საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გრძნობთ ღმერთთან სიახლოვეს?
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 დეკემბერი
    • მამაკაცი ფიქრობს ღმერთზე

      მთავარი თემა | თქვენ შეგიძლიათ ღმერთთან დაახლოება

      გრძნობთ ღმერთთან სიახლოვეს?

      „როცა ღმერთთან ახლო ურთიერთობა გაქვს, თავს დაცულად, სრულფასოვნად და სტაბილურად გრძნობ. ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ ღმერთი გამუდმებით ზრუნავს შენზე“ (ახალგაზრდა კრისტოფერი, განა).

      „ღმერთი ყველა ჩვენს უბედურებას ხედავს და ყოველთვის იმაზე მეტ სიყვარულსა და მზრუნველობას ავლენს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ“ (13 წლის ხანა, ალასკა).

      „იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა იცი, რომ ღმერთთან ახლო ურთიერთობა გაქვს“ (40 წელს გადაცილებული ჯინა, იამაიკა).

      ასე მხოლოდ კრისტოფერი, ხანა და ჯინა არ ფიქრობენ. მილიონობით ადამიანი დარწმუნდა, რომ ღმერთი მათ მეგობრებად მიიჩნევს. თქვენც გრძნობთ ღმერთთან სიახლოვეს? თუ ასეა, არ გსურთ, რომ უფრო მეტად დაუახლოვდეთ მას? და თუ არ გრძნობთ ღმერთთან სიახლოვეს, არ ისურვებდით მასთან დაახლოებას? შესაძლოა ფიქრობთ: „ნუთუ შესაძლებელია, უბრალო ადამიანს ახლო ურთიერთობა ჰქონდეს ყოვლისშემძლე ღმერთთან? და თუ შესაძლებელია, როგორ?“.

      ღმერთთან დაახლოება შესაძლებელია

      ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთთან ახლო ურთიერთობის განვითარება შესაძლებელია. ღმერთმა ებრაელ პატრიარქ აბრაამს თავისი მეგობარი უწოდა (ესაია 41:8). აგრეთვე ყურადღება მიაქციეთ იაკობის 4:8-ში ჩაწერილ გულთბილ მოწვევას: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“. როგორც ვხედავთ, ღმერთთან ახლო, მეგობრული ურთიერთობის განვითარება შესაძლებელია. და მაინც, როგორ შეიძლება უხილავ ღმერთთან დაახლოება?

      ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ ყალიბდება ადამიანებს შორის მეგობრობა. როგორც წესი, ყველაფერი სახელის გაგებით იწყება. შემდეგ კი, როდესაც ორ ადამიანს შორის ურთიერთობა რეგულარულ ხასიათს იღებს და ისინი ერთმანეთს თავისუფლად უზიარებენ აზრებსა და გრძნობებს, ყალიბდება მეგობრობა. მეგობრული კვანძები უფრო ძლიერდება, როდესაც ერთმანეთის დასახმარებლად ისინი თავს არ ზოგავენ. დაახლოებით ასე ხდება ღმერთთან მეგობრობის განვითარებაც. ვნახოთ როგორ?

  • იცით, რა ჰქვია ღმერთს და მიმართავთ მას სახელით?
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 დეკემბერი
    • ორი კაცი ერთმანეთს ეცნობა

      მთავარი თემა | თქვენ შეგიძლიათ ღმერთთან დაახლოება

      იცით, რა ჰქვია ღმერთს და მიმართავთ მას სახელით?

      გყავთ ისეთი მეგობარი, რომლის სახელიც არ იცით? ასეთი რამ წარმოუდგენელია. ბულგარეთში მცხოვრებმა ირინამ სწორად შენიშნა: „შეუძლებელია ღმერთთან ახლოს იყო და მისი სახელი არ იცოდე“. საბედნიეროდ, ღმერთს სურს, რომ დავუახლოვდეთ მას. ამიტომ, ის ბიბლიის მეშვეობით გვაცნობს თავს და გვეუბნება: „მე ვარ იეჰოვა. ეს არის ჩემი სახელი“ (ესაია 42:8).

      ღმერთი ბიბლიის მეშვეობით გვაცნობს თავს და გვეუბნება: „მე ვარ იეჰოვა. ეს არის ჩემი სახელი“ (ესაია 42:8).

      მართლა აქვს იეჰოვასთვის მნიშვნელობა, ვიცოდეთ მისი სახელი და ვიყენებდეთ მას? მოდი, დავფიქრდეთ: ღვთის სახელი, რომელიც ოთხი ებრაული თანხმოვნით იწერება და ცნობილია ტეტრაგრამატონის სახელით, ებრაული წერილების დედანში დაახლოებით 7 000-ჯერ გვხვდება. სხვა სახელებთან შედარებით ამ სახელს ყველაზე ხშირად ვხვდებით ბიბლიაში. ეს აშკარად იმაზე მიუთითებს, რომ იეჰოვას სურს, ვიცოდეთ მისი სახელი და ვიყენებდეთ მას.a

      მეგობრობა სახელის გაგებით იწყება. იცით ღვთის სახელი?

      ვინაიდან ღმერთი წმინდა და ყოვლისშემძლეა, ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ღვთის სახელის გამოყენება შეურაცხმყოფელი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ღვთის სახელის უღირსად გამოყენება ნამდვილად არასწორია, ისევე როგორც მეგობრის სახელის. მაგრამ იეჰოვას სურვილია, რომ მისმა მოყვარულებმა პატივი მიაგონ მის სახელს და სხვებსაც ამცნონ ეს სახელი (ფსალმუნი 69:30, 31; 96:2, 8). გავიხსენოთ, რომ იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა ასე ელოცათ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“. ჩვენც შეგვიძლია მივიღოთ მონაწილეობა ღვთის სახელის განწმენდაში, თუ მის სახელს სხვებს ვამცნობთ. ეს კიდევ უფრო დაგვაახლოებს ღმერთთან (მათე 6:9).

      ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მათ, „ვინც მის სახელზე ფიქრობს“ ანუ აფასებს მის სახელს (მალაქია 3:16). ასეთ ადამიანებზე იეჰოვა ამბობს: „დავიცავ, რადგან გაიგო ჩემი სახელი. ის მომიხმობს და მეც ვუპასუხებ. მასთან ვიქნები გასაჭირში“ (ფსალმუნი 91:14, 15). თუ გვსურს, გავიხაროთ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობით, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ მისი სახელი და ვიყენებდეთ მას.

      a მართალია, ღვთის სახელი ებრაულ წერილებში, იგივე „ძველ აღთქმაში“, ასე ხშირად არის გამოყენებული, მაგრამ სამწუხაროდ, ბიბლიის ბევრ თარგმანში ის საერთოდ არ არის მოხსენიებული. ღვთის სახელი შეცვლილია ისეთი წოდებებით, როგორიცაა: „უფალი“ და „ღმერთი“. ამ საკითხზე მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, გვერდები 195—197. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

  • ესაუბრებით ღმერთს?
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 დეკემბერი
    • მამაკაცი მეგობარს ტელეფონით ესაუბრება

      მთავარი თემა | თქვენ შეგიძლიათ ღმერთთან დაახლოება

      ესაუბრებით ღმერთს?

      როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ, ახლო მეგობრები ერთმანეთს ესაუბრებიან პირისპირ, ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით, წერილებით ან ვიდეო კომუნიკაციის მეშვეობით. ღმერთთან დასაახლოებლადაც რეგულარული საუბარია საჭირო. მაინც, როგორ შეიძლება ღმერთთან საუბარი?

      ჩვენ შეგვიძლია იეჰოვას ლოცვის მეშვეობით ვესაუბროთ. თუმცა, ღმერთთან საუბარი განსხვავდება თანატოლებთან ჩვეულებრივი საუბრისგან. ლოცვის დროს კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს შემოქმედს, სამყაროში უზენაეს პიროვნებას მივმართავთ. ამიტომ მოკრძალებითა და ღრმა პატივისცემით უნდა ვილოცოთ. ამასთანავე, ჩვენი ლოცვები მისაღები რომ იყოს ღვთისთვის, გარკვეულ მოთხოვნებს უნდა ვითვალისწინებდეთ. განვიხილოთ სამი მოთხოვნა.

      პირველი, ლოცვით უშუალოდ იეჰოვა ღმერთს უნდა მივმართოთ და არა იესოს, წმინდანებს ან ხატებს (გამოსვლა 20:4, 5). ბიბლია ნათლად ამბობს: „ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს“ (ფილიპელები 4:6). მეორე, ლოცვები უნდა წარმოვთქვათ ღვთის ძის, იესო ქრისტეს, სახელით. იესო თავად ამბობს: „მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (იოანე 14:6). მესამე, ჩვენი ლოცვები ღვთის ნებას უნდა შეესაბამებოდეს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „რაც უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის გვისმენს“a (1 იოანე 5:14).

      ახლო მეგობრებს შორის კომუნიკაცია ორმხრივი და ხშირი უნდა იყოს

      უდავოა, რომ ახლო ურთიერთობა დიდხანს ვერ გასტანს, თუ მეგობრებს შორის საუბარი ყოველთვის ცალმხრივია. ისევე როგორც მეგობრებს შორის საუბარია ორმხრივი, ღმერთსაც უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ გვესაუბროს და როცა ამას აკეთებს, უნდა მოვუსმინოთ. იცით, როგორ გვესაუბრება ღმერთი?

      დღეს, იეჰოვა ღმერთი თავისი სიტყვის, ბიბლიის, მეშვეობით „გველაპარაკება“ (2 ტიმოთე 3:16, 17). რის საფუძველზე ვამბობთ ამას? მაგალითად: დავუშვათ ახლო მეგობრისგან წერილი მიიღეთ. წაკითხვის შემდეგ აღტაცებით ეუბნებით სხვებს: „ახლახან ჩემი მეგობარი შემეხმიანა!“. მართალია საუბარი პირისპირ არ შემდგარა, მაგრამ ეს მოხდა წერილობითი სახით. მსგავსადვე, ღმერთი ბიბლიის მეშვეობით გვესაუბრება და თუ ბიბლიას ვკითხულობთ, გამოდის რომ, ღმერთს ვუსმენთ. პირველ სტატიაში მოხსენიებული ჯინა აღნიშნავს: «ღმერთმა რომ თავის მეგობრად ჩამთვალოს, ყურადღებით უნდა წავიკითხო მისი „წერილი“, ბიბლია. ბიბლიის ყოველდღიური კითხვა ღმერთთან მაახლოებს». კითხულობთ ღვთის სიტყვას, ბიბლიას, ყოველდღე და აძლევთ იეჰოვას თქვენთან საუბრის შესაძლებლობას? ასე მოქცევით, ღმერთთან უფრო ახლოს იგრძნობთ თავს.

      a დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დავუახლოვდეთ ღმერთს ლოცვების მეშვეობით, იხილეთ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 17. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

  • აკეთებთ იმას, რასაც ღმერთი გთხოვთ?
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 დეკემბერი
    • მამაკაცი ეხმარება ქალბატონს პარკის წაღებაში

      მთავარი თემა | თქვენ შეგიძლიათ ღმერთთან დაახლოება

      აკეთებთ იმას, რასაც ღმერთი გთხოვთ?

      „შენ მხოლოდ მთხოვე და უკან არაფერზე დავიხევ“. ასეთ სიტყვებს სრულიად უცხო პიროვნებას ან უბრალოდ ნაცნობს ალბათ არ ეტყოდით, თუმცა ძვირფასი მეგობრისთვის უდავოდ არ დაიშურებდით. ნამდვილი მეგობრები მუდამ მზად არიან ერთმანეთის თხოვნა შეასრულონ.

      ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ყოველთვის იმას აკეთებს, რაც მისი თაყვანისმცემლებისთვის სასიამოვნო იქნება. მაგალითად, მეფე დავითმა, რომელსაც ღმერთთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, აღნიშნა: „მრავალი საოცარი საქმე მოიმოქმედე, იეჰოვა, ჩემო ღმერთო, და შეასრულე ის, რაც ჩვენთვის გქონდა განზრახული . . . მათზე რომ მელაპარაკა იმდენი იქნებოდა, რომ ვერც კი ჩამოვთვლიდი“ (ფსალმუნი 40:5). უფრო მეტიც, იეჰოვა იმ ადამიანებზეც ზრუნავს, რომლებიც მას ჯერ არ იცნობენ და „საზრდოთი და სიხარულით [უვსებს] გულებს“ (საქმეები 14:17).

      ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მათთვის, ვინც გვიყვარს და ვისაც ვაფასებთ

      თუ იეჰოვას უხარია ადამიანებისთვის იმის კეთება, რაც მათ სიამოვნებას ანიჭებს, გონივრულია დავასკვნათ, რომ ისინიც, ვისაც ღმერთთან მეგობრობა სურთ, თავიანთი საქმეებით მას გულს უნდა უხარებდნენ (იგავები 27:11). მაგრამ კონკრეტულად რა უნდა გავაკეთოთ, რომ ღმერთს ვასიამოვნოთ? ბიბლია გვპასუხობს: „ნუ დაივიწყებთ კარგის კეთებასა და გაზიარებას, რადგან ღმერთს სიამოვნებს ასეთი მსხვერპლი“ (ებრაელები 13:16). მაშ, მხოლოდ კარგის კეთება და სხვებისთვის გაზიარებაა საჭირო იმისთვის, რომ ღმერთს ვასიამოვნოთ?

      ბიბლიაში ვკითხულობთ: „რწმენის გარეშე შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს“ (ებრაელები 11:6). აღსანიშნავია, რომ აბრაამმა ჯერ „ირწმუნა იეჰოვა“ და მერე ეწოდა „იეჰოვას მეგობარი“ (იაკობი 2:23). იესო ქრისტემაც გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ღვთის კურთხევების მისაღებად უნდა ვირწმუნოთ ღმერთი (იოანე 14:1). მაშ, როგორ უნდა განივითაროთ ისეთი რწმენა, როგორსაც ღმერთი ეძებს მათში, ვისაც თავისკენ იზიდავს? ასეთი რწმენის განვითარება ბიბლიის რეგულარული კითხვითა და მისი გამოკვლევით იწყება. ასე მოქმედებით თქვენ „ღვთის შესახებ საფუძვლიან ცოდნას“ შეიძენთ და ისწავლით, როგორ ასიამოვნოთ მას ყველაფერში. რაც უფრო გაიღრმავებთ ცოდნას იეჰოვას შესახებ და იცხოვრებთ მისი სამართლიანი მოთხოვნების თანახმად, მით უფრო გაგიძლიერდებათ მისდამი რწმენა და ისიც დაგიახლოვდებათ (კოლოსელები 1:9, 10).

  • არ არსებობს უკეთესი გზა
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 დეკემბერი
    • მამაკაცი კითხულობს ბიბლიას

      მთავარი თემა | თქვენ შეგიძლიათ ღმერთთან დაახლოება

      არ არსებობს უკეთესი გზა

      რა უნდა გააკეთოთ, რომ ღმერთს დაუახლოვდეთ? ჩვენ განვიხილეთ რამდენიმე ნაბიჯი, რაც დაგეხმარებათ ღმერთთან ახლო ურთიერთობის განვითარებაში.

      1. უნდა იყენებდეთ ღვთის სახელს, იეჰოვას.

      2. უნდა გქონდეთ ღმერთთან რეგულარული ურთიერთობა ლოცვის მეშვეობით და მისი სიტყვის, ბიბლიის, შესწავლით.

      3. გამუდმებით უნდა აკეთებდეთ იმის, რაც ღმერთს სიამოვნებს.

      მამაკაცი ლოცულობს

      ღმერთთან დასაახლოებლად გამოიყენეთ მისი სახელი, მიმართეთ ლოცვით, ისწავლეთ მისი სიტყვა და აკეთეთ ის, რაც მას სიამოვნებს

      აკმაყოფილებთ ამ მოთხოვნებს და შეგიძლიათ თქვათ, რომ ღმერთთან ახლოს ხართ? რომელიმე მხარეში გაუმჯობესება ხომ არ გჭირდებათ? გასაგებია, რომ ამას ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ როგორც ქვემოთ დავინახავთ, ეს ნამდვილად ღირს ძალისხმევად.

      „ღმერთთან დასაახლოებლად გაწეული ნებისმიერი ძალისხმევა, ღირს ამად. ამ ურთიერთობას ბევრი კურთხევა მოაქვს: უფრო მეტად ენდობი ღმერთს, უფრო მეტად ეცნობი მის პიროვნებას და, რაც ყველაზე მთავარია, უფრო მეტად გიყვარდება ის. ცხოვრებაში ამაზე უკეთესი გზა არ არსებობს!“, — ამბობს შეერთებულ შტატებში მცხოვრები ჯენიფერი.

      თუ თქვენც გსურთ, ღმერთთან ახლო ურთიერთობით დატკბეთ, იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით დაგეხმარებიან. თქვენ შეგიძლიათ მათი დახმარებით უფასოდ შეისწავლოთ ბიბლია. ასევე შეგიძლიათ დაესწროთ კრების შეხვედრებს, სადაც ისინი ბიბლიას სწავლობენ და გაიცნოთ ის ადამიანები, რომლებიც ძალიან აფასებენ ღმერთთან ურთიერთობას.a ამგვარად, თქვენც იმავეს იგრძნობთ, რასაც ფსალმუნმომღერალი გრძნობდა: „ჩემთვის კი კარგია ღმერთთან დაახლოება“ (ფსალმუნი 73:28).

      a თუ გსურთ ბიბლიის შესწავლა ან კრების შეხვედრაზე დასწრება, დახმარებისთვის მიმართეთ მას, ვინც ეს ჟურნალი მოგიტანათ ან ეწვიეთ ვებ-გვერდს www.pr2711.com და იხილეთ გვერდის ბოლოს მოცემული სათაური „დაგვიკავშირდით“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება