თავი 29
„შეგიძულებთ ყველა ხალხი“
იესო ქრისტემ თავისი სიცოცხლის ბოლო საღამოს მოწაფეებს შეახსენა: „მონა თავის ბატონზე დიდი არ არის. თუ მე მდევნიდნენ, თქვენც გაგდევნიან, თუ ჩემი სიტყვა დაიცვეს, თქვენსასაც დაიცავენ. მაგრამ ყოველივე ამას ჩემი სახელის გამო გაგიკეთებენ, რადგან არ იცნობენ ჩემს გამომგზავნელს“ (იოან. 15:20, 21).
იესოს მხედველობაში არ ჰქონდა ის, რომ ასეთი შემთხვევები იშვიათად იქნებოდა. სამი დღით ადრე მან მოწაფეებს უთხრა: „შეგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო“ (მათ. 24:9).
თუმცა იესოს არ უთქვამს თავისი მიმდევრებისთვის, რომ დევნების დროს იარაღი გამოეყენებინათ (მათ. 26:48—52). მათ არც სიტყვიერი შეურაცხყოფა უნდა მიეყენებინათ თავიანთი მდევნელებისთვის და არც შური უნდა ეძიათ მათზე (რომ. 12:14; 1 პეტ. 2:21—23). ხომ შეიძლებოდა, ერთხელაც ეს მდევნელები მათი თანამორწმუნეები გამხდარიყვნენ?! (საქ. 2:36—42; 7:58—8:1; 9:1—22). შურისძიება მათ ღვთისთვის უნდა მიენდოთ (რომ. 12:17—19).
საყოველთაოდ ცნობილია, რომ რომის მთავრობა სასტიკად დევნიდა პირველი საუკუნის ქრისტიანებს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ იესო ქრისტეს უმთავრესად რელიგიური წინამძღოლები დევნიდნენ და რომის მმართველმა პონტიუს პილატემ მათი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ გასცა იესოს დასჯის ბრძანება (ლუკ. 23:13—25). იესოს სიკვდილის შემდეგ მისი მიმდევრების მდევნელები კვლავაც რელიგიური წინამძღოლები იყვნენ (საქ. 4:1—22; 5:17—32; 9:1, 2). დღესაც ხომ მსგავსი მდგომარეობაა?!
სამღვდელოება საჯარო დებატებს ითხოვს
მოკლე დროში ჩარლზ ტეიზ რასელის პუბლიკაციების ათობით მილიონი ეგზემპლარი გავრცელდა მრავალ ენაზე, ამიტომ კათოლიკე და პროტესტანტი მღვდლები უპასუხოდ ვერ დატოვებდნენ მის ნათქვამს. ბევრი მღვდელი განარისხა მათი სწავლებების არაბიბლიურად მოხსენიებამ და ეკლესიებიდან მრევლის წასვლამ, ამიტომ თავიანთ ქადაგებებში რასელის პუბლიკაციებს აკრიტიკებდნენ. ისინი მოუწოდებდნენ მრევლს, რომ ბიბლიის მკვლევარების მიერ გავრცელებული ლიტერატურა არ აეღოთ. ზოგი მათგანი მთავრობის წარმომადგენლებზე ცდილობდა ზეგავლენის მოხდენას, რათა ბიბლიის მკვლევარების საქმიანობა შეეჩერებინათ. შეერთებული შტატების ზოგ ქალაქში, მაგალითად ტამპაში (ფლორიდის შტატი), როკ-აილენდში (ილინოისის შტატი), უინსტონ-სეილემში (ჩრდილოეთ კაროლინის შტატი) და სკრანტონში (პენსილვანიის შტატი) ისინი ხელმძღვანელობდნენ რასელის წიგნების საჯაროდ დაწვას.
სამღვდელოების ზოგიერთი წარმომადგენელი ფიქრობდა, რომ რასელის გავლენას შეასუსტებდნენ, თუ მას საჯარო დებატების დროს გამოააშკარავებდნენ. დებატები მთავარ სამმართველოსთან ახლოს შედგა. მღვდლების ჯგუფმა თავიანთ წარმომადგენლად აირჩია ალეგანის (პენსილვანიის შტატი) ჩრდილოეთ ავენიუს მეთოდისტურ-ეპისკოპალური ეკლესიის პასტორი ი. იტონი. 1903 წელს იტონმა რასელი დებატებში გაიწვია და ძმა რასელმა ეს გამოწვევა მიიღო.
ამ დებატებზე განსახილველად ექვსი საკითხი გამოიტანეს. ძმა რასელი ამტკიცებდა, იტონი კი უარყოფდა, რომ მკვდრების სულები უგონო მდგომარეობაში იყვნენ; რომ ქრისტეს „მეორედ მოსვლა“ მისი ათასწლიანი მმართველობის წინ მოხდებოდა და ამ ორივე მოვლენის — ქრისტეს „მეორედ მოსვლისა“ და მისი ათასწლიანი მმართველობის მიზანი დედამიწაზე ყველა ოჯახის კურთხევა იყო; აგრეთვე პირველ აღდგომაში მონაწილეობას მიიღებდნენ „ევანგელიზაციის ეპოქაში“ მცხოვრები წმინდები, ხოლო უამრავ ხალხს გადარჩენის შესაძლებლობა ბოლო აღდგომის დროს მიეცემოდა. პასტორი იტონი ამტკიცებდა, ძმა რასელი კი უარყოფდა, რომ სიკვდილის შემდეგ გამოსაცდელი ვადა აღარავის ექნებოდა; ყველა გადარჩენილი ზეცაში ხვდებოდა; გამოუსწორებელი ბოროტმოქმედები კი — მარადიულ სატანჯველში. 1903 წელს ალეგანიში კარნეგი-ჰოლში ამ ექვს საკითხზე ექვსი შეხვედრა გაიმართა, რომელთა დროსაც დარბაზი სავსე იყო.
რა იდგა ამ დებატების უკან? მოგვიანებით, ამ საკითხის ისტორიული თვალსაზრისით განხილვის შემდეგ, ალბერტ ვანდენბერგმა დაწერა: „დებატები ტარდებოდა სხვადასხვა პროტესტანტული აღმსარებლობის წარმომადგენლის ზედამხედველობით. გარდა ამისა, იტონის გვერდით სცენაზე ისხდნენ სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის მსახურები, რათა მისთვის საჭირო ციტატები მოეძებნათ და მორალური მხარდაჭერა აღმოეჩინათ . . . პროტესტანტული ეკლესიების ეს არაოფიციალური გაერთიანება მიანიშნებდა მათ შიშზე, რომ რასელს შეეძლო ისინი თავის რწმენაზე მოექცია“ („Charles Taze Russell: Pittsburgh Prophet, 1879—1909“, გამოცემულია The Western Pennsylvania Historical Magazine, 1986 წლის იანვარი, გვ. 14).
ასეთი დებატები ხშირად არ ტარდებოდა. მათ ვერ მიაღწიეს იმ შედეგებს, რომლებიც სამღვდელოებას სურდა. იტონის მრევლიდან ზოგზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა 1903 წელს გამართულმა დებატებმა; მათ დატოვეს ეკლესია და ბიბლიის მკვლევარებს შეუერთდნენ. ერთმა მღვდელმა კი, რომელიც დებატებს ესწრებოდა, აღიარა, რომ რასელმა „ჯოჯოხეთს შლანგი მიუშვირა და ჩააქრო“. თუმცა ძმა რასელი თვლიდა, რომ ჭეშმარიტების საქმისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ ადამიანი თავის დროსა და ენერგიას დებატების ნაცვლად სხვა უფრო სასარგებლო საქმეებში დახარჯავდა.
სამღვდელოება არ წყვეტდა თავდასხმებს. როდესაც ძმა რასელი მოხსენებით გამოდიოდა დუბლინსა (ირლანდია) და ოტლიში (იორქშირის საგრაფო, ინგლისი) მღვდლებმა თავიანთი ხალხი შეგზავნეს დარბაზში, რათა რასელის ნათქვამზე პროტესტი გამოეთქვათ და ცრუ ბრალდებები წაეყენებინათ მისთვის. ძმა რასელი მოხერხებულად გამოდიოდა ასეთი სიტუაციებიდან და მისი პასუხები ყოველთვის ბიბლიას ეფუძნებოდა.
სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობის პროტესტანტი მღვდლები გაერთიანებული იყვნენ ევანგელისტურ ალიანსში. მათი წარმომადგენლები ბევრ ქვეყანაში აგიტაციას ეწეოდნენ რასელისა და იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც მის ლიტერატურას ავრცელებდა. მაგალითად, ტეხასში (აშშ) ბიბლიის მკვლევარებმა შეამჩნიეს, რომ ყველაზე პატარა ქალაქებსა თუ სოფლებშიც კი თითოეული მღვდელი ერთი და იმავე ცრუ ბრალდებით გამოდიოდა რასელის წინააღმდეგ და ერთი და იგივე არგუმენტები მოჰყავდა მისი სწავლებების დასამახინჯებლად.
რასელის წინააღმდეგ მიმართულ ასეთ ქმედებებს ზოგჯერ ისეთი შედეგები გამოჰქონდა, რასაც სამღვდელოება არ ელოდა. ნიუ-ბრანზუიკში (კანადა) მღვდელმა ეკლესიაში რასელის დამამცირებელი ქადაგება დაიწყო, ამ დროს აუდიტორიაში ერთი მამაკაცი იჯდა, რომელსაც პირადად ჰქონდა წაკითხული ძმა რასელის დაწერილი ლიტერატურა. ის განარისხა იმ ფაქტმა, რომ მქადაგებელმა განზრახ დაიწყო სიცრუის ლაპარაკი. შუა ქადაგების დროს ეს მამაკაცი, რომელმაც ამ ეკლესიის აშენებასა და ფინანსურ მხარდაჭერაზე იზრუნა, ფეხზე წამოდგა, მოკიდა ცოლს ხელი და დაუძახა თავის შვიდ ქალიშვილს, რომლებიც ეკლესიის გუნდში მღეროდნენ: „წამოდით გოგოებო, სახლში მივდივართ“. ცხრავემ მქადაგებლის თვალწინ დატოვა ეკლესია. მალე ამ რელიგიურმა ჯგუფმა საერთოდ შეწყვიტა არსებობა და მქადაგებელიც წავიდა იმ ტერიტორიიდან.
დაცინვა და ცილისწამება
სამღვდელოება რასელისა და მისი თანამოაზრეების გავლენის ჩასახშობად იმასაც კი ამტკიცებდა, რომ რასელი ქრისტიანი მსახური არ იყო. მსგავსად, პირველ საუკუნეში რელიგიური წინამძღოლები მოციქულ პეტრესა და იოანეს „უსწავლელ და უბრალო ადამიანებად“ თვლიდნენ (საქ. 4:13).
ძმა რასელს არ უსწავლია ქრისტიანული სამყაროს რომელიმე თეოლოგიურ სასწავლებელში, მაგრამ მან გაბედულად განაცხადა: „ჩვენ მოვითხოვთ, [სამღვდელოებამ] დაამტკიცოს, რომ ისინი ღვთისგან არიან დანიშნულნი ან ოდესმე ჰქონიათ ამისკენ სწრაფვა. ისინი მხოლოდ იმისკენ ისწრაფვიან, რომ დანიშვნა ან უფლებამოსილება თავიანთ სექტებში მიიღონ . . . ღვთის მიერ ნებისმიერი ადამიანის მქადაგებლად დანიშვნა ან ამ უფლებამოსილების მინიჭება წმინდა სულით ხდება. ასეთი ადამიანი წმინდა სულთან ერთად იღებს ძალასა და უფლებას, რათა ღვთის სახელით იქადაგოს და ასწავლოს; ხოლო მას, ვისაც წმინდა სული არა აქვს, არც ქადაგების უფლება აქვს ღვთისგან ნაბოძები (ეს. 61:1, 2).
რასელის რეპუტაციის შესალახავად ზოგიერთი მღვდელი მის შესახებ მტკნარ სიცრუეს ქადაგებდა და აქვეყნებდა. ერთ-ერთი საკითხი, რასაც ისინი ხშირად ეხებოდნენ, და დღესაც ეხებიან, მის ქორწინებას უკავშირდება. ისინი ცდილობდნენ, ხალხისთვის ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, თითქოს ძმა რასელი უზნეო ცხოვრებას ეწეოდა. რა ვითარება იყო სინამდვილეში?
1879 წელს ჩარლზ ტეიზ რასელი დაქორწინდა მარია ფრანსის ეკლიზე. მათ 13 წლის მანძილზე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. თუმცა მოგვიანებით სხვებმა მარიასადმი პირფერობის გამოვლენა დაიწყეს და მასში სიამაყის გაღვიძებას ცდილობდნენ, რამაც მათი ურთიერთობის გაფუჭება გამოიწვია; მაგრამ, როცა ნათელი გახდა, თუ რისი მიღწევა სურდათ ამ ადამიანებს სინამდვილეში, მან თითქოსდა კვლავ აღიდგინა მოკრძალებული თვალსაზრისი საკუთარ თავზე. როდესაც რასელის შესახებ ერთმა ყოფილმა თანამოაზრემ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს რასელი ცოლს ცუდად ეპყრობოდა, მარიამ მეუღლეს ნებართვაც კი სთხოვა, რომ მისულიყო რამდენიმე კრებაში ამ ბრალდების გასაბათილებლად. თუმცა 1894 წელს მარიას თავისი მოგზაურობის დროს ყველა იმდენად თბილად ხვდებოდა, რომ მას თანდათანობით საკუთარ თავზე წარმოდგენა ისევ შეეცვალა. მას სურდა, უფრო მეტი გავლენა ჰქონოდა იმაზე, თუ რა დაიბეჭდებოდა „საგუშაგო კოშკში“.a როდესაც მიხვდა, რომ მის მიერ დაწერილი არც ერთი სტატია არ დაიბეჭდებოდა, თუ მისი მეუღლე, ჟურნალის რედაქტორი, მის შინაარსს (წმინდა წერილებთან შესაბამისობას) არ მოიწონებდა, ამან მარიაზე ძალიან იმოქმედა. რასელი მთელი ძალებით ცდილობდა მის დახმარებას, მაგრამ 1897 წლის ნოემბერში მარიამ ის მიატოვა. ყველაფრის მიუხედავად, ძმა რასელმა უზრუნველყო ის საცხოვრებელი ადგილით და ფინანსურად ეხმარებოდა. 1908 წელს სასამართლომ განაჩენი გამოიტანა საქმეზე, რომელიც მარიამ 1903 წელს აღძრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათი განქორწინება არ იქნებოდა სრული — მათ არ ექნებოდათ ცოლქმრული ურთიერთობა და რასელი ალიმენტს გადაუხდიდა მას.
მარიამ ვერ მიაღწია იმას, რომ ქმარს მისი მოთხოვნები შეესრულებინა, ამიტომ მისგან წასვლის შემდეგ მისთვის სახელის გასატეხად ძალ-ღონეს არ იშურებდა. 1903 წელს მან დაბეჭდა ტრაქტატი, რომელიც ბიბლიური ჭეშმარიტების ნაცვლად, სავსე იყო ძმა რასელის ცილისწამებით. მას სურდა, სხვადასხვა რელიგიის მიმდევრების დახმარებით ეს ტრაქტატები ისეთ ადგილებში გაევრცელებინა, სადაც ბიბლიის მკვლევარები სპეციალურ შეხვედრებს ატარებდნენ. ამ რელიგიური მსახურებიდან ბევრმა უარი თქვა ასეთი საქმის შესრულებაზე, რისთვისაც შექებას იმსახურებენ, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც მას შემდეგ განსხვავებულ სულს ავლენდნენ.
თუ ადრე მარია რასელი როგორც წერილობით, ისე სიტყვიერად განსჯიდა მათ, ვინც ძმა რასელს არასწორ მოქმედებაში სდებდა ბრალს, ახლა თავად ადანაშაულებდა მეუღლეს ამაში. ძმა რასელის ზოგიერთმა რელიგიურმა მოწინააღმდეგემ გამოაქვეყნა 1906 წელს გამართულ სასამართლო პროცესზე მისთვის წაყენებული უსაფუძვლო ბრალდებები (ეს ბრალდებები მოსამართლის ბრძანებით სხდომის ოქმიდან წააშლევინეს), რათა ყველასთვის დაენახვებინათ, რომ ის თითქოს უზნეო და ღვთის მსახურებისთვის შეუფერებელი ადამიანი იყო. სხდომის ოქმიდან ნათლად ჩანს, რომ ეს ცრუ ბრალდებები იყო. როდესაც მისის რასელს თავისმა ადვოკატმა ჰკითხა, სჯეროდა თუ არა, რომ მისი მეუღლე მრუშობაში იყო დამნაშავე, მან უპასუხა: „არა“. ასევე აღსანიშნავია, რომ 1897 წელს, როდესაც ქრისტიანი უხუცესებისგან შემდგარმა კომიტეტმა მოისმინა მისის რასელის ბრალდებები მეუღლის წინააღმდეგ, მას არაფერი უთქვამს იქიდან, რაც მოგვიანებით სასამართლო სხდომაზე თქვა და რითაც ნაფიც მსაჯულებს არწმუნებდა, მისთვის გაყრა მიეცათ; თუმცა, როგორც მისი სიტყვებიდან ჩანდა, ყველაფერი, რაც მან სასამართლოზე თქვა, უხუცესებთან შეხვედრამდე მოხდა.
მისის რასელის მიერ სასამართლოში სარჩელის აღძვრიდან ცხრა წლის შემდეგ, მოსამართლე ჯეიმზ მაკფარლენმა მიიღო წერილი მამაკაცისგან, რომელსაც სასამართლო ჩანაწერების მიღება სურდა, რათა მის ერთ-ერთ თანამოაზრეს რასელი ემხილებინა, რაზეც მოსამართლემ პირდაპირ უპასუხა, რომ ამ საქმეზე ის დროსა და ფულს ტყუილუბრალოდ დახარჯავდა. მის წერილში ეწერა: «მისის რასელის სარჩელის და ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველი „პირადი ღირსების შელახვა“ იყო და არა მრუშობა და მხილება. როგორც ამ საქმიდან ვხვდები, „რასელს არავისთან არ უმრუშია“. ფაქტობრივად, ასეთი ადამიანი არც არსებობდა».
მარია რასელმა დაგვიანებული სინანული 1916 წელს პიტსბურგში კარნეგი-ჰოლში ძმა რასელის დაკრძალვაზე გამოხატა. ის კარნეგი-ჰოლში ვუალით მივიდა, სკამებს შორის გაიარა, კუბოს მიუახლოვდა და მასზე შროშანების თაიგული დადო. თაიგული შეკრული იყო ლენტით, რომელზეც ეწერა: „ჩემს საყვარელ მეუღლეს“.
აშკარაა, რომ სამღვდელოება იმავე ტაქტიკას მიმართავდა, რასაც მათი წინამორბედები პირველ საუკუნეში. იმ დროს ისინი იესოს რეპუტაციის შელახვას ცდილობდნენ და ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ის ცოდვილებთან ერთად ჭამდა და თავადაც ცოდვილი და ღვთისმგმობელი იყო (მათ. 9:11; იოან. 9:16—24; 10:33—37). ამ ბრალდებებს არ შეუცვლიათ იესოს შესახებ ჭეშმარიტება, მაგრამ ისინი ნათლად აჩვენებდა, რომ ასეთი ცილისმწამებლების, მათ შორის დღეს მსგავსი ტაქტიკით მოქმედი ადამიანების სულიერი მამა ეშმაკია, რომლის სახელიც „ცილისმწამებელს“ ნიშნავს (იოან. 8:44).
მოწინააღმდეგეები ომის ციებ-ცხელებით სარგებლობენ
პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც მთელი მსოფლიო ნაციონალისტურმა ციებ-ცხელებამ მოიცვა, ბიბლიის მკვლევარების წინააღმდეგ სამღვდელოებამ ახალი იარაღის გამოყენება დაიწყო. პროტესტანტული და რომის კათოლიკური ეკლესიების წინამძღოლები თავიანთ მტრულ დამოკიდებულებას პატრიოტული სულისკვეთებით გამოხატავდნენ. მათ ისარგებლეს ომით გამოწვეული ქაოსით და ბიბლიის მკვლევარები ამბოხებაში დაადანაშაულეს; პირველ საუკუნეში იერუსალიმში რელიგიურმა წინამძღოლებმაც მსგავსი ბრალდება წაუყენეს იესო ქრისტეს და პავლე მოციქულს (ლუკ. 23:2, 4; საქ. 24:1, 5). ასეთი ბრალდებები რომ წაეყენებინა, სამღვდელოება თავად უნდა ყოფილიყო აქტიურად ჩართული ომში, თუმცა უმეტესობა მათგანს ეს, როგორც ჩანს, დიდად არ აღელვებდა, მიუხედავად იმისა, რომ ომის მხარდაჭერა ნიშნავდა თანამორწმუნეების დასახოცად ახალგაზრდა მამაკაცების სხვა ქვეყნებში გაგზავნას.
1917 წლის ივლისში რასელის სიკვდილის შემდეგ საზოგადოება „საგუშაგო კოშკმა“ გამოსცა წიგნი „დასრულებული საიდუმლო“ — კომენტარები წიგნებზე „გამოცხადება“, „ეზეკიელი“ და „ქებათა ქება“. ეს წიგნი პირდაპირ ამხელდა ქრისტიანული სამყაროს თვალთმაქცობას! მოკლე დროში ამ წიგნის უამრავი ეგზემპლარი გავრცელდა. 1917 წლის მიწურულს და 1918 წლის დასაწყისში ბიბლიის მკვლევარებმა შეერთებულ შტატებსა და კანადაში გაავრცელეს „ბიბლიის მკვლევარების ყოველთვიური ტრაქტატის“ 10 000 000 ეგზემპლარი. ამ ოთხგვერდიან პატარა ფორმატის ტრაქტატში, სახელწოდებით „ბაბილონის დაცემა“, იყო ქვესათაური „რატომ უნდა დაიტანჯოს ქრისტიანული სამყარო და რა იქნება შედეგი“. მასში კათოლიკური და პროტესტანტული რელიგიების ორგანიზაციები გაიგივებული იყო თანამედროვე ბაბილონთან, რომელიც მალე უნდა დაცემულიყო. ამ აზრის მხარდასაჭერად ტრაქტატში მოყვანილი იყო კომენტარი წიგნ „დასრულებული საიდუმლოდან“ იმ წინასწარმეტყველებებზე, რომლებიც ეხებოდა „მისტიკურ ბაბილონზე“ ღვთის განაჩენის აღსრულებას. ტრაქტატის ბოლო გვერდზე დახატული იყო კედლის ჩამონგრევა. დიდ ლოდებზე, რომლებიც კედლიდან ცვიოდა, ეწერა: „მოძღვრება სამებაზე“ („3 X 1 = 1“), „სულის უკვდავება“, „მარადიული ტანჯვის თეორია“, „პროტესტანტიზმი — სწავლებები, სამღვდელოება და ა. შ.“, „კათოლიციზმი — პაპები, კარდინალები და ა. შ., და ა. შ.“.
ამ მხილებამ სამღვდელოება ისევე განარისხა, როგორც პირველ საუკუნეში იუდეველი მღვდლები განრისხდნენ, როცა იესომ ისინი თვალთმაქცობაში ამხილა (მათ. 23:1—39; 26:3, 4). კანადაში სამღვდელოებას ამ მხილებაზე სწრაფი რეაგირება ჰქონდა. 1918 წლის იანვარში 600-ზე მეტმა კანადელმა მღვდელმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომელშიც მთავრობას მოუწოდებდნენ, ბიბლიის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაციის პუბლიკაციები აეკრძალა. ერთ-ერთი გაზეთის (Winnipeg Evening Tribune) თანახმად, მას შემდეგ, რაც უინიპეგში წმინდა სტეფანეს ეკლესიის პასტორმა ჩარლზ პატერსონმა ქადაგების დროს დაგმო „ბიბლიის მკვლევართა ყოველთვიური ტრაქტატი“, სახელწოდებით „ბაბილონის დაცემა“, მას დაუკავშირდა გენერალური პროკურორი ჯონსონი, რომელსაც ამ ტრაქტატის ერთი ეგზემპლარის მიღება სურდა. 1918 წლის 12 თებერვალს კანადის მთავრობის გადაწყვეტილებით, ვისაც წიგნი „დასრულებული საიდუმლო“ ან ზემოთ მოხსენიებული ტრაქტატი ექნებოდა, დააკისრებდნენ ჯარიმას ან დააპატიმრებდნენ.
24 თებერვალს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ახლად არჩეული პრეზიდენტი ჯოზეფ რუტერფორდი სიტყვით გამოვიდა ლოს-ანჯელესში (კალიფორნია, შეერთებული შტატები) „ტემპელ-აუდიტორიუმში“. მისი თემის სათაურმა, „მოაწია ქვეყნიერების აღსასრულმა — დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებიან“, ხალხის ყურადღება მიიპყრო. როდესაც მოჰყავდა მტკიცებები, რომ იმ დროს არსებულმა ქვეყნიერებამ ნამდვილად 1914 წელს მიაღწია თავის აღსასრულს, რუტერფორდმა მოიხსენია მიმდინარე ომი და ომით გამოწვეული შიმშილობა, და აღნიშნა, რომ ეს იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები ნიშნის ნაწილი იყო (მათ. 24:3—8). შემდეგ მან ყურადღება სამღვდელოებაზე გაამახვილა და თქვა:
„ზემოთ მოყვანილი მუხლების თანახმად, სამღვდელოება, როგორც კლასი, დამნაშავეა ამ დიდ ომში, რომელიც კაცობრიობას ტანჯავს. 1 500 წლის მანძილზე ისინი ხალხს სატანურ სწავლებებს უნერგავდნენ, რომ თითქოს მეფეებს მმართველობის ღვთისგან ბოძებული უფლება ჰქონდათ. მათ ერთმანეთში აურიეს პოლიტიკა და რელიგია, ეკლესია და სახელმწიფო; ერთგულად ვერ შეასრულეს ღვთისგან მიღებული საპატიო დავალება, ექადაგათ მესიანური სამეფოს შესახებ ცნობა; ისინი დაუღალავად არწმუნებენ მმართველებს იმაში, რომ ძალაუფლება ღვთის ნებით აქვთ მიცემული, და რასაც არ უნდა აკეთებდეს მეფე, ის ყოველთვის მართალია“. ამ ყველაფრის შედეგებზე ძმა რუტერფორდმა თქვა: «ევროპის ამბიციური მეფეები საომრად მოემზადნენ, რათა სხვა ხალხების ტერიტორიები მიეტაცებინათ; სამღვდელოება იწონებდა მათ საქციელს და ეუბნებოდა: „გააკეთეთ, რაც გსურთ, თქვენ სწორად იქცევით; თქვენი ნებისმიერი მოქმედება სწორია!“». მაგრამ ასე მხოლოდ ევროპის სამღვდელოება არ იქცეოდა, ამერიკელი მქადაგებლებიც მხარს უჭერდნენ ომს.
მეორე დღეს ამ მოხსენების შესახებ ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ გაზეთში დიდი სტატია დაიბეჭდა (Morning Tribune). სამღვდელოება ისე გაბრაზდა, რომ იმავე დღეს მოიწვიეს კრება და უკმაყოფილების გამოსახატავად გაზეთის რედაქტორებთან თავიანთი წარმომადგენელი გაგზავნეს. ამის შემდეგ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ოფისებს გარკვეული ხნის მანძილზე მთავრობის სადაზვერვო ბიუროს თანამშრომლები მოსვენებას არ აძლევდნენ.
ამ ნაციონალისტური ციებ-ცხელების დროს სამღვდელოებამ ფილადელფიაში (აშშ) გამართა კონფერენცია, რომელზეც მიიღეს რეზოლუცია მოთხოვნით, რომ მთავრობას ჯაშუშობის შესახებ კანონში შესწორებები შეეტანა, ამ კანონის დამრღვევნი სამხედრო ტრიბუნალით გაესამართლებინა და მათთვის სასიკვდილო განაჩენი გამოეტანა. სენატისთვის ამ საქმის წარსადგენად მათ აირჩიეს ჯონ ლორდ ო’ბრაიანი, რომელიც ომის საქმეებში გენერალური პროკურორის თანაშემწე იყო. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არ მოიწონა ეს კანონპროექტი. თუმცა ამერიკის ჯარების გენერალ-მაიორ ჯეიმს ფრანკლინ ბელს ჯოზეფ რუტერფორდთან და უილიამ ვან ამბერგთან შეხვედრის დროს განრისხებულს წამოსცდა კონფერენციაზე განხილული კანონპროექტისა და თავიანთი განზრახვის შესახებ, რომ სურდათ, ეს კანონპროექტი საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ სამმართველოს წევრების წინააღმდეგ გამოეყენებინათ.
შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალური დოკუმენტებიდან გამოჩნდა, რომ სულ მცირე 1918 წლის 21 თებერვლიდან ჯონ ლორდ ო’ბრაიანი პირადად ცდილობდა, ბიბლიის მკვლევარების წინააღმდეგ საქმე აღეძრა. შეერთებული შტატების კონგრესის 24 აპრილისა და 4 მაისის ანგარიშებს დართული აქვს ჯონ ლორდ ო’ბრაიანის ოფიციალური წერილები, რომლებშიც ის დაჟინებით ირწმუნება, რომ ვინაიდან კანონი იმის ნებართვას იძლეოდა, ელაპარაკათ ის, „რაც სინამდვილეს შეესაბამებოდა კარგი აღძვრებიდან გამომდინარე და კანონიერი მიზნების მისაღწევად“, როგორც ეს ნათქვამია ჯაშუშობის შესახებ კანონში შეტანილ „საფრანგეთის შესწორებებში“ და მოწონებულია შეერთებული შტატების სენატის მიერ, მან ვერ შეძლო ბიბლიის მკვლევართა პასუხისგებაში მიცემა.
ვუსტერში (მასაჩუსეტსის შტატი) „მისმა აღმატებულება“ ბ. უაილენდმა ისარგებლა ომის ციებ-ცხელებით და ბიბლიის მკვლევარები მტრების სასარგებლოდ გაწეულ პროპაგანდაში დაადანაშაულა. მან გაზეთში გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც განაცხადა: «თქვენი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების ერთ-ერთი პატრიოტული მოვალეობაა, ბიბლიის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაციის საქმიანობის აკრძალვა, რომელთა მთავარი სამმართველოც ბრუკლინში მდებარეობს. რელიგიის ნიღაბქვეშ ისინი ვუსტერში ყიდიან თავიანთ წიგნს „დასრულებული საიდუმლო“, რითაც გერმანულ პროპაგანდას ეწევიან» (Daily Telegram). ის პირდაპირ ეუბნებოდა მთავრობის წარმომადგენლებს, რომ მათი მოვალეობა იყო, დაეპატიმრებინათ ბიბლიის მკვლევარები და მათთვის შეხვედრების ჩატარების საშუალება არ მიეცათ.
1918 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში ბიბლიის მკვლევარებს ინტენსიურად დევნიდნენ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში. დევნის წამქეზებლებს შორის იყვნენ ბაპტისტური, მეთოდისტური, ეპისკოპალური, ლუთერანული, რომის კათოლიკური და სხვა ეკლესიების მღვდლები. ბიბლიურ ლიტერატურას ჩხრეკის ორდერის გარეშე უკეთებდნენ კონფისკაციას და ბევრი ბიბლიის მკვლევარი დააპატიმრეს. სხვებს თავს ესხმოდა ბრბო; მათ სცემდნენ, შოლტავდნენ, კუპრს ასხამდნენ და ბუმბულებს აყრიდნენ, უმტვრევდნენ ნეკნებს და თავზე ჭრილობებს აყენებდნენ. ზოგი სამუდამოდ დასახიჩრდა. ქრისტიან კაცებსა და ქალებს ბრალდებისა და სასამართლოს გარეშე სვამდნენ ციხეში. 1920 წლის 29 სექტემბრის „ოქროს ხანაში“ ასეთი არაადამიანური მოპყრობის ასზე მეტი შემთხვევა იყო მოყვანილი.
ჯაშუშობის ბრალდება
დევნამ კულმინაციას 1918 წლის 7 მაისს მიაღწია, როდესაც შეერთებული შტატების ფედერალურმა ბიურომ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტის, ჯოზეფ რუტერფორდისა და მისი უახლოესი თანამშრომლების დაპატიმრების ორდერები გასცა.
ბრუკლინში (ნიუ-იორკი) წინა დღეს ძმა რუტერფორდისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ ორი საბრალდებო აქტი შეადგინეს. თუ სასურველ შედეგებს პირველით ვერ მიაღწევდნენ, მიზნის მისაღწევად მეორეს გამოიყენებდნენ. პირველი საბრალდებო აქტი, რომელშიც ბევრ ადამიანს ადანაშაულებდნენ, შეიცავდა ოთხ უსაფუძვლო პუნქტს: პირველი ორი პუნქტით მათ 1917 წლის 15 ივნისს ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ, ორით კი — თავიანთი არაერთი უკანონო ჩანაფიქრის შესრულების მცდელობასა და, ფაქტობრივად, მათ განხორციელებაში. მათ ბრალს სდებდნენ შეთქმულებაში, რომლის მიზანიც მთავრობისადმი დაუმორჩილებლობა და შეერთებული შტატების სამხედრო ძალებში მსახურებაზე უარის თქმა იყო; აგრეთვე ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ომიანობის პერიოდში ისინი ჯარში მსახურების მსურველებს აბრკოლებდნენ; აბრალებდნენ იმასაც, რომ ისინი შეეცადნენ ან, ფაქტობრივად, შეასრულეს კიდეც ეს ყველაფერი. საბრალდებო აქტში კონკრეტულად მოხსენიებული იყო წიგნ „დასრულებული საიდუმლოს“ გამოცემა და გავრცელება. მეორე საბრალდებო აქტში ევროპაში გაგზავნილი ჩეკი (თანხა გერმანიაში ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობისთვის იყო განკუთვნილი) შეერთებული შტატების ინტერესებისთვის საზიანოდ იყო მიჩნეული. სასამართლოში ბრალდებულებს თავიდან პირველი საბრალდებო აქტი წაუყენეს, რომელიც ოთხ პუნქტს შეიცავდა.
ჯაშუშობის კანონის დარღვევაში სხვა საბრალდებო აქტი კ. ვუდვორთსა და ჯ. რუტერფორდს ქალაქ სკრანტონის (პენსილვანიის შტატი) სასამართლოში წაუყენეს. მაგრამ 1918 წლის 20 მაისით დათარიღებულ ჯონ ლორდ ო’ბრაიანის წერილის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები შიშობდნენ, რომ შეერთებული შტატების ფედერალური ოლქის მოსამართლე უიტნერი, რომელიც ამ საქმეს განიხილავდა, არ დასთანხმდებოდა ჯაშუშობის კანონის გამოყენებას იმ ადამიანთა წინააღმდეგ, რომლებიც გულწრფელი რელიგიური შეხედულების გამო ამბობდნენ იმას, რასაც სხვები ომის საწინააღმდეგო პროპაგანდად მიიჩნევდნენ. ამიტომ იუსტიციის სამინისტრო მსვლელობას არ აძლევდა სკრანტონის საქმეს და ელოდებოდა ბრუკლინის სასამართლოს გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, მთავრობამ ისე წარმართა სიტუაცია, რომ ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქის საოლქო სასამართლოში საქმის განსახილველად დანიშნა ვერმონტელი მოსამართლე ჰარლანდ ჰაუ, ვის შესახებაც ჯონ ლორდ ო’ბრაიანმა იცოდა, რომ მის შეხედულებებს გაიზიარებდა. სასამართლოს განხილვა შედგა 5 ივნისს და ბრალმდებლები იყვნენ აიზე ოილენდი და კათოლიკე ჩარლზ ბუქნერი. როგორც ძმა რუტერფორდმა შენიშნა, სასამართლოს მსვლელობის დროს კათოლიკე მღვდლები ხშირად ეთათბირებოდნენ ბუხნერსა და ოილენდს.
საქმის მსვლელობის დროს ნათელი გახდა, რომ ორგანიზაციის პასუხისმგებელ პირებსა და წიგნის დამწერებს ქვეყნის ომში ჩაბმის განზრახვა არ ჰქონიათ. პროცესზე წარმოდგენილი იყო მტკიცებულებები, რომ წიგნის დაწერის გეგმა და ხელნაწერთა უმეტესი ნაწილის შედგენა მანამდე მოხდა, სანამ შეერთებული შტატები ომს გამოაცხადებდა (1917 წლის 6 აპრილი) და მისი გამოცემისთვის ხელშეკრულებას ხელი მანამდე მოეწერა, სანამ შეერთებული შტატები მიიღებდა კანონს (15 ივნისი), რომლის დარღვევაშიც ბიბლიის მკვლევარებს ადანაშაულებდნენ.
ბრალდებამ ყურადღება მიაქცია დამატებებზე, რომლებიც წიგნში 1917 წლის აპრილსა და ივნისში ტექსტის დამუშავებისა და კორექტურის დროს შეიტანეს. ეს დამატებები შეიცავდა მღვდელ ჯონ ჰაინეს ჰოუმზის ციტატას, რომელიც ამტკიცებდა, რომ ომი შეურაცხყოფდა ქრისტიანობას. ერთ-ერთმა ადვოკატმა აღნიშნა, რომ წიგნი (A Statement to My People on the Eve of War), საიდანაც ამ მღვდლის კომენტარები იყო აღებული, სასამართლო პროცესის მსვლელობის დროს ჯერ კიდევ იყიდებოდა შეერთებულ შტატებში. თუმცა პასუხს ამ მღვდელს ან ამ წიგნის გამომცემელს კი არ სთხოვდნენ, არამედ ბიბლიის მკვლევარებს, რომლებმაც მისი სიტყვები გამოიყენეს.
წიგნ „დასრულებულ საიდუმლოში“ არ იყო საუბარი იმაზე, რომ ადამიანებს ომში მონაწილეობის მიღების უფლება არ ჰქონდათ. მაგრამ წინასწარმეტყველების ახსნის მიზნით, მასში მოყვანილი იყო ციტატები 1915 წლის „საგუშაგო კოშკის“ ნომრებიდან, საიდანაც ჩანდა, რომ სამღვდელოება ერთს ამბობდა და მეორეს აკეთებდა — აცხადებდნენ, რომ ქრისტეს მსახურები იყვნენ და თან ხალხს ომში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ.
როდესაც ძმა რუტერფორდმა გაიგო, რომ ამ წიგნმა მთავრობის უკმაყოფილება გამოიწვია, დაუყოვნებლივ გაგზავნა ტელეგრამა სტამბაში, რათა წიგნის გამოცემა შეეჩერებინათ; ამავე დროს, უკმაყოფილების მიზეზის გასაგებად მან ორგანიზაციის წარმომადგენელი გაგზავნა შეერთებული შტატების ჯარების სადაზვერვო განყოფილებაში. გაირკვა, რომ ქვეყანაში მიმდინარე საომარი მდგომარეობის გამო მთავრობისთვის მიუღებელი იყო წიგნში 247—253 გვერდებზე მოყვანილი ინფორმაცია, ამიტომ ორგანიზაციამ იზრუნა, რომ სანამ წიგნს ფართო მკითხველს შესთავაზებდნენ, აღნიშნული გვერდები ამოეღოთ. როდესაც მთავრობამ საოლქო პროკურორებს აცნობა, რომ ამ წიგნის გავრცელება ჯაშუშობის შესახებ კანონის დარღვევად ჩაითვლებოდა (თუმცა მთავრობამ უარი განაცხადა, თავისი აზრი გამოეთქვა რედაქტირებულ წიგნზე), ორგანიზაციამ იზრუნა, რომ წიგნის გავრცელება საერთოდ შეეჩერებინათ.
რატომ სჯიდნენ ასე სასტიკად?
მიუხედავად ამ ყველაფრისა, 1918 წლის 20 ივნისს ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებულები საბრალდებო აქტის ოთხივე პუნქტით ცნეს დამნაშავედ. მომდევნო დღეს შვიდb მათგანს ოთხჯერ 20-წლიანი თანადროული პატიმრობა მიუსაჯეს, 10 ივლისს მერვეc ბრალდებულს კი — ოთხჯერ 10-წლიანი თანადროული პატიმრობა. რამდენად მკაცრი იყო ეს განაჩენი? 1919 წლის 12 მარტს გენერალური პროკურორისთვის მიწერილ წერილში შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვუდრო უილსონი აღნიშნავდა, რომ „დაპატიმრების ვადები გადაჭარბებული“ იყო. მართლაც, ასეთი მკაცრი განაჩენი არ გამოუტანიათ იმ ადამიანისთვისაც კი, ვინც სარაევოში ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრეს ესროლა, რის შედეგადაც პირველი მსოფლიო ომი გაჩაღდა. პრინცის მკვლელს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ არა ოთხჯერ 20-წლიანი თანადროული პატიმრობა, როგორც ეს ბიბლიის მკვლევარების შემთხვევაში მოხდა!
რით შეიძლებოდა ბიბლიის მკვლევარებისთვის მისჯილი ასეთი გრძელვადიანი პატიმრობის ახსნა? მოსამართლე ჰარლანდ ჰაუმ განაცხადა: „სასამართლოს აზრით, რელიგიური პროპაგანდა, რომელსაც ეს ბრალდებულები ეწეოდნენ და ავრცელებდნენ ერებსა და მომხრე სახელმწიფოებს შორის, გერმანიის ჯარის დანაყოფზე უფრო საშიშია . . . ჩვეულებრივ, რელიგიის მქადაგებელს დიდი გავლენა აქვს და თუ ის გულწრფელია, მისი ქადაგება უფრო ეფექტურია. ეს შემსუბუქების ნაცვლად, ამძიმებს მათ დანაშაულს. ამიტომ სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ასეთი ადამიანები სასტიკად დაესაჯა“. ასევე აღსანიშნავია მოსამართლე ჰაუს სიტყვები, რომლებიც მან განაჩენის გამოტანამდე თქვა, რომ მოპასუხე მხარის ადვოკატების მიერ გაკეთებული განცხადებები ჩრდილს აყენებდა არა მხოლოდ სასამართლო უწყების მაღალჩინოსან ოფიცრებს, არამედ „ქვეყნის ყველა მღვდელმსახურს“.
გადაწყვეტილება მაშინვე გაასაჩივრეს შეერთებული შტატების საოლქო სააპელაციო სასამართლოში. მაგრამ მოსამართლე ჰაუმd ბიბლიის მკვლევარებს თავდებით გათავისუფლებაზე სააპელაციო სასამართლოს მოსმენამდე თვითნებურად განუცხადა უარი და 4 ივლისს აპელაციის მესამე და საბოლოო მოსმენამდე პირველი შვიდი ძმა ატლანტის (ჯორჯიის შტატი) ფედერალურ ციხეში გადაიყვანეს. შედეგად, აღმოჩნდა, რომ ამ უაღრესად მიკერძოებული საქმის განხილვის დროს 130 საპროცესო შეცდომა იყო დაშვებული. სააპელაციო მოსმენისთვის დოკუმენტაციის მომზადებას არაერთი თვე დასჭირდა. ამასობაში ომიც დასრულდა. 1919 წლის 19 თებერვალს რვა დაპატიმრებულმა ძმამ შეერთებული შტატების პრეზიდენტს ვუდრო უილსონს შეწყალების შესახებ თხოვნა გაუგზავნა. სხვა წერილები მოქალაქეებმა ახლად არჩეულ გენერალურ პროკურორს გაუგზავნეს, რომლებშიც ძმების გათავისუფლებას ითხოვდნენ. 1919 წლის 1 მარტს გენერალური პროკურორის მოთხოვნაზე მოსამართლე ჰაუმ შესთავაზა, ბრალდებულებისთვის „დაუყოვნებლივ შეემსუბუქებინათ სასჯელი“. მართალია, ბრალდებულებს სასჯელი შეუმცირდებოდათ, მაგრამ ამით მათი ბრალეულობა დამტკიცდებოდა. ამის თავიდან ასარიდებლად ძმების ადვოკატებმა მოიპოვეს სასამართლო განკარგულება იმ ადვოკატისთვის, რომელიც სააპელაციო სასამართლოში სარჩელს აღძრავდა.
1919 წლის 21 მარტს, რუტერფორდისა და მისი თანამოაზრეების გათავისუფლებიდან ცხრა თვის შემდეგ, მაშინ როცა ომი უკვე დასრულებული იყო, სააპელაციო სასამართლომ რვავე ბრალდებულის თავდებით გათავისუფლების ბრძანება გასცა და 26 მარტს ბრუკლინში თითოეულზე 10 000 დოლარი სათავდებო თანხის გადახდის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს. 1919 წლის 14 მაისს ნიუ-იორკის საოლქო სააპელაციო სასამართლომ დაადგინა: „ამ საქმეში ბრალდებულების გასამართლება არ იყო ობიექტური და მიუკერძოებელი, რაც მათი კანონიერი უფლება იყო, ამიტომ მიღებული გადაწყვეტილება შეიცვალა“. საქმე ხელახლა განსახილველად გადაიგზავნა. თუმცა 1920 წლის 5 მაისს, მას შემდეგ, რაც ბრალდებულები სასამართლოში ხუთჯერ წარდგნენ, მთავრობის ადვოკატმა ბრუკლინში ღია სასამართლოს სხდომაზე გამოაცხადა, რომ საქმე უკან წაიღეს.e რა იყო ამის მიზეზი? როგორც შეერთებული შტატების არქივში შენახული მიმოწერა ადასტურებს, იუსტიციის სამინისტროს ეშინოდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქმეს მიუკერძოებელი ნაფიცი მსაჯულები განიხილავდნენ, მაშინ როცა ომი უკვე დასრულებული იყო, საქმეს წააგებდნენ. შეერთებული შტატების ადვოკატმა ლ. როსმა გენერალური პროკურორისადმი მიწერილ წერილში განაცხადა: „ვფიქრობ, საზოგადოებასთან ჩვენი ურთიერთობისთვის კარგი იქნება, თუ საკუთარი ინიციატივით შევწყვეტთ ამ საქმეს“.
იმავე დღეს, 1920 წლის 5 მაისს, გააუქმეს მეორე საბრალდებო აქტიც, რომელიც 1918 წლის მაისში რუტერფორდსა და მის ოთხ თანამშრომელს წაუყენეს.
ვინ იდგა სინამდვილეში ამ ყველაფრის უკან?
მართლა სამღვდელოება იდგა ამ ყველაფრის უკან? ჯონ ლორდ ო’ბრაიანი უარყოფდა ამას. მაგრამ იმ დროს ფაქტები ყველასთვის კარგად იყო ცნობილი. ქალაქ ჯირარდში (კანზასის შტატი) გამომავალი გაზეთის 1919 წლის 22 მარტის ნომერში გამოთქმული იყო პროტესტი: „პასტორ რასელის მიმდევრები, რომელთაც გაბოროტებული მართლმადიდებლური სამღვდელოება დევნის, გაასამართლეს და თავდებით გათავისუფლების უფლების გარეშე ჩასვეს ციხეში, თუმცა მათ შეძლებისდაგვარად ყველაფერი გააკეთეს ჯაშუშობის შესახებ კანონის დასაცავად . . . ჩვენ ვაცხადებთ, რომ მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა ჯაშუშობის შესახებ კანონი კონსტიტუციას და გამართლებულია თუ არა ის ეთიკურად, პასტორ რასელის მიმდევრების ამ კანონის საფუძველზე გასამართლება არასწორი იყო. მტკიცებულებების მიუკერძოებლად შესწავლა ნებისმიერს დაარწმუნებს, რომ ამ მამაკაცებს კანონი არ დაურღვევიათ და აზრადაც არ მოსვლიათ მისი დარღვევა“ (Appeal to Reason).
წლების შემდეგ დოქტორი რეი ეიბრამზი თავის წიგნში წერდა: „აღსანიშნავია, თუ რამდენი მღვდელმსახური ცდილობდა, თავიდან მოეშორებინათ რასელისტები [ეს იყო ბიბლიის მკვლევარების დამამცირებელი სახელი]. ხანგრძლივი დავა და მტრობა, რომელიც მშვიდობიან პერიოდში არასდროს განიხილებოდა სასამართლოში, ომიანობის დროს სასამართლოს განხილვის საგანი გახდა“. მან აგრეთვე აღნიშნა: „ყველა ფაქტის განხილვის შემდეგ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ იმ მოძრაობის მიღმა, რომლის მიზანიც რასელისტების განადგურება იყო, ძირითადად, ეკლესიები და სამღვდელოება იდგა“ (Preachers Present Arms, გვ. 183—185).
თუმცა ბიბლიის მკვლევართა დევნა ომის დასრულებით არ დამთავრებულა. ომის შემდეგ დევნის ახალი ტალღა აგორდა.
მღვდლები ზეწოლას ახდენენ პოლიციაზე
ომის დამთავრების შემდეგ სამღვდელოებამ სხვა საშუალებებით დაიწყო ბიბლიის მკვლევარების საქმიანობის შეჩერება, თუკი ეს საერთოდ შესაძლებელი იქნებოდა. 1920-იან წლებში კათოლიკურ ბავარიასა და გერმანიის სხვა ნაწილებში არაერთი ბიბლიის მკვლევარი დააპატიმრეს საცალო ვაჭრობის კანონის დარღვევის ბრალდებით. მაგრამ, როცა საქმე სააპელაციო სასამართლომდე მიდიოდა, მოსამართლეები, როგორც წესი, ბიბლიის მკვლევარებს უჭერდნენ მხარს. ბოლოს, როცა სასამართლოები გაივსო ათასობით ასეთი საქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1930 წელს გასცა წერილობითი განკარგულება პოლიციის უფროსებისთვის, რათა საცალო ვაჭრობის კანონის დარღვევის ბრალდებით ბიბლიის მკვლევარები პასუხისგებაში აღარ მიეცათ. შედეგად, ზეწოლა დროებით შემცირდა და იეჰოვას მოწმეების საქმიანობამ გერმანიაში ფართო მასშტაბებს მიაღწია.
იმ წლებში სამღვდელოებას რუმინეთშიც დიდი გავლენა ჰქონდა. მათ იმდენს მიაღწიეს, რომ მთავრობამ იეჰოვას მოწმეების ლიტერატურისა და საქმიანობის აკრძალვის შესახებ ბრძანებები გამოსცა. მაგრამ მღვდლებს ეშინოდათ, რომ ხალხი წაიკითხავდა ლიტერატურას, რომელიც უკვე ჰქონდათ, და გაიგებდა ეკლესიის არაბიბლიური და თაღლითური სწავლებების შესახებ. ამის აღსაკვეთად მღვდლები ჟანდარმებთან ერთად დადიოდნენ კარდაკარ და ეძებდნენ იეჰოვას მოწმეების მიერ დატოვებულ ლიტერატურას. ისინი ბავშვებსაც კი ეკითხებოდნენ, აიღეს თუ არა მათმა მშობლებმა ასეთი ლიტერატურა. როცა ვინმეს უპოვიდნენ, ცემითა და დაპატიმრებით ემუქრებოდნენ, თუ კიდევ აიღებდა მოწმეებისგან ლიტერატურას. ზოგ სოფელში მღვდელი გამგებელიც იყო და მოსამართლეც, და თუ ვინმე მღვდლის სიტყვას არ დაემორჩილებოდა, ის სამართალს ვერ იპოვიდა.
ცნობილია, რომ იმ დროს ამერიკელი სახელმწიფო მოხელეებიც, რომლებიც სამღვდელოების ნება-სურვილს ასრულებდნენ, უკეთესად არ იქცეოდნენ. მაგალითად, 1936 წელს ქალაქ ლა-გრეინჯში (ჯორჯიის შტატი) კათოლიკე ეპისკოპოსის, ო’ჰარას, ვიზიტის შემდეგ ქალაქის მერმა და პროკურორმა იეჰოვას მოწმეთაგან ბევრი დააპატიმრეს. პატიმრობის დროს მათ ნაკელის გროვის გვერდით ეძინათ მატრასებზე, რომლებზეც ძროხის შარდი იყო დასხმული, მატლიან საჭმელს აჭმევდნენ და გზების მშენებლობაზე მუშაობას აიძულებდნენ.
კათოლიკე მღვდლები პოლონეთშიც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ იეჰოვას მოწმეების საქმიანობისთვის ხელი შეეშალათ. ისინი ხალხს ძალადობისკენ აქეზებდნენ, საჯაროდ წვავდნენ იეჰოვას მოწმეების ლიტერატურას, კომუნისტობას აბრალებდნენ და ასამართლებდნენ იმ ბრალდებით, რომ მათი ლიტერატურა „მკრეხელური“ იყო. თუმცა მთავრობის ყველა წარმომადგენელს არ სურდა სამღვდელოების ჭკუაზე სიარული. პოზნანის სააპელაციო სასამართლოს პროკურორმა თავიდან უარი თქვა იმ იეჰოვას მოწმისთვის ბრალის წაყენებაზე, რომელსაც მღვდელმა დააბრალა, რომ ვითომდა მან კათოლიკური სამღვდელოება „სატანის ორგანიზაციად“ მოიხსენია. პროკურორმა თავად აღნიშნა, რომ გარყვნილების სული, რომელიც პაპი ალექსანდრე VI-ის (ახ. წ. 1492—1503) შემდეგ გავრცელდა, მართლაც რომ სატანის ორგანიზაციის სული იყო. როცა სამღვდელოებამ „საგუშაგო კოშკის“ ლიტერატურის გავრცელების გამო ერთი იეჰოვას მოწმე მკრეხელობაში დაადანაშაულა, ქალაქ ტორუნის სააპელაციო სასამართლოს პროკურორმა მისი გათავისუფლება მოითხოვა და თქვა: „იეჰოვას მოწმეები პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად იქცევიან. ცილისწამებისა და დევნის მიუხედავად, ისინი მაღალი იდეალებისკენ ისწრაფვიან ამ გარყვნილ და დაცემულ ქვეყნიერებაში“.
კანადის სახელმწიფო არქივში ინახება წერილი, რომელიც კვებეკის კათოლიკე კარდინალის ვილნევის რეზიდენციიდან გაუგზავნეს იუსტიციის მინისტრს, ერნესტ ლაპუანტს, და რომლის თანახმადაც 1940 წელს კანადაში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აკრძალეს. მთავრობის წარმომადგენლები ამის თაობაზე ახსნა-განმარტებას ითხოვდნენ, მაგრამ ლაპუანტის პასუხები პარლამენტის ბევრ წევრს არ აკმაყოფილებდა.
სამღვდელოება მსოფლიოს სხვა ნაწილშიც ასეთივე ინტრიგებს ხლართავდა. ავსტრალიის სახელმწიფო არქივში ინახება წერილი, რომელშიც სიდნეის კათოლიკე არქიეპისკოპოსი სთხოვდა გენერალურ პროკურორ უ. ჰიუზს, იეჰოვას მოწმეები არალეგალურად გამოეცხადებინა. ეს წერილი მან 1940 წლის 20 აგვისტოს დაწერა, აკრძალვამდე ხუთი თვით ადრე. აკრძალვასთან დაკავშირებული მიზეზების გადახედვის დროს ავსტრალიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე უილიამსმა მოგვიანებით თქვა, რომ მაშინ „უკანონოდ უნდა ეღიარებინათ ქრისტიანული რელიგიის პრინციპებისა და სწავლებების დაცვა და უკანონო შეკრებად ჩაეთვალათ იმ მორწმუნეების მიერ ჩატარებული ყველა საეკლესიო მსახურება, ვისაც ქრისტეს დაბადების სწამს“. 1943 წლის 14 ივნისს სასამართლომ დაადგინა, რომ აკრძალვა ეწინააღმდეგებოდა ავსტრალიის კანონმდებლობას.
შვეიცარიაში ერთი კათოლიკური გაზეთი მოითხოვდა, რომ მთავრობას მოეხდინა იეჰოვას მოწმეების იმ ლიტერატურის კონფისკაცია, რომელსაც ეკლესია შეურაცხმყოფლად თვლიდა. ისინი იმუქრებოდნენ, რომ მთავრობის უმოქმედობის შემთხვევაში თავად მოჰკიდებდნენ ამ საქმეს ხელს. მსოფლიოს ბევრ ნაწილში ისინი ასეც იქცეოდნენ!
რელიგიური ლიდერები ძალადობას მიმართავენ
საფრანგეთში კათოლიკე სამღვდელოება გრძნობდა, რომ კვლავაც მორჩილებაში ჰყავდა ხალხი და გადაწყვეტილი ჰქონდა, მონოპოლია არავისთვის დაეთმო. 1924—1925 წლებში ბიბლიის მკვლევარებმა ბევრ ქვეყანაში გაავრცელეს ტრაქტატი „სამღვდელოების მხილება“. 1925 წელს ჯოზეფ რუტერფორდი გეგმავდა, პარიზში წაეკითხა მოხსენება „სამღვდელოების თვალთმაქცობა გამოააშკარავებულია“. ამ შეხვედრაზე მომხდარის შესახებ ერთმა თვითმხილველმა თქვა: «დარბაზი სავსე იყო. ძმა რუტერფორდის სცენაზე გამოჩენას გულთბილი აპლოდისმენტებით შეხვდნენ. დაიწყო თუ არა მოხსენების კითხვა, დარბაზში მოულოდნელად 50-მდე მღვდელი და „კათოლიკური მოძრაობის“ წევრი შემოიჭრა, რომელთაც ხელში ჯოხები ეჭირათ და „მარსელიეზას“ [საფრანგეთის სახელმწიფო ჰიმნი] მღეროდნენ. ისინი კიბის თავში იდგნენ და ტრაქტატებს ყრიდნენ. ერთი მღვდელი სცენაზე ავიდა. ორმა ახალგაზრდამ ის სცენიდან ჩამოაგდო. ძმა რუტერფორდმა სამჯერ დატოვა სცენა და ისევ დაბრუნდა. ბოლოს ის საერთოდ წავიდა . . . ჩვენი ლიტერატურის მაგიდები გადაყირავებული, წიგნები კი მიმოფანტული იყო. გარშემო საშინელი უწესრიგობა სუფევდა!». თუმცა ეს შემთხვევა ერთადერთი არ ყოფილა.
ჯეკ კორი ირლანდიაში მსახურების დროს ხშირად ხვდებოდა გააფთრებულ კათოლიკე სამღვდელოებას. ერთხელ მღვდლის მიერ წაქეზებულმა ბრბომ ჯეკი შუაღამისას საწოლიდან წამოაგდო, შემდეგ კი მთელი მისი ლიტერატურა მოედანზე დაწვა. როსკრეიში (ტიპერერის საგრაფო) სახლში დაბრუნებულმა ვიქტორ გარდმა და ჯიმ კორბიმ აღმოაჩინეს, რომ მოწინააღმდეგეებს მათი ლიტერატურა მოეპარათ, საწვავი გადაესხათ და ცეცხლი წაეკიდებინათ. კოცონის გარშემო პოლიცია, სამღვდელოება და მეზობლის ბავშვები შეკრებილიყვნენ, რომლებიც მღეროდნენ სიმღერას „ჩვენი მამების რწმენა“.
სანამ იეჰოვას მოწმეები 1939 წელს ნიუ-იორკში „მედისონ-სკვერ-გარდენში“ შეიკრიბებოდნენ, კათოლიკე მღვდლის ჩარლზ კაგლინის მიმდევრები იმუქრებოდნენ, რომ კონგრესს ჩაშლიდნენ. ეს შეატყობინეს პოლიციას. 25 ივნისს ამ დარბაზში ძმა რუტერფორდმა 18 000-ზე მეტი ადამიანის წინაშე წარმოთქვა მოხსენება „მთავრობა და მშვიდობა“, რომელსაც რადიოთი სხვადასხვა ქვეყანაში უამრავი ხალხი ისმენდა. მოხსენების დაწყების შემდეგ ბალკონზე 200-ზე მეტი კათოლიკე და ნაცისტი შეიკრიბა, რომელთაც რამდენიმე კათოლიკე მღვდელი ხელმძღვანელობდა. ნიშანზე მათ საშინელი ხმაური ატეხეს და გაჰყვიროდნენ: „ჰაილ ჰიტლერ!“ და „ვივა ფრანკო!“. ისინი ილანძღებოდნენ, იმუქრებოდნენ და თავს ესხმოდნენ კაპელდინერებს, რომლებიც წესრიგის დაცვას ცდილობდნენ. თავდამსხმელებმა შეხვედრა ვერ ჩაშალეს. ძმა რუტერფორდი განაგრძობდა უშიშრად და გაბედულად საუბარს. როდესაც ხმაურმა პიკს მიაღწია, მან განაცხადა: „ნაცისტებს და კათოლიკეებს ჩვენი შეხვედრის ჩაშლა უნდათ, მაგრამ ღვთის წყალობით მათ ეს არ გამოსდით“. აუდიტორია მხარდაჭერის გამოსახატავად დიდხანს უკრავდა ტაშს. ამ შეხვედრის დროს მოხსენებასთან ერთად გრამფირფიტაზე ჩაიწერა მოწინააღმდეგეების ხმაური და ხალხმა ის მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მოისმინა.
სადაც შესაძლებელი იყო, კათოლიკური სამღვდელოება, ისევე როგორც ინკვიზიციის დროს, სახელმწიფოს იყენებდა, რომ გაეჩუმებინა ყველა, ვინც ეკლესიის სწავლებებისა და მსახურების ეჭვქვეშ დაყენებას გაბედავდა.
არაადამიანური მოპყრობა საკონცენტრაციო ბანაკებში
ადოლფ ჰიტლერი სამღვდელოების კარგი მოკავშირე იყო. 1933 წელს, როდესაც ვატიკანსა და ნაცისტურ გერმანიას შორის კონკორდატს მოეწერა ხელი, ჰიტლერმა გერმანიაში იეჰოვას მოწმეების გასანადგურებლად კამპანია წამოიწყო. 1935 წლისთვის მოწმეების საქმიანობა მთელ გერმანიაში აკრძალეს. ვისი მიზეზით მოხდა ეს ყველაფერი?
ერთი კათოლიკე მღვდელი ლოძში (პოლონეთი) გერმანულ ენაზე გამომავალი გაზეთის 1938 წლის 29 მაისის ნომერში წერდა: «მთელ დედამიწაზე ერთადერთ ქვეყანაში არიან აკრძალული ეგრეთ წოდებული . . . ბიბლიის მკვლევარები [იეჰოვას მოწმეები]. ეს გერმანიაა! . . . როცა ადოლფ ჰიტლერი ხელისუფლებაში მოვიდა და გერმანელმა კათოლიკე ეპისკოპოსებმა მასაც მიმართეს თხოვნით, ჰიტლერმა განაცხადა: „ეს ეგრეთ წოდებული ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარები [იეჰოვას მოწმეები] მართლაც შფოთის ამტეხები არიან; . . . მე მათ ნამდვილ თაღლითებად მივიჩნევ; მე ვერ ავიტან, რომ გერმანელ კათოლიკეებს ასეთ შეურაცხყოფას აყენებდეს ვიღაც ამერიკელი მოსამართლე რუტერფორდი. მე გავწყვეტ [იეჰოვას მოწმეებს] გერმანიაში“» (Der Deutsche Weg) (კურსივი ჩვენია).
მხოლოდ გერმანიის კათოლიკურ საეპისკოპოსოს სურდა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ასეთი ზომების მიღება? როგორც 1933 წლის 21 აპრილის ერთ-ერთი გაზეთის სტატიიდან გამოჩნდა, ლუთერანმა მღვდელმა ოტომ 20 აპრილს თავის რადიოგამოსვლაში ისაუბრა საქსონიის გერმანულ-ლუთერანული ეკლესიისა და ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების „უახლოესი თანამშრომლობის“ შესახებ და განაცხადა: „ამ თანამშრომლობის თავდაპირველ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ დღეს ბიბლიის გულმოდგინე მკვლევართა [იეჰოვას მოწმეთა] საერთაშორისო ასოციაციისა და საქსონიაში მისი განყოფილების საქმიანობა აკრძალულია“ (Oschatzer Gemeinnützige).
ამის შემდეგ ნაცისტურმა გერმანიამ ქრისტიანობის წინააღმდეგ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბარბაროსული დევნა წამოიწყო. გერმანიიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან, ჩეხოსლოვაკიიდან, ნიდერლანდიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ათასობით იეჰოვას მოწმე საკონცენტრაციო ბანაკებში ჩაყარეს. აქ მათ ყველაზე სასტიკად და სადისტურად ეპყრობოდნენ. მათთვის ჩვეულებრივი იყო შეურაცხყოფა და წიხლებით ცემა, მუხლებზე დგომა, ხტომა, მიწაზე საათობით ხოხვა, სანამ ძალაგამოცლილები გონებას არ დაკარგავდნენ. მცველები კი ამ ყველაფრით ერთობოდნენ და იცინოდნენ. ზოგიერთს აიძულებდნენ, შუა ზამთარში შიშველი ან თხლად ჩაცმული მდგარიყო ეზოში. ბევრს გონების დაკარგვამდე და ზურგის დასისხლიანებამდე ამათრახებდნენ. ზოგიერთებზე სამედიცინო ცდებს ატარებდნენ. ზოგს ზურგს უკან უკრავდნენ ხელებს და მაჯებით ჰკიდებდნენ. შიმშილისგან დასუსტებულ და თხლად ჩაცმულ მოწმეებს აიძულებდნენ, რომ ყინვაში საათობით მძიმედ ემუშავათ. ხშირად ისეთ სამუშაოს, რასაც ნიჩბები და სხვა იარაღები სჭირდებოდა, ისინი შიშველი ხელებით ასრულებდნენ. მცველები შეურაცხყოფდნენ ქალებსაც და მამაკაცებსაც, რომელთა ასაკიც ცამეტიდან სამოცდაათ წლამდე იყო. ისინი იეჰოვას შეურაცხმყოფელ სიტყვებსაც ყვიროდნენ.
მოწმეების სულიერად გასანადგურებლად ზაქსენჰაუზენის ბანაკის ზედამხედველმა ბრძანა, ახალგაზრდა მოწმე ავგუსტ დიკმენი პატიმრების თვალწინ სიკვდილით დაესაჯათ და იეჰოვას მოწმეები წინა რიგში დაეყენებინათ, რათა მათზე დასჯას რაც შეიძლება ძლიერ ემოქმედა. ამის შემდეგ ადგილზე მხოლოდ იეჰოვას მოწმეები დატოვეს. ზედამხედველმა გარკვევით ჰკითხა მათ: „ახლა ვინ არის მზად დეკლარაციაზე ხელის მოსაწერად?“. ეს იყო რწმენის უარყოფისა და ჯარისკაცად მსახურებაზე თანხმობის დეკლარაცია. 400-ზე მეტი მოწმიდან მას არავინ გამოეხმაურა. შემდეგ ორმა მოწმემ ნაბიჯი წინ გადმოდგა! არა იმისთვის, რომ ხელი მოეწერათ, არამედ იმის სათქმელად, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ მათ მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია გაეუქმებინათ.
მსგავს ზეწოლას ახდენდნენ მოწმეებზე ბუხენვალდის ბანაკშიც. ნაცისტმა ოფიცერმა როდლმა მოწმეებს განუცხადა: „ნებისმიერი, ვინც უარს იტყვით საფრანგეთის ან ინგლისის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობაზე, მოკვდებით!“. ჭიშკართან თავიდან ფეხებამდე შეიარაღებული ესესელების ორი ასეული იცდიდა. თანხმობა არც ერთ იეჰოვას მოწმეს არ გამოუთქვამს. ამის შემდეგ მათ სასტიკად მოეპყრნენ, თუმცა როდლის მუქარა არ შესრულებულა. იმ დროისთვის უკვე კარგად იყო ცნობილი, რომ მოწმეები ბანაკში ნებისმიერი სახის სამუშაოს შეასრულებდნენ, მაგრამ შიმშილისა და მძიმე სამუშაოს შემდეგაც კი არავითარ შემთხვევაში არ დასთანხმდებოდნენ ისეთი საქმის შესრულებაზე, რაც ომს დაუჭერდა მხარს ან პატიმრების წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული.
შეუძლებელია იმ საშინელებების ენით აღწერა, რაც მოწმეებმა გადაიტანეს. ასობით მათგანი დაიღუპა. როდესაც ომის შემდეგ ცოცხლად გადარჩენილები ბანაკებიდან გაათავისუფლეს, ერთმა ფლანდრიელმა მოწმემ დაწერა: „ამ ყველაფრის ატანასა და გამარჯვებაში დაგვეხმარა სიცოცხლის ძლიერი სურვილი, იმედი, ყოვლისშემძლე ღვთისადმი, იეჰოვასადმი ნდობა და თეოკრატიის სიყვარული (რომაელები 8:37)“.
მშობლებს უმოწყალოდ ართმევდნენ შვილებს. ცოლ-ქმარს ერთმანეთს აშორებდნენ და მას შემდეგ ზოგს ერთმანეთზე აღარაფერი სმენია. მარტინ პოეტზინგერი დაქორწინებიდან მალევე დააპატიმრეს და ავადსახსენებელ დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს, შემდეგ მაუტჰაუზენის ბანაკში გადაიყვანეს, მისი მეუღლე გერტრუდი კი რავენსბრიუკის ბანაკში გაგზავნეს. მათ ერთმანეთი ცხრა წლის მანძილზე არ უნახავთ. მაუტჰაუზენში ყოფნის შესახებ მარტინმა მოგვიანებით დაწერა: „გესტაპო ნებისმიერ ხერხს მიმართავდა, რომ იეჰოვასადმი ჩვენი რწმენა შეერყია. გვაშიმშილებდნენ, გვიგზავნიდნენ ცრუ მეგობრებს, დაუნდობლად გვეპყრობოდნენ, გვაიძულებდნენ დღეების მანძილზე ფეხზე ვმდგარიყავით, ზურგს უკან ხელებს გვიკრავდნენ და სამი მეტრის სიმაღლეზე მაჯებით გვკიდებდნენ, გვამათრახებდნენ და ისეთ რამეებს გვიკეთებდნენ, რისი დაწერაც კი არ შეიძლება“. მაგრამ მარტინმა იეჰოვასადმი ერთგულება შეინარჩუნა. ის ცოცხლად გადარჩენილებს შორის იყო და მოგვიანებით იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელ საბჭოში მსახურობდა.
რწმენისთვის დაპატიმრებულნი
იეჰოვას მოწმეები დანაშაულის გამო არ ისხდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში. როდესაც ოფიცრებს გაპარსვა უნდოდათ, სამართებელს მხოლოდ მოწმეებს ანდობდნენ, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ ისინი მას არასოდეს გამოიყენებდნენ სხვებისთვის ზიანის მისაყენებლად. როდესაც ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკებში ესესის ოფიცრებს სახლის დამლაგებელი ან ბავშვების მომვლელი სჭირდებოდათ, ისინი მოწმეებს ირჩევდნენ, რადგან იცოდნენ, რომ არ გაიქცეოდნენ და არც ბავშვებს მოწამლავდნენ. ომის დასრულებისას ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის ევაკუაციის დროს მცველებმა იზრუნეს, რომ ნაძარცვით სავსე საზიდარი მოწმეების ჯგუფთან ყოფილიყო, რადგან იცოდნენ, რომ ისინი არაფერს მოიპარავდნენ.
იეჰოვას მოწმეები რწმენისთვის იყვნენ დაპატიმრებულნი. მათ არაერთხელ დაჰპირდნენ, რომ საკონცენტრაციო ბანაკიდან გაათავისუფლებდნენ, თუ რწმენის უარმყოფელ დეკლარაციას მოაწერდნენ ხელს. ესესელი ოფიცრები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მოწმეებს ამ დეკლარაციაზე ხელი მოეწერათ. ეს მათი მთავარი მიზანი იყო.
ურყევი ერთგულება თითქმის ყველა იეჰოვას მოწმემ შეინარჩუნა. მაგრამ იეჰოვასადმი ერთგულებისა და ქრისტეს სახელისადმი მიძღვნის გამო მათ არაერთი ტანჯვის გადატანა მოუწიათ. მოწმეებმა არა მხოლოდ სასტიკ წამებას გაუძლეს, არამედ სულიერი ერთიანობაც შეინარჩუნეს.
მოწმეები არ ფიქრობდნენ, რომ ნებისმიერ ფასად გადაერჩინათ თავი. მათ თავგანწირულად უყვარდათ ერთმანეთი. როდესაც რომელიმე მათგანი დასუსტდებოდა, მეორე თავის მწირ ულუფას უყოფდა. როცა მათ სამედიცინო დახმარებაზე უარს ეუბნებოდნენ, ისინი სიყვარულით ზრუნავდნენ ერთმანეთზე.
მდევნელების მცდელობის მიუხედავად, ბიბლიის შესასწავლი მასალა მაინც აღწევდა მოწმეებამდე. ეს სხვადასხვანაირად ხდებოდა, მაგალითად გარედან შეგზავნილი ამანათებით, ახალი პატიმრების მონაყოლით, ფეხის პროთეზით ან ბანაკის გარეთ მუშაობის დროს სხვა საშუალებებით. პუბლიკაციის ასლები ხელიდან ხელში გადადიოდა; ზოგჯერ მათ მალულად ამრავლებდნენ პირდაპირ ბანაკის ზედამხედველის კაბინეტში. დიდი რისკის მიუხედავად, ბანაკებში ქრისტიანულ შეხვედრებსაც ატარებდნენ.
მოწმეები საკონცენტრაციო ბანაკებშიც ქადაგებდნენ, რომ ღვთის სამეფო კაცობრიობის ერთადერთი იმედია! ბუხენვალდში ორგანიზებული საქმიანობის წყალობით ათასობით პატიმარმა მოისმინა სასიხარულო ცნობა. 1943 წლის დასაწყისში ჰამბურგთან ახლოს მდებარე ნოიენგამის საკონცენტრაციო ბანაკში მოწმეებმა კარგად დაგეგმილი სამქადაგებლო კამპანია წამოიწყეს. იმ ენებზე, რომლებზეც ბანაკში ლაპარაკობდნენ, მოამზადეს სამქადაგებლო ბარათები. მოწმეები დიდ ძალისხმევას ახმარდნენ, რომ სასიხარულო ცნობა ყველა პატიმრისთვის მიეწოდებინათ. დაინტერესებულებთან რეგულარულად ტარდებოდა ბიბლიის შესწავლები. მოწმეები ისეთი გულმოდგინებით ასრულებდნენ თავიანთ საქმეს, რომ ზოგიერთი პოლიტპატიმარი უკმაყოფილებას გამოთქვამდა და ამბობდა: „სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან იეჰოვაზე ლაპარაკობენ!“. როდესაც ბერლინიდან ბრძანება მოვიდა, რომ მოწმეების სულიერად დასასუსტებლად ისინი საკნებში სხვა პატიმრებთან გაენაწილებინათ, ამან მათ უფრო მეტ ადამიანთან ქადაგების შესაძლებლობა მისცა.
რავენსბრიუკში 500 ან მეტი ერთგული იეჰოვას მოწმე ქალის შესახებ ფრანგი გენერლის შარლ დე გოლის ძმისშვილი ამ ბანაკიდან გათავისუფლების შემდეგ წერდა: „აღფრთოვანებული ვარ მათით. ისინი სხვადასხვა ეროვნების იყვნენ: გერმანელები, პოლონელები, რუსები და ჩეხები; თავიანთი რწმენის გამო მათ დიდი ტანჯვა გადაიტანეს . . . დიდი სიმამაცე გამოავლინეს და თავიანთი ქცევით ესესელების პატივისცემაც კი დაიმსახურეს. თუ რწმენას უარყოფდნენ, მათ დაუყოვნებლივ გაათავისუფლებდნენ. ნაცვლად ამისა, მათ სიმტკიცე შეინარჩუნეს და ბანაკში წიგნებისა და ტრაქტატების გავრცელებასაც კი ახერხებდნენ“.
იესო ქრისტეს მსგავსად, მათაც გაიმარჯვეს ქვეყნიერებაზე, რომელიც ცდილობდა, ისინი თავის ყალიბში მოექცია და თავისი სატანური კანონებისთვის დაემორჩილებინა (იოან. 16:33). კრისტინ კინგმა თავის წიგნში დაწერა: „იეჰოვას მოწმეები ახალი საზოგადოების ტოტალიტარული კონცეფციის წინააღმდეგ წავიდნენ და მათი პოზიცია, აგრეთვე მათი სიცოცხლისუნარიანობა, აშკარად მოსვენებას არ აძლევდა ამ ახალი წესრიგის დამდგენებს . . . დევნის მრავალსაუკუნოვანი მეთოდების, წამების, დაპატიმრებისა და დაცინვის მიუხედავად, მოწმეთაგან არავის დაუკავებია ნაცისტების მხარე და ეს ყველაფერი თავად მდევნელებს უბრუნდებოდათ . . . ნაცისტებსა და მოწმეებს შორის გაცხარებული ბრძოლა მიმდინარეობდა და მას უფრო ამწვავებდა ის, რომ ფიზიკურად ძლიერი ნაცისტები დარწმუნებულნი არ იყვნენ, ბოლომდე იარსებებდა თუ არა მათი ათასწლიანი რაიხი. მოწმეებს კი ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ მათ რწმენას საფუძველი აბელის დროიდან ჩაეყარა. როცა ნაცისტები მოწმეების წინააღმდეგობის დაძლევასა და თავიანთი მომხრეების დარწმუნებას ცდილობდნენ, ხშირად სექტანტურ ქრისტიანობას ჰბაძავდნენ და მათნაირად მეტყველებდნენ, მოწმეები კი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათი ორგანიზაციის წევრები სიკვდილამდე ურყევად ერთგულები დარჩებოდნენ“ (New Religious Movements: A Perspective for Understanding Society, გამოცემულია 1982 წელს).
ომის მიწურულს ბანაკებიდან ათასზე მეტი იეჰოვას მოწმე გაათავისუფლეს, რომელთაც მტკიცე რწმენა და ერთმანეთისადმი ძლიერი სიყვარული შეინარჩუნეს. როცა რუსეთის ჯარები ზაქსენჰაუზენს უახლოვდებოდნენ, მცველებმა სწრაფად დაიწყეს ბანაკის ევაკუირება. მათ პატიმრები ეროვნების მიხედვით დააჯგუფეს. ამ ბანაკში 230 მოწმე იყო და ისინი ერთ ჯგუფად დარჩნენ. რუსები კოლონას ეწეოდნენ, ამიტომ მცველები აღელდნენ. საჭმელი არ ჰქონდათ და პატიმრებიც დასუსტებულები იყვნენ. ისინი ხვრეტდნენ ყველას, ვინც ჩამორჩებოდა ან ძალაგამოცლილი დაეცემოდა. კოლონა უკან ათასობით მკვდარს ტოვებდა. მაგრამ მოწმეები ერთმანეთს ეხმარებოდნენ და ყველაზე სუსტსაც კი არ აძლევდნენ გზაზე დავარდნის საშუალებას! მათ შორის ზოგი 65—72 წლამდე იყო. სხვა პატიმრები გზადაგზა საკვების მოპარვას ცდილობდნენ, რის გამოც ბევრი მათგანი დახვრიტეს. მათგან განსხვავებით იეჰოვას მოწმეები ხელიდან არ უშვებდნენ იმის შესაძლებლობას, რომ იეჰოვას განზრახვების შესახებ სხვებთან ელაპარაკათ და ზოგი მათგანი ამ მანუგეშებელი ცნობისთვის მადლიერების ნიშნად საკვებს აძლევდა როგორც მათთვის, ისე მათი ქრისტიანი ძმებისთვის.
სამღვდელოება აგრძელებს ბრძოლას
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩეხოსლოვაკიის აღმოსავლეთ ნაწილში სამღვდელოება განაგრძობდა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ხალხის წაქეზებას. ნაცისტური რეჟიმის დროს მოწმეებს კომუნისტებს უწოდებდნენ, ახლა კი აბრალებდნენ, რომ კომუნისტური მთავრობის მოწინააღმდეგეები იყვნენ. ზოგჯერ, როცა იეჰოვას მოწმეები ხალხს სახლებში აკითხავდნენ, მღვდლები მოუწოდებდნენ მასწავლებლებს, რომ ასობით ბავშვი გაეშვათ სკოლიდან, რათა მოწმეებისთვის ქვები დაეშინათ.
1947 წელს მოწმეების წინააღმდეგ მსგავს აგიტაციას ეწეოდა კათოლიკე მღვდელი ქალაქ სანტა-ანაში (სალვადორი). ერთხელ „საგუშაგო კოშკის“ ყოველკვირეული შესწავლის დროს ბიჭებმა ღია კარში ქვების სროლა დაიწყეს. შემდეგ შენობასთან მივიდა პროცესია მღვდლების წინამძღოლობით. ზოგს ჩირაღდნები ეჭირა, ზოგს კი — ხატები. „დღეგრძელი იყოს ღვთისმშობელი!“, „სიკვდილი იეჰოვას!“ — ყვიროდნენ ისინი და დაახლოებით ორი საათის მანძილზე შენობას ქვებს ესროდნენ.
1940-იანი წლების შუა პერიოდში იეჰოვას მოწმეებს კვებეკშიც (კანადა) საშინლად ეპყრობოდნენ ფანატიკურად განწყობილი კათოლიკე ბრბო და სახელმწიფო მოხელეები. ეპისკოპოსის რეზიდენციიდან დელეგაციები ყოველდღე მიდიოდნენ პოლიციის განყოფილებაში და ითხოვდნენ, რომ მოწმეები გაეყარათ. მოწმეების დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე ხალხი ხედავდა, რომ პოლიციელები ეკლესიის უკანა კარიდან გამოდიოდნენ. 1949 წელს კათოლიკეების ბრბომ ქალაქ ჯოლიეტიდან (კვებეკი) გააძევა იეჰოვას მოწმე მისიონერები.
მაგრამ კვებეკში ყველა არ იწონებდა იმას, რაც ხდებოდა. დღეს ჯოლიეტის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე იეჰოვას მოწმეების შესანიშნავი სამეფო დარბაზი დგას. სასულიერო სემინარია დაიკეტა, მისი შენობა მთავრობამ შეისყიდა და კოლეჯად გადააკეთა. მონრეალში იეჰოვას მოწმეები დიდ საერთაშორისო კონგრესებს ატარებენ; ერთ-ერთ მათგანს, რომელიც 1978 წელს ჩატარდა, 80 008 ადამიანი დაესწრო.
მიუხედავად ამისა, კათოლიკური ეკლესია ყველა შესაძლებლობას იყენებდა, რომ მრევლი არ დაეკარგა. ისინი ზეწოლას ახდენდნენ მთავრობაზე და იმდენს მიაღწიეს, რომ 1949 წელს მთავრობამ მოწმე მისიონერები იტალიიდან გააძევა და 1950-იან წლებში კონგრესების ჩატარებასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებები გააუქმა. მიუხედავად ამისა, იეჰოვას მოწმეების რიცხვი იზრდებოდა და 1992 წლისთვის იტალიაში 190 000-ზე მეტი მქადაგებელი იყო.
ისევე როგორც ინკვიზიციის დროს, ესპანეთში სამღვდელოება მოწმეებს მხოლოდ ადანაშაულებდა, ჭუჭყიან საქმეს კი სახელმწიფოს აკეთებინებდა. მაგალითად, 1954 წელს, როცა ბარსელონაში არქიეპისკოპოსმა მოწმეების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო, მღვდლები კათედრიდან, სკოლებში და რადიოთი ქადაგების დროს ხალხს ურჩევდნენ, მათ კართან მისული მოწმეები სახლში შეეპატიჟებინათ, შემდეგ კი სასწრაფოდ პოლიცია გამოეძახებინათ.
მღვდლებს ეშინოდათ, ესპანელ ხალხს არ გაეგო, სინამდვილეში რა ეწერა ბიბლიაში და შემდეგ სხვებისთვის არ ეჩვენებინათ ის. როდესაც 1960 წელს გრანადის ციხეში მანუელ მულა ხიმენესი დააპატიმრეს იმ „დანაშაულისთვის“, რომ სხვებს ბიბლიას ასწავლიდა, ციხის კათოლიკე მღვდელმა ბიბლიოთეკიდან ერთადერთი ბიბლია გადამალა. როცა სხვა პატიმარმა მანუელს სახარება ათხოვა, მას ჩამოართვეს ეს წიგნი. მაგრამ დღეს ესპანეთში ბიბლია ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა და მათ თავად შეუძლიათ ნახონ, რა წერია მასში. 1992 წლისთვის იქ 90 000-ზე მეტი ადამიანი სცემდა თაყვანს იეჰოვას, როგორც მისი მოწმე.
დომინიკელთა რესპუბლიკაში სამღვდელოება თავისი მიზნების მისაღწევად დიქტატორ ტრუხილიოსთან თანამშრომლობდა, თავის მხრივ, ის კი მათ საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებდა. 1950 წელს, მას შემდეგ, რაც მღვდლებმა თავიანთ საგაზეთო სტატიებში იეჰოვას მოწმეებს ცილი დასწამეს, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალის ზედამხედველი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ფილიალის ზედამხედველი კაბინეტთან იცდიდა და დაინახა, რომ მინისტრთან ორი იეზუიტი მღვდელი შევიდა. მათი გამოსვლის შემდეგ მალევე ის კაბინეტში გამოიძახეს და მინისტრმა განერვიულებული ხმით წაუკითხა ქვეყანაში იეჰოვას მოწმეების აკრძალვის შესახებ ბრძანებულება. მას შემდეგ, რაც 1956 წელს აკრძალვა დროებით გააუქმეს, სამღვდელოებამ განაახლა მოწმეების ცილისწამება, რისთვისაც რადიოსა და პრესას იყენებდა. აპატიმრებდნენ მთელ კრებებს და აიძულებდნენ, ხელი მოეწერათ რწმენის უარმყოფელი განცხადებისთვის და პირობა დაედოთ, რომ რომის კათოლიკურ ეკლესიას დაუბრუნდებოდნენ. როცა მოწმეები უარს ამბობდნენ, მათ სცემდნენ, წიხლებს ურტყამდნენ, ამათრახებდნენ და სახეში კონდახებს ურტყამდნენ. მაგრამ ისინი სიმტკიცეს ინარჩუნებდნენ და რიცხობრივად იზრდებოდნენ.
სუკრეში (ბოლივია) უფრო მეტ ძალადობას ჰქონდა ადგილი. 1955 წელს იეჰოვას მოწმეთა კონგრესზე ბიჭების ბრბომ, რომლებიც ერთ-ერთი კათოლიკური სკოლის („წმინდა გული“) მოსწავლეები იყვნენ, ალყა შემოარტყა კონგრესის ტერიტორიას. ისინი ყვიროდნენ და შეკრებილებს ქვებს უშენდნენ. ქუჩის მეორე მხარეს კათოლიკური ეკლესიიდან ხმის გამაძლიერებლით მოუწოდებდნენ ყველა კათოლიკეს, დაეცვათ ეკლესია და „ღვთისმშობელი“ „პროტესტანტი ერეტიკოსებისგან“. ეპისკოპოსი და მღვდლები თავად ცდილობდნენ შეხვედრის ჩაშლას, მაგრამ ისინი დარბაზიდან პოლიციამ გააძევა.
ერთი წლით ადრე იეჰოვას მოწმეები რიობამბაში (ეკვადორი) კონგრესს ატარებდნენ, რომლის პროგრამაშიც შედიოდა საჯარო მოხსენება სათაურით „პრაქტიკულია სიყვარულის გამოვლენა ამ ეგოისტურ მსოფლიოში?“. მაგრამ იეზუიტმა მღვდელმა დაიწყო კათოლიკე მოსახლეობის წაქეზება, რომ მოწმეებისთვის კონგრესის ჩატარების საშუალება არ მიეცათ. როგორც კი მოხსენება დაიწყო, გაისმა ბრბოს შეძახილები: „დღეგრძელი იყოს კათოლიკური ეკლესია!“, „ძირს პროტესტანტები!“. პოლიცია მთელი ძალებით ცდილობდა მათ შეკავებას. მაგრამ ბრბომ ჯერ შეხვედრის ადგილს დაუშინა ქვები, შემდეგ კი — იმ შენობას, სადაც მისიონერები ცხოვრობდნენ.
დევნების წამომწყები მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესიის სამღვდელოება არ იყო. საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის განრისხებული სამღვდელოებაც ასეთივე ტაქტიკით მოქმედებდა თავისი გავლენის ქვეშ მყოფ შედარებით მცირე ტერიტორიაზე. გარდა ამისა, პროტესტანტული სამღვდელოებიდან ბევრი მსგავს სულს ავლენდა იქ, სადაც გრძნობდა, რომ ამის გაკეთებას შეძლებდა. მაგალითად, ინდონეზიაში ისინი მიუძღოდნენ ბრბოს, რომელიც სახლებში იჭრებოდა, შლიდა ბიბლიის შესწავლებს და მხეცურად უსწორდებოდა იქ მყოფ იეჰოვას მოწმეებს. აფრიკის ზოგ ქვეყანაში ისინი ცდილობდნენ, გავლენა მოეხდინათ სახელმწიფოს მოხელეებზე, რათა მათ ქვეყნიდან გაეძევებინათ იეჰოვას მოწმეები ან მათთვის სხვებთან ღვთის სიტყვის შესახებ ქადაგების თავისუფლება არ მიეცათ. მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებს სხვა საკითხებთან დაკავშირებით ერთმანეთთან უთანხმოებები ჰქონდათ, იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ გაერთიანებულები იყვნენ. ერთხელ ისინი იმისთვისაც კი გაერთიანდნენ, რომ სახელმწიფო მოხელეებზე ზეწოლა მოეხდინათ და მოწმეების საქმიანობა აეკრძალათ. არაქრისტიანული რელიგიებიც ცდილობდნენ, ესარგებლათ თავიანთი გავლენით და მთავრობა იმისთვის გამოეყენებინათ, რომ მათ მრევლს არ გაეგო იმ სწავლებების შესახებ, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა მათ მამაპაპურ რელიგიას.
ზოგჯერ ეს არაქრისტიანული ჯგუფები ერთიანდებოდნენ ეგრეთ წოდებულ ქრისტიანებთან, რათა თავიანთი რელიგიური მდგომარეობა შეენარჩუნებინათ. 1950-იანი წლების დასაწყისში დეკინში (დაჰომეა, ახლანდელი ბენინი) შამანი და კათოლიკე მღვდელი შეითქვნენ, რომ მთავრობის წარმომადგენლების მეშვეობით იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აეკრძალათ. მათ იმდენად სურდათ თავიანთი მიზნის მიღწევა, რომ მოწმეებს ისეთი რამეები დააბრალეს, რაც ადამიანებში უარყოფით გრძნობებს გამოიწვევდა — თითქოსდა ისინი ხალხს მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდებდნენ, არ იხდიდნენ გადასახადებს, მათი მიზეზით არ იძლეოდნენ სულები წვიმას და ღმერთი უპასუხოდ ტოვებდა მღვდლის ლოცვებს. ამ რელიგიურ წინამძღოლებს ეშინოდათ, რომ მათი მრევლი ცოდნას შეიძენდა და გათავისუფლდებოდა ცრურწმენისა და ბრმად მორჩილებისგან.
თუმცა თანდათანობით სამღვდელოების გავლენა ბევრ ადგილას შემცირდა. ახლა პოლიცია ყოველთვის აღარ უჭერს მხარს სამღვდელოებას იეჰოვას მოწმეების დევნის დროს. 1986 წელს, როდესაც ბერძენმა მართლმადიდებელმა მღვდელმა ბრბოს მეშვეობით სცადა ქალაქ ლარისაში (საბერძნეთი) ჩატარებული კონგრესის ჩაშლა, ოლქის პროკურორმა პოლიციის დიდ დანაყოფთან ერთად დაიცვა მოწმეები. ზოგჯერ პრესა პირდაპირ ამხელდა რელიგიურ შეუწყნარებლობას.
მსოფლიოს ბევრ ადგილას მოწმეებს სხვადასხვა მიზეზით დევნიდნენ. ერთ-ერთი იყო ეროვნული სიმბოლოების მიმართ იეჰოვას მოწმეების დამოკიდებულება.
ისინი მხოლოდ იეჰოვას სცემენ თაყვანს
თანამედროვე დროში იეჰოვას მოწმეები ეროვნულ ცერემონიალებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ პრობლემებს პირველად ნაცისტურ გერმანიაში წააწყდნენ. ჰიტლერი ცდილობდა, რომ გერმანელი ხალხი სამხედრო რეჟიმისთვის დაექვემდებარებინა, ამიტომ შემოიღო სავალდებულო ნაცისტური მისალმება „ჰაილ ჰიტლერ!“. შვედი ჟურნალისტის და ბი-ბი-სის დიქტორის ბიორნ ჰალსტრიომის სიტყვების თანახმად, იეჰოვას მოწმეებს ნაცისტურ გერმანიაში დაპატიმრების დროს იმაშიც ადანაშაულებდნენ, რომ „სალამს არ აძლევდნენ დროშას და უარს ამბობდნენ ნაცისტურ მისალმებაზე“. მალე სხვა ქვეყნებშიც დაიწყეს დროშისთვის სალმის მიცემის მოთხოვნა. იეჰოვას მოწმეები უარს აცხადებდნენ ამაზე, მაგრამ არა დაუმორჩილებლობის, არამედ თავიანთი ქრისტიანული სინდისის გამო. ისინი პატივს სცემენ დროშას, მაგრამ დროშისთვის სალმის მიცემა მათ თაყვანისმცემლობად მიაჩნიათ.f
გერმანიაში ნაცისტური რეჟიმის დასაწყისში დაახლოებით 1 200 მოწმე ნაცისტური სალმის მიცემაზე უარის თქმისა და ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო დააპატიმრეს, ამის შემდეგ შეერთებულ შტატებშიც ათასობით მოწმეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რადგან მათ უარი თქვეს ამერიკული დროშისთვის სალმის მიცემაზე. 1935 წლის 4 ნოემბრით დაწყებულ კვირაში კანონსბურგში (პენსილვანია) სკოლის მოსწავლეები მიჰყავდათ სკოლის საქვაბეში და დროშისთვის სალმის მიცემაზე უარის თქმის გამო მათრახით სცემდნენ. გრეის ისტეპი, რომელიც მასწავლებელი იყო, ამ მიზეზით სკოლიდან გაათავისუფლეს. 6 ნოემბერს მინერსვილში (პენსილვანია) უილიამ და ლილიან გობაიტასები (მათი გვარის სწორი წარმოთქმა) დროშისთვის სალმის მიცემაზე უარის თქმის გამო სკოლიდან გარიცხეს. მათმა მამამ სასამართლოში სარჩელი აღძრა. ფედერალური ოლქისა და რაიონის სააპელაციო სასამართლოებმა საქმე იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ გადაწყვიტეს. თუმცა 1940 წელს, როდესაც ქვეყანა ომის საშიშროების წინაშე იდგა, შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ საქმეზე „მინერსვილის განათლების საბჭო გობიტისის წინააღმდეგ“ გამოტანილ გადაწყვეტილებაში (რვა ერთის წინააღმდეგ) საჯარო სკოლებში დროშისთვის სალმის მიცემა სავალდებულოდ ცნო. ამის შემდეგ იეჰოვას მოწმეებზე ძალადობა გახშირდა.
იეჰოვას მოწმეებზე იმდენად ბევრი თავდასხმა ხორციელდებოდა, რომ მისის ელიანორ რუზველტმა (პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის მეუღლე) საზოგადოებას სთხოვა, შეეწყვიტათ თავდასხმები. 1940 წლის 16 ივნისს შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა ფრანცის ბიდლმა რადიოგადაცემაში, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაიცემოდა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მოწმეების წინააღმდეგ ჩადენილ მხეცურ ქმედებებზე და განაცხადა, რომ ეს არ იქნებოდა შეწყნარებული. მაგრამ მოწმეებისადმი სასტიკი მოპყრობა არ შეწყვეტილა.
ქუჩაში, სამსახურში თუ კარდაკარ მსახურების დროს მოწმეებს თვალწინ დროშას უფრიალებდნენ და აიძულებდნენ, რომ სალამი მიეცათ! 1940 წლის მიწურულს „იეჰოვას მოწმეების წელიწდეულში“ ეწერა: „რელიგიურმა იერარქიამ და ამერიკულმა ლეგიონმა იმ ბრბოს მეშვეობით, რომელთაც საკუთარ ხელში აიღეს სამართალი, ენით აუწერელი საშინელებები ჩაიდინეს. იეჰოვას მოწმეებს თავს ესხმოდნენ, სცემდნენ, იტაცებდნენ, აძევებდნენ ქალაქებიდან, ოლქებიდან და შტატებიდან, ასხამდნენ კუპრს და აყრიდნენ ბუმბულს, აიძულებდნენ აბუსალათინის ზეთის დალევას, ერთმანეთზე აბამდნენ და ქუჩებში ისე დასდევდნენ, როგორც მხეცებს, უკეთებდნენ კასტრირებას და ასახიჩრებდნენ, გახელებული ბრბო ამასხარავებდა და შეურაცხყოფას აყენებდა მათ, ასობით მათგანი ბრალდების წაყენების გარეშე დააპატიმრეს, სამარტოო საკანში ჩასვეს და ნათესავებთან, მეგობრებთან და ადვოკატებთან შეხვედრის უფლებას არ აძლევდნენ. სხვა ასობით მოწმეს აპატიმრებდნენ და სვამდნენ ეგრეთ წოდებულ უსაფრთხოების საკანში; ზოგიერთ მათგანს ღამე ხვრეტდნენ; ზოგს ჩამოხრჩობით ემუქრებოდნენ და გონების დაკარგვამდე სცემდნენ. ბრბოს თავდასხმის უამრავი შემთხვევა იყო. ბევრს ტანსაცმელს ახევდნენ, ართმევდნენ ბიბლიასა და სხვა ლიტერატურას და სახალხოდ წვავდნენ; მათ ავტომობილებს, ავტომისაბმელებს, სახლებსა და საკონგრესო დარბაზებს ანადგურებდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ . . . ხშირად იმ ადგილებში, რომლებსაც ბრბო აკონტროლებდა, ისინი სასამართლოზე მისულ ადვოკატებსა და მოწმეებს თავს ესხმოდნენ და სცემდნენ. ასეთი თავდასხმების დროს, თითქმის ყოველთვის, სახელმწიფო მოხელეები არაფერს აკეთებდნენ და უარს ამბობდნენ დახმარებაზე; უმეტეს შემთხვევაში ასეთ თავდასხმებში პოლიციელები მონაწილეობდნენ, ზოგჯერ თავადაც კი მიუძღოდნენ ბრბოს“. 1940—1944 წლებში შეერთებულ შტატებში იეჰოვას მოწმეებს გახელებული ბრბო 2 500-ზე მეტჯერ დაესხა თავს.
იმის გამო, რომ იეჰოვას მოწმეების შვილების სკოლებიდან გარიცხვა გახშირდა, 1930-იან და 1940-იან წლებში შეერთებულ შტატებსა და კანადაში მოწმეებმა საკუთარი სკოლების გახსნა დაიწყეს, რათა ბავშვების განათლებაზე ეზრუნათ. ამ სკოლებს მათ „სამეფოს სკოლები“ უწოდეს.
იეჰოვას მოწმეებს სხვა ქვეყნებშიც სასტიკად დევნიდნენ იმის გამო, რომ ისინი სალამს არ აძლევდნენ ან არ ეამბორებოდნენ ეროვნულ სიმბოლოებს. 1959 წელს კოსტა-რიკაში მოწმეთა შვილებს, რომლებიც მონაწილეობას არ იღებდნენ ეროვნული სიმბოლოების თაყვანისცემაში, როგორც ამას კანონი მოითხოვდა, გაკვეთილებზე დასწრების უფლებას აღარ აძლევდნენ. 1984 წელს მოწმეების შვილებს პარაგვაიშიც მსგავსად ექცეოდნენ. 1959 წელს ფილიპინებზე უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ განსხვავებული რელიგიური შეხედულებების მიუხედავად, იეჰოვას მოწმეთა შვილებს მოეთხოვებოდათ დროშისთვის სალმის მიცემა. მიუხედავად ამისა, უმეტეს შემთხვევაში სკოლის ხელმძღვანელობა თანამშრომლობდა მოწმე მშობლებთან, რათა მათ შვილებს სინდისის შებღალვის გარეშე ჰქონოდათ გაკვეთილებზე დასწრების შესაძლებლობა. 1963 წელს ლიბერიაში (დასავლეთი აფრიკა) სახელმწიფო მოხელეებმა მოწმეები სახელმწიფოსადმი დაუმორჩილებლობაში დაადანაშაულეს; მათ ჩაშალეს გბარნგაში მოწმეების კონგრესი და მოითხოვეს, რომ ყველა დამსწრეს, როგორც ლიბერიელს, ისე უცხოელს, ეროვნულ დროშაზე ერთგულების ფიცი დაედო. 1976 წელს ანგარიში სათაურით „იეჰოვას მოწმეები კუბაში“ იუწყებოდა, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე დააპატიმრეს ათასობით მშობელი, როგორც მამაკაცი, ისე ქალი, რადგან მათმა შვილებმა უარი თქვეს დროშისთვის სალმის მიცემაზე.
ყველა არ ეთანხმებოდა იმ ადამიანებისადმი ასეთ სასტიკ მოპყრობას, რომლებიც თავიანთი სინდისის გამო პატრიოტულ ცერემონიალებში მონაწილეობის მიღებაზე პატივისცემით ამბობდნენ უარს. 1941 წელს ამერიკელთა სამოქალაქო უფლებების დამცველთა გაერთიანების სამხრეთ კალიფორნიის ფილიალის ყოველკვირეულ გაზეთში ეწერა: „დადგა დრო, რომ დროშისთვის სალმის მიცემის საკითხში მეტი გონივრულობა გამოვიჩინოთ. იეჰოვას მოწმეები ურჩი ამერიკელები არ არიან . . . ისინი კანონის დამრღვევები კი არ არიან, არამედ ეწევიან უბიწო, წესიერ ცხოვრებას და ხელს უწყობენ საერთო კეთილდღეობას“ (The Open Forum). 1976 წელს ბუენოს-აირესში (არგენტინა) გამომავალ გაზეთში ერთ-ერთმა მიმომხილველმა გულწრფელად თქვა, რომ მოწმეების „რწმენა შეურაცხმყოფელია მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თვლიან, რომ პატრიოტიზმი დროშის ფრიალი და ჰიმნის შესრულებაა და არა გულიდან გამომდინარე საკითხი“. შემდეგ მან დასძინა: „ჰიტლერს და სტალინს [მოწმეები] მოურჯულებლებად მიაჩნდათ, ამიტომ სასტიკად ექცეოდნენ. სხვა ბევრ დიქტატორსაც სურდა მათი დამორჩილება, ამიტომ მათ შევიწროებას ცდილობდნენ, თუმცა ამაოდ!“ (Herald).
ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ზოგიერთი რელიგიური ჯგუფი მხარს უჭერდა შეიარაღებულ ძალადობას იმ მთავრობების წინააღმდეგ, რომლებიც მათ არ მოსწონდათ. მაგრამ იეჰოვას მოწმეები დედამიწის არც ერთ ნაწილში არ მონაწილეობენ პოლიტიკურ გადატრიალებებში. ისინი პატივს არ მიაგებენ ეროვნულ სიმბოლოებს არა იმიტომ, რომ სახელმწიფოს ერთგულები არ არიან ან სხვა მთავრობას უჭერენ მხარს. მათ ნებისმიერ ქვეყანაში მსგავსი პოზიცია უკავიათ. ასეთი დამოკიდებულება მათი მხრიდან უპატივცემულობის ნიშანი არ არის. ისინი არ უსტვენენ და არ ყვირიან პატრიოტული ცერემონიების დროს; არ აფურთხებენ, ფეხით არ თელავენ და არ წვავენ დროშას; მოწმეებს არაფერი აქვთ მთავრობის საწინააღმდეგო. მათ პოზიციას საფუძვლად უდევს იესოს სიტყვები, რომლებიც მათეს 4:10-ში წერია: „იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“.
იეჰოვას მოწმეების პოზიცია ჰგავს რომის იმპერიის დროს მცხოვრები პირველი საუკუნის ქრისტიანების პოზიციას. მათ შესახებ ერთ-ერთ წიგნში ეწერა: „იმპერატორის თაყვანისცემის ნიშნად სამსხვერპლოზე, რომელიც იმპერატორის ქანდაკების წინ იდგა, საკმევლის რამდენიმე მარცვალს ყრიდნენ ან ღვინის რამდენიმე წვეთს აპკურებდნენ. დღევანდელი გადასახედიდან ეს ჩვეულება ალბათ არაფრით განსხვავდება . . . დროშისთვის ან სახელმწიფოს მეთაურისთვის საზეიმოდ სალმის მიცემისგან. ჩვენთვის ეს თავაზიანობის, პატივისცემისა და პატრიოტიზმის მაჩვენებელია. შესაძლოა, პირველ საუკუნეში საკმაოდ ბევრი ადამიანი სწორედ ასე ფიქრობდა, მაგრამ ქრისტიანებს განსხვავებული შეხედულება ჰქონდათ. მათი აზრით, ეს იყო რელიგიური თაყვანისცემა, იმპერატორის გაღმერთება და, აქედან გამომდინარე, ღვთისა და ქრისტეს ღალატი. ამიტომ ისინი უარს ამბობდნენ ამის გაკეთებაზე“ (Essentials of Bible History, ელმერ მულდი, 1951 წელი, გვ. 563).
სძულთ, რადგან „არ არიან ქვეყნიერების ნაწილი“
იესოს სიტყვების თანახმად, მისი მოწაფეები „არ არიან ქვეყნიერების ნაწილი“, ამიტომ იეჰოვას მოწმეები არ ერევიან პოლიტიკაში (იოან. 17:16; 6:15). ისინი ამ საკითხშიც პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად იქცევიან, რომელთა შესახებაც ისტორიკოსები ამბობენ:
„წარმართული სამყაროს მმართველებს არ ესმოდათ პირველი ქრისტიანების და კარგი თვალით არ უყურებდნენ მათ . . . ქრისტიანები უარს ამბობდნენ რომის მოქალაქეთა ზოგიერთი ვალდებულების შესრულებაზე . . . ისინი არ იკავებდნენ პოლიტიკურ თანამდებობებს“ (On the Road to Civilization, A World History, ა. ჰეკელი და ჯ. სიგმანი, 1937 წელი, გვ. 237, 238). „ისინი უარს ამბობდნენ სახელმწიფოს მართვაში აქტიურ მონაწილეობასა და სამხედრო ძალით იმპერიის დაცვაზე . . . წარმოუდგენელი იყო, რომ ქრისტიანი გამხდარიყო ჯარისკაცი, სახელმწიფო მოხელე ან მმართველი, თუ უარს არ იტყოდა თავის წმინდა მოვალეობაზე“ (History of Christianity, ედუარდ გიბონი, 1891 წელი, გვ. 162, 163).
ქვეყნიერება არ იწონებს ქრისტიანების ასეთ პოზიციას, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც მმართველები ყველასგან მოითხოვენ პოლიტიკური სისტემის მხარდამჭერ კონკრეტულ საქმიანობებში მონაწილეობას. ამის შედეგებზე ჯერ კიდევ იესო ამბობდა: „ქვეყნიერების ნაწილი რომ იყოთ, ქვეყნიერებას ეყვარებოდა თავისი. რადგან ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნიერებისგან, ამიტომ სძულხართ ქვეყნიერებას“ (იოან. 15:19).
ზოგ ქვეყანაში არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულოა. მასზე უარის თქმა ისჯება ჯარიმით, პატიმრობით ან უფრო მკაცრი ზომებით. მაგრამ იეჰოვას მოწმეები მხარს უჭერენ ღვთის მესიანურ სამეფოს, რომელიც იესოს სიტყვების თანახმად, არ არის „ქვეყნიერების ნაწილი“. ამიტომ ისინი არ ერევიან ამ ქვეყნიერების ხალხთა პოლიტიკაში (იოან. 18:36). გადაწყვეტილებას თითოეული პირადად იღებს; მოწმეები არავის ახვევენ თავის აზრს. იმ ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები, სადაც რელიგიური შეუწყნარებლობაა, სასტიკად დევნიან მოწმეებს იმის გამო, რომ ისინი არჩევნებში არ მონაწილეობენ. ასე ხდებოდა იმ ქვეყნებში, სადაც ნაცისტური რეჟიმი იყო, მაგალითად კუბაში. თუმცა ბევრ ქვეყანაში ოფიციალური პირები მეტ შემწყნარებლობას ავლენდნენ.
მიუხედავად ამისა, ზოგან ხელისუფლებამ მოითხოვა, რომ მმართველი პოლიტიკური პარტიისადმი მხარდაჭერა ყველას გარკვეული ლოზუნგების შეძახილით გამოეხატა. რამდენადაც იეჰოვას მოწმეებს სინდისი ამის გაკეთების ნებას არ რთავდა, 1970-იან და 1980-იან წლებში აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში ათასობით მათგანს სცემდნენ, საარსებო საშუალებას ართმევდნენ და სახლებს ატოვებინებდნენ. მაგრამ იეჰოვას მოწმეებს ყველა ქვეყანაში იცნობენ შრომისმოყვარე და კანონმორჩილ ადამიანებად, თუმცა პოლიტიკურ საკითხებში ისინი ქრისტიანულ ნეიტრალიტეტს იცავენ.
მალავიში ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა და პარტიული ბილეთის ქონა ამ პარტიის წევრობაზე მიუთითებს. მოწმეები თავიანთი რელიგიური მრწამსის თანახმად სამაგალითოდ იხდიან გადასახადებს, თუმცა უარს აცხადებენ პოლიტიკური პარტიის ბილეთის შეძენაზე, რადგან მისი შეძენა ღვთის სამეფოსადმი რწმენის უარყოფა იქნებოდა. ამის გამო 1967 წლის მიწურულს, მთავრობის წარმომადგენლების წაქეზებით, ახალგაზრდების ბრბო მთელ მალავიში თავს ესხმოდა იეჰოვას მოწმეებს, უშვერი სიტყვებით ლანძღავდა და სადისტურად ექცეოდა. მსგავსი შემთხვევა ქვეყანაში არ ყოფილა. ათასზე მეტი ქრისტიანი და გააუპატიურეს. ზოგ მათგანს დიდი ბრბოს წინაშე აშიშვლებდნენ, ჯოხებსა და მუშტებს ურტყამდნენ, შემდეგ კი რიგრიგობით აუპატიურებდნენ. მოწმე მამაკაცებს ტერფებში ლურსმნებს ან ფეხებში ველოსიპედის „სპიცებს“ ურჭობდნენ, შემდეგ კი აიძულებდნენ, ერბინათ. მთელ ქვეყანაში მოწმეებს უნგრევდნენ სახლებს, ულეწავდნენ ავეჯს, უხევდნენ ტანსაცმელს და უნადგურებდნენ საკვების მარაგს.
1972 წელს მალავის პოლიტიკური პარტიის ყოველწლიური კონგრესის შემდეგ ასეთი სასტიკი მოპყრობა კვლავ განახლდა. კონგრესზე ოფიციალურად გადაწყდა, რომ იეჰოვას მოწმეები სამსახურებიდან დაეთხოვათ და სახლებიდან გაეძევებინათ. არ დააკმაყოფილეს იმ დამსაქმებლების თხოვნაც, რომლებსაც ამ სანდო თანამშრომლების სამსახურში დატოვება სურდათ. მათ ართმევდნენ ან უნადგურებდნენ სახლებს, მოსავალსა და საქონელს. სოფლებში მოწმეებს ჭიდან წყლის ამოღების უფლებას არ აძლევდნენ. ბევრ მათგანს სცემდნენ, აუპატიურებდნენ, ასახიჩრებდნენ ან კლავდნენ. ამ ყველაფერთან ერთად, მათ რწმენის გამო დასცინოდნენ და ამასხარავებდნენ. საბოლოოდ, 34 000-ზე მეტმა მოწმემ სიცოცხლის შესანარჩუნებლად თავს სხვა ქვეყანაში გაქცევით უშველა.
მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. მოწმეები ჯერ ერთი ქვეყნის, შემდეგ კი მეორე ქვეყნის საზღვრიდან უკან გამოყარეს და ისევ თავიანთი მდევნელების ხელში ჩაყარეს, რათა უფრო მეტ სისასტიკეს შეხვედროდნენ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მოწმეები კომპრომისზე არ წასულან და უარი არ უთქვამთ იეჰოვა ღმერთისადმი რწმენაზე. ისინი ღვთის იმ ერთგულ მსახურებს ჰგავდნენ, რომელთა შესახებაც ბიბლიაში წერია: „სხვები კი გამოიცადნენ დაცინვითა და გაშოლტვით და უფრო მეტიც — ბორკილებითა და საპყრობილეებით. მათ ქოლავდნენ, სცდიდნენ, ხერხავდნენ, მახვილით ხოცავდნენ. ისინი ცხვრისა და თხის ტყავებით შემოსილნი დადიოდნენ, რადგან გაჭირვებასა და შევიწროებაში იყვნენ და სასტიკ მოპყრობას იტანდნენ. ქვეყნიერება არ იყო მათი ღირსი“ (ებრ. 11:36—38).
ყველა ხალხისგან დევნილნი
მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში ილახებოდა ადამიანთა თავისუფლება ასეთი რელიგიური დევნებით? არა, რადგან იესომ თავისი მიმდევრები გააფრთხილა: „შეგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო“ (მათ. 24:9).
სიძულვილი განსაკუთრებით გაძლიერდა ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებში, რომლებიც 1914 წლიდან დაიწყო. ეს თავდასხმები კანადასა და შეერთებულ შტატებში პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყო იმით, რომ ბიბლიური ლიტერატურა აკრძალეს. აკრძალვა მალევე დაიწყეს ინდოეთსა და ნიასალენდშიც (ახლანდელი მალავი). 1920-იან წლებში ბიბლიის მკვლევარების საქმიანობა უსაფუძვლოდ აკრძალეს ესპანეთში, იტალიაში, რუმინეთში, საბერძნეთსა და უნგრეთში. ამ ქვეყნებიდან ზოგიერთში ბიბლიური ლიტერატურის გავრცელებას კრძალავდნენ; ზოგჯერ იქ სახლებში შეხვედრების ჩატარებაც იკრძალებოდა. 1930-იან წლებში მათ რიცხვს შეუერთდა ისეთი ქვეყნები (ზოგან იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აკრძალეს, ზოგან კი — მათი ლიტერატურა), როგორიცაა ალბანეთი, ავსტრია, ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, შვეიცარიის ზოგი კანტონი, ყოფილი იუგოსლავია, ოქროს ნაპირი (განა), საფრანგეთის ტერიტორიები აფრიკაში, ტრინიდადი და ფიჯი.
მეორე მსოფლიო ომის დროს იეჰოვას მოწმეების საქმიანობასა და ბიბლიურ ლიტერატურას მსოფლიოს ბევრ კუთხეში კრძალავდნენ. ეს ხდებოდა არა მხოლოდ გერმანიაში, იტალიასა და იაპონიაში, სადაც დიქტატორული მმართველობა იყო, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც, რომლებიც ომის წინა თუ მომდევნო პერიოდში პირდაპირი თუ არაპირდაპირი სახით ამ დიქტატორული ქვეყნების დაქვემდებარებაში მოექცნენ. ასეთი ქვეყნები იყო: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, კორეა, ნიდერლანდი, ნიდერლანდის ოსტინდოეთი (ახლანდელი ინდონეზია), ნორვეგია და ჩეხოსლოვაკია. ომის წლებში არგენტინის, ბრაზილიის, საფრანგეთის, უნგრეთისა და ფინეთის მთავრობებმა იეჰოვას მოწმეების ან მათი საქმიანობის წინააღმდეგ ოფიციალური განკარგულებები გასცეს.
ომის პერიოდში დიდ ბრიტანეთში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა ოფიციალურად არ აუკრძალავთ, მაგრამ ქვეყნიდან გააძევეს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალის ამერიკელი ზედამხედველი და ცდილობდნენ მათი საქმიანობის ჩახშობას იმით, რომ ამ პერიოდში ქვეყანაში ლიტერატურის შეტანა აკრძალეს. ბრიტანეთის მთელ იმპერიასა და ბრიტანულ ერთა თანამეგობრობაში იეჰოვას მოწმეების საქმიანობასა და მათ ლიტერატურაზე აკრძალვები დააწესეს. იეჰოვას მსახურების მიმართ მტრულ დამოკიდებულებას ავლენდნენ ისეთ ქვეყნებშიც, როგორიცაა ავსტრალია, ახალი ზელანდია, ბასუტოლენდი (ახლანდელი ლესოთო), ბაჰამის კუნძულები, ბეჩუანალენდი (ახლანდელი ბოტსვანა), ბირმა (ახლანდელი მიანმა), გვიანა ბრიტანეთისა (ახლანდელი გაიანა), დომინიკა, იამაიკა, ინდოეთი, კანადა, კვიპროსი, ნიასალენდი (ახლანდელი მალავი), ნიგერია, ოქროს ნაპირი (ახლანდელი განა), სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, სამხრეთი როდეზია (ახლანდელი ზიმბაბვე), სვაზილენდი, სინგაპური, ფიჯი, ქარზურგა კუნძულები (ბრიტანეთის ვესტინდოეთი), ჩრდილოეთი როდეზია (ახლანდელი ზამბია) და ცეილონი (ახლანდელი შრი-ლანკა).
ომის შემდეგ ზოგ ქვეყანაში მოწმეების დევნა შემცირდა, თუმცა სხვაგან გააქტიურდა. მომდევნო 45 წლის მანძილზე, გარდა იმისა, რომ იეჰოვას მოწმეებს ბევრ ქვეყანაში კანონიერად არ აღიარებდნენ, მათი საქმიანობა აფრიკის 23 ქვეყანაში, აზიის 9 ქვეყანაში, ევროპის 8 ქვეყანაში, ლათინური ამერიკის 3 ქვეყანასა და 4 კუნძულზე აკრძალეს. 1992 წლისთვის იეჰოვას მოწმეების საქმიანობა ჯერ კიდევ 24 ქვეყანაში იყო აკრძალული.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობის ყველა წარმომადგენელი პირადად ეწინააღმდეგება იეჰოვას მოწმეების საქმიანობას. ბევრი მათგანი მხარს უჭერს რელიგიის თავისუფლებას და აღიარებს, რომ მოწმეები საზოგადოების ღირსეული წევრები არიან. ისინი არ ეთანხმებიან მათ, ვინც მოწმეების წინააღმდეგ აგიტაციას ეწევა. მაგალითად, სანამ სპილოს ძვლის ნაპირი (ახლანდელი კოტ-დ’ივუარი) დამოუკიდებლობას მოიპოვებდა, კათოლიკე მღვდელი და მეთოდისტი მსახური ცდილობდნენ, მთავრობის ერთი მოხელე წაექეზებინათ, იეჰოვას მოწმეები ქვეყნიდან გაეძევებინა, მაგრამ ისინი მიხვდნენ, რომ მათ საქმე ჰქონდათ ხელისუფლების ისეთ წარმომადგენლებთან, რომლებიც სამღვდელოების გავლენაში არ მოექცეოდნენ. 1990 წელს, როცა ნამიბიაში ერთი სახელმწიფო მოხელე ცდილობდა, იეჰოვას მოწმე ლტოლვილთა დისკრიმინაციის მიზნით კანონში ცვლილება შეეტანა, საკანონმდებლო დამფუძნებელმა კრებამ ამის უფლება არ მისცა. ბევრ ქვეყანაში, სადაც იეჰოვას მოწმეების საქმიანობა ერთ დროს აკრძალული იყო, ახლა კანონიერად არის აღიარებული.
თუმცა დედამიწის ყველა კუთხეში იეჰოვას მოწმეებს გარკვეულწილად მაინც დევნიან (2 ტიმ. 3:12). ზოგან დევნა შეიძლება მომდინარეობდეს აგრესიული მობინადრეებისგან, მოწინააღმდეგე ნათესავებისგან, თანამშრომლების ან კლასელებისგან, რომელთაც ღვთის არ ეშინიათ. მაგრამ ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს დევნა ან რითაც არ უნდა იმართლებდნენ მდევნელები თავს, იეჰოვას მოწმეებს ესმით, თუ რა მიზეზით იდევნებიან სინამდვილეში ჭეშმარიტი ქრისტიანები.
საკამათო საკითხი
საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციებში უკვე დიდი ხანია ყურადღება მახვილდება ბიბლიის პირველ წიგნში სიმბოლურად აღწერილ მტრობაზე ანუ სიძულვილზე, რომელიც სატანა ეშმაკსა და მის ქვეშევრდომებს იეჰოვას ზეციური ორგანიზაციისა და მისი მიწიერი წარმომადგენლების მიმართ აქვთ (დაბ. 3:15; იოან. 8:38, 44; გამოცხ. 12:9, 17). განსაკუთრებით 1925 წლიდან „საგუშაგო კოშკში“ წმინდა წერილების საფუძველზე ნაჩვენები იყო, რომ მსოფლიოში მხოლოდ ორი ძირითადი ორგანიზაცია არსებობდა — იეჰოვას ორგანიზაცია და სატანის. და როგორც 1 იოანეს 5:19 ამბობს: „მთელი ქვეყნიერება“, ანუ იეჰოვას ორგანიზაციის გარეთ მყოფი კაცობრიობა, „ბოროტის ხელშია“. სწორედ ამიტომ იდევნებიან ჭეშმარიტი ქრისტიანები (იოან. 15:20).
რატომ უშვებს ღმერთი ყოველივე ამას? რა მიიღწევა ამით? იესო ქრისტემ ახსნა, რომ სანამ ის, როგორც ზეციერი მეფე დაამარცხებდა სატანასა და მის ბოროტ ორგანიზაციას, ხალხს მიეცემოდა ღვთის სამეფოს შესახებ ცნობის მოსმენისა და მის მხარეს დადგომის შესაძლებლობა. როდესაც ამ სამეფოს მაუწყებლები იდევნებიან, იბადება კითხვა: კარგად მოექცევიან ქრისტეს „ძმებსა“ და მათ თანამსახურებს ისინი, ვინც ამ სასიხარულო ცნობას მოისმენენ, და ამგვარად გამოავლენენ ქრისტესადმი სიყვარულს? თუ შეურთდებიან მათ, ვინც ღვთის სამეფოს წარმომადგენლებს ლანძღავენ? ან ხომ არ გაჩუმდებიან ამ დროს? (მათ. 25:31—46; 10:40; 24:14). მალავიში ზოგიერთმა ნათლად დაინახა, ვინ ემსახურებოდა ჭეშმარიტ ღმერთს, და დევნილ მოწმეებს შეუერთდა. ასე მოიქცა არაერთი პატიმარი და მეთვალყურე გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში.
მიუხედავად იმისა, რომ მოწმეებს ცრუ ბრალდებებს უყენებენ, ფიზიკურად შეურაცხყოფენ და რწმენის გამო დასცინიან, ისინი თავს ღვთისგან მიტოვებულად არ გრძნობენ. მათ იციან, რომ იესო ქრისტესაც მსგავსად ექცეოდნენ (მათ. 27:43). მათ ისიც იციან, რომ იესომ იეჰოვასადმი ერთგულებით ეშმაკი სიცრუეში ამხილა და ამით მამის სახელის განწმენდას შეუწყო ხელი. თითოეულ იეჰოვას მოწმეს სურს, მსგავსად მოიქცეს (მათ. 6:9).
საკამათო საკითხი არ ეხება იმას, გაუძლებენ თუ არა მოწმეები წამებას ან გადაურჩებიან თუ არა სიკვდილს. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ მის ზოგიერთ მიმდევარს მოკლავდნენ (მათ. 24:9). ის თავადაც მოკლეს. მაგრამ იესო არასოდეს წასულა კომპრომისზე ღვთის მთავარ მოწინააღმდეგესთან, სატანა ეშმაკთან, ამ „ქვეყნიერების მმართველთან“. იესომ სძლია ქვეყნიერებას (იოან. 14:30; 16:33). საკამათო საკითხი მდგომარეობს იმაში, დარჩებიან თუ არა ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლები მისი ერთგულები ნებისმიერი განსაცდელის დროს. იეჰოვას მოწმეების თანამედროვე ისტორია ცხადყოფს, რომ ისინი იზიარებენ პავლე მოციქულის სიტყვებს: „თუ ვცოცხლობთ, იეჰოვასთვის ვცოცხლობთ და თუ ვკვდებით, იეჰოვასთვის ვკვდებით. ამიტომ ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, იეჰოვას ვეკუთვნით“ (რომ. 14:8).
[სქოლიოები]
a იმ დროს ბიბლიის მკვლევარებს ბოლომდე არ ესმოდათ, რომ კრებაში მასწავლებლები მხოლოდ მამაკაცები უნდა ყოფილიყვნენ, როგორც ეს დღეს არის ბიბლიიდან ცნობილი მოწმეებისთვის (1 კორ. 14:33, 34; 1 ტიმ. 2:11, 12). ამიტომ მარია რასელი იყო ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ რედაქტორის თანაშემწე და რეგულარულად წერდა სტატიებს ამ ჟურნალისთვის.
b საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტი ჯოზეფ რუტერფორდი, ორგანიზაციის ხაზინადარი უილიამ ვან ამბერგი, ადმინისტრატორი რობერტ მარტინი, „საგუშაგო კოშკის“ სარედაქციო კომიტეტის წევრი ფრედერიკ რობისონი, ორგანიზაციის ერთ-ერთი დირექტორი ალექსანდრე მაკმილანი, „დასრულებული საიდუმლოს“ შემდგენლები ჯორჯ ფიშერი და კლეიტონ ვუდვორთი.
c ჯოვანი დეჩეკა, რომელიც მუშაობდა საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მთავარი სამმართველოს იტალიურ განყოფილებაში.
d 1918 წლის 1 ივლისს ოლქის მოსამართლე მარტინ მანტონმა, რომელიც თავგამოდებული კათოლიკე იყო, ბიბლიის მკვლევარებს უარი უთხრა თავდებით გათავისუფლების მეორედ თხოვნაზე. როდესაც მოგვიანებით ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ შეცვალა ბრალდებულებისთვის გამოტანილი განაჩენი, მანტონი ერთადერთი იყო, ვინც ამას არ დაეთანხმა. აღსანიშნავია, რომ 1939 წლის 4 დეკემბერს სპეციალურად დანიშნულმა სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა, რომ მანტონი დამნაშავე იყო სასამართლო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში, უპატიოსნობასა და სიცრუეში.
e ამ ადამიანების უსამართლო დაპატიმრებაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ჯოზეფ რუტერფორდი კვლავაც შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს ადვოკატთა გაერთიანების წევრად დარჩა გაწევრიანებიდან, 1909 წლის მაისიდან სიცოცხლის ბოლომდე, 1942 წლამდე. 1939—1942 წლებში უზენაეს სასამართლოში განხილულ 14 საქმეში ჯოზეფ რუტერფორდი ერთ-ერთი ადვოკატი იყო. ისეთი საქმეების განხილვის დროს, როგორიცაა „შნაიდერი ნიუ-ჯერზის შტატის წინააღმდეგ“ (1939 წელი) და „მინერსვილის განათლების საბჭო გობიტისის წინააღმდეგ“ (1940 წელი), ის უზენაესი სასამართლოს წინაშე სიტყვით წარდგა. აგრეთვე მეორე მსოფლიო ომის დროს ა. მაკმილანს, რომელიც 1918—1919 წლებში უკანონოდ იყო დაპატიმრებული, ციხეების ფედერალური ბიუროს დირექტორმა ნება დართო, რეგულარულად მოენახულებინა შეერთებული შტატების ფედერალური ციხეები, რათა ეზრუნა ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო დაპატიმრებული ახალგაზრდების სულიერ ინტერესებზე.
f ენციკლოპედია „ამერიკანაში“ ნათქვამია: «დროშა, როგორც ჯვარი, წმინდაა . . . ეროვნული დროშებისადმი დამოკიდებულებასთან დაკავშირებულ კანონებსა და დადგენილებებში გამოიყენება ძლიერი, მრავალმნიშვნელოვანი სიტყვები: „დროშისადმი მსახურება“, . . . „დროშის ღრმა პატივისცემა“, „დროშისთვის თავდადება“» (1942 წელი, ტომი 11, გვერდი 316). ბრაზილიაში სახელმწიფო ცერემონიის დროს მაღალჩინოსანმა სამხედრო პირმა განაცხადა: „დროშები იქცა პატრიოტული რელიგიის სათაყვანო ღვთაებად . . . დროშას პატივს მივაგებთ და თაყვანს ვცემთ“ (Diario da Justiça, 1956 წლის 16 თებერვალი, გვ. 1904).
[ჩანართი 642 გვერდზე]
იესო ქრისტეს უმთავრესად რელიგიური წინამძღოლები დევნიდნენ
[ჩანართი 645 გვერდზე]
„ღვთის მიერ ნებისმიერი ადამიანის მქადაგებლად დანიშვნა ან ამ უფლებამოსილების მინიჭება წმინდა სულით ხდება“
[ჩანართი 647 გვერდზე]
წიგნი „დასრულებული საიდუმლო“ პირდაპირ ამხელდა ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოების თვალთმაქცობას
[ჩანართი 650 გვერდზე]
ქრისტიან კაცებსა და ქალებს თავს ესხმოდა ბრბო და ბრალდებისა და სასამართლოს გარეშე სვამდნენ ციხეში
[ჩანართი 652 გვერდზე]
„დაპატიმრების ვადები გადაჭარბებულია“ (შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვუდრო უილსონი)
[ჩანართი 656 გვერდზე]
თუ ვინმე მღვდლის სიტყვას არ დაემორჩილებოდა, ის სამართალს ვერ იპოვიდა
[ჩანართი 666 გვერდზე]
მღვდლები მოუწოდებდნენ მასწავლებლებს, რომ ბავშვები სკოლიდან გაეშვათ, რათა მოწმეებისთვის ქვები დაეშინათ
[ჩანართი 668 გვერდზე]
სამღვდელოება მოწმეების წინააღმდეგ გაერთიანდა
[ჩანართი 671 გვერდზე]
ბრბო თავს ესხმოდა მოწმეებს შეერთებულ შტატებში
[ჩანართი 676 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეები მსოფლიოს ყველა კუთხეში არიან დევნილნი
[ჩარჩო 655 გვერდზე]
სამღვდელოებამ თავისი შეხედულებები გამოააშკარავა
აღსანიშნავია, როგორ გამოეხმაურნენ რელიგიური პერიოდული გამოცემები 1918 წელს ძმა რუტერფორდისა და მისი თანამოაზრეების დაპატიმრებას:
◆ „მთავრობა დამანგრეველ დარტყმას აყენებს აზრს, რომ რელიგიური იდეები, რაც არ უნდა უაზრო და საზიანო იყოს, შეიძლება დაუსჯელად გავრცელდეს. ეს მოძველებული შეხედულებაა და დღემდე უყურადღებოდ ვტოვებდით მას . . . როგორც ჩანს, ეს რასელიზმის აღსასრულია“ (The Christian Register).
◆ ბაპტისტურ პუბლიკაციაში ეწერა: „გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ამ შარიანი სექტის თავი კანონის დაუმორჩილებლობისთვის ერთ-ერთ გამოსასწორებელ დაწესებულებაში უნდა ჩასვან . . . ამასთან დაკავშირებით გასარკვევია მხოლოდ ის, ბრალდებულები ფსიქიატრიულში უნდა გადაიყვანონ თუ ციხეში“ (The Western Recorder).
◆ „ფორტნაითლი რევიუ“ ყურადღებას ამახვილებდა ნიუ-იორკის „ივნინგ პოსტში“ გაკეთებულ კომენტარზე: „იმედი გვაქვს, ყველა რელიგიის მასწავლებელი გაითვალისწინებს მოსამართლის აზრს, რომ ნებისმიერი რელიგიის ქადაგება, გარდა იმ რელიგიისა, რომელიც აბსოლუტურად ეთანხმება კანონს, მძიმე სამართალდარღვევაა და ის უფრო მძიმდება, როდესაც სახარების მქადაგებელი გულწრფელია“.
◆ გაზეთი „კონტინენტი“ ბრალდებულებს დამამცირებლად მოიხსენიებდა, როგორც «განსვენებული „პასტორ“ რასელის მიმდევრებს», და ამახინჯებდა მათ მრწამსს იმის თქმით, თითქოს ისინი ამტკიცებდნენ, რომ „ცოდვილების გარდა, გერმანელ კაიზერთან ბრძოლისგან ყველა უნდა გათავისუფლდეს“. მასში ასევე ეწერა, რომ ვაშინგტონის გენერალური პროკურორის სიტყვების თანახმად, „ცოტა ხნის წინ იტალიის მთავრობამ შეერთებული შტატების მთავრობას შესჩივლა, რომ რუტერფორდი და მისი თანამოაზრეები . . . იტალიის ჯარში ომის საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწეოდნენ“.
◆ ერთ კვირაში სხვა ჟურნალმა სიტყვა-სიტყვით გამოაქვეყნა ზემოთ მოყვანილი აზრების უმეტესობა, რითაც ნათლად აჩვენა, რომ სრულად ეთანხმებოდა მათ (The Christian Century).
◆ კათოლიკურ ჟურნალში მოკლედ ეწერა გამოტანილი განაჩენის შესახებ და შემდეგ გამოთქმული იყო რედაქტორების აზრი: „ამ ასოციაციის ლიტერატურა სავსეა კათოლიკურ ეკლესიასა და მის სამღვდელოებაზე საშინელი თავდასხმებით“. ნებისმიერს, ვინც საჯაროდ არ ეთანხმებოდა კათოლიკურ ეკლესიას, ჟურნალი „მეამბოხეობას“ მიაწერდა და დასძენდა: „სულ უფრო ნათელი ხდება, რომ შეუწყნარებლობის სული მჭიდრო კავშირშია მეამბოხეობის სულთან“ (Truth).
◆ დოქტორმა რეი ეიბრამზმა თავის წიგნში აღნიშნა: „როდესაც მათი ოცწლიანი პატიმრობის შესახებ ცნობა რელიგიური პრესის გამომცემლებს მისწვდა, ყველა დიდი თუ მცირე პუბლიკაციიდან გამოჩნდა, რომ ამ ფაქტს სიხარულით შეხვდნენ. ტრადიციულ რელიგიურ ჟურნალებში თანაგრძნობის ერთი სიტყვაც კი ვერ ვნახე“ (Preachers Present Arms).
[ჩარჩო 660 გვერდზე]
ისინი „რელიგიურ ნიადაგზე იდევნებოდნენ“
«მაუტჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში იყო ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მხოლოდ რელიგიურ ნიადაგზე იდევნებოდნენ. ესენი იყვნენ „გულმოდგინე ბიბლიის მკვლევარები“ ანუ „იეჰოვას მოწმეები“ . . . მათი დევნის მიზეზი ის იყო, რომ თავიანთი რწმენის გამო უარს ამბობდნენ ჰიტლერისადმი ერთგულების ფიცის დადებასა და ნებისმიერი სახის სამხედრო სამსახურზე» (Die Geschichte des Konzentrationslagers Mauthausen, ჰანს მარშალეკი, ვენა, ავსტრია, 1974 წელი).
[ჩარჩო⁄სურათი 661 გვერდზე]
დეკლარაციის თარგმანი, რომელზეც ესესელები მოწმეებს ხელის მოწერას აიძულებდნენ
საკონცენტრაციო ბანაკი .......................................
II განყოფილება
დეკლარაცია
მე, ...................................................
დაბადებული ...................................................
ქალაქ ...................................................
ვაცხადებ:
1. გავიგე, რომ ბიბლიის მკვლევარების საერთაშორისო ასოციაცია ქადაგებს არასწორ სწავლებებს და რელიგიის საფარქვეშ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
2. ამიტომ ვტოვებ ორგანიზაციას და სრულად ვთავისუფლდები ამ სექტის სწავლებებისგან.
3. გარწმუნებთ, რომ ამიერიდან არანაირ მონაწილეობას აღარ მივიღებ ბიბლიის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაციის საქმიანობაში. თუ ვინმე ბიბლიის მკვლევარების სწავლებებს შემომთავაზებს ან ვინმეს შევამჩნევ, რომ მათთან რაიმე კავშირი აქვს, მაშინვე ხელისუფლებას შევატყობინებ. ბიბლიის მკვლევარების ყველა პუბლიკაციას, რომელიც ჩემს მისამართზე მოვა, დაუყოვნებლივ მივიტან პოლიციის უახლოეს განყოფილებაში.
4. მომავალში პატივს ვცემ სახელმწიფოს კანონებს, განსაკუთრებით ომის დროს იარაღით ხელში დავიცავ სამშობლოს და სრულ მონაწილეობას მივიღებ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
5. ჩემთვის ცნობილია, რომ ამ დეკლარაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში კვლავ პატიმრობაში აღმოვჩნდები.
.................................., თარიღი ................
ხელმოწერა
[ჩარჩო 662 გვერდზე]
ზოგიერთი სიკვდილმისჯილის წერილი
ფრანც რაიტერი, რომელიც გილიოტინაზე უნდა მოეკლათ, 1940 წლის 6 იანვარს ბერლინ-პლიოცენზის დაკავების ცენტრიდან დედას სწერდა:
«დარწმუნებული ვარ, რომ სწორად ვიქცევი. აქ ყოფნის დროს შემეძლო თვალსაზრისი შემეცვალა, მაგრამ ეს ღვთისადმი ორგულობა იქნებოდა. ყველას, ვინც აქა ვართ, გვსურს, რომ ღვთის ერთგულები დავრჩეთ მის განსადიდებლად . . . ვიცი, რომ თუ [სამხედრო] ფიცს დავდებდი, სასიკვდილო ცოდვას ჩავიდენდი. ეს კი ძალიან ცუდი იქნებოდა ჩემთვის, რადგან აღარასოდეს აღვდგებოდი. მაგრამ მე ვითვალისწინებ იესოს სიტყვებს: „ვინც პოულობს თავის სულს, დაკარგავს მას, ხოლო ვინც ჩემ გამო კარგავს სულს, იპოვის მას“. ჩემო საყვარელო დედა და და-ძმებო, დღეს განაჩენი გამომიტანეს! არ შეგეშინდეთ, ეს სასიკვდილო განაჩენია, რომელსაც ხვალ დილით მოიყვანენ სისრულეში. იეჰოვა ისე მაძლიერებს, როგორც წარსულში ჭეშმარიტ ქრისტიანებს აძლიერებდა. მოციქულებმა დაწერეს: „ღვთისგან შობილი არ სცოდავს“. ეს მეც მეხება. მე დაგიმტკიცეთ ეს და თქვენ შეგეძლოთ ამის დანახვა. ჩემო ძვირფასო, ძალიან ნუ იდარდებ! თქვენთვის უკეთესი იქნება, თუ უკეთ ჩასწვდებით წმინდა წერილებს. თუ სიკვდილამდე სიმტკიცეს შეინარჩუნებთ, აღდგომისას კვლავ შევხვდებით ერთმანეთს . . .
თქვენი ფრანცი,
მომავალ შეხვედრამდე».
ბერთოლდ საბოს წერილი, რომელიც 1945 წლის 2 მარტს კერმენდში (უნგრეთი) დახვრიტეს.
„ჩემო ძვირფასო დაო, მარიკა!
ამ ერთ საათში ან საათ-ნახევარში, რაც სიკვდილამდე დამრჩა, შევეცდები მოგწერო ყველაფერი, რათა მშობლებს შეატყობინო, რომ სიკვდილს თვალებში ვუყურებ.
მათაც ვუსურვებ, ისეთივე სიმშვიდე შეინარჩუნონ, როგორიც მე მაქვს სიცოცხლის ბოლო წუთებში ამ ბოროტებით აღსავსე ქვეყნიერებაში. ახლა ათი საათია და ჩემი განაჩენი თორმეტის ნახევარზე აღსრულდება, მაგრამ მე საკმაოდ მშვიდად ვარ. ჩემს ცხოვრებას იეჰოვასა და მის საყვარელ შვილს, იესო ქრისტეს, მეფეს გადავცემ, რომელიც არასოდეს ივიწყებს მათ, ვისაც გულწრფელად უყვარს ის. ისიც ვიცი, რომ მალე იქნება იმ ადამიანების აღდგომა, რომლებიც მოკვდნენ ან, უფრო სწორად, ქრისტეში დაიძინეს. ასევე ძალიან მინდა ყველას გისურვოთ იეჰოვას უხვი კურთხევები იმ სიყვარულისთვის, რომელსაც ჩემდამი ავლენდით. დედას, მამას და ანიუშს ჩემ მაგივრად აკოცე. ნუ ინერვიულებენ ჩემზე; ერთმანეთს მალე ისევ შევხვდებით. ახლა ხელი არ მიკანკალებს. დავიძინებ მანამდე, სანამ იეჰოვა კვლავ არ დამიძახებს. ახლაც კი არ დავარღვევ მისთვის მიცემულ აღთქმას.
ჩემი დრო ამოიწურა. ღმერთი იყოს თქვენთან და ჩემთან.
დიდი სიყვარულით . . .
ბერთი“.
[ჩარჩო 663 გვერდზე]
გამბედაობითა და სიმტკიცით გამორჩეულები
◆ „მიუხედავად ყველაფრისა, მოწმეები ბანაკებში ერთმანეთს ხვდებოდნენ, ერთად ლოცულობდნენ, გამოსცემდნენ ლიტერატურას და პატიმრებს თავიანთ რწმენაზე აქცევდნენ. ისინი მხარს უჭერდნენ ერთმანეთს და სხვა პატიმრებისგან განსხვავებით, კარგად ესმოდათ, თუ რატომ არსებობდა ასეთი ადგილები და რატომ უნდა ეტანჯათ. მოწმეებმა დაამტკიცეს, რომ შეადგენდნენ პატარა, მაგრამ ყველასთვის კარგად დასამახსოვრებელ ჯგუფს; მათი ამოსაცნობი ნიშანი იისფერი სამკუთხედი იყო და ისინი გამბედაობითა და სიმტკიცით გამოირჩეოდნენ“ (დოქტორ კრისტინ კინგი, The Nazi State and the New Religions: Five Case Studies in Non-Conformity).
◆ ანა პაველჩინსკამ თავის წიგნში დაწერა: „პატიმართა ეს ჯგუფი იყო მყარი იდეოლოგიური ძალა და მათ ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გაიმარჯვეს. ამ სექტის გერმანული ჯგუფი ტერორიზირებულ ერში ერთი პატარა კუნძული იყო, რომელიც არ წყვეტდა წინააღმდეგობას და ოსვენციმის ბანაკშიც იმავე უშიშარი სულით მოქმედებდა. მათ პატივს სცემდნენ სხვა პატიმრები . . . ციხის ზედამხედველები და ესესის ოფიცრებიც კი. ყველამ კარგად იცოდა, რომ არც ერთი ბიბელფორშერი [იეჰოვას მოწმე] არ შეასრულებდა მისი რწმენის საწინააღმდეგო ბრძანებას“ (Values and Violence in Auschwitz).
◆ რუდოლფ ჰესმა თავის ავტობიოგრაფიაში, რომელიც დაიბეჭდა წიგნ „ოსვენციმის კომენდანტში“, დაწერა იმ რამდენიმე იეჰოვას მოწმის სიკვდილით დასჯის შესახებ, რომლებმაც თავიანთი ქრისტიანული ნეიტრალიტეტის დარღვევაზე უარი განაცხადეს. მან თქვა: „ამ დროს წარმოვიდგინე პირველი საუკუნის ქრისტიანი წამებულები, რომლებიც არენაზე ელოდნენ, თუ როგორ გაგლეჯდნენ მათ გარეული მხეცები. მათ სრულიად ეცვლებოდათ სახის გამომეტყველება, თვალებს ზეცისკენ აღაპყრობდნენ, ხელებს აჭდობდნენ, ლოცულობდნენ და ასე ხვდებოდნენ სიკვდილს. მათი სიკვდილის ნახვა ძალიან მოქმედებდა ყველაზე, მათ შორის ჯალათებზეც“ (პოლონეთში ეს წიგნი გამოიცა სათაურით Autobiografia Rudolfa Hössa-komendanta obozu oświęcimskiego).
[ჩარჩო 673 გვერდზე]
„ისინი სახელმწიფოს მოწინააღმდეგეები არ არიან“
„ისინი სახელმწიფოს მოწინააღმეგეები არ არიან, უბრალოდ, იეჰოვას ემხრობიან“. „ისინი არ წვავენ სამხედრო მიწერის მოწმობას, არ აწყობენ აჯანყებას . . . და არ ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ აგიტაციას“. „მოწმეები ყოველთვის კეთილსინდისიერები და პატიოსნები არიან. რასაც არ უნდა ფიქრობდნენ მოწმეებზე, თუმცა ბევრი ძალიან ცუდად არის მათდამი განწყობილი, ისინი სამაგალითო ცხოვრებას ეწევიან“ (Telegram, 1970 წლის ივლისი, ტორონტო, კანადა).
[ჩარჩო 674 გვერდზე]
ვინ გვავალებს ამ საქმეს?
იეჰოვას მოწმეებმა იციან, რომ ქადაგების პასუხისმგებლობა, რომელიც მათ აკისრიათ, არ არის დამოკიდებული არც საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ და არც სხვა იურიდიული კორპორაციის ფუნქციონირებაზე. «სახელმწიფოს ძალით რომც აიკრძალოს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ საქმიანობა და დაიხუროს მისი ფილიალები სხვადასხვა ქვეყანაში, ის ქალები თუ მამაკაცები, რომლებმაც ღმერთს თავი მიუძღვნეს მისი ნების შესასრულებლად და რომლებზეც მისი სული მოქმედებს, არ თავისუფლდებიან ღვთისგან მიღებული პასუხისმგებლობისგან. იქადაგეთ! — გასაგებად არის ნათქვამი ღვთის სიტყვაში. ამ ბრძანების შესრულება თითოეული ადამიანის ცხოვრებაში უმთავრესი უნდა იყოს» (1949 წლის 15 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“). მოწმეებმა იციან, რომ ეს ბრძანებები იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტესგან მომდინარეობს და, წინააღმდეგობების მიუხედავად, ისინი მტკიცედ აცხადებენ სამეფოს შესახებ ცნობას.
[ჩარჩო 677 გვერდზე]
ისინი პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად იქცევიან
◆ „იეჰოვას მოწმეები თავიანთ რელიგიას უფრო სერიოზულად ეკიდებიან, ვიდრე სხვა ადამიანთა უმეტესობა. მათი ცხოვრებისეული პრინციპები მოგვაგონებს პირველი საუკუნის ქრისტიანების პოზიციას, რომლებიც რომაელებს ათვალწუნებული ჰყავდათ და სასტიკად დევნიდნენ“ (Akron Beacon Journal, აკრონი, ოჰაიო, 1951 წლის 4 სექტემბერი).
◆ „ისინი [პირველი ქრისტიანები] მშვიდ, მაღალზნეობრივ და სანიმუშო ცხოვრებას ეწეოდნენ . . . ყველა შემთხვევაში, გარდა საკმევლის კმევისა, ისინი სამაგალითო მოქალაქეები იყვნენ“. „ვინაიდან იმპერატორის მფარველი ანგელოზისთვის მსხვერპლის შეწირვა პატრიოტიზმის გამოცდად რჩებოდა, დახუჭავდნენ მმართველები თვალს ამ არაპატრიოტი ქრისტიანების ურჩობაზე? ის რთული მდგომარეობა, რომელშიც ქრისტიანები ამ ურჩობის გამო ცვივდებოდნენ, ძალიან არ განსხვავდებოდა იმ მდგომარეობისგან, რომელშიც ომის დროს შეერთებულ შტატებში იეჰოვას მოწმეების სახელით ცნობილი აქტიური სექტა აღმოჩნდა დროშისთვის სალმის მიცემაზე უარის თქმის გამო“ (20 Centuries of Christianity, პოლ ჰატჩინსონი და უინფრედ გარისონი, 1959 წელი, გვ. 31).
◆ „ალბათ, მოწმეები უმეტესად იმით გამოირჩევიან, რომ ღვთისადმი ერთგულებას ყველაზე მაღლა აყენებენ — დედამიწაზე არსებულ ნებისმიერ ხელისუფლებაზე მაღლა“ (These Also Believe, ჩ. ს. ბრადენი, 1949 წელი, გვ. 380).
[სურათები 644 გვერდზე]
გაზეთ „პიტსბურგ გაზეტში“ ფართოდ გაშუქდა იტონსა და რასელს შორის გამართული დებატები, რომლებიც იტონის გამოწვევის შედეგად გაიმართა
[სურათი 646 გვერდზე]
ჩალზ და მარია რასელების ოჯახური საქმეების შესახებ მოწინააღმდეგეები ფართოდ ავრცელებდნენ საშინელ სიცრუეს
[სურათები 648 გვერდზე]
სამღვდელოება განარისხა იმან, რომ გავრცელდა ამ ტრაქტატის 10 000 000 ეგზემპლარი, რომელიც ღვთის სიტყვის საფუძველზე ამხელდა ეკლესიის სწავლებებსა და წეს-ჩვეულებებს
[სურათები 649 გვერდზე]
1918 წელს ბიბლიის მკვლევარების დევნის ცეცხლზე გაზეთები ნავთს ასხამდნენ
[სურათები 651 გვერდზე]
ამ შენობაში ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს წევრების გასამართლების დროს დიდი ყურადღება მიექცა წიგნ „დასრულებულ საიდუმლოს“
[სურათი 653 გვერდზე]
მათ უფრო მკაცრი სასჯელი მიუსაჯეს, ვიდრე მას, ვინც პირველი მსოფლიო ომი გამოიწვია. მარცხნიდან მარჯვნივ: უ. ვან ამბერგი, ჯ. რუტერფორდი, ა. მაკმილანი, რ. მარტინი, ფ. რობისონი, კ. ვუდვორთი, ჯ. ფიშერი, ჯ. დეჩეკა
ფედერალური სასამართლო და ფოსტა, ბრუკლინი (ნიუ-იორკი)
[სურათები 657 გვერდზე]
1939 წელს ნიუ-იორკში მოწმეების ამ კონგრესის ჩაშლა დაახლოებით 200-კაციანმა ბრბომ სცადა კათოლიკე მღვდლების მეთაურობით
[სურათები 659 გვერდზე]
მეორე მსოფლიო ომის დროს ათასობით იეჰოვას მოწმე ამ საკონცენტრაციო ბანაკებში ჩაყარეს
თავის ქალა, რომელიც ესესელების ნიშანი იყო (მარცხნივ)
[სურათი 664 გვერდზე]
ბიბლიის შესწავლაში დამხმარე წიგნის ნაწილი ფოტომექანიკურად დააპატარავეს და ასანთის კოლოფით ჩუმად შეიტანეს მოწმეებთან საკონცენტრაციო ბანაკში
[სურათები 665 გვერდზე]
ზოგიერთი მოწმე, რომლებმაც ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკების სისასტიკე რწმენით გადაიტანეს
ვეველსბურგი
მაუტჰაუზენი
[სურათი 667 გვერდზე]
ბრბოს თავდასხმა მონრეალთან ახლოს (კვებეკი), 1945 წელი. მოწმეებზე სამღვდელოების მიზეზით გამოწვეული ასეთი ძალადობა ხშირი იყო 1940-იან და 1950-იან წლებში
[სურათი 669 გვერდზე]
ბიბლიური ლიტერატურის გავრცელებისთვის ათასობით იეჰოვას მოწმე დააპატიმრეს (მათ შორის იყო ჯონ ბუთი, ნაჩვენებია სურათზე)
[სურათები 670 გვერდზე]
1940 წელს უზენაესი სასამართლოს მიერ მოწმეების წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ შეერთებულ შტატებში ბრბოს თავდასხმები დაიწყო; შეხვედრებს შლიდნენ, მოწმეებს სცემდნენ და მათ საკუთრებას ანადგურებდნენ
[სურათები 672 გვერდზე]
იმის გამო, რომ მოწმეების შვილებს საჯარო სკოლებიდან რიცხავდნენ, ბევრ ადგილას „სამეფოს სკოლების“ გახსნა გახდა საჭირო