საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ხელახლა დაბადება გადარჩენის ერთადერთი გზაა?
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 აპრილი
    • ხელახლა დაბადება გადარჩენის ერთადერთი გზაა?

      ქრისტიანული რელიგიების მილიონობით მიმდევარს სწამს, რომ ხელახლა არის დაბადებული. მათ მიაჩნიათ, რომ ხელახლა დაბადება ჭეშმარიტი ქრისტიანების ამოსაცნობი ნიშანია და გადარჩენის ერთადერთი გზაა. ისინი იზიარებენ რელიგიური წინამძღოლისა და თეოლოგის, რობერტ სპრაულის სიტყვებს: „თუ ადამიანი ხელახლა არ არის დაბადებული, . . ის ქრისტიანი არ არის“.

      თქვენც გწამთ, რომ ხელახლა დაბადება გადარჩენის ერთადერთი გზაა? თუ დიახ, ალბათ, ძალიან გსურთ, დაეხმაროთ ნათესავებსა და მეგობრებს, რომ ისინიც ამ გზას დაადგნენ. მაგრამ ამისათვის მათ უნდა იცოდნენ, რა სხვაობაა ხელახლა დაბადებულ ადამიანსა და იმ ადამიანს შორის, ვინც ხელახლა არ დაბადებულა. როგორ აუხსნით სხვებს, რას ნიშნავს „ხელახლა დაბადება“?

      ბევრის აზრით, „ხელახლა დაბადებული“ არის ის, ვინც გულწრფელად დებს აღთქმას, რომ ემსახურება ღმერთსა და ქრისტეს; ასეთი ადამიანი იცვლის ცხოვრების წესს და ღმერთთან კარგ ურთიერთობას ავითარებს.

      რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბიბლია არ ეთანხმება ამ აზრს. გსურთ გაიგოთ, რას ასწავლის ღვთის სიტყვა სინამდვილეში ხელახლა დაბადების შესახებ? თქვენთვის სასარგებლო იქნება ამ საკითხის უკეთ გაგება, რადგან ხელახლა დაბადების შესახებ საფუძვლიანი ცოდნა გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე და მომავლის შესახებ თქვენი მოლოდინი შეიცვლება.

      რას გვასწავლის ბიბლია?

      „ხელახლა დაბადება“ ბიბლიაში მხოლოდ ერთ ადგილას, იოანეს 3:1—12-ში გვხვდება. ამ მუხლებში აღწერილია იესოსა და იუდეველ რელიგიურ წინამძღოლს შორის გამართული საინტერესო საუბარი. ბიბლიის ეს მონაკვეთი მოყვანილია შემდეგ გვერდზე მოცემულ ჩარჩოში. კარგი იქნება, თუ მას გულდასმით წაიკითხავთ.

      ამ საუბრის დროს იესომ „ხელახლა შობის“a რამდენიმე მხარეზე გაამახვილა ყურადღება. იესოს სიტყვების განხილვა ქვემოთ მოცემულ ხუთ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხების გაცემაში დაგვეხმარება.

      ◼ რატომ არის აუცილებელი ხელახლა შობა?

      ◼ თავად წყვეტს ადამიანი, ხელახლა იშვება თუ არა?

      ◼ რა მიზანს ემსახურება ხელახლა შობა?

      ◼ როგორ ხდება ხელახლა შობა?

      ◼ როგორი ურთიერთობა აქვთ ხელახლა შობილებს ღმერთთან?

      მოდი თანმიმდევრულად განვიხილოთ ეს საკითხები.

      [სქოლიო]

      a გამოთქმა „ხელახლა შობა“ გვხვდება 1 პეტრეს 1:3, 23-ში და ისიც „ხელახლა დაბადებაზე“ მიუთითებს. ორივე გამოთქმა მომდინარეობს ბერძნული ზმნიდან „იენაო“.

      [ჩარჩო⁄სურათი 4 გვერდზე]

      „ხელახლა უნდა დაიბადოთ“

      «იყო ერთი ფარისეველი, სახელად ნიკოდემე, იუდეველთა მმართველი. ღამით იგი იესოსთან მივიდა და უთხრა: „რაბი, ვიცით, რომ ღვთისგან მოსული მოძღვარი ხარ, რადგან ვერავინ მოახდენს იმ ნიშნებს, შენ რომ ახდენ, თუ მასთან ღმერთი არ არის“. იესომ მიუგო: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: თუ კაცი ხელახლა არ დაიბადება, ვერ იხილავს ღვთის სამეფოს“. ნიკოდემემ ჰკითხა მას: „მოხუცი კაცი ხელახლა როგორღა დაიბადება? ხელმეორედ ხომ არ შევა დედამისის მუცელში და ისე ხომ არ დაიბადება?“ იესომ უპასუხა: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: თუ კაცი წყლისა და სულისგან არ დაიბადება, ვერ შევა ღვთის სამეფოში. ხორცისგან შობილი ხორცია, სულისგან შობილი კი — სული. ნუ გიკვირს, რომ გითხარი ხელახლა უნდა დაიბადოთ-მეთქი. ქარი იქით უბერავს, საითაც მოისურვებს. მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და საით მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისგან არის შობილი“. ნიკოდემემ მიუგო მას: „როგორ შეიძლება მოხდეს ყოველივე ეს?“ იესომ უპასუხა: „ისრაელის მოძღვარი ხარ და როგორ არ იცი? ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: რაც ვიცით, იმას ვლაპარაკობთ, და რაც გვინახავს, იმაზე ვმოწმობთ, მაგრამ თქვენ არ იღებთ ჩვენს დამოწმებას. თუ მიწიერზე გელაპარაკეთ და არ გწამთ, როგორ ირწმუნებთ, ზეციურზე რომ გელაპარაკოთ?“» (იოანე 3:1—12).

  • ხელახლა შობა რატომ არის აუცილებელი?
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 აპრილი
    • ხელახლა შობა რატომ არის აუცილებელი?

      ნიკოდემესთან საუბრისას იესომ აღნიშნა, რომ ხელახლა შობას ანუ ხელახლა დაბადებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. საიდან გამოჩნდა ეს?

      ხელახლა შობაზე საუბრისას იესომ თქვა: „თუ კაცი ხელახლა არ დაიბადება, ვერ იხილავს ღვთის სამეფოს“ (იოანე 3:3). სიტყვები „თუ“ და „ვერ“ ხელახლა შობის აუცილებლობაზე მიუთითებს. მოვიყვანოთ მაგალითი: როდესაც ვინმე ამბობს, „თუ მზე არ გაანათებს, ვერ გათენდება“, ის გულისხმობს, რომ მზე აუცილებელია დღის სინათლისთვის. მსგავსადვე, იესოს სიტყვების თანახმად, ხელახლა დაბადება აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანმა ‘ღვთის სამეფო იხილოს’.

      ვინმესთვის გაუგებარი რომ არ დარჩენილიყო ეს საკითხი, იესომ ბოლოს თქვა: „ხელახლა უნდა დაიბადოთ“ (იოანე 3:7). იესოს სიტყვების თანახმად, ადამიანი ‘ღვთის სამეფოში რომ შევიდეს’, ხელახლა უნდა დაიბადოს (იოანე 3:5).

      რამდენადაც იესო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ხელახლა შობას, ქრისტიანებს კარგად უნდა ესმოდეთ ეს საკითხი. როგორ ფიქრობთ, თავად წყვეტს ქრისტიანი, ხელახლა დაიბადება თუ არა?

      [ჩანართი 5 გვერდზე]

      „თუ მზე არ გაანათებს, ვერ გათენდება“

  • ხელახლა შობა პირადი გადაწყვეტილებაა?
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 აპრილი
    • ხელახლა შობა პირადი გადაწყვეტილებაა?

      ვინ წყვეტს, ხელახლა დაიბადება თუ არა ადამიანი? როდესაც ზოგი მქადაგებელი მსმენელებს მოუწოდებს, ხელახლა იშვან, ისინი ციტირებენ იესოს სიტყვებს: „ხელახლა უნდა დაიბადოთ“ (იოანე 3:7). ამ გამოთქმიდან გამომდინარე, ეს მქადაგებლები ხალხს მოუწოდებენ: „ხელახლა დაიბადეთ!“ ისინი ქადაგებენ, რომ თითოეული მორწმუნე უნდა დაემორჩილოს იესოს და ხელახლა შობისთვის საჭირო ნაბიჯები გადადგას. მათი სიტყვებიდან გამომდინარე, ადამიანი თავად წყვეტს, ხელახლა იშვება თუ არა. მაგრამ ეთანხმება ეს იესოს სიტყვებს, რომლებიც მან ნიკოდემეს უთხრა?

      თუ ყურადღებით წავიკითხავთ იესოს სიტყვებს, დავინახავთ, რომ ადამიანი თავად არ წყვეტს, ხელახლა იშვება თუ არა. საიდან ჩანს ეს? „ხელახლა დაბადებად“ ნათარგმნი ბერძნული გამოთქმა შეიძლება „მაღლიდან შობადაც“ ითარგმნოს.a აქედან გამომდინარე, ხელახლა შობა ხდება „მაღლიდან“, ესე იგი ზეციდან ანუ „მამისგან“ (იოანე 19:11; იაკობი 1:17). ამგვარად, ღმერთი წყვეტს, ვინ იშვება ხელახლა (1 იოანე 3:9).

      თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელახლა დაბადება „მაღლიდან“ ხდება, რთული გასაგები არაა, რატომ არ შეუძლია ადამიანს თავად გადაწყვიტოს, ხელახლა იშვება თუ არა. დაფიქრდით შემდეგზე: თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ფიზიკურად დაბადებულიყავით? ცხადია, არა. ეს მამათქვენის გადაწყვეტილება იყო. მსგავსადვე, ზეციერი ღმერთი წყვეტს, ვინ იშვება ხელახლა (იოანე 1:13). მოციქულმა პეტრემ მართებულად აღნიშნა: „კურთხეული იყოს ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა, რომელმაც დიდი გულმოწყალებით გვშობა ხელახლა“ (1 პეტრე 1:3).

      მოთხოვნაა „ხელახლა დაბადება“?

      ზოგმა შეიძლება იკითხოს: „თუ ადამიანს თავად არ შეუძლია გადაწყვიტოს, ხელახლა დაიბადება თუ არა, რატომ თქვა იესომ, ხელახლა უნდა დაიბადოთო?“ მართლაც, თუ იესოს ეს სიტყვები მოთხოვნაა, გამოდის, რომ ის ისეთ რამეს მოითხოვს, რაც ჩვენს ძალებს აღემატება. ეს ხომ ალოგიკურია! მაშ, რას ნიშნავს სიტყვები „ხელახლა უნდა დაიბადოთ“?

      თუ დაწვრილებით გამოვიკვლევთ ამ ფრაზას დედნისეულ ენაზე, დავინახავთ, რომ ის არ არის ბრძანებით კილოში დაწერილი, ანუ არ არის მოთხოვნა. პირიქით, ის თხრობით კილოშია ნათქვამი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა იესომ თქვა, „ხელახლა უნდა დაიბადოთ“, ამით მას მოთხოვნა კი არ წაუყენებია, არამედ უბრალოდ ფაქტს გაუსვა ხაზი. იესომ თქვა: „საჭიროა, მაღლიდან იშვათ“ (იოანე 3:7, იანგის თანამედროვე სიტყვასიტყვითი თარგმანი).

      ეს რომ უკეთესად გავიგოთ, მოვიყვანოთ ასეთი შედარება. დავუშვათ, რომ ერთ ქალაქში რამდენიმე სასწავლებელია. აქედან ერთ-ერთ სასწავლებელში სწავლა შეუძლიათ მხოლოდ კონკრეტულ რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს. ერთი ახალგაზრდა მიდის ამ სასწავლებლის დირექტორთან და ეუბნება, რომ მის სასწავლებელში სურს სწავლა. დირექტორი პასუხობს: „ჩვენთან რომ ისწავლო, ამ რაიონის მკვიდრი უნდა იყო“. რა თქმა უნდა, დირექტორის სიტყვები ბრძანება არ არის. მას არ უბრძანებია ახალგაზრდისთვის, რომ ამ რაიონში გადასულიყო საცხოვრებლად. დირექტორმა უბრალოდ აუხსნა მას, რომ საჭირო იყო, ამ რაიონის მკვიდრი ყოფილიყო ანუ დაანახვა, რა მოეთხოვებოდა ამ სასწავლებელში შესასვლელად. მსგავსად, როცა იესომ უთხრა ხალხს, „ხელახლა უნდა დაიბადოთო“, მან უბრალოდ დაანახვა მათ, რა მოეთხოვებოდათ ‘ღვთის სამეფოში შესასვლელად’.

      ეს სიტყვები — ღვთის სამეფო — ხელახლა შობასთან დაკავშირებით კიდევ ერთ კითხვას წამოჭრის: რა მიზანი აქვს ხელახლა შობას? ამ კითხვაზე პასუხის ცოდნა დაგვეხმარება, ზუსტად გავიგოთ, რას ნიშნავს ხელახლა დაბადება.

      [სქოლიო]

      a ასე თარგმნის იოანეს 3:3-ს ბიბლიის ზოგი გამოცემა. მაგალითად, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“ ამ მუხლს შემდეგნაირად გადმოსცემს: „თუ ვინმე მაღლიდან არ იშობა, ვერ შეძლებს ღმერთის სასუფევლის ხილვას“.

      [სურათი 6 გვერდზე]

      რით ჰგავს ხელახლა დაბადება ფიზიკურად დაბადებას?

  • ხელახლა შობა რა მიზანი აქვს მას?
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 აპრილი
    • ხელახლა შობა რა მიზანი აქვს მას?

      ბევრს სჯერა, რომ ხელახლა დაბადება მარადიული ხსნისთვის არის საჭირო. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა იესომ ხელახლა შობის შესახებ: „თუ კაცი ხელახლა არ დაიბადება, ვერ იხილავს ღვთის სამეფოს“ (იოანე 3:3). ამგვარად, ხელახლა დაბადება იმისთვისაა საჭირო, რომ ადამიანი ღვთის სამეფოში შევიდეს და არა იმისთვის, რომ მარადიული ხსნა მოიპოვოს. მაგრამ შეიძლება ვინმემ იკითხოს: „განა ერთი და იგივე არ არის ღვთის სამეფოში შესვლა და ხსნის მოპოვება?“ რა თქმა უნდა, არა. მათ შორის განსხვავების დასანახვებლად, თავდაპირველად განვიხილოთ, რას ნიშნავს გამოთქმა „ღვთის სამეფო“.

      სამეფო ხელისუფლებაა. ასე რომ, გამოთქმა „ღვთის სამეფო“ ნიშნავს „ღვთის ხელისუფლებას“. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღვთის სამეფოს მეფე არის იესო ქრისტე, „კაცის ძე“, რომელსაც ჰყავს თანამმართველები (დანიელი 7:1, 13, 14; მათე 26:63, 64). ამასთანავე, მოციქული იოანეს ხილვიდან ჩანს, რომ ეს თანამმართველები არჩეულნი არიან „ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან“ და ისინი „მეფეები იქნებიან, დედამიწის მმართველები“ (გამოცხადება 5:9, 10; 20:6). ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ ისინი, ვინც იესო ქრისტესთან ერთად იმმართველებენ, ქმნიან „მცირე სამწყსოს“. მათი რიცხვი 144 000-ია და ისინი ‘დედამიწიდან არიან ნაყიდნი’ (ლუკა 12:32; გამოცხადება 14:1, 3).

      საიდან იმმართველებს ღვთის სამეფო? „ღვთის სამეფოს“ აგრეთვე „ზეციერი სამეფო“ ეწოდება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ იესო და მისი თანამეფეები ზეციდან იმმართველებენ (ლუკა 8:10; მათე 13:11). ამგვარად, ღვთის სამეფო არის ზეციერი ხელისუფლება, რომელშიც შედიან იესო ქრისტე და ადამიანთაგან ამორჩეული თანამმართველები.

      მაშ, რას გულისხმობდა იესო, როცა თქვა, რომ „ღვთის სამეფოში შესასვლელად“ ადამიანი ხელახლა უნდა დაბადებულიყო? იმას, რომ ხელახლა დაბადება მას სჭირდებოდა, ვინც ქრისტესთან ერთად იმმართველებდა ზეცაში. ამგვარად, ხელახლა შობის მიზანია, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ზეცაში მეფობისთვის მომზადდეს.

      როგორც დავინახეთ, ხელახლა შობას დიდი მნიშვნელობა აქვს, ის ღვთისგან ხდება და იმ მიზანს ემსახურება, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ზეცაში მეფობისთვის მომზადდეს. მაგრამ, როგორ ხდება ხელახლა შობა?

      [ჩანართი 7 გვერდზე]

      ხელახლა შობის მიზანია, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ზეცაში მეფობისთვის მომზადდეს

      [სურათი 7 გვერდზე]

      იესო ქრისტე და ადამიანთაგან ამორჩეული თანამმართველები ღვთის სამეფოში იმეფებენ

  • ხელახლა შობა როგორ ხდება ის?
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 აპრილი
    • ხელახლა შობა როგორ ხდება ის?

      ნიკოდემესთან საუბრისას იესომ არა მხოლოდ ის აღნიშნა, თუ რატომ არის ხელახლა შობა მნიშვნელოვანი, ვისგან ხდება ის და რა მიზანს ემსახურება, არამედ ისიც, თუ როგორ ხდება ხელახლა შობა. იესომ თქვა: „თუ კაცი წყლისა და სულისგან არ დაიბადება, ვერ შევა ღვთის სამეფოში“ (იოანე 3:5). ამგვარად, ადამიანი წყლისა და სულისგან იბადება ხელახლა. მაგრამ რას ნიშნავს გამოთქმა „წყლისა და სულისგან“ დაბადება?

      რას ნიშნავს „წყალი და სული“?

      ნიკოდემე იუდეველთა რელიგიური წინამძღოლი იყო. უდავოა, მას კარგად ეცოდინებოდა, რომ ებრაულ წერილებში გამოყენებული გამოთქმა „ღვთის სული“ მიუთითებდა ღვთის მოქმედ ძალაზე, რომლის გავლენითაც ადამიანებს საოცარი საქმეების გაკეთება შეეძლოთ (დაბადება 41:38; გამოსვლა 31:3; 1 სამუელი 10:6). ასე რომ, იესოს მიერ სიტყვა „სულის“ ხსენებისას ნიკოდემესთვის გასაგები იქნებოდა, რომ იესო წმინდა სულს, ღვთის მოქმედ ძალას გულისხმობდა.

      რა იგულისხმება სიტყვა „წყალში“? სახარებებში ვკითხულობთ, რომ იესოსთან ნიკოდემეს მისვლამდე და მათი საუბრის შემდეგ იოანე ნათლისმცემელი და იესოს მოწაფეები ხალხს წყალში ნათლავდნენ (იოანე 1:19, 31; 3:22; 4:1—3). იერუსალიმში ყველამ იცოდა, რას ნიშნავდა წყალში ნათლობა. ამიტომ წყლის ხსენებაზე ნიკოდემე მიხვდებოდა, რომ იესო უბრალოდ წყალზე კი არა, წყალში ნათლობაზე ლაპარაკობდა.

      „წმინდა სულით“ მონათვლა

      თუ ‘წყლისგან დაბადება’ წყალში ნათლობაზე მიუთითებს, მაშინ რას ნიშნავს ‘სულისგან დაბადება’? ვიდრე ნიკოდემე იესოსთან მივიდოდა, იოანე ნათლისმცემელი ხალხს ეუბნებოდა, რომ ნათლობისას არა მხოლოდ წყალი, არამედ სულიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა. „მე წყლით მოგნათლეთ, ის [იესო] კი წმინდა სულით მოგნათლავთ“, — ამბობდა იოანე (მარკოზი 1:7, 8). სახარების დამწერი მარკოზი გვამცნობს, როდის მოხდა ასეთი ნათლობა: „იმ დღეებში გალილეის ნაზარეთიდან მოვიდა იესო და იოანემ ის იორდანეში მონათლა. ამოვიდა თუ არა წყლიდან, დაინახა, რომ ცა გაიხსნა და სული მტრედის სახით ეშვებოდა მასზე“ (მარკოზი 1:9, 10). როდესაც იესო წყალმა დაფარა, ის წყლით მოინათლა; ამავე დროს, მასზე სული გადმოვიდა ზეციდან და ის წმინდა სულითაც მოინათლა.

      თავისი ნათლობიდან დაახლოებით სამი წლის შემდეგ იესომ მოწაფეებს უთხრა: „მალე წმინდა სულით მოინათლებით“ (საქმეები 1:5). როდის მოხდა ეს?

      ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იესოს დაახლოებით 120 მოწაფე იერუსალიმში ერთ სახლში იყო შეკრებილი. „უეცრად ციდან ხმაური გაისმა, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ. მათ თითქოს ცეცხლის ენები დაინახეს . . . [და] აღივსო ყველა წმინდა სულით“ (საქმეები 2:1—4). იმავე დღეს იერუსალიმში მრავალი მოინათლა წყალში. პეტრე მოციქულმა უთხრა შეკრებილ ხალხს: „მოინანიეთ და მოინათლეთ იესო ქრისტეს სახელით, რათა ცოდვები მოგეტევოთ, და მიიღებთ უსასყიდლო ძღვენს — წმინდა სულს“. როგორ მოიქცა ხალხი? „ვინც მთელი გულით მიიღო მისი სიტყვა, მოინათლა და იმ დღეს დაახლოებით სამი ათასი სული შეემატათ“ (საქმეები 2:38, 41).

      ორმაგი ნათლობა

      რა კავშირშია ეს ორი ნათლობა ხელახლა შობასთან? ხელახლა შობა ამ ორი ნათლობით ხდება. ყურადღება მიაქციეთ, რომ იესო პირველად წყალში მოინათლა, შემდეგ წმინდა სული მიიღო. პირველი მოწაფეებიც ჯერ წყალში მოინათლნენ (მათგან ზოგი იოანე ნათლისმცემელმა მონათლა), შემდეგ კი წმინდა სული მიიღეს (იოანე 1:26—36). მსგავსად მოხდა 3 000 მოწაფის შემთხვევაშიც.

      დღეს როგორღა ხდება ხელახლა შობა? ზუსტად ისე, როგორც ეს იესოს მოციქულებისა და მოწაფეების შემთხვევაში მოხდა. თავდაპირველად, ადამიანი ინანიებს ცოდვებს, ტოვებს არასწორ გზას, თავს უძღვნის იეჰოვას, რომ მას ემსახუროს, და ამას სახალხოდ აღიარებს წყალში ნათლობით. შემდეგ კი, თუ ღმერთი თავის სამეფოში მმართველად აირჩევს, მას წმინდა სულით სცხებს. პირველი ნათლობა (წყალში მონათვლა) ადამიანის სურვილით ხდება, მეორე ნათლობა კი (სულით მონათვლა) — ღვთის ნებით. ხელახლა შობილი ის არის, ვინც ამ ორი ნათლობით ინათლება.

      მაგრამ, რატომ ახსენა იესომ ნიკოდემესთან საუბარში „წყლისა და სულისგან დაბადება“? იმიტომ, რომ წყლითა და სულით მონათლული ადამიანის ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები ხდება. ეს საკითხი შემდეგ სტატიაში იქნება განხილული.

      [სურათი 9 გვერდზე]

      იოანე წყალში ნათლავდა ისრაელებს, რომლებიც ცოდვებს ინანიებდნენ

  • ხელახლა შობა რა ხდის მას შესაძლებელს?
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 აპრილი
    • ხელახლა შობა რა ხდის მას შესაძლებელს?

      რატომ გამოიყენა იესომ გამოთქმა ‘სულისგან დაბადება’, როდესაც წმინდა სულით ნათლობაზე ლაპარაკობდა? (იოანე 3:5). როცა გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენება, სიტყვა „დაბადებაში“ იგულისხმება „დასაწყისი“, მაგალითად ისეთ გამოთქმაში, როგორიცაა „ერის დაბადება“. აქედან გამომდინარე, „ხელახლა შობა“ მიუთითებს „ხელახალ დასაწყისზე“. სიტყვები „დაბადება“ და „ხელახლა შობა“ ხატოვანი გამოთქმებია და მიუთითებს იმ ახალ ურთიერთობაზე, რომელიც ღმერთსა და იმ ადამიანებს შორის იწყება, რომლებიც წმინდა სულით ინათლებიან. როდის იწყება ეს ახალი ურთიერთობა?

      მოციქულმა პავლემ მამა-შვილს შორის ურთიერთობის მაგალითი მოიყვანა იმის დასანახვებლად, თუ როგორ ამზადებს ღმერთი ადამიანებს ზეცაში მმართველობისთვის. მან თანაქრისტიანებს მისწერა, რომ ისინი ‘შვილებას მიიღებდნენ’ და ღმერთი მათ ‘შვილებივით მოეპყრობოდა’ (გალატელები 4:5; ებრაელები 12:7). დავუბრუნდეთ ერთ-ერთ წინა სტატიაში მოხსენიებული ახალგაზრდის მაგალითს, რათა პავლეს მიერ მოყვანილი მაგალითის საფუძველზე უკეთ გავიგოთ, რა ხდება მაშინ, როცა ადამიანი წმინდა სულით ინათლება.

      შვილებამ მდგომარეობა შეცვალა

      მაგალითში მოყვანილ ახალგაზრდას არ შეეძლო იმ რაიონის სასწავლებელში ესწავლა, რომლის მკვიდრიც არ იყო. მაგრამ ერთ დღესაც მის ცხოვრებაში დიდი ცვლილება მოხდა. ის იშვილა ერთმა კაცმა, რომელიც იმ რაიონის მკვიდრი იყო. ახლა ის უკვე სარგებლობდა ყველა უფლებით, რაც იმ რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს ჰქონდათ; მას ზემოთ აღნიშნულ სასწავლებელშიც შეეძლო სწავლა. შვილებამ მისი მდგომარეობა სრულიად შეცვალა.

      ეს მაგალითი გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის მათ ცხოვრებაზე, ვინც ხელახლა იბადება. მაგალითად, ახალგაზრდა იმ შემთხვევაში შეძლებდა აღნიშნულ სასწავლებელში შესვლას, თუ გარკვეულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა — ის კონკრეტული რაიონის მკვიდრი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ეს მასზე არ იყო დამოკიდებული. მსგავსად ამისა, ზოგიერთი ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იმმართველებს ღვთის სამეფოში, თუ დააკმაყოფილებს გარკვეულ მოთხოვნას ანუ „ხელახლა დაიბადება“. მაგრამ ხელახლა დაბადება მათზე კი არა, ღმერთზეა დამოკიდებული.

      შვილებამ ახალგაზრდის მდგომარეობა შეცვალა და არა თავად ის. მას შემდეგ, რაც შვილობისთვის საჭირო მოთხოვნები დააკმაყოფილა, მას ახალი სტატუსი მიენიჭა. ახალგაზრდამ ახალი ცხოვრება დაიწყო და, ასე ვთქვათ, „ხელახლა დაიბადა“. იმის წყალობით, რომ იშვილეს, მას სასწავლებელში სწავლის უფლება მიეცა და მამობილის ოჯახის წევრი გახდა.

      მსგავსად ამისა, იეჰოვამ არასრულყოფილ ადამიანთა განსაზღვრული რაოდენობა იშვილა, რის შემდეგაც მათი მდგომარეობა შეიცვალა. პავლე მოციქულმა, რომელიც ამ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, თანაქრისტიანებს მისწერა: «თქვენ . . . შვილების სული მიიღეთ, რომელი სულითაც ვღაღადებთ: „აბბა, მამა!“ ეს სული თვითონვე მოწმობს ჩვენს სულთან ერთად, რომ ღვთის შვილები ვართ» (რომაელები 8:15, 16). შვილობის საფუძველზე ეს ქრისტიანები ღვთის ოჯახის წევრები, ანუ „შვილები“ გახდნენ (1 იოანე 3:1; 2 კორინთელები 6:18).

      ცხადია, ღვთის შვილობით ეს ქრისტიანები არ შეცვლილან, ისინი კვლავაც არასრულყოფილები დარჩნენ (1 იოანე 1:8). პავლემ მოგვიანებით აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც შვილობისთვის საჭირო მოთხოვნები დააკმაყოფილეს, მათ ახალი სტატუსი მიიღეს. როცა ისინი ღმერთმა იშვილა, ღვთის სულმა დაუმოწმა მათ, რომ ქრისტესთან ერთად იქნებოდნენ ზეცაში (1 იოანე 3:2). როდესაც ასეთი უტყუარი დამოწმება მიიღეს წმინდა სულისგან, მათ სრულიად ახალი თვალსაზრისი განუვითარდათ ცხოვრებაზე (2 კორინთელები 1:21, 22). მათ დაიწყეს ახალი ცხოვრება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელახლა დაიბადნენ.

      ღვთის შვილების შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „ისინი იქნებიან ღვთისა და ქრისტეს მღვდლები და მასთან ერთად იმეფებენ ათას წელს“ (გამოცხადება 20:6). ღვთის შვილები იესოსთან ერთად ღვთის ზეციერ სამეფოში იმეფებენ. პეტრე მოციქულმა მათ მისწერა, რომ მიიღებდნენ „უხრწნელ, წაუბილწველ და უჭკნობელ მემკვიდრეობას“, რომელიც ‘ზეცაში ენახებათ’ (1 პეტრე 1:3, 4). ეს მართლაც ძვირფასი მემკვიდრეობაა!

      მაგრამ ამ მმართველობასთან დაკავშირებით წამოიჭრება კითხვა: თუ ხელახლა შობილნი ზეცაში იმმართველებენ, ვინ იქნებიან მათი ქვეშევრდომები? ეს საკითხი შემდეგ სტატიაში იქნება განხილული.

      [სურათი 10 გვერდზე]

      რა თქვა პავლემ შვილებაზე?

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება