიმატის ცვლილება ცხოველთა და ფრინველთა განადგურებას ჩვეულებრივთან შედარებით 1 000-ჯერ უფრო მეტად დააჩქარებს.

      „ყოველ წელს 18 000 — 55 000 სახეობა შედის გადაშენებულ სახეობათა რიცხვში. ამ ყველაფრის მიზეზი ადამიანი გახლავთ“ (გაეროს განვითარების პროგრამა).

      ბირთვული ომი

      ერთ ბირთვულ აფეთქებას წამში შეუძლია გააქროს მთელი ქალაქი და ამის სამწუხარო მაგალითები 1945 წლის აგვისტოში უკვე დაფიქსირდა. ამგვარი აფეთქება ხასიათდება საშინლად ძლიერი და დამანგრეველი შედეგებით, რადგან აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ძლიერი ტალღა, ცეცხლი და რადიაცია ყველაფერს ანადგურებს. რადიაცია ასევე წამლავს საკვებს და წყალს. ბირთვული ომი გამოიწვევდა ტონობით მტვრის მოხვედრას ჰაერში, შეაფერხებდა მზის სხივების მოღწევას ჩვენამდე და შედეგად დაეცემოდა ტემპერატურა; განადგურდებოდა ყველანაირი მოსავალი და მთლიანად მცენარეული საფარი. შესაბამისად, ადამიანები, ცხოველები და ფრინველები შიმშილისაგან დაიხოცებოდნენ. დღეისათვის, როგორც ამბობენ, ცხრა ქვეყანას აქვს იმის პოტენციური შესაძლებლობა, რომ ბირთვული ომი წამოიწყოს. რამდენიმე ქვეყანა კი ბირთვული იარაღის წარმოების პროცესშია. ამასთანავე ტერორისტულ ორგანიზაციებს ერთი სული აქვთ, როგორმე ხელში ჩაიგდონ ეს მომაკვდინებელი იარაღი.

      „ყველაზე მეტად ადამიანთა ცივილიზაციას ბირთვული ომი ემუქრება . . . მსოფლიოში 25 000 ბირთვული იარაღია . . . ადრე თუ გვიან ტერორისტები ხელში ჩაიგდებენ ამ იარაღს“ (შეერთებულ შტატებში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია: Union of Concerned Scientists).

  • განკითხვის დღე — შესაძლოა ის არ აღმოჩნდეს, რაც თქვენ გგონიათ
    გამოიღვიძეთ! — 2012 | სექტემბერი
    • განკითხვის დღე — შესაძლოა ის არ აღმოჩნდეს, რაც თქვენ გგონიათ

      გარდა იმისა, რომ განკითხვის დღესთან დაკავშირებული ყველა თეორია და მოსაზრება პესიმიზმითაა გაჟღენთილი, მათ კიდევ სხვა სამი რამ აერთიანებთ: 1) ყველა მათგანი ადამიანთა ვარაუდებს ეფუძნება, ადამიანს კი ვიცით, რომ არ ძალუძს მომავლის ზუსტად განჭვრეტა. 2) ამ თეორიების თანახმად, ადამიანის გადარჩენა, თუკი ეს საერთოდ იქნება შესაძლებელი, შემთხვევითობაზე იქნება დამოკიდებული. 3) გადარჩენილებს დიდი ბრძოლა მოუწევთ არსებობისთვის.

      ამის საპირისპიროდ, ბიბლია მომავალთან დაკავშირებით გაცილებით გონივრულ და სრულ სურათს გვისახავს. ბიბლიიდან ვიგებთ იმას, რომ წინ უდიდესი ცვლილებებია მოსალოდნელი. გადარჩენით კი გადარჩება ყველა, ვინც ღვთის ნებას შეასრულებს. ბიბლია არ წინასწარმეტყველებს იმას, რომ დედამიწაზე მოხდება დიდი აფეთქება და გადაიბუგება მთელი პლანეტა. არც იმას ამბობს, რომ დედამიწა გაიყინება და ყინულის ერთ დიდ ბურთად იქცევა. სინამდვილეში, ჩვენი პლანეტა უზარმაზარ სამოთხის ბაღად უნდა გადაიქცეს.

      სამწუხაროდ, ბევრს უჭირს ამ ბიბლიური წინასწარმეტყველების დაჯერება. სკეპტიკოსები თვლიან, რომ ბიბლიური სწავლებები დიდ გასაჭირთან, არმაგედონთან, ქრისტეს ათასწლიან მმართველობასთან და სამოთხესთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ ფანტაზიაა და მეტი არაფერი. ამ თემებზე თეოლოგებს შორის გაუთავებელი დისკუსია და დებატები მიმდინარეობს. ხშირ შემთხვევაში მათი მოსაზრებები არ ემთხვევა ერთმანეთს. ქვეყნიერების აღსასრულის დროებსა და ვადებზე საუბრისას სწავლული ბრიუს რობინსონი ამბობს: „ქრისტიანულ რელიგიებში არც ერთ სხვა სწავლებასთან დაკავშირებით არ დაწერილა იმდენი ბუნდოვანი და გაუგებარი ნაშრომი, რამდენიც ამ თემაზე“. შედეგიც ლოგიკურია — ხალხი დაბნეულობაშია.

      თუმცა წმინდა წერილებში ყველაფერი გასაგებად და მარტივადაა გადმოცემული. ბიბლია ღვთის ცნობაა და ღმერთს არ სურს, რომ მომავალი დაბნეულობას იწვევდეს ჩვენში. მოდი, დავსვათ საზოგადოებისთვის აქტუალური კითხვები და პასუხები ბიბლიიდან გავცეთ. თუ გსურთ, მეტი გაიგოთ ამ საკითხზე, შეუკვეთეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“.

      განადგურდება დედამიწა და საერთოდ კაცობრიობა?

      „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29).

      დაიღუპება ვინმე?

      „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და უმწიკვლოები დარჩებიან მასზე, ხოლო ბოროტები მოისპობიან დედამიწიდან და ვერაგები აღმოიფხვრებიან მისგან“ (იგავები 2:21, 22).

      წარსულში თუ გამოუტანია ღმერთს განაჩენი უღვთო ადამიანებისთვის?

      ღმერთმა „არ დაინდო ძველი ქვეყნიერება, სიმართლის მქადაგებელი ნოე და კიდევ შვიდი კაცი გადაარჩინა, როცა უღვთოთა ქვეყნიერებას წარღვნა დაატეხა თავს, მსჯავრი დასდო სოდომსა და გომორას, ფერფლად აქცია და ამით აჩვენა უღვთოებს, რა მოუვათ მომავალში“ (2 პეტრე 2:5, 6).

      შეგვიძლია ზუსტად გავიგოთ დღე და საათი, როდის დადგება ღვთის სასამართლო დღე?

      „იმ დღესა და საათზე მამის გარდა არავინ იცის: არც ზეციერმა ანგელოზებმა და არც ძემ. როგორც ნოეს დროს იყო, ისევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება. როგორც წარღვნის წინა პერიოდში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა და არაფერი ანაღვლებდათ, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა, ასევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება“ (მათე 24:36—39).

      არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ აღსასრული ახლოსაა?

      „იცოდე, რომ ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება. ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები, მათთან შეუძლებელი იქნება მორიგება, იქნებიან ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა. ისინი გარეგნულად ღვთის ერთგულები არიან, მაგრამ ღვთისადმი ერთგულება გავლენას არ ახდენს მათზე“ (2 ტიმოთე 3:1—5).

      რა მომავალი ელის კაცობრიობას?

      ღმერთი „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:4).

      მართალია, ბიბლია ყველაფერს დაწვრილებით არ გვიმხელს მომავალთან დაკავშირებით, მაგრამ იმაში ნამდვილად გვარწმუნებს, რომ კაცობრიობა არ არის უიმედო მდგომარეობაში. წინ იმდენად დიდებული მომავალი გველის, რომ წარმოდგენაც კი შეუძლებელია. ეჭვი ნუ შეგეპარებათ ამაში და გჯეროდეთ, რომ ღმერთს შესწევს ძალა, შეასრულოს თავისი დანაპირები.

      ღმერთი „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან“

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება