საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იაკობმა მიიღო მემკვიდრეობა
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
    • იაკობი ესავს ერთ ჯამ შეჭამანდს აძლევს პირმშოობის სანაცვლოდ.

      ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 12

      იაკობმა მიიღო მემკვიდრეობა

      ისაკი და რებეკა თავიანთ ტყუპებთან, იაკობთან და ესავთან ერთად

      ისაკი 40 წლის იყო, როცა რებეკა მოიყვანა ცოლად. მას ძალიან უყვარდა თავისი მეუღლე. გავიდა დრო და მათ ორი ტყუპი შეეძინათ.

      უფროს ბიჭს ესავი ერქვა, უმცროსს – იაკობი. ესავს გარეთ ყოფნა და ნადირობა უყვარდა, იაკობი კი ძირითადად დროს სახლში ატარებდა.

      იმდროინდელი წესის მიხედვით, მამის სიკვდილის შემდეგ მიწებისა და ფულის დიდი ნაწილი უფროს ვაჟს რჩებოდა. ამას მეორენაირად მემკვიდრეობა ჰქვია. ისაკის ოჯახისთვის მემკვიდრეობაში აგრეთვე შედიოდა ის კურთხევები, რომლებსაც იეჰოვა აბრაამს დაჰპირდა. ესავს საერთოდ არ აინტერესებდა ღვთის ეს დაპირებები, იაკობს კი ნამდვილად ესმოდა მათი ფასი.

      იაკობი და ესავი

      ერთხელ, დიდი ხნის ნადირობის შემდეგ, ესავი შინ დაღლილი დაბრუნდა. როგორც კი შევიდა სახლში, გემრიელი საჭმლის სუნი ეცა, რომელსაც იაკობი ამზადებდა. მან უთხრა იაკობს: შიმშილისგან გული მიმდის! მაჭამე ეგ წითელი საჭმელი. იაკობმა უპასუხა: გაჭმევ, ოღონდ ჯერ დამპირდი, რომ შენს მემკვიდრეობას მე მომცემ. ესავმა უთხრა: რაში მჭირდება მემკვიდრეობა, შენი იყოს! მშია, მაჭამე! შენი აზრით, ჭკვიანურად მოიქცა ესავი? რა თქმა უნდა, არა. მან ძალიან ძვირფასი რამ ერთ ჯამ საჭმელში გაცვალა.

      გავიდა დრო და ისაკი მოხუცდა. დადგა დრო, რომ მას თავისი უფროსი ვაჟი ეკურთხებინა. მაგრამ რებეკას დახმარებით, მათმა უმცროსმა ვაჟმა, იაკობმა მიიღო მამისგან კურთხევები. როცა ეს ამბავი ესავმა შეიტყო, ძალიან გაბრაზდა და გადაწყვიტა, მოეკლა თავისი ძმა. ისაკსა და რებეკას შეეშინდათ და იაკობს უთხრეს, ბიძამისთან, ლაბანთან, წასულიყო და იქ დარჩენილიყო მანამ, სანამ ესავს ბრაზი გადაუვლიდა. იაკობმაც დაუჯერა მშობლებს და დედამისის ძმასთან გაიქცა.

      „კაცმა მთელი ქვეყნიერებაც რომ შეიძინოს, რას არგებს, თუ სიცოცხლეს დაკარგავს?! განა შეძლებს კაცი რაიმეს გაღებას სიცოცხლის სანაცვლოდ?!“ (მარკოზი 8:36, 37).

      კითხვები: როგორი ადამიანი იყო ესავი? როგორი ადამიანი იყო იაკობი? რატომ მიიღო იაკობმა კურთხევა ესავის ნაცვლად?

      დაბადება 25:20–34; 27:1–28:5; ებრაელები 12:16, 17

  • იაკობისა და ესავის შერიგება
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
    • იაკობი მიწაზე ემხობა და ესავი მისკენ გარბის.

      ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 13

      იაკობისა და ესავის შერიგება

      იეჰოვა დაჰპირდა იაკობს, რომ ისევე დაიცავდა მას, როგორც აბრაამსა და ისაკს იცავდა. იაკობი დასახლდა ადგილზე, რომელსაც ხარანი ერქვა. ის იქ დაქორწინდა და შვილები შეეძინა; მან დიდი სიმდიდრეც დააგროვა.

      ერთხელ იეჰოვამ უთხრა იაკობს: დაბრუნდი შენს სამშობლოში. იაკობიც ოჯახთან ერთად გრძელ გზას დაადგა. გზად მას თავისმა მსახურებმა უთხრეს: შენი ძმა, ესავი 400 კაცთან ერთად მოდის შენთან შესახვედრად! იაკობს შეეშინდა, რომ ესავს რამე არ დაეშავებინა მათთვის, ამიტომ მან ღმერთს მიმართა ლოცვით: იეჰოვა, გთხოვ, მიხსენი ჩემი ძმის ხელიდან! მეორე დღეს იაკობმა ესავს საჩუქრად გაუგზავნა ცხვრები, თხები, ძროხები, აქლემები და ვირები.

      იმ ღამეს, როცა იაკობი მარტო იყო, ანგელოზი დაინახა. ანგელოზი დაეჭიდა მას. ისინი გათენებამდე ეჭიდებოდნენ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ იაკობმა ბარძაყი იტკინა, მაინც არ მოეშვა ანგელოზს. ბოლოს ანგელოზმა უთხრა: გამიშვი! იაკობმა მიუგო: არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ!

      ანგელოზმა აკურთხა ის. ახლა უკვე იცოდა იაკობმა, რომ იეჰოვა დაიცავდა და ესავი ვერაფერს დაუშავებდა.

      დილით იაკობმა შორიდან დაინახა ესავი 400 კაცთან ერთად. მან ცოლ-შვილი უკან დააყენა, თვითონ კი წინ წავიდა. მიუახლოვდა ესავს და შვიდჯერ დაემხო მის წინაშე. ესავიც გაიქცა იაკობისკენ და გულში ჩაიკრა თავისი ძმა. ორივენი აქვითინდნენ. შენი აზრით, რას იგრძნობდა იეჰოვა, როცა დაინახავდა, როგორ შეირიგა იაკობმა თავისი ძმა?

      ამის შემდეგ ესავი თავის სახლში წავიდა; იაკობმაც განაგრძო გზა. იაკობს 12 ვაჟი ჰყავდა. მათი სახელები იყო: რეუბენი, სიმონი, ლევი, იუდა, დანი, ნაფთალი, გადი, აშერი, ისაქარი, ზებულონი, იოსები და ბენიამინი. გარკვეული ხნის შემდეგ იეჰოვამ იაკობის ერთ-ერთი ვაჟი იოსები თავისი ხალხის გადასარჩენად გამოიყენა. შემდეგი მოთხრობიდან გავიგებთ, როგორ მოხდა ეს.

      „გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის, რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის შვილები“ (მათე 5:44, 45).

      კითხვები: რატომ მიიღო იაკობმა კურთხევა? როგორ შეირიგა იაკობმა ესავი?

      დაბადება 28:13–15; 31:3, 17, 18; 32:1–29; 33:1–18; 35:23–26

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება