-
ღვთის სახელი — მისი გამოყენება და მნიშვნელობარას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
-
-
დანართი
ღვთის სახელი — მისი გამოყენება და მნიშვნელობა
როგორ არის ნათარგმნი შენს ბიბლიაში ფსალმუნის 83:18? „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ეს მუხლი ასეა გადმოცემული: „იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე“. ამ მუხლში ღვთის სახელს ბიბლიის ბევრი სხვა თარგმანიც იყენებს. მაგრამ არის თარგმანები, სადაც სახელი „იეჰოვა“ შეცვლილია „უფლით“ ან სხვა წოდებებით. რა უნდა ეწეროს ამ მუხლში? ღვთის სახელი თუ რომელიმე წოდება?
ღვთის სახელი ებრაული ასოებით
ეს მუხლი სახელზე ამახვილებს ყურადღებას. ორიგინალში ებრაულ ენაზე, რომელზეც ბიბლიის უმეტესი ნაწილი დაიწერა, ამ ადგილას ღვთის სახელი ეწერა. ის გადმოცემულია ოთხი ებრაული ასოთი — יהוה (ჲჰვჰ). ქართულ ენაზე მისი გავრცელებული შესატყვისია „იეჰოვა“. ბიბლიის მხოლოდ ერთ მუხლში გვხვდება ეს სახელი? არა. ებრაული წერილების ძველ ხელნაწერებში ის დაახლოებით 7 000-ჯერ არის გამოყენებული!
რამდენად მნიშვნელოვანია ღვთის სახელი? ყურადღება მიაქციე ლოცვას, რომელიც იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს ასწავლა. ის შემდეგი სიტყვებით იწყება: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“ (მათე 6:9). ერთხელ იესომ ღმერთს ლოცვისას სთხოვა: „მამა, განადიდე შენი სახელი“. პასუხად ზეციდან ღვთის ხმა გაისმა: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ“ (იოანე 12:28). ნათელია, რომ ღვთის სახელს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მაშ, რატომ შეცვალა ზოგმა მთარგმნელმა ის სხვადასხვა წოდებით?
როგორც ჩანს, ორი ძირითადი მიზეზის გამო. პირველი: ბევრი ამბობს, რომ ღვთის სახელი არ უნდა იქნეს გამოყენებული, რადგან დღეს ცნობილი არ არის, თუ როგორ წარმოითქმებოდა ის თავდაპირველად. ძველ ებრაულ ენაზე წერის დროს ხმოვნებს არ იყენებდნენ. ამიტომ დღეს ზუსტად ვერავინ იტყვის, ბიბლიურ დროში როგორ წარმოთქვამდა ხალხი ჲჰვჰ-ს. ნუთუ ამის გამო თავი უნდა შევიკავოთ ღვთის სახელის გამოყენებისგან? ბიბლიურ დროში იესოს სახელს შესაძლოა ასე წარმოთქვამდნენ: იეშუა ან იეჰოშუა — თუმცა ამას ზუსტად ვერავინ იტყვის. მაგრამ ხალხი დღეს მთელ მსოფლიოში იესოს სახელს სხვადასხვანაირად წარმოთქვამს — ისე, როგორც მათ ენაშია გავრცელებული. ისინი თავს არ იკავებენ მისი სახელის გამოყენებისგან მხოლოდ იმიტომ, რომ არ იციან, როგორ წარმოთქვამდნენ მას პირველ საუკუნეში. თუ უცხო ქვეყანაში წახვალ, შეიძლება აღმოაჩინო, რომ სხვა ენაზე შენი სახელიც სრულიად განსხვავებულად ჟღერს. ასე რომ, მართალია არ ვიცით, როგორ წარმოითქმებოდა ძველად ღვთის სახელი, მაგრამ ეს არ არის მიზეზი, რის გამოც ის არ უნდა გამოვიყენოთ.
ბიბლიიდან ღვთის სახელის ამოღების მეორე მიზეზად ხშირად იუდეველთა ტრადიციას ასახელებენ. ამ ტრადიციის თანახმად, ღვთის სახელი არასდროს უნდა წარმოითქვას. ასეთი შეხედულების გავრცელების მიზეზი, როგორც ჩანს, ბიბლიაში მოცემული შემდეგი კანონის არასწორი გამოყენება იყო: „არ ახსენო უღირსად შენი ღვთის, იეჰოვას სახელი, რადგან დაუსჯელს არ დატოვებს იეჰოვა მას, ვინც უღირსად ახსენებს მის სახელს.“ (გამოსვლა 20:7).
ეს კანონი ღვთის სახელის უმართებულოდ გამოყენებას კრძალავს. მაგრამ კრძალავს ის მისი სახელის სათანადოდ გამოყენებას? სრულიადაც არა. ყველა მამაკაცი, ვინც მონაწილეობა მიიღო ებრაული წერილების („ძველი აღთქმის“) დაწერაში, ღვთის ერთგული იყო და იცავდა კანონებს, რომლებიც ღმერთმა ძველ ისრაელს მისცა. ისინი ხშირად იყენებდნენ ღვთის სახელს. მაგალითად, მათ ის მოიხსენიეს მრავალ ფსალმუნში, რომლებსაც ღვთის თაყვანისმცემლები ხმამაღლა მღეროდნენ. იეჰოვა ღმერთი თავის ხალხს მოუწოდებდა კიდეც, რომ მისი სახელისთვის მოეხმოთ, რასაც ერთგული თაყვანისმცემლები ემორჩილებოდნენ (იოელი 2:32; საქმეები 2:21). აქედან გამომდინარე, დღეს ქრისტიანები არ ერიდებიან ღვთის სახელის სათანადოდ გამოყენებას, რასაც, უეჭველია, არც იესო ერიდებოდა (იოანე 17:26).
ბიბლიის მთარგმნელები სერიოზულ შეცდომას უშვებენ, როცა ღვთის სახელს წოდებებით ცვლიან. ამის შედეგად ხალხს ისეთი აზრი ექმნება, რომ ღმერთი უპიროვნო ძალაა და მათგან შორს არის. ბიბლია კი მოგვიწოდებს, რომ „იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა“ განვავითაროთ (ფსალმუნი 25:14). დაფიქრდი შენს ახლო მეგობართან ურთიერთობაზე. გექნებოდა მასთან ახლო ურთიერთობა, მისი სახელი რომ არასდროს გაგეგო? მსგავსად, როგორ შეძლებენ ადამიანები ღმერთთან დაახლოებას, თუ მათთვის დაფარული იქნება ღვთის სახელი — იეჰოვა? გარდა ამისა, როცა ადამიანები ღვთის სახელს არ იყენებენ, მათთვის მისი დიდებული მნიშვნელობაც დაფარული რჩება. რას ნიშნავს ღვთის სახელი?
თავისი სახელის მნიშვნელობა ღმერთმა თვითონვე აუხსნა მოსეს, რომელიც მისი ერთგული მსახური იყო. როცა მოსემ კითხვა დასვა ღვთის სახელთან დაკავშირებით, იეჰოვამ უპასუხა: „მე ვიქცევი იმად, რადაც ვიქცევი“ (გამოსვლა 3:14). როდერემის თარგმანში ეს სიტყვები შემდეგნაირადაა გადმოცემული: „რადაც ვისურვებ, იმად ვიქცევი“. ასე რომ, იეჰოვას შეუძლია იქცეს იმად, რაც საჭიროა თავისი ნების შესასრულებლად.
დავუშვათ, გაქვს უნარი, გახდე ის, რასაც ისურვებ. რას გააკეთებდი მეგობრებისთვის? რომელიმე მათგანი სერიოზულად რომ დაავადებულიყო, ალბათ, გახდებოდი გამოცდილი ექიმი და განკურნავდი მას. თუ სხვას ფინანსური პრობლემები შეექმნებოდა, მდიდარი ქველმოქმედი გახდებოდი და რთული მდგომარეობიდან გამოიყვანდი. მაგრამ ფაქტია, რომ შენ არ გაქვს ასეთი უნარი. ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია. ბიბლიის შესწავლისას გაგაოცებს იმის დანახვა, თუ როგორ იქცევა იეჰოვა იმად, რაც საჭიროა თავისი დაპირებების შესასრულებლად. მას სიამოვნებას ანიჭებს, როდესაც თავის ძალას მათ დასახმარებლად იყენებს, ვინც მისდამი ერთგულებას ავლენს (2 მატიანე 16:9). იეჰოვას პიროვნების ეს განუმეორებელი მხარე დაფარული რჩება მათთვის, ვინც არ იცის მისი სახელი.
როგორც ვხედავთ, სახელი „იეჰოვა“ ბიბლიიდან არ უნდა იყოს ამოღებული. ღვთის სახელის მნიშვნელობის ცოდნა და თაყვანისმცემლობაში მისი თავისუფლად გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ზეციერ მამასთან, იეჰოვასთან, დასაახლოებლად.a
a მეტი ინფორმაციის მისაღებად ღვთის სახელის, მისი მნიშვნელობისა და იმ მიზეზების შესახებ, თუ რატომ უნდა ვიყენებდეთ მას თაყვანისმცემლობაში, იხილეთ ბროშურა „ღვთის მარადიული სახელი“[რუს.]. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. აგრეთვე იხილეთ დანართი 1ა, ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, 2013 წლის გამოცემა.
-
-
როგორ არის დანიელის წიგნში ნაწინასწარმეტყველები მესიის მოსვლა?რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
-
-
დანართი
როგორ არის დანიელის წიგნში ნაწინასწარმეტყველები მესიის მოსვლა?
წინასწარმეტყველი დანიელი იესოს დაბადებამდე 500-ზე მეტი წლით ადრე ცხოვრობდა. იეჰოვამ დანიელს გაუმჟღავნა ის, რაც გვეხმარება, განვსაზღვროთ, თუ როდის უნდა გამხდარიყო იესო ცხებული ანუ მესია (ქრისტე). დანიელს ანგელოზმა უთხრა: „იცოდე და ჩასწვდი ამას, რომ იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად ნაბრძანები სიტყვის შემდეგ მესიის, წინამძღოლის გამოჩენამდე შვიდი კვირა და სამოცდაორი კვირა გავა“ (დანიელი 9:25).
მესიის მოსვლის დრო რომ განვსაზღვროთ, პირველ რიგში, უნდა გავიგოთ, თუ საიდან იწყება პერიოდი, რომლის ბოლოსაც მესია უნდა გამოჩენილიყო. წინასწარმეტყველების თანახმად, ეს პერიოდი დაიწყებოდა მას შემდეგ, რაც გამოვიდოდა ბრძანება „იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად“. როდის მოხდა ეს? როგორც ნეემია წერს ბიბლიის ერთ-ერთ წიგნში, იერუსალიმის კედლების აღდგენის შესახებ ბრძანება გამოვიდა „არტაქსერქსე მეფის მეფობის მეოცე წელს“ (ნეემია 2:1, 5—8). ისტორიკოსების მტკიცებით, არტაქსერქსეს მმართველობის პირველი სრული წელი ძვ. წ. 474 წელი იყო. ამიტომ მისი მეფობის მეოცე წელი იქნებოდა ძვ. წ. 455 წელი. ამგვარად, დანიელის წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული პერიოდი ძვ. წ. 455 წლიდან დაიწყო.
დანიელი აღნიშნავს, თუ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა პერიოდი, რომლის ბოლოსაც „ცხებული მეფე“ ანუ მესია მოვიდოდა. წინასწარმეტყველებაში მოხსენიებულია „შვიდი კვირა და სამოცდაორი კვირა“, რაც 69 კვირას შეადგენს. რა ხანგრძლივობისაა ეს პერიოდი? ბიბლიის ზოგიერთ თარგმანში ნათლად ჩანს, რომ ამ პერიოდში შემავალი კვირები შვიდდღიანი კი არ არის, არამედ შვიდწლიანია. თითოეული კვირით შვიდი წელია წარმოდგენილი. დროის დაყოფა შვიდწლიანი ხანგრძლივობის მონაკვეთებად უცხო არ იყო ძველ დროში მცხოვრები ებრაელებისთვის. მაგალითად, ყოველი მეშვიდე წელი მათთვის შაბათი წელი იყო (გამოსვლა 23:10, 11). ასე რომ, წინასწარმეტყველური 69 კვირა შედგება შვიდწლიანი ხანგრძლივობის 69 მონაკვეთისგან, რაც მთლიანობაში 483 წელს შეადგენს.
ახლა შეგვიძლია მესიის მოსვლის დრო გამოვთვალოთ. თუ ძვ. წ. 455 წლიდან 483 წელს გადავითვლით, მივალთ ახ. წ. 29 წელთან. ეს სწორედ ის წელი იყო, როცა იესო მოინათლა და მესია გახდა! (ლუკა 3:1, 2, 21, 22). განა სასწაულებრივი არ არის, რომ ასე ზუსტად შესრულდა ბიბლიური წინასწარმეტყველება?a
a ძვ. წ. 455 წლიდან ძვ. წ. 1 წლამდე არის 454 წელი. ძვ. წ. 1 წლიდან ახ. წ. 1 წლამდე არის ერთი წელი (ნულოვანი წელი არ არსებობდა). ახ. წ. 1 წლიდან ახ. წ. 29 წლამდე კი არის 28 წელი. ამ სამი რიცხვის შეჯამებით მივიღებთ 483 წელს. იესო „მოიკვეთა“ ანუ მოკვდა ახ. წ. 33 წელს, 70-ე კვირის განმავლობაში (დანიელი 9:24, 26). იხილეთ წიგნი „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“, თავი 11 და „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტომი 2, გვერდები 899—901 [ინგლ.]; ქართულად იხილეთ ონლაინ ბიბლიოთეკაში. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
-
-
იესო ქრისტე — აღთქმული მესიარას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
-
-
დანართი
იესო ქრისტე — აღთქმული მესია
მესიის ამოცნობაში რომ დაგვხმარებოდა, იეჰოვა ღმერთმა მრავალი წინასწარმეტყველი აღძრა, წმინდა წერილებში ჩაეწერათ აღთქმული მხსნელის დაბადებასთან, მსახურებასთან და სიკვდილთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები. ბიბლიის ყველა ეს წინასწარმეტყველება იესო ქრისტეზე შესრულდა. ისინი საოცრად ზუსტი და კონკრეტულია. მაგალითისთვის განვიხილოთ რამდენიმე წინასწარმეტყველება, რომლებიც მესიის დაბადებასა და ბავშვობას უკავშირდება.
ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ მესია მეფე დავითის შთამომავალი იქნებოდა (ესაია 9:7). იესო მართლაც დავითის საგვარეულო ხაზში დაიბადა (მათე 1:1, 6—17).
მიქამ, ღვთის წინასწარმეტყველმა, დაწერა, რომ ის „ეფრათას ბეთლემში“ დაიბადებოდა და, საბოლოოდ, მმართველი გახდებოდა (მიქა 5:2). იმ დროს, როცა იესო დაიბადა, ისრაელში ორი ქალაქი იყო, რომლებსაც ბეთლემი ეწოდებოდა. ერთი ქალაქი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ნაზარეთთან ახლოს მდებარეობდა, მეორე კი — იუდეაში, იერუსალიმთან ახლოს. იერუსალიმთან მდებარე ბეთლემს თავიდან ეფრათა ეწოდებოდა. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, იესო სწორედ ამ ქალაქში დაიბადა! (მათე 2:1).
ბიბლიის სხვა წინასწარმეტყველებაში ღმერთი ამბობს: „ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს“. პატარა იესო მშობლებმა ეგვიპტეში წაიყვანეს. ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ ისინი უკან დაბრუნდნენ და ამგვარად შესრულდა წინასწარმეტყველება (ოსია 11:1; მათე 2:15).
ცხრილის „წინასწარმეტყველება მესიის შესახებ“ სვეტში „წინასწარმეტყველება“, მოცემულია ბიბლიური მუხლები, რომლებშიც მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებებია ჩაწერილი. შეადარე ისინი იმ მუხლებს, რომლებიც მოცემულია სვეტში „შესრულება“. ამით კიდევ უფრო განგიმტკიცდება იმის რწმენა, რომ ღვთის სიტყვა ჭეშმარიტია.
ამ მუხლების წაკითხვისას გახსოვდეს, რომ ეს წინასწარმეტყველებები იესოს დაბადებამდე ასწლეულებით ადრე დაიწერა. იესომ თქვა: „ყველაფერი, რაც მოსეს კანონში, წინასწარმეტყველთა წიგნებსა და ფსალმუნებში ჩემ შესახებ არის დაწერილი, უნდა შესრულდეს“ (ლუკა 24:44). შეგიძლია შენს ბიბლიაში შეამოწმო, რომ ყველაფერი მართლაც ზედმიწევნით შესრულდა!
-
-
ჭეშმარიტება მამის, ძისა და წმინდა სულის შესახებრას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
-
-
დანართი
ჭეშმარიტება მამის, ძისა და წმინდა სულის შესახებ
სამების მოძღვრების მხარდამჭერები ამბობენ, რომ ღმერთი სამპიროვანია; სამივე პიროვნება — მამა, ძე და წმინდა სული — თანასწორია; სამივე ყოვლისშემძლეა და არც ერთს არ ჰქონია დასაწყისი. ამგვარად, სამების დოგმატის მიხედვით, მამა არის ღმერთი, ძე არის ღმერთი და წმინდა სული არის ღმერთი, მაგრამ თავისი არსებით ღმერთი ერთია.
-