დედებო, კმაყოფილება პოვეთ შვილების აღზრდაში
დღეს მსოფლიოში ქალების უმრავლესობა მუშაობს. განვითარებულ ქვეყნებში თითქმის იმდენივე ქალი მუშაობს, რამდენიც მამაკაცი. განვითარებად ქვეყნებში ქალები ხშირად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან და მძიმედ შრომობენ თავიანთი ოჯახების სარჩენად.
ბევრი ქალი ორად იხლიჩება, რომ ფულიც იშოვოს და ამავე დროს საოჯახო საქმეებსაც მიხედოს. ეს ქალები არა მხოლოდ ფულს შოულობენ იმისთვის, რომ საკვები და ტანსაცმელი იყიდონ და ბინის ქირა გადაიხადონ, არამედ საჭმელსაც ამზადებენ, ტანსაცმელსაც რეცხავენ და სახლსაც ალაგებენ.
ყოველივე ამასთან ერთად, ქრისტიანი დედები ცდილობენ, სულიერი ფასეულობები ჩაუნერგონ შვილებს. „გულახდილად რომ ვთქვა, ძალიან რთულია ერთმანეთს შეუთავსო ოჯახური და სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება, განსაკუთრებით მაშინ, თუ პატარა ბავშვები გყავს, — ამბობს კრისტინა, ორი პატარა გოგონას დედა. — ადვილი არ არის, ბავშვებს იმდენი ყურადღება დაუთმო, რამდენიც მათ სჭირდებათ“.
რის გამო უწევთ დედებს მუშაობა? რა სირთულეებს ხვდებიან ისინი? და აუცილებელია თუ არა, დედამ იმუშავოს, რომ საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოიყენოს და კმაყოფილება მიიღოს?
რატომ მუშაობენ დედები?
მრავალი დედისთვის სრულ განაკვეთზე მუშაობა აუცილებლობას წარმოადგენს. ზოგს ქმარი არა ჰყავს, რომ ოჯახი ეკონომიურად უზრუნველყოს. ზოგს კი მხოლოდ ქმრის შემოსავალი არ ჰყოფნის ოჯახის ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ყველა დედა იმიტომ არ მუშაობს სრულ განაკვეთზე, რომ ეკონომიური შემოსავლის გამო იძულებულია ასე მოიქცეს. საკმაოდ ბევრი იმიტომ მუშაობს, რომ სრულფასოვნების გრძნობა ჰქონდეს. ზოგს სურს, საკუთარი შემოსავალი ჰქონდეს ან ფუფუნების საგნები იყიდოს. ზოგს კი კარგი სამსახური აქვს და უყვარს თავისი საქმის კეთება.
სხვების ზეგავლენა შეიძლება კიდევ ერთი მიზეზი იყოს იმისა, თუ რატომ გადაწყვიტა ზოგმა დედამ მუშაობა. მართალია, მრავალმა ადამიანმა იცის, რომ დედებს, რომლებიც მუშაობენ, მუდმივად უწევთ სტრესთან გამკლავება და ძალიან იღლებიან, მაგრამ იმ დედებს, რომლებიც არჩევენ, რომ არ იმუშაონ, ხშირად ვერ უგებენ და დასცინიან კიდეც. «რთულია სხვებისთვის იმის ახსნა, რომ შენ „მხოლოდ დიასახლისი“ ხარ, — ამბობს ერთი ქალი. — ზოგი ადამიანი სიტყვითა თუ სახის გამომეტყველებით გაგრძნობინებს, რომ სიცოცხლის წლებს ფუჭად ხარჯავ». რებეკა, ორი წლის გოგონას დედა, ამბობს: „მართალია, საზოგადოება, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, აღიარებს, რომ ქალები უნდა ზრუნავდნენ თავიანთ შვილებზე, მაგრამ ისეთი გრძნობა მრჩება, რომ დედებს, რომლებიც არ მუშაობენ, შედარებით დაბალ საფეხურზე სწორედ ეს საზოგადოება აყენებს“.
მითი რეალობის წინააღმდეგ
მსოფლიოს ზოგ ქვეყანაში მასმედია „იდეალურ ქალად“ წარმოგვიდგენს ისეთ ქალს, რომელსაც აქვს წარმატებული კარიერა, მაღალი ანაზღაურება იცვამს საუკეთესო ტანსაცმელს და სრულიად თავდაჯერებულია. როცა სახლში ბრუნდება ასეთ ქალს იმის თავიც აქვს, რომ შვილების პრობლემები გადაჭრას, მეუღლის შეცდომები გამოასწოროს და ოჯახის სხვა საჭირბოროტო საკითხებიც მოაგვაროს. გასაგებია, რომ იშვიათად თუ შეხვდებით სადმე ასეთ ქალს.
პრაქტიკა უჩვენებს, რომ მრავალი სამუშაო, რასაც ქალები ასრულებენ, მონოტონური და დაბალანაზღაურებადია. ხშირად დედები ისეთ სამუშაოს ასრულებენ, რომ, მათდა სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ ახდენენ საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზებას. წიგნში „სოციალური ფსიქოლოგია“ აღნიშნულია: „მიუხედავად იმისა, რომ თანასწორუფლებიანობის საკითხში ბევრ რამეს მივაღწიეთ, მამაკაცები მაინც უფრო მაღალ ანაზღაურებას იღებენ და უფრო მაღალ თანამდებობებს იკავებენ. ამიტომაც ქალები, რომლებიც თავს სამუშაოს უძღვნიან, აშკარად არახელსაყრელ მდგომარეობაში არიან“. ესპანეთში გამომავალ გაზეთ „პაისში“ ნათქვამია: „გამოთვლის თანახმად, ქალები სამჯერ უფრო მეტად განიცდიან სტრესს, ვიდრე მამაკაცები, რადგან ქალების უმრავლესობას ორგან უწევს მუშაობა — სამსახურში და სახლში“.
რისი გაკეთება შეუძლიათ ქმრებს?
იმუშავებს თუ არა ქრისტიანი დედა, ეს, რა თქმა უნდა, მისი პირადი გადასაწყვეტია. მაგრამ თუ მას ქმარი ჰყავს, მათ ერთად უნდა იმსჯელონ ამ საკითხზე და ყველა ფაქტორი საგულდაგულოდ უნდა აწონ-დაწონონ (იგავები 14:15).
მაგრამ რისი გაკეთება შეიძლება, თუ წყვილი გადაწყვეტს, რომ მცირე შემოსავლის გამო ორივე იძულებულია, სრულ განაკვეთზე იმუშაოს? ასეთ დროს გონიერი ქმარი მთელი სერიოზულობით მოეკიდება ბიბლიის შემდეგ რჩევას: „ასევე თქვენც, ქმრებო, შეძენილი ცოდნის თანახმად განაგრძეთ ცოლებთან ცხოვრება და პატივი მიაგეთ მათ, ქალებს, როგორც შედარებით სუსტ ჭურჭელს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ, რადგან თქვენც მათთან ერთად ხართ სიცოცხლის დაუმსახურებელი საჩუქრის თანამემკვიდრეები“ (1 პეტრე 3:7). ქმარი პატივს მიაგებს ცოლს იმით, რომ გაითვალისწინებს მის ფიზიკურ და ემოციურ შესაძლებლობებს. რამდენადაც შესაძლებელია, ქმარი დაეხმარება ცოლს ყოველდღიური საოჯახო საქმეების შესრულებაში. იესოს მსგავსად ქმარი მზად იქნება, თავმდაბლად შეასრულოს ნებისმიერი ასეთი საქმე და არ იფიქრებს, რომ ამის გაკეთება მას არ ეკადრება (იოანე 13:12—15). ნაცვლად ამისა, ამ ყოველივეს ის ისე შეხედავს, როგორც თავისი გამრჯე ცოლისადმი სიყვარულის გამოვლენის შესაძლებლობას. ცოლი დიდად დააფასებს მის ასეთ დახმარებას (ეფესოელები 5:25, 28, 29).
თუ მეუღლეთაგან ორივეს უწევს მუშაობა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საოჯახო საქმეების შესრულებაში მათ ერთმანეთს ხელი შეუწყონ. ამის აუცილებლობას ხაზს უსვამდა ესპანეთში გამომავალი გაზეთი „ABC“. ზემოხსენებულ გაზეთში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც მოხსენიებული იყო ოჯახური საკითხების შემსწავლელი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკვლევა. ამ გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ განქორწინების მაღალი მაჩვენებელი ესპანეთში განპირობებული იყო არა მხოლოდ „რელიგიური და ზნეობრივი ფასეულობების დაცემით“, არამედ ორი სხვა ფაქტორითაც — „ქალების დასაქმებითა და იმით, რომ მამაკაცები არ ეხმარებიან მეუღლეებს საოჯახო საქმეების შესრულებაში“.
ქრისტიან დედას მნიშვნელოვანი როლი აკისრია
მართალია, იეჰოვამ ძირითადად მამებს დააკისრა შვილების აღზრდის პასუხისმგებლობა, მაგრამ ქრისტიან დედებსაც ესმით, რომ ამ მხრივ თვითონაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვი პატარაა (იგავები 1:8; ეფესოელები 6:4). როდესაც იეჰოვა ისრაელებს ეუბნებოდა, რომ მისი კანონი შვილებისთვის ესწავლებინათ, ამ დროს ის მიმართავდა როგორც მამებს, ისე დედებს. იეჰოვამ იცოდა, რომ შვილების აღზრდა დროსა და მოთმინებას მოითხოვდა, განსაკუთრებით კი ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბების წლებში. სწორედ ამიტომ უთხრა ღმერთმა მშობლებს, რომ შვილებისთვის ესწავლებინათ სახლში, გზაზე, ადგომისას თუ დაწოლისას (კანონი 6:4—7).
ღვთის სიტყვა ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და დასაფასებელია დედის როლი, როდესაც შვილებს ეუბნება: „დედაშენის კანონს ნუ უგულებელყოფ“ (იგავები 6:20). ცხადია, გათხოვილმა ქალმა ქმართან ერთად უნდა შეათანხმოს, თუ რა კანონებს დაუდგენს შვილებს. თუმცა, როგორც ამ მუხლიდან ჩანს, დედებს აქვთ იმის უფლება, რომ შვილებს კანონები დაუდგინონ. თუ შვილები გულთან ახლოს მიიტანენ ღვთისმოშიში დედის სულიერ და ზნეობრივ დარიგებებს, დიდ კურთხევებს მოიმკიან (იგავები 6:21, 22). ტერესა, რომელსაც ორი პატარა ბიჭი ჰყავს, ამბობს, თუ რატომ არ მუშაობს: „შვილების აღზრდა ღვთის მსახურებად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა. მინდა, რომ საუკეთესოდ გავართვა თავი ამ საქმეს“.
ძველი დროის მაგალითები
ისრაელის მეფე ლემუელისთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა დედამისის დარიგება. „მნიშვნელოვანი ცნობა“, რომლითაც დედამ იგი „შეაგონა“, ღვთის შთაგონებული სიტყვის ნაწილიც კი გახდა (იგავები 31:1; 2 ტიმოთე 3:16). მაგალითად, ეს დედა აღწერს, როგორია მარჯვე ცოლი. ეს აღწერილობა დღესაც ეხმარება ვაჟებს, რომ სწორი არჩევანი გააკეთონ მეუღლის არჩევისას. უზნეობასა და გადამეტებულ სმასთან დაკავშირებით მის მიერ მოცემული გაფრთხილება დღეს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მაშინ, როცა ეს სიტყვები ჩაიწერა (იგავები 31:3—5, 10—31).
პირველ საუკუნეში პავლე მოციქულმა კარგი საქმეებისთვის შეაქო ევნიკე, რომელმაც თავის შვილს, ტიმოთეს, ღვთის გზებით სიარული ასწავლა. იმის გამო, რომ მისი ქმარი იეჰოვას თაყვანისმცემელი არ იყო და, როგორც ჩანს, ბერძნულ ღვთაებებს ემსახურებოდა, ევნიკეს უნდა დაერწმუნებინა ტიმოთე, რომ „წმინდა წერილებისადმი“ რწმენა ჰქონოდა. როდიდან დაუწყო ევნიკემ ტიმოთეს წმინდა წერილების სწავლება? ღვთის სიტყვაში წერია, რომ მან „ჩვილობიდანვე“ დაუწყო ტიმოთეს სწავლება, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმ დროიდან, როცა ტიმოთე თოთო ბავშვი იყო (2 ტიმოთე 1:5; 3:14, 15). სწავლებასთან ერთად მისი რწმენა და მაგალითი დაეხმარა ტიმოთეს, რომ მომავალში მისიონერად ემსახურა (ფილიპელები 2:19—22).
ბიბლია აგრეთვე მოიხსენიებს იმ დედებს, რომლებმაც სტუმართმოყვარეობა გამოავლინეს ღვთის ერთგული მსახურების მიმართ, რისი წყალობითაც მათ შვილებს სამაგალითო პიროვნებებთან ჰქონდათ ურთიერთობა. მაგალითად, ერთი შუნამელი ქალი ყოველთვის იღებდა სახლში წინასწარმეტყველ ელისეს. მოგვიანებით, მისი გარდაცვლილი ვაჟი ელისემ მკვდრეთით აღადგინა (2 მეფეები 4:8—10, 32—37). დავფიქრდეთ, მაგალითად, ბიბლიის ერთ-ერთი დამწერის მარკოზის დედის, მარიამის, მაგალითზე. როგორც ჩანს, პირველ ქრისტიანებს მან შესთავაზა, რომ შეხვედრები მის სახლში, იერუსალიმში, ჩაეტარებინათ (საქმეები 12:12). მარკოზისთვის, უდავოდ, ძალიან სასარგებლო იქნებოდა მოციქულებთან და სხვა ქრისტიანებთან ურთიერთობა, რომლებიც მის სახლში რეგულარულად იკრიბებოდნენ.
იეჰოვა ნამდვილად დიდად აფასებს იმ ერთგული ქალების ღვაწლს, რომლებიც თავიანთ შვილებს მის პრინციპებს უნერგავენ. მას უყვარს ისინი მათი ერთგულებისთვის და იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც ოჯახში სულიერი გარემოს შექმნას ახმარენ (2 სამუელი 22:26; იგავები 14:1).
არჩევანი, რომელსაც ყველაზე დიდი კმაყოფილება მოაქვს
როგორც ზემოთ მოყვანილი ბიბლიური მაგალითებიდან ვხედავთ, ოჯახის ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ მოთხოვნილებებზე ზრუნვას უხვი კურთხევები მოჰყვება. მაგრამ ამ ამოცანისთვის თავის გართმევა იოლი არ არის. ის საქმე, რომელსაც დედა სახლში ასრულებს, მისგან ხშირად უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე ნებისმიერ მაღალ თანამდებობაზე მუშაობა.
თუ წყვილი ერთად იმსჯელებს და გადაწყვეტს, რომ ცოლმა არ უნდა იმუშაოს, ოჯახს შეიძლება იმდენი შემოსავალი აღარ ჰქონდეს, რამდენიც ადრე; გარდა ამისა, ქალს შეიძლება მოუწიოს მათი დაცინვის ატანა, ვისაც არ ესმის, თუ რატომ მიიღო მან ასეთი გადაწყვეტილება. მაგრამ ის კურთხევები, რაც ასეთ გადაწყვეტილებას მოაქვს, ღირს ნებისმიერი მსხვერპლის გაღებად. პაკის სამი შვილი ჰყავს. საჭიროება მოითხოვს, რომ ის არასრულ განაკვეთზე მუშაობდეს. ის ამბობს: „მინდა, რომ სახლში დავხვდე ბავშვებს, როდესაც ისინი სკოლიდან დაბრუნდებიან“. მოაქვს ამას რაიმე სარგებლობა ბავშვებისთვის? „მე ვეხმარები მათ საშინაო დავალებების შესრულებაში, და თუ რაიმე პრობლემა წამოეჭრებათ, შემიძლია მაშინვე დავეხმარო მათ მოგვარებაში, —ამბობს ის. — ერთად გატარებული ყოველი დღე ერთმანეთთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნებაში გვეხმარება. ჩემთვის იმდენად ძვირფასია შვილებთან გატარებული ყოველი წუთი, რომ უარი ვთქვი სრულგანაკვეთიან სამსახურზე, რომელიც შემომთავაზეს“.
ბევრმა ქრისტიანმა დედამ დაინახა, რომ სამუშაოსთვის ნაკლები დროის დათმობა ოჯახის ყველა წევრზე დადებითად აისახა. „როდესაც სამსახურს თავი დავანებე, დავინახე, რომ ოჯახურმა პრობლემებმაც იკლო, — ამბობს ზემოთ მოხსენიებული კრისტინა. — უფრო მეტი დრო გამომითავისუფლდა ბავშვებთან სასაუბროდ და მეუღლის დასახმარებლად. შესაბამისად, იმის დროც მომეცა, რომ გოგონებისთვის სხვადასხვა რამ მესწავლებინა და მენახა, როგორ ითვისებდნენ ნასწავლს“. ერთი შემთხვევა განსაკუთრებით დაამახსოვრდა კრისტინას. „ჩემმა უფროსმა გოგონამ ფეხი ბაგა-ბაღში აიდგა, — იხსენებს ის, — მეორე ბავშვს კი მე ვასწავლე სიარული სახლში. მახსოვს, როგორ გადადგა მან პირველი ნაბიჯები ჩემ თვალწინ, და როცა თავი ვერ შეიმაგრა, პირდაპირ ხელებში ჩამივარდა. ამ დროს ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა!“
კიდევ ერთი ფაქტორი, რაც მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, არის ის, რომ ფინანსური თვალსაზრისით გაღებული მსხვერპლი, რაც შეიძლება მოჰყვეს ქალის მიერ სამსახურში გატარებული დროის შემცირებას, შეიძლება მოსალოდნელზე გაცილებით მცირე აღმოჩნდეს. „ჩემი ხელფასის ნახევარზე მეტი ბაგა-ბაღის გადასახადებსა და ტრანსპორტში მეხარჯებოდა, — ამბობს კრისტინა. — როდესაც საგულდაგულოდ გავაანალიზეთ ჩვენი მდგომარეობა, დავინახეთ, რომ ოჯახისთვის ჩემი ხელფასით ბევრს ვერაფერს ვაკეთებდი“.
თავიანთი მდგომარეობის აწონ-დაწონის შემდეგ ზოგი წყვილი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ დადებითი შედეგები, რაც მოსდევს იმას, რომ ცოლი მთელ დროს ოჯახზე ზრუნვას უთმობს, გაცილებით აღემატება ნებისმიერ შემოსავალს. „მიხარია, რომ ჩემს ცოლს შეუძლია სახლში დარჩეს და ჩვენს ორ ბავშვზე იზრუნოს, — ამბობს კრისტინას ქმარი პოლი. — ჩვენ მაშინ ბევრად უფრო მეტი სტრესი გვქონდა, როცა ჩემი მეუღლეც მუშაობდა“. რა გავლენა მოახდინა ამ წყვილის გადაწყვეტილებამ მათ გოგონებზე? „ისინი არა მარტო უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, — ამბობს პოლი, — არამედ ახლავე ბევრად უკეთ არიან დაცულნი ნებისმიერი ცუდი გავლენისგან“. რატომ თვლის ეს წყვილი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ თავიანთ ქალიშვილებთან? პოლი ამბობს: „დარწმუნებული ვარ, რომ, თუ ჩვენ, მშობლები, არაფერს ჩავუნერგავთ შვილებს გულებში, სხვები გააკეთებენ ამას“.
ცხადია, თითოეულმა წყვილმა თავისი მდგომარეობა თავად უნდა აწონ-დაწონოს. არავის აქვს იმის უფლება, რომ სხვების მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკოს (რომაელები 14:4; 1 თესალონიკელები 4:11). და მაინც, ღირს იმ მრავალ დადებით შედეგზე დაფიქრება, რომელიც ოჯახისთვის მოაქვს იმას, როცა დედა სრულ განაკვეთზე არ მუშაობს. ამასთან დაკავშირებით ზემოთ მოხსენიებული ტერესა ამბობს: „შვილებთან რაც შეიძლება მეტი დროის გატარებას, მათზე ზრუნვასა და მათ სწავლებას იმდენად დიდი კმაყოფილება მოაქვს, რომ ამას ვერაფერი შეედრება“ (ფსალმუნი 127:3).
[სურათი 31 გვერდზე]
ქრისტიანი დედები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ შვილების აღზრდაში