საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სანდო წინასწარმეტყველებების წიგნი
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 ივნისი
    • სანდო წინასწარმეტყველებების წიგნი

      „არ გამტყუნებულა არც ერთი სასიკეთო სიტყვა, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გითხრათ“ (იესო ნავეს ძე 23:14).

      რით არის გამორჩეული ბიბლია? ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ანტიკური ხანის ორაკულები (წინასწარმეტყველებები), დღევანდელი ჰოროსკოპების მსგავსად, ორაზროვანი, ბუნდოვანი და არასანდო იყო. ფუტუროლოგები, რომლებიც მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებით პროგნოზირებენ მომავალს, იშვიათად თუ ახერხებენ, საუკუნეებით ადრე ზუსტად იწინასწარმეტყველონ, რა მოხდება. ამისგან განსხვავებით, ბიბლიური წინასწარმეტყველებები დეტალურად და ყოველთვის დიდი სიზუსტით სრულდება. ისიც აღსანიშნავია, რომ ბიბლია „აცხადებს . . . ძველი დროიდან იმას, რაც არ მომხდარა“ (ესაია 46:10).

      მაგალითი: ძვ. წ. VI საუკუნეში წინასწარმეტყველმა დანიელმა იხილა ხილვა, რომლის თანახმადაც საბერძნეთი მოულოდნელად დაამარცხებდა მიდია-სპარსეთს. ისიც ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ როგორც კი საბერძნეთის გამარჯვებული მეფე გაძლიერდებოდა, მისი სამეფო დაეცემოდა. ვინ შეცვლიდა მას? როგორც დანიელმა დაწერა, „მისი ერიდან აღმდგარი ოთხი სამეფო, რომლებსაც მისნაირი ძალა არ ექნებოდა“ (დანიელი 8:5—8, 20—22).

      რას ამბობენ ისტორიკოსები? დანიელის წინასწარმეტყველების დაწერიდან 200 წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ საბერძნეთის მეფე ალექსანდრე დიდი გახდა. ათ წელიწადში მან დაამარცხა მიდია-სპარსეთის იმპერია და თავისი ახალი იმპერიის საზღვრები მდინარე ინდამდე (დღევანდელი პაკისტანის ტერიტორია) განავრცო. მაგრამ იგი 32 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. საბოლოოდ მცირე აზიის ნახევარკუნძულზე, კერძოდ, იფსოსთან ახლოს გამართული ბრძოლის შემდეგ მისი იმპერია დაიშალა. საბერძნეთის იმპერია ოთხმა მხედართმთავარმა გაიყო. მაგრამ ვერც ერთმა ვერ მოიპოვა ისეთივე ძალაუფლება, როგორიც ალექსანდრეს ჰქონდა.

      თქვენ რას ფიქრობთ? უწინასწარმეტყველებია რომელიმე სხვა წიგნს ასე ზუსტად მომავალი? განა უნიკალური წიგნი არ არის ბიბლია?!

      [ჩანართი 4 გვერდზე]

      „ბიბლიაში იმდენად ბევრი წინასწარმეტყველებაა ჩაწერილი, რომ შეუძლებელია მათი შესრულება ბრმა შემთხვევას მივაწეროთ“, — ირვინ ლინტონი (A LAWYER EXAMINES THE BIBLE).

      [სურათის საავტორო უფლება 4 გვერდზე]

      © Robert Harding Picture Library/SuperStock

  • ისტორიული ფაქტების და არა მითების წიგნი
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 ივნისი
    • ისტორიული ფაქტების და არა მითების წიგნი

      „ყველაფერი თავიდანვე ზედმიწევნით გამოვიკვლიე“ (ლუკა 1:3).

      რით გამოირჩევა ეს წიგნი? მართალია, ლეგენდებსა და მითებში ლამაზადაა მოთხრობილი ესა თუ ის ამბავი, მაგრამ მათში არასდროს არის მოხსენიებული კონკრეტული გეოგრაფიული ადგილები, თარიღები თუ ისტორიული პირების სახელები. მათგან განსხვავებით, ბიბლია არაერთ ისტორიულ ფაქტს იხსენიებს, რაც მკითხველს არწმუნებს, რომ ღვთის „სიტყვის არსი ჭეშმარიტებაა“ (ფსალმუნი 119:160).

      მაგალითი: ბიბლიიდან ვიგებთ, რომ „ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა . . . გადაასახლა ბაბილონში [იუდას მეფე] იეჰოიაქინი“. მოგვიანებით, „ბაბილონის მეფე ევილ-მეროდაქმა თავისი გამეფების წელს თავი აუწია იუდას მეფე იეჰოიაქინს და საპყრობილიდან გამოიყვანა“. გარდა ამისა, „ყოველდღიურად ეძლეოდა მას [იეჰოიაქინს] სარჩო მეფისგან მთელი სიცოცხლე“ (2 მეფეები 24:11, 15; 25:27—30).

      რა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა? ძველი ბაბილონის ნანგრევებშიარქეოლოგებმა აღმოაჩინეს სამეფო კარის ჩანაწერები, რომლებიც ნაბუქოდონოსორ II-ის მეფობის პერიოდით თარიღდება. ჩანაწერებში მოხსენიებულია ბაბილონში მუშებისა და ტყვეების დღიური ულუფა. ამავე ჩანაწერებში ნახსენებია „იაუკინი [იეჰოიაქინი]“, რომელიც „იაჰუდის [იუდას] მეფე იყო“, და მისი სახლეული. მაგრამ რისი თქმა შეგვიძლია ნაბუქოდონოსორის მემკვიდრეზე, ევილ-მეროდაქზე? სუსას მახლობლად აღმოჩენილ ლარნაკზე შემდეგი წარწერაა ამოტვიფრული: „ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის ვაჟის, მეფე ამილ-მარდუქის [ევილ-მეროდაქის] სასახლე“.

      თქვენ რას ფიქრობთ? არის სხვა რომელიმე რელიგიურ წიგნში მოხსენიებული ამდენი ზუსტი ისტორიული ფაქტი? განა ამ მხრივ უნიკალური წიგნი არ არის ბიბლია?!

      [ჩანართი 5 გვერდზე]

      „ბიბლიაში მოცემული ქრონოლოგიური და გეოგრაფიული დეტალები უფრო ზუსტი და სარწმუნოა, ვიდრე ნებისმიერ სხვა უძველეს დოკუმენტში“, — რობერტ უილსონი (A SCIENTIFIC INVESTIGATION OF THE OLD TESTAMENT).

      [სურათი 5 გვერდზე]

      ბაბილონში აღმოჩენილი ჩანაწერი, რომელშიც მოხსენიებულია იუდას მეფე იეჰოიაქინი

      [საავტორო უფლება]

      © bpk, Berlin/Vorderasiatisches Museum, SMB/Olaf M. Tessmer/Art Resource, NY

  • მეცნიერულად ზუსტი წიგნი
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 ივნისი
    • მეცნიერულად ზუსტი წიგნი

      „განა აქამდეც არ მოგწერე რჩევითა და ცოდნით, ჭეშმარიტი სიტყვების ჭეშმარიტება რომ დამენახვებინა შენთვის, რათა ჭეშმარიტი სიტყვები დაგებრუნებინა?!“ (იგავები 22:20, 21).

      რით გამოირჩევა ეს წიგნი? უძველეს წიგნებში მოხსენიებული მკურნალობის მეთოდები თანამედროვე მედიცინის თვალსაზრისით არასაიმედო და სახიფათოა. დღესაც კი მეცნიერებს დროდადრო უწევთ თავიანთი ნაშრომების გადახედვა და თანამედროვე მედიცინის მიღწევების გათვალისწინება. ღვთის სიტყვის თანახმად, ბიბლიის ავტორი არის შემოქმედი, რომლის სიტყვაც „მარადიულად რჩება“ (1 პეტრე 1:25).

      მაგალითი: მოსეს კანონი მოუწოდებდა ისრაელებს, რომ განავალი მიწაში ჩაეფლოთ „ბანაკის გარეთ“ (კანონი 23:12, 13). თუ ისინი შეეხებოდნენ მკვდარ ცხოველს ან ადამიანს, ტანსაცმელი უნდა გაერეცხათ (ლევიანები 11:27, 28; რიცხვები 19:14—16). რაც შეეხება კეთროვნებს, ისინი განცალკევებული უნდა ყოფილიყვნენ სხვებისგან მანამ, სანამ ხელმეორედ შემოწმებისას მღვდელი არ დარწმუნდებოდა, რომ ავადმყოფს არ ჰქონდა კეთრი ან დაავადება არ იყო გადამდები (ლევიანები 13:1—8).

      რა დასკვნამდე მივიდა თანამედროვე მედიცინა? დაავადებებს თავიდან ავიცილებთ, თუ მოვაწესრიგებთ საპირფარეშოს, ყოველთვის დავიბანთ ხელებს და ავადმყოფობის შემთხვევაში სხვებისგან იზოლირებული ვიქნებით. თუ არ გვაქვს საპირფარეშო და იქ, სადაც ვცხოვრობთ, არც საკანალიზაციო სისტემაა, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (დკც) გვირჩევენ: „წყლის ნებისმიერი რეზერვუარიდან, სულ მცირე, 30 მეტრის მოშორებით მოისაქმეთ და შემდეგ თქვენი განავალი ჩაფალით“. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯდმო) ცნობით, კუჭ-ნაწლავის დაავადებათა შემთხვევები 36 პროცენტით იკლებს, როდესაც მოსახლეობა უსაფრთხოების ამგვარ ზომებს იცავს. მას შემდეგ 200 წელიც კი არ არის გასული, რაც ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ისინი აინფიცირებდნენ ბევრ პაციენტს იმის გამო, რომ გვამთან შეხების შემდეგ ხელებს არ იბანდნენ. დკც-ის აზრით, „ხელების დაბანა კვლავ ყველაზე ეფექტურ საშუალებად რჩება დაავადების გავრცელების თავიდან ასარიდებლად“. რა შეიძლება ითქვას კანის ან სხვა გადამდები დაავადებებით დასნეულებული ადამიანების იზოლირებაზე? ახლახან ერთ ჟურნალში ნათქვამი იყო: „ეპიდემიის საწყის სტადიაზე ავადმყოფის სხვებისგან იზოლირება და კარანტინი შეიძლება დაავადების გავრცელების შეჩერების ერთადერთი საშუალება იყოს“ (Saudi Medical Journal).

      თქვენ რას ფიქრობთ? არის სხვა რომელიმე რელიგიურ წიგნში მოხსენიებული ჰიგიენის ნორმები, რომელიც თანამედროვე მედიცინას ასე უწყობს ფეხს? განა ამ მხრივ უნიკალური წიგნი არ არის ბიბლია?!

      [ჩანართი 6 გვერდზე]

      „შეუძლებელია, არ გაგაოცოთ ჰიგიენის ნორმებმა, რომელთა დაცვაც მოსეს კანონით მოითხოვებოდა“, — ექიმები ალდო კასტელანი და ალბერტ ჩალმერზი (MANUAL OF TROPICAL MEDICINE)

  • საოცრად ჰარმონიული ბიბლიოთეკა
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 ივნისი
    • საოცრად ჰარმონიული ბიბლიოთეკა

      „წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა“ (2 პეტრე 1:21).

      რით არის გამორჩეული ბიბლია? ერთსა და იმავე ეპოქაში შექმნილი წერილობითი ძეგლებიც კი ხშირად ერთმანეთისგან სრულიად საპირისპირო ცნობებს გვაწვდის. ძალიან იშვიათია, რომ სხვადასხვა დროსა და ადგილას, და, ამავე დროს, სხვადასხვა ადამიანების მიერ დაწერილ წიგნებს ერთი აზრი გასდევდეს. მაგრამ ბიბლიას, რომელიც 66 წიგნისგან შედგება, ერთი ავტორი ჰყავს. ამიტომაც მისი სამოცდაექვსივე წიგნი ჰარმონიულად არის ერთმანეთთან შერწყმული და ერთი თემა გასდევს (2 ტიმოთე 3:16).

      მაგალითი. მოსემ, რომელიც მწყემსი იყო და ძვ. წ. XVI საუკუნეში ცხოვრობდა, ბიბლიის პირველ წიგნში დაწერა, რომ კაცობრიობას აღთქმული „შთამომავალი“ იხსნიდა. ამ წიგნში ისიც არის ნაწინასწარმეტყველები, რომ ეს „შთამომავალი“ აბრაამის, ისაკისა და იაკობის გენეალოგიური ხაზით მოვიდოდა (დაბადება 3:15; 22:17, 18; 26:24; 28:14). დაახლოებით 500 წლის შემდეგ წინასწარმეტყველმა ნათანმა იწინასწარმეტყველა, რომ „შთამომავალი“ მოვიდოდა დავითის სამეფო ხაზით (2 სამუელი 7:12). ამ წინასწარმეტყველების წარმოთქმიდან 1 000 წლის შემდეგ პავლე მოციქულმა ახსნა, რომ „შთამომავალი“ უნდა ყოფილიყო იესო და მისი რჩეული მიმდევრები (რომაელები 1:1—4; გალატელები 3:16, 29). დასასრულს კი, ბიბლიის ბოლო წიგნში, რომელიც ახ. წ. I საუკუნის მიწურულს დაიწერა, ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ამ „შთამომავლის“ წარმომადგენლები დედამიწაზე იესოს შესახებ იქადაგებდნენ, შემდეგ ზეცად ამაღლდებოდნენ და 1 000 წლის განმავლობაში იესოსთან ერთად იმეფებდნენ. სწორედ ეს „შთამომავალი“ გაანადგურებს ეშმაკს და იხსნის კაცობრიობას (გამოცხადება 12:17; 20:6—10).

      რას ამბობენ ბიბლიის კომენტატორები? ბიბლიის 66 წიგნის გამოკვლევის შემდეგ ლუი გოსენმა დაწერა, რომ განცვიფრებული იყო იმით, „თუ რა ჰარმონიულად ერწყმოდა ბიბლიის წიგნები ერთმანეთს მიუხედავად იმისა, რომ 15 საუკუნის მანძილზე სხვადასხვა ადამიანი წერდა . . . თითოეული მათგანი ერთსა და იმავე აზრს ისე ავითარებდა, თითქოს წინასწარ იყვნენ შეთანხმებული; ისინი ერთ მიზანს ემსახურებოდნენ, თუმცა ბოლომდე არ ესმოდათ, რომ ღვთის ძე იხსნიდა კაცობრიობას“ (Theopneusty —The Plenary Inspiration of the Holy Scriptures).

      თქვენ რას ფიქრობთ? გეგულებათ სხვა წიგნი, რომელიც 1 500-ზე მეტი ხნის განმავლობაში იწერებოდა დაახლოებით 40 მამაკაცის მიერ და ამის მიუხედავად, საოცრად ჰარმონიულია? განა ამ მხრივ უნიკალური წიგნი არ არის ბიბლია?!

      [ჩანართი 7 გვერდზე]

      „ყველა ეს წიგნი ერთად აღებული ქმნის ერთ მთლიან წიგნს . . . მას ლიტერატურის ისტორიაში ზუსტი ანალოგი ან ოდნავ მიმსგავსებულიც კი არ მოეძებნება“, — ჯეიმზ ორი (THE PROBLEM OF THE OLD TESTAMENT).

  • დღემდე პრაქტიკული
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 ივნისი
    • დღემდე პრაქტიკული

      „შენი სიტყვა ლამპარია ჩემი ფეხისთვის და სინათლეა ჩემი სავალისთვის“ (ფსალმუნი 119:105).

      რით არის გამორჩეული ბიბლია? ბევრი ლიტერატურული ნაწარმოები დღეს უკვე კლასიკადაა ქცეული, მაგრამ ცხოვრებაში სახელმძღვანელოდ ნამდვილად ვერ გამოგვადგება. თანამედროვე სახელმძღვანელო წიგნებიც გამუდმებით საჭიროებენ გადახედვას. მაგრამ ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა“ (რომაელები 15:4).

      მაგალითი: მართალია, ბიბლია სამედიცინო სახელმძღვანელო არ არის, მაგრამ მასში მოცემულია პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ შევინარჩუნოთ ემოციური სტაბილურობა და ფიზიკური ჯანმრთელობა. მაგალითად, ამ წიგნში ნათქვამია, რომ „მშვიდი გული სხეულის სიცოცხლეა“ (იგავები 14:30). ბიბლია აგრეთვე გვაფრთხილებს: „განმარტოებული კაცი თავისი გულისთქმის შესრულებას ცდილობს; იგი ყოველგვარი სიბრძნის წინააღმდეგ მიდის“ (იგავები 18:1). უფრო მეტიც, ბიბლიაში ნათქვამია, რომ „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).

      რა გამოვლინდა კვლევის შედეგად? სიმშვიდე, მტკიცე მეგობრობა და ხელგაშლილობა მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესებს თქვენს ჯანმრთელობას. „ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში“ ვკითხულობთ: „იმ მამაკაცების შემთხვევაში, რომლებიც ადვილად გამოდიან მწყობრიდან, ორჯერ მეტად მატულობს ინსულტის მიღების რისკ-ფაქტორი, ვიდრე მათ შემთხვევაში, ვისაც თავი ხელში აჰყავს“. ავსტრალიაში ჩატარებული ათწლიანი დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ ხანდაზმულები, რომლებსაც „ახლო მეგობრები ჰყავდათ და მათზე ზრუნავდნენ“, უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ. 2008 წელს კანადელი და ამერიკელი მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ „სხვისთვის ფულის ხარჯვას უფრო მეტი სიხარული მოაქვს, ვიდრე საკუთარი თავისთვის“.

      თქვენ რას ფიქრობთ? გაითვალისწინებდით თითქმის 2 000 წლის წინათ დაწერილ სხვა რომელიმე წიგნში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მოცემულ რჩევებს? განა ამ მხრივ უნიკალური არ არის ბიბლია?

      [ჩანართი 8 გვერდზე]

      „ბიბლია ჩემთვის საუკეთესო წამალია“, — ჰაუარდ კელი (ჯონ ჰოპკინზის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება