მშობლებისათვის
ბავშვობიდან ზრდასრულობამდე გასავლელი გზა თოკზე სიარულს მოგვაგონებს. თითოეული ნაბიჯის გადადგმამდე მოზარდს შეიძლება გაურკვევლობის გრძნობა და შიში დაეუფლოს. შესაძლოა ზოგჯერ იმის სურვილი გაქვთ, რომ თქვენს შვილს არ მოუწიოს ამ „თოკზე“ გავლა. ცხადია, ეს სურვილი სურვილად დარჩება, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად შეგიძლიათ — კერძოდ ის, რომ წონასწორობის შენარჩუნებაში დაეხმაროთ მას. თქვენ ძალიან ბევრის გაკეთება შეგიძლიათ იმისათვის, რომ შვილს სწორი მიმართულება მისცეთ და ის პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანად ჩამოაყალიბოთ.
სათქმელად ადვილია, მაგრამ გასაკეთებლად ძნელი. ცოტა ხნის წინ თუ თქვენს ბიჭს ვერ აჩერებდით და სულ რაღაცას გელაპარაკებოდათ, დღეს თავის თავშია ჩაკეტილი და თქვენთან ლაპარაკს გაურბის. თქვენი გოგო ადრე თუ სულ კუდში დაგდევდათ, დღეს მშობლებთან ერთად ხალხში გამოჩენის არანაირი სურვილი არა აქვს.
ნუ შეგაშინებთ ასეთი ცვლილებები. თქვენს ხელთ არის ბიბლია, ღვთიური სიბრძნის წყარო. მისი რჩევები თქვენთვისაც პრაქტიკული იქნება და თქვენი შვილისთვისაც.
„ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ (ტომი 2) იმ მიზნით გამოიცა, რომ თქვენს შვილს ბიბლიის დახმარებით სწორი თვალსაზრისი შეუქმნას სხვადასხვა საკითხზე. გადახედეთ სარჩევს მე-4 და მე-5 გვერდებზე, რათა წარმოდგენა შეგექმნათ წიგნის შინაარსზე. ეს წიგნი ბევრი თავისებურებით გამოირჩევა. ქვემოთ მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს.
1) წიგნი თქვენს შვილს საკუთარი აზრების გამოხატვის საშუალებას მისცემს. ბევრგან არის ცარიელი ადგილები, სადაც მან თავისი აზრი უნდა დაწეროს. მაგალითად, 132-ე და 133-ე გვერდებზე შესავსებია „ჩემი სამოქმედო გეგმა“. ეს გეგმა თქვენს შვილს წინასწარ დააფიქრებს სირთულეებზე, რომლებსაც შეიძლება შეხვდეს, აგრეთვე იმაზე, თუ რას გააკეთებს ამ დროს. წიგნში ცხრა ნაწილია და თითოეულის ბოლოს ნახავთ გვერდს სათაურით „ჩემი ჩანაწერები“. ამ გვერდებზე თქვენს შვილს შეეძლება იმის დაწერა, თუ რას ფიქრობს წაკითხულ თავებში განხილულ საკითხებზე.
2) წიგნი მოზარდს აღძრავს ურთიერთობისკენ. მაგალითად, 63-ე და 64-ე გვერდები მას პასუხს გასცემს კითხვაზე: „როგორ დაველაპარაკო დედას ან მამას სექსზე?“. ყოველი თავის ბოლოს არის ჩარჩო სათაურით „როგორ ფიქრობ?“. ამ ჩარჩოს მიზანი მხოლოდ გამეორება არ არის. მასში მოცემულ კითხვებზე შეგიძლიათ ოჯახში ერთად იმსჯელოთ. გარდა ამისა, თითოეულ თავში შესავსებია ჩარჩო „რა უნდა გავაკეთო“, რომლის ბოლოშიც დასმულია კითხვა: „რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე?“. ასე რომ, თქვენმა შვილმა შეიძლება ხშირად მოგმართოთ გაწონასწორებული რჩევების მისაღებად.
ნუ დაიწყებთ იმის გაკონტროლებას, თუ რას წერს თქვენი შვილი თავის წიგნში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შეიძლება გაუჭირდეს თავისი აზრების გულწრფელად გამოხატვა. მოგვიანებით შესაძლოა ის თვითონ გესაუბროთ იმაზე, რასაც დაწერს.
კარგი იქნება, თუ აიღებთ ამ წიგნის პირად ეგზემპლარს და კარგად გაეცნობით მას. კითხვის დროს გაიხსენეთ თქვენი ახალგაზრდობა — რას გრძნობდით და რას განიცდიდით იმ დროს. როცა საჭიროდ ჩათვლით, ესაუბრეთ შვილს თქვენს ახალგაზრდობაზე. ასე უფრო გაუადვილდება მას თქვენთან გულახდილად საუბარი. თუ რამეს ამბობს, მოუსმინეთ. გულს ნუ გაიტეხთ, თუ გიჭირთ საერთო ენის პოვნა. რასაც არ უნდა ამბობდნენ, გახსოვდეთ, რომ მოზარდები ხშირ შემთხვევაში თანატოლების რჩევებზე მეტად მაინც მშობლების რჩევებს ითვალისწინებენ.
სიამოვნებით გთავაზობთ ბიბლიაზე დაფუძნებულ ამ პუბლიკაციას თქვენ და თქვენს შვილებს. ვლოცულობთ, რომ ეს წიგნი თქვენი ოჯახის ბედნიერებას მოემსახუროს.
გამომცემლები