ღვთის მეგობრები „მეგობრობის კუნძულებზე“
1932 წელს ტონგას კუნძულებამდე გემის საშუალებით ფასდაუდებელმა განძმა მიაღწია. გემის კაპიტანმა ჩარლზ ვეტეს მისცა ბროშურა „სად არის მიცვალებულთა სამყოფელი?“ ჩარლზმა ირწმუნა, რომ ჭეშმარიტება იპოვა. გარკვეული პერიოდის შემდეგ იეჰოვას მოწმეთა მთავარმა სამმართველომ მოიწონა ჩარლზის თხოვნა, რომ ეს ბროშურა მის მშობლიურ ენაზე თარგმნილიყო. თარგმანის დასრულების შემდეგ მან ამ ბროშურის 1 000 ეგზემპლარი მიიღო და მათ გავრცელებას შეუდგა. აი ასე დაიწყო იეჰოვას სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელება ტონგას სამეფოში.
რუკაზე ტონგას მოძებნა შეგიძლიათ წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში — იმ ადგილთან ახლოს (დასავლეთით), სადაც თარიღის ცვლის ხაზი და თხის რქის ტროპიკი კვეთს ერთმანეთს. ტონგას არქიპელაგში შემავალი ყველაზე დიდი კუნძული, ტონგატაპუ, ოკლენდიდან (ახალი ზელანდია) ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 2 000 კილომეტრში მდებარეობს. ტონგა შედგება 171 კუნძულისგან. აქედან 45 დასახლებულია. XVIII საუკუნის ცნობილმა ინგლისელმა ზღვაოსანმა ჯეიმზ კუკმა ამ მოშორებულ არქიპელაგს „მეგობრობის კუნძულები“ უწოდა.
ტონგა, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 106 000 კაცს შეადგენს, მოიცავს კუნძულთა სამ ჯგუფს. მთავარი კუნძულებია ტონგატაპუ, ჰააპაი და ვავაუ. ტონგაზე იეჰოვას მოწმეთა ხუთი კრებაა. აქედან სამი კრება ჩამოყალიბებულია ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ტონგატაპუზე, მეოთხე — ჰააპაიზე, ხოლო მეხუთე — ვავაუზე. ადამიანებს ღვთის მეგობრებად გახდომაში რომ დაეხმარონ, იეჰოვას მოწმეებს დედაქალაქ ნუკუალოფასთან ახლოს მისიონერთა სახლი და მთარგმნელობითი ოფისი აქვთ (ესაია 41:8).
30-იანი წლებიდან მოყოლებული ჩარლზ ვეტეს ხალხი იეჰოვას მოწმედ იცნობდა, თუმცა ის 1964 წლამდე მონათლული არ იყო. სამქადაგებლო საქმიანობაში მას სხვებიც შეუერთდნენ და 1966 წელს ააშენეს სამეფო დარბაზი, რომელიც 30 კაცს იტევდა. 1970 წელს ნუკუალოფაში ოცი მაუწყებლისგან შემდგარი კრება ჩამოყალიბდა.
მას შემდეგ აშკარაა, რომ ტონგას კუნძულებზე სრულდება წინასწარმეტყველ ესაიას სიტყვები: „დიდება მიაგებონ უფალს და მისი ქება კუნძულებზე აუწყონ“ (ესაია 42:12). სამეფოს საქმიანობა წინ მიიწევს — მრავალი ადამიანი იღებს დახმარებას იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის დასამყარებლად. 2003 წელს ნუკუალოფაში ჩატარებულ საოლქო კონგრესს 407 ადამიანი დაესწრო. აქ ჩატარებულ კონგრესებზე ამდენი დამსწრე არასდროს ყოფილა. მოინათლა 5 ადამიანი. 2004 წელს ჩატარებულ გახსენების საღამოზე კი 621 კაცი მოვიდა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ არსებობს მომავალი ზრდის შესაძლებლობა.
კუნძულის მკვიდრთა უბრალო ცხოვრება
დედაქალაქიდან დაშორებულ ტერიტორიებზე საკმაოდ იგრძნობა სამეფოს მაუწყებლების საჭიროება. მაგალითად, ჰააპაის არქიპელაგში შემავალ 16 დასახლებულ კუნძულზე მცხოვრებ 8 500 ადამიანს ესაჭიროება დახმარება, რომ უფრო მეტი გაიგონ ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ. ჰააპაი, უმთავრესად, შედგება უმთაგორაკო კუნძულებისგან, რომლებიც პალმებითა და გრძელი თეთრქვიშიანი პლაჟებითაა დამშვენებული. ოკეანის წყალი იმდენად სუფთაა, რომ ხშირად 30 მეტრის სიღრმემდე შეიძლება თვალის ჩაწვდომა. მართლაც არაჩვეულებრივია მარჯნის რიფებსა და სხვადასხვა ფერის ასზე მეტი სახეობის ტროპიკულ თევზებს შორის ცურვა. ჩვეულებრივ, აქ პატარა დასახლებებია. სახლები, თუმცა უბრალოა, ისეა აშენებული, რომ ტროპიკულ ციკლონებს გაუძლოს.
მანგოსა და პურის ხეები აქაურ მოსახლეობას საკვებითაც უზრუნველყოფს და ჩრდილითაც. ყოველდღიური ყოფის მნიშვნელოვანი ნაწილი საკვების შეგროვება და მომზადებაა. კუნძულელთა რაციონში ასევე შედის ღორის ხორცი და ზღვის პროდუქტები. მიწის ნაკვეთებზე მოჰყავთ ბოსტნეული. დაუმუშავებელ ადგილებზე იზრდება ციტრუსები. მრავლადაა ქოქოსის ხეები და ბანანის პლანტაციები. ბალახებით, ფოთლებით, ხის ქერქითა და ფესვებით მკურნალობის მეთოდები თაობიდან თაობას გადაეცემა.
და მაინც, ყველაზე ძვირფასი ჰააპაიზე მეგობრული ხალხია. ისინი ადვილად ეგუებიან აქ არსებულ მშვიდ გარემოს. მათი ცხოვრების სტილი უბრალოებით გამოირჩევა. ქალების უმრავლესობა დაკავებულია კალათების დაწვნით, ხის ქერქისგან ტანსაცმლის დამზადებითა და ხალიჩების ქსოვით. მუშაობისას აქაური ქალები ერთად ზიან ხის ჩრდილში, საუბრობენ, მღერიან და იცინიან; ხშირად მათ გვერდით ბავშვები ჰყავთ — პატარებს ან სძინავთ, ან იქვე ახლოს ერთობიან. წყლის მიმოქცევის დროს ქალები რიფებში ეძებენ მოლუსკებსა და ზღვის სხვა ბინადრებს, ასევე ხრაშუნა წყალმცენარეებს, რომლისგანაც გემრიელ სალათებს ამზადებენ.
მამაკაცთა უმეტესობა ძირითად დროს მებაღეობას, მეთევზეობას, ჩუქურთმების კეთებას, ნავების დამზადებასა და ბადეების შეკეთებას უთმობს. მამაკაცები, ქალები და ბავშვები კუნძულიდან კუნძულზე პატარა თევზსაჭერი ნავებით გადადიან, რათა ესტუმრონ ნათესავებს, მიიღონ საჭირო სამედიცინო დახმარება და გაყიდონ ან იყიდონ სხვადასხვა პროდუქტები.
სასიხარულო ცნობა დაშორებულ ადგილებსაც აღწევს
აი ასეთ იდეალურ ადგილზე ჩავიდნენ ორი მისიონერი და ორი პიონერი 2002 წლის გახსენების საღამოს წინა პერიოდში. მათთან გაცნობის შემდეგ ხალხი ჰააპაიზე იეჰოვას მოწმეთა მიერ გამოცემულ ლიტერატურას იღებდა; ზოგმა ბიბლიის შესწავლაც კი დაიწყო.
ბიბლიის ამ ოთხ მასწავლებელს სამი მიზანი ჰქონდა დასახული: ბიბლიური ლიტერატურის დატოვება, ბიბლიის შესწავლების დაწყება და დაინტერესებულების მიწვევა უფლის გახსენების საღამოზე. მათ სამივე მიზანს მიაღწიეს. იესოს სიკვდილის გახსენების საღამოზე დასწრების მოწვევას 97 ადამიანი გამოეხმაურა. ძლიერი წვიმისა და ქარის მიუხედავად, შეხვედრის ადგილზე ზოგი გადაუხურავი ნავებით ჩავიდა. ცუდი ამინდის გამო ბევრი იმ ღამეს გახსენების საღამოს ჩატარების ადგილზე დარჩა და სახლებში მომდევნო დღეს დაბრუნდნენ.
არანაკლები სირთულის წინაშე იყო მომხსენებელიც. „არ შემიძლია სიტყვებით გადმოვცე, თუ როგორ მაშინებდა ის, რომ ერთ საღამოს უცხო ენაზე გახსენების საღამოსთან დაკავშირებული ორი მოხსენებით უნდა გამოვსულიყავი, — იხსენებს მისიონერი, რომელიც მოხსენებით გამოვიდა. — ძალიან ვღელავდი. მაგრამ ლოცვამ დიდი დახმარება გამიწია! მე თვითონ მიკვირდა, ისეთი სიტყვები და ფრაზები მახსენდებოდა“.
იმის შედეგად, რომ მაუწყებლები ჰააპაის კუნძულებზე გამოვლენილ ინტერესს აღვივებდნენ, იმ მხარეში ორი წყვილი მოინათლა. ერთ-ერთი მათგანი მაშინ დაინტერესდა იეჰოვას მოწმეთა ლიტერატურით, როდესაც ადგილობრივ ეკლესიაში მსახურებისთვის ემზადებოდა.
მატერიალური სიდუხჭირის მიუხედავად ეს მამაკაცი და თავისი ცოლი საკმაოდ დიდ თანხას სწირავდნენ ეკლესიას, როდესაც თანხის აკრეფის ყოველწლიური რიტუალის დროს მათ სახელსა და გვარს აცხადებდნენ. ერთმა მოწმემ, რომელსაც ადრე ნასაუბრები ჰქონდა ამ მამაკაცთან, შესთავაზა მას ბიბლიის გადაშლა და 1 ტიმოთეს 5:8-ის ამოკითხვა, სადაც პავლე მოციქული ამბობს: „ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებზე, რწმენა უარყო და ურწმუნოზე უარესია“. ეს ბიბლიური პრინციპი შეეხო ამ მამაკაცის გულს. მან დაინახა, რომ ეკლესიის მეტისმეტი ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებით ოჯახის საჭიროებებს უგულებელყოფდა. თანხის აკრეფის მომდევნო ყოველწლიური რიტუალის დროს მას არ დავიწყებია 1 ტიმოთეს 5:8 მიუხედავად იმისა, რომ ჯიბეში ფული ჰქონდა. როდესაც მისი სახელი და გვარი გამოაცხადეს, მან თამამად უთხრა მღვდელს, რომ მისთვის ოჯახის საჭიროებებზე ზრუნვა უფრო მნიშვნელოვანი იყო. შედეგად, ეკლესიის უხუცესებმა ეს ცოლ-ქმარი ყველას წინაშე დაამცირეს და შეურაცხყვეს.
იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლის შემდეგ ეს მამაკაცი და მისი ცოლი სასიხარულო ცნობის მაუწყებლები გახდნენ. ქმარი ამბობს: „ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ სრულიად შემცვალა. მე უკვე აღარ ვარ სასტიკი და უხეში ოჯახის წევრების მიმართ. აღარც გადაჭარბებულად ვსვამ. ჩემი თანასოფლელები ხედავენ, როგორ შეცვალა ჭეშმარიტებამ ჩემი ცხოვრება. ვიმედოვნებ, რომ ისინიც ჩემსავით შეიყვარებენ ჭეშმარიტებას“.
„ქვესტი“ თავის როლს ასრულებს
2002 წლის გახსენების საღამოდან რამდენიმე თვის შემდეგ შორს მდებარე ჰააპაის კიდევ ერთი გემი მიადგა ფასდაუდებელი განძით. 18–მეტრიანმა იახტა „ქვესტმა“ ტონგას კუნძულებისკენ გეზი ახალი ზელანდიიდან აიღო. იახტაზე გარი, ჰეტი და მათი ქალიშვილი ქეითი იმყოფებოდნენ. ორი მოგზაურობის დროს მათ თან ახლდნენ ცხრა ტონგელი და–ძმა და ორი მისიონერი. ადგილობრივი მოწმეები მარჯვედ ეხმარებოდნენ მათ გემის მართვაში; მათ ხანდახან ისეთ რიფებს შორისაც უწევდათ გასვლა, რომლებიც საზღვაო რუკაზე აღნიშნული არ იყო.ეს სულაც არ იყო გასართობი მოგზაურობები. მოგზაურთა მიზანი ხალხისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლება იყო. 14 კუნძულის მოსანახულებლად მათ ოკეანეში საკმაოდ დიდი მანძილი გაიარეს. ზოგ კუნძულზე სასიხარულო ცნობა მანამდე არასოდეს ყოფილა ნაქადაგები.
როგორ გამოეხმაურა ხალხი ქადაგებას? როგორც წესი, მაუწყებლებს ინტერესით, თბილად და კუნძულელთათვის დამახასიათებელი ტრადიციული სტუმართმოყვარეობით ხვდებოდნენ. კუნძულზე მცხოვრები ხალხი გულწრფელ მადლიერებას ავლენდა, როდესაც მათი სტუმრობის მიზანს იგებდნენ. ჩასულმა მოწმეებმა დაინახეს, რომ ისინი დიდ პატივს სცემდნენ ღვთის სიტყვას და სულიერს იყვნენ მოწყურებულნი (მათე 5:3).
ჩასული მაუწყებლები ხშირად ტროპიკული ხეების ქვეშ გარშემორტყმულნი იყვნენ მსმენელებით, რომლებსაც უამრავი ბიბლიური კითხვა ჰქონდათ. შებინდებისას ბიბლიურ თემაზე საუბრები სახლებში გრძელდებოდა. ერთ კუნძული ხალხი წასასვლელად გამზადებულ მოწმეებს მთელი გულით სთხოვდა: „ნუ წახვალთ! ვინ გვიპასუხებს ჩვენს კითხვებზე თქვენი წასვლის შემდეგ?“ ერთმა მოწმემ თქვა: „ყოველთვის გვიჭირდა ამდენი ცხვრისმაგვარი ადამიანის დატოვება, რომლებიც ჭეშმარიტებას ასე ძლიერ იყვნენ მოწყურებულნი. ჭეშმარიტებას მართლაც ბევრი გამოეხმაურა დადებითად!“ როდესაც „ქვესტი“ ერთ–ერთ კუნძულს მიადგა, მოწმეებმა შეამჩნიეს, რომ ყველას სამგლოვიარო სამოსელი ეცვა. ერთ–ერთი თანამდებობის პირის ცოლი ახალი დაღუპული იყო. ამ თანამდებობის პირმა პირადად გადაუხადა მადლობა ძმებს მანუგეშებელი ბიბლიური ცნობის გაზიარებისთვის.
ზოგი კუნძული ძნელად მისადგომი იყო. ჰეტი ამბობს: „ერთი კუნძულის ნაპირი მიუდგომელი იყო იახტისთვის. გარშემო ერთ მეტრზე ან უფრო მეტ სიმაღლეზე ოკეანიდან ამოშვერილი კლდეები იყო. ნაპირამდე მისვლა მხოლოდ ჩვენი პატარა, რეზინის გასაბერი ნავით შეგვეძლო. თავიდან ჩანთებს ვუგდებდით მათ, ვინც ნაპირიდან გვეხმარებოდა. შემდეგ, როგორც კი ნავი ნაპირთან შედარებით ახლოს მივიდოდა, მაშინვე ვხტებოდით, სანამ ტალღა ნავს უკან წაიღებდა“.
მაგრამ ყველა არ იყო შეჩვეული გემით მგზავრობას. ორკვირიანი მოგზაურობის შემდეგ კაპიტანმა მთავარ კუნძულზე, ტონგატაპუზე, დაბრუნების თაობაზე დაწერა: „წინ 18 საათიანი მგზავრობა გველის. შესვენების გარეშე ვერ შევძლებთ ამ მანძილის გავლას, რადგან ზოგი გემზე ცუდად ხდება. გვიხარია სახლში დაბრუნება, მაგრამ ძალიან გვწყდება გული, რადგანაც ვტოვებთ ამდენ ადამიანს, რომლებიც სამეფოს შესახებ ცნობას ისმენენ. მათ იეჰოვას ვანდობთ. დაე მისი წმინდა სული და ანგელოზები დაეხმარონ მათ სულიერ ზრდაში“.
კუნძულებზე ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი
„ქვესტის“ დაბრუნებიდან დაახლოებით ექვს თვეში ჰააპაის არქიპელაგზე საქადაგებლად დაინიშნა ორი სპეციალური პიონერი, სტივენი და მალაკი. აქ ისინი შეუერთდნენ ორ ახალმონათლულ წყვილს და ისინი ერთად ასწავლიდნენ ხალხს ბიბლიას. მაუწყებლებს საინტერესო საუბრები აქვთ სწავლების საკითხების გარშემო და ისინი დახელოვნებულად იყენებენ ბიბლიას.
2003 წლის 1 დეკემბერს ჰააპაიზე ჩამოყალიბდა კრება, რომელიც რიგით მეხუთეა ტონგაზე. დამსწრეთა შორის ბევრი ბავშვია. ისინი სწავლობენ შეხვედრებზე ყურადღებით ყოფნას; კრების დროს წყნარად ზიან და მოწადინებულნი არიან კომენტარებში მონაწილეობის მისაღებად. სარაიონო ზედამხედველმა აღნიშნა: «ბავშვებმა კარგად იციან „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“. ეს იმაზე მოწმობს, რომ მშობლები სერიოზულად ეკიდებიან თავიანთ პასუხისმგებლობას, ბავშვებში ბიბლიური ჭეშმარიტება ჩანერგონ». ნათელია, რომ ამ კუნძულებზე ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც შეიძლება გახდეს იეჰოვას მეგობარი.
70–ზე მეტი წლის წინათ, როდესაც ჩარლზ ვეტემ თავის მშობლიურ ტონგურ ენაზე თარგმნა ბროშურა „სად არის მიცვალებულთა სამყოფელი?“, ის ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, თუ როგორ გაიდგამდა ფესვებს მის თანამემამულეთა გულებში ბიბლიური ჭეშმარიტება. ასეთი მოკრძალებული დასაწყისის შემდეგ, იეჰოვა კვლავაც აკურთხებს სასიხარულო ცნობის ქადაგებას, რომელიც სულ უფრო ფართოვდება ჩვენი პლანეტის ამ ნაწილში. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტონგა იმ დაშორებულ კუნძულებს შორისაა, რომლებიც იეჰოვაზე ‘ამყარებენ იმედს’ (ფსალმუნები 96:1; ესაია 51:5, სსგ). ამჟამად „მეგობრობის კუნძულებზე“ იეჰოვას ბევრი მეგობარი ცხოვრობს.
[სურათი 8 გვერდზე]
ჩარლზ ვეტე, 1983 წელი.
[სურათი 9 გვერდზე]
ხის ქერქისგან ტანსაცმლის დამზადება.
[სურათი 10 გვერდზე]
„ქვესტმა“ თავისი როლი შეასრულა სასიხარულო ცნობის გავრცელებაში.
[სურათი 11 გვერდზე]
მთარგმნელობითი ჯგუფი ნუკუალოფაში.
[სურათის საავტორო უფლებები 9 გვერდზე]
Making tapa cloth: © Jack Fields/CORBIS; background of pages 8 and 9, and fishing: © Fred J. Eckert