-
მე-19 საუკუნის ყველაზე საშიში დაავადებაგამოიღვიძეთ! — 2010 | ოქტომბერი
-
-
მე-19 საუკუნის ყველაზე საშიში დაავადება
იდგა 1854 წელი. ლონდონში კვლავ იფეთქა ქოლერამ, საშინელმა დაავადებამ, რომელსაც თან ახლდა ფაღარათი და გაუწყლოება. ქოლერა ელვის სისწრაფით მოედო მთელ ქალაქს. ბევრმა, ვინც დილით სრულიად საღ-სალამათმა გაიღვიძა, მწუხრის ჟამს სული დალია. ამ დაავადების წინაშე ყველა უძლური იყო.
ქოლერა საუკუნის ყველაზე საშიში და საიდუმლოებით მოცული დაავადება იყო. ზოგი ფიქრობდა, რომ ეს დაავადება ვრცელდებოდა ფეკალიების აუტანელი სუნით გაჟღენთილი ჰაერის შესუნთქვით. მათი ვარაუდი არ იყო საფუძველს მოკლებული. მდინარე ტემზა, რომელზეც ლონდონი იყო გაშენებული, საშინლად ყარდა. მართლა ჰაერი იყო დაავადების გამომწვევი მიზეზი?
ხუთი წლით ადრე ექიმმა ჯონ სნოუმ გამოთქვა ახალი მოსაზრება, რომ ქოლერა გამოწვეული იყო არა დაბინძურებული ჰაერის შესუნთქვით, არამედ დაბინძურებული წყლის სმით. ექიმ უილიამ ბადის მტკიცებით კი, ქოლერა სოკოს დაავადების ერთგვარი სახეობა იყო.
1854 წელს, მაშინ როცა ქოლერა მძვინვარებდა, ექიმი სნოუ დაკვირვებას ახდენდა დაავადებულ პაციენტებზე, რომლებიც ლონდონის ერთ-ერთ უბანში, სოჰოში ცხოვრობდნენ. მას აინტერესებდა, ძირითადად რა იყო ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი. კვლევების შედეგებმა თავად ექიმიც გააოცა. აღმოჩნდა, რომ ამ უბანში ყველა დაავადებულს ერთი და იმავე ავზიდან მიეწოდებოდა წყალი, რომელიც დაბინძურებული იყო ქოლერის გამომწვევი ბაქტერიების შემცველი ფეკალიებით.a
იმავე წელს კიდევ ერთი სიახლე ის იყო, რომ იტალიელმა მეცნიერმა ფილიპო პაჩინიმ გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც აღწერა, რა სახის ბაქტერია იწვევდა ქოლერას. დიდად არავინ იღო ყურად მისი კვლევის შედეგები, როგორც ეს სნოუსა და ბადის შემთხვევაში მოხდა. 1858 წლამდე ხალხი კვლავ ქოლერის მარწუხებში გმინავდა.
„საშინელი სიმყრალე“
პარლამენტი ახალი საკანალიზაციო სისტემის გაყვანას და ტემზის გაწმენდას აჭიანურებდა. მაგრამ, როცა 1858 წელს ზაფხულის მწველმა მზემ დააჭირა, იძულებული გახდნენ, ზომები მიეღოთ. მდინარე ტემზა თემთა პალატის შენობასთან ახლოს მიედინებოდა. აუტანელ სუნს რომ არ შეეწუხებინა, პოლიტიკოსებმა შტორები სადეზინფექციო ხსნარით გაჟღინთეს, მაგრამ ამან არ გაჭრა. სწორედ „საშინელმა სიმყრალემ“ აიძულა პარლამენტი, რომ უმოქმედოდ არ ყოფილიყვნენ. სულ რაღაც 18 დღეში მათ ბრძანება გასცეს ახალი საკანალიზაციო სისტემის გასაყვანად.
ლონდონში გაიყვანეს ახალი საკანალიზაციო სისტემა. უზარმაზარი მილებით ფეკალიები ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის მიქცევის ადგილას გაედინებოდა და საბოლოოდ, ღია ზღვაში ხვდებოდა. შედეგმა არ დააყოვნა — ქოლერა წარსულს ჩაჰბარდა და ქალაქმა შვებით ამოისუნთქა.
დღეს უკვე არავის ეპარება ეჭვი, რომ ქოლერას იწვევდა დაბინძურებული წყალი და მასზე დამზადებული საკვები და არა ფეკალიების სუნით გაჟღენთილი ჰაერი. ინგლისელები თავის დროზე ამ დაავადებას თავისუფლად აირიდებდნენ თავიდან, თუ სანიტარიულ წესრიგს დაიცავდნენ.
-
-
მე-19 საუკუნის ყველაზე საშიში დაავადებაგამოიღვიძეთ! — 2010 | ოქტომბერი
-
-
a მართალია, იმ დროისთვის კანალიზაცია უკვე არსებობდა, მაგრამ საკანალიზაციო სისტემა დაზიანებული იყო და ფეკალიები სასმელ წყალს ერეოდა. საკანალიზაციო მილებიდან ფეკალიები არხებში ხვდებოდა, არხებიდან კი — მდინარე ტემზაში, რომელიც ქალაქს სასმელი წყლით ამარაგებდა.
-